[164]ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე რუსეთი დიდ დაინტერესებას იჩენდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ეს ინტერესი კარგადაა ასახული იმ პოლიტიკურ ურთიერთობებში, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. დღემდე რუსეთსა და საქართველოს შორის უძველესი დროიდან არსებული სარწმუნოებრივი ურთიერთობები ჩვენს ისტორიოგრაფიაში შეუსწავლელია1.
ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ XV საუკუნიდან, როცა რუსეთმა თავი მესამე რომად გამოაცხადა, პოლიტიკურ რანგში აყვანილი საეკლესიო ურთიერთობები განსაკუთრებულ სახეს იღებს. XVI-XVIII საუკუნეებში რუს ელჩებს საქართველოში თან მოჰყვებოდა მრავალრიცხოვანი სასულიერო პირები, რომლებიც ეცნობოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს და უმეტეს შემთხვევაში დამრიგებლის როლში გამოდიოდნენ. თავის მხრივ, ქართველი სასულიერო პირები რუსეთში ხშირად მოგზაურობდნენ, რომელთა ნაწილი სამუდამოდ იქ დარჩა და დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდნენ. ამავე პერიოდიდან, განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეში ხდება ქართული ლიტურგიკული ლიტერატურული ძეგლების შესწორება სლავურის საფუძველზე, რომელიც, როგორც მკვლევარები ფიქრობენ, დამთავრდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკოს ანტონ პირველის დროს2.
XVIII საუკუნეში, როცა რუსეთის სამხრეთ საზღვარი კავკასიის ქედს მოებჯინა, რუსეთის პოლიტიკური ინტერესები საქართველოს მიმართ გაძლიერდა. ეს შეეხო ეკლესიურ ურთიერთობებსაც, რაც დასტურდება ამ ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ დოკუმენტებში და მიწერ-მოწერაში. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე მუხლი საქართველოს მართთლმადიდებელი ეკლესიის საკითხს ეხება, რომლის მიხედვით საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, კათოლიკოს-პატრიარქს უნდა დაეკავებინა რუსეთის მღვდელმთავრებს შორის მერვე ადგილი ტობოლსკის ეპარქიის მღვდელმთავრის შემდეგ. ამ მუხლის მიხედვით, საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი იქნებოდა აგრეთვე რუსეთის უწმიდესი და უმართებულესი სინოდის მუდმივი წევრი. ხოლო მომავალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვისა და მისი რუსეთის უწმიდეს სინოდთან ურთიერთობის გარკვევისათვის საგანგებო არტიკული უნდა შემუშავებულიყო3.
ჩვენი აზრით, აღნიშნული მუხლი, რომელიც ძალზე ზღუდავდა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებს, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით იყო შედგენილი. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს მეფე გიორგი XII-ის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რუსეთისადმი წარდგენილი ”სათხოვარი პუნქტები”, რომელშიც არაორაზროვნადაა დაფიქსრიებული ქართველ პოლიტიკოსთა პოზიცია საქართველოს ეკლესიის მიმართ. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს მწყემსმთავარი თანასწორი უნდა ყოფილიყო რუსეთის ეკლესიის მწყემსმთავრის წინაშე, ხოლო რუსეთის სინოდთან ურთიერთობის გარკვევისათვის [165]საქართველოში უნდა ყოფილიყო მათი წარმომადგენელი სასულიერო პირი, რომელიც თვალყურს მიადევნებდა, რომ რაიმე სარწმუნოებრივ გადახრას არ ჰქონოდა ადგილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში4. იმ პერიოდისათვის, როცა ”სათხოვარი პუნქტები” მუშავდებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც დამოუკიდებელი იერარქია აღარ არსებობდა. იგი გადაქცეული იყო სახელმწიფოს ერთ-ერთ დანამატად უწმიდესი და უმართებულესი სინოდის სახით, რომლის ხელმძღვანელი, საერო პირი ობერპროკურორი სახელმწიფო მოხელე იყო. ხოლო სინოდის მეორე პირი მიტროპოლიტი რუსეთის ეკლესიის საქმეებს განაგებდა. თუ ”სათხოვარი პუნქტებით” საქართველოს ეკლესიის მამამთავარი რუსეთის ეკლესიის წინამძღოლის - მიტროპოლიტის თანასწორი იქნებოდა, ეს ვერავითარი შეღავათი იყო ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ეკლესიისათვის. ისიც იგივე სახელმწიფო დანამატად და რუსეთის ინეტრესების დამცველად მოგვევლინებოდა.
რუსეთის მმართველ წრეებს კარგად ჰქონდათ გააზრებული საქართველოს პოლიტიკური მნიშვნელობა. ამიტომ ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ ამ მხარის შესაერთებლად. მაგრამ საქართველოს ერთ-ერთ რუსულ პროვინციად გადაქცევისათვის მთავარ დაბრკოლებად მათ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია მიაჩნდათ, რადგან ”რუსეთის მთავრობამ ძლიერ კარგად იცოდა, თუ რა უაღრესად ეროვნულ-სახელმწიფოებრივ როლს თამაშობდა ქართული ეკლესია საქართველოს წარსულ ცხოვრებაში და ამიტომ მისი დანგრევა და იქიდან ქართული სულის ამოწვდა ერთ-ერთი უმთავრესი მუხლი შეიქმნა საიმპერიო მთავრობის რუსიფიკატორული პროგრამისა”5.
სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს გუქმებისთანავე რუსეთის მმართველმა წრეებმა დაიწყეს ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისათვის. ბუნებრივია სახელმწიფოებრიობა დაკარგულ ქვეყანაში მეფის რუსეთი ვერ შეეგუებოდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას. მითუმეტეს, რომ ამ მხარის რუსეთის პროვინციად გადაქცევისათვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი სერიოზულ დამაბრკოლებელ საშუალებად მიაჩნდათ. დამპყრობლის მიზანი ნათელი იყო. მას სურდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ეროვნული სულისკვეთების აღმოფხვრა და მის რუსეთის უწმიდესი სინოდის ერთ-ერთ ეპარქიად გარდაქმნა.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისთანავე იმპერატორის მითითებით რუსი მოხელეები აქტიურად ერეოდნენ საქართველოს ეკლესიის საშინაო საქმეებში. ამ დროს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყო ერეკლე მეორის შვილი ანტონ მეორე, რომლის ტრაგიკული ბედი მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას. სამწუხაროდ, ამ დაუცხრომელი პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არ გაგვაჩნია მცირე მოცულობის ნარკვევიც კი. არადა სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სამეფოს გაუქმების შემდეგ საქართველოს ეკლესიამ ათი წლის განმავლობაში შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.
[166]ანტონ მეორე ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელია. იგი იყო ერეკლე მეფისა და დარეჯან დედოფლის ვაჟი, რომელიც დაბადებულა 1762 წლის 8 იანვარს, სწორედ იმ დღეს, როდესაც პეტერბურგში პაპამისი, მეფე თეიმურაზ მეორე გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაპის პატივსაცემად მისთვის თეიმურაზი დაურქმევიათ. მკვლევარების ა. როგავასა და მ. ბერძენიშვილის აზრით, ანტონი უნდა დაბადებულიყო 1764 წელს6. აღნიშნული თარიღის დადგენისას დასახელებული მკვლევარები თუ რა მასალას ეყრდნობიან, ჩვენთვის უცნობია. ჩვენს ხელთ არსებული ყველა წყარო მის დაბადების თარიღად 1762 წელს ასახელებს.
პირველდაწყებითი განათლება მან თავის წინამორბედ კათოლიკოს ანტონ პირველისაგან მიიღო. შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მან იმ დროის კვალობაზე შესაფერისი სწავლა-განათლება შეიძინა. ალბათ, ამის გამო იყო, რომ მამამისი ერეკლე მეფე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ანტონ მეორეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას ანდობდა. როცა გეორგიევსკში რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო ტრაქტატი - 1783 წელს ერეკლე მეორემ რუსეთის სამეფო კარზე გარსევან ჭავჭავაძის მეთაურობით გაგზავნა დელეგაცია. დელეგაციაში იმყოფებოდა ახალგაზრდა ბერი, იეროდიაკონი, ანტონ მეორეც, რომელიც საიმპერატორო კარზე დიდი პატივით მიიღეს. 1784 წელს ერეკლე მეორის თხოვნით პეტერბურგში მყოფი ანტონ მეორე ცარსკოე სელოს ეკლესიაში, თვით იმპერატორ ეკატერინე მეორისა და უმაღლეს მოხელეთა თანდასწრებით, ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდის კათედრის მღვდელმთავრად. იმავე წელს ანტონ მეორე დაუსწრებლად აიყვანეს ალავერდის მიტროპოლიტის ხარისხში7. ანტონ პირველის გარდაცვალების შემდეგ იგი ჩამოიყვანეს საქართველოში და 1788 წლის 29 ოქტომბერს აკურთხეს კათოლიკოს პატრიარქად.
ანტონ მეორემ თავისი თავმდაბლობით, გულმოწყალებით და მწიგნობრობით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. იგი დიდად ზრუნავდა თავისი წინამორბედი კათოლიკოსისა და მასწავლებლის ანტონ პირველის მიერ გახსნილი სასულიერო სასწავლებლებისა და საერთოდ ეკლესიის ძლიერებისათვის. ერეკლე მეფე დიდად აფასებდა ანტონ მეორის ღვაწლს ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ ”და ამისთვის ჯილდოდ უბოძა ნიშანი, რომელიც დარჩა დედოფლის ანნას გარდაცვალების შემდეგ და რომელშიაც რამდენიმე ძვირფასი ნივთი ერია”8.
ანტონ მეორე, როგორც სულიერი მოძღვარი და როგორც ავტორიტეტული პიროვნება, კარგად წარმართავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებს, მაგრამ XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის საემფოში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მეფე გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ (+1800 წლის 28 დეკემბერი) სამეფო კარზე ატეხილმა ბრძოლამ გამეფებისათვის საქართველოს ეკლესიას სირთულეები შეუქმნა. ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით განსაკუთრებით აქტიურობდა დავით გიორგის ძე და იულონ ერეკლე მეორის ძე. ამ არეულობას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ ერეკლე მეორემ მეფობის უკანასკნელ წლებში შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის წესი, რომლის ძალით გიორგი XII-ის გარდაცვალებისას უნდა გამეფებულიყვნენ მომდევნო ძმები უფროსობის მიხედვით. შეცვლილი ტახტის მემკვიდრეობის წესის შესაბამისად გიორგი XII-ის შემდეგ მეფობა ეკუთვნოდა იულონ ბატონიშვილს. მაგრამ მეფე გიორგიმ სიცოცხლეშივე მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი ვაჟი დავითი, რომელიც რუსეთის მეფე პავლე I-ს დაამტკიცებინა. აღნიშნული ფაქტი საქართველოში მყოფი რუსი [167]მოხელეების მოთხოვნით ფიცზე ხელმოწერით დაადასტურა ქართლ-კახეთის სამეფო კარმა, კათოლიკოს-პატრიარქმა და სხვა მღვდელმთავრებმა9. მეფის გარდაცვალებისთანავე იულონმა სცადა მცხეთაში შესვლა და მეფედ კურთხება, მაგრამ დავით გიორგის ძემ რუსთა ჯარის დახმარებით მისი ეს მისწრაფება ჩაშალა.
აშკარად ჩანდა, რომ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი იულონის გამეფების მომხრე იყო. მაგრამ ოფიციალურად მის დასახმარებლად პრაქტიკულ ნაბიჯს ვერ დგამდა, რადგან რუს მოხელეებს საბაბი არ მისცემოდათ ჩარეულიყვნენ ეკლესიის საქმეებში. რუსეთის წარმომადგენლები გენერალ-მაიორი ივანე პეტრეს ძე ლაზარევი და გენერალ-ლეიტენანტი კარლ თეოდორეს ძე კნორინგი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისათვის იბრძონდნენ და არცერთის გამეფებას არ უჭერდნენ მხარს. მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ქართველი სამღვდელოება წირვა-ლოცვის დროს, პავლე პირველის მანიფესტის გამოცხადების შემდეგაც, მეფედ იულონ ბატონიშვილს იხსენიებდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით 1801 წლის 8 იანვარს გენერალ-მაიორმა ი. ლაზარევმა ოფიციალურად მიმართა კათოლიკოს-პატრიქრქ ანტონ მეორეს: ”შევიტყვე, რომ ქართლში სამღვდელოება ბატონიშვილ იულონს მეფედ მოიხსენიებს. ვალდებული ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, ამის შესახებ გაცნობოთ და გთხოვოთ, რათა ამიერიდან ამგვარი მოხსენება აკრძალოთ ქართლისა და კახეთის ხალხში, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება მის საიმპერატორო უდიდებულესობის ნებას, რაც ჩემს მიერ გამოეცხადა როგორც ბატონიშვილს, ასევე ქართლისა და კახეთის ხალხს”10. გენერალ-მაიორის ი. ლაზარევის მოთხოვნას ანტონ მეორემ ყურადღება არ მიაქცია და იგი უპასუხოდ დატოვა. კათოლიკოს-პატრიარქის მოქმედებით აღშფოთებულმა ი. ლაზარევმა იმავე წლის 20 იანვარს დასმენის წერილით მიმართა კავკასიის ხაზის სარდალს გენ.-ლეიტენანტ ი. კნორინგს: ”იულონი მეფედ კურთხევას ცდილობს. ეკლესიებში მას ემფედ იხსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ მე ორჯერ გავაფრთხილე ანტონი, რათა წინააღდგომოდა იულონის ცდას, მან პასუხიც არ მაცნობა და არ აკრძალა მისი მოხსენიება”11. ი. ლაზარევის მოხსენების საფუძველზე კ. კნორინგმა 1801 წლის 25 იანვარს ანალოგიური მოთხოვნით მიმართა ანტონ მეორეს და მოუწოდა გაეფრთხილებინა ძმები, განსაკუთრებით იულონი, რომ ხელი აეღო გამეფების სურვილზე. ამასთან იგი ითხოვდა აკრძალულიყო წირვა-ლოცვის დროს იულონის მეფედ ხსენება. იმავე წლის 25 იანვარს კათოლიკოსმა ანტონ მეორემ საპასუხო წერილით მიმართა კ. კნორინგს, რომელშიც საგანგებოდ აღნიშნავდა თავის ერთგულებას რუსეთის იმპერატორისადმი და დასძენდა: ”...ენდეთ ჩემს სასულიერო ღირსებას, რომ ჩემს ძმებს აქამდეც ვურჩევდი, ახლაც ვურჩევ, და შემდეგშიც არასდროს შევწყვეტ მათდამი რჩევას, რათა წყნარად იყვნენ”. იგი თხოვნით მიმართავს რუს გენერალს: ”თქვენ თვითონ მიმართეთ ასეთივე რჩევით ბატონიშვილებს, რაც სასარგებლოა მათთვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის”12. რაც შეეხება ბატონიშვილ იულონის მეფედ ხსენებას, ანტონ მეორე ადრესატის მიმართ გარკვევით მიუთითებდა: ”მე არასოდეს არ გამიგონია, რომ ჩემი ძმა იულონი, ან სხვა რომელიმე ჩემი ძმათაგანი, ან ჩემი ძმიშვილთაგანი მოეხსენებინათ მეფედ, თორემ თქვენი შეტყობინების გარეშე აუცილებლად ავკრძალავდი საქართველოს ეკლესიაში ამგვარ მოხსენიებას”. წერილის ბოლოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შემპარავად აღიარებდა გენერლის წინაშე, რომ იულონის გამეფებას სთხოვნდნენ რუსეთის იმპერატორს და იმედს გამოთქვამდა ეს თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩებოდა13.
