საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამოციქულო ეკლესიაა, რაც   იმას ნიშნავს, რომ ჩვენში, პირველ საუკუნეში ქრისტეს მოძღვრება იქადაგეს მაცხოვრის მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ. აღნიშნული საეკლესიო გადმოცემის უტყუარობას ადასტურებს როგორც ქართული, აგრეთვე უცხოური წერილობითი წყაროები, რომლებიც საინტერესო ცნობებს გვაწვდიან საქარ¬თველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ. ამ დოკუმენტური მასალებიდან უცხოური წერილობითი წყაროები ადრინდელი პერიოდისაა, ხოლო ქართული შედარებით გვიანი ხანით თარიღდება.

ჩვენამდე მოღწეული უცხოური წერილობითი წყაროებიდან, რომელიც ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლა-ქადაგებების შესახებ შეიცავს გადმოცემებს, ყველაზე უძველესად მიჩნეულია ორიგენეს (185-254) ცნობა. მართალია, იგი თავის შრომაში წმ. ანდრია მოციქულის უმთავრეს სამოღვაწეო ქვეყნად სკვითიას მიიჩნევს და საერთოდ არ ასახელებს საქართველოს, მაგრამ ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე კარგა ხანია დადგენილია, რომ ჯერ კიდევ უძველესი ხანის ბერძენი და ლათინი მწერლები:  ესქილე (ქრისტეს შობამდე V საუკუნის ბოლო - IV საუკუნის დასაწყისი, ევრიპიდე (480_406),  პლუტარქე (46-120), აპიანე (ქრ. შობით II ს.), ვერგილიუს კომენტატორი (ქრ. შობით IV ს.) და სხვა, - "სკვითიაში" გულისხმობენ არა მარტო კონკრეტული სკვითი ტომით დასახლებულ ტერიტორიას, არამედ მასში ისინი მოიაზრებენ ამიერკავკასიის ტერიტორიის იმ ნაწილსაც, სადაც ქართველი ტომები ცხოვრობდნენ.1 ორიგენეს ცნობა, რომ - "როცა მოციქულები და მოწაფენი მაცხოვრისა ჩვენისა მოეფინენ მთელ ქვეყანას, თომამ წილად მიიღო პართია, ანდრიამ - სკვითია, იოანემ - ასია, პეტრემ - პონტო, გალატია და ბითვინია, კაპადოკია და ასია"2 - უცვლელად მეორდება შემდგომი ხანის მოღვაწეებთან. ამ მხრივ აღსანიშნავია IV საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწის "საეკლესიო ისტორიის" მამად წოდებულის, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსის ევსევი კესარიელის (260-340) ჩვენამდე მოღწეული დოკუმენტური მასალა.3 იგივე ცნობაა დაცული ლიონის ეპისკოპოს ევხართან († 449) და ისიდორე ისპანიელთან († 629).4

დასახელებული პიროვნებებისაგან ოდნავ განსხვავებული და საინტერესო ცნობები მოეპოვებათ მომდევნო ხანის უცხოელ ავტორებს. მართალია, ისინი საქართველოს მაგივრად კვლავ სკვითიას ასახელებენ, მაგრამ კონკრეტულად სკვითიაში ისეთ გეოგრაფიულ სახელებს თუ ჰიდრონიმებს უთითებენ, რომლებიც, უტყუარად ადასტურებენ, რომ "სკვითიის პროვინციაში" ისინი უშუალოდ საქართველოს და ქართველი ხალხით დასახლებულ ტერიტორიას გულისხმობენ. ამ მხრივ, ყურადღების ღირსია ქრისტეს შობიდან III საუკუნის დასასრულის მოღვაწე დოროთე ტვირელისა და IV საუკუნის მეორე ნახევრისა და V საუკუნის დასაწყისის წმინდა მამის ეპიფანე კვიპრელის († 405) ცნობაში აღნიშნული ის გეოგრაფიული სახელწოდებანი, რომელიც ქართველი ხალხით იყო დასახლებული. ორივე ავტორის ცნობა თითქმის ერთმანეთის იდენტურია. მათი გადმოცემით: "ანდრია მივიდა დიდ სებასტოპოლისში, სადაც არის აფსარის ციხე-სიმაგრე ("პარემბოლი" - ჯარის ბანაკი - სამყოფელი"), და მდინარე ფასისი, სადაც ცხოვრობენ უშინაგანესანი ეთიოპნი (კოლხნი)".5 მოტანილი დოკუმენტური მასალიდან აშკარად ჩანს, რომ "დიდი სებასტოპოლისი", იგივე ცხუმი - სოხუმია; აფსარის ციხე კი, სადაც ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნეში რომაული გარნიზონი იდგა, დღევანდელი ბათუმის მახლობლად მდებარე გონიოს ციხეა, რომელიც, როგორც არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, მოციქულთა მოღვაწეობის დროს, I საუკუნის 30-40-იან წლებში მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა. რაც მთავარია, წყაროში დასახელებულია ცენტრალურ კოლხეთში მდებარე მდინარე ფაზისი, იგივე მდინარე რიონი. დოროთე ტვირელის აღნიშნული ცნობა იმდენად ღირებულად მიუჩნევიათ, რომ იგი X საუკუნეში სრული სახით ქართულად უთარგმნიათ.6 ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით აგრეთვე მნიშვნელოვანია IV საუკუნის მოღვაწის, სოფრონის ცნობა. მან ბერძნულად თარგმნა ამავე საუკუნეში მოღვაწე იერ¬ონიმეს რამდენიმე შრომა. ერთ-ერთ მის ნაშრომს სოფრონმა მიუმატა ცნობები მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ წმ. ანდრიამ ქრისტიანობა იქადაგა სკვითიაში, სოგდიანასა და დიდ სებასტოპოლისში, აგრეთვე სამსუნსა და ფაზისის ახლოს, კოლხეთში.7

საქართველოში წმინდა მოციქულთა მისიონერული მოღვაწეობის შესახებ მეტად საინტერესოა VIII საუკუნის წმინდა მამის, ეპიფანე კონსტანტინოპოლელის თხზულება "ანდრიას ცხოვრება". აღნიშნული ნაშრომის დაწერის დროს მას გამოუყენებია მანამდე მოციქულთა შესახებ არსებული გადმოცემები, რომელიც დაცული ყოფილა ეპიფანე კვიპრელთან,  ევარგე სიცილიელთან და სხვებთან. გარდა ამისა, როგორც მისი ნაშრომიდან ირკვევა, იგი არ დაკმაყოფილებულა წინამორბედ მოღვაწეთა მონათხრობით და მეტი დამაჯერებლობის მიზნით, უმოგზაურია და ფეხით მოუვლია ყველა ის ადგილი, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულს უმოღვაწია. როგორც მისი შრომიდან ირკვევა, მოგზაურობის დროს მას ბევრი საინტერესო ეთნოგრაფიული მასალა მოუპოვებია ანდრია მოციქულის მოღვაწეობის შესახებ. ამ მხრივ, ეპიფანე კონსტანტინოპოლელის ნაშრომი სამეცნიერო გამოკვლევის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, მას ჩვენთვის წყაროს მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მასთან გვხვდება ბევრი ისეთი ცნობა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. სხვა უცხოელი, ავტორებისაგან განსხვავებით, ეპიფანე კონსტანტინოპოლელი შედარებით დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ. ამ მხრივ მის ცნობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეპიფანე კონსტანტინოპოლელი IV საუკუნის მოღვაწე ეპიფანე კვიპრელის ცნობებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ "ნეტარმა მოციქულმა ანდრიამ იქადაგა დიდ სებასტოპოლისში, სადაც არის აფსარის ციხე, ჰჳსის ნავსადგური და მდინარე ფაზისი. იქ მოსახლეობენ იბერიელები, სუსანელნი, ფუსტელები და ალანები".8

ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მონათხრობით, წმ. ანდრია მოციქულს სამჯერ უმოგზაურია საქართველოში. მისი ცნობა სრულ თანხმობაშია ზოგიერთ ქართულ წყაროსთან. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მიხედვით, წმ. ანდრია მოციქული პირველი მოგზაურობის დროს წამოსულა ქალაქ ამასიიდან და მისულა ლაზიკის ქალაქ ტრაპიზონში. აქედან იგი ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად გადასულა იბერიაში, შავი ზღვისპირეთში მცხოვრებ წარმართთა მოქცევის შემდეგ იგი ისევ იერუსალიმში დაბრუნებულა, სადაც მას სხვა მოციქულებთან ერთად მონაწილეობა მიუღია ქრისტეს აღდგომის დღესასწაულში. ეპიფანეს გადმოცემით, მეორე მოგზაურობის დროს წმ. ანდრიამ `მოიწია ქალაქსა ტრაპიზუნს". მესამე მოგზაურობის დროს ანდრია პირველწოდებულს თან ხლებია ქრისტეს სხვა მოციქულები - სიმონ კანანელი და მატათა. მათ ჳმოიარეს ქალაქები, იქადაგეს და სასწაულები მოახდინეს და ჩავიდნენ იბერიაში და ფაზისში". აქედან ისინი ქრისტიანობის საქადაგებლად გადასულან სუსანეთში, სადაც თურმე ქალები მბრძანებლობდნენ მამაკაცებზე. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის გადმოცემით, მატათა მოციქული სუსანიაში დარჩენილა, "ხოლო სიმონი და ანდრია წავიდნენ ალანიაში და ქალაქ ფუსტაში, მათ მრავალი სასწაული მოუხდენიათ, მრავალნი დამოძღვრეს და წავიდნენ აბაზგიაში, დიდ სებასტოპოლისში რომ ჩავიდნენ, იქადაგეს ღვთის სიტყვა". სებასტოპოლისში ანდრიამ დატოვა სიმონ მოციქული, თვითონ კი ახალი მოძღვრების საქადაგებლად ჯიქეთში გადავიდა. ჯიქებმა ქრისტიანობა არ მიიღეს, ისინი უხეშად მოექცნენ მოციქულს და "განიზრახეს ანდრიას მოკვლა". ანდრია ღვთის წყალობით გადაურჩა სიკვდილს.9

ეპიფანე კონსტანტინოპოლელის აღნიშნული ცნობა სხვა მხრივაც იპყრობს ყურადღებას. იგი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულის გარდა, ქრისტეს მოძღვრება საქართველოში ორ მოციქულს - სიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ. როგორც ჩანს, ეპიფანე კონსტანტინოპოლელმა საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ არსებული გადმოცემა თავისი წინამორბედი უცხოელი მწერლებისაგან მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ საინტერესეოა IV საუკუნის მოღვაწის სოფრონის მინაწერი, რომელიც მის მიერ ბერძნულად თარგმნილ იერონიმეს თხზულებაშია მოთავსებული, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოში ანდრია მოციქულს თან ახლდა მატათა, რომელმაც "...სახარება იქადაგა მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხე და ჰВსის ნავსადგური."10 ეპიფანე კონსტანტინოპოლელის ნაშრომი "ანდრიას ცხოვრება" იმდენად სანდო და პოპულარული ყოფილა, რომ იგი XIV საუკუნის მოღვაწე ნიკიტა ქსანთოპულოსს თავის "საეკლესიო ისტორიის" ძირითად წყაროდ გამოუყენებია. იგი უცვლელად იმეორებს ეპიფანეს მონათხრობს საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ.11

