საქართველოში ქრისტიანობა პირველივე საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო IV საუკუნის პირველ მეოთხედში წმ. ნინოს მოღვაწეობის შედეგად სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. აღნიშნული ღვაწლის გამო წმ. ნინო ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად არის მიჩნეული.
გასარკვევია ერთი საკითხი, თუკი საქართველოში ქრისტიანობა მოციქულებმა გაავრცელეს, რატომ გახდა აუცილებელი წმინდა ნინოს შემოსვლა? ეს კითხვა უძველეს დროშიც აწუხებდათ. ჯერ კიდევ, ეფრემ მცირეს გარკვეული შეუსაბამობა შეუნიშნავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იგი შეეცადა აეხსნა, თუ რით იყო გამოწვეული ასეთი შეუსაბამობა. მისი აზრით, მოციქულების შემდეგ ხალხმა დაივიწყა ქრისტეს მოძღვრება და ისევ წარმართობისაკენ მიიქცა, ქვეყანა "მრავალჟამ დაიპყრნა ღუარძლმან მეკერპეთამან". ეფრემ მცირეს განმარტებით, ასეთ ფაქტს ადგილი თვით საბერძნეთშიც ჰქონია, "ვიდრე ჟამთამდე მეორედ პავლედ ზეცით წოდებულისა დიდისა კონსტანტინესთა". სწორედ წმინდა კონსტანტინე იმპერატორის ხელშეწყობით იმპერიის მასშტაბით ქრისტიანობას გასაქანი მიეცა. უფალმა - ეფრემ მცირეს აღნიშვნით - "არცა ჩუენ მცირენი დაგჳტევნა უღუაწად, არამედ ესრეთ განაგო კუალად აღმოწოდებაჲ ჩუენი" და ჩვენთან ხელახლა საქადაგებლად გამოგზავნა წმინდა ნინო.1
ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ მოციქულთა მოღვაწეობის შემდგომ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ქრისტიანობა კვლავ ვრცელდებოდა მოგზაურთა თუ სხვათა მეშვეობით. IV საუკუნემდე, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში არსებობდა ე. წ. ქრისტიანული თემები, რაზეც მეტყველებს არქეოლოგიური მონაცემები და წერილობითი წყაროები. ახალი წელთაღრიცხვით I-III საუკუნეებში საქართველოში არსებული ქრისტიანული თემები სამეფო ხელისუფლებისაგან, მართალია, დევნას არ განიცდიდა, მაგრამ ისინი ფარული სახით არსებობდნენ. სახელმწიფო ხელისუფალნი და მათი ქვეშევრდომნი ისევ წარმართ კერპებს აღმერთებდნენ, თუმცა, როგორც წყაროებით ირკვევა, ქრისტიანული თემები გარკვეულ გავლენას ახდენდნენ წარმართულ მოსახლეობაზე და თვით სამეფო ხელისუფლებაზეც. ამ მხრივ, საინტერესო ცნობებია დაცული დაახლოებით III საუკუნის შუა ხანებში მოღვაწე ქართლის მეფე რევ მართლის შესახებ. "ქართლის ცხოვრების" მიხედვით: "ესე რევ მეფე დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა: რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედ რამე სახარება უფლისა იესო ქრისტესი, და აქუნდა რამე სიყვარული ქრისტესი".2 მოტანილი ციტატიდან აშკარად ჩანს, თუ რა გავლენას ახდენდნენ მცხეთაში არსებული ქრისტიანული თემები წარმართ მოსახლეობაზე. ამ ფაქტით უნდა აიხსნას ისიც, რომ მეფე რევ მართალმა აკრძალა არმაზის კერპისათვის ჩვილ ბავშვთა შეწირვა. მეფის ამ გადაწყვეტილებას წარ¬მართი მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვედრია. როგორც ჩანს, სახარებისეულმა ქადაგებამ წარმართი მოსახლეობა ახალი სარწმუნოების მისაღებად მოამზადა. თვით წარმართი მეფის, რევის ზეწოდება "მართალი" ქრისტიანულია და იგი ჭეშმარიტების მაძიებელს ნიშნავს.3
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, წმინდა ნინოს დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი ქართლში შემოსვლის დროს ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მისი ქადაგების შედეგად სამეფო კარის წევრებთან ერთად მთელი ერი მოექცა ახალ სარწმუნეობაზე. ამის გამო ითვლება იგი ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთასწორად.
ყურადღება უნდა მიექცეს ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც. წმინდა ნინოს დროს ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარება განაპირობა წინა აზიაში იმ დროს შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ. კერძოდ, იმ ფაქტორმა, რომ ნისიბინის საზავო ხელშეკრულებით (298 წ.) საქართველო და სომხეთი რომის იმპერიის ქვეშევრდომები გახდნენ. IV საუკუნის დასაწყისში კონსტანტინე იმპერატორმა იმპერიის მასშტაბით ქრისტიანობა შეიწყნარა, შემდგომ კი სახელმწიფო სარწმუნოებად გამოაცხადა. ამ ფაქტორმა გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ რომის იმპერიისადმი დაქვემდებარებულ საქართველოზე, სადაც აგრეთვე ამავე პერიოდში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა.4 იმის აღნიშვნაც აუცილებელია, რომ წმინდა ნინოს ქართლში შემოსვლის დროს მთელი ერი მზად იყო ქრისტიანობის მისაღებად. რომ არა მოციქულთა ღვაწლი, წმინდა ნინოს გაუჭირდებოდა ქართველი ხალხის გაქრისტიანება.
ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზეც, რომ ქართველთა განმანათლებელი ქალია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში. ამ ფაქტის შესახებ ცნობილი ქართველოლოგი ბერნარდ უტიე აღნიშნავს: "ნამდვილად შეუდარებელი არის საქართველო იმიტომ, რომ თქვენი დედა სარწმუნოებაში, თქვენი განმანათლებელი, თქვენი მოციქული - ქალია, წმინდა ნინო; რამდენადაც ვიცი, ეს მსოფლიოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა და ისიც თქვენთან, ქართველებთან".5 აღნიშნულ ფაქტს ჯერ კიდევ XII საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერიძემ (1150-1177) მიაქცია ყურადღება. იგი ცდილობს, გასცეს პასუხი კითხვას: "...ხოლო პირველად ესე საძიებელი არს, თუ რაБსთვის უკუე დედაჲკაცი აჩინა და წარმოავლინა ღმერთმან ჩუენდა მიმართ".6 ნიკოლოზ გულაბერიძემდე, როგორც მკვლევარი კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, არავის მოსვლია აზრად, პასუხი გაეცა კითხვაზე: "რატომ აირჩია ღმერთმა ქალი ამ მიზნის განსახორციელებლად და არა მამაკაცი"7? თავის დროზე თავად ნიკოლოზ გულაბერიძემ გასცა პასუხი დასმულ კითხვას. ნიკოლოზ გულაბერიძის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც განაპირობა წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, იყო საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა. ღვთისმშობელს თავად სურდა ამ ქვეყნის მოქცევა, მაგრამ მაცხოვარმა მის მაგივრად საქართველოს მოსაქცევად მოციქულთასწორი წმინდა ნინო მოავლინა.8 თავისთავად "საქართველოს განმანათლებლად მოსული ღირსი დედა მალე თავად შეირაცხა "ქართლის მაცხოვრად", "დედად ქართველთა თემისაჲ".9
ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი წერილობითი წყაროები მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. მათი მრავალმხრივობა იმითაა განპირობებული, რომ ქართული წერილობითი წყაროების გარდა, მის შესახებ ცნობები დაცულია ადრეული ხანის უცხოურ წერილობით წყაროებში. თავის მხრივ, ქართული წყაროების მრავალფეროვნება იმაში გამოიხატება, რომ ჩვენამდე მოაღწია ქართველი განმანათლებლისადმი მიძღვნილმა ჰაგიოგრაფიული თხზულების რამდენიმე რედაქციამ, რომელიც სხვადასხვა საუკუნით თარიღდება.
უძველესი ქართული საისტორიო წყარო, რომელმაც ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ცხოვრება შემოგვინახა, ცნობილია "მოქცევაჲ ქართლისაჲს" სახელით. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" ორი ნაწილისაგან შედგება: პირველია "ქრონიკა", რომელშიც ქრონიკების სახით მოთხრობილია ქართლის ისტორია ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვით IX საუკუნემდე. აღნიშნულ ქრონიკაში ნინოს მოღვაწეობას მცირე ადგილი აქვს დათმობილი, რის გამოც, მას "წმინდა ნინოს ცხოვრების" მცირე რედაქციას უწოდებენ. "მოქცევაჲს" მეორე ნაწილში გადმოცემულია "ნინოს ცხოვრება" უფრო სრული სახით. ამიტომ, იგი ვრცელი რედაქციის სახელითაა ცნობილი. "წმინდა ნინოს ცხოვრების" მოკლე და ვრცელი რედაქციები ერთმანეთისაგან მცირედ განსხვავდებიან.10 "მოქცევაჲ ქართლისაჲმ" ჩვენამდე ოთხი ხელნაწერის სახით მოაღწია. აქედან შატბერდული (იგი სამხრეთ საქართველოში არსებულ შატბერდის მონასტერში გადაიწერა) და ორი სინური (სინას მთაზე გადაწერილი) რედაქცია X საკუნისაა, ხოლო ჭელიშური (იგი ჭელიშის მონასტრის კუთვნილება იყო) XIV საუკუნით თარიღდება. "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ზემოთ აღნიშნული ხელნაწერები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ რედაქციებს წარმოადგენს.11
როგორც ვხედავთ, ქართველთა განმანათლებელისადმი მიძღვნილი თხზულების უძველესი ხელნაწერი X საუკუნით თარიღდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი თხზულება ამ დროს დაიწერა, იგი ადრე უნდა შექმნილიყო. კარგა ხნის მანძილზე ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ "მოქცევაჲ ქართლისაჲ" IX საუკუნეში შექმნილი ძეგლია. დღესაც მეცნიერთა დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას იზიარებს. თავიანთი შეხედულების დასამტკიცებლად მათ მოაქვთ ის ფაქტი, რომ "მოქცევაჲს" ქრონიკაში თხრობა IX საუკუნით მთავრდება და აქედან გამომდინარე წმ. ნინოს ცხოვრებასაც ამ საუკუნით ათარიღებენ. უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა ტექსტოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ "მოქცევაჲ ქართლისაჲ" დაწერილია არა IX საუკუნეში, როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ წმინდა ნინოს მოღვაწეობის დროს,12 რაც, ჩვენი აზრით, რეალობასთან ახლოს დგას. თუმცა, როგორც მკვლევრები მიუთითებენ, ავთენტურ ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია, რადგან "წმინდა ნინოს ცხოვრებას მნიშვნელოვანი ცვლილება განუცდია. ტექსტოლოგიური კვლევით "მოქცევაჲში" გამოიკვეთა ძველი შრეებიც".13
"მოქცევაჲ ქართლისაჲს" გარდა "წმინდა ნინოს ცხოვრებამ" ჩვენამდე რამდენიმე რედაქციით მოაღწია. მათ შორის აღსანიშნავია XI საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული ისტორიკოს ლეონტი მროველის რედაქცია, რომელიც "ქართლის ცხოვრებაშია" მოთავსებული. იგი დაწერილია "მოქცევაჲს" საფუძველზე. აგრეთვე მნიშვნელოვანია XII - XIII საუკუნით დათარიღებული "წმინდა ნინოს ცხოვრების" ორი რედაქცია, რომელთაგან ერთი არსენ ბერისეულია, მეორე კი მის პერიფრაზს წარმოადგენს.14 ორივე რედაქცია "მოქცევაჲ ქართლისაჲს" და ლეონტი მროველის ვერსიებს ეყრდნობა. ყურადსაღებია აგრეთვე "წმინდა ნინოს ცხოვრების" სვინაქსარული ცხოვრების ოთხი რედაქცია. წმ. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობას ეხება XII საუკუნის მეორე ნახევრის კათოლიკოს-პატრიარქის ნიკოლოზ გულაბერიძის (1150 - 1177) ნაშრომი "საკითხავი სუეტის-ცხოველისანი, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ". როგორც ტექსტოლოგებმა დაადგინეს, XIII საუკუნეში არსენ ბერისეული მეტაფრასული "ცხოვრების" საგრძნობი შემოკლების საფუძველზე უცნობ ავტორს შეუდგენია ნინოს ცხოვრება, რომელიც თავისი მოცულობის გამო სვინაქსარულ ცხოვრებათა რიცხვს განეკუთვნება.15 მნიშვნელოვანია აგრეთვე წმ. ნინოს სვინაქსარული ცხოვრების ოთხი რედაქცია. XI საუკუნეში, ლიტურგიკული დანიშნულების მიზნით, შექმნილა წმინდა ნინოს ცხოვრების ყველაზე ადრინდელი სვინაქსარული რედაქცია. თავის მხრივ, აღნიშნული სვინაქსარული რედაქცია საფუძლად დასდებია XIV საუკუნეში შექმნილ მეორე სვინაქსარულ რედაქციას. რაც შეეხება ნინოს ცხოვრების დანარჩენ სვინაქსარულ რედაქციებს, ისინი შედარებით გვიანი ხანით, კერძოდ კი XVII - XVIII საუკუნეებით თარიღდებიან და ამდენად ახალს, მნიშვნელოვანს არაფერს შეიცავენ. ასეთია წმ. ნინო განმანათლებლისადმი მიძღვნილი ქართული საისტორიო წყაროების ზოგადი დახასიათება. ჩვენი აზრით, აღნიშნული წყაროებიდან თავისი სიძველისა და შემადგენლობის მიხედვით, უპირატესობა მაინც შატბერდის კრებულში მოთავსებულ წმ. ნინოს ცხოვრებას ენიჭება.