[168]ბატონიშვილების განზრახვის საწინააღმდეგოდ პავლე I-მა ჯერ კიდევ 1800 წლის 18 დეკემბერს ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა. ცოტა მოგვიანებით, 1801 წლის 16 თებერვალს ხსენებული მანიფესტი სიონისა და ვანქის (თბილისში არსებული სომხური ეკლესია) ეკლესიებში წაიკითხეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსი მოხელეების მითითებით წირვა-ლოცვა აღავლინა თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა, ხოლო ანტონ მეორემ პარაკლისი გადაიხადა14. პავლე პირველის მანიფესტის გამოცხადებამ ხელ-ფეხი გაუხსნა საქართველოში მყოფ რუს მოხელეებს და ეკლესიის შინაურ საქმეებში აქტიური ჩარევა დაიწყეს, რომელთა მიზანი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი იმპერიის შემოსავალის წყაროდ გადაქცევგა. ამ მიზნით 1801 წლის თებერვალში კ. კნორინგმა ანტონ II-ს კატეგორიულად მოსთხოვა: ”საქართველოს რუსეთთან შეერთების გამო მისმა საიმპერატორო უდიდებულესობამ კეთილი ინება ჰქონოდა დაწვრილებითი ცნობები საქართველოში სამღვდელოების მდგომარეობის შესახებ, რის გამოც უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მაღალსამღვდელოებავ, მაცნობოთ მე, თქვენი კეთილგანწყობილი აზრი შემდეგ პუნქტებზე: 1) რამდენი საეპისკოპოსოა საქართველოში; ვინაა მათი მმართველი მღვდელმთავარი, ვინაა უსამღვდელოესი სასულიერო ხელმძღვანელები და როგორია მათი დამოკიდებულება მეფის ხელისუფლებაზე?
2) თითოეულ საეპისკოპოსოში რამდენია: მამათა და დედათა მონასტერი, სატაძრო და სამრევლო ეკლესია და რას იღებენ და საიდან იღებენ თავიანთ საარსებო შემოსავალს როგორც უსამღვდელოესი, ასევე მონასტრები და ეკლესიის მსახურები?
3) მონასტრებსა და ეკლესიების სამართავად აქვთ თუ არა მღვდელმთავრებს თავისთან სასამართლო, როგორიცაა: დიკასტერია, სასულიერო მმართველობა ან სადეკანოზო. ვინ არიან იქ დამსწრენი და კანცელარიის სასულიერო და საერო მსახურნი, როგორი ჯამაგირები აქვთ მათ?
4) სასულიერო პირები სამოქალაქო საქმეებს სად არჩევთ სასულიერო თუ სამოქალაქო სასამართლოში?
5) სასულიერო წოდების მინიჭებისათვის ისეთივე წესია საქართველოში როგორიც რუსეთში? სასულიერო წოდების მინიჭება ხდება მოსახლეობის არჩევით თუ სასულიერო ხელმძღვანელობის მიერ?
6) არის თუ არა სამღვდელოებისათვის საეპისკოპოსოებში სასწავლებლები, თუ არის სად იმყოფება, რას ასწავლიან იქ და რით არსებობენ”15?
მოტანილი ვრცელი მასალა იმის დასტურია, თუ როგორ დაინტერესებას იჩენდნენ რუსეთის რეაქციული ძალები საქართველოს ეკლესიის მიმართ. როგორც ვხედავთ, მათ აინტერესებდათ საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. სწორედ ამიტომ ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე რუსი გენერალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან ითხოვდა დაწვრილებითი ცნობების მიწოდებას. სამაგიეროდ, როგორც იგი ანტონ მეორეს წერდა: ”ვბედავ დაგარწმუნოთ თქვენ, რომ მისი საიმპერატორო უდიდებულესობის წმიდა ნების აღსასრულებლად თქვენი ხელშეწყობისათვის მონარქიის წყალობით მზრუნველობა გაგეწევათ”16.
ანტონ მეორემ 1801 წლის მარტში ზემოთ დასახელებულ კითხვებზე ვრცელი დასაბუთებული პასუხი გაუგზავნა გენ.-ლეიტენანტ კ. კნორინგს არა იმის გამო, რომ იგი იმპერატორისაგან რაიმე წყალობას ელოდა, არამედ [169]მას სურდა რუსეთის საიმპერატორო კარისათვის ეჩვენებინა საქართველოს ეკლესიის სახით თუ როგორ ძირძველ და დიდი ტრადიციების მქონე ეკლესიასთან ჰქონდა საქმე. სწორედ ამ მიზნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის მოხსენების დასაწყისში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ეკლესიის წარსულს. იგი წერს, რომ IV საუკუნის პირველ ნახევარში წმიდა ნინო განმანათლებლისა და მირიან მეფის დროს მოხდა საქართველოს ეკლესიის ჩამოყალიბება. მათი მეშვეობით აიგო პირველი ეკლესიები, ხოლო ქართული ეკლესიის პირველი მღვდელმთავრის კურთხევა მოხდა ანტიოქიის პატრიარქ ევსევის მიერ. შემდეგ ანტონ მეორე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის დროს საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია, რომელიც ”... დამტკიცებულია მეფეთაგან, ბერძენ პატრიარქთაგან და მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ, რომ საქართველოს საპატრიარქო იყო თვითმპყრობელი ისევე, როგორც დღემდე ეს საპატრიარქო არის დამოუკიდებელი”17. თუმცა როგორც მოხსენებაშია მითითებული, XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს სამეფო-სამთავროების დაშლის შემდეგ იმერეთის სამეფოს ზოგიერთი მეფის ხელშეწყობით (იგულისხმება ბაგრატ VI, ე.ბ.) შეიქმნა დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებელი საკათალიკოსო. ანტონ მეორე რუს მოხელეს მოახსენებდა, რომ საქართველოს საერო ხელისუფლება ყოველთვის ზრუნავდა ეკლესიის სიძლიერისათვის. მათი ხელშეწყობით იგებოდა ეკლესია-მონასტრები. მეფეები და მთავრები ტაძრებს სწირავდნენ ყმა-გლეხებს და მიწებს, რითაც შეიქმნა სამონასტრო მამულის მდიდარი ფონდი, რომელიც ეკლესიის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი ჩამოთვლის ქართლისა და კახეთის სამიტროპოლიტოებსა და საეპისკოპოსოებს, დაწვრილებით აღწერს თითოეულ საეპისკოპოსოსში დაცულ მონასტრებსა და ეკლესიების არსებულ მდგომარეობას. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ მღვდელმთავრები, არქიმანდრიტები და მათზე დაქვემდებარებული სასულიერო და საერო პირები შემოსავალს იღებენ საეკლესიო გლეხებიდან და სამონასტრო მამულებიდან. ხოლო სამრევლოების სასულიერო პირები ცხოვრობენ თავიანთი მრევლის ხარჯზე და საკუთარი შრომით. სასულიერო ხარისხის მიღება ხდებოდა ”შთამომავლობით, ღირსებით და არჩევით”. ხოლო სასულიერო სასამართლო ანუ დიკასტერია, როგორც ანტონ მეორე წერს: ”ჩვენი საპატრიარქო სახლის გარდა არსად არ არის, თუმცა ყველა საეპისკოპოსოში სასულიერო საქმეებს განაგებენ თვით მღვდელმთავრები თვიანთი სამღვდელოების თანდასწრებით”. რაც შეეხება ეკლესიის როლს სწავლა-განათლების განვითარებაში, კათოლიკოს-პატრიარქი რუს მთავარსარდალს მოახსენებს, რომ ყველა საეპისკოპოსოსში ბავშვებს წერა-კითხვასა და გალობას ასწავლიან, ხოლო სასულიერო კადრების მომზადებაში დიდ როლს ასრულებდა მეფე ერეკლე მეორის დროს თბილისსა და თელავში გახსნილი სასულიერო სემინარიები, სადაც მოსწავლეები ხაზისნის ხარჯზე სწავლობდნენ გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას და სხვა საგნებს18.
ამ ვრცელი მოხსენების შემდეგ კ. კნორინგს კათოლიკოს-პატრიარქისაგან გაეგზავნა დამატებითი ცნობა საქართველოს საპატრიარქოს არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დაწვრილებით იყო მითითებული თითოეულ საეპისკოპოსოზე რამდენი სოფელი იყო მიწერილი და ვინ იყვნენ მღვდელმთავრები. აგრეთვე აღრიცხული იყო საეპისკოპოსოს ტერიტორიაზე მცხოვრებ თავადთა და აზნაურთა რაოდენობა.
ანტონ მეორის გარდა კ. კნორინგმა წილკნის ეპისკოპოსს იოანეს დაავალა მასალები შეეკრიბა თავის დაქვემდებარებულ ეპარქიაში ეკლესია-[170]მონასტრების შესახებ, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო შემოსავლის წყაროებიც. იოანე ეპისკოპოსმა იმპერატორ პავლე პირველის სახელზე შეადგინა ვრცელი მოხსენება ქსნისა და არაგვის ხეობის ეკლესია-მონასტრების ფაქტიური მდგომარეობის შესახებ, სადაც დაწვრილებით იყო საუბარი წილკნის ეპარქიის შემოსავალზე კონკრეტული ციფრების ჩვენებით19. აღნიშნული მასალა კ. კნორინგისადმი გადასაცემი გაგეგზავნა კათოლიკოს-პატრიარქს. მაგრამ რუსი მოხელე კმაყოფილი არ იყო ანტონ მეორის მიწოდებული მასალით, რადგან მასში ნაკლები ადგილი ეთმობოდა საქართველოს ეკლესიის ფინანსებს. რუსეთის რეაქციულ ძალებს კი ეს უკანასკნელი აინტერესებდათ.
მართალია, ზემოთაღნიშნული მასალები კ. კნორინგს წარედგინა, მაგრამ იგი უცნობი დარჩა იმპერატორ პავლე პირველისათვის, რომელიც 1801 წლის 11 მარტს შეთქმულების მსხვერპლი შეიქმნა. ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მამის მანიფესტი ფაქტიურად გააუქმა, არა იმიტომ, რომ უარი განაცხადა ქართლ-კახეთის დაპყრობაზე, არამედ მას სურდა ეს აქტი უფრო ”ცივილიზირებული” ფორმით გადაეწყვიტა. 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის მფლობელობაში აღმოჩნდა. იმპერატორი ალექსანდრე პირველი მაშინდელი მსოფლიოს წინაშე რიხიანად აცხადებდა: ”არა ძალების შემოსამატებლად, არა ანგარებისათვის, არა საზღვრების გაფართოების მიზნით... ვიტვირთეთ ჩვენ საქართველოს სამეფოს მართვა. მხოლოდ ღირსება, მხოლოდ პატიოსნება და ადამიანობა გვაკისრებს ჩვენ წმინდა მოვალეობას ვისმინოთ ტანჯულთა ვედრება, ავარიდოთ ჭმუნვას, დავაარსოთ საქართველოში მმართველობა, რომელიც შეძლებს მართლმსაჯულების დამყარებას, მიანიჭებს მათ პირად და ქონებრივ უსაფრთხოებას და პიროვნების მიერ დაცვას”20.
თუ როგორ შეასრულა რუსეთის იმეპრატორმა თავისი დანაპირები ამას კარგად გვიჩვენებს რუსი მოხელეების აღვირახსნილი მოქმედება საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი მათი აქტიური ბრძოლა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ მეორის მიმართ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისათვის. ბუნებრივია სახელმწიფოებრიობა დაკარგულ ქვეყანაში მეფის რუსეთი ვერ აიტანდა დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას. ამიტომ იგი მანიფესტის გამოქვეყნებისთანავე ყოველგვარი ხერხების გამოყენებით ცდილობდა საქართველოს ეკლესიის თვითმართველობის მოსპობას.
იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა საქართველოში მოღვაწე რუსი მოხელეების ინფორმაციით კარგად იცოდა, რომ კათოლიკოსი ანტონ მეორე, როგორც ერის სულიერი მოძღვარი და საერთოდ სასულიერო წოდება, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამიტომ მან, მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ, 1801 წლის 31 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის გულის მოგების მიზნით საგანგებო წერილით მიმართ მას, რომელშიც იგი თვალთმაქცურად კეთილშობილურ დამოკიდებულებას იჩენდა გაუქმებული საემფოს სულიერო მოძღვრის მიმართ. ”კეთილდღეობა და სიმშვიდე - წერდა რუსეთის იმპერატორი ანტონ მეორეს - ჩვენი ერთმორწმუნე ქართველი ხალხისა, რომელიც ჩვენი განსაკუთრებული მზრუნველობისა და დაცვის ქვეშაა. ჩვენ ვთვლით, რომ სამართლიანია აღინიშნოს ჩვენი კეთილგანწყობის განსაკუთრებული ნიშნებით ეს ცნობილი და ჩვენთვის სასიამოვნო ხალხი. ჩვენი თქვენდამი პატივისცემის ნიშნად მიგვაჩნია თქვენი წოდების შესაფერისი ყურადღება მიგვექცია თქვენზე და გვებოძა თქვენთვის წმ. ალექსანდრე ნეველის კავალრობა, რისი ნიშნები თქვენთვის გადმოსაცემად თან გაახლეთ და გადმოგეცემათ ჯვარი ბრილიანტებით და სერაფიმებით. ჩვენ დარწმუნებული [171]ვართ, რომ თქვენ თანამდებობას სულით და რწმენით ემსახურებით და იქნებით ქართველი ხალხისათვის მაგალითის მიმცემი”21.
