ჩვენი ქვეყნის ისტორიის მთელ მანძილზე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას განუზომლად დიდი ადგილი ეკავა საქართველოს სახელმწიფოებრივი საძირკვლის განმტკიცების, კულტურული აღორძინებისა და ერის სულიერი ამაღლების საქმეში. ამჯერად შევეცადეთ მძლავრი ავტოკეფალური მოძრაობა წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ისეთ მღელვარე, დაძაბულ და პოლიტიკური კატაკლიზმებით აღსავსე ეტაპზე, როგორიც 1905-1907 წლების განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდი იყო საქართველოში.

რუსული სასულიერო ხელისუფლების მიერ განხორციელებული უხეში საეკლესიო პოლიტიკის შედეგად საქართველოს ეკლესიისათვის ეროვნული ნიადაგის გამოცლამ, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მოშლამ, ეკლესიის ბიუროკრატიულ დაწესებულებად გადაქცევამ და ქართველ ხალხში მისი ავტორიტეტის დაკარგვამ, სამღვდელოებასა და მრევლს შორის უფსკრულის უკიდურესად გაღრმავებამ ქართულ ეკლესიას უმძიმესი პრობლემები შეუქმნა. 1905-1907 წლების განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის საფრთხე კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან ხელისუფლება შეეცადა მიმდინარე მოძრაობის წინააღმდეგ ეკლესიის შესაძლებლობების ყოველმხირვ გამოყენებას და მის იდეოლოგიურ საყრდენად ქცევას იმპერიის შენარჩუნებისათვის.

ქართველმა საზოგადოებრიობამ იმთავითვე იგრძნო ის საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველოს ეკლესია აღმოჩნდა, შეეცადა არსებული ვითარების გამოყენებას საეკლესიო პრობლემების გადასაჭრელად და 1905-1907 წლების განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდში საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა უმწვავეს პრობლემათაგან ეს საკითხი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესაც მიიჩნია. საქართველოს ეკლესიის გადასარჩენად, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი სამღვდელოება ამოძრავდა, ავტოკეფალიის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დააყენა და იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელ ნაწილად აქცია.

საზოგადოების დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხისადმი არაერთგვაროვანი იყო. კამათს არ იწვევდა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მაშინდელი სავალალო მდგომარეობის შეფასება. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის მომავალი ბედის განსაზღვრას, ეს საკითხი მწვავე პოლემიკის საგნად იყო ქცეული. იმდროინდელ პრესაში მრავლად იბეჭდებოდა წერილები, სადაც ავტორები ამხელდნენ ეკლესიის მდგომარეობას და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებს ეძებდნენ.

ქართველი სასულიერო ფენა მოწინავე საზოგადოებრიობასთან ერთად ავტოკეფალიის მოთხოვნაში ხედავდა სამშობლოს გასათავისუფლებლად გადადგმულ გაბედულ ნაბიჯს, თვითმპყრობელობა კი ქართველი სამღვდელოების მოძრაობაში – თავისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ მიზანდასახულ ბრძოლას და მკაცრად უპირისპირდებოდა მას. მიუხედავად ამისა, ავტოკეფალისტები ძლიერ ოპოზიციურ ძალად რჩებოდნენ და მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ ხელისუფლებას.

1905-1907 წლების განმათავისუფლებელ მოძრაობაში ქართველმა სამღვდელოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რაც საქართველოსათვის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების დაცვაში გამოიხატა. მართალია, ქართველი სასულიერო ფენა, საქართველოში რუსეთის გაბატონებიდან და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებიდან მოყოლებული, მედგრად იბრძოდა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ავტოკეფალური ეკლესიის აღდგენისათვის, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში აზვირთებულმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ ქართველ სამღვდელოებას მიზნის მიღწევის რეალურობის იმედი გაუჩინა და იგი 1905-1907 წლების მოძრაობაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ავანგარდში აღმოჩნდა. სამღვდელოება (ამასთან, ინტელიგენციის ერთი ნაწილი) საქართველოს ეკლესიის იდეალურ მდგომარეობას ისტორიულ წარსულში ხედავდა, როდესაც იგი ეროვნული და დამოუკიდებელი იყო. ქართველი სამღვდელოება კი ქართველთათვის თავმოსაწონ და დიდად სათაყვანებელ წოდებას წარმოადგენდა. ამ სამღვდელოებამ შექმნა უმდიდრესი სასულიერო მწიგნობრობა, სახუროთმოძღვრო და სამხატვრო ხელოვნება, ეკლესია-მონასტრები კულტურის კერებად აქცია, შეიმუშავა საეკლესიო სამართალი, შესანიშნავი სამწერალთმწიგნობრი ენა, ხელი შეუწყო ქვეყნის გაერთიანებას. მან შეუნარჩუნა ქართველ ერს ენა, მიწა-წყალი და საკუთარი ვინაობა, აამაღლა და გააძლიერა სულიერად ქართველი ერი. ამგვარად, ამ პოზიციის დამცველნი საქართველოს ეკლესიასა და ქართველ სამღვდელოებას სახავდნენ საქართველოს ისტორიის მთავარ მამოძრავებელ ძალად ქვეყნის ეროვნულ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ყოველივე ამის მიზეზი კი იყო ეკლესიის თავისუფლება და მისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი (კათოლიკოს-პატრიარქი). რუსეთთან შეერთების შემდეგ კი საქართველოს ეკლესია გადაიქცა რუსული ბიუროკრატიის დანამატად, გადაგვარდა ეროვნულად და ეს გახდა მის წინააღმდეგ ხალხის ამხედრების სერიოზული მიზეზი. სამღვდელოებამ თანდათანობით თავისი პირდაპირი მოვალეობა დაივიწყა, ზურგი აქცია სასულიერო ისტორიულ ტრადიციებს, სრულიად დაემორჩილა სხვის მბრძანებლობას და ნელ-ნელა სახელმწიფო ჩინოვნიკად გადაიქცა. სასულიერო მთავრობამ პოლიტიკას მიჰყო ხელი და თავის მოსაზრებათა აღმსარებლად სამღვდელოება გახადა.

მიუხედავად რუსული საეკლესიო პოლიტიკის შედეგად ავტორიტეტის გარკვეული შელახვისა, სამღვდელოება მაინც დიდ საზოგადოებრივ ძალას წარმოადგენდა და თავისი სიტყვის მნიშვნელობაც კარგად ჰქონდა შეგნებული. არც მთავრობის პოლიტიკის გატარებაში გამოუჩენია დიდი აქტიურობა და ამ თვალსაზრისით რუსეთის იმპერიაში ქართველ სამღვდელოებას სულ უკანასკნელი ადგილი ეკავა. მათ მიერ დაწყებული მოძრაობის მიზანიც იმთავითვე გამოიკვეთა – სამღვდელოებას პროგრესული განვითარების გზა უნდა ეჩვენებინა ერისათვის, ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში შეუპოვრობისა და გაბედულების მაგალითი უნდა მიეცა. ქართველმა სამღვდელოებამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა დაისახა უპირველეს მიზნად, მიიჩნია რა იგი ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ გადადგმულ ნაბიჯად, გაბედულად დააყენა ეს მოთხოვნა და დაიწყო ბრძოლა საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან თანამშრომლობით ამ იდეის განსახორციელებლად.