გარდა ქართული წყაროებისა, საქართველოში წმ. ნინოს მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის უძველესი ხანის უცხოური წერილობითი წყაროები. ამ მხრივ, აღსანიშნავია IV საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ცნობილი საეკლესიო მამის გელასი კესარიელის († 395 წ.) "საეკლესიო ისტორია". მართალია, გელასი კესარიელის აღნიშნულ შრომას ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ უკვე დადასტურებულია, რომ მისი "საეკლესიო ისტორია" სრული სახით შემონახულია V საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე გელასი კვიზიკელის მეშვეობით.16 ჩვენს საკვლევ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა რომაელი ისტორიკოსის რუფინუსის († 410 წ.) "საეკლესიო ისტორია", რომლის შედგენა მას დაუწყია 402 წელს. აგრეთვე, ყურადსაღებია თეოდორიტე კვირელის (393-457), სოკრატე სქოლასტიკოსის (380-440) და იერემია სოზემენეს (IV საუკუნის ბოლო, V საუკუნის პირველი ნახევარი) შრომები.
როგორც ვხედავთ, საკმაო რაოდენობის ბერძნულ-რომაული წყაროები გვაწვდიან ცნობებს ქართლის გაქრისტიანების შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბერძენ-რომაელ ავტორებთან მოცემული ცნობები ერთმანეთისაგან თითქმის არ განსხვავდება და უმეტესობა წინამორბედის მონათხრობის თარგმანს წარმოადგენს. უკანასკნელ დრომდე რუფინუსის "საეკლესიო ისტორია" გელასი კესარიელის ისტორიის თარგმანად მიაჩნდათ, მაგრამ ამ ორი გადმოცემის შედარებით გაირკვა, რომ მიუხედავად ბევრი მსგავსებისა, დასახელებულ ისტორიკოსთა მონათხრობი ისეთ განსხვავებებს შეიცავს, რომელნიც უარყოფენ იმ აზრს, რომ თითქოს იგი ერთი და იმავე ავტორის ნააზრევს წარმოადგენს. ზემოჩამოთვლილი უცხოური წერილობითი წყაროების მონათხრობი, როგორც ტექსტიდან ირკვევა, ეყრდნობა გელასი კესარიელის მიხედვით "ფრიად სარწმუნო ბაკურს, კაცს ფრიად ღვთისმოშიშს, მეფის შთამომავალს და იბერთა შორის სახელოვანს, რომელიც გახდა რომაელთა სატრაპი."17 როგორც მოტანილი ციტატიდან ირკვევა, გელასი კესარიელს ქართლის გაქრისტიანების შესახებ ამბები ჩაუწერია ქართველი მეფისწული ბაკურისაგან, რომელიც მის დროს აღმოსავლეთ რომის იმპერიის დომესტიკოსი ყოფილა და იგი პირადად იცნობდა ქართველ მეფისწულს. იმავეს, ოდნავ განსხვავებული ფორმით, იმეორებს რუფინუსი. იგი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი "ჩვენ გვიამბო ფრიად სარწმუნო კაცმა ბაკურმა თვით ამ ხალხის (იბერიელების - ე. ბ.) მეფემ, რომელიც ჩვენში იყო დომესტიკოსი... როდესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. სრულის ერთსულვნებით იერუსალიმში."18. მოტანილი ვრცელი ციტატით დგინდება, რომ რუფინუსმა, როცა ბაკურისაგან მიიღო ცნობები (402 წელი) ქართლის გაქრისტიანების შესახებ, ეს უკანასკნელი უკვე იბერიის მეფედაა მოხსენიებული, ხოლო გელასი კესარიელთან კი ბაკური ჯერ კიდევ მეფისწულადაა დასახელებული. როგორც ჩანს, ორივეს აღნიშნული მონათხრობი ერთიდაიმავე პირისაგან ჩაუწერიათ - სხვადასხვა დროს. გელასი კესარიელი და რუფინუსი (ერთხანს იგი იერუსალიმში მოღვაწეობდა) ახლოს იცნობდნენ ქართველ მეფისწულს და სავსებით შესაძლებელია, რომ ორივეს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ჩაეწერათ ქართველი მეფისწულის მონათხრობი. ყოველივე აღნიშნული გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ რუფინუსის "საეკლესიო ისტორია" გელასი კესარიელის ისტორიის თარგმანია. რაც შეეხება სოკრატე სქოლასტიკოსის, იერემია სოზემენეს, გელასი კვიზიკელის ცნობებს, ზოგი რუფინუსის მასალით სარგებლობს, ზოგი კი გელასი კესარიელით.19
მცირე განსხვავების მიუხედავად, ბერძნული წყაროები ერთნაირი სახით გადმოგვცემენ იბერიის გაქრიასტიანებას, რომლის "მიზეზი გახდა ერთი დედაკაცი, რომელიც მათთან იყო ტყვედ". მათ მონათხრობში დიდი ყურადღება ექცევა წმინდა ნინოს ღვთისმოსაობას, "კურნების ნიჭს", თუ როგორ კურნავს იგი - სრულიად უანგაროდ - ავადმყოფ ბავშვს, შემდეგ კი მოურჩენელი სენით დაავადებულ დედოფალს. დიდი ყურადღება ექცევა აგრეთვე მეფის ნადირობის დროს მომხდარი სასწაულის აღწერას, შემდგომ კი მთელი ერის მოქცევასა და "ტყვე ქალის" ლოცვის შედეგად ეკლესიის შენების დროს ჰაერში დაკიდებული სვეტი თუ როგორ დაეშვა კვარცხლბეკზე და სხვა. ერთი სიტყვით, შინაარსობრვი თვალსაზრისით, ნინოს ცხოვრების ბერძნული ვერსია თითქმის ქართული ვერსიის იდენტურია, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ბაკურმა მათ (გელასი კესარიელი და რუფინუსი) მართალია, უამბო ქართლის გაქრისტიანების ამბები, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველი მეფისწულის ცნობები ზეპირ მონათხრობს არ ემყარება. ბაკური უეჭველია, სარგებლობდა იმ დროისათვის ქართულ ენაზე არსებული წმინდა ნინოს ცხოვრებით. ბერძნული წყაროები საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ IV საუკუნეში უკვე არსებობდა "ნინოს ცხოვრების" ქართული ვერსია.20 სხვანაირად წარმოუდგენელია, წმინდა ნინოს მოღვაწეობიდან 80 წლის შემდეგ მისი ცხოვრების შესახებ უცხოური ვერსიები იქმნებოდეს და ამ დროს არ არსებობდეს მისი ცხოვრების ქართული ვერსია. გამოდის, რომ IX საუკუნეში უცხოური წყაროების გავლენით ქართველობას საჭიროდ მიუჩნევია, აღეწერა წმ. ნინოს ცხოვრება. საქართველოში ყველა წმინდანის სახელზე იქმნებოდა მათი "ცხოვრება", წარმოუდგენელია, რომ ქართველთა განმანათლებლის შესახებ მისი მო¬ღვაწეობის ეპოქაში არ დაწერილიყო ასეთი "ცხოვრება".