საქართველოში მოციქულთა ღვაწლს საგანგებოდ აღნიშნავს აგრეთვე IX საუკუნის მოღვაწე ნიკიტა  პაფლაგონელი, რომელმაც ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილ ქებაში მიუთითა, რომ მან ქრისტეს რწმენა გაავრცელა იბერებთან, სავრომატებთან და სკვითებთან, "რომელნიც ევქსინიის პონტოს ჩრდილოეთით იმყოფებიან და სამხრეთითაც არიან განლაგებულნი".12

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაში ანდრია მოციქულის ღვაწლი საგანგებოდაა აღნიშნული X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის დასაწყისით დათარიღებულ ბიზანტიის იმპერატორის, ბასილი დიდის (970-1025) სახელით ცნობილ თვენში, სადაც აღნიშნულია, რომ ანდრია მოციქული "წავიდა დიდ სებასტოპოლისში, სადაც ზღვას ერთვის მდინარეები ფსარე და ფასიდი". ე.ი. ჭოროხი და რიონი.13

ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ცნობები დაცულია აგრეთვე გვიანი ხანით დათარიღებულ რუსულ წერილობით წყაროებში. საეკლესიო გადმოცემითა და წყაროებზე დაყრდნობით რუსეთის ეკლესიას წმინდა ანდრია თავიანთ მოციქულად მიაჩნიათ. როგორც ერთ-ერთ ქართულ თარგმანშია აღნიშნული, ანდრია მოციქულს რუსეთის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქრისტიანობა გაუვრცელებია და კიევში აღუმართავს ჯვარი. ანდრია მოციქულის "ცხოვრების" რუსული ვერსიის ავტორმა იცის, რომ მან "ღრუზინებს ზედა კვერთხი აღმართა".14 წმ. ანდრიას "ცხოვრების" რუსი ავტორი კარგად იცნობს ამ მოციქულის შესახებ არსებულ ბერძნულ-ქართულ წყარ¬ოებს. მათზე დაყრდნობით, რუსული წყაროები აღნიშნავენ, რომ შავი ზღვის მოსახლეობამ წმინდა მოციქული მტრულად მიიღო, ქვები დაუშინეს, კბილები ჩაუ¬მტვრიეს ("зубы отриваху"). ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან უკან არ დაიხია და ქრისტეს რწმენა გაავრცელა ჩრდილოეთის ქვეყანაში. სხვათა შორის, რუსულ ენაზე არსებული ანდრია მოციქულისადმი მიძღვნილი პროლოგ-სვინაქსარი, რომელშიც არის ცნობები იმის შესახებ, რომ მან ქრისტიანობა საქართველოში იქადაგა, XVIII საუკუნის დასაწყისში ქართულად უთარგმნია რუსეთში მყოფ მეფე-პოეტს არჩილს.15

როგორც ვხედავთ, უცხოური წერილობითი წყაროები ძუნწ, მაგრამ საინტერესო ცნობებს გვაწვდიან მოციქულთა საქართველოში მოღვაწეობის შესახებ. ბერძენ-რომაელი მწერლები უტყუარად ადასტურებენ, რომ საქართველოში ქრისტიანობა მოციქულებმა იქადაგეს. უცხოური წყაროებიდან ყველაზე ვრცელი ცნობები VIII საუკუნის მოღვაწე ეპიფანე კონსტანტინოპოლელის თხზულებაშია დაცული, რაც, ჩვენი აზრით, იმითაა განპირობებული, რომ მან არა მარტო წინამორბედ მწერალთა ცნობებით ისარგებლა, არამედ ანდრია მოციქულის გზით მოგზაურობის დროს შეკრიბა საინტერესო მასალა, რითაც თავისი შრომა კიდევ უფრო გაამდიდრა.

საქართველოში მოციქულთა ქადაგებამ თავისებური ასახვა ჰპოვა ქართულ მწერლობაში. ქართულმა საისტორიო წყაროებმა, საეკლესიო გადმოცემებმა და ეთნოგრაფიულმა მასალებმა საინტერესო ცნობები შემოგვინახა საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ.

ქართველ მკვლევართა მიერ აღიარებულია, რომ გადმოცემა მოციქულთა მიმოსვლის შესახებ საქართველოში ცნობილი უნდა ყოფილიყო VIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე იოანე საბანისძისათვის. იგი თავის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში "ჰაბოს წამება" დასავლეთ საქართველოში არსებულ ისეთ ტოპონიმებს ასახელებს, რომელნიც მოციქულთა სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული.16 ამავე გადმოცემას იცნობს აგრეთვე IX საუკუნეში დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ანონიმი ავტორი ჰაგიოგრაფიული პოემისა მიქაელ საბაწმინდელის შესახებ. აღნიშნულ თხზულებაში დასავლეთ საქართველო მოციქულთა წილხვედრ ქვეყნადაა მოხსენებული.17

ანდრია პირველწოდებულის თემამ X-XI საუკუნის საქართველოში განსაკუთრებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ზემოაღნიშნულ საუკუნეებში საზღვარგარეთ არსებულ ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე ქართველი წმინდა მამები საქართველოში ანდრია მოციქულის მისიონერული მოღვაწეობის რეალურ ფაქტებს ხშირად იყენებდნენ ივერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. აღნიშნულ საკითხზე 1057 წელს გიორგი მთაწმინდელმა ცხარე პოლემიკა გაუმართა ანტიოქიის პატრიარქს თეოდოსს. ამ უკანასკნელის აზრით, საქა¬რთველოს ეკლესიას არ აქვს ავტოკეფალიის უფლება იმ უბრალო მიზეზით, რომ ივერიის ქვეყანაში, თითქოს, არც ერთ მოციქულს ქრისტიანობა არ უქადაგნიაო. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, გიორგი მთაწმინდელმა მტკიცედ დაიცვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა და ბერძენი პატრიარქის პრეტენზიებს თვით ბერძნული წყაროები დაუპირისპირა. მან მოითხოვა მოეტანათ წმინდა ანდრიას "მიმოსვლის" ბერძნული ტექსტი. როდესაც ტარსუს მიტროპოლიტმა თეოფილემ "მიმოსვლის" წიგნი შემოიტანა, გიორგი მთაწმინდელმა პატრიარქს მიმართა: "წმინდაო მეუფეო, შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი: და ერთი წმინდანთა ათორმეტთა მოციქულთაგანი სიმონს ვიტყჳ კანანელსა...… ამათ წმინდანთა მოციქულთა განათლებულნი ვართ და ვინაითგან ერთი ღმერთი გВცნობიეს არღარა უარგჳყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მოდრეკილ არ ნათესავი ჩუენი. შუენის ესრეთ, რაჲთა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს, რაБთა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმას ანდრეას და რაჲთა თქუენ ჩუენ დაგუემორჩილნეთ".18 გიორგი მთაწმინდელის წარმოთქმულმა სიტყვებმა ანტიოქიის პატრიარქზე დადებითად იმოქმედა, რის გამოც მან უარი განაცხადა საქართველოს ეკლესიის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე.

საზღვარგარეთ, ქართულ სავანეებში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს ხშირად უხდებოდათ დაპირისპირება ბერძენ იერარქებთან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესანარჩუნებლად. ასეთ ფაქტებს ადგილი გიორგი მთაწმინდელამდეც ჰქონია. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ექვთიმე ათონელმა, გიორგი მთაწმინდელამდე დიდი ხნით ადრე, ბერძნულიდან თარგმნა წმინდა ანდრია მოციქულის "მიმოსვლა". ოღონდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე სადაოდ რჩება საკითხი, კონკრეტულად რომელ ავტორს ეყრდნობოდა ექვთიმე ათონელი თავისი შრომის შესრულებისას, ეპიფანე კონსტანტინოპოლელისას (VIII ს.), თუ ნიკიტა პაფლაგონელის ცნობებს (IX ს.).19 ამისდამიუხედავად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკვე XI საუკუნის დასაწყისში ქართული ეკლესიის კუთვნილებას წარმოადგენდა ბერძნული წყაროების საფუძველზე შექმნილი "მოსახსენებელი მიმოსვლათათВს და ქადაგებათა მოციქულისა ანდრეასი".

როგორც ჩანს, ასეთი შრომების არსებობის მიუხედავად, ბერძნების მხრიდან საფრთხე მაინც იყო. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების გაწეული ღვაწლი საქმეს ვერ შველოდა. როგორც წყაროებით ირკვევა, უცხოეთის მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები ამის შემდგომაც აქტიურად მონაწილეობდნენ ბერძნების წინააღმდეგ გამართულ "საღვთისმეტყველო დისპუტებში "და გრძნობდნენ ქართველთა" გაქრისტიანების საქმეში არსებული წინააღმდეგობების მოგვარების აუცილებლობას".20 ამ მიზნით, შავი მთის ქართული მონასტრის ბერმა იოანე-კვირიკემ XII საუკუნეში იქ მოღვაწე ეფრემ მცირეს დაავალა, ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით დაეწერა ისეთი თხზულება, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობოდა საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის ჩვენებასაც. ასეთი დაკვეთით, ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით დაიწერა ეფრემ მცირეს ნაშრომი "უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენიების". აღნიშნული შრომის დაწერის მიზანი ნათელი იყო - შავი მთის ქართული მონასტრის ბერებს სურდათ, "...ბერძნული წყაროების მიხედვით ქართველთა მოქცევის ძირითადი ეტაპების გარკვევა და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის დასაბუთება".21 ირკვევა, რომ სხვა ბერძნულ წყაროებთან ერთად, ეფრემ მცირეს გამოუყენებია თეოდორიტე კვიპრელისა და ევაგრე ანტიოქიელის ცნობები. ეფრემ მცირეს ზემოაღნიშნული შრომა იმ დროისათვის მნიშვნელოვან სამეცნიერო გამოკვლევას წარმოადგენდა. მის ნაშრომში ზოგიერთი ისეთი ბერძნული წყაროა გამოყენებული, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება. ამ მხრივ, ეფრემ მცირეს დასახელებული ნაშრომი წყაროს მნიშვნელობას იძენს.

გადმოცემა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, დაცულია ათონის წმინდა მამებისადმი მიძღვნილ თხზულებებში. ამ მხრივ, პირველ რიგში, აღსანიშნავია გიორგი მცირეს "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება". მას აგრეთვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გიორგი მთაწმინდელის (1009-1065) მიერ შედგენილ დიდ სვინაქსარში. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმ. დავით აღმაშენებლის ინიციატივით 1104 წელს ჩატარებულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე მიღებულ "ძეგლისწერაში" გარკვეული კანონიზირება მოახდინა იმ დიდი ღვაწლისა, რომელიც ანდრია პირველწოდებულს მიუძღოდა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაში.