1905 წლის 16-22 მარტის რიცხვებში ქუთაისში ჩატარდა იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების დეპუტატთა 45-ე კრება. კრებაზე წაკითხულ იქნა პეტიცია საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. პეტიციაში წარმოჩენილი იყო სამღვდელოებისა და მრევლს შორის არსებული უფსკრულის გაჩენის მიზეზები და ამასთან იყო ამ უფსკრულის ამოვსების გზების ძიების მცდელობა. სამწყსოსა და სამღვდელოებას შორის არსებული განხეთქილების მიზეზად ის გარემოება იყო დასახელებული, რომ ეს უკანასკნელი არ იყო ეროვნულ ნიადაგზე აღზრდილი, რაც ავტოკეფალიის დაკარგვის დღიდან მოყოლებული ჩვენში არსებულ სასულიერო სასწავლებლებში გამეფებული რეჟიმით (ქართული ენის სრული უგულებელყოფა) იყო ახსნილი. ეკლესიისათვის მთავრობის პოლიტიკის განმახორციელებლის ფუნქციის დაკისრებაც აღრმავებდა ამ უფსკრულს. საქართველოს ეკლესია რომ თავისი ჭეშმარიტი მოვალეობის შესრულების უნარის მქონე გამხდარიყო, ქართველი სამღვდელოება მოითხოვდა მის სრულ დამოუკიდებლობას კათოლიკოსის მეთაურობით, რომელსაც აირჩევდა ეპისკოპოსთა კრებული სამღვდელობის წარმომადგენლებთან და მთელ ერთან ერთად, ხოლო დაამტკიცებდა საერო მთავრობა. სამღვდელო პირთ (მღვდელს, დიაკონს, მედავითნეს) ამოირჩევდა მრევლი, ეპისკოპოსს – სამღვდელოების წარმომადგენლები და ეპარქიის მოსახლეობა. სამღვდელოება მოითხოვდა აგრეთვე სასკოლო რეფორმას, სიტყვის, ბეჭდვის, კრების თავისუფლებას, სამღვდელოებისათვის ყველა იმ სამოქალაქო უფლების მინიჭებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოძღვრობის იდეას. სასულიერო უწყებისა და მთავრობის პოლიტიკისადმი სამსახურისაგან, აგრეთვე ყოველგვარი სამოხელეო და საკანცელარიო მოვალეობისაგან განთავისუფლებას. პეტიციაში სამღვდელოების შემოსავლის წყაროდ კვლავ სახელმწიფო ჯამაგირი იყო დასახელებული. მრევლზე მისი მატერიალური დამოკიდებულება კი უეჭველად უნდა მოსპობილიყო.

აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ სამღვდელოების ნივთიერი უზრუნველყოფის წყაროებთან დაკავშირებით ერთნაირი მოსაზრება არ ყოფილა არც სამღვდელოების და არც საზოგადოების სხვა ფენათა წრეებში. ამ საკითხის ირგვლივ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა. ერთნი მატერიალურად სამღვდელოების სახელმწიფოზე დამოკიდებულების მომხრენი იყვნენ, მეორენი კი – მრევლზე. იყო, აგრეთვე, მოსაზრება, რომ ეკლესიის მსახურნი სრულიად თავისუფალნი უნდა ყოფილიყვნენ ყოველგვარი გარეშე გავლენისაგან. მათ არც სახელმწიფოს და არც მრევლის მხრიდან მიაჩნდათ ზნეობრივად მღვდელთმსახურებისათვის საფასურის გადახდა მოძღვართათვის. მაგალითად, მღვდელი ილარიონ ჯაში ”საეკლესიო ფონდის” დაარსების იდეით გამოდიოდა, ფონდის შევსების წყაროების მოძიების აუცილებლობის შესახებაც შეახსენებდა სამღვდელოებას. ჯამაგირი, მისი აზრით, სწორედ ამ ფონდიდან უნდა მიეღოთ ღვთისმსახურთ.

ქართველი სამღვდელოების მიერ წამოწყებული ბრძოლა სულ უფრო და უფრო ფართო ხასიათს იღებდა. 1905 წლის 22 მარტს შეიკრიბა თბილისის სამღვდელოებაც. კრებამ დაადგინა, რომ შეუერთდეს იმერეთის სამღვდელოების გადაწყვეტილებას და აღძრას შუამდგომლობა, რათა საქართველოს საკათალიკოსოს ეკლესიას დაბრუნებოდა ძველი უფლებები.

ავტოკეფალიის მოთხოვნას მალე შეუერთდა ქართლ-კახეთის, გურია-სამეგრელოს და აფხაზეთის სამღვდელოება. ავტოკეფალიასთან ერთად, ისინი მოითხოვდნენ ჩამორთმეული საეკლესიო მამულების დაბრუნებას.

ხელისუფლება ქართველი სამღვდელოების შეუპოვარ გამოსვლებს უმკაცრესი რეპრესიებით პასუხობდა, განსაკუთრებით დევნიდა სამღვდელოების თავყრილობებს. ქართველი სამღვდელოების მიმართ თვითმპყრობელობის რეპრესიებმა უმაღლეს ზღვარს 1905 წლის 31 მაისს მიაღწია, როდესაც უხეშად იქნა დარბეული ეპარქიის სამღვდელოების ყრილობა თბილისში. ეგზარქოსის უშუალო განკარგულებით, თბილისის სასულიერო სემინარიის შენობაში შეკრებილ სამღვდელოებას სასტიკად გაუსწორდნენ, მათრახებით სცემეს და ძალით გამოდევნეს შენობიდან.

მომხდარი ფაქტის გამო ხმა აიმაღლა და ქართველ სამღვდელოებას გამოექომაგა არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების პროგრესული საზოგადოებრიობა. მათ ყველამ ერთად მოითხოვეს დამანშავის დასჯა.

მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასულიერო ხელისუფლებამ სამღვდელოების ყრილობა არაკანონიერად, მისი მონაწილეები – დამნაშავეებად ცნო და შესაბამისად, მათ მიმართ განხორციელებული ღონისძიება გამართლებულად მიიჩნია. თუმცა იძულებული გახდა საქართველოდან გაეწვია ეგზარქოსი ალექსი და სემინარიის რექტორი ნიკანდრი. ქართველი სამღვდელოების წარმომადგენლებმა, მიუხედავად იმისა, რომ 31 მაისი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი იყო მათ მიერ წამოწყებული მოძრაობის ისტორიაში, ამ დღის მნიშვნელობის უეჭველობაც აღიარეს – ”1905 წლის 31 მაისმა ბიუროკრატიას მოგლიჯა და სამუდამოდ ჩამოაშორა ქართველი სამღვდელოების ის მცირე ნაწილიც, რომელნიც თავიანთი გაუგებრობითა და პოლიტიკანთა თვალთმაქცობის წყალობით ჯერ კიდევ ხელისუფლების გვერდით იდგა”.

დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე ყრილობამ მინისტრთა კომიტეტის თავჯდომარისადმი გასაგზავნი პეტიციის შედგენა მოახერხა, ხოლო პეტიციის ასლის უწმინდესი სინოდის ობერპროკურორისათვის, კავკასიის მეფისნაცვლისა და უწმინდესი სინოდის თავჯდომარის – მიტროპოლიტ ანტონისათვის გაგზავნა გადაუწყვეტიათ კრების მონაწილეთ. პეტიციაში მოკლედ არის მოთხრობილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური არსებობის ისტორია, აღნიშნულია რუსეთის მთავრობის მიერ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების უკანონობისა და საეკლესიო კანონებთან ამ აქტის სრული შეუსაბამობა, შემდეგ კი ხუთ პუნქტადაა ჩამოყალიბებული ის ძირითადი მოთხოვნები, რასაც ქართველი სამღვდელოება აყენებდა. პეტიცია არსებითად ემთხვევა იმერეთის სამღვდელოების მიერ მარტის თვეში მიღებული პეტიციის შინაარსს, რაც კათალიკოსის მეთაურობით ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და საეკლესიო ორგანიზაციის არჩევითობის პრინციპზე მოწყობის მოთხოვნაში მდგომარეობდა. ამასთან, ქართველი სამღვდელოება მოითხოვდა კათალიკოსთან წმინდა სინოდის დაფუძნებას (კათალიკოსის თავჯდომარეობით), ხოლო ეპარქიის მღვდელთმთავრებთან – საბჭოებისა, რომლებიც გარკვეული ვადით არჩეული სასულიერო და საერო პირთაგან იქნებოდა შედგენილი; კათალიკოსთან არსებული წმიდა სინოდის ხელში უნდა მოქცეულიყო ყველა ეკლესიის, მონასტრის, სამღვდელოების, სასწავლო-სასულიერო და საქველმოქმედო დაწესებულებების მართვა-გამგეობა. პეტიციის ბოლო პუნქტით ჩამორთმეული საეკლესიო მამულების უკან დაბრუნებას ითხოვდა ქართველი სამღვდელოება.

1905 წლის ზაფხულში შეიქმნა ”საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღმდგენელი ძმობა”, რომელიც იმავე წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული მიმართვით სამღვდელოებას მოუწოდებდა, ღვთისმსახურების დროს არ მოეხსენიებინათ ეგზარქოსი, შეეწყვიტათ ყოველგვარი ურთიერთობა ეგზარქოსის კანცელარიასთან და სინოდალურ კანტორასთან, გადამდგარიყვნენ ბლაღოჩინები და გაუქმებული საბლაღოჩინო ოკრუგების ნაცვლად სამი არჩეული პირისაგან შემგარი ”საძმო საბჭოები” შექმნილიყო, რომლებიც ითავებდნენ სასულიერო პირთა შორის, აგრეთვე მრევლსა და სამღვდელოებას შორის ურთიერთობის მოგვარებას. მიმართვაში გაცხადებული იყო, რომ საქართველოს ეკლესიის რუსეთის  სინოდისაგან განსათავისუფლებლად გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამდა მთელი საქართველოს სამღვდელოების გაერთიანებული კრება და ამის შესახებ აუწყებდა მსოფლიო პატრიარქს.

1905 წლის 16 ნოემბერს ქართველმა მღვდელთმთავრებმა – იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ, გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ და ალავერდის ეპისკოპოსმა პეტრემ საქართველოს ეგზარქოსს განცხადება წარუდგინეს, სადაც ითხოვდნენ, სინოდს დაუყონებლივ დაეკმაყოფილებინა ქართველი სამღვდელოების სამართლიანი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კათალიკოსის მთავრობის დაუკითხავად ამორჩევით იმუქრებოდნენ.

1905 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სრულიად საქართველოს სამღვდელოების დელეგატთა კრება შედგა თბილისში, რომელმაც ავტოკეფალიის პროექტი შეიმუშავა. პროექტში სავსებით ჩამოყალიბებული სახითაა მოცემული ავტოკეფალიის შინაარსი. ეკლესია აღიარებულია სახელმწიფოზე მაღლა მდგომ მარადიულ, ზეკლასობრივ დაწესებულებად. ამიტომ, პროექტის ავტორთა აზრით, ეკლესია აუცილებლად უნდა გამიჯვნოდა სახელმწიფოს. ”აუცილებლად საჭიროა – აღნიშნული იყო პროექტში – განთავისუფლდეს არა მარტო ეკლესია სახელმწიფოსაგან, არამედ სახელმწიფოც ეკლესიისაგან: არც სახელმწიფო უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში და არც ეკლესია – სახელმწიფოს საქმეებში”. მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული აგრეთვე, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის წეს-წყობილება, განსაზღვრული იყო მისი ტერიტორია, ეპარქიებად დაყოფის, მართვა-გამგეობის, სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან ურთიერთობის პრინციპები, ეკლესიის ქონებრივი უფლებანი და სამღვდელოების რჩენის წესი. აღიარებული იყო სამღვდელოებისა და მრევლის ფართო საარჩევნო უფლებები. პროექტით საქართველოს ეკლესიას უნდა დაბრუნებოდა 1853 წელს ჩამორთმეული მამულები, ხოლო დაბრუნებამდე დროებით სამღვდელოებისათვის ჯამაგირი სახელმწიფოს უნდა ეძლია, მამულების დარუნების შემდეგ კი ეს უხერხული მდგომარეობაც უნდა მოსპობილიყო. პროექტის ავტორები აღიარებდნენ, რომ სამღვდელოებას უნდა ინახავდეს მხოლოდ ის, ვისაც იგი ემსახურება, ე.ი. მრევლი, ანუ მორწმუნეები. საჭიროა, მრევლმა თვითონ უზრუნველყოს თავისი კრებული, საქართველოს ეკლესიამ – თავისი სამღვდელოება. პროექტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს ეკლესიის ტერიტორიას უნდა შეადგენდეს და საქართველოს კათალიკოსის მმართველობა ვრცელდებოდეს თბილისსა და ქუთაისის გუბერნიების, ზაქათალის, სოხუმის, ბათუმის და ყარსის ოლქთა საზღვრებში დასახლებულ მხოლოდ ქართველი ტომის მართლმადიდებლებზე. ქართველი კათალიკოსის იურისდიქციის ამგვარი ფორმით განსაზღვრას სხვაგანაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, იგივე პრინციპია განვითარებული საეგზარქოსოს ორგანოში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში, სადაც საუბარია, რომ ამიერკავკასიაში მცხოვრებ მორწმუნე რუსებს უნდა ჰყოლოდათ საქართველოს კათალიკოსისაგან დამოუკიდებელი, სინოდის განკარგულების ქვეშ მყოფი ეპისკოპოსი, რომელიც ბაქოში ან ვლადიკავკაზში დამკვიდრდებოდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის სამწყსო მხოლოდ ქართველი ეროვნების მრევლს უნდა შეედგინა.