ბერძნული წყაროების გარდა წმ. ნინოს საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ფრაგმენტული, მაგრამ საინტერესო ცნობებია დაცული არაბულ, სირიულ და კოპტურ ძეგლებში. აღნიშნული წყაროების მნიშვნელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე შეუსწავლელია. მის შესახებ პირველად 1910 წელს მკვლევარმა მ. თამარაშვილმა მიუთითა. ამ უკანასკნელის მიხედვით, ჩვენამდე მოღწეული მცირე კოპტური წყარო წმინდა ნინოს შესახებ არაბულ სვინაქსარშია დაცული, რომლის შემდგენელიც, მ. თამარაშვილის აზრით, "ქართლის მოქცევის თანამედროვე უნდა იყოს".21
ქართლის გაქრისტიანების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული სომხურ წყაროებში. ამ მხრივ, პირველ რიგში ყურადღებას იმსახურებს V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის "სომხეთის ისტორიის" პირველი წიგნის 86-ე თავი, სადაც მოთხრობილია ნუნეს (წმინდა ნინოს იგი ამ სახელით მოიხსენიებს) მიერ ქართლის გაქრისტიანება. მის ამ ცნობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან შემდგომი ხანის სომეხი ისტორიკოსები, მოსე კალანკატუელი, აგათანგელოსის ისტორიის არაბული ვერსიის ავტორი და სხვები საერთოდ არ ახსენებენ წმ. ნინოს და ქართველთა განმანათლებლად ისინი მიიჩნევდნენ სომეხ განმანათლებელ გრიგოლს. თუმცა, მოვსეს ხორენაცი გარკვეულ უზუსტობას უშვე¬ბს. მართალია, იგი აღიარებს, რომ საქართველოში ქრისტიანობა წმ. ნუნემ (ნინომ - ე.ბ.) იქადაგა, მაგრამ, მისი აზრით, იგი იყო გრიგოლ განმანათლებლის მისიის წევრი და მისი მითითებით მოქმედებდა ქართლში.22 რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან სომეხ ისტორიკოსთან დაფიქსირებული აღნიშნული ცნობა სხვა წყაროებით არ დასტურდება.
წმინდა ნინოს ცხოვრებამ თავისებური ასახვა ჰპოვა რუსულ მწერლობაში, რომელშიც იგი სამი ვერსიითაა წარმოდგენილი. რუსულ წყაროებში წმინდა ნინოს შესახებ ცნობები XVI - XVII საუკუნეებს განეკუთვნება.23 პირველ რიგში, აღსანიშნავია 1512 წლით დათარიღებული მატიანისეული ვერსია; მეორე - 1641 წლის 27 ოქტომბრის პროლოგ-სვინაქსარის "საკითხავი" და მესამე - სტეფანე ათონელის "Рай мысленный" - 1659 წელს ბეჭდური სახით გამოცემული. ჩვენ მიერ ზემოთ განხილული ბერძნული წყაროების მსგავსად, რუსული წყაროებიც ქართველთა განმანათლებლის სახელს არ იცნობს და მას "ტყვე ქალად" მოიხსენიებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ "წმინდა ნინოს ცხოვრების" რუსული ვერსია ბერძნულიდან უნდა მომდინარეობდეს.24 ამის დასტურია ისიც, რომ რუსული ვერსია შინაარსობრივად დიდ მსგავსებას იჩენს ბერძნულთან.
წმინდა ნინოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების მიმოხილვიდან აშკარად ჩანს, რომ მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ ქართველთა განმანათლებლის ცხოვრების შესასწავლად.
სანამ უშუალოდ ქართულ წყაროებზე დაყრდნობით საქარველოში წმ. ნინოს მოღვაწეობის ზოგიერთ ასპექტზე გავამახვილებთ ყურადღებას, აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნია, გარკვეული მოსაზრება გამოვთქვათ ქართველთა განმანათლებლის სახელთან დაკავშირებით. ქართულ წერილობით წყაროებში იგი ნინოს სახელით იხსენიება. წმ. ნინოს სახელთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სახელი "ნინო" მიღებულია ლათინური სიტყვა "ნონა"-საგან, რაც მონაზონს ნიშნავს.25 ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ "ნინა-ნონას"სახელი მომდინარეობს წარმართული რელიგიური ონომასტიკიდან.26 ბერძნული წყაროები ქართველთა განმანათლებლის სახელს არ იცნობს და მას "ტყვე ქალის" სახელით მოიხსენიებს, არსაიდან ჩანს, რატომ იხსენებენ ბერძენი ავტორები ქართველთა განმანათლებელს ტყვე ქალად.27 უცხოელი წყაროების მსგავსად, ქართულ წყაროებში "ტყვე-ქალის" სახელით წმინდა ნინო ხშირად იწოდება. ამ ზედწოდებით ნინო თავის თავს მოიხსენიებს. ბუნებრივია, რომ "ტყვე-ქალის" ცნებაში უეჭველია, იგულისხმება ქრისტიანული ტყვეობა, ღვთისადმი მორჩილება. თუმცა აღნიშნული მოსაზრების გარდა ამ საკითზე სხვა შეხედულებაც არსებობს.28
კოპტურ წყაროებში წმ. ნინო "თეოგნოსტას" სახელითაა ცნობილი, რაც ქართულად "ღვთის მცოდნეს" ნიშნავს. როგორც ჩანს, კოპტური სვინაქსარის შემდგენელისათვის უცნობი იყო წმ. ნინოს სახელი და მან "ტყვე-ქალის" ნაცვლად "ღვთის მცოდნე" - ზოგადი სიტყვა გამოიყენა. სომხური წყარო, კერძოდ კი V საუკუნის ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი მას "ნუნეს" სახელით იცნობს. გვიანი ხანის, კერძოდ კი XIX საუკუნის რუსულ წყაროებში წმინდა ნინო "ნინად" იწოდება. ხოლო XIX საუკუნის ფრანგული წყარო მას "სენ-კრეტიენის" ანუ "წმინდა ქრისტიანი ქალის" სახელით მოიხსენიებს.
