1

როდეს ყეენმან სეფიხან ჰყო საქართველოს მცველია,

ჩვენ განბნეულნი ვიყვენით, სადა ტყე იყო, ველია,

ზაკვით გვეფიცა, მიგვინდო, იგ კაცი იყო მელია,

მე, ამილახვარს, ერისთავს, თარხანს შეგვიკრეს ხელია.

2

ჩვენ გაგვგზავნეს ყეენთანა შეპყრობილნი, ხელ-ხუნდებით,

იგ ზოსიმე ხარჭაშნელი თან გვიახლა თვისის ნებით,

პაატა და ნათანელი სულხან იყვნენ ჩვენთან ხლებით,

სხვა პაატა ტუსისშვილი და სოლომონ თავ-დადებით.

3

საგინასშვილი გიორგი თან გვყვა, ისიც თავადობდა,

ჯანგირაშვილი შათირი, შიოც მახლდა, გლეხ-კაცობდა,

კახეთიდან ეს რვა კაცი წამოვიდენ, გვერდს მხლეობდა,

ქართლიდამე ორი კაცი - ძევაძე და ოთარობდა.

4

ჩაგვიყვანეს ისპაანსა, ჩვენს სიკვდილსა მას დღეს ველი,

განვერენით სიკვდილისგან, ღმერთმან დაგვდვა საფარველი,

კვლა სოფელმან უარესი მოაწია განსაცდელი:

შვილებს მთხოვენ, შემექნების დღე უწყალოდ დასასჯელი.

5

გაგზავნეს კახეთს ჩაფარი, არ ჩემთვის მოსალხენია,

მათ დამიბარეს ქალ-ვაჟი, დღე მქონდა მოსაწყენია,

სხვა ძე არ მყვანდა, გასინჯეთ, ვინც იყოთ კაცი ბრძენია,

აღარვინ მრჩება ოჯახში, ვით მოვითმინო ძნელია?!

6

ისპაანითგან გაბძანდა ხელმწიფე სპითა დიდითა,

უბრძანა მეწინავეთა: «ყანდაარისკენ ვლიდითა!»

იგ სამესისხლოდ აღძრული, არა გულითა მშვიდითა,

ჩვენც თან წაგვასხმენ მაშვრალთა, არ იყვნენ კრძალვა-რიდითა.

7

რა წარვემართეთ ყანდაარს, ვიარეთ ავი გზებია,

ბევრი გამოვვლეთ გზაზედა სიცხე და სიცივებია,

დიდად მაამეს, ვინც მახლდა, თავადი, მსახურებია,

ჩვენ მოვაწივეთ ყანდაარს, ვართ ციხის მაქებრებია.

8

რაღას ვაგრძელო? მომესმა ამბავი საზარონია,

მრქვეს: «მოიყვანეს მაშათსა შვილები შენნი ორნია».

უმკვიდროდ გახდა კახეთი, ეს ჩემგან სააზრონია,

ვთქვი: "მომეახლა უცილოდ სულთა აღმოსვლის დრონია!»

9

თვით ყეენმან უსამართლო საქმე მიყო მეტად ძნელი:

გამომართვა ქალი პირ-მზე, ვისგან ნათობს ღამე ბნელი,

ძმისწულს მისცა შესართავად, კვლა ბოძებას აღარ ველი,

მე მისისა მოშორებით დამიწყლულდა გული მრთელი.

10

იგი ძმისწული მაშათს ჰყვა, ქალი მას მისცა მთვარია,

სახელად ერქვა ქეთევან, არს მზისა შესადარია,

ვაჟსა უწოდდი ერეკლეს, არვინ მყავს მისი დარია,

იგ თვით იახლა, მე დავრჩი - სიცოცხლე დასაზარია!

11

იგ თან ჩამოჰყვენ ერეკლეს თავადნი თავ-დადებითა,

ომან, ჯიმშედ და გიორგი, ასლან ჰყვა თანა-ხლებითა,

ბარამ, დავით და შერმაზან, ზაალ არს თავის ნებითა,

მღვდელი ჰყვა, დავით, დიაკვნად პართენ არს სახელ-დებითა.

12

კიდევ ახლდენ მდაბალთაგან მონანი, მსახურებია,

პატარ-კაცი და იოთამ ხამხაძე, გლეხ-კაცებია,

მგელია ერთი ქართლიდამ, ისიც ამათთან მხლებია,

ქრისტიანენი ესენი, ოთხნი ჰყვეს მას თათრებია.

13

აღალარი დილმაჯად ჰყვა, ქალბი ერქვა, ჯილაბდრობდა,

მუსა იყო მსწრაფლად მსრბოლი, იგი ფიცხად შათირობდა,

ადიგოზალ გაუყრელად სულ მუდამად ფარეშობდა,

ჩვენნი იყვნეს ეს თათრები, ერთგულებით მოჰყვებოდა.

14

ვიყავ ყანდაარს მჭმუნვარე, არა გულითა ლხინობით,

ვსთქვი ლექსი მცირე რაიმე სევდისა მოსათმინობით,

იქ დავასრულე, ვინც ნახოთ, ნუვინ იქნებით წყინობით,

მაშინ ჯდა ქორონიკონი: უნი, კანი და ვინობით.