ანტონ მეორე კარგად ერკვეოდა რუსეთის იმპერატორის ზრახვებში, მაგრამ მის ზემოთ აღნიშნულ წერილს, როგორც თავდაცვის საშუალებას იგი ხშირად იყენებდა რუსი მოხელეების ძალმომრეობის წინააღმდეგ. მაგრამ ეს მათ არ აშინებდათ, რადგან თვით ალექსანდრე იმპერატორის მითითებით აქტიურად ერეოდნენ ეკლესიის საშინაო საქმეებში. რუსეთის მმართველი წრეების ასეთი პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ აქარწყლებდა მათ შეხედულებას ერთმორწმუნეობის შესახებ, რომელსაც ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხაზს უსვამდნენ. ამ მიზანს ემსახურებოდა იმპერატორ ალექსანდრე პირველის სურვილი საქართველოდან XVIII საუკუნის შუა ხანებში რუსეთში გატანილი ქრისტიანული სიწმინდე - წმინდა ნინოს ჯვარი თავის კანონიერ მფლობელს დაბრუნებოდა. იმპერატორის მიერ შემუშავებული გეგმით წმ. ნინოს ჯვარი 1802 წლის აპრილში დიდი ზარ-ზეიმით მოასვენეს თბილისში. საზეიმო ცერემონიალში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამღვდელოებამ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორის ხელმძღვანელობით22. წმიდა ნინოს ჯვრის შემოსვლას საქართველოში მრავალი რუსი მოხელე მოჰყვა, რომელთა სურვილი იყო დაპყრობილი ქვეყნის მართვა.
რუსმა მოხელეებმა, რომლებიც აქტიურობდნენ საქართველოს ეკლესიის გაუქმებისათვის, სცადეს ანტონ მეორე და სხვა ქართველი სამღვდელოება გამოეყენებინათ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის. მათ კარგად იცოდნენ, რომ თუკი მღვდელმთავგრების საშუალებით მორწმუნე ერი ”ფიცით აღთქმას” აღიარებდა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, მაშინ მანიფესტის ცხოვრებაში გატარება გაადვილდებოდა. ამ მიზნით, რუსმა მოხელეებმა იმპერატორის მითითებით 1802 წლის 12 აპრილს თბილისის საზოგადოებას თავი მოუყარეს სიონის საკათედრო ტაძარში და წაუკითხეს ალექსანდრე პირველის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. მთავარმართებელ კ. კნორინგის ბრძანებით კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორეს შეკრებილი მოსახლეობა ძალით დააფიცებინებს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. სიონში შეკრებილ ქართველ საზოგადოებას და სამღვდელოებას, როგორც ბაგრატ ბატონიშვილი წერს: ”... არ ენებათ აღება მეფობისა თვისისა, სამღვდელოითა და კათალიკოზითა და მოარტყეს სიონისა ეკლესიასა გარს რუსეთისა მხედრობა ზარბაზნებითურთ და აუწყეს: ”უკეთუ არ ჰყოთ ფიცსა ერთგულებასა ზედა რუსეთისასა, ამოგწყვეტთ”23. შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები მოერიდნენ მოსალოდნელ გართულებებს და ეს ნაბიჯი იძულებით გადადგეს. იმპერატორმა კათოლიკოს-პატრიარქის გულის მოგების მიზნით იგი დააჯილდოვა ალექსანდრე ნეველის ორდენით და თეთრი ბარტყულათი, რომელიც შემკული იყო სერაფიმებით და ბრილიანტის ძვირფასი ჯვრით24. პეტერბურგში რუსულ ენაზე საგანგებოდ შედგენილი ფიცის ტექსტი ანტონ მეორის მითითებით სიონში შეკრებილი საზოგადოების წინაშე ქართულ ენაზე წაიკითხა არქიმანდრიტმა ტრიფილემ25.
აღნიშნულ ფიცის ტექსტს საერო პირებთან ერთად ხელი მოაწერა კათოლიკოსმა ანტონ მეორემ, მთავარეპისკოპოსმა იუსტინემ, თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა, ბოდბელმა იოანემ, სტეფანე რუსთველმა, გერვასი წილკნელმა, ამბროსი ნეკრესელმა, ათანასე ნიქოზელმა, იოანე ნათლისმცემლის წინამძღვარმა ექვთიმემ და სხვებმა. ჩატარებული საზეიმო ცერემონიალით კმაყოფილი მარტო გენერალი კ. კნორინგი იყო, რომელმაც 1802 წლის 12 აპრილს იმპერატორს აცნობა: ”ცერემონიალის დამთავრების შემდეგ [172]კათოლიკოსისა და შვიდი მღვდელმთავრის მიერ მრავალ მღვდელთან ერთად აღვლენილი იქნა საზეიმო სამადლობელი ლოცვები ღვთისადმი თქვენი უდიდებულესობის იმპერატორისა და მთელი თქვენი უდიდებულესი საიმპერატორო გვარის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ზარბაზნების ხშირი სროლითა და ხალხის მხიარული შეძახილებით”26. კ. კნორინგი იმპერატორისადმი წარდგენილ მოხსენებაში არ იყო გულწრფელი, რადგან ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებით სიონში შეკრებილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა და დაფიცებაზე უარს აცხადებდა. მთავარმართებლის მითითებით უკმაყოფილონი დააპატიმრეს. ქართველმა დიდებულებმა გენერლის მოქმედება ავანტიურად მიიჩნიეს და იმპერატორ ალექსანდრე პირველს გაუგზავნეს საჩივარი მანიფესტის გამოცხადებისას გამოყენებული ძალადობის გამო27. მაგრამ პეტერბურგის საიმპერატორო კარი არ დაინტერესებულა მათი სამართლიანობის გარკვევით.
ფიცის ტექსტზე ხელმოწერის მიუხედავად საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა უკმაყოფილონი იყვნენ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებით, მაგრამ აშკარად ვერ გამოხატავდნენ თავიანთი პოზიციას, რადგან იცოდნენ, რომ ამით რუსეთის ხელისუფალნი დააჩქარებდნენ ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებას. ასეთივე პოზიცია ეჭირა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მერესაც. მართალია მას მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ თანაგრძნობით ეკიდებოდა 1802 წლის კელმენჩურის შეთქმულებას, 1804 წლის მთიულეთისა და 1812 წლის კახეთის აჯანყებას. ზოგიერთი მღვდელმთავარი და სასულიერო პირები ზემოთ აღნიშნულ გამოსვლებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ. ასე რომ საქართველოს ეკლესია არასოდეს შეგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას და მისი აღდგენისათვის შეძლებისდაგვარად კიდეც იბრძოდა.
ქართველი სამღვდელოების კომპრომისულ ნაბიჯზე წასვლის მიუხედავად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისთანავე რუსი მოხელეები ყოველგვარი დაფარვის გარეშე ერეოდნენ საქართველოს ეკლესიის საშინაო საქმეებში. ახალი მმართველობის დამყარების შემდეგ მთავარმართებელმა კ. კნორინგმა 1802 წლის ზაფხულში ანტონ მეორეს ხელმეორედ მოსთხოვა დაწვრილებითი მასალები საპატრიარქოს სტრუქტურისა და კათოლიკოსის წლიური შემოსავლის შესახებ. ანტონ მეორემ მთავარმართებლის ეს მოთხოვნა შეასრულა. გამოირკვა, რომ საპატრიარქოს წლიური შემოსავალი შეადგენდა 2900 კოდ პურს, 395 საპალნე ღვინოს და 3980 მანეთს28. ბუნებრივია, რომ ასეთ დიდ შემოსავალს რუსეთის იმპერატორი ეკლესიის მწყემსმთავარს არ დაუტოვებდა. მით უმეტეს, რომ მისი სურვილი იყო საქართველოს ეკლესია რუსეთის უწმიდესი სინოდის მეშვეობით ემართა. ამ მიზნის განსახორციელებლად იმპერიულ ძალებს სურდათ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია ისე მოეხდინათ როგორც რუსეთში იყო და იგი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინათ.
ერთმორწმუნეობის მიუხედავად საქართველოს ეკლესია თავისი ტრადიციებით, წესჩვეულებებით და ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით დიდად განსხვავდებოდა რუსეთის ეკლესიისაგან. რუსეთში ჯერ კიდევ, პეტრე პირველმა 1721 წელს გააუქმა პატრიარქის თანამდებობდა და მის ნაცვლად ეკლესიის სამართავად დააწესა უწმიდესი სინოდის მმართველობა, რომელსაც სათავეში ჩაუყენა საერო პირი ობერპროკურორი. ამ რეფორმით მან ეკლესია საერო ინტერესებს დაუმორჩილა. ხოლო ეკატერინე მეორემ 1784 წელს საეკლესიო მამულები და მთელი უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფო ხაზინის საკუთრებად გამოაცხადა. ამიერიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საერო ხელისუფალთა პოლიტიკის ნება-სურვილის აღმსრულებელი იყო. [173]სწორედ ასეთი მმართველი ორგანოსათვის სურდა რუსეთის ხელისუფალთ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის დაქვემდებარება. ამიტომ ეკლესიის რეორგანიზაციისათვის ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან აღნიშნული ცნობების მიწოდებას. ანტონ მეორე კარგად გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. ამის გამო იგი ცდილობდა გარეგნულად კარგი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს მაშინდელ მმართველ წრეებთან და სურდა ასეთი ”კეთილგანწყობილება” ეკლესიის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა, მაგრამ რეაქციული ძალები არ ისვენებდნენ, რადგან ისინი საქართველოში საეკლესიო რეფორმის გატარებას სახელმწიფო მნიშვნელობას ანიჭებდნენ29.
ახალი მთავარმართებელი პავლე ციციანოვი (1802-1806), წარმოშობით ქართველი, რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი იყო. მაგრამ ზოგჯერ იგი თავის ამ ზრახვას ”კეთილშობილური” საქციელით ნიღბავდა. ჩამოსვლისთანავე მან ადგილობრივი სამღვდელობის გულის მოგების მიზნით ითავა 1802 წლის 10 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებული სიონის ტაძრისა და ეკლესიის 10 სავაჭრო დუქნის აღდგენა. მისი შუამდგომლობით იმპერატორმა 10000 მანეთი გამოყო, რითაც შეკეთდა სიონი და აღდგა დამწვარი სავაჭროებიც30. მაგრამ როცა ანტონ მეორემ მოინდომა შიო მღვიმის მონასტრის განახლება და მატერიალური დახმარებისათვის პ. ციციანოვს მიმართა, ამ უკანასკნელმა პეტერბურგში გრაფ კოჩუბეის შეატყობინა, რომ აღნიშნული მონასტრის შესაკეთებლად დიდძალი თანხა არის საჭირო, რაც ხაზინას მძიმე ტვირთად დააწვება. საქართველოსათვის კი მას არავითარი ღირებულება არ გააჩნიაო31. მან აგრეთვე უარი განუცხადა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს ქართული საეკლესიო საგალობლების სრულყოფისათვის შესაბამისი გასამრჯელო გაღებულიყო სახელმწიფოს მიერ. ამას აკეთებდა პიროვნება, რომელსაც ყოველგვარი ეროვნული თვითშეგნება დაკარგული ჰქონდა და მრავალსაუკუნოვან დახვეწილ ქართულ საეკლესიო საგალობლებს თხის პეტელს ამსგავსებდა, ხოლო ანტონ მეორეს ურჩევდა მის ნაცვლად წირვისას კიევის ნოტები გამოეყენებინა32.
პ. ციციანოვმა, როგორც საქართველოს მთავარმართებელმა, განიზრახა საერო საქმეებთან ერთად ეკლესიის მმართველობაც თავის გავლენის სფეროში მოექცია. ამ მიზნით იგი უნდობლად უყურებდა ანტონ მეორეს და მის ყოველ მოქმედებას კონტროლს უწევდა. 1803 წლის გაზაფხულზე თბილისში შავი ჭირი მძვინვარებდა. კათოლიკოს-პატრიარქს სურდა მცხეთაში წასულიყო საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით, მტრებმა კი ხმა დაუყარეს, ეპიდემიის გამო მცხეთაში გახიზნვას აპირებსო. ამ უმნიშვნელო ფაქტთან დაკავშირებით მთავარმართებელმა მის დაუკითხავად წასასვლელად გამზადებულ ანტონ მეორეს 1803 წლის 15 ივნისს მუქარის წერილით მიმართა: ”ფეხი არ გაადგა, თორემ იმპერატორთან გიჩივლებო”33. როგორც ვხედავთ, პ. ციციანოვი მიზეზებს ეძებდა საქართველოს ეკლესიის მეთაურის დამორჩილებისათვის. ეს უკანასკნელი ფრთხილად მოქმედებდა, რომ საბაბის საფუძველი არ მიეცა განრისხებული მთავარმართებელისათვის. მაგრამ შეუძლებელი იყო ასე დაძაბულად ცხოვრება, როცა პ. ციციანოვმა ბაგრატიონების გასახლება დაიწყო რუსეთში, ანტონ მეორემ აშკარად მხარი დაუჭირა თავისი დედის - დარეჯან დედოფლის მოთხოვნას, დაეტოვნებინათ იგი თავის სამშობლოში. მთავარმართებელმა როცა იგრძნო ანტონ მეორის ასეთი განწყობილება, მას ბრალი დასდო რუსეთის საწინააღმდეგო საქმიანობაში, რითაც კათოლიკოსმა ხელი აიღო თავისი დედის კანონიერი მოთხოვნის დაცვაზე.
[174]რუსეთის რეაქციული ძალები სხვა ხერხებითაც ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიას და მის მწყემსმთავარს. კათოლიკოს-პატრიქრის იზოლაციისა და საქართველოს ეკლესიის მმართველობაში არევ-დარევის შეტანის მიზნით მათ ქართველ სასულიერო პირებს შორის მტრობისა და შუღლის ჩამოგდება დაიწყეს. ამ მიზნით რუსმა მოხელეებმა ქრთამითა და სხვა საშუალებებით თავის მხარეზე გადაიყვანეს საეკლესიო პირების გარკვეული ნაწილი და ისინი ანტონ მეორეს დაუპირისპირეს. მათი ვარაუდით, ამ გზით გაადვილდებოდა კათოლიკოს-პატრიარქის ჩამოშორება ეკლესიის მმართველობისაგან, იმ მოტივით, რომ იგი თითქოს ვერ ართმევდა თავს სულიერო მოძღვრის მოვალეობას. თავიანთი შავბნელი ზრახვების განხორციელებისათვის რუსეთის რეაქციულმა ძალებმა გამოიყენეს ქსნის ერისთავის შთამომავალი ვარლამი, რომელიც რუსეთიდან ახლადდაბრუნებული არქიეპისკოპოსის ხარისხით აქტიურად ჩაება საქართვლოს ეკლესიის საქმიანობაში. მასზე რუსი მოხელეები დიდ იმედებს ამყარებდნენ. ვარლამ არქიეპისკოპოსის მეშვეობით მათ სურდათ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია, რადგან იგი როგორც რუსეთის უწმიდესი სინოდის წევრი კარგად ერკვეოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურაში. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ცარიზმმა სწორედ ვარლამ არქიეპისკოპოსის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე მოახდინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება. მართალია, რუს მოხელეებს სურდათ, ვარლამი კათოლიკოს-პატრიარქისთვის დაეპირისპირებინათ, მაგრამ იგი საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრისადმი ცუდად არ იყო განწყობილი. ვარლამ არქიეპისკოპოსი ანტონ მეორეს პატივისცემით ეპყრობოდა და მასთან ურთიერთობაში სიფრთხილეს იჩენდა.