საქართველოში წმ. ნინოს მოღვაწეობის ზოგად სურათს XI საუკუნით დათარიღებული ხელნაწერის, შატბერდის კრებულში შესული "წმ. ნინოს ცხოვრების" მიხედვით წარმოვადგენთ, რადგან იგი სხვა შემორჩენილ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი უძველესია. მეტად საინტერესოა შატბერდის კრებულში შესული "წმინდა ნინოს ცხოვრების" შედგენილობა. თხზულება იწყება წმ. ნინოს მოახლოებული აღსასრულის აღწერით. კახეთში, "დაბასა ბოდს" მყოფი დასნეულებული წმინდა ნინო სიკვდილის პირას იყო მისული, როცა მას ქართლის სამეფო კარის წარმომადგენლები ეწვივნენ. მირიან მეფის რძლის სალომე უჯარმელისა და ვინმე პეროჟავრი სივნიელის დაჟინებული მოთხოვნით წმ. ნინოს მონათხრობი სწორედ მათ ჩაიწერეს და შემდგომ ეს ჩანაწერი დაედო საფუძვლად "წმინდა ნინოს ცხოვრებას". თუმცა ტექსტში პეროჟავრი სივნიელის სახელი შემდგომ საერთოდ არ ფიგურირებს. მასში მხოლოდ სალომე უჯარმელის მონათხრობია ჩართული. რაც ჩვენი აზრით, იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ორივეს ჩანაწერი ერთი და იმავე შინაარსისა იყო, უპირატესობა სალომე უჯარმელის ჩანაწერს მიენიჭა, რადგან იგი სამეფო კარის წარმომადგენელი იყო. "წმინდა ნინოს ცხოვრებაში" სალომე უჯარმელის გარდა ჩართულია იმ დროს მცხეთაში მოღვაწე ებრაელი მღვდლის აბიათარისა და მისი შვილის, სიდონიას, მღვდელ იაკობის და თვით მირიან მეფის მონათხრობი და სხვ.
ქართული წყაროების მიხედვით, წმ. ნინო კაპადოკიის ქალაქ კოლასტადან იყო. მამამისი - ზაბილონი რომის იმპერატორის ერთ-ერთი მხედართმთავარი გახდა, დედა - სუსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო. დაქორწინებამდე ზაბილონი რომის სამხედრო სამსახურში საკმაოდ დაწინაურებულა. ზაბილონს თავი გამოუჩენია ბრანჯთა აჯანყების ჩახშობაში. ბრანჯები, რეინის ოლქში მცხოვრები საფრანგეთის ძველი მოსახლეობა იყო. დამარცხებული და დატყვევებული ბრანჯები რომის იმპერატორის გადაწყვეტილებით, სიკვდილით უნდა დაესაჯათ. სიკვდილმისჯილ ბრანჯებს უთხოვიათ ქრისტიანობაზე მოქცევა. ზაბილონმა აღნიშნული თხოვნა მათ შეუსრულა, შემდეგ კი იმპერატორთან შუამდგომლობით ისინი სიკვდილით დასჯისაგან გაათავისუფლა. ბრანჯების თხოვნით ზაბილონი მათ სამშობლოში გაემართა და იქ ათი საერისთავო გააქრისტიანა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, წმ. ნინოს ცხოვრებაში აღწერილ ზაბილონის სამისიონერო საქმიანობას რეალური ისტორიული საფუძველი უდევს.29 ბრანჯთა ქვეყნიდან დაბრუნებული ზაბილონი ტოვებს თავის თანამდებობას და იერუსალიმში მკვიდრდება, სადაც იგი უახლოვდება იერუსალიმის პატრიარქს იუბენალს, რომლის დას - სუსანას ცოლად ირთავს. როგორც ჩანს, "ზაბილონის იერუსალიმში წასვლა მისი სარწმუნოებრივი მისწრაფებებით იყო განპირობებული."30 ზაბილონსა და სუსანას მალე შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელიც პატარაობიდანვე ქრისტეს მცნებას ეზიარა. როცა ნინო თორმეტი წლის შეიქნა, მისმა მშო¬ბლებმა მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგეს, ზაბილონი იერუსალიმის პატრიარქის კურთხევით ბერად აღიკვეცა, ხოლო ნინოს დედას სუსანას იმავე პატრიარქმა ტაძარში მიუჩინა ადგილი, გლახაკთა და უძლურთა მომვლელად. 1996 წლის 10(23) დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით ქართ¬ველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს მშობლები ზაბილონი და სუსანა შერაცხულ იქნენ წმინდანებად: ზაბილონი - ღირსი მამა ზაბულონის, სუსანა - ღირსი სოსანას სახელით და მათი ხსენების დღედ დაწესდა 20 აპრილი (2 მაისი). მშობლების გარეშე დარჩენილი წმ. ნინო ორი წლის მანძილზე იზრდებოდა სომეხ დვინელ ქალთან სარა მიამფორთან (სხვა წყაროს ცნობით ნიამფორი). ქრისტიანობის ღრმად მცოდნე სარა მიამფორთან ყოფნის დროს წმინდა ნინო კიდევ უფრო განისწავლა ქრისტეს მოძღვრებაში. მასთან ყოფნის დროს გაიგო მან, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ დარჩენილი უფლის კვართი წი¬ლად ხვდა "ჩრდილოსა მას ქუეყანასა" მდებარე მცხეთის მკვიდრთ. წმ. ნინო ევედრებოდა ღვთისმშობელს, მისთვის ძალა და შესაძლებლობა მიეცა, რომ ენახა ქვეყანა, სადაც უფლის კვართი განისვენებდა. სარა მიამფორთან ყოფნის დროს ეფესოდან მოვიდა ვინმე დედაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ ელენე დედოფალს "დიდი წადიერებაჲ აქუს ჰრომთა ქრისტეს მიმართ შჯულისათჳს და ნათლის-ღებისა". იერუსალიმის პატრიარქის კურთხევით წმინდა ნინო ელენე