ავტოკეფალიის საკითხის ამგვარი ფორმით გადაწყვეტა რომ მომავალში საქართველოს ეკლესიას დიდი საფრთხის წინაშე დააყენებდა, იმთავითვე შენიშნა ეპისკოპოსმა ლეონიდემ და ეროვნების მიხედვით ავტოკეფალური ეკლესიის სამწყსოს შედგენის მსოფლიო საეკლესიო კანონებისათვის შეუსაბამობისა და მიუღებლობის შესახებ მიუთითა. ამგვარი ფილეტიზმი, ლეონიდეს სამართლიანი მტკიცებით, დამანგრეველი იქნებოდა საქართველოს ეკლესიისათვის და მისი მიღებით მსოფლიო ეკლესიათა თვალში იგი სქიზმატიკური ეკლესიის სახელს დაიმსახურებდა. ამგვარი ავტოკეფალია კი მხოლოდ ზიანს მოუტანდა საქართველოს ეკლესიას. ლეონიდე ავტოკეფალიის ჭეშმარიტ არს განმარტავს და ქართველობას ავტოკეფალიის მხოლოდ შემდეგი ფორმით აღდგენისათვის ბრძოლას ურჩევს: ”ავტოკეფალურ ეკლესიას ყველაზე პირველად უნდა ამკობდეს სრული და ყოველმხრივი ზიარება, ანუ ერთობა მსოფლიო ეკლესიასთან, მერე მას უნდა ჰქოდნეს საკუთარი ტერიტორია, შემდეგ უნდა ჰყავდეს საკუთარი სამწყსო, შემდგარი მის ტერიტორიაზე მოსახლე ერთმორწმუნე ხალხებისაგან, განურჩევლად მათი ეროვნული მოდგმისა და ბოლოს უნდა მმართველი მისი იყოს თავისუფალი გამგე მისდამი ჩაბარებული ეკლესიის კანონებისა”. ეპისკოპოსი ლეონიდე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის შესახებაც გამოთქვამს თავის მოსაზრებებს. მათი ფუნქციების ურთიერთგამიჯვნა აუცილებლად მიაჩნია, მაგრამ სახელმწიფოს ეკლესიის მატერიალურ შენახვაზე, მისი აზრით, უარი არ უნდა ეთქვა. საღვთო წერილის, მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს უნდა ეზრუნა ეკლესიის, როგორც ერის სულიერი კულტურის ამაღლების სამსახურში მყოფი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის, რადგან ”ყოველივე ის, რაც ასუსტებს და არღვევს საქართველოს ეკლესიას, ასუსტებს და არღვევს ჩვენში ეროვნულ მთლიანობას და, მაშასადამე, სახელმწიფოებრიობას. ჩვენში, სადაც ეკლესიის გავლენა და ძალა სუსტდებოდა, ადვილად და მალე იკიდებდა ფეხს მაჰმადიანობა, განსაკუთრებით განაპირა კუთხეებსა და მთებში. ამისი ჩვენ სახელმწიფოს ახლაც უნდა ეშინოდეს”.

ავტოკეფალიისათვის მებრძოლმა სამღვდელოებამ საკუთარი ორგანოც დააარსა. გაზეთი ”სიტყვა” იყო ის ტრიბუნა, სადაც ისინი საკუთარი იდეების პროპაგანდას ეწეოდნენ. გაზეთი 1906 წლის მაისში დაარსდა, და სულ 14 ნომერი გამოვიდა, მაგრამ მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არა მხოლოდ ავტოკეფალური მოძრაობის გააქტიურებასა და ხალხში ეროვნული ეკლესიის აღდგენის აუცილებლობის რწმენის განმტკიცებაში, არამედ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ჯანსაღი პოზიციიდან გაშუქებაში. გაზეთი შეიქმნა, როგორც ქართველი სამღვდელოების ორგანო, რათა საზოგადოებრივ აზრთა მრავალფეროვნების ფონზე წარმოეჩინა ქართველი სამღვდელოების ვინაობა, რწმენა, მისი შეხედულება სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენათა ირგვლივ: ”პირველ ყოვლისა, მიზანი ამისთანა ორგანოსი არის შეიტანოს საღი შეხედულებანი თვით სამღვდელოების ფართე წრეებში თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საეკლესიო კითხვებზე. ბევრნაირი მიმართულება და პარტიები გაჩდნენ. ვინ რას ამბობს და ვინ – რას. ჩვენ არ შეგვიძლია, გვერდი ავუხვიოთ ამ აზრთა სხვადასხვანაირ დინებას. სამღვდელოებაში და მისი შეგნებული ნაწილის მეოხებით ხალხში მტკიცე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აზრების გავრცელება – აი მიზანი ამისთანა ორგანოსი” – ასეთი იყო ქართველი სამღვდელოების ახალი ორგანოს ამოცანები, რომელსაც, მიუხედავად არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, თავი სათანადოდ გაართვა. ამ გაზეთმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ავტოკეფალური იდეები პროპაგანდის, სხვადასხვა საზოგადოებრივი პოლიტიკური საკითხების დემოკრატიული პოზიციიდან გაშუქების და ამ საკითხში მრევლის გათვითცნობიერების საქმეში. მისი გამოცემის შეჩერების მიზეზი, უსახსრობასთან ერთად, ეგზარქოსის და გუბერნატორის მხრიდან რედაქციის მიმართ მუქარა ყოფილა. ამის შესახებ გაზეთის რედაქტორი ი. ჩიჯავიძე ამცნობს ალ. ხახანაშვილს მისადმი გაგზავნილ ერთ-ერთი წერილით: ”მეც დახურვას დროებით შეჩერება ვარჩიეო”, - დასძენს იგი წერილის ბოლოს, მაგრამ, როგორც ჩანს, გაზეთის გამოცემის განახლება განმათავისუფლებელი მოძრაობის დაღმავლობისა და რეაქციის გაბატონების ვითარებაში ვეღარ მოხერხდა.