გვიანი ხანის ქართულ მწერლობაში მოციქულთა შე¬სახებ არსებული ცნობები ძირითადად ეყრდნობა მანამდე არსებულ წერილობით წყაროებს და რაიმე სიახლით არ გამოირჩევა.22

ანდრია პირველწოდებულისა და მასთან ერთად მყოფ სხვა მოციქულთა საქართველოში მიმოსვლა დაწვრილებითაა აღწერილი ქართულ საისტორიო წყაროებში. ამ მხრივ, აღსანიშნავია "ქართლის ცხოვრებაში" დაცული XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის "ცხოვრება ქართველთა მეფეთას" ჩანართი. უკანასკნელ პერიოდში აღნიშნული ჩანართის ტექსტოლოგიური ანალიზით გაირკვა, რომ "ქართლის ცხოვრების" ძველ რედაქციებში მოციქულთა მოღვაწეობა არ შედიოდა. იგი მხოლოდ XVIII საკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-ის მიერ შექმნილ "მეცნიერ კაცთა კომისიას" უნდა ჩაერთო ლეონტი მროველის ნაწარმოებად მიჩნეულ "მეფეთა ცხოვრებაში" იმ ადგილას, სადაც აღწერილი იყო "მეფე ადერკის მეფობა", რომლის დროსაც, მათი აზრითა და ტრადიციის მიხედვით, მოვიდნენ მოციქულები საქართველოში".23 გამოთქმულია მოსაზრება, რომ "მეცნიერ კაცთა კომისიის" მიერ შეტანილი  აღნიშნული ჩანართი ეფუძნება ექვთიმე მთაწმინდისეულ წმ. ანდრიას "მიმოსვლის" თარგმანის ქართულ ვერსიას. მართალია, "ქართლის ცხოვრებაში" მოთავსებული ანდრიას "მიმოსვლის" ჩანართი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანთან, მაგრამ ეს ჩანართი მისგან მაინც საგრძნობლად განსხვავდება. "მეცნიერ კაცთა კომისიის" მიერ შედგენილი ჩანართი უფრო ვრცელი და დეტალურია.24 იგი უფრო დაწვრილებით გადმოგვცემს მოციქულთა მიმოსვლის გზებს და მარშრუტებს საქართველოში, მასში ისეთი ახალი გეოგრაფიული სახელები ჩნდება, რომელიც ექვთიმე მთაწმინდელის ვერსიაში საერთოდ არაა ნახსენები, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-ის ინიციატივით შექმნილ "მეცნიერ კაცთა კომისიას" ექვთიმე მთაწმინდელის აღნიშნული თარგმანის გარდა, ხელთ ჰქონდა დღემდე ჩვენთვის უცნობი სხვა წყარო, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობის ვრცელი ვერსია.

გვიანი ხანის ქართველი ისტორიკოსები, ვახუშტი ბატონიშვილი, თეიმურაზ ბაგრატიონი და სხვები სათანადო შეფასებას აძლევენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაში მოციქულთა ღვაწლს.
საინტერესოა ერთი ფაქტის აღნიშვნაც. გარდა ანდრია მოციქულისა, სიმონ კანანელისა და მატათა მოციქულისა, წერილობითი წყაროების ცნობით, საქარ-თველოში სხვა მოციქულებსაც უმოღვაწიათ. ამის შესახებ საინტერესო ცნობა მოიპოვება ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენებულ, შავ მთაზე მოღვაწე ეფრემ მცირეს ნაშრომში. V საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე წმინდა მამის, თეოდორიტე კვირელის (393 - 457) "საეკლესიო ისტორიაზე" დაყრდნობით ეფრემ მცირე აღნიშნავს, რომ ანდრია პირველწოდებულთან ერთად საქართველოში ქრისტიანობა უქადაგია მოციქულ ბართლომეს.25 ბართლომე მოციქულის საქართველოში მოღვაწეობას ადასტურებს გვიანი ხანის ლათინური წყაროებიც. ამ მხრივ აღსანიშნავია, XVII საუკუნის 30 - 40-იან წლებში საქართველოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ცნობა. მის მიერ შედგენილ, ფრანგულ ენაზე გამოქვენებულ წიგნში, "წმინდა კოლხეთი", ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ კოლხეთსა და იბერიაში ქრისტიანობა ანდრია და ბართლომე მოციქულებმა იქადაგეს. მკითხველის დარწმუნების მიზნით, არქანჯელო ლამბერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასახელებულმა მოციქულებმა სათანადო კვალი დატოვეს თავიანთ წილხვედრ ქვეყანაში. არქანჯელო ლამბერტის გადმოცემით, "ქართლში, სამცხის პროვინციაში არის ერთი ეკლესია, რომელიც მიძღვნილია წმინდა ბართლომესადმი. ამ უკანასკნელმა, ხალხური გადმოცემის თანახმად, თავისი ქადაგებით ამ მხარეში ქრისტიანობა გაავრცელა. ამ საეპისკოპოსო ეკლესიის ეპისკოპოსს იშხნელს უწოდებენ".26

საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობასთან დაკავშირებით მეტად საინტერესოა კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (1606 - 1648) მიერ ევროპაში გაგზავნილი ელჩის, ნიკიფორე ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილის ხელით იტალიაში (XVII ს. 20-იანი წლები), "პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციაში" გაკეთებული ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი. ამ ჩანაწერით ირკვევა, რომ "პირველი, ვინც იქადაგა მათთან (ქართველებში, ე. ბ.) ჩვენი უფალი ბატონის, იესო ქრისტეს წმინდა სარწმუნოება, დიდებული მოციქული ფილიპე იყო, ხოლო ამის შემდეგ მოციქული სიმონი, რომელიც კერპთაყვანისმცემლებმა წამებით მოკლეს და რომლის საფლავი და წმინდა ნაწილები დღემდე დიდი პატივისცემით სარგებლობს, ამ ქვეყნის ქრისტიანებს შორის".27 მართალია, "პროპაგანდა-ფიდეს" აღნიშნული ცნობა სხვა წყაროებით არ დასტურდება, მაგრამ მისი აღნიშვნა ფრიად საყურადღებოა. ამ ცნობებიდან ირკვევა, რომ ფილიპე მოციქულს სხვა მოციქულებზე ადრე უქადაგია ქრისტიანობა საქართველოში

XVI საუკუნის ერთ-ერთი სლავური წყაროს მიხედვით, საქარველოს ეკლესია თომა მოციქულის მიერ ყოფილა დაარსებული: "место святого апостола Фомы престолъ Иверский".28 მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) მოსაზრებით: "ეს არ უნდა მოგვეჩვენოს გასაკვირად, თუ გავიხსენებთ, რომ მოციქულმა თომამ იქადაგა სირიაში, სპარსეთსა და ინდოეთში. მოციქულთა ეპოქაში იბერია იყო სპარსეთის (პართიის) უშუალო მოსაზღვრე ქვეყანა, რომელიც ებრძოდა პართიას და ზოგჯერ ამარცხებდა კიდეც."29 გარდა ამისა, პირველი საუკუნის დასაწყისში იბერიის ქვეყანაზე გადიოდა დიდი სავაჭრო გზა, რომლითაც დასავლეთის ქვეყნები აღმოსავლეთის სახელმწიფოებს უკავშირდებოდნენ. უეჭველია, რომ პართიასა და ინდოეთში მიმავალი თომა მოციქული საქართველოს გვერდს ვერ აუვლიდა.

როგორც ვხედავთ, ჩვენ მიერ ზემოთ განხილული უძველესი უცხოური და ქართული წყაროები უტყუარად ადასტურებენ, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნის 30-იან წლებში გავრცელდა - ქრისტეს მოციქულების მეშვეობით. ამ შეხედულებას იზიარებდა XIX საუკუნის ქართული ისტორიოგრაფიაც. XIX საუკუნის 40-ან წლებში რუსულ ენაზე გამოცემულ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილი საკლესიო მკვლევარი პლატონ იოსელიანი ხაზგასმით აღნი-შნავდა მოციქულთა ღვაწლს - საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში. ამავე შეხედულებისა იყვნენ საქართველოს სიძველეთა ცნობილი მკვლევარები: დიმიტრი ბაქრაძე, მოსე ჯანაშვილი, მიხეილ საბინინი, სერგი გორგაძე და სხვები.

XIX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები თავიანთ პუბლიცისტურ წერილებში საგანგებოდ აღნიშნავდნენ მოციქულთა ღვაწლს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაში. ცნობილია, რომ აკაკი წერეთელმა 1884 წელს  ჟურნალ "მწყემსში" გამოაქვეყნა პოემა "ანდრია პირველწოდებული".

საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობამ თავისებური ასახვა ჰპოვა რუსულ საეკლესიო ისტორიოგრაფიაშიც. რევოლუციამდელი რუსული ისტოგრაფიის აზრით, საქართველოს ეკლესია სამოციქულო ეკლესიაა, სადაც ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა.

XIX საუკუნის ბოლოს მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული შეხედულების საწინააღმდეგო მოსაზრება გამოითქვა.  1898 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოქვეყნდა იმხანად იქ მოღვაწე ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის  ნაშრომი: "ანდრია მოციქულის და წმ. ნინოს მოღვაწეობა საქართველოში". აღნიშნული შრომა 1900 წელს ქართულ ენაზე დაიბეჭდა თბილისში გამომავალ ჟურნალ "მოამბეში". ივ. ჯავახიშვილი საქარ¬თველოში მოციქულთა მიმოსვლის შესახებ არსებულ უცხოურ და ქართულ წერილობით წყაროებს  ჰიპერკრიტიკული მეთოდით მიუდგა, რის გამოც, მან "უარყო ანდრია მოციქულის მოღვაწეობის სფეროსთან საქარ¬თველოს დაკავშირება."30 ივ. ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ საქართველოში ანდრია მოციქულის მოღვაწეობის შესახებ ცნობები  ჩნდება გვიან, X - XI საუკუნეებში, ათონის მთაზე მოღვაწე ქართველების ძალისხმევით. მისი აზრით, ქართველმა ბერებმა ანდრია პირველწოდებული შეგნებულად მიიჩნიეს ქრისტიანობის  პირველ მქადაგებლად საქართველოში, რომ ამით საფუძვლიანად გაემყარებინათ ქართული ეკლესიის თვითმმართველობის უფლება. ივ. ჯავახიშვილის აზრით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრის, ექვთიმე ათონელის მიერ ანდრია მოციქულის "მიმოსვლის" თარგმნა, ეფრემ მცირესაგან ბერძნულ წყაროებზე დაფუძნებული ნაშრომის შექმნა და სხვა. ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, VIII - IX საუკუნეებამდე მოციქულის მიმოსვლის შესახებ საქართველოში არაფერი სცოდნიათ, რის გამოც, "ანდრიას მიმოსვლა და ქადაგება ივერიაში მხოლოდ თქმულებაა, ისეთი თქმულება, რომელსაც ისტორიისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს".31 ასეთი დასკვნის მიუხედავად, ივ. ჯავახიშვილი არ უარყოფდა პირველ საუკუნეში ქრისტიანობის გავრცელების შესაძლებლობას საქართველოში, მაგრამ მის დასამტკიცებლად მას საჭიროდ მიაჩნდა უფრო სანდო საბუთების გამოყენება და არა ანდრია მოციქულის `მიმოსვლის~ მოტანა, რომელიც, მისი აზრით, თქმულებებზეა დაფუძნებული. აღნიშნული საკითხისადმი ივ. ჯავახიშვილის ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება აიხსნება არა ათეისტური მსოფლმხედველობით, არა¬მედ, როგორც  ზემოთ აღვნიშნეთ, წყაროებისადმი ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულებით.