დედოფალს ეწვია, სადაც მან გაიცნო ქრისტეს მოყვარე რიფსიმე, მისი დედამძუძე გაიანე და მათი ორმოცდაათი სულიერი და, "წარვიდეს ესენი ყოველნი მონასტერსა თვისსა და იყო მათ თანა წმინდა ნინო ორ წელ".31 რომის კეისრის დევნის გამო, წმინდა ნინო, რიფსიმეს, გაიანესა და ორმოცდაათ სულიერ დასთან ერთად სომხეთის ქვეყანაში გადაიხვეწა. დევნილები სომხეთის წარმართი მეფის თრდატის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ნინო კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ეკალ-ბარდებში დამალულმა წმინდანმა იხილა "ზეცით სამოსლის მსგავსად ჩამომავალი დიაკონი ოლარით", რომელმაც წმინდა ნინოს აცნობა: "ხვიდოდე აღმოსავლეთით, სადა იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი ყოვლადვე, არ არიან".32 გამოცხადების შემდეგ წმ. ნინო გაემართა აღმოსავლეთით და "მოაწია მთათა ჯავახეთისათა", სადაც მან ორი დღე დაჰყო. სწორედ აქ, ფარავნის ტბასთან მწყემსებისაგან წმინდა ნინომ შეიტყო, თუ სად მდებარეობდა მისთვის საოცნებო ქალაქი მცხეთა, სადაც უფლის კვართი იყო დაფლული. ტბა ფარავანთან ძილის დროს წმ. ნინოს გამოეცხადა კაცი, რომელსაც თმა წელამდე ეყარა და მას გადასცა "წიგნი დაბეჭდული". გამოცხადების შემდეგ წმინდა ნინომ წაიკითხა წიგნი, რომელიც იწყებოდა სახარებისეული სიტყვებით: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ, ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა". ამ სიტყვებით გამხნევებული წმინდა ნინო მცხეთისაკენ გაემართა, წამოჰყვა მდინარე მტკვარს და სავარაუდოდ, გამოიარა ახალქალაქი, ხერთვისი, ასპინძა, ახლციხე.33 მოგზაურობის დროს მან ბევრი შიში და შიმშილი დაითმინა, ბოლოს კი მოაღწია ურბნისს, სადაც მან აქ მცხოვრებ ებრაელებთან ერთი თვე დაჰყო.
ურბნისში ყოფნისას ნინომ დაინახა, რომ საზეიმოდ გამოწყობილი მრავალი ადამიანი მცხეთისაკენ მიემართებოდა, ისიც გაჰყვა მოზეიმე ხალხს. მან მცხეთაში უამრავი ადამიანი იხილა, რომლებიც ქართლის მეფე-დედოფალთან ერთად მაღალ მთაზე აღმართული არმაზის კერპის დღესასწაულს ზეიმობდნენ. მრავალრიცხოვანი ხალხის უგნურებით წმინდა ნინო დიდად შეწუხებული იყო. მან განიზრახა, რომ უფლის ნებით მოესპო წარმართული კერპები, რომ ხალხს ჭეშმარიტი რწმენა შეეცნო. ლოცვა-ვედრების დამთავრებისთანავე ამოვარდა "დასავლეთით ქარნი და ჰაერნი. და ხმა სცეს ქუხილისა ხმითა საზარელითა და გამოჩნდეს ღრუბელნი მოსწ-რაფედ ნიშნით საშინელითა". წმ. ნინომ ღვთის შეწევნით დაამსხვრია მცხეთის კერპები. მეფე, მისი ოჯახი და ხალხი შიშმა შეიპყრო. ამიერიდან, ღვთის ძალით, როგორც წყარო გადმოგვცემს, "ქება-დიდება ქრისტესი არღარა ფარულად ითქმოდა ქართლსა შინა, რამეთუ მადლისა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს".34
მცხეთაში ჩასული წმინდა ნინო დამკვიდრდა დღევანდელი სამთავროს ტაძრის მახლობლად, მაყვლოვანში. იგი თავისი თმებით შეკრული ვაზის ჯვრით რამდენიმე წლის განმავლობაში მხურვალედ ქადაგებდა ქრისტიანობას. პირველად იგი დაუახლოვდა მცხეთელ ებრაელთა მღვდელს აბიათარს და მის ქალიშვილს სიდონიას. მათგან შეიტყო მცხეთაში უფლის კვართის ჩამოსვენების ისტორია, მაგრამ მათ არ მიუთითეს კვართის განსასვენებელი ადგილი. ებრაელი აბიათარი, მისი ქალიშვილი სიდონია და მცხეთაში მცხოვრები 50 ებრაელი წმ. ნინოს გავლენით ქრისტიანად მოექცნენ, რის გამოც ისინი მცხეთელმა ებრაელებმა თავიანთი თემისგან მოკვეთეს.
მცხეთაში მყოფი წმინდა ნინო, რომელიც მთელ დროს ლოცვა-ვედრებაში ატარებდა, ხშირად სტუმრობდა ხოლმე მეფის ბაღს, სადაც გადმოცემით უფლის კვართი იყო დაფლული. მალე წმ. ნინოს მოქცეულთა რიცხვი გაიზარდა. მან სახელი გაითქვა უიმედო ავადმყოფთა კურნებით. იგი ხალხს შთააგონებდა, რომ განკურნების ძალა მოდიოდა არა მისგან, არამედ უფლისგან. ამიტომ იგი განკურნების მსურველებს ახალი სარწმუნოების მიღებისაკენ მოუწოდებდა. ამგვარი შთაგონებით წმ. ნინომ მოარჩინა უკურნებელი სენით დაავადებული მეფე მირიანის მეუღლე, დედოფალი ნანა, რომელიც შემდეგ ქრისტიანად მოექცა. მეფე მირიანმა კი ქრისტიანობა მას შემდეგ აღიარა, როცა მცხეთის მიდამოებში ნადირობის დროს თხოთის მთაზე სასწაული იხილა. მოულოდნელად ჩამობნლდა, მაგრამ ყველაფერი განიფანტა მას შემდეგ, როცა მირიან მეფემ წმინდა ნინოს ღმერთს სთხოვა დახმარება. ამის შემდეგ მან იწამა ქრისტე და მცხეთაში დაბრუნებულმა ხალხს გაქრისტიანებისაკენ მოუწოდა. მირიან მეფის ხელშეწყობით წმ. ნინომ მოაქცია ქართლის მთიანეთი.