სამაგიეროდ რუსმა ჩინოვნიკებმა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის მიმართ მტრულად განაწყვეს თფილელი მიტროპოლიტი არსენი, რომელიც წარმოშობით ბაგრატიონი იყო, თუმცა იგი ნადიბაიძის გვარს ატარებდა. არსენი იყო ვახტანგ მეექვსის ძმის, იესეს უკანონო შვილის აბდულა-ბეგის (არჩილის) შვილი34. როგორც ქართლის ბაგრატიონის წარმომადგენელი ის ოპოზიციაში ედგა თეიმურაზ მეორესა და ერეკლე მეფეს. მაგრამ მათ წინააღმდეგ აქტიურად ვერ მოქმედებდა. XVIII საუკუნის 90-იან წლებში ანტონ მეორის წარდგინებით, არსენი ტფილელ მიტროპოლიტად დაინიშნა და კარგადაც წარმართავდა თავის საქმიანობას. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ იგი რუსეთის მთავრობას ერთგულებას ეფიცებოდა. ეს უკანასკნელი კი არსენს დიდად წყალობდა, ”საფიქრებელია უფრო ანტონ მეორის პარალიზაციის მიზნით, მით უფრო, რომ ისიც სამეფოს საგვარეულოს წევრი იყო”35. მისი გულის მოგების მიზნით პ. ციციანოვის მოღვაწეობისას იგი დაჯულდოებული იქნა წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენით, ხოლო ი. გუდოვიჩის (1806-1809) მმართველობის დროს, 1807 წელს, მას ებოძა თეთრი ბარტყულა ბრილიანტის ძვირფასი ჯვრით შემკული.
რუსი მოხელეების ყურადღებით გათამამებული არსენ მიტროპოლიტი საკმაოდ მყარად გრძნობდა თავს, რომელიც დავით ბატონიშვილის სიტყვით ”თავხედი, ამპარტავანი და გულფიცხი იყო”. ასეთი თვისების მქონე პიროვნება ქართველ სასულიერო პირებს შორის ავტორიტეტს არ ცნობდა და ხშირად ეკლესიაში აყალმაყალისა და დებოშის ამტეხი იყო. პირველად ასეთი განწყობილება არსენ მიტროპოლიტმა გამოავლინა 1803 წლის 27 დეკემბერს წილკნელი ეპისკოპოსის იოანეს დაკრძალვის დღეს გამართულ პანაშვიდზე, როდესაც მან ადგილის დაკავების გამო დავა აუტეხა სოლომონს, სიონის დეკანოზს. დავა ჩხუბსა და აყალმაყალში გადაიზარდა. დაკრძალვის შემდეგ, [175]როდესაც არსენ მიტროპოლიტი სახლში ბრუნდებოდა, გზაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ. თავდამსხმელთაგან ერთი იყო დეკანოზ სოლომონის ვაჟი, რომელიც ანტონ კათოლიკოსის, დარეჯან და მარიამ დედოფლის მოსამსახურე იყო. არსენმა მომხდარი ფაქტი უმაღლეს ხელისუფლებას აცნობა. მართალია პატიმრის დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ მომხდარ თავდასხმას არაფერი აკავშირებდა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავართან, მაგრამ ეს ფაქტი რუსმა მოხელეებმა ანტონის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. თვით პ. ციციანოვის უნდობლობა გაიზარდა კათოლიკოსის მიმართ, ხოლო ზოგიერთი სასულიერო პირი ანტონ მეორეს ეჭვის თვალით უყურებდა. მომხდარი ამბების შემდეგ პ. ციციანოვი აქტიურად ერეოდა საქართველოს ეკლესიის საქმეებში. იგი ანტონ მეორეს უფლებას არ აძლევდა მასთან შეთანხმების გარეშე გადაეწყვიტა რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი. რუს მოხელეთა განზრახვის მიუხედავად კათოლიკოსი არ აპირებდა საეკლესიო საქმეების საერო ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებას და ცდილობდა დამოუკიდებლად წარემართა თავისი მოღვაწეობა. ამ ნიადაგზე საერო და სასულიერო წრეებს შორის დამოკიდებულება თანდათან მძიმდებოდა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ანტონ კათოლიკოსი იძულებული იყო ანგარიში გაეწია რუს მოხელეთა მოთხოვნებისათვის. როცა 1804 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი ექვთიმე, მის ნაცვლად ეპისკოპოს სტეფანე რუსთველის წარდგინებით ანტონ მეორემ მთავარმართებელთან შეუთანხმებლად დანიშნა დომენტი და თან წერილით აცნობა პ. ციციანოვს: ’”უბრძანე ისპრავნიკს გლეხნი და მამულები ჩამაბაროსო”36. მთავარმართებელი აღშფოთდა კათოლიკოსის მოქმედებით. მისი გადაწყვეტილება უკანონოდ ჩათვალა და საპასუხო წერილში მკაცრი ტონით დაგმო ანტონ მეორის ”თვითნებობა”, ”უწინ - წერდა იგი კათოლიკოსს - საერო მთავრობას ეკითხებოდა ხოლმე და ეხლა კი მე არა მკითხეთ რა წინამძღვრის დანიშვნაზე, შემწეობას კი მთხოვთ”37. შემდეგ იგი აცნობებს, რომ ”თქვენი წერილის მიღებამდე მივიღე ნიქოზელი ათანასეს თხოვნა - ეპარქიის მოვლა არ შემიძლია სიბერის გამო, მომეცით ნათლისმცემლის წინამძღვრობა და ან სიკვდილამდე 12 თუმანიო. ამიტომ ათანასე დანიშნეთ წინამძღვრად და დომენტი თანაშემწედ დაუნიშნეთ და წელიწადში 12 თუმანი ეძლეოდეს სიკვდილამდე”. თუკი კათოლიკოსი არ მიიღებდა მთავარმართებლის წინადადებას, მაშინ ეს უკანასკნელი იმუქრებოდა, ყოველივე ”... მალე მაცნობე, რომ იმპერატორს ვაცნობო ამისთანა არევ-დარევა სასულიერო გამგეობაშიო”38. ანტონ კათოლიკოსი მოერიდა გართულებას, მით უმეტეს, რომ მთავარმართებელი იმპერატორთან ჩივილით იმუქრებოდა და იძულებული შეიქმნა მხარი დაეჭირა პ. ციციანოვის კანდიდატურისათვის.
საქართველოს მთავარმართებლის აქტიური ჩარევა ეკლესიის საშინაო საქმეებში სხვა მხრივათაც დასტურდება. იგი კათოლიკოს ანტონ მეორეს უფლებას არ აძლევდა თავისუფალ ეპარქიაში ახალი ეპისკოპოსი აერჩია. როცა ნიქოზის ეპისკოპოსის ადგილი გათავისუფლდა, მან ურცხვად მისწერა ანტონს, რომ იგი მცხეთის სამთავროს მონასტრისათვის მიეწერათ. ეპარქიების შემცირებით პ. ციციანოვი თანდათანობით ამზადებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას. ამ საკითხთან დაკავშირებით იგი 1804 წლის 24 აპრილს იმპერატორ ალექსანდრე პირველს წერდა: ”თავისი ნებით ეპისკოპოსთა გადადგომა, ჩემი აზრით, საუკეთესო საშუალებაა ეპარქიების გაუქმებისათვის და სხვებზე მიწერაო”. იგი თავს იწონებდა იმპერატორის წინაშე: ”ამ გზით სამი ეპარქია გავაუქმე და სამი კიდევ დამრჩაო”. პ. ციციანოვი ასეთი ”მოღვაწეობით” რუსეთის პოლიტიკური ინტერესებიდან ამოდიოდა და [176]ბუნებრივია მისი ყოველი მოქმედება ცარისტული ხელისუფლებისათვის მოსაწონი იყო. მაგრამ ხალხის უკმაყოფილების შიშმა აიძულა ისინი ამ ნაბიჯზე არ წასულიყვნენ და მთავარმართებელს ატყობინებდნენ: ”...ერიდე უსიამოვნებას და აურზაურს ყველასთანო”39. ასე თანდათან იძაბებოდა ურთიერთობა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის.
უმწეო მდგომარეობაში მყოფ ანტონ კათოლიკოსის წრე თანდათან ვიწროვდბოდა. პ. ციციანოვმა შეძლო მისი ახლობლების რუსეთში გადასახლება, რასაც იგი ტრაგიკულად განიცდიდა. ანტონ მეორე ძალზე დაამწუხრა დედის - დარეჯან დედოფლის გარდაცვალებამ, რომელმაც 1807 წლის დასაწყისში პეტერბურგში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. დედოფალთან მყოფი რუისის მიტროპოლიტი იონა დედის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს უგზავნის ანტონს და თან სულიერი სიმტკიცისაკენ მოუწოდებს40.
ი. გუდოვიჩის (1806-1809) მმართველობის დროს რუსეთის ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებანი განახორციელა საქართველოს ეკლესიის მიმართ. საეკლესიო მამულების მითვისების მიზნით მან ყურადღება მიაპყრო სოფლის დაბალი სამღვდელოების სოციალურ მდგომარეობას. 1807 წლის 7 ივლისის ბრძანებით იმპერატორმა ისინი გაათავისუფლა თავადაზნაურთა ყმობისაგან და სხვა ბეგარა-გადასახადებისაგან. რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა მიმართ გადადგმული ეს ნაბიჯი კეთილშობილურად გამოიყურებოდა, მაგრამ ცარიზმს მისი განხორციელებით რამდენიმე საკითხის მოგვარება სურდა: ჯერ ერთი ყმობისაგან გათავისუფლებული სოფლის დაბალი სამღვდელოება სახაზინო უწყებაში მოექცა და მეორეც, ამით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმების გზაზე. თუმცა რუსეთის მთავრობა თავის ამ ზრახვებს ნიღბავდა იმ მოტივით, რომ თითქოს ყველაფერს ”ღვთისა და ეკლესიის პატივისცემით” აკეთებდა. ამასთანავე, როგორც თვითონ აცხადებდნენ, საქართველოს ცხოვრებაში სამღვდელოების ყმობა რუსეთის იმპერიის კანონებისათვის მიუღებელი იყო, ხოლო სასულიერო პირებისათვის შეურაცხმყოფელი41. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები რუსეთის იმპერატორის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წასულან, რადგან კარგად ხვდებოდნენ, რომ მათი უარყოფითი რეაქციის შემთხვევაში, დაბალი სამღვდელოების გულის მოგების მიზნით გადადგმული ეს ნაბიჯი მთავრობას შეეძლო გამოეყენებინა ეკლესიის დამოუკიდებლობის ლიკვიდაციისათვის. რუსეთის რეაქციული ძალების ვარაუდით, თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი სამღვდელოება მხარს არ დაუჭერდა ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას, მაშინ სოფლის დაბალი სამღვდელოება, რომელიც სასულიერო პირთა უმრავლესობას შეადგენდა, მის იურისდიქციას აღარ დაემორჩილებოდა. აქედან ნათლად ჩანს თუ რა ”კეთილშობილურ” მიზნებს ემსახურებოდა იმპერატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შემდეგმა მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა (1809-1811) ჩამოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციისათვის. როგორც ჩანს საიმპერატორო კარმა და უწმინდესმა სინოდმა მას საიდუმლო დავალება მისცეს - მოემზადებინა ნიადაგი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმებისათვის, ამ მიზნით იგი ადგილობრივ მღვდელმთავრების დახმარებით უნდა გასცნობოდა ეკლესიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და შემდეგ დასაბუთებული აზრი გამოეთქვა მისი გარდაქმნის შესახებ. მთავარმართებელი დაუკავშირდა კათოლიკოს-პატრიარქს და ყოველგვარი შენიღბვის გარეშე დაუსვა საკითხი [177]საქართველოს ეკლესიაში ”უწესრიგობის მოგვარებისათვის” საჭირო იყო მისი რეორგანიზაცია ისე მომხდარიყო, რომ მისი უფლებები არ შელახულიყო. ანტონ მეორე დარწმუნდა, რომ შეცვლილ ისტორიულ ვითარებაში აუცილებელი იყო ეკლესიის მმართველობის შეცვლა, ვინაიდან სამოქალაქო მმართველობაში მომხდარი ცვლილებანი ეკლესიაზეც გარკვეულ გავლენას ახდენდა და ხშირად გაუგებრობას იწვევდა. აქედან გამომდინარე, იგი ფიქრობდა, თუკი რუსეთის მმართველი წრეები ხელს არ ახლებდნენ ეკლესიის დამოუკიდებლობას, შესაძლებელი იყო საქართველოს ეკლესიაში გარკვეული ცვლილება მომხდარიყო. ამ მიზნით, ანტონ კათოლიკოსი იძულებული შეიქმნა დათანხმებოდა მთავარმართებლის ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მოლაპარაკების შემდეგ ალ. ტორმასოვმა 1809 წლის 6 ივნისს აღნიშნულ საკითხზე ვრცელი მოხსენება გაუგზავნა რუსეთის უწმიდესი სინოდის ობერპროკურორს ალ. გოლიცინს. მთავარმართებელი მუქ ფერებში ხატავდა საქართველოს ეკლესიის მდგომარეობას. იგი უწმდიეს სინოდს ატყობინებდა, რომ მმართველობის მხრივ საქართველოს ეკლესიაში სრული განუკითხაობა და ქაოსი იყო. ამის საფუძველზე ის ასკვნიდა: ”მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სამღვდელოება რჩება სრულად მივიწყებულ მდგომარეობაში”42. როგორც მოხსენებიდან ჩანს, ალ. ტორმასოვისა და მისი წინამორბედი რუსი მოხელეების მცდელობის მიუხედავად დაუდგენელი იყო საქართველოში თუ რამდენი ეკლესია-მონასტერი იყო მოქმედი და რამდენი სასულიერო პირი ემსახურებოდა მას. აგრეთვე მათთვის უცნობი ჩანდა საქართველოს ეკლესიის შემოსავალ-გასავლის რაოდენობაც. ალ. ტორმასოვი ობერპროკურორს აცნობებს, რომ სასულიერო პირების რაოდენობის ზრდას საქართველოში ხელს უწყობდა ეპარქიის ეპისკოპოსთა თვითნებობა, რომლებიც საეკლესიო მმართველობის დაუკითხავად, თავიანთი სურვილისამებრ ახდენდნენ ცალკეულ პირთა სასულიერო ხარისხში აყვანას. საეკლესიო პირების ზრდა, როგორც ალ. ტორმასოვი იტყობინება, ძირითადად გლეხთა წრიდან ხდებოდა, რომლებიც სასულიერო წოდებაში გადასვლის შემდეგ თავისუფლდებოდნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან. იგი უწმდიესი სინოდის წინაშე წინადადებას აყენებს, შეიქმნას ისეთი მმართველობა, რომელიც კონტროლს გაუწევს საეკლესიო პირთა ხარისხში აყვანას და მათი რაოდენობას მინიმუმამდე დაყვანას. თავის მხრივ ”სამღვდელო პირთა შემცირება” - მისი აზრით - სარგებლობას მოუტანს ეკლესიას, რამეთუ ის თანხა, რომელიც იხარჯება მოჭარბებული სამღვდელოების შესანახად, მოხმარდება საერთო სასულიერო საქმეს”43.