ივ. ჯავახიშვილის ზემოთ აღნიშნული შრომის წინააღმდეგ 1901 წელს ჟურნალ "მოგზაურში" "ვინმე მესხის" ფსევდონიმით კრიტიკული რეცენზია გამოაქვეყნა ქალაქ ახალციხეში მოღვაწე ქართველმა კათოლიკე მღვდელმა ივანე გვარამაძემ. რამდენიმე უცხო ენის მცოდნე ივანე გვარამაძემ (იცოდა ძველი და ახალი სომხური, ბერძნული, რუსული, იტალიური, თურქული ენები), უცხოურ და ქართულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, უარყო ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებანი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად მოციქულებმა იქადაგესო. ამის დასტურად მას წერილობით წყაროებთან ერთად მოაქვს ანდრია მოციქულის სახელთან დაკავშირებული, სამხრეთ საქართველოში დარჩენილი საინტერესო ტოპონიმიკური მასალები. მისი აზრით, ამის დასტურია ახალციხის მახლობლად მდებარე სოფელი ანდრიაწმინდა, ახალციხეში - ანდრიას წვერი და სხვა.32 ჯავახიშვილის მოსაზრებები აგრეთვე არ გაიზიარა საქართველოს ეკლესიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა მოსე ჯანაშვილმა.33 ივ. ჯავახიშვილის შეხედულებები დეტალურად გააკრიტიკა იტალიაში მოღვაწე ქართველმა კათოლიკე მღვდელმა და ცნობილმა ისტორიკოსმა მიხეილ თამარაშვილმა, 1910 წელს რომში, ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებულ ნაშრომში, "ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე". მან, უცხოური და ქართული წერილობითი წყაროების ახლებური გააზრებით, უარყო ივ. ჯავახიშვილის თვალსაზრისი და მოციქულთა მოღვაწეობა საქართველოში რეალურ ფაქტად მიიჩნია.

კარგა ხნის მანძილზე აღნიშნული საკითხის კვლევა უყურადღებოდ იყო დატოვებული. ათეიზმის იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მკვლევარები თავს არიდებდნენ საკითხის გაშუქებას, ან კიდევ არარეალურად მიაჩნდათ მოციქულთა მოღვაწეობა. ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შემდეგ გამოქვეყნდა საინტერესო შრომები. თუმცა, საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობასთან მიმართებაში ბევრი საკითხი დაზუსტებას და დამატებით კვლევა-ძიებას მოითხოვს. დღემდე დაუდგენელია მოციქულთა საქართველოში მოგზაურობის ზუსტი მარშრუტი. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებია დაცული "ქართლის ცხოვრებაში", რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, XVIII საუკუნის დასაწყისში "მეცნიერ კაცთა კომისიას" ჩანართის სახით შეუტანია.

"ქართლის ცხოვრება" საქართველოში მოციქულთა "მიმოსვლის" თხრობას იწყებს იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ ქრისტეს ამაღლების შემდეგ, როდესაც მოციქულებმა წილი იყარეს (გადმოცემით, წილისყრაში თავისი სურვილით ღვთისმშობელიც მონაწილეობდა), თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა ახალი სარწმუნოება, ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველოს მოქცევა. "ქართლის ცხოვრების~ მიხდვით, ღვთის ნებით ღვთისმშობელი საქართველოში არ გამოემგზავრა. უფალი გამოეცხადა ღვთისმშობელს და განუცხადა: "დედაო ჩემო,  არა უგულვებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთВს". უფლის მითითებით, ღვთისმშობელს თავის წილხვდომილ ქვეყანაში - საქართველოში - ქრისტიანობის საქადაგებლად უნდა გაეგზავნა თავისი მოწაფე ანდრია პირველწოდებული, "და თანა-წარიტანე ხატი შენი ვითარცა პირსა შენისა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა". ღვთისმშობელმა უფლის ნება ამცნო ანდრია პირველწოდებულს, "რათა შენ წახვიდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწირო მათ, და არავინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ". ანდრია პირველწოდებული ღვთის ნებას დამორჩილდა, ხოლო "ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა და გამოისახა ხატი ესავითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განხორციელებელ ჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა აწყურისა ღვთისმშობლისა". ხელთუქმნელი ხატი ღვთისმშობელმა ანდრია მოციქულს გადასცა და თან უთხრა: "მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანაშემწე გეყავ შენ, სადაცა ხვიდოდე, და მეცა თანაშემწე ვარ ქადაგებისა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა". აღნიშნული სიტყვების შემდეგ ანდრია მოციქულს  ყოვლდწმიდისათვის მადლი ცრემლით შეუწირავს და სახარების საქადაგებლად გამგზავრებულა.34

ზოგიერთი ქართული წყაროს ცნობით, ანდრია მოციქულს საქართველოში ორჯერ, ზოგიერთის მიხედვით კი სამჯერ უმოგზაურია. პირველი მოგზაურობის დროს თანმხლებ პირებთან ერთად იგი მისულა ქალაქ ტრაპიზუნში, რომელიც "ქართლის ცხოვრების" ჩანართის მიხედვით, მეგრელთა ქვეყნად იწოდება,სადაც მას მცირე ხანი დაუყვია. აქედან იგი "შევიდა ქვეყანასა ქართლისასა", რომელიც დიდ-აჭარის სახელითაა ცნობილი. წყაროს მიხედვით, ანდრია მოციქულმა, თანმხლებ პირებთან ერთად, "მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან", რადგან დიდ-აჭარის მცხოვრებნი არ იცნობდნენ სამყაროს შემოქმედ ღმერთს და ურწმუნოების გამო ყოველსა საძაგელსა და არაწმინდასა წესსა აღასრულებდეს". ღვთის შეწევნით, ანდრიამ ადგილობრივი მოსახლეობა ქრისტეს რწმენაზე მოაქცია. ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატის დასვენების ადგილზე დიდი სასწაული მოხდა, "აღმოცენდა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი", რომელიც წყაროს ავტორის ცნობით, "დღესაცა დაუწყუედლად აღმოსდის". დიდ-აჭარის მოსახლეობამ სამების სახელით ნათელიღო, ხოლო ანდრია მოციქულმა მათ დაუდგინა "მღვდელნი და დიაკონნი", ყოვლაწმინდა ღვთსიმშობლის სახელზე აშენებულ იქნა ეკლესია. მოქცევის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მოციქულს სთხოვდა, თუკი თვითონ გაემგზავრებოდა, ხელთუქმნელი ხატი მაინც დაეტოებინა მათთვის "სასოდ და მცველად". ანდრიამ შეიწყნარა მათი თხოვნა. მან "შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა, მეყსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ". ე.ი. ანდრია მოციქულის ხელით შეიქმნა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი, რომელიც მან დიდ-აჭარის ეკლესიაში დაასვენა. ხელთუქმნელი ხატის დედანთან და თანმხლებ პირებთან ერთად მოციქული ქართლის შუაგულისაკენ წავიდა, გადავლო მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდა, რადგან, გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილზე ანდრია მოციქულს აღუმართავს რკინის ჯვარი. რკინის ჯვრის შემდეგ იგი გადასულა ოძრახისის ხევში და მისულა სამცხის საზღვარზე. აქ მას სოფელ ზადენ-გორასთან დაუვანებია, სადაც საკერპო ადგილები ყოფილა. მოციქულმა ილოცა ხატის მიმართ და კერპები დაემხნენ. შემდეგ წმ. ანდრია გაემართა აწყურისაკენ, რომელსაც "პირველად ეწოდებოდა სოსანეთი, და პირისპირ საქრისი". ანდრია მოციქული აწყურში შეჩერებულა საკერპო ტაძრის ახლოს, "რომელსაც აწ ძველ-ეკკლესია ეწოდების". წყაროს მიხედვით, ამ დროისათვის ქართლის ამ კუთხის გამგებელი ყოფილა ქვრივი დედაკაცი - სამძივარი, რომელსაც თურმე, აწყურში უცნობი პირების მისვლის დროს თავისი ერთადერთი ვაჟი გარდაცვლოდა და მთელი სამთავრო მას გლოვობდა. ღამით ადგილობრივ მკვიდრთ შეუმჩნევიათ დიდი ნათება, რომელსაც ციხეში დასვენებული ღვთისმშობლის ხატი აშუქებდა. მეორე დღეს მოსახლეობამ დაადგინა უცნობთა ვინაობა - ქვრივ-მთავარს მოახსენეს: "უცხონი ვინმე კაცნი არიან, და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებლად… და მკუდართა აღმადგინებლად, და ჰყავს მათ ხატი შუენიერი და მას პატივს სცემენ". ქვრივ, შვილმკვდარ დედაკაცთან საუბრისას წმ. ანდრიამ განაცხადა, რომ ისინი მოდიან წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან, სადაც რამდნიმე ხნის წინ ქრისტე ჯვარს აცვეს, რომელიც შემდეგ ზეცად ამაღლდა, თვითონ კი იყო "მონა და მოციქული ჩუენისა იესო ქრისტესი", რომ იგი ქადაგებს მის რწმენას ურწმუნოთა შორის, ხოლო ვინც მის რწმენას გულით აღიარებს და ნათელს იღებს "ყოველნი რაოდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემის, და ყოველთა სენისაგან განიკურნების". ქვრივი დედაკაცის თხოვნით ანდრია მოციქულმა, მას შემდეგ, როცა მან ახალი სარწმუნოება იწამა, მკვდრეთით აღადგინა მისი გარდაცვლილი ვაჟი. გახარებულმა დედაკაცმა სამცხის მთავრები იხმო და გაქრისტიანებისაკენ მოუწოდა. მომხდარი სასწაულების გამო ბევრი წარმართი ქრისტიანად მოექცა. ქალაქში არსებული საკერპო ბომონის არტემისა და აპოლონის ტაძრის მსახური ქურუმები შურით აღივსნენ მოციქულის მიმართ, მაგრამ ანდრია პირველწოდებულმა ხელთუქმნელი ხატის საშუალებით და გულმხურვალე ლოცვით შემუსრა კერპები, რის გამოც მორწმუნეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. მოსახლეობის მოქცევის შემდეგ ანდრია მოციქულმა მათ "დაუდგინა ეპისკოპოსი, მღვდელნი და დიაკონნი, და კუალად განემზადა ქადაგებად სახარებისა". წასვლისას მოციქულ ანდრიას ქვრივი დედაკაცი და მესხეთის მოსახლეობა შესთხოვდა: "უკეთუ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა აქა დაგВსვენე სასოდ და მცველად ჩუენად". მოციქულმა მათ მოახსენა, რომ ღვთისმშობლის ხატი უფლის ნებით უნდა დარჩეს მათთან, რადგან "ვითარ-იგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელსა წილხუდა ქუეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილ არს აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილხდომილთათВს და ჯერეთაც ეგრეთ არს, რათა დაესვენოს აქ მკВდრად უკუნისადმე ჟამთა". ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, ღვთისმშობლის წილხვდომილობის გამო, მესხეთის მოსახლეობამ მადლი შესწირა უფალს, ცრემლითა და სიხარულით ადიდებდნენ მას, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დაასვენეს "მცირესა მას ეკუდერსა", რომელსა აწ ძველ ეკლესიად სახელ-დებენ". ანდრია პირველწოდებული ქრისტესმიერი სიყვარულით გამოეთხოვა ახალ რწმენაზე მოქცეული მესხეთის მოსახლეობას და "წარემართა სხუთაცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა".35

