(საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყდრის ლეონიდის (ოქროპირიძის) მიმართვა აფხაზ თავადს ალექსანდრე შერვაშიძეს)
უძველესი დროიდან აფხაზეთი პოლიტიკურად და ეკლესიურად საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულებოდა. მართალია, XIV საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ფეოდალური დაქუცმაცებულობის შედეგად იმერეთის სამეფოს ხელისუფალთა ხელშეწყობით ერთიან მცხეთის საკათალიკოსო ტახტს გამოეყო და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ლიხთ-იმერეთის საკათალიკოსო, რომელიც შემდგომ აფხაზეთის საკათალიკოსოს სახელითაა ცნობილი, მაგრამ იგი მაინც საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდ. კავკასიელთა შემოსევებისა და თურქთა აგრესიის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე თანდათან შესუსტდა ქრისტიანობა, მოიშალა მოქმედი ეკლესია-მონასტრები, ადგილობრივ მკვიდრთა ნაწილი გამაჰმადიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს დაპყრობისა და 1814 წელს იქ არსებული საკათალიკოსოს გაუქმების შემდეგ რელიგიური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა აფხაზეთში. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან "კავკასიაში მართმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებაზე" დაყრდნობით რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში აქტიურად დაიწყო სამისიონერო საქმიანობა ქრისტიანობის აღდგენის მიზნით, მაგრამ აფხაზეთში, ისე როგორც კავკასიის მასშტაბით, სამისიონერო მოღვაწეობა რუსეთის დიდმპყრობელური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. აფხაზეთში რუსული საეკლესიო პოლიტიკის გატარებას ემსახურებოდა 1886 წლიდან ახლადდაარსებული სოხუმის ეპარქია, რომლის ხელმძღვანელებად ძირითადად რუსი ეპისკოპოსები ინიშნებოდნენ (გამონაკლისის სახით 1906-1907 წლის დასაწყისში სოხუმის ეპარქიას განაგებდა ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი).
XX საუკუნის დასაწყისიდან რუსი მღვდელმთავრები საერო ხელისუფლებასთან ერთად ყოველმხრივ ცდილობდნენ აფხაზეთი პოლიტიკურად და ეკლესიურად საქართველოსგან ჩამოეშორებინათ, მაგრამ ქართველი და აფხაზი ხალხის დიდი წინააღმდეგობის გამო რუსეთმა ეს გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფალთა აღნიშნული გეგმის წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურობდა აფხაზები. აღნიშნულის დასტურია ის ფაქტი, რომ 1916 წლის 26 აპრილს აფხაზების წარმომადგენელთა დელეგაცია (ა. შერვაშიძე, პ. ანჩაბაძე, მ. ემხვარი, ა. ინალიფა, ნ. მარღანია და სხვ.) თბილისში ჩამოვიდა და თავიანთი მოთხოვნებით წარუდგა მეფისნაცვალს და საქართველოს ეგზარქოსს. სხვა მოთხოვნებთან ერთად ისინი წინააღმდეგი იყვნენ საქართველოსაგან აფხაზეთის ტერიტორიული და ეკლესიური გამოყოფისა.1 მართალია, იმხანად ხელისუფლებამ ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ ხელი არ აუღიათ თავიანთი განზრახვის განხორციელებაზე.
1917 წლის თებერვლის რევოლუციამ სასიკეთოდ იმოქმედა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. იმავე წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საერო და სასულიერო პირთა მონაწილეობით ჩატარებილმა ყრილობამ აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლის მარტის ბოლოს დროებითმა მთავრობამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეროვნული ნიშნის მიხედვით აღიარა, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში გამართულმა რუსეთის საეკლესიო კრებამ საქართველოს ეკლესიის კანონიერება არ ცნო და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის აფხაზეთში, არსებულ არაქართულ სამრევლოებზე დაყრდნობით (დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით ისინი საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში არ შედიოდნენ) აქტიური ბრძოლა დაიწყეს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას არ ცნობდა სოხუმის ეპისკოპოსი სერგი და აფხაზეთის მონასტრებში არსებული რუსი სამღვდელოება. რაც შეეხება აფხაზ სამღვდელოებას და აფხაზურ სამრევლოებს, მათ 1917 წლის 22 – 27 მაისს სოხუმში გამართულ ყრილობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკლესიის დროებით ხელმძღვანელობას მისასალმებელი მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც აღნიშნული იყო: "აფხაზური სამრევლოების წარმომადგენლები აფხაზური სამღვდელოებისა და მთელი აფხაზეთის არჩევითი ერისკაცების სახით მიესალმება მრავალტანჯულ ქართულ ეკლესიას და მის მიერ აღდგენილ ავტოკეფალიას. წმიდა ქართულმა ეკლესიამ ტანჯვაში შვა ეს დამოუკიდებლობა და, ისტორიული უფლებით, ის ავტოკეფალიის ღირსია."2 მილოცვის მიუხედავად, აფხაზეთის სამღვდელოება სეპარატისტულ გზას დაადგა, ზემოაღნიშნული კრების გადაწყვეტილებით ისინი საქართველოს ეკლესიისაგან გამოყოფილ, დამოუკიდებელ ეკლესიას ქმნიდნენ.
საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის დროებითმა მმართველობამ 1917 წლის მარტიდან სექტემბრამდე დიდი მუშაობა გასწია იმისათვის, რომ აფხაზეთის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიეღოთ თბილისში გამართულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. სწორედ ზემოაღნიშნულ პოლიტიკური პროცესების ფონზე დაიწერა საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობის თავმჯდომარის, საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყრდის ეპისკოპოს ლეონიდის (ოქროპირიძე) მიმართვა აფხაზეთის გამოჩენილი მოღვაწის ალექსანდრე შერვაშიძის მიმართ. ეპისკოპოს ლეონიდის მიერ შერჩეული ადრესატი შემთხვევითი პიროვნება არ ყოფილა. აფხაზეთის მთავრის შთამომავალი ალექსანდრე შერვაშიძე (1860 – 1932) ერთხანს სოხუმის ქალაქის თავი იყო და იქაურ აფხაზთა და ქართველთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი მოღვაწეობის დასაწყისში აშკარად გამოხატავდა თავის პროქართულ პოზიციას. 1903 წელს მან სოხუმში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს საკუთარ ბაღში დიდი მიღება გაუმართა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა სოხუმის სოფლის მეურნეობის საზოგადოებაში.3 ეპისკოპოს ლეონიდისათვის ისიც იყო ცნობილი, რომ ალექსანდრე შერვაშიძე სხვა აფხაზ მოღვაწეებთან ერთად იმ დეპუტაციაში შედიოდა, რომლებიც 1916 წლის აპრილში თბილისში ჩამოვიდნენ და აფხაზი ხალხის სურვილი - საქართველოსაგან პოლიტიკური და ეკლესიური განუყოფლობის შესახებ - კავკასიის მეფისნაცვალს და საქართველოს ეგზარხოს აცნობეს.
მიმართვის გაგზავნის დროს ალექსანდრე შერვაშიძე სოხუმის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა.4 როგორც ირკვევა, საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყრდეს იმედი ჰქონდა, რომ ალექსანდრე შერვაშიძე მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ეკლესიური ერთიანობის შენარჩუნებაში. ეპისკოპოსი ლეონიდი აფხაზ თავადს წერდა:
"დიდად პატივცემულო თავადო ალექსანდრე გრიგოლის ძევ!
განთავისუფლებული საქართველოს ეკლესია, როგორც მოეხსენება თქვენს ბრწყინვალებასაც, ახლო მომავალში იწვევს ქალაქ თბილისში თავის შვილთა წარმომადგენლების კრებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ეკლესიის ცხოვრების მოწესრიგებას და აგრეთვე ეკლესიის თავის სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის არჩევას. კრება დაიწყება 8 სექტემბერს ტფილისში ჩვენ უძველეს სიამაყე სიწმინდე – სიონში.
თქვენს ბრწყინვალებას კარგად მოეხსენება ის საუკუნოებრივი სულიერი კავშირი, რომელიც მუდამ აერთიანებდა ჩვენი ქვეყნის ჭირსა თუ ლხინში აფხაზთა და ქართველ ტომებს, ბედით დაჩაგრულთ, მაგრამ უკეთეს მომავლისათვის და თავის ხალხოსნობის შესანარჩუნებლად ყოველთვის მედგრად მებრძოლთ.
საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ იქონია სახეში ის სულიერი ერთობა, რომელიც ახასიათებდა აფხაზთა და ქართველთა განწყობილებას მრავალსაუკუნეთა განმავლობაში მათი დღიდან საისტორიო ასპარეზზე გამოსვლისა, დაადგინა მოიწვიოს საპატიო სტუმრად ქართველი ერის განუყრელ ხმათა აფხაზთა სამღვდელოების და ერის კაცთა წარმომადგენელნი იმ ბედნიერ დღეებისათვის, როდესაც საქართველოს ეკლესია პირველად ერთი საუკუნის შემდეგ თავს უყრის თავის ერთგულ შვილთ ეკლესიისა და სარწმუნოებრვი ცხოვრების კეთილმოწყობისათვის.
გაცნობებთ რა ამას, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი ბრწყინვალება პირადად დაესწროს იმ დღესასწაულს, ხოლო, როგორც აფხაზთა ქვეყნის წარჩინებულს და სახელოვანს შვილს კეთილ ინებოთ და აცნობოთ აფხაზთა სამღვდელოებას და ერს მათი ძმების ქართველთა ეს სურვილი იხილონ ჩვენი ეკლესიის დღესასწაულზე აფხაზთა წარმომადგენლები.