ქართლის სამეფო კარის დახმარებით დაიწყეს პირველი ეკლესიების მშენებლობა კვართის განსასვენებელ ადგილზე და იმ ადგილზეც, მაყლოვანში, სადაც წმ. ნინო იყო დავანებული. ქართლის მოქცევა შეატყობინეს ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს. ბიზანტიიდან მოწვე¬ულმა სასულიერო პირებმა მდინარე მტკვარზე მონათეს ქართლის მოსახლეობა. კონსტანტინე იმპერატორის დახმარებით დაადგინეს მთავარეპისკოპოსნი და მღვდელნი. კონსტანტინე იმპერატორი შემდგომშიც არ აკლებდა ზრუნვას ახლადმოქცეულ ქართლის სამეფოს. ერთ-ერთი ქართული წყაროს მიხედვით, საქართველოში ხალხის მოსაქცევად თითქოს ანტიოქიის პატრიარქი ესტატე ჩამოსულა. კონსტანტინე იმპერატორმა ქართლის პირველ ქრისტიან მეფეს გამოუგზავნა ქრისტეს სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები "ძელი ცხოვრებისა და ფიცარნი" და "სამსჭვალნი ფერხთანი". კონსტანტინე იმპერატორის წარმოგზავნილების მიერ მანგლისსა და ერუშეთში აშენდა პირველი ქრისტიანული ტაძრები და ეკლესიები, სადაც ზემოაღნიშნული სიწმინდეები დაასვენეს. ქართლის მოქცევის შემდეგ დასნეულებული წმინდა ნინო მიიცვალა "დაბასა ბოდისასა".
როგორც ზემოთ განხილული ქართული წყაროებიდან ჩანს, საქართველოში წმ. ნინოს ღვაწლით ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. საეკლესიო ტრადიციით, ეს მოხდა 326 წელს, რაც აგრეთვე უკანასკნელ პე-რიოდში გამოქვეყნებული ნაშრომებითაც დასტურდება. ამავე პერიოდში დასავლეთ საქართველოშიც ქრისტიანობამ სახელმწიფო სტატუსი მიიღო.
როგორც მოტანილი წერილობითი წყაროებიდან ჩანს, საქართველოში ქრისტიანობის გამარჯვება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მიღებით კი ძირფესვიანად შეიცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობაც. "ქართველებისათვის ქრისტეს ჯვარი გადაიქცა, ერთი მხრივ, ქართველი ერის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ, ხოლო, მეორე მხრივ, ქართველთა ხელში ანტიქრისტიანული სამყაროს რისხვად".35
ასეთი დიდი დამსახურების გამო, საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს. ქართული წყაროები მას "ქართლისა მაცხოვრად" და "დედად ქართველთა თემისაჲს" უწოდებს. საქართველოს ეკლესია ქართველთა განმანათლებლის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს, მისი საქართველოში შემოსვლისა, ხოლო ოცდაშვიდ იანვარს - წმინდა ნინოს მიცვალებისა. წმინდა ნინოსადმი პატივისცემა წარმოჩინებულია მისდამი მიძღვნილ უძველესი ხანის ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში. იგი არაერთი თანამედროვე თუ წარსულში მოღვაწე ქართველი პოეტის შთაგონების წყაროდ იქცა. 1869 წელს სამხედრო მღვდელმა იროდიონ ელიოზის ძემ თბილისში გამოაქვეყნა პოეტურად გალექსილი წმინდა ნინოს ვრცელი ცხოვრება.
წმინდა ნინომ, როგორც ქართველმა განმანათლებელმა და მოციქულთასწორმა, გარკვეული ასახვა ჰპოვა რომაულ-კათოლიკურ მარტიროლოგიაში, მისი ხსენების დღედ 15 დეკემბერია მიჩნეული და იგი "სენ-კრეტიენის" - "წმინდა ქრისტიანი ქალის" სახელითაა ცნობილი. მის შესახებ რომაულ-კათოლიკურ მარტიროლოგიაში აღნიშნულია, რომ "იბერიაში, შავი ზღვის მიღმა, დაცულია ხსენება ქრისტიანი მსახურის წმიდისა (დედაკაცისა), რომელმაც კონსტანტინეს დროს მოაქცია ეს ხალხი ქრისტეს რწმენაზე, თავისი სასწაულებით". აღნიშნულთან დაკავშირებით ფრიბურგის (შეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორი პრინც მაკს დე ზაკსი აღნიშნავდა: "არ ვიცი, ასე იყო თუ არა შუა საუკუნეთა მა¬რტიროლოგიაში. შესაძლოა, რომ იგი (წმინდა ნინო-ნინა) ჩასწერეს როგორც "კრეტიენ", რადგან დასავლელი ისტორიკოსები არასდროს იხსენიებენ მის სახელს, რომელიც ეგონათ იყო უცნობი. იგი წოდებულია მსახურად მისი თავმდაბალი ცხოვრების გამო, რომელსაც იგი ეწეოდა იბერიაში ყოფნის დასაწყისში".36
კათოლიკურ სამყაროში წმ. ნინოს სახელზე დაფუძნებული დაწესებულებებიც არსებობს. ჯერ კიდევ 1807 წელს, საფრანგეთის ქალაქ მეტცში ეპისკოპოსმა ჟოფერმა ქალბატონ ლე მეჟანესთან ერთად დააარსა ქალთა რელიგიური კონგრეგაცია. ეს კონგრეგაცია ამჟამადაც მოქმედებს და მას თავისი ფილიალები აქვს მსოფლ¬იოს სხვადასხვა კუთხეში. კონგრეგაციის დაქვე¬მდ¬ებარე¬ბაშია სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები. ეპისკოპოსმა ჟოფერმა ქალთა რელიგიურ კონგრეგაციას რომაული მარტიროლოგიის მიხედვით "სენ კრეტიენის" სახელი უწოდა. თუმცა, მან XIX საუკუნის დასაწყისში არ იცოდა "სენ-კრეტიენის" სახელის უკან თუ რომელი წმინდანი ქალი იგულისხმებოდა, ხოლო XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც გაირკვა, რომ "სენ-კრეტიენი" ქართველთა განმანათლებელი იყო, კონგრეგაციას "წმინდა ნინოს" სახელი დაერქვა. 1898 წლიდან ამ კონგრეგაციას მუდმივი კავშირი ჰქონდა კონსტანტინოპოლში არსებულ ქართულ კათოლიკურ ტაძართან და მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერთან. კონგრეგაციას აქვს წმინდა ნინოს ხატი, რომელსაც ამშვენებს წარწერა: "ო, წმინდა ნინო, რომელმან იესო ქრისტეს სწავლისადმი თქვენი სათაყვანებელი ერთგულებით, დაიმსახურეთ ზედმეტი სახელი კრეტიენისა, ილოცეთ ჩვენთვის მეოხებით თქვენისა მიგვაღებინეთ მადლი, რომ შეგვეძლოს ერთგულებასა თქვენსა მივბაძოთ, რათა სული იესო ქრისტესი უფრო და უფრო შემოვიდეს ჩვენში, გამოჩნდეს ჩვენს მოღვაწეობაში და ღირსი გაგვხადოს განვაგრძოთ თქვენი მოციქულობა, იყავნ ეგრე". დღესაც აღნიშნულ კონგრეგაციაში მონაზვნები დღეში სამჯერ აღავლენენ ლოცვას იმ ქვეყნის მიმართ, სადაც წმინდა ნინომ ქრისტიანობა იქადაგა.