წყაროს მიხედვით, იერუსალიმში დაბრუნებული ანდრია პირველწოდებული, როდესაც "აღესრულა დღესასწაული მარტვიილისა", მოციქულ სიმონ კანა¬ნელთან და მატათასთან ერთად ისევ შემოდის "ქუეყანასა ქართლისასა", მოიარა "ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხამდე". აქედან მოციქულები, შავი ზღვისპირეთის გავლით, სვანეთის ქვეყანაში მისულან, რომლის მთავარს - დედაკაცს და მის ქვეშევრდომთ ახალი სარწმუნოება მიუღიათ. მატათა მოციქული ახლადმოქცეულებთან დარჩენილა, ხოლო ანდრია და სიმონ კანანელი გადავიდნენ "ქუეყანასა ოვსეთისასა" და მივიდნენ ქალაქ ფოსტაფორში. შემდგომ მოციქულები შესულან "ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტეს ქალაქად მივიდეს, რომელსაც აწ ეწოდების ცხუმი". აქ ანდრიამ სიმონ კანანელი დატოვა, თვითონ კი საქადაგებლად ჯიქეთის ქვეყანაში გადავიდა, რომლებმაც არ შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა ანდრია მოციქულმა დატოვა ეს მხარე. დაბრუნდა უკან, "კუალად განამტკიცა წმინდამან ანდრიამ მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკვითედ", სიმონ კანანელი კი დარჩენილა, რომლის საფლავი "არს ნიკოფს ქალაქსა, შორისა აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმინდა სვიმონ კანანელი".36

ასეთია "ქართლის ცხოვრების" მოციქულთა  მიმოსვლის გზა, რომელიც საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. მოტანილი მასალა ნათელს ხდის, რომ ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობა იქადაგა არა მარტო დასავლეთ საქართველოში (როგორც დღემდე ზოგიერთ სამეცნიერო ნაშრომშია აღნიშნული), არამედ აღმოსავლეთ საქართველოშიც, კერძოდ კი იმდროინდელი იბერიის ანუ ქართლის სამეფოში, რაც იმითაც დასტურდება, რომ მოციქულთა მოღვაწეობის დროს, ქართლის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი თითქმის შავ ზღვაზე გადიოდა. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, IV საუკუნის დასარულსა და III საუკუნის დასაწყისში ფარნავაზ მეფის მიერ გატარებული რეფორმის საფუძველზე აჭარის ხეობა და მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ანდრიამ ქრისტიანობა იქადაგა, პოლიტიკური და ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ოძრახეს საერისთავოს სახით, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.37 თვით აწყურიც (წყაროებში იგი სოსანეთის სახელითაა მოხსენებული), სადაც ანდრიამ ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, იმ დროისათვის ქართლის სამეფოს მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, რასაც აგრეთვე ადასტურებს ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები.38

მოციქულთა საქართველოში მიმოსვლამ გარკვეული კვალი დატოვა, რაც აისახა ადგილობრივ ტოპონიმიკაში და სხვა გადმოცემებში. წყაროში აღნიშნული ცნობა, რომ ანდრია "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების", მკვლევარებისათვის მეტად საინტერესოა. ტოპონიმი "დიდაჭარა" ამჟამად შემონახულია სოფლის სახელწოდებაში, რომელიც ჭოროხის მარჯვენა შენაკადზე, აჭარის წყლის ზემო წელზე მდებარეობს. "მის სახელწოდებაში ასახულია მთელი კუთხის სახელი. საინტერესოა, რომ იქაურები ზოგჯერ ცდილობენ, სოფლის სახელწოდება "დედ(ა)აჭარა-დ გაიაზრონ".39 მიუხედავად თურქთა 300-წლიანი ბატონობისა და აქაური მოსახლეობის გამუსულმანებისა, დიდ¬აჭარის მკვიდრებმა დღემდე საინტერესო ქრისტიანული გადმოცემები შემოინახეს. ერთ-ერთი ამ გადმოცემის მიხედვით, XX საუკუნის 50-იან წლებამდე სოფელ დიდა¬ჭარაში მცხოვრები შავაძეთა გვარის ერთ-ერთ შტოში გათხოვილი მანდილოსნები წლის გარკვეულ მონაკვეთში ეწვეოდნენ ხოლმე სოფლის განაპირა მაღალ, "ნაკაფის სერად" წოდებულ ადგილს და დაბალ ხმაზე გალობდნენ. ადგილს, სადაც ისინი გალობდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა "თარანგელს" ეძახის.40 თარანგელი იგივე მთავარანგელოზია, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ამ ადგილზე ქრისტიანული ტაძარი უნდა არსებულიყო. ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობით, "თარანგელად" წოდებულ ადგილას ანდრია პირველწოდებულს პირველი ქრისტიანული ტაძარი აუგია და ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი დაუსვენებია. ამჟამად აღნიშნული ადგილი ნაყარი ქვითაა გარშემოვლებული, ხოლო იქ, სადაც ნაეკლესიარია, ამ რამდენიმე ხნის წინ ადგილობრივ მოსახლეობას პატარა ნიში გაუკეთებია წარწერით იმის ნიშნად, რომ აღნიშნულ ადგილას არსებობდა ანდრია პირველწოდებულის მიერ აშენებული ეკლესია. ნიშის მახლობელ ფერდობზე, გადმოცემით, წყარო ყოფილა, რომელიც ამჟამად დამშრალია. ადგილობრივი ქართველი მაჰმადიანი მოსახლეობა თარანგელის (მთავრანგელოზი) ადგილს დიდი პატივისცემით ეპყრობა. სოფ¬ელში არსებული სხვა მიკროტოპონიმებით დასტურდება, რომ "თარანგელის" გარდა სხვა ეკლესიებიც ყოფილა. ადგილ "ხუცურში" (ხუცების სამყოფელი), გზის პირას ახსოვთ ნაეკლესიარის ქვიტკირის ნაშთი. აქვე უნახავთ ქრისტიანული საფლავები. დიდაჭარის ქრისტიანული მიკროტოპონიმებიდან აღსანიშნავია "ეკლიყანა" ანუ "ეკლესიის ყანა", "ელიაწმინდა" და სხვ. ამჟამად სოფელ დიდაჭარიდან ჩანს გოდერძის უღელტეხილით სამცხისაკენ მიმავალი გზა. მაგრამ არის მეორე გზაც, რომელიც ზეკარის უღელტეხილისაკენ მიემართება. "ქართლის ცხოვრების" მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, დიდაჭარიდან ანდრია მოციქულს უნდა გაევლო სოფელი ირემაძეები, საციხური, აგარა, ღორჯომი, ცივწყაროს მთა, ქვაბის ჯვარი, მამლის მთა. ამ გზაზე ეკლესიათა ნანგრევებია ძველ რუკებზე აღნიშნული".41

სამცხისაკენ მიმავალ ანდრია მოციქულს რკინის ჯვარი აღუმართავს ერთ ადგილზე, რომელიც შემდგომ რკინის ჯვრის ტოპონიმის სახელითაა ცნობილი. "რკინის ჯვარი ზეკარის ხეობისა და უღელტეხილის ადრინდელი სახელწოდებაა".42 აღნიშნული სახელწოდება ანდრია მოციქულის სახელს უკავშირდება, რადგან სამცხეში იგი ზეკარის ხეობის გავლით ჩავიდა. რკინის ჯვრად იწოდება აგრეთვე იმერეთში, ხარაგაულის რაიონის ტერიტორიაზე, 2400 მეტრზე მდებარე მთა, სადაც, გადმოცემით, ანდრია პირველწოდებულს გაუვლია და რკინის ჯვარი აღუმართავს. თუკი ანდრიას "მიმოსვლის" შესახებ, "ქართლის ცხოვრების" მონაცემებს დავეყრდნობით მაშინ იმერეთის "რკინის ჯვრით" ანდრია სამ¬ცხ¬ეში ვერ გადავიდოდა, რადგან აჭარიდან ყველაზე უმოკლესი გზა ზეკარის უღელტეხილით გადადიოდა სამცხეში. ჩვენი აზრით, შესაძლებელია, ანდრია მოციქულმა სამცხიდან უკან დაბრუნების შემდეგ გაიარა იმერეთის "რკინის ჯვრის" ტერიტორია და იქ აღმართა ჯვარი.

საქართველოში მოციქულთა მოღვაწეობა აგრეთვე აისახა ზეპირ გადმოცემებში. ზოგჯერ ეს გადმოცემები საქართველოს ისეთ კუთხეებში ფიქსირდება, სადაც წყაროების მიხედვით მოციქულები არც მისულან. უკანასკნელ პერიოდში ეთნოგრაფთა მიერ შეკრებილი მასალებით საინტერესო ცნობები დასტურდება სამეგრელოში ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, სამეგრელოში ანდრიას გაუნადგურებია მუხასთან მდგომი კერპი კაპუნია და მის ნაცვლად ჯვარი აღუმართავს. მუხის ფიცრებისაგან კი ეკლესია აუშენებია.43 ზოგიერთი ზეპირი გადმოცემის მიხედვით, თითქოს ანდრია მოციქულს აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთისა და ყაზბეგის მიდამოებში უმოგზაურია და უქადაგია, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნული ეთნოგრაფიული მასალები წერილობით წყაროებში გარკვეულ დადასტურებას ვერ პოულობს. მომავალში ამ მხრივ, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს კვლევა-ძიება.