* * *

საქართველოში დაწყებულმა მძლავრმა ავტოკეფალურმა მოძრაობამ სინოდი აიძულა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ემსჯელა და გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილებებით ქართველი სამღვდელოება დაეშოშმინებინა. პეტერბურგში სინოდთან 1906 წლის 18 იანვრიდან გაიმართა სათათბირო სხდომა, რომელშიც ქართველთაგან მონაწილეობდნენ იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე და სოხუმის ეპისკოპოსი კირიონი. ქართველი მღვდელთმთავრები დიდი პასუხისმგებლობით შეუდგნენ სამზადისს დებატებში მონაწილეობის მისაღებად. თავიანთი ფუნქციებიც გამიჯნეს. კირიონმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესაბამისი წყაროებით დამტკიცება და მოწინააღმდეგეთა არგუმენტების გაბათილება იკისრა, ლეონიდემ კი აწმყოში საქართველოს ეკლესიის უნუგეშო მდგომარეობის სურათი წარმოაჩინა. სასულიერო იერარქთა უმრავლესობა დაუპირისპირდა ქართველ ეპისკოპოსებს იმ მოტივით, რომ თითქოს ქართველი სამღვდელოება, ავტოკეფალიის მოთხოვნის მიღმა, შენიღბვით საქართველოს პოლიტიკურ ავტონომიას ითხოვდა და ამით საფრთხეს უქმნიდა რუსეთის იმპერიის მთლიანობას.

1906 წლის გაზაფხულზე, სინოდის კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც ქართველი ეპისკოპოსები არ ეწრებოდნენ, ჩვენი საეკლესიო საკითხის გადაწყვეტა ისეთი ფორმით განუზრახავთ სასულიერო ხელისუფლათ, რომლის წინააღმდეგაც ეპისკოპოსი ლეონიდე ილაშქრებდა და, რომელიც ფილეტიზმის სახელით არის ცნობილი. მათი გეგმის მიხედვით საქართველოს კათალიკოსი მცხეთაში დამკვიდრდებოდა, ხოლო რუსი მიტროპოლიტი – თბილისში. იგი სინოდს დაექვემდებარებოდა და უპირატესობაც სწორედ მას მიენიჭებოდა. კომისიის ამგვარ გადაწყვეტილებას ეპისკოპოსი კირიონიც აღუშფოთებია: ”ეს იგი ეკლესიური ტერიტორია კი არ უნდათ მიიღონ მხედველობაში, არამედ ხალხოსნობა და მართლმადიდებელი ქართველი ეპისკოპოსის გვერდზედ იმავე ქალაქში სურთ რუსებისათვის დასვან რუსი ეპისკოპოსი. ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონმდებლობას”.

* * *

ქართველი სამღვდელოების დაშოშმინებას სინოდი ქართველი ეგზარქოსის დანიშვნის დაპირებითაც შეეცადა. ამგვარი სურვილი ჯერ კიდევ რევოლუციამდე ქართველ ერშიც არსებობდა. მიმდინარე რევოლუციის პერიოდში კვლავ იქცა ეს საკითხი განსჯის ობიექტად. თბილისის სამღვდელოების კერძო კრებაზე სამღვდელოების ერთ ნაწილს ავტოკეფალიის აღდგენამდე გარდამავალ ეტაპზე ეგზარქოსად ქართველი ეროვნების პირის დანიშვნის შესაძლებლობის შესახებ გამოუთქვამს აზრი, მაგრამ ამ აზრის მომხრენი უმცირესობაში აღმოჩნდნენ და მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. უმრავლესობას ეგზარქოსად სინოდის მხრიდან ღირსეული პიროვნების დანიშვნის შესაძლებლობაში ეჭვი ეპარებოდა და კვლავაც სრული ავტოკეფალიის მოთხოვნით გამოდიოდა. პეტერბურგში მყოფ ქართველ ეპისკოპოსებსაც არაერთგზის შესთავაზეს საკითხის ამგვარად მოგვარება და კირიონს ეგზარქოსის თანამდებობაზე დანიშვნასაც აღუთქვამდნენ. ”წინათ რომ დაგენიშნათ ქართველი ეგზარქოსად იქნება საქმე ასე არც გამწვავებულიყო, ახლა კი ქართველი ეგზარქოსი საქმეს ვერ უშველის, რადგან ხალხი ძალიან აღელვებულია ქართველი სამღვდელოების ცემა-ტყეპის გამო და სრული ავტონომია უნდათ”, - ასეთი იყო კირიონის პასუხი პეტერბურგის მიტროპოლიტის ანტონის შესაბამის წინადადებაზე.

სინოდის ობერ-პროკურორი ობოლენსკიც, რომელსაც დედა თურმე ქართველი ჰყოლია და ქართველი ეპისკოპოსების დაკვირვებით, თავის წინამორბედ პობედონოსცევთან შედარებით, პროგრესულადაც აზროვნებდა, ქართველი ეგზარქოსის დანიშვნას, სინოდალური კანტორის ძირეულ რეფორმას და მნიშვნელოვანი საკითხების ადგილზე გადაწყვეტის უფლების მინიჭებას პირდებოდა ქართველობას. ობოლენსკისთან ვიზიტად მყოფი ქართველი ეპისკოპოსების დაყოლიება ვერაფრით შეძლო ობერპროკურორმა. ქართველი ეგზარქოსის დანიშვნასთან ერთად, ქართული ენის სწავლების პროგრამის გაფართოების, ეპისკოპოსების უფლება-მოვალეობების გაზრდისა და მათთვის სასურველი ყოველგვარი რეფორმის მოხდენის იმედებს იძლეოდა იგი, გარდა ავტოკეფალიისა. აღნიშნული ყველა ეს ცვლილება მართალია, გააუმჯობესებდა საქართველოს ეკლესიის მდგომარეობას, მაგრამ ქართველი მღვდელთმთავარნი ამ დაპირებებში მხოლოდ პოლიტიკური ლავირების საშუალებებს ხედავდნენ, რომელიც ჩვენი ეკლესიის სენს ვერ განკურნავდა. ”დაგლეჯილ-დაფლეთილ ტანისამოსს საკერებელი არ უშველის, თუმცა იგი ხავერდისაც იყოს. ერთხმად ჩვენში ყველას გამოუცხადებია ავტოკეფალიის საჭიროება და მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესია რელიგიურად და ზნეობრივად აამაღლებს ერს, დაიხსნის გაჭირვებულ მდგომარეობიდან და დაამშვიდებს”, - ობოლენსკისაც ასეთი უკომპრომისო პასუხი მიუღია ეპ. კირიონისაგან. კირიონი მომდევნო ობერპროკურორს – შირინსკი-შიხმატოვსაც შეხვდა და მასთანაც ჰქონიდა მსჯელობა ჩვენი ეკლესიის საჭირბოროტო პრობლემებზე. ახლმა ობერპროკურორმა გაცილებით რეაქციონერი ხელისუფალის შთაბეჭდილება დატოვა ქართველ ეპისკოპოსზე. ავტოკეფალიის მოთხოვნა მას განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ წამოყენებულ და ქრისტიანობისათვის ნიადაგის გამომცლელ მოთხოვნად გამოაცხადა.