ალ. ტორმასოვი შემდეგ თავის შეხედულებას გამოთქვამს ქართველ სასულიერო პირთა განათლების შესახებ. აქ მისი ფანტაზია ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ქართველ სამღვდელოებას იგი წარმოგვიდგენს გაუნათლებლად, რომელთა დიდმა ნაწილმა თურმე საერთოდ არ იცოდა წერა-კითხვა. შეუძლებელია ვენდოთ მთავარმართებლის აღნიშნულ შეხედულებას, რადგან XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ერეკლე მეორისა და კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ პირველის მეცადინეობით თელავსა და თბილისში გახსნილმა სასულიერო სემინარიებმა მრავალმხრივ განათლებული კადრები გამოუშვეს. მართალია XIX საუკუნის დასაწყისში აღნიშნული სემინარიები აღარ მოქმედებდნენ, მაგრამ ამ პერიოდში ეკლესიაში ძირითადად აღნიშნული სასწავლებლის კურსდამთავრებულები მოღვაწეობდნენ. ასე რომ, საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურების ძირითადი ნაწილი საკმაო განათლებული ჩანდა.
ალ. ტორმასოვი უწმიდესი სინოდის წინაშე წინადადებას აყენებდა, [178]რომ განათლებულ სასულიერო პირთა მოსამზადებლად აუცილებელი იყო თბილისში სასულიერო სემინარია გახსნილიყო, სადაც სწავლა-განათლება, რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე უნდა ყოფილიყო. აქედან ნათლად ჩანს მთავარმართებელს თუ რატომ არ აკმაყოფილებდა ქართველი სასულიერო პირთა მომზადების დონე. იგი როგორც იმპერიული რუსეთის მსახური რუსული სასულიერო სემინარიის დაარსებით ხელს შეუწყობდა ცარიზმის ერთგული სასულიერო პირთა მომზადებას, რაც თავის მხრივ ქართული ეროვნული სულის დაქვეითებას და მის გაქრობას გამოიწვევდა.
ასეთი მძიმე სურათის დახატვის შემდეგ საქართველოს მთავარმართებელი ობერპროკურორ ალ. გოლიცინს სთხოვს უშუამდგომლოს იმპერატორის წინაშე, რათა მისი ნებართვით საქართველოს ეკლესიაში დაარსდეს სასულიერო დიკასტერია ისეთივე ფორმით როგორც არსებობდა იგი რუსეთის უწმიდეს სინოდთან. ამასთან იგი სთავაზობს თავის წინადადებას, რომ სასულიერო დიკასტერია დაექვემდებაროს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარს ანტონ მეორეს. მასვე დაენიშნოს მოადგილე, ”დიდი მნიშვნელობა ექნება - წერს იგი - თუ ამ ადგილს დაიკავებს უწმდიესი სინოდის წევრი, განათლებული არქიეპისკოპოსი ვარლამი, რომელიც იმყოფებოდა რუსეთში და ერკვევა საქმის არსში”44. მისი აზრით, სასულიერო დიკასტერიაში ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გარდა კიდევ შეიძლება სამი სასულიერო პირი ყოფილიყო. აუცილებელი იყო საქმის წარმოებისათვის მთარგმნელი. შემდეგ ალ. ტორმასოვი სასულიერო დიკასტერიისათვის მოითხოვს შესაფერის შენობას და კანცელარიის თანამშრომლებისათვის პირველ ეტაპზე 5000 მანეთის გაღებას, ხოლო როცა საეკლესიო შემოსავალი დადგინდებოდა დიკასტერიის მოსამსახურეთა ხელფასი მისი ბიუჯეტიდან გაიცემოდა. მთავარმართებელი ობერპროკურორს აცნობებს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ მეორის განზრახვას, რადგან მისი ადგილსამყოფელი თბილისშია, მას აუცილებლობად არ მიაჩნია დედაქალაში არსებობდეს მეორე საეპისკოპოსო და ამის გამო იგი მოითხოვს თბილისის სამიტროპოლიტოს გაუქმებას. ანტონ მეორის აზრით, სამიტროპოლიტოს გაუქმების შემდეგ თბილისის ყოფილი ეპარქია კარგი იქნებოდა თუკი გადაეცემოდა ალექსი პეტრიევს (პეტრიაშვილს) არქიმანდრიტის ხარისხში აყვანის შემდეგ45. თავის მხრივ, ალექსანდრე ტორმასოვიც ემხრობოდა კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატურას, რადგან იგი რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად მიაჩნდა საქართველოში. ამავე მიზეზით, მთავარმართებელი მოითხოვდა ალექსი პეტრიაშვილისათვის, რომელმაც კარგად იცოდა რუსული და ქართული ენები, დაევალებინათ სასულიერო დიკასტერიის საქმის მოწერიგება, რომელსაც იგი კარგად გაართმევდა თავს. ალ. ტორმასოვი არ ცდებოდა ა. პეტრიაშვილის შეფასებაში. იგი როგორც განათლებული პიროვნება კარგად ერკვეოდა საერო და სასულიერო მმართველობაში. მას დამთავრებული ჰქონდა ასტრახანის სასულიერო სემინარია, ერთხანს ყიზლარში მღვდლად მუშაობდა, ხოლო რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ პ. ციციანოვმა 1803 წელს დეკანოზის ხარისხით დანიშნა თბილისის ახლადდაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორად. როგორც რუსული ენის კარგი მცოდნე, იგი თარჯიმნის მოვალეობასაც ასრულებდა. რუსი მოხელეები მას დიდად წყალობდნენ და ცდილობდნენ გამოეყენებინათ თავიანთი მიზნებისათვის. ალ. პეტრიაშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სასულიერო პირთა შორის. თავის მხრივ, ანტონ მეორეც დიდად აფასებდა. ალ. ტორმასოვის აზრით, სწორედ ასეთი პიროვნების ჩართვა სასულიერო დიკასტერიის მუშაობაში ხელს შეუწყობდა ”სამღვდელოებას შორის წესრიგის დამყარებას”, რომელიც [179]თავისი ავტორიტეტის გამო მათთვის მაგალითის მიმცემი იქნებოდა47.
ალ. ტორმასოვი არ დაელოდა პეტერბურგიდან ობერპროკურორის ალ. გოლიცინის პასუხს და იმავე 1809 წლის 15 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორეს მოახსენა თავისი აზრი საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის შესახებ. იგი მწყემსმთავარს აცნობებდა, რომ ეკლესია-მონასტრების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათი შემოსავლების აღრიცხვისა და სასულიერო პირთა რაოდენობის დადგენისათვის, აგრეთვე სამრევლოების მოწესრიგებისათვის აუცილებელია თბილისში დაარსდეს სასულიერო დიკასტერია. რუსი მოხელე საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსს მოუწოდებდა შეედგინა სასულიერო კომისია, რომელიც დაადგენდა საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და მათში სასულიერო მოსამსახურე პირთა რაოდენობას. ამასთან ის კათოლიკოს-პატრიარქს ურჩევდა არ დარღვეულიყო იმპერატორის 1808 წლის 7 ივლისის ბრძანებულება, რომლითაც იკრძალებოდა სასულიერო პირთა ხელდასხმა. თუკი ამის აუცილებლობა იყო, მაშინ იგი უნდა მომხდარიყო საიმპერატორო კართან შეთანხმებით, ხოლო თუ რომელიმე მღვდელმთავარი თვითნებურად მოახდენდა სასულიერო პირთა ხელდასხმას, უწმდიესი სინოდი მის ამ გადაწყვეტილებას გააუქმებდა და ხელდასხმული პირი დაბრუნებული იქნებოდა წინამდებარე ხარისხში. ალ. ტორმასოვი ანტონ მეორეს აცნობებდა, რომ მისი ეს მოთხოვნა ეპარქიების ყველა სასულიერო პირებისათვის ცნობილი გამხდარიყო48.
ანტონ მეორე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსი მოხელეების კატეგორიული მოთხოვნით იძულებული იყო დათანხმებოდა საქართველოს ეკლესიის მმართველობაში გარკვეული სახის სტრუქტურული ცვლილება ისე მომხდარიყო, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო მისი დამოუკიდებლობა. კათოლიკოს-პატრიარქის სურვილის საწინააღმდეგოდ რუსეთის მმართველმა წრეებმა კარგად იცოდნენ, რომ სასულიერო დიკასტერიის კონტროლის ქვეშ მოქცეული მწყემსმთავარი დამოუკიდებლად ვეღარ წარმართავდა ეკლესიის საქმიანობას. მით უმეტეს მას საქართველოს უზენაეს მმართველ პირებთან შეთანხმების გარეშე ეკრძალებოდა ახალი სასულიერო პირთა კურთხევა. როგორც ვხედავთ, სასულიერო დიკასტერიის დაარსება პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გზაზე. მისი საშუალებით უწმიდესი სინოდი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას სპობდა და მას რუსეთის საერო ხელისუფლების ერთ-ერთ დანამატად აქცევდა. სასულიერო დიკასტერიის კონტროლს ექვემდებარებოდა არა მარტო სასულიერო პირთა რაოდენობისა და სამრევლოების მოწესრიგება, არამედ ეკლესია-მონასტრების აღწერა და მათი შემოსავლის დაზუსტება.
საქართველოს მთავარმართებლის ალ. ტორმასოვის დაჟინებული მოთხოვნით ანტონ მეორემ 1809 წელს შეადგინა პროექტი თბილისში სასულიერო დიკასტერიის დაარსების შესახებ. ამ პროექტით, რომელიც რუს მოხელეებთან იყო შეთანხმებული, უქმდებოდა თბილისის სამიტროპოლიტო, ხოლო საკათედრო ტაძარი სიონი უნდა დაქვემდებარებოდა კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორს ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც არქიმანდრიტის ხარისხში უნდა აეყვანათ. კათოლიკოს-პატრიარქის აღნიშნულმა განზრახვამ აღაშფოთა თბილელი მიტროპლიტი არსენი, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანტონ მეორის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და მის იურისდიქციას აღარ ემორჩილებოდა. განრისხებულმა არსენ მიტროპოლიტმა შეიტყო რა ყოველივე და ისიც, რომ ქართლ-კახეთის უმაღლესი ხელისუფალნი ანტონ მეორის გადაწყვეტილებას ემხრობოდნენ, 1809 წლის 20 აგვისტოს, მათი გვერდის ავლით იმპერატორ ალექსანდრე პირველს ვრცელი მოხსენებითი [180]ბარათით მიმართა აღნიშნული საკითხის გამო.
მღვდელმთავრის მოხსენება განაწყენებული, ამბიციური პიროვნების განწყობილებას გამოხატავდა, რომელიც დამყარებული იყო ცილისმწამებლურ ფაქტებზე. მიტროპოლიტი არსენი ერთგულებას ეფიცებოდა რუსეთის იმპერატორს და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე წერდა: ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ”მე მსხვერპლად ვწირავდი ჩემს თავს მთელი რუსეთის იმპერიას”49. იგი მადლობას მოახსენებს ალექსანდრე პირველს, რომ მისმა უდიდებულესობამ სათანადოდ დააფასა მისი ღვაწლი. მთავარმართებელ კ. კნორინგის, პ. ციციანოვის, ი. გუდოვიჩის დროს იგი სათანადო პატივითაც სარგებლობდა და რუსეთის იმპერიის უმაღლესი ჯილდოებიც დაიმსახურა იმპერატორის ერთგულების გამო.
განდიდებას მიჩვეული პატივმოყვარე არსენ მიტროპოლიტი იმპერატორს აუწყებს ”ეხლა კი ზოგიერთ მათგანს შეშურდა რა თქვენი ჩემდამი წყალობა ამგვარად გადმოსული - ბრაზებს. მე კი არაფერი გამიკეთებია, გარდა იმისა, რომ ვეხმარები და ვუწევ დახმარებას თქვენს ჯარს საკუთარი სისხლის დაუზოგავად, თქვენი ერთგულებისათვის”50. მოშურნეთა შორის იგი ასახელებს ანტონ მეორეს, პეტერბურგიდან ახლად დაბრუნებულ ვარლამ არქიეპისკოპოსს და დეკანოზ ალექსი პეტრიაშვილს, რომლებიც, მისია ზრით, სარგებლობენ რა მთავარმართებელ ალ. ტორმასოვისა და საქართველოს მმართველ თ. ახვერდოვის ხელშეწყობით, სურთ, რომ ”... მომაშორონ თბილისის სიონის ტაძრიდან და გადამიყვანონ სხვა გაღარიბებულ და გაძარცვულ ეპარქიაში. მე კი უდიდესი გულმოდგინება, დაღვრილი სისხლი და შრომა ამქვს დახარჯული ამ ტაძრისათვის და მსურს, რომ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები აქ გავატარო”51. იგი შემწეობას თხოვს რუსეთის იმპერატორს, რომ მათი ეს განზრახვა რეალურად არ განხორციელდეს. ამ მიზნით იგი მერამდენედ უსვამს ხაზს თავის თავდადებას რუსეთის იმპერიის ტახტისადმი. ”დიდო მეფეო! - წერს ის იმეპრატორს - იმ დროიდან, რაც თქვენი უძლეველი ჯარი შემოვიდა საქართველოში, მე თქვენს ერთგულებას ჩემი თავი მივეცი მსხვერპლად, ხოლო მათან მოგონებულ წყენას კი ვიცი რომ არ ინებებთ მომაყენოთ”52.
განაწყენებული მიტროპოლიტის მოქმედება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. იგი იმპერატორისადმი გაგზავნილ საჩივარში ცილს სწამებს კათოლიკოს-პატრაირქს ანტონ მეორეს საეკლესიო ქონების მითვისებაში. ასეთივე ბრალდებას უყენებს ის არქიეპისკოპოს ვარლამს, რომელმაც ”მრავალი მოქრთამა, რათა ჩემთვის წაერთმია სიონის ტაძარი”. ატყობინებდა რა ყოველივეს, არსენ მიტროპოლიტი იმპერატორისაგან მოითხოვდა შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც გამოიძიებდა საქართველოს ეკლესიის საქმეებს. სასოწარკვეთილი მიტროპოლიტი იმპერატორს აცოდებდა თავს და წერდა: ”მე დევნილი ვარ თქვენი ერთგულებისათვის”53. როგორც ვხედავთ, თავისი წინდაუხედავი მოქმედებით და პატივმოყვარეობით შეპყრობილი არსენ მიტროპოლიტი აღარ ემორჩილებოდა საქართველოს საპატრიარქოს და იმპერატორისადმი გაზგავნილი დამბეზღებელი წერილით ხელს უწყობდა რუსეთის მმართველი წრეების აქტიურ ჩარევას საქართველოს ეკლესიის საშინაო საქმეებში.