ანდრია მოციქულის შესახებ დასავლეთ საქართველოში არსებობდა საინტერესო გადმოცემა. ეს გადმოცემა აფხაზეთში ყოფნის დროს, XVII საუკუნის 70-იან წლებში ჩაუწერია ფრანგ მოგზაურს ჟან შარდენს. მისი გადმოცემით, ბიჭვინთაში არსებული დიდებული ტაძარი ანდრია პირველწოდებულის სახელობისა ყოფილა, რადგან მან ამ კუთხის მოსახლეობა მოაქციაო. იმავე ჟან შარდენის მიხედვით, სოფელ ბიჭვინთაში ანდრია მოციქულის სახელზე აგებულ სამნავიან ეკლესიაში "სიცოცხლეში ერთხელ ჩამოდის თითოეული კათოლიკოსი ან პატრიარქი ყველა ეპისკოპოსის თანხლებით - წმინდა ზეთის დასამზადებლად, რომელსაც ისინი მირონს უწოდებენ".44 ჟან შარდენის აღნიშნული გადმოცემა ფრიად ყურადსაღებია. შესაძლებელია, სასულიერო იერარქია იმიტომ თვლიდა თავს ვალდებულად, სიცოცხლეში ერთხელ მაინც წასულიყო აღნიშნულ ტაძარში მოსალოცად, რომ იგი საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებლის, ანდრია მოციქულის სახელთან იყო დაკავშირებული. ჟან შარდენი ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ბიჭვინთის აღნიშნული ეკლესია, თურმე, ანდრია მოციქულს აუშენებია. ჟან შარდენი გადმოგვცემს ერთ საინტერესო ფაქტს. მისი აღწერით, ბიჭვინთაში არსებული ანდრია პირველწოდებულის "ეკლესიის წინ დგას მარმარილოს სვეტი, საიდანაც ღვთის განგებით ამ წმინდა მოციქულის სიკვდილით დასჯის დროს მდუღარე წყლის ნაკადი გადმოღვრილა. ამ ნაკადის დინება შეუჩერებია რამდენიმე კაცს ამ წმინდანისადმი ვედრების ძალით. ასეთი სასწაულის შემდეგ ხალხი ამ წმინდანისადმი განსაკუთრებულ მოკრძალებას იჩენს. სვეტის წინ გავლის დროს მუხლს იდრეკენ და ემთხვევიან მას".45

ბიჭვინთის ანდრია მოციქულის ეკლესიის შესახებ აგრეთვე საინტერესო ცნობებს გვაწვდის XVII საუკუნის შუა ხანებში საქართველოში მყოფი კათოლიკე მისიონერი დონ ქრისტოფორო დე კასტელი. ისიც, ჟან შარდენის მსგავსად, როგორც ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ ტაძარი აგებულია ანდრია მოციქულის მიერ. მისივე ცნობით, ამ ტაძარში ამზადებენ მირონს, რომელსაც შემდეგ იბერიის პატრიარქი "ავრცელებს თავის სამეფოში". კასტელი საგანგებოდ ჩერდება ტაძრის წინ აღმართული ანდრიას სვეტის აღწერაზე. ბოლოს კი დასძენს, რომ "დროის ამაოებამ გასაოცარი სვეტის თაყვანისცემა ვერ შეანელა".46

ჟან შარდენის და კასტელის ცნობები რეალობასთან ახლოს დგას. XV საუკუნიდან, დასავლეთ საქართველოს ანუ აფხაზთა საკათალიკოსოს გამოყოფის შემდეგ, მისი მწყემსმთავარი ბიჭვინთაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის საყდარში იჯდა. ალბათ, იმის გამო, რომ საქართველოში ქრისტიანობა ამ მოციქულის მეშვეობით გავრცელდა.

ანდრია მოციქულთან დაკავშირებით 1913 წელს ექვთიმე თაყაიშვილს სამე-გრელოში საინტერესო გადმოცემა ჩაუწერია. ამ გადმოცემის მიხედვით, "...ტრაპეზი მარტვილის ეკლესიისა დადგმულია იმ მუხის ძირზე, რომელიც მოჰკვეთა ანდრია მოციქულმა ოდეს მეგ¬რელნი მოაქცია".47

ჩვენამდე მოაღწია საქართველოში წმინდა მოციქულების მოღვაწეობის ამსახველმა არა მარტო ზეპირმა თუ წერილობითმა ცნობებმა, არამედ, ქართული ეკლესია ფლობს მათ სახელთან დაკავშირებულ წმინდა რელიქვიებსაც.

უძველესი უცხოური და ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, საქართველოში ორი მოციქულია დაკრძალული - სიმონ კანანელი და მატათა. VIII საკუნეში მოღვაწე ეპიფანე კონსტანტინოპოლელის მიხედვით, მოციქული სიმონ კანანელი დაკრძალულია ნიკოფსიაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეპიფანე კონსტანტინოპოლელმა თვითონ ფეხით მოიარა ის ადგილები, სადაც გადმოცემით ანდრია მოციქულს უმოგზაურია და ჩვენს საკვლევ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მასალები შეუგროვებია. იგი აღნიშნავს, რომ "ქალაქ ბოსფორში გვიჩვენეს წმინდა მოციქულთა ტაძრის საძირკველზე დამარხული ლუსკუმა წარწერით: "სიმონ კანანელი". მასში წმინდა სხეულის დიდი ნაწილებია დაცული, რომელთაგან ზოგი რამ ჩვენც მოგვცეს, ხოლო მეორე საფლავი არის ჯიქეთის ქალაქ ნიკოფსში. მასზე წერია: "სიმონ კანანელი" და ისიც შეიცავს წმინდა ნაწილებს".48 აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობები XI საუკუნეში ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ანდრიას "მიმოსვლის" ბერძნულიდან ქართულად შესრულებულ თარგმანშია დაცული, სადაც აღნიშნულია, რომ "სიმონ კანანელის საფლავი არს ნიკოფს, ქალაქი აფხაზეთისა და ჯიქეთისა".49 იმავეს იმეორებს XI საუკუნეში მოღვაწე გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების ავტორი, გიორგი მცირე. გიორგი მთაწმინდელმა ანტიოქიის პატრიარქს პაექრობის დროს განუცხადა, რომ `ანდრია მოციქულმა მოვლო ქვეყანა ჩვენი, ხოლო სიმონ კანანელი სრულიად დაემკვიდრა, რამეთუ ნიკოფსს არიან ნაწილნი მისნი წმინდანი".50 მოტანილი დოკუმენტური მასალით ირკვევა, რომ სიმონ კანანელის საფლავი ყოფილა ნიკოფს. ნიკოფსი ანუ ნიკოფსია შავი ზღვის პირას მდებარეობდა, ამავე სახელწოდების მდინარის ნაპირზე. "საუკუნეების გამნავლობაში მდ. ნიკოფსზე გადიოდა საზღვარი ჯერ ეგრის-აფხაზეთის, იმავე აფხაზთა სამეფოსა და ჯიქეთს შორის, ხოლო საქართველოს გაერთიანების შემდეგ ერთიან ქართულ მონარქიასა და ჯიქეთს შორის".51 მდინარე ნიკოფსიას დღეს ნეგეფსუხო ჰქვია, ხოლო ნიკოფსიას - ნოვაია მიხაილოვკა, რომელიც ტუაფსედან ჩრდილო-დასავლეთით, 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც ვხედავთ, უძველესი უცხოური და ქართული წყაროების მიხედვით სიმონ კანანელი დასაფლავებულია ნიკოფსს. გვიანი ხანის წერილობითი წყაროები კი მის განსასვენებელ ადგილად მიიჩნევს ანაკოფიას (დღევანდელი ახალი ათონი). დღეს სწორედ ახალ ათონში აჩვენებენ სიმონ კანანელის საფლავს. იქ არსებული ძველი ტაძრის საფუძველზე 1876 წელს რუსეთის უწმინდესი სინოდის განკარგულებით დაფუძნდა სიმონ კანანელის მონასტერი. თუკი ძველ წყაროებში აღნიშნულია, რომ სიმონ კანანელი ნიკოფსს განისვენებდა, საიდან მოხვდა მისი საფლავი ანაკოფიაში (ახალ ათონში)? ეს შეუსაბამობა, როგორც ჩანს, XIX საუკუნეში შეამჩნია სამეგრელოს სამთავროს წარმომადგენელმა ნიკო დადიანმა, რომელმაც თავის შრომაში ადრე წყაროებში ნახსენები ნიკოფსი გააიგივა ანაკოფიასთან, რითაც უხეში შეცდომა დაუშვა.52 უკანასკნელ პერიოდში ამ შეუსაბამობის შესახებ გამოითქვა საინტერესო მოსაზრება, რაც რეალობასთან ახლოს დგას. ამ მოსაზრების მიხედვით, XIV - XV საუკუნეებში საქართველოს გავლენა თანდათან შესუსტდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. სამაგიეროდ, მომთაბარე ჯიქებმა გააძლიერეს თავდასხმები საქართველოს სანაპირო ზოლზე. როგორც ჩანს, ჯიქებისაგან თავდაცვის მიზნით, ქართველებმა ნიკოფსიიდან სხვა სიწმინდეებთან ერთად წამოასვენეს სიმონ კანანელის წმინდა ნაწილები და ანაკოფიაში დაასვენეს, სადაც შემდგომ მისი სახელობის ტაძარი აშენდა.53 თუ რომელ საუკუნეში მოხდა სიმონ კანანელის წმინდა ნაწილების გადმოსვენება ნიკოფსიიდან ანაკოფიაში, დღემდე დაუდგენელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ XVII საუკუნეში ანაკოფიაში უკვე არსებობს მისი საფლავი. ამის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის XVII საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში მყოფი ანტიოქიის პატრიარქის, მაკარიოსის ვაჟი, პავლე ალეპოელი.54

IV საუკუნის წმინდა მამის,  ეპიფანე კვიპრელის თანახმად, საქართველოში დასაფლავებულია მეორე მოციქული, მატათა. მისი ცნობით: "მატათამ იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხე-სიმაგრე და ჰჳსის  ნავსადგური... იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე".55 ეპიფანე კვიპრელის ამ ცნობაზე დაყრდნობით ქართველი მკვლევარების მიერ მიჩნეულია, რომ მატათა მოციქული დაკრძალულია ბათუმის მახლობლად მდებარე გონიოს ციხის ტერიტორიაზე, რომელიც უცხოურ წყაროებში აფსარის სახელწოდებითაა ცნობილი.56 მატათა მოციქულის ბერძნული ცხოვრება კი მის განსასვენებელ ადგილად საქართველოს არ მიიჩნევს. ამ ცხოვრების მიხედვით, იგი იერუსალიმის მახლობლად, "ვეფლასკალად" წოდებულ ადგილას წამებით მოკლეს და იქვე დაკრძალეს. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, IV საუკუნეში მატათას ნეშტი წმინდა ელენე დედოფალმა, ჯერ რომში წაასვენა, შემდეგ კი აღნიშნული სიწმინდე უბოძა ტრირის ეპისკოპოს აგრიციუსს. ამ გადმოცემის საფუძველზე, გერმანელ მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მატათა ერთადერთი მოციქულია, რომელიც გერმანიის ქალაქ ტრირში განისვენებს. ამიტომაც, მას გერმანიაში დიდ პატივს მიაგებენ. მკვლევართა მოსაზრებით, ამის დასტურია ხშირ შემთხვევაში ბავშვებისათვის მათიასის (მატათეს სახეცვლილი ფორმა) სახელის დარქმევა. მოციქული მატათა მიჩნეულია ტრირის საეპისკოპოსოს პატრონად, ხოლო გერმანული ქალაქები: გოსლარი, ჰანოვერი და ჰოლდსჰაიმი, გადმოცემების მიხედვით, მატათას  თავიანთ მფარველად მიიჩნევენ. მათი აზრით, მატათა მოციქული არის აგრეთვე კალატოზების, მჭედლების, ყასბების, კონდიტერების მფარველი წმინდანი. გადმოცემით, იგი კურნავს უშვილობას, ყივანახველას, წითელას. ტრირში მისი ხსენების დღედ დადგენილია 24 თებერვალი. ამბობენ, რომ მატათას ხსენების ღამეს 11-12 საათებს შორის აღებული წყალი ღვინოდ გადაიქცევა.57

