კაცი ის არის,

ვინც ოფლს მიწას ღვრის

და დაუდგრომლით ხელით ძლიერით

დედა მიწასა

და მის წიაღსა

ღვთისა მადლობით, მხიარულებით

*

აპობს და არღვევს,

დაღალვას არ სდევს

და მუნით ნაყოფს აღმოაცენებს;

და იმ ტკბილს ნაყოფს

ქვრივ-ოხერთ უყოფს

და უშრობს მშიერთ ობოლთა ცრემლებს.

*

კაცი ის არის,

ვისაც გულს ესმის

ციური სიტყვა: “ძმობა, ერთობა”

და სიყვარულით

აღვსილის გულით

დავრდომილ ძმათა მოეხმარება;

*

ვინც საქმით ქველით,

გონებით, სწავლით

მიახლოვდება მაღალ ღვთაებას;

ვინც ცდილობს მისწვდეს

და ჭკუით მიხვდეს

საღმრთო განგების იდუმალ ნებას,—

*

გამოიძიოს,

გამოიკვლიოს

დიდი, უსაზღვრო ღვთისა ქმნილება,

და ჰპოვოს მასში,

იმ ღვთის დიდს ღვაწლში

მის საიდუმლო: ჭეშმარიტება.

*

და მის ძლიერით

სიტყვით და აზრით,

ვით აბგარ-აბჯრით, მთლად შეიჭურვოს,

და იგი სიტყვა,

მღელავი ვით ზღვა,

მაღლა უშიშრად ერთა ამხილოს.

*

ვინც უდგას შორსა

სიცრუვეს, შურსა,

ვის არ ეხება პირმოთნეობა;

აქვს სული წრფელი,

სიტყვა ნათელი,

გულს დაიმარხა ჭეშმარიტება;

*

ვის არა სცხვენის,

ვის არ ეშინის,

იგი მაღალთა მაღლა ასმინოს,

და იმ ღვთაებას,

ჭეშმარიტებას,

არ დაიზოგოს, თავი შესწიროს.

*

ვინ ვრაცხოთ კაცად?

არ ვიცი არსად,

ვერსად ვერ ვპოვებთ მას წმიდა არსსა.

იყო კი ერთი,—

ის იყო ღმერთი.

ისიც უგუნურთ კაცთ აცვეს ჯვარსა!


1882 წ.