ერთს განშორებულს მშვენიერს მტილსა
ვარდი ჰყვაოდა ნაზად, ნარნარად,
და მისა ახლოს, მწვანით მოსილსა
წყარო მცინარე ურწყვიდა მარად.
გარნა, რა დილა გამოკრთებოდა,
ყვავი ყვავყვავით ვარდზედ ჯდებოდა,
და მისა ახლოს ბულბული წყნარი,
ერთს გამხმარს ხესა საწყლად მჯდომარი,
ნაზად და ნელად მწარედ მოსთქმიდა
და სჭვრეტდა ყვავსა, ვით ვარდს სჯიჯგნიდა.
განრისხებული ვარდის მფლობელი
გარდასჩხაოდა საწყალს ბულბულსა:
“ეგრეთ ცუდისა ხმის მქონებელი
რად არ დასცხრები, რად უხეთქ გულსა
ნარნარად ჩემგან შეყვარებულსა?”
გარნა ბულბული ნაზად და წყნარად
სტვენდა სიყვარულს მარად და მარად.
რა განვაგრძელო? მამაცმა ყვავმა,
ვითა გულითა, სულითაც შავმა,
გრძლად ვარდთან შვება ვერ მოითმინა.
ყრიანტალითა და ბრჭყალებითა
გასჯიჯგნა ვარდი და მსწრაფლ იფრინა.
ვარდიცა დაჭკნდა მიწას გდებითა.
გარნა ბულბული ნაზად და წყნარად
სტვენდა სიყვარულს მარად და მარად...