რუსული წყაროების მიხედვით, საქართველოში ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილებიც ყოფილა დაცული. რუს ელჩებს, ალექსი იევლევს და ნიკიფორე ტოლოჩანოვს 1651 წლის 10 ივნისს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი რაჭაში ყოფნისას, ადგილობრივი მთავარეპისკოპოსის, სიმონის მეგზურობით დაუთვალიერებიათ მდინარე რიონის სანაპიროზე მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია. მათი ყურადღება მიიპყრო ვერცხლის მოოქროვილმა კიდობანმა, რომელშიც სხვა სიწმინდეებთან ერთად ინახებოდა ანდრია მოციქულის ხელის ნაწილი.58 ანდრია მოციქულის სხვა წმინდა ნაწილი XX საუკუნის დასაწყისში დაცული ყოფილა მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში დასვენებულია მოოქრო-ვილ ჯვარში ჩასვენებული წმ. ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები.

საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა თომა მოციქულის თავის ქალა, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის სოფელ ჭალატყის ეკლესიაში იყო დასვენებული, ამჟამად კი თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის კუთვნილებაა. XVII საუკუნის 50-იან წლებში ეს სიწმინდე რუს ელჩებს უნახავთ ქუთაისის საკათედრო ტაძარში.59 მოციქულის მცირე ნაწილი ჩასვენებული იყო აგრეთვე სვეტიცხოვლის ერთ-ერთი ხატის სანაწილეში. თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ჩვენში თომა მოციქულის წმინდა ნაწილები, უცნობია.

XIX საუკუნის დასასრულისათვის მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის ერთ-ერთი ხატის სანაწილეში ინახებოდა ქრისტეს 70 მოციქულთაგანის: ლუკა მახარებლის, მათეს, ტიმოთეს და არქიფო მოციქულების წმინდა ნაწილები. XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს დადიანის სამთავროში მყოფ რუს ელჩებს მღვდელ პავლე ზახარევსა და დიაკონ ფედოტი ელჩინს ერთ-ერთ მონასტერში უნახავთ ხატი, რომლის სანაწილეში დაცული ყოფილა მატათა მოციქულისა და ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილები.60

პეტრე და პავლე მოციქულების წმინდა სისხლი ჩასვენებული ყოფილა XVIII საუკუნეში თბილისის ანჩისხატის ტაძარში დაცულ ერთ-ერთ ხელთუქმნელ ხატში. აღნიშნული ხატი კათოლიკოს დომენტი IV-ს (1705 - 1742) რუსეთში ყოფნისას საჩუქრად მიუღია მეფე არჩილის ქალიშვილის დარეჯანისაგან. დომენტი კათალიკოსის შემდეგ აღნიშნული ხატი პატრიარქ ანტონ I-ის (1744 - 1788) კუთვნილება გამხდარა. საქართველოს ეკლესიის მომდევნო მწყემსმთავარს, მეფე ერეკლე II-ის ვაჟს ანტონ II-ს (1788 - 1810) აღნიშნული სიწმინდე თან წაუღია რუსეთში.61 ამჟამად მისი ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია.

საქართველოში ანდრია მოციქულის მოღვაწეობასთან მჭ¬დროდაა დაკავშირებული მის მიერ შემოსვენებული ხელთუქმნელი ხატის ისტორია, რომელიც აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახელითაა ცნობილი. ამჟამად აღნიშნული ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. ხელოვნებათმცოდნეები აწყურის ღვთისმშობლის კარედი ხატის მოჭედილობას XVI საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებენ. "ქართლის ცხოვრების" ანდრიას "მიმოსვლის" მიხედვით, ეს ის ხატია, რომელიც ღვთისმშობელმა მოციქულს გადასცა.62 აღნიშნული ხატი არავის დაუწერია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანდრია მოციქულის წამოსვლის წინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი, მიიდო ფიცარი სახეზე და მასზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმით. ღვთისმშობლის განცხადებით, სწორედ ამ ხატის შემწეობით უნდა ჰქონოდა ანდრია მოციქულს "მადლი და შეწევნა".63 საქართველოში ყოფნის დროს ანდრია მოციქული სწორედ აღნიშნული ხატით ახდენდა სასწაულებს. პირველი სასწაულებრივი ძალა მან დიდაჭარაში გამოავლინა, როდესაც ხატის დასვენების ადგილზე "აღმოცენდა წყარო ფრიად მშვენიერი და დიდი". ხატის ძალით ანდრიამ ადგილობრივი წარმართნი "მოაქცევინა და მოიყვანა სარწმუნოებად".64 ახლადმოქცეულმა დიდა¬ჭარელმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ აღნიშნული ხატი ახლადაგებულ ეკლესიაში დაესვენებინათ. მათი მოთხოვნის პასუხად წმ. ანდრიამ შექმნა პირი ხელთუქმნელი ხატისა, რომელიც იმავე ზომის იყო "და დასდვა ხატი მასზედა. და მეყსეულად გამოისახა სახე უცვლელი ხატისა და მისცა იგი მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაასვენეს ეკლესიასა შინა თჳსისა პატივითა". თუ რა ბედი ეწია ანდრია მოციქულის ხელით შექმნილ ხელთუქმნელი ხატის პირს, ჩვენთვის უცნობია, მხოლოდ ის ვიცით, რომ ქართლის მეფე ადერკმა, როცა შეიტყო თავისი ქვეშევრდომების ახალ სარწმუნოებაზე მოქცევა, "განუწყრა და წარავლინა ერის-თავნი მისნი და იძულებით კუალადვე მოაქცევინა ისინი". ანდრია მოციქული ღვთისმშობლის ბოძებული ხატით გადავიდა სამცხეში, სადაც მან აწყურში დაივანა. ხელთუქმნელმა ხატმა სწორედ აწყურში მოახდინა ახალი სასწაული, როდესაც ხატის ძალით დამხობილ იქნა არტემისა და აპოლონის საკერპო ადგილი, რამაც საბოლოოდ განაპირობა მესხეთის მოსახლეობის ახალ სარწმუნოებაზე მოქცევა. წერილობითი წყარო ხატის სასწაულებრივ ძალას მიაწერს, აგრეთვე, ქვრივი დედაკაცის ახალგაზრდა ვაჟიშვილის გაცოცხლებას.65

ღვთის ნებითა და ანდრია მოციქულის სურვილით აღნიშნული ხატი დააბრძანეს აწყურში, ახლადაგებულ საყდარში. იგი ცნობილი იყო თავისი სასწაულმოქმედებით. VII საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოში ლაშქრობის დროს ბიზანტიის იმპერატორს ჰერაკლე კეისარს (610 - 641) თაყვანი უცია აწყურის ღვთისმშობლის ხატისთვის. როგორც ჩანს, იმ დროისათვის, აწყურის ეკლესია საკმაოდ დაძველებული და დაზიანებული ყოფილა. ჰერაკლე კეისარს აწყურის ღვთისმშობლის ხატის სათაყვანოდ საფუძველი ჩაუყრია ახალი საყდრის მშენებლობისთვის.66 როგორც წყაროებით ირკვევა, აწყურის ღვთისმშობლის ხატისათვის აგებული ტაძარი საეპისკოპოსო ტაძრად უქცევიათ.67 აწყურში არქეოლოგიური გათხრებით გამოვლინდა ჰერაკლე კეისრის მიერ აგებული მცირე სამლოცველოს ნაშთები, რომელიც ამჟამინდელი, X - XI საუკუნით დათარიღებული აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევების ჩრდილოეთ ნაწილში, მიწის ქვეშაა მოქცეული.

აწყურის ღვთისმშობლის ხატმა შემდგომშიც გამოავლინა თავისი სასწაულთმოქმედება. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, საქართველოში დიდი მიწისძვრა მომხდარა. მიწისძვრის შედეგად ბევრი ეკლესია-მონასტერი დაქცეულა. მათ შორის აწყურის ღვთისმშობლის ტაძარიც, მაგრამ ტაძრის შუა ნაწილში დასვენებულ აწყურის ღვთისმშობლის ხატს მიწისძვრის შედეგად ჩამოქცეული გუმბათი  ქუდივით დაეხურა "და დარჩა უვნებლად". მომხდარი ფაქტი აწყურის ღვთისმშობლის ხატის სასწაულებრივ გამოვლინებად მიუჩნევიათ.68

XV საუკუნის 70 - 80-იან წლებში აწყურის ღვთისმშობლის ხატი ორგზის უკან დაბრუნებულა. პირველად ხატი 1477 წელს ირანის მბრძანებელმა უზუნ-ჰასანმა აწყურის ციხის აღების დროს გაიტაცა, რის გამოც "იქნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა".69

ქართული წყაროების გადმოცემით, აწყურის ხატის გატაცების გამო უზუნ-ჰასანის ქვეყანაში უნაყოფობას დაუსადგურებია: "არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა". აღნიშნული უბედურების მიზეზად მაჰმადიანი მოსახლეობა ღვთისმშობლის ხატს მიიჩნევდა. მათი მოთხოვნით იგი ისევ მესხეთის ქვეყანაში დააბრუნეს. 1486 წელს უზუნ-ჰასანის შვილმა, იაყუბ ყაენმა ხატი მეორედ გაიტაცა. ურიცხვი ლაშქრით იაყუბ ყაენი სამცხეს მისდგომია. აწყურის ტაძრის სიწმინდეები ციხე-სიმაგრეში საგულდაგულოდ გადამალეს. მაწყვერელი ეპისკოპოსის ინიციატივით მტერს ციხიონი უბრძოლველად დანებდებოდა, თუკი ისინი აწყურის ტაძარს არ დაანგრევდნენ, მაგრამ იაყუბ ყაენმა პირობა დაარღვია. მან გაძარცვა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, შემდეგ კი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ მომხდარი სასწაულით თვით ურჯულონიც გაკვირვებული დარჩენილან, ხატის ჩაგდების შემდეგ "ცეცხლი იგი დაშრტა და ხატს ყოვლადვე არ შეეხო". ამის შემდეგ იაყუბ ყაენმა ხატი თავის ქვეყანაში წაასვენა, მაგრამ მას გამოეცხადა კაცი, რომელმაც ურჯულოთ გამოუცხადა: "უკეთუ არა წამიყვანო ქვეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი მოვაწიო შენ ზედა". ხატი ისევ აწყურში დააბრუნეს და "დაასვენეს საყდარსა თვისსა". წყაროს მიხედვით, უკან დაბრუნების შემდეგ ხატმა იაყუბ ყაენს საშინელი რისხვა დაატეხა თავს, წამებით გარდაიცვალნენ მისი ახლობლები.70

1546 წელს, თურქთა აგრესიის გამო, აწყურის ღვთისმშობლის ხატი იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ციხისჯვრის ციხეში გადაასვენა, საიდანაც მან ეს სიწმინდე 1553 წელს იმერეთში წაიღო. ბაგრატ III-ის ძემ, გიორგი II-მ 1578-1583 წლებში მრავალგზის გაძარცული აწყურის ღვთისმშობლის ხატი ოქროთი მოაჭედინა და შეამკო ძვირფასი თვლებით. ბოლო ხანს იგი გელათის მონასტერში იყო დასვენებული, ხოლო საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, XX საუკუნის 20-იან წლებში, საეკლესიო ქონების სეკულარიზაციის დროს იგი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილება გახდა.