ვიმედოვნებ რა, რომ ძმური ურთიერთობა აფხაზთა და ქართველთა შორის თავისუფლების, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე თქვენი ბრწყინვალების კეთილი ღვაწლით მეოხებით ახლო მომავალში კვლავ აღსდგება და განმტკიცდება. გიგზავნით, პატივცემულო თავადო, მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ღმერთს ვსთხოვ თქვენს მშვიდობით სუფევას.
დავშთები მარადის თქვენის ბრწყინვალებისათვის მლოცველი.
სრ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდი
თბილისი, 1917 წლის 28 აგვისტო."5
ზემოხსენებული მიმართვა ფრიად საინტერესოა. ალექსანდრე შერვაშიძე არ გამოხმაურებია საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყდრის მიმართვას. როგორც ჩანს, ამ დროისათვის იგი აღარ ემხრობოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. უფრო მეტიც, როგორც შემდგომი მოვლნები გვიჩვენებს, მას შეუცვლია თავისი ორიენტაცია. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოდის.6
საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყდრის, ეპისკოპოს ლეონიდის მიმართვის იგნორირების მიუხედავად 1917 წლის სექტემბერში თბილისის სიონის ტაძარში ჩატარებულ პირველ საეკლესიო კრებას აფხაზეთ-სამურზაყანოდან ესწრებოდა 22 დელეგატი. აფხაზეთის დეპუტაციის წარმომადგენელი რაფაელ ჩხოტუა კრების პრეზიდიუმის წევრადაც კი აირჩიეს. კრებამ მიიღო სამურზაყანოდან თავად მიხეილ ანჩაბაძის მიერ გამოგზავნილი მისასალმებელი დეპეშა, რომელშიც აღნიშნული იყო: "აბხაზეთის საზოგადოება ძმური სალამით მიესალმება მოძმე ერს, ულოცავს დღესასწაულს და აუწყებს აბხაზეთის საქართველოსთან შეერთებას." დეპეშაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ "კრება არ წინააღუდგეს აბხაზეთის სურვილს საქართველოსთან ეკლესიურად შეერთებაზედო."7
პირველ საეკლესიო კრებას ქართულის არ ცოდნის გამო რუსულ ენაზე მიესალმა რაფაელ ჩხოტუა, რომელმაც ქართველ ხალხს დიდი ეროვნული დღესასწაული – საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და საეკლესიო კრების ჩატარება მიოლოცა.8
მართალია, პირველ საეკლესიო კრებაზე ცხუმ – ბედიის ეპარქია შეიქმნა, მაგრამ აფხაზეთის ტერიტორიაზე სრული იურისდიქციის აღდგენამდე და ახლადშექმნილი ეპარქიის ჩამოყალიბებამდე ამ ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები დროებით ჭყონდიდის ეპარქიას დაექვემდებარა. საქართველოს ეკლესიის წიმამძღოლთა ძალისხმევითა და საერო ხელისუფალთა მხარდაჭერით თანდათან აღსდგა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია აფხაზეთში. 1919 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ოფიციალურად საქართველოს საკათალიკოსოს შემადგენლობაში იქნა მიღებული.9 თუმცა, რუსეთის ეკლესია სოხუმში მოღვაწე რუს სასულიერო პირებზე დაყრდნობით XXსაუკუნის 20-იანი წლების დასაწყისშიც ცდილობდა გარკვეული პრობლემები შეექმნა საქართველოს ეკლესიისათვის აფხაზეთში.
-------------------------------------------------------------------------
ლიტერატურა
1 - საქართველო, 1916, 5 მაისი, №100, გვ. 2.
2 - ჯ. გამახარია, აფხაზეთი და მართლმადიდებლობა (I ს. -- 1921 წ.), თბ; 2005, გვ. 778; მისივე "ქართული ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის გავრცელება აფხაზეთში," ცოტნე დადიანის სახ. სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბედია, 2019, №8-9, გვ. 138.
3 - Ю. Чиковани, Род Абхазких Князей Шервашидзе, (Историко – генеалогическое исследование), Тб. 2007, с. 55.
4 - იქვე.
5 - საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწ. 1, საქმე №424, ფურცელი 2.
6 - წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი, კრებული შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ჯემალ გამახარიამ, თბ; 2006 გვ. 461.
7 - წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია) და აფხაზეთ, კრებული შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ჯემალ გამახარიამ, თბ; 2006 გვ. 194.
8 - იქვე, გვ. 195.
9 - იქვე, გვ. 280; შდრ. ჯ. გამახარია, "ქართული ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციის გავრცელება აფხაზეთში," ც. დადიანის სახ. სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბედია, 2019, №8-9. გვ. 146.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ელდარ ბუბულაშვილი