არსენ მიტროპოლიტი იმპერატორს წერდა, რომ მთავარმართებელ ალ. ტორმასოვისა და საქართველოს მმართველი თ. ახვერდოვის მხარდაჭერით კათოლიკოს-პატრიარქი თვითნებურად მოქმედებდა, მაგრამ აღნიშნულ ცნობას სინამდვილესთან რომ არაფერი კავშირი ჰქონდა, ეს პეტერბურგის [181]საიმპერატორო კარისათვის კარგად იყო ცნობილი. ალბათ ამით იყო გამოწვეული, რომ განაწყენებულ მიტროპოლიტს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა პასუხიც არ აღირსა. თუმცა, როგორც შემდგომ დავინახავთ, მისი ცილისმწამებლური ბრალდება როცა დასჭირდათ რუსეთის მმართველმა წრეებმა თავიანთ სასარგებლოდ კარგად გამოიყენეს ანტონ მეორის წინააღმდეგ.
თავის მხრივ, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე მთავარმართებლის ზეწოლის შედეგად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. ფაქტიურად მისი იურისდიქცია საეპისკოპოსოებზე აღარ ვრცელდებოდა, სასულიერო პირების ხელდასხმის უფლებაც ჩამოერთვა, ხოლო საეკლესიო შემოსავლებს კონტროლს ახალი მთავრობა უწევდა. ისინი საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრისაგან სრულ მორჩილებას მოითხოვდნენ. ანტონ მეორე კარგად გრძნობდა თავის უმწეო მდგომარეობას და საქართველოში მოღვაწე რუსი მოხელეების უმსგავსობას 1809 წლის 8 ნოემბრის წერილით აცნობებდა შინაგან საქმეთა მინისტრს, შემწეობასა და დახმარებას ითხოვდა მისგან54. პეტერბურგში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრს ანტონ მეორის უფლებების დაცვა არ შეეძლო და ვერც შეძლებდა კიდევაც რომ მოეწადინებინა, ვინაიდან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი რუსეთის საიმპერატორო კარზე უკვე კარგა ხნის გადაწყვეტილი იყო. მხოლოდ რუსეთის მმართველი წრეები აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოსპობა როგორმე უმტკივნეულოდ მომხდარიყო. ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებისათვის პირველ რიგში აუცილებელი იყო ანტონ მეორის საქართველოდან მოცილება. ამ მიზნით რუსი მოხელეები საბაბს ეძებდნენ კათოლიკოს-პატრიარქის გადასაყენებლად და რუსეთში გასაწვევად. ასეთი მიზეზის გამონახვა ძნელი არ იყო, რადგან, როგორც დავინახეთ ეკლესიაში იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს უპირისპირდებოდნენ და არევ-დარევა შეჰქონდათ საეკლესიო მმართველობაში. ამ უკიდურესი ზომების მიღებამდე რუსი მოხელეები შეეცადნენ ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწვიათ ანტონ მეორე რუსეთში. 1809 წლის 2 ნოემბერს ობერპროკურორი ალ. გოლიცინი საქართველოს მთავარმართებელს ატყობინებდა, რომ იმპერატორის გადაწყვეტილებით კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე უნდა წასულიყო პეტერბურგში საქართველოს ეკლესიაში ზოგიერთი ცვლილებების შემოღებასთან დაკავშირებით. სინამდვილეში იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ”საპატიო” გადასახლებას ნიშნავდა, საიდანაც მას დაბრუნება აღარ ეწერა. თუ რა პოზიციას დაიკავდებდა საქართველოს მწყემსმთავარი აღნიშნული საკითხის მიმართ, როგორც ობერპროკურორი წერდა ალ. ტორმასოვს, ცნობილი უნდა გამხდარიყო იმპერატორისათვის55. აქედან ნათლად ჩანს თუ რა ცხოველ ინტერესს იჩენდა რუსეთის ხელისუფლება ანტონ მეორის რუსეთში გასაწვევად. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი კარგად გრძნობდა რუსეთის რეაქციულ ძალებს თუ რა მიზანი ამოძრავებდა, მაგრამ გარეგნულად არაფერს იმჩნევდა და ცდილობდა ეს ”საპატიო” მიწვევა როგორმე თავიდან აეცილებინა. 1809 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მმართველ თ. ახვერდოვისადმი გაგზავნილ წერილში ანტონ მეორე მადლობას გამოხატავს იმპერატორის მიმართ, იმ პატივისცემის გამო, რომელიც ამ უკანასკნელმა გამოიჩინა პეტერბურგში მიწვევის გამო. ”ამასთან - წერდა იგი რუს გენერალს, - აღფრთოვანებული ვარ იმ აზრით, რომ ნება მეძლევა ვუცქირო მის (იმპერატორის, ე.ბ.) წმინდა სახეს, რომელმაც აიყვანა ჩემი მამული უდიდეს სიხარულში და ამ ყოველივეს სიხარულის აღტაცებაში [182]მოვყავარ, მაგრამ უბედური ვარ, რომ ავადმყოფობის გამო ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად შეირყა, რაც იმედს მართმევს, რომ ხანგრძლივი და ძნელი მზგავრობა გადავიტანო”56. რა თქმა უნდა, ანტონ მეორე აღფრთოვანებული არ იყო რუსეთის რეაქციული ძალების თვითნებობით და მით უმეტეს პეტერბურგში მიწვევით, მაგრამ შექმნილი სიტუაცია აიძულებდა გარეგნულად მშვიდი პოზიცია დაეკავებინა. ავადმყოფობის მომიზეზებით პეტერბურგში გამზგავრებამდე კათოლიკოს-პატრიარქის უარი რუსეთის საიმპერატორო კარისადმი შინაგანი პროტესტის ფორმა იყო. თავისი განწყობილების შენიღბვის მიზნით, ანტონ მეორე საქართველოს მმართველ თ. ახვერდოვს ატყობინებდა, რომ იმპერატორის სურვილის დასაკმაყოფილებლად და საეკლესიო საკითხების მოსაგვარებლად თავის მაგივრად გაგზავნიდა უწმიდესი სინოდის წევრს ვარლამ არქიეპისკოპოსს და არქიმანდრიტ დოსითეოს ფირცხელაურს, რომელთაც საკითხის გადაწყვეტის დროს კათოლიკოს-პატრიარქის ყყველა რწმუნება ექნებოდათ.
ანტონ მეორის პასუხმა უკმაყოფილება გამოიწვია პეტერბურგის საიმპერატორო კარის წინაშე, მაგრამ აშკარად წინააღმდეგობა არ გამოუხატავთ. მათ იგრძნეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის სახით სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავდათ ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმების გზაზე. ამიტომ ისინი ხელსაყრელ დროსა და შემთხვევას ელოდნენ თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. რუს მოხელეებს დიდხანს არ დასჭირვებიათ ლოდინი ანტონ მეორის მიმართ თავიანთი განწყობილების გამოსახატავად. ამ მიზნით მათ კარგად გამოიყენეს კათოლიკოსისადმი უკმაყოფილო მიტროპოლიტ არსენის დამოკიდებულება. ამ უაკნასკნელმა რაკი რუსეთის ერთგულების სანაცვლოდ მხარდაჭერა ვერც იმპერატორისაგან და ვერც ადგილობრივი რუსი მოხელეებისაგან მიიღო, აშკარა პროვოკაციულ გზას დაადგა. 1809 წლის 12 დეკემბერს, როდესაც სიონის ტაძარში იმპერატორ ალექსანდრე პირველის დაბადების დღისადმი წირვა მიმდინარეობდა, გაგულისებულმა არსენმა კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარმართებლისა და საზოგადოების თანდასწრებით საკურთხეველში ჯოხით სცემა დეკანოზი ალექსი პეტრიაშვილი, ხოლო არქიეპისკოპოს ვარლამს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც იქ დამსწრეთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია57. მართალია მთავარმართებელ ალ. ტორმასოვს მომხდარი ფაქტისადმი თავისი დამოკიდებულება არ გამოუხატავას, მაგრამ მან ყოველივე დაწვრილებით აცნობა იმპერატორს. რუსეთის მმართველი წრეები თვალყურს ადევნებდნენ მოვლენების შემდგომ განვითარებას და ძალზე დაინეტრესებული იყვნენ კათოლიკოსი ანტონი თუ რა პოზიციას დაიკავებდა. როგორც ბაგრატ ბატონიშვილი გადმოგვცემს, ანტონ მეორემ შექმნა საეკლესიო სასამართლო მღვდელმთავრების და სხვა სასულიერო პირთა მონაწილეობით და მათ დაავალა მომხდარი ფაქტის გამოძიება58.
გამოძიებას ხელს უშლიდა ბრალდებული არსენ მიტროპოლიტი, რომელიც საეკლესიო სასამართლოს მოთხოვნის მიხუედავად უარს აცხადებდა რაიმე სიტყვიერი ან წერილობითი პასუხი გაეცა მათთვის საინტერესო კითხვებზე, იმ მოტივით, რომ იგი თავს დამნაშავედ არ თვლიდა. ძიების პროცესში გამოირკვა, რომ 1809 წლის 12 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის გარდა მას ბრალად ედებოდა თავისი ნება-სურვილით სასულიერო პირთა ხელდასხმა და სიონის ქონების გაფლანგვა. დანაშაულის უარყოფისა და მოსალოდნელი სასჯელის თავიდან აცილების მიზნით მან 1810 წლის 1 თებერვალს დახმარებისათვის მიმართა ობერპროკურორ ალ. გოლიცინს. უმწეო მდგომარეობაში მყოფი მიტროპოლიტი უწმიდესი სინოდის ხელმძღვანელს [183]ატყობინებს სიონის ტაძარში წირვის დროს მომხდარ ამბებს, რომელიც მისი აზრით, პროვოკაცია იყო და მიზნად ისახავდა მისი ავტორიტეტის შელახვას იმპერატორის წინაშე. ”მაგრამ - როგორც თვითონ წერს - ვარ რა მისი უმაღლესობის მფარველობის ქვეშ, იმედი მაქვს დაცული ვიქნები მათი ყოველგვარი შევიწროვებისაგან”. შემდეგ იგი აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტის გამოძიების გამო კათოლიკოს-პატრიარქმა შექმნა ეპისკოპოსებისაგან შემდგარი კომისია, რომელთაც ”არ ვიცი რის გაკეთება აქვთ გადაწყვეტილი. მათ შორის არის ბოდბელი მიტროპოლიტი, რომელმაც კახელი ერი მიიყვანა უფლისწულ იულონთან, რათა ერთგულების ფიცი დაედოთ მის წინაშე და თვითონაც დააფიცა, რის გამოც მეთვალყურეობის ქვეშ იყო აყვანილი; მთავარეპისკოპოს იუსტინეს არ აქვს ტაძარი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ლიტურგიის ჩატარება. თუმცა აწ გარდაცვლილ პ. ციციანოვისგან მიღებული ჰქონდა 2000 მანეთი ახალი ატძრის აგებისათვის, მაგრამ მისი არამოსურნეობის გამო დღემდე არაა აშენებული; რუსთველმაც გაფლანგა მთელი შემოსავალი და არა აქვს ეკლესია. ამასთან მას მიმოწერა აქვს სპარსელებთან; სამთავნელს იმისთანა ხალხთან აქვს ურთიერთობა, რომლებიც მოღალატეებად ითვლებიან, ხალხში შეაქვს განხეთქილება”59.
როგორც ვხედავთ, გაბოროტებული მიტროპოლიტი საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების შეურაცხყოფისათვის ყოველ ხერხს მიმართავს და მათ მოქმედებას პოლიტიკურ სარჩულს უდევს საფუძვლად. მისი ასეთი ნაბიჯი მიზნად ისახავდა თავისი თავი რუსეთის ერთგულ მსახურად წარმოეჩინა, ხოლო მოწინააღმდეგეები მათ დაუძინებელ მტრებად. ამ გზით იგი ცდილობდა ზემოთ ჩამოთვლილ მღვდელმთავრებისაგან თავის დაცვას და ობერპროკურორს თხოვდა: მათი შემოტევის ”გამო იძულებული ვარ თავი შევაფარო თქვენი მფარველობის ქვეშ, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო ბრწყინვალებავ, მე თავდაუზოგავი მცველი რუსეთისა და მსახური იმპერატორისა, დამიცვათ უშედეგო თავდასხმებისაგან”60. ობერპროკურორს თავი არ გამოუდვია არსენ მიტროპოლიტის დასაცავად, მაგრამ მომხდარი ინციდენტის შესახებ იგი მთავარმართებელისაგან მოითხოვდა დაწვრილებითი ცნობების მიწოდებას. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ანტონ მეორისაგან ითხოვდა განმარტებას.
გამოძიების შემდეგ მიტროპოლიტ არსენს მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილების მიხედვით საეკლესიო სასამართლომ მკაცრი განაჩენი გამოუტანა: გადაყენებულ იქნა თბილისის მიტროპოლიტობის კათედრიდან, ექვსი თვით აეკრძალა მღვდელმსახურება და იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში უნდა გაეგზავნათ საცხოვრებლად. ანტონ მეორემ საეკლესიო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგზავნა ალ. ტორმასოვს და სთხოვა იმპერატორისათვის გაეგზავნა დასამტკიცებლად. კათოლიკოსი მთავარმართებელს ატყობინებდა, რომ საეკლესიო სასამართლოს ყველა პუნქტს ეთანხმებოდა და იგი აუცილებლად უნდა შესრულებულიყო, რადგან მიტროპოლიტის უღირსი საქციელი დაუჯსელი არ უნდა დარჩენილიყო. მანვე ალ. ტორმასოვს აცნობა, რომ არსენ მიტროპოლიტი არ ემორჩილებოდა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, თვითნებურად ფლანგავდა სიონის ტაძრის თანხებს, უკანონოდ მიიტაცა ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიაზე მიწერილი სოფლები, ხოლო იმავე ეკლესიის კუთვნილ 5 საამქროს შემოსავლები თავის კუთვნილებად გამოაცხადა”. დასასრულს ანტონ მეორე მთავარმართებელს მიმართავს: ”ჩვენ ვკადნიერდებით და გთხოვთ, რომ ეს ყოველივე აუწყოთ ჩვენს საერთო უფროსს და უთხრათ, რომ საერო და სასულიერო პირები უკმაყოფილონი არიან”61.
მთავარმართებელი სასულიერო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ [184]ანტონ მეორეს სთხოვდა თავი შეეკავებინა არსენ მიტროპოლიტის მიმართ რადიკალური ღონისძიებების გატარებისათვის, რაზეც მან უარი მიიღო. აღნიშნულის შესახებ ალ. ტორმასოვი 1810 წლის 14 მარტს ობერპროკურორ ალ. გოლიცინს აცნობებდა: საეკლესიო სასამართლოს ”... ცნობა რომ მივიღე, საჭიროდ ჩავთვალე კათოლიკოსისათვის მეკითხა თუ რისკენ მიგვიყვანდა ასეთი ქმედება. არ მეგონა, რომ იგი, წარმოადგინა რა სასულიერო სასამართლოს განაჩენი იმპერატორისადმი დასამტკციებლად, აპირებდა მის რეალურ შესრულებას”62. აშკარა იყო, რომ მთავარმართებელი უკმაყოფილო ჩანდა ანტონ მეორის გადაწყვეტილებით, არა იმის გამო მას თითქოს არსენ მიტროპოლიტის ბედი აწუხებდა, არამედ იმით, რომ კათოლიკოსი მასთან შეუთანხმებლად წყვეტდა საკითხებს.
