1 ბულბული მოდის მწუხარებით, ცრემლის დენითა -

ვეჭვობ, მებაღეს დაუტუქსავს ცეცხლმოდებითა:

ბულბულო, გადი ამ ბაღიდამ შენის ნებითა,

თორემ კრაზანა შენ დაგჩაგრავს ყოვლის გზებითა!

2 წადი, ბულბულო, შენ მებაღეს შეჰფიცე სჯული,

კრაზანს ევედრე, მოგიტეოს დანაშაული;

ნარგისთან კაცი გააგზავნე: სრულ ჰქნან აღთქმული,

მებაღესთანაც დაგეხმაროს ვარდის ენითა.

3 ადექ, ბულბულო, ვარდის სიტყვით მებაღე ნახე -

თუ წყრომით იყოს, თავი მოიკალ, კარს დაემარხე;

ეგების ბაღში შეგიყვანოს, ნარგიზი ნახე:

კოკობი ვარდი არ მიგიღებს თავის ნებითა!

4 სიკვდილო, მოდი, მიიბარე ბულბულის სული!

მებაღემ დასწყლა და დაჰკოდა ბულბულის გული!

მკვდარი ბესიკი, მოდი, მნახე, ჩამიდგი სული,

თუ გინდ მიწასაც მიმაბარე მოყვრის ენითა!