ხელისუფლებისაგან ქართველი ეგზარქოსის დანიშვნის დაპირებას უარყოფითად შეხვდა ქართველი სამღვდელოებისა და ინტელიგენციის უმრავლესობაც. სამღვდელოების კრებებზე იღებდნენ საპროტესტო გადაწყვეტილებებს და რეზოლუციებს და არჩეული გზიდან გადახვევას და დათმობაზე წასვლას არ აპირებდნენ. ქართველი ინტელიგენციაც ანალოგიური გაფრთხილებით გამოდიოდა, კვლავაც შეახსენებდა მათი ბრძოლის მთავარ მიზანს და კომპრომისის ნებას არ აძლევდა ქართველ სამღვდელოებას.

* * *

იმპერატორმა ნიკოლოზ II სპეციალური ბრძანებით, სინოდის ობერპროკურორის 11 აგვისტოს მოხსენებისა და იმ შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის ნიკოლოზის მეშვეობით აღძრეს ქართველმა ეპისკოპოსებმა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განსახილველად გადასცა ”სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებას”, რომელსაც დავალებული ჰქონდა საერთოდ რუსეთის ეკლესიის რეფორმის საკითხის განხილვა.

ქართველი სამღვდელოება არც იმპერატორის აღნიშნულ ბრძანებას შეხვედრია აღფრთოვანებით, რადგან შედეგი მათთვის წინასწარ სრულიად ნათელი იყო. კრება იმპერატორის ნებას, ამის სურვილი რომც ჰქონოდა, წინ ვერ აღუდგებოდა. იმპერატორი რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის წინააღმდეგი ყოფილა და საერთოდ, ავტოკეფალიის არსზეც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონიდა, ნათლად ჩანს მისი სიტყვებიდან, რომლითაც გამოხატა მან თავისი დამოკიდებულება ქართველი სამღვდელოების მოთხოვნისადმი: ”მე ხომ პირველი შვილი ვარ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და როგორ შემიძლია, ვიყო არა მარტო პირველი, არამედ თუნდაც მეასე შვილი საქართველოს ეკლესიისა. ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი დედა ჰყავს”.

ქართველი სამღვდელოების ერთ ჯგუფს კალისტრატე ცინცაძის ინიციატივით გადაუწყვეტია, რომ საჭირო იყო ძალისხმევა, რათა კრებას ავტოკეფალიის საკითხი არ განეხილა, რადგან იმპერატორისა და მომავალი კრების წევრი ეპისკოპოსების განწყობილება მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლეოდა, რომ კრება საკითხს საქართველოს ეკლესიის სასარგებლოდ არ გადაწყვეტდა და ქართველი ერიც ან სამუდამოდ უნდა გამოთხოვებოდა ავტოკეფალიას, ან განხეთქილება ჩამოეგდო რუსეთის ეკლესიასთან. კ. ცინცაძეს, რომლის პოზიციაც ქართველ სამღვდელოთა ნაწილს გაუზიარებია, ამგვარად ესახებოდა პრობლემის მოგვარება: ”განხილვა მანამდე გადაიდოს, სანამ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საქმე არ გაირკვევა, დაე, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები ამ კრებაზე გაემიჯნონ სახელმწიფოს, შემდეგ კი – ერთმანეთს. და, საქართველოს საეგზარქოსო ამ კრებაზე გამოიყოს ცალკე სამიტროპოლიტოდ, თვითონ სამწყსომ შეარჩიოს და გამოაცხადოს ღირსეული მღვდელთმთავარი, რომელსაც ეცოდინება ქართული და თუნდაც არ იყოს ქართველი – იყოს რუსი, ბერძენი ან ოსი”. ასეთი ტაქტიკით თანდათანობით სრული ავტოკეფალიის მიღწევას იმედოვნებდნენ ქართველი ღვთისმსახურნი, თუმცა ბევრმა არ გაიზიარა მათი მოსაზრებები და იგი ავტოკეფალიაზე უარის თქმადაც კი მიიჩნია.

* * *

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდში კვლავაც იყო მსჯელობა 1906 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე წინასაეკლესიო კრების II განყოფილებაში. საკითხის განხილვაში ქართველთაგან ისევ მონაწილეობდნენ ეპისკოპოსები: კირიონი და ლეონიდე, აგრეთვე გორის ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი); პროფესორები: ალ. ცაგარელი, ნ. მარი, ალ. ხახანაშვილი. მათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გასაშუქებლად საზოგადო სხდომების დროს წაიკითხეს მოხსენებები.

საქართველოში კი ქართველი სამღვდელოება შეუპოვარ ბრძოლას განაგრძობდა. რაც შეეხება ბრძოლის ფორმებს, ქართველი სამღვდელოება მიუხედავად რევოლუციური სულისკვეთებისა და გარკვეული რადიკალიზმისა, მიმდინარე განმათავისუფლებელ მოძრაობაში პოლიტიკური რომანტიზმის და შეიარაღებული ბრძოლის წინააღმდეგ გამოდიოდა: ”ამისათვის წარსული მაგალითიც და საკუთარი გამოცდილებაც (იგულისხმება 1905 წლის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყება, შ.ჯ.) რომ არ გვქონდეს, მაინც ძნელი მისახვედრი არაა, რომ სიბრიყვეა – უიარაღო ხალხს იწვევდე შეიარაღებული აჯანყება მოახდინო”. მიზნის მისაღწევად საყოველთაო არჩევნები და პარლამენტარიზმის გზა ესახებოდა ყველაზე ეფექტურად, ხოლო არჩევნების უფლების მოსაპოვებლად პოლიტიკურ გაფიცვა. I-მა სახელმწიფო სათათბირომ იმედები არ გაუმართლა ქართველ სამღვდელოებას. ისინი აღიარებდნენ, რომ ხალხს, სათათბიროს სახით, სახელმწიფო კანონმდებლობასა და მართვა-გამგეობაში მონაწილეობის იმედი ჰქონდა. რეალურად კი სათათბირო მხოლოდ ”სამუსაიფო, თავშესაქცევი დარბაზია, სადაც გაბედული მსჯელობა, ყველაფრის გაკიცხვაც კი შეიძლება, მაგრამ გაკეთება კი არაფრის”.

მიუხედავად სათათბიროს როლის ამგვარი სკეპტიკური შეფასებისა საჭირობოროტო პრობლემების გადაწყვეტაში, სინოდის სხდომებზე არსებული განწყობილებით გულაცრუებულ ქართველ სამღვდელოებას სრულიად უიმედოდ ეჩვენებოდა სასულიერო ხელისუფლებისადმი რაიმე მიმართვა და ისევ სახელმწიფო სათათბიროს იმედი ჰქონდა. 1906 წლის 6 ივნისს შედგა ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების დეპუტატთა კრება, რომელმაც I სათათბიროს დეპეშა გაუგზავნა, სადაც ქართველი სამღვდელოება გამოთქვამს რწმენას, რომ რუსეთის პირველი პარლამენტი შესძლებს ქვეყნის ბიუროკრატიული ბორკილებიდან დახსნას, მუშათა პრობლემების და აგრარული საკითხის გადაწყვეტას, ისეთი არაქრისტიანული სასჯელის გაუქმებას, როგორიცაა სიკვდილით დასჯა. მოითხოვს სათათბიროს დეპუტატებისაგან ძალისხმევას ყოველგვარი მოქალაქეობრივი თავისუფლების მისაღწევად და მათ შორის სინდისის თავისუფლებას, ”რომელთანაც მჭიდროდაა შეკავშირებული საკითხი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე და სრული განთავისუფლება ეკლესიისა სახელმწიფოს აპეკუნობისაგან”.