თბილელი მიტროპოლიტი არ დაემორჩილა სასულიერო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თავს შეურაცხყოფილად და დაჩაგრულად თვლიდა, ყველაფერს კი კათოლიკოსს აბრალებდა, რომელმაც თითქოს აუმხედრა სასულიერო პირები. განაწყენებულმა მიტროპოლიტმა რაკი პეტერბურგის მფარველობა ვერ მოიპოვა შეეცადა ადგილობრივი რუსი მოხელეების შუამავლობით მიეღო იმპერატორის კეთილგანწყობილება. მან მთავარმართებელს მიმართა დახმარებისათვის და თან სთხოვა მისი ვრცელი მოხსენება პეტერბურგში გაეგზავნა იმპერატორისა და ობერპროკურორისათვის გადასაცემად. მიტროპოლიტი მოითხოვდა თავის უფლებების დაცვას, სიონის ტაძრის შემოსავლის სახელმწიფოსათვის გადაცემას, სამაგიეროდ მას ხელფასი ხაზინიდან უნდა მისცემოდა. ალ. ტორმასოვმა არსენის წერილები ადრესატს გაუგზავნა. მას თან დაურთო თავისი ვრცელი მოხსენება ობერპროკურორის სახელზე შედგენილი, სადაც იგი დაწვრილებით განმარტებებს იძლეოდა თბილელი მიტროპოლიტის გარშემო ატეხილი ამბების გამო. წერილიდან ირკვევა, რომ იგი მომხდარი ფაქტის მიმართ თითქოს ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა. იგი გადაჭრით გმობდა მიტროპოლიტის უღირს საქციელს და მოურიდებლად ლაპარაკობდა მის უარყოფით თვისებებზე. მისი აზრით, არსენი ”არის მოუსვენარი, მოწინააღმდეგეთა მიმართ დაუნდობელი, უსაფუძვლოდ მსჯელობს სხვათა შესახებ და ბრალს სდებს სხვებს”. ალ. ტორმასოვი მაინც სიფრთხილეს იჩენს არსენ მიტროპოლიტის მიმართ და არაობიექტურობაში ცილი რომ არ დასწამონ ობერპროკურორს აცნობებს: ”მე არ შემიზღუდია არსენ მიტროპოლიტის უფლებები”63. იგი აქვე უწმიდეს სინოდს თავის შეხედულებას უზიარებს ანტონ მეორის პიროვნების შესახებ. მისი აზრით, ”ანტონი არის საკმაო წყნარი ხასიათის, პატიოსანი, ყველასაგან პატივცემული, მაგრამ სუსტია იმდენად, რომ ადვილად ექცევა საერო და სასულიერო პირთა გავლენის ქვეშ, რომელნიც მას ისე მართავენ, როგორც მოესურვებათ. კათოლიკოსი არსენის წინააღმდეგ არ გამოვიდოდა, მაგრამ მის გარშემო შემოკრებილებმა გაილაშქრეს და ანტონიც დაიყოლიეს არსენის წინააღმდეგ”64. რა თქმა უნდა, მთავარმართებელი არ იყო გულწრფელი კათოლიკოს-პატრიარქის შეფასებაში. ეს თვითონაც კარგად იცოდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ”სისუსტეებზე” მითითებით მას სურდა იგი პეტერბურგის წინაშე უსუსურ პიროვნებად წარმოეჩინა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ალ. ტორმასოვი კარგად იცნობდა ანტონ კათოლიკოსს და პეტერბურგში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში გულწრფელად აღიარებდა: ”სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ კათოლიკოსი ანტონი იშვიათი თვისების ადამიანი და წესრიგის მოყვარული პიროვნებაა, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს მოპოვებული”65. მთავარმართებელის განაწყენების მიზეზი კათოლიკოსის მიმართ ის იყო, რომ იგი საქართველოს [185]ეკლესიის უფლებების დაცვის დროს არავის და არაფერს არ ერიდებოდა და ზოგჯერ რუსი მოხელეების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ანტონ მეორე წინ აღუდგა ალ. ტორმასოვის განზრახვას - ქაშუეთის ეკილესიაში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე შესრულებულიყო. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კათოლიკოსთან შეთანხმებით კვირა და საზეიმო დღეებში ქაშუეთის ეკლესიაში ღვთისმსახურებას რუსი მღვდლები ასრულებდნენ. ალ. ტორმასოვმა კი მოინდომა აქ მოსამსახურე ქართველი სასულიერო პირების შეზღუდვა და 1810 წლის 3 აპრილს ანტონს წერილით აცნობა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში მოსამსახურე ქართველი მღვდლებისათვის შემოსავლის სხვა წყაროები გამოენახა. კათოლიკოსმა მთავარმართებლის ეს წინადადება მიუღებლად ჩათვალა და შეატყობინა, რომ კვირა და საზეიმო დღეების გარდა რუს მღვდელს უფლება არა აქვს ღვთისმსახურება შეასრულოს, ხოლო სანთლების გაყიდვით შემოსული შემოსავალი ქაშუეთის ქართველ მღვდლებს უნდა დარჩენოდა66. ალ. ტორმასოვი იძულებული შეიქმნა კათოლიკოსის ამ მოთხოვნას დამორჩილებოდა. ბუნებრივია, ქართველი მღვდელმთავრის ასეთი ”ურჩობა” მიუღებელი იყო რუსი მოხელეებისათვის, ამიტომ იგი მის შესახებ კარგს არაფერს მისწერდა რუსეთის საიმპერატორო კარს.
მთავარმართებლის ინფორმაციას არსენ მიტროპოლიტის შესახებ გულდასმით სწავლობდნენ პეტერბურგში. თუმცა მასზე არავითარ რეაგირებას არ ახდენდნენ. მომხდარი ფაქტის ანალიზით იმპერატორი დარწმუნდა, რომ აუცილებელი იყო ანტონ მეორის სასწრაფოდ გაწვევა საქართველოდან. ამიტომ იგი ხელმეორედ ატყობინებდა ალ. ტორმასოვს, რომ მისი ეს მოთხოვნა როგორმე უმტკივნეულოდ მომხდარიყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმპერატორის პირველ მიწვევაზე ანტონ მეორემ ავადმყოფობის მომიზეზებით თავაზიანი უარი განაცხადა. ობერპროკურორი მთავარმართებლისაგან მოითხოვდა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი როგორმე უნდა დაეყოლიებინა რუსეთში გამგზავრებაზე, მანამდე კი საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხის განხილვას შეაჩერებდნენ67. 1810 წლის ზაფხულის დასაწყისში ალ. ტორმასოვმა რუსეთის საიმპერატორო კარის სურვილი ანტონ მეორეს აცნობა. კათოლიკოსი მიხვდა, რომ იმპერატორის დაჟინებულ მოთხოვნას წინ ვერ აღუდგებოდა და დათანხმდა გამზავრებულიყო პეტერბურგში იმავე წლის აგვისტოს ბოლოს, რადგან როგორც თვითონ წერს, ზაფხულის ცხელ კლიმატურ პირობებს შესაძლებელია მის ჯანმრთელობაზე ემოქმედა. მართალია, ალ. ტორმასოვმა მწყემსმთავრისაგან სასურველ თანხმობას მიაღწია, მაგრამ სიცხეების გამო გამზგავრების ვადის გადაწევამ დააეჭვა. ამის გამო, მან 1810 წლის 12 ივლისს ანტონ მეორეს აცნობა: ”ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი რჩევა პეტერბურგში თქვენი გამგზავრების შესახებ მიიღეთ როგორც იძულება. მე არ მქონდა არავითარი სხვა აზრი გარდა იმპერატორის ნების აღსრულებისა. იმპერატორს რა მიზეზით სურს თქვენი ჩასვლა პეტერბურგში, თქვენთვის ცნობილია. იგი ემყარება თქვენსავე წინადადებას - საქართველოში სასულიერო დიკასტერიის დაფუძნებას, რომ წესრიგში იქნეს მოყვანილი სასულიერო საქმეები. საჭიროა ეს ყველაფერი მალე გადაწყდეს. ამის გამო მივიღე თქვენი წერილი... რომლითაც შემატყობინეთ, რომ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ გამზგავრებაში, გავეცი განკარგულება და იმპერატორს შევატყობინე ყოველივე. გადასდეთ რა თქვენი გამგზავრება აგვისტოს ბოლომდე, ჩავთვალე საჭიროდ გულწრფელად მერჩია დაგეჩქარებინათ იმეპორატორის ნების აღსრულება, რადგან ეს სასარგებლო იქნებოდა თქვენთვის”. მთავარმართებელი ეჭვს გამოთქვამს სიცხეების გამო გამგზარების თარიღის გადაწევასთან [186]დაკავშირებით და კათოლიკოსს ატყობინებს: ”დავეჭვდი, თქვენ ხომ ჩრდილოეთისაკენ მიდიხართ, სადაც სიცხეები არ არის და მგზავრობაც ნაკლებად სახიფათოა. თუმცა თქვენზე არის დამოკიდებული თქვენი გამგზავრების დრო”. ალ. ტორმასოვი წერილის დასასრულს ანტონ მეორეს მიმართავს: ”მე კი უმორჩილესად გთხოვთ, არ მიიღოთ ჩემი რჩევები თქვნი თავისუფლების შეზღუდვად. ამის განზრახვა არა მქონია და ამისი მიზეზი არც თქვენ მოგიციათ”68.
რუსი მოხელეები, როცა დარწმუნდნენ, რომ ანტონ მეორე ფეხს ითრევდა რუსეთში გამგზავრებაზე, მის მიმართ დაიწყეს ყალბი ბრალდებებეის შეთხზვა. ალ. ტორმასოვის დავალებით საქართველოს უმაღლესი მთავრობის პროკურორმა პლახოტინმა საიდუმლოდ გამოიკვლია საეკლესიო-სამონასტრო შემოსავლები თუ როგორ ნაწილდებოდა. დადგინდა, რომ რუსული მმართველობის შემოღებიდან საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო მიწები გაუჩუქებია სხვადასხვა წოდების ხალხზე, რომელთა ღირებულება შეადგენდა მილიონ მანეთს. ეს მაშინ როცა, ჯერ კიდევ პ. ციციანოვმა 1805 წლის 5 თებევრლის ბრძანებით აღმასრულებელ ექსპედიციას დაავალა აკრძალული ყოფოლიყო სამონასტრო მიწების გასხვისება. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად ალ. ტორმასოვის განკარგულებით საქართველოს მმართველმა თ. ახვერდოვმა კათოლიკოსის გასხვისებული მიწები უკანონოდ ჩათვალა და იგი გაუქმებულად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება იმპერატორს გაუგზავნეს დასამტკიცებლად, ხოლო ანტონ მეორეს გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ შეგნებულად არაფერი აცნობეს. ისინი ვარაუდობდნენ, თუკი მწყემსმთავარი უარს იტყოდა რუსეთში გამგზავრებაზე, მაშინ მოძიებულ მასალას მის სამხილებლად გამოიყენებდნენ.
ანტონ მეორისადმი ყალბი ბრალდებები თანდათან მრავლდებოდა. როგორც ბაგრატ ბატონიშვილი გადმოგვცემს, მიტროპოლიტობიდან გადაყენებულმა არსენმა მოისყიდა კათოლიკოსის მნათე, ბერი სერაპიონი, რათა ამ უკანასკნელს საქართველოს მმართველ თ. ახვერდოვისათვის უნდა მოეხსენებინა, თითქოს ანტონ მეორემ ხელი შეუწყო თბილისში პატიმრობაში მყოფ იმერეთის მეფის სოლომონ მეორის გაპარვას. მოსყიდულმა ბერმა არსენ მიტროპოლიტის დავალება შეასრულა. საქართველოს მმართველმა აღნიშნული ყალბი ბრალდება მოახსენა მთავარმართებელს. ამ უკანასკნელმა ყოველივე მუქ ფერებში აცნობა იმპერატორ ალექსანდრე პირველს და თან დასძინა: ”უკვე თუ არს ეს (ანტონ მერეო, ე.ბ.) აქა, არა იქნება მშვიდობა საქართველოსა შინა”69. არც საქართველოში და მით უმეტეს არც პეტერბურგში არავინ დაინტერესებულა გამოერკვიათ ანტონ მეორისადმი წაყენებული ბრალდება. ანტონ მეორემ იგრძნო რა საშიშროება, თვითონ შეეცადა ემხილებინა არსენ მიტროპოლიტის ეს პროვოკაციული გამოსვლა. მან სერაპიონ ბერთან ახლოს მყოფ არქიმანდრიტ დიონისესაგან სიმართლე შეიტყო. შემდეგ დააპატიმრა სერაპიონ ბერი და მისი დაკითხვით სურდა ემხილებინა სიყალბე, გაეგო თუ საიდან მოდიოდა ეს ცილისწამება. მაგრამ კათოლიკოსის ამ განზრახვას წინ გადაეღობა თ. ახვერდოვი, რომელიც მთავარმართებელ ტორმასვოს ატყობინებდა: ”ანტონი სერაპიონით ისეა გამწარებული, რომ ცრემლებიც კი ვერ შეიკავა”70. მართალია სოლომონ მეორის გაპარვაში ანტონ მეორის მონაწილეობა არ დადასტურდა, მაგრამ ეს ფაქტი მტრებმა მის წინააღმდეგ გამოიყენეს. ხოლო რუსი მოხელეების ჩარევით ანტონ მეორემ ვერ შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება. მანვე სისრულეში ვერ მოიყვანა არსენ მიტროპოლიტისადმი გამოტანილი განაჩენი. ეს უკანასკნელი ანტონ მეორის რუსეთში გაწვევის შემდეგაც არ [187]ემორჩილებოდა სასულიერო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავისი ჩივილებით თავი მოაბეზრა რუს მოხელეებს. მთავარმართებელი ნ. რტიშჩევი (1812-1816) 1813 წლის დასაწყიში იმპერატორს ურჩევდა არსენი რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში გადაესახლებინა და მისთვის წელიწადში 1200 მანეთის რაოდენობის პენსია დაენიშნათ. 1813 წელს იმპერატორმა მას ნება დართო პეტერბურგში ჩასულიყო და უწმიდეს სინოდში თავისი საქმე გაერკვია, მაგრამ იმავე წლის 30 ნოემბერს გარდაიცვალა და მიტროპოლიტის შესაფერისი პატივით სიონის ტაძარში დაკრძალა71.