XII საუკუნის ჰიმნოგრაფის, იოანე ანჩელის ცნობით ანდრია მოციქულს საქართველოში ანჩის ხატი მოუსვენებია.71 აღნიშნული ცნობა სხვა წერილობითი წყაროებით არ დასტურდება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებდა და აფასებს ჩვენში ქრისტიანობის გავრცელებაში მოციქულთა ღვაწლს. ალბათ ამითაა განპირობებული, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ თავისი მწყემსმთავრის - კათოლიკოს-პატრიარქის საყდრის – მცხეთის სვეტიცხოვლის ტრაპეზი თორმეტი მოციქულის სახელზე აკურთხა.

------------------------------------------------------------------------------------
ლიტერატურა

1 - მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. I., თბ., 1996, გვ. 48; შდრ. მ. ფირჩხაძე, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოღვაწეობის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 328, 1999, გვ. 236-237.

2 - ივ. ჯავახიშვილი, ანდრია  მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, ჟურნალი "მოამბე", 1899, №5-6, გვ. 45.

3 - გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, ალ. გამყრელიძისა და ს. ყაუხჩიშვილის რედ., თბ., 1941, გვ. 30.

4 - პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954, გვ. 82.

5 - ციტირებულია პ. ინგოროყვას დასახ. ნაშრომიდან, გვ. 323.

6 - კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, AA-95, ფურც. 161-162.

7 - მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995, გვ. 167.

8 - პ. ინგოროყვა, დასახ. ნაშრომი, გვ. 224.

9 - გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქა¬რთველოს შესახებ, ტ, IV, ნაკვეთი I, 1940, გვ. 57-58; შდრ. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1967, ტ. VII, გვ. 115.

10 - გეორგიკა, ტ. VII, გვ. 116.

11 - იქვე.

12 - გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლები საქართველოს შესახებ, ტ. I, 1940, გვ. 115.

13 - В. Василовский, Хождение Апостола Андрея; Труды: I, 1909: стр. 227; შდრ. ს. გოგიტიძე, ანდრია  მოციქულის მოღვაწეობა აჭარაში, ჟურნალი "ჭოროხი", 1990, №4, გვ. 72.

14 - ტ. რუხაძე, ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVIII სს), თბ., 1960, გვ. 112.

15 - იქვე, გვ. 12-13.

16 - მ. კობიაშვილი, ანდრია პირველწოდებულის "მიმოსვლათა" გამოძახილი ქართულ მწერლობაში, ლიტერატურა და ხელოვნება, 1998, №4, გვ. 47-48.

17 - პ. ინგოროყვა, დასახ. ნაშრომი გვ. 212.

18 - გიორგი მცირე, გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, ქართული პროზა, წიგნი I, თბ., 1982, გვ. 414.

19 - ვ. ბააკაშვილი, "ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლის" ექვთიმესეული თარგმანი, ძველი ქართული მწერლობის სტილის საკითხები (V-XIII სს.), თბ., 1965, გვ. 65; შდრ. მ. კობიაშვილი, ანდრია პირველწოდებულის "მიმოსვლათა" ჟანრული თავისებურებისათვის, ლიტერატურა და ხელოვნება, 1998, №2, გვ. 47.

20 - მ. კობიაშვილი, ანდრია პირველწოდებულის "მიმოსვლათა" გამოძახილი ქართულ მწერლობაში, ლიტერატურა და ხელოვნება, 1998, #4, გვ. 52.

21 - ეფრემ მცირე, უწყებაБ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების, ტექსტი გამოსცა, შესავალი და ლექსიკონ-საძიებელი დაურთო  თ. ბრეგაძემ, თბ., 1959, გვ. 013.

22 - დაწვრილებით იხ. მ. კობიაშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 56-57.

23 - მ. ფირჩხაძე, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოღვაწეობის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 328, 1999, გვ. 226.

24 - დ. ბერძენიშვილი, წმინდა ანდრია მოციქულის ნაკვალევი საქართველოში, კრებული ქრისტიანობის 20 საუკუნე საქართველოში, თბ., 2004, გვ. 77.

25 - ეფრემ მცირე, დასახ. ნაშრომი, გვ. 4.

26 - ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, I, თბ., 1984, გვ. 56.

27 - ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და  წიგნსაცავებში, ტ. II, თბ., 1986, გვ. 172.

28 - ციტირებული კ. კეკელიძის ნაშრომიდან "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია," ტ. I, თბ., 1980, გვ. 40.

29 - მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ.I, თბ., 1996, გვ. 41.

30 - მ. ფირჩხაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 232.

31 - ივ. ჯავახიშვილი, ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, "მოამბე", 1900, №5-6, გვ.47.

32 - ვინმე მესხი (ივანე გვარამაძე), ბიბლიოგრაფია წმ. ანდრია მოციქულზედა, ჟურნალი "მოგზაური", 1901, №12, გვ. 1189.

33 - მ. ჯანაშვილი, ქართული მწერლობა, II, ტფილისი, 1909, გვ. 109-108.

34 - ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 38.

35 - იქვე, გვ. 41-42.

36 - იქვე, გვ. 42-43.

37 - ი. ბიბილეიშვილი, ნ. მგელაძე, პირველად დიდაჭარაში, გაზეთი "აჭარა", 2000, №104-105.

38 - ვ. ლიჩელი, ანდრია მოციქული სამცხეში - არქეოლოგიური რეალობა, მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა, ახალციხე, 2000, გვ. 108-109.

39 - თ. ბიბილეიშვილი, ნ. მგელაძე, დასახ. ნაშრომი.

40 - იქვე.

41 - დ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 80.

42 - ზ. თოლორდავა, ზეკარის ხეობის ტოპონიმიკა, ქუთაისი, 2002, გვ. 26. ზეკარისა და ხარაგაულის რკინის ჯვრის ფოტომასალები მოგვაწოდა საქართველოში ანდრია მოციქულის მიმოსვლის გზის დამდგენი მუდმივმოქმედი ექსპედიციის კოორდინატორმა მიხეილ ფხაჭიაშვილმა, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებთ.

43 - ნ. ღამბაშიძე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის "ეთნოგრაფიული გზების " კვალდაკვალ, "საქართველოს საპატრიარქო", სამეცნიერო ჟურნალი, №4, 2001, გვ. 93.

44 - ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1975, გვ. 132.

45 - იქვე, გვ. 133.

46 - დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ, ტექსტი გაშიფრა, თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბ. გიორგაძემ, თბ., 1876, გ. 175.

47 - ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, ძველი საქართველო, III, თბ., 1913 - 1914, გვ. 39.

48 - გეორგიკა,  ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, ნაკვეთი I, თბ., 1941, გვ. 58-59.

49 - ციტირებულია ვ. ბააკაშვილის დასახ. ნაშრომიდან, გვ. 62.

50 - ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, I, თბ., 1979, გვ. 325.

51 - თ. ბერაძე, ვახუშტი ბაგრატიონი აფხაზეთისა და ჯიქეთის შესახებ, კრებული აფხაზეთის ისტორიის პრობლემები, თბ., 1998, გვ. 108.

52 - იქვე, გვ. 110.

53 - იქვე, გვ. 108.

54 - ნ. ასათიანი, მასალები XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის (საქართველოს აღწერილობა შედგენილი პავლე ალეპოელის მიერ), თბ., 1973, გვ. 72.

55 - ციტირებულია პ. ინგოროყვას დასახელებული ნაშრომიდან, გვ. 225.

56 - მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. I, თბ., 1996, გვ. 39; შდრ. ი. ბექირიშვილი, ქრისტიანობა აჭარაში, თბილისი, 1991, გვ. 25; ს. გოგიტიძე, ანდრია მოციქულის მოღვაწეობა აჭარაში, ჟურნალი "ჭოროხი", 1990, №4, გვ. 74.

57 - Angelika Feilhauer, Feste feiern in Deutschland, zurich, 2000, s.36. აღნიშნული მასალა მოგვაწოდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა თამარ შაკიაშვილმა.

58 - ალექსი იევლევის 1650 - 1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩების საანგარიშო აღწერილობა, რუსული ტექსტი თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ი. ცინცაძემ, თბ., 1969, გვ. 107.

59 - იქვე, გვ. 112. წმ. თომა მოციქულის თავის ქალის ფოტომასალის მოპოვებაში დახმარება გაგვიწია პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებთ.

60 - Посольство дьяка Федота Елчина и священника Павла Захарьева в Дадианскую землю (1639 _ 16400), с. 321.

61 - მღვდელი პ. კარბელაშვილი, ძველი ანჩისხატის ტაძარი ქალაქ ტფილისში, ისტორიული მიმოხილვა, ტფ., 1902, გვ. 38.

62 - ქართლის ცხოვრება, I, გვ. 224.

63 - ზ. კიკნაძე, აწყურის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები, მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა, ახალციხე, 2000, გვ. 258.

64 - ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 225.

65 - იქვე.

66 - ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 264.

67 - მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III, თბ., 1999, გვ. 90.

68 - ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 278.

69 - ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, გვ. 479.

70 - მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესია, ტ, III, გვ. 190-193; შდრ. "ქართლის ცხოვრება", ტ. II, გვ. 480-481.

71 - იოანე ანჩელი, გალობანი ანჩისხატისანი, ძველი ქართული  პოეზია,V - XII სს. თბ., 1979, გვ. 184-186.



ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ელდარ ბუბულაშვილი

"საეკლესიო ბიბლიოთეკა", ტ. VIII. თ. IV.
გამომცემლობა "ახალი ივირონი", თბილისი, 2007 წ.