* * *

სამღვდელოების ბრძოლამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი საქართველოში ახალი ეგზარქოსის განწესების ჟამს მიიღო. სინოდის სხდომებზე ქართველი მღვდეთმთავრებისა და მეცნიერების ძალისხმევას შედეგი არ მოჰყოლია. წინასწარმა კრებამ ავტოკეფალიის საკითხი დადებითად არ გადაწყვიტა და მიუხედავად ქართველი სამღვდელოების პროტესტისა, საქართველოში ახალი ეგზარქოსის – ნიკონის დანიშვნის გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ამ გადაწყვეტილებამ ქართველი სამღვდელოების საპროტესტო გამოსვლა გამოიწვია. მათ ახალი ეგზარქოსი უზნეო და ამორალურ პიროვნებად მიიჩნიეს. ახალ ეგზარქოსად ხელისუფლება გზავნიდა ასეთ კაცს იმ დროს, როდესაც ქართველმა სამღვდელოებამ ხმამაღლა განაცხადა თავისი ურყევი ნება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ეს ძალიან კარგად უწყოდა ახალმა ეგზარქოსმა. მიუხედავად ამისა, ფიზიკური ძალის იმედით, მაინც კისრულობდა ეგზარქოსის მოვალეობას.

ნიკონი თბილისში საპატიო დაცვითა და დიდი ზეიმით შემოვიდა. მას საპოლიციო აპარატის მუშაკები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსი სამღვდელოება შეეგება. ქართველმა მღვდლებმა კი მას ბოიკოტი გამოუცხადეს და შესაბამისი წერილიც გაუგზავნეს, სადაც სწერდნენ: ”თუ თქვენ, თქვენო მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობავ, არ დაიშლით და ძალად მოხვალთ ისეთ სამწყსოში, რომელსაც თქვენ არ ეკუთვნით, მაშინ ქართველი მწყემსმთავრები და მწყემსები წინდაწინვე ხელს იბანენ და პასუხს არ აგებენ იმ შეიძლება დიდადაც საწყენ შედეგისათვის, რომელიც მოჰყვება თქვენს ძალად ჩვენთან მობრძანებას”. ჟურნალი ”მწყემსი” შემდეგნაირად აღწერს ეგზარქოსის თბილისში ჩამოსვლის დღეს: ”მართალია მწყემსი ძლევა-მოსილი მოვიდა, მაგრამ სამწყსო სად არის?.. თქვენ ხედავთ მარტო თოფების ჯარს, ოფიცრებს, გენერლებს, სტრაჟნიკებს და ჟანდარმებს. სამღვდელოება კი არსად ჩანდა. თქვენ გეგონებოდათ, რომ მოვიდა ვინმე დიდებული სამხედრო პირი ჯარების დასახედავად და არა მშვიდობის მომფენი ”მდაბალი” მღვდელთმთავარი, რომელიც მოსულა, რომ სული თვისი დასდოს ცხოვართათვის”. ნიკონმა საქართველოში ჩამოსვლის დღეს, 26 აგვისტოს, სიონის საკათედრო ტაძარში წარმოსთქვა სიტყვა. მას ქართველი სამღვდელოება არ დასწრებია.

იმდენად ძლიერი იყო ქართველი ერის უარყოფითი რეაქცია ახალი ეგზარქოსის დანიშვნის გამო, რომ ნიკონი, მისი საქართველოში მოღვაწეობის მთელ მანძილზე, შიშით სამწყსოს ვერ ეჩვენებოდა, გარეთ იშვიათად გამოდიოდა და მაშინაც მხოლოდ ყაზახების თანხლებით.

რუსეთის ხელისუფლება და უწმინდესი სინოდი ფართო საეკლესიო რეფორმით პირდებოდა ქართველობას საეკლესიო საკითხების მოგვარებას. 1906 წლის 23 აგვისტოს ბრძანება, რომელიც თბილისში მთავარეპისკოპოს ნიკონის ჩამოსვლის წინ მიიღეს, გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობისა და ქართველთათვის ესოდენ მტკივნეული პრობლემის – სასულიერო-სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენისა და ადგილობრივი საეკლესიო გალობის სწავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს განჩინება 1906 წლის 3 თებერვალს იქნა მიღებული პეტერბურგში ზემოთ უკვე აღნიშნული, ე.წ. ”განსაკუთრებული საბჭოს” სხდომაზე. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ ეპისკოპოსებმა კირიონმა და ლეონიდემ მაშინვე საკმაოდ მწვავე და დასაბუთებული მოსაზრებები წარუდგინეს თათბირს, სადაც ირწმუნებოდნენ, რომ თუ საქართველოს ეკლესიას არ დაუბრუნდებოდა ”თავისი მმართველობის თავდაპირველი კანონიკური წყობილება”, გარდაუალი იყო განხეთქილება რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის. სინოდის ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს ეკლესიის დანაწევრების საფრთხე დაინახა კ. ცინცაძემაც. მართალია, იგი ითვალისწინებდა სასულიერო სამმართველოების დაარსებას და ადგილობრივი ეპისკოპოსებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას, მაგრამ ამით იკარგებოდა ის ფაქტიური კავშირიც, რომლის გარეგნული გამოხატულება საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა იყო.

სინოდის ყოველ ახალ განკარგულებას საქართველოს ეკლესიის მოწყობის შესახებ სამღვდელოება ერთსულოვანი პროტესტით ეგებებოდა. ქართველი ეპისკოპოსების ობერპროკურორთან უშედეგო ვიზიტების, სინოდის სხდომებზე მათი ფუჭი დავა-კამათის შემდეგ, ქართველი სამღვდელოება საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის სასარგებლოდ არავითარ ნაბიჯს არ გადადგამდა. მიზნის მიღწევას მხოლოდ ერთსულოვანი ბრძოლითა და დაუმორჩილებლობით შეძლებდნენ. ”ვინც თვითონ თავისუფალი არაა, თავისუფლებას ვერ მოგვანიჭებს, ვინც თვითონ ბრმაა, წინამძღვრობას ვერ გაგვიწევს, ვინც თვითონ ურწმუნოა, სარწმუნოებას ვერ მოგვცემს” – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ისინი. სინოდის მხრიდან მათი ცალკეული წარმომადგენლების დასჯის მცდელობის შემთხვევაში მთელი სამღვდელოება იმაღლებდა ხმას და დასჯილი პირის თანამოაზრედ აცხადებდა მთელ თავის წოდებას. ამის დასტურია მღვდელ ნესტორ გიორგაძისადმი ქართველი სამღვდელოების მხრიდან სოლიდარობის გამოცხადების მაგალითი, რომელსაც სინოდის განკარგულების საფუძველზე მღვდელმოქმედება აეკრძალა. მიზეზი ამისა ყოფილა გიორგაძის პროტესტი სინოდის მიერ საქართველოს ეკლესიის საკითხის ისეთი ქართველთმოძულე პირთათვის მინდობა, როგორებიც ვოსტორგოვი და სტეფანე ეპისკოპოსი იყვნენ.