სხვა ხერხებითაც ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიის მეთაურს. მისი ავტორიტეტის შელახვის მიზნით, მას აუმხედრეს მევალეები. ყოველივე ამის საფუძველზე იმპერატორი მოითხოვდა საქართველოდან ანტონ მეორის დაუყოვნებლივ გაწვევას. ამ ამოცანის განხორციელებით რუსეთის მმართველი წრეები ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას შეძლებდნენ - ერთი მხრივ, თავიდან მოიშორებდნენ მეამბოხე კათოლიკოსს, რომელიც ბაგრატიონთა გვარიდან იყო, ხოლო მეორე მხრივ, მისი მოცილებით გაიოლდებოდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის მოსპობა.
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანტონ მეორე რუსეთში გასამგზავრებლად ემზადებოდა. 1810 წლის 10 აგვისტოს რუსეთისაკენ გაემართა. მცხეთაში შეისვენა, წირვა-ლოცვა აღავლინა სვეტიცხოველში, გადაიხადა პარაკლისი, თავისი ერი და ქვეყანა შეავედრა ღმერთს და ცრემლმორეული გამოეთხოვა საკათალიკოსო ტახტს. ღამე მუხრანში თავის დასთან ქეთევანთან გაათია, რომელიც მუხრანბატონის მეუღლე იყო, აქედან იგი დუშეთში ავიდა.
პეტერბურგში საგანგებოდ ემზადებოდნენ მის დასახვედრად. იმპერატორის ბრძანებით მისი დიდებული დახვედრისათვის ყველაფერი მზად იყო. ანტონ მეორე იმეპრატორისათვის მართლაც სასურველი სტუმარი იყო, რომელიც საპატიო სტუმრის ნაცვლად პატივაყრილ, დატყვევებულ პიროვნებას ჰგავდა და რომელსაც იმპერატორმა პეტერბურგში ჩასვლისას ურცხვად განუცხადა: ”საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უთუოდ უნდა შეერთებულიყო უწმიდესი და უმართებულესი სინოდის გამგეობასთან. ახალი მართვა გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა”72.
რუსეთში მიმავალი ანტონ მორე მოულოდნელად დუშეთიდან თბილისში დაბრუნდა. გამორიცხული არაა, რომ მუხრანში ყოფნის დროს ახლობლებმა ურჩიეს უარი ეთქვა გამგზავრებაზე. მისი დაბრუნებით უკმაყოფილო იყო მთავარმართებელი, მაგრამ თავის განწყობილებას აშკარად ვერ გამოხატავდა. ხმები დადიოდა, რომ 1810 წლის ზაფხულში ლევან ფარნაოზის ძე ბატონიშვილი ოსეთში იმყოფებოდა საიდანაც მან ”მეამბოხეები გაზგავნა არაგვის ხეობის ოსებთან, რათა ააჯანყონ ისინი და კათოლიკოსი არ გაუშვან რუსეთში”73. აღნიშნული ხმების შეტყობისთანავე ალ. ტორმასოვმა 1810 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მმართველ თ. ახვერდოვს აცნობა: ”ჩემთვის ძალიან უცნაურია, საიდან იცის მან (ლევან ფარნაოზის ძემ. ე.ბ.), რომ კათოლიკოსი გაემგზავრა. როგორც ჩანს, აქ არის რაღაც ჩანაფიქრი და ურთიერთობა ქართველ თავადებს შორის. ამიტომ გავალებთ თვალყური ადევნოთ კათოლიკოსის თანმხლებ პირებს და არც კათოლიკოსი გამოგრჩეთ მხედველობიდან. ამასთან მე მიმაჩნია შევაყოვნოთ რამდენიმე ხნით მისი გამზგავრება, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებანი. მაშინ გამომჟღავნდება რომ მას (ანტონ მეორეს, ე.ნბ.) უფლისწულ ლევანთან ჰქონია შეთანხმება”74. იგი თ. ახვერდოვს ავალებს, რომ მკაცრი საიდუმლოების დაცვით უნდა მოხდეს ამ კავშირების ძიება, ხოლო არაგვის ხეობის გზის დაზიანების [188]მომიზეზებით კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში უნდა შეეყოვნებინათ. ამასთან მასვე ფარულად უნდა გაერკვია თუ სად იყვნენ შეკრებილნი არაგვის ოსები და იყო თუ არა მათგან ვინმე მოსული კათოლიკოსთან ლევან ბატონიშვილისაგან გამოგზავნილი ხალხი. აუცილებელი იყო მათი შეპყრობა75.
თ. ახვერდოვის მოძიებული მასალებით ალ. ტორმასოვი დარწმუნდა, რომ აღნიშნულ ხმებს სინამდვილესთან კავშირი არ ჰქონდა. ამისდა მიუხედავად ისინი ფრთხილობდნენ და საიდუმლოდ კათოლიკოსს თვალყურს ადევნებდნენ. მათ ისიც იგრძნეს, რომ ანტონ მეორე რუსეთში გამგზავრებას არ აპირებდა. ალ. ტორმასოვი მართალია დაჟინებით არ მოითხოვდა მის გამგზავრებას, მაგრამ შიშობდა იმპერატორის ბრძანების შეუსრულებლობას მისი გადაყენება არ მოჰყოლოდა. თავის მხრივ, ობერპროკურორი ალ. გოლიცინიც უხერხულად გრძნობდა თავს, რომლის ინფორმაციით იმპერატორმა იცოდა, რომ კათოლიკოსი მალე პეტერბურგში ჩავიდოდა. დაძაბულ მდგომარეობაში იყვნენ შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრებიც, რომლებმაც შესაბამისი თანხა გამოყვეს მის მისაღებად - გაითვალისწინა რა მოსალოდნელი საშიშროება ალ. ტორმასოვმა ანტონ მეორის წინააღმდეგ გამოიყენა პროკურორ პლახოტინის ზემოთ მოყვანილი მოძიებული მასალები საკათალიკოსოს მიერ საეკლესიო მიწების უკანონოდ ჩუქების შესახებ. მართალია ანტონ მეორემ წაყენებული ბრალდებების გამო თავი იმართლა, მაგრამ ვერაფერს გახდა. დარწმუნდა, რომ პეტერბურგში წაუსვლელობა უფრო მეტ ზიანს მოუტანდა და ამიტომ გადაწყვიტა გამზგავრება. 1810 წლის 3 ნოემბერს თანმხლებ პირებთან ერთად კათალიკოსი რუსეთში გაემგზავრა.
კათოლიკოს-პატრიარქის გამგზავრებით გახარებულმა ალ. ტორმასოვმა სასწრაფოდ აცნობა პეტერბურგს. საქართველოს მმართველმა თ. ახვერდოვმა ანტონ მეორე და მისი თანხმლები პირების არაგვის ხეობაში უსაფრთხოდ გავლის მიზნით სოფელ კობამდე გააყოლა დანილოვის პოლკის ოფიცერი 16 კაზააკთან ერთად, ხოლო კობიდან ვლადიკავკაზამდე მას მიაცილებდა ხევისა და თაგაურის ხეობაში დაბანაკებული რუსი ჯარისკაცები76. დაცვის გაყოლებით ალ. ტორმასოვს სურდა თავიდან აეშორებინა მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც ადრე გავრცელებულ ხმებთან იყო დაკავშირებული, რომ ლევან ფარნაოზის ძე ბატონოშვილს არაგვის ოსების დახმარებით არ ჩაეშალა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის გამგზავრება რუსეთში.
ანტონ მეორემ თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდობიანად გაიარა საქართველოს საზღვარი და ოთხთვიანი, დამქანცველი მოგზურობის შემდეგ 1811 წლის 10 მარტს პეტერბურგიდან ერთი კვირის სავალ სოფელ ტოსნაში შეჩერდა. მოსკოვში გავლის დროს იგი შეხვედრია თავის ძმა ფარნაოზ ერეკლეს ძეს, რომელმაც საქართველოს სულიერი მოძღვარი პეტერბურგამდე მიაცილა77.
1810 წლის 20 მარტს ანტონ მეორე დიდი პატივით მიიღეს პეტერბურგში. პატივაყრილი მწყემსმთავრის გულის მოგების მიზნით იმპერატორმა მას 1810 წლის 10 ივნისს ორი რესკიპტი უბოძა. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმების საკომპენსაციოდ მისი ყოფილი მესაჭე დაჯილდოვდა ანდრია პირველწოდებულის ორდენით, მწვანე ხავერდის მანტიით და აირჩიეს უწმიდესი სინოდის წევრად. მასვე ყოველწლიურად ეძლეოდა პენსია 54 ათასი მანეთი ასიგნაციებით. იმპერატორი კათოლიკოსს ატყობინებდა: ”ვაფასებთ თქვენს დიდხნიერს სათნოებით სავსე ეკლესიის სამსახურს და რუსეთის ერთგულებას, ჩვენ აღვასრულებთ ჩვენს გულითადს სასიამოვნო სურვილს და მოვალეობას გამოგიცხადოთ თქვენ წყალობა და [189]სათნოება”78. მეორე რესკიპტიში იმპერატორი მაღალ შეფასებას აძლევს ანტონის საეკლესიო მოღვაწეობას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ რუსეთი არ დაუშვებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის არსებობას. დაჯილდოებასთან ერთად დაკარგული დამოუკიდებლობის საკომპენსაციოდ იმპერატორი კათოლიკოს ანტონს პირდებოდა: ”საღმრთო მსახურების დროს გექნებათ თქვენ ყველა სასულიერო უპირატესობანი, რომელიც აქამდე გქონდათ, ხოლო სადაც საეკლესიო განწესებისამებრ საჭირო იქნება, თქვენ უნეტარესად მოგიხსენიებენ მღვდელმთავართა შორის... და თქვენ დაიჭერთ მეხუთე ადგილს”79. რა თქმა უნდა, უმრევლოდ და უტახტოდ დარჩენილი მწყემსმთავარი კმაყოფილი არ იქნებოდა იმპერატორის მიერ მინიჭებული პრივილეგიებისა. მეტად ტრაგიკულად წარიმართა რუსეთში ანტონის მოღვაწეობა. მალე მას საიმპერატორო მზრუნველობაც მოაკლდა. იგი გადასახლდა ნიჟნი ნოვგოროდში, სოფელ ლისკოვში. ვახტანგ VI-ის შთამომავლებთან, სადაც 1827 წელს გარდაიცვალა.
ანტონ მეორის რუსეთში გაწვევის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ვარლამ არქიეპისკოპოსი, რომელსაც ჯერ კიდევ ადრე, იმპერატორის ბრძანებით ალ. ტორმასვისაგან დავალებული ჰქონდა მაშინდელი საქართველოს ეკლესიის მდგომარეობისა და მისი მმართველობის შეცვლის შესახებ ვრცელი მოხსენება წარედგინა უწმიდეს სინოდში განსახილველად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა ეპარქიების შემცირებასა და სასულიერო დიკასტერიის დაარსების მიზანშეწონილობის საკითხს. გამოირკვა, რომ 1811 წლის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოში იყო 13 ეპარქია, რომელთაც სათავეში 7 მღვდელმთავარი ედგა, 764 მღვდელი 799 ეკლესიას ემსახურებოდა, დიაკვნები იყვნენ 146, ეკლესიის სხვა მსახურები - 661; 9 საარქიმანდრიტოს შვიდი არქიმანდრიტი განაგებდა. ცამეტივე ეპარქიის მფლობელობაში იყო 2213 კომლი საეკლესიო გლეხი. ამას ემატებოდა საარქიმანდრტიტოებზე მიწერილი 637 კომლი. ვარლამ არქიეპისკოპოსი შეეცადა დაეზუსტებინა ეკლესიის წლიური შემოსავალი, რომელიც, მისი ცნობით, ეპარქიებში შეადგენდა 26360 მანეთს, საარქიმანდრიტოებში - 13226 მანეთს80. ამ მონაცემების შემდეგ არქიეპისკოპოსი თავის შეხედულებას გამოთქვამს საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის შესახებ. იგი საჭიროდ მიიჩნევს სასულიერო დიკასტერიის დაარსებას, რომლის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ არქიმანდრიტები და დეკანოზები ექვსი კაცის შემადგენლობით. ალ. ტორმასოვის მითითებით სასულიერო დიკასტერიის წევრებად დასახელდნენ: ქვათახევის არქიმანდრიტი დოსითეოსი, იკორთის - გამალიელი, კახეთის არქიმანდრიტი ელეფთერ ზუკაკიშვილი, მცხეთის - იოანე მაღალაშვილი, დეკანოზები: იოსებ წინამძღვრიშვილი და დიმიტრი ალექსეევი. დასახელებული პიროვნებები ახალი ხელისუფლების სამსახურში იდგნენ და ბუნებრივია რუსეთის მთავრობისათვის სასურველი იყო მათ ხელში ყოფილიყო საეკლესიო მმართველობის ის ორგანო, რომელიც საქართველოს ეკლესიას უწმდიესი სინოდის დანამატად აქცევდა.
ვარლამ არქიეპისკოპოსმა თავისი შეხედულება გამოთქვა საეპისკოპოსეოების გაუქმების შესახებაც. მისი აზრით 13 საეპისკოპოსოდან უნდა დარჩენილიყო ორი - მცხეთისა და ქართლის და მეორე ალავერდისა და კახეთის ეპარქია. ხოლო ცხრა საარქიმანდრიტოს ნაცვლად ხუთი საკმარისი იქნებოდა. მანვე წამოაყენა წინადადება, რომ მოლდავეთისა და ვლახეთის საეკლესიო მეთაურის მსგავსად უნდა შეცვლილიყო საქართველოს [190]ეკლესიის მწყემსმთავრის ტიტული და კათოლიკოს-პატრიარქის ნაცვლად მას უნდა ეწოდოს ”მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი და სინოდის ეგზარქოსი საქართველოში”, რომელიც აგრეთვე უწმიდესი სინოდის წევრიც იქნებოდა81.
ალ. ტორმასოვმა 1811 წლის 18 თებერვალს ვარლამ არქიეპისკოპოსის საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი გაუგზავნა უწმიდეს სინოდს განსახილველად. მას თან დაურთო თავისი ვრცელი მოხსენება, რომელშიც იგი არქიეპისკოპოსის ყველა მოსაზრებაზე დასაბუთებულ განმარტებებს იძლეოდა და აღიარებდა, რომ პროექტის ყველა დებულება მასთან იყო შეთანხმებული.
გარდა ამისა, მთავარმართებელი მოხსენებაში ყურადღებას ამახვილებდა ისეთ საკითხებზე, რომელზეც ზემოთ აღნიშნულ პროექტში არაფერი იყო ნათქვამი. მისი აზრით, აუცილებელი იყო საეკლესიო აზნაურებს ჩამორთმეოდათ ეკლესია-მონასტრების მამულების მეურვეობა. ეს უკანასკნელი სახაზინო გამგებლობაში უნდა გადასაულიყო, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული საეკლესიო ქონების განიავება. მისივე წინადადებით თბილისში უნდა