კათოლიკური სამყაროს ინტერესი წმინდა ნინოს მიმა¬რთ იმითაც გამოიხატა, რომ საგანგებო ნაშრომები დაიწერა მის შესახებ. 1874 წელს ლიონში (საფრანგეთი) ფრანგული ენაზე გამოქვეყნდა კათოლიკე მღვდლის ოვგუსტ დარას ორმოცდახუთგვერდიანი ნაშრომი. ფრანგულმა სამყარომ აღნიშნული თხზულების გარდა XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში საქართველოში მოღვაწე დე ბაის ნაშრომებითაც ახლოს გაიცნო წმინდა ნინოს ცხოვრება და მისი ღვაწლი. აგრეთვე აღსანიშნავია, 1888 წელს პარიზში მღვდელ კოლონ დე პლანსის "წმინდანთა ქრონიკაში" შესული "წმინდა ნინოს ცხოვრება".
საფრანგეთის გარდა, ინგლისურმა სამყარომაც გარკვეული დაინტერესება გამოიჩინა წმინდა ნინოს მიმართ. 1900 წელს ოქსფორდში საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა და-ძმა ოლივერ და მარჯორი უორდროპებმა ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნეს "წმინდა ნინოს ცხოვრების" ერთ-ერთი ვერსია. აღნიშნული თარგმანის შესახებ იმავე წელს ნიკო მარმა რუსულ ენაზე დაბეჭდა საინტერესო რეცენზია. აღსანიშნავია, რომ ოლივერ უორდროპმა წმ. ნინოს პატივისცემით თავის ქალიშვილს სახელად ნინო დაარქვა.
წმ. ნინოს სახემ თავისებური ასახვა ჰპოვა ქართულ ქრი¬სტიანულ ხელოვნებაში. მის სახელზე იგებოდა ქრისტიანული ტაძრები. მისი სახელობის უძველესი ფრესკული თუ ჭედური ხატები ამშვენებდა სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს.37
------------------------------------------------------------------------
დამოწმებული ლიტერატურა
1 - ეფრემ მცირე, უწყებაБ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების, ტექსტი გამოსცა, შესავალი და ლექსიკონ-საძიებლები დაურთო თ. ბრეგაძემ, თბ., 1959, გ. 4.
2 - ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 58.
3 - ე. ჭელიძე, გნოსტიკური ხასიათის ძეგლი, მნათობი, 1983, №12, გვ. 14
4 - ვ. გოილაძე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, თბ., 1991, გვ. 8.
5 - ბერნარდ უტიე, ორი ქადაგება წმიდისა დედისა ჩვენისა ნინოსი, კრებული "ქრისტიანობის 20 საუკუნე საქართველოში", თბ., 2004, გვ. 274.
6 - მ. საბინინი, სრული აღწერაჲ ღუაწლთა და ვნებათა საქართუჱლოს წმინდანთა, თბ., 1882, გვ. 72.
7 - კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბ., 1980, გვ. 381.
8 - პ. კარბელაშვილი, დასახ. ნაშრომი გვ. 43.
9 - ზ. სხირტლაძე, წმინდა ნინოს სახე ძველ ქართულ ხელოვნებაში, გაზ. `სამშობლო~, 1990, №2.
10 - მ. ჩხარტიშვილი, ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები, თბ., 1987, გვ. 12.
11 - ზ. ალექსიძე, "ქართველ ებრაელთა" საღმრთო მისია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვალთახედვით, ჟურნალი "ივერია", 1992, №1, გვ. 37.
12 - მ. ჩხარტიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 16.
13 - რ. სირაძე, ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა, I, 1992, გვ. 8.
14 - ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი III, (მეტაფრასული რედაქციები XI-XIII სს.), დასაბეჭდად მოამზადეს ი. აბულაძემ, ე. გაბიძაშვილმა, ნ. გოგუაძემ, მ. დოლიძემ, გ. კიკნაძემ და ც. ქურციკიძემ, თბ., 1971, გვ.5.
15 - ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი IV, სვინაქსარული რედაქციები (XI - XVIII სს), გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ენრიკო გაბიძაშვილმა, თბ., 1968, გვ. 128.
16 - გეორგიკა, ტ.I, თბ., გვ.194.
17 - გეორგიკა, ტ, I, გვ. 194.
18 - იქვე, გვ. 197.
19 - მ. ჩხარტიშვილი, დასახ,. ნაშრომი, გვ. 36.
20 - იქვე, გვ. 62.
21 - მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995, გვ. 204.
22 - მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალ. აბდალაძემ, თბ., 1984, გვ. 172.
23 - ნ. ციხისთავი, "წმინდა ნინოს ცხოვრების" ქართული და რუსული რედაქციების ზოგი ეპიზოდის ურთიერმიმართება, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1993, №2, გვ. 65.
24 - ტ. რუხაძე, ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVIII სს.), თბ., 1960, გვ. 114.
25 - ე. თაყაიშვილი, ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრება და მისი მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში, ტფ., 1912, გვ. 13; შდრ. Н. Марр, Исторический очерк грузинской церкви, Церковные ведомости, №3, 1907, с. 121.
26 - ნ. შიოლაშვილი, წმ. ნინოს ნამდვილი სახელის წარმოშობის საკითხისათვის, კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, IX, თბ., 2000, გვ. 45-46.
27 - ლ. პატარიძე, ტყვე ქალი ნინო, ჟურნალი "რელიგია", 1993, №4, გვ. 22.
28 - იქვე, გვ. 22-27; შდრ. ზ. კიკნაძე, ქართლის მოქცევის ფოლკლორული ვარიანტები, მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1982, №1.
29 - ვ. გოილაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 99-104.
30 - ლ. პატარიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 45.
31 - შატბერდის კრებული, გვ. 354.
32 - იქვე, 339.
33 - ვ. გურგენიძე, წმინდა მარიამის წილხვედრ ქვეყანაში, თბ., 1995, გვ. 49.
34 - შატბერდის კრებული, გვ. 336.
35 - ვ. გურგენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 54.
36 - ჟურნალი "კავკასიონი", 1954, №7, გვ. 15.
37 - ზ. სხირტლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 54.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ელდარ ბუბულაშვილი