(ჩემს მარიამს)
განვვლე გზა გრძელი,
ბნელი და ძნელი
და მივაღწიე იმ დიდს კარის ბჭეს,
სითაც ცხოველ არსს
ამა სოფლის კარს
გზა აღარა აქვს უკუ დაბრუნდეს;
*
სადაც წინ გვიძევს
და სითაც გვიწვევს
თავის წიაღში იგი ცხოვრება,
სად ნაცვლად მზისა
ჰნათს სხივი ღვთისა,
სად სუფევს მხოლოდ ჭეშმარიტება!
*
მიველ კარს დიდსა,
ველი ჩემს რიგსა,
სოფლისგან გულით დაწყლულებული, —
რაც მე გამტანჯა
და რაც დამსაჯა,
მასა გრძნობს შენი ეგ წრფელი გული.
*
სხვას არას ველი;
არავის ვსწყევლი,
თუმცა ამ სოფელს არცა რას ვლოცავ;
მაგრამ კი შენთვის
და სამშობლოსთვის
იმ დიდს კარს წინა ცრემლით ვილოცავ.
1889 წ.