პეტერბურგში სინოდის სხდომები გრძელდებოდა და საკითხის განსჯა ქართველთათვის სულ უფრო და უფრო მძიმე ვითარებაში ხდებოდა. ბოლო სხდომაზე, რომელსაც ქართველი საერო და სასულიერო პირები აღარ ესწრებოდნენ (მათ დატოვეს სხდომა, რადგან მიხვდნენ, რომ შეუძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა), ვოსტორგოვმა სხდომის წევრებს წარუდგინა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის ორი პროექტი: ერთი – საეგზარქოსოს ნაცვლად მიტროპოლიის დაარსებისა და მეორე – საეგზარქოსოს შენარჩუნებისა. სხდომას მხოლოდ 10 წევრი ეწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვორუმი არ იყო, კენჭისყრის შემდეგ შვიდი ხმით პირველი პროექტი მიიღეს. შემდგომ საკითხი კვლავ იქნა განხილული ქვეკომისიაში და კომისიის წევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქართველოს არ უნდა ჰყავდეს არც კათალიკოსი, არც ეგზარქოსი, არც მიტროპოლიტი. საქართველო უნდა იყოს მხოლოდ ეპარქია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სინოდის წევრთა უმრავლესობა არ დაეთანხმა. საქართველოში მიმდინარე მძლავრ ეროვნულ და დემოკრატიულ მოძრაობას, რომლის შემადგენელ ნაწილსაც შეადგენდა ავტოკეფალური მოძრაობა, როგორც ჩანს, მაინც უფრთხოდნენ რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლანი. საკითხის აღნიშნული ფორმით გადაწყვეტა უთუოდ დაძაბავდა რუსეთ-საქართველოს შორის ისედაც გამწვავებულ ურთიერთობებს და საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთის ბატონობას კავკასიაში. ამ გარემოებამ აიძულა უწმინდესი სინოდი, დროებით შეეჩერებინა საქართველოს ეკლესიის საკითხის განხილვა. საქართველოს ეკლესია რუსული სინოდის დაქვემდებარებაში დარჩა, კვლავაც საქართველოს საეგზარქოსოს სტატუსით.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოს ეკლესიის გადარჩენის შესაძლებლობებს თანდათანობით მინიმუმამდე ამცირებდა. რევოლუცია დაღმავლობის გზაზე იდგა და სასულიერო ხელისუფალნიც უკვე იმ დათმობებზე წასვლასაც აღარ აპირებდნენ, რომელსაც ცოტა ხნის წინ სთავაზობდნენ ქართველობას და რომელსაც გადაჭრით უარყოფდა ქართველი სამღვდელოება. ”...ჭკუა წავაგეთ, როცა უარვყავით ფართო ეკლესიური თვითმმართველობა, რომელსაც გვაძლევდნენ... ჩემის აზრით, საჭირო იყო ცოტა ხნობით მაინც მიგვეღო ის, რასაც იძლეოდნენ და ეს ავტონომია გაგვიადვილებდა ავტოკეფალიის მოპოვებას, რადგანაც ავტონომიიდან ავტოკეფალიამდის მხოლოდ ერთი ნაბიჯია. მაგრამ ახლა ამაზედ ლაკარაკი გვიანღა არის”, - ასე სანანებლად გაუხდა ბოლოს კირიონს თავისი და მთელი ქართველი სამღვდელოების უკომპრომისობა.

საქართველოს საეგზარქოსოს გაუქმებისა და მის მაგივრად მიტროპოლიის დაარსების გადაწყვეტილებამაც შეაშფოთა ქართველი სამღვდელოება და მთელი ერი. მისი განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ეკლესიას ის სუსტი ავტონომიური უფლებებიც ესპობოდა, აქამდე საქართველოს საეგზარქოსოს სოციალური ინსტიტუტის სახით რომ გააჩნდა. ქართველ სამღვდელოებას ამჯერად ამ ინსტიტუტის შესანარჩუნებლადაც კი მოუხდა ბრძოლა. ი. ჩიჯავიძე 1907 წლის 6 იანვრით დათარიღებული წერილით ეპისკოპოს კირიონს სთხოვს, როგორმე ეცადონ და აღნიშნული გადაწყვეტილება არ განახორციელებინონ სინოდს. ამავე წერილში ი. ჩიჯავიძეც გამოთქვამს სინანულს, რომ თავის დროზე სასულიერო ხელისუფლების წინადადება ეგზარქოსად ქართველის დანიშვნაზე, მათ არ მიიღეს.

განმათავისუფლებელი მოძრაობა დამარცხდა და ქართველ სამღვდელოებას ოფიციალური ხელისუფლება სახელმწიფოს მშვიდობიანად გადარჩენის გამო სამადლობელი პარაკლისების გადახდას ავალებდა. ხოლო ავტოკეფალური მოძრაობის მესვეურნი რეპრესიების მსხვერპლნი შეიქნენ. ამ მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ეპისკოპოსი კირიონი, რომელსაც 1906 წლის თებერვალში როგორღაც ეღირსა სამშობლოში დაბრუნება, კვლავაც რუსეთში, კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს, აფხაზების გაქართველების მცდელობის ბრალდებით. ხელისუფლების სასჯელს სხვადასხვა დროს, განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმდინარეობის პერიოდში ვერ გადაურჩნენ აგრეთვე ეპისკოპოსები: ლეონიდე, ამბროსი ხელაია, დეკანოზი კორნელი კეკელიძე, თბილისის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ილარიონ ჯაში, გელათის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ ნამორაძე და სხვანი. 1905-1907 წლების განმათავისუფლებელი მოძრაობის მარცხმა, ქვეყანაში რეაქციის გაბატონებამ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობები შეამცირა, მაგრამ სამღვდელოების ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის რევოლუციის შემდგომ პერიოდშიც არ შეწყვეტილა და კვლავაც მთელი სიმძაფრით მიმდინარეობდა.

შორენა ჯაფარიძე
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მეცნიერ-თანამშრომელი


გაზეთი ”საპატრიარქოს უწყებანი”,
№27(334)-28(335)-29(336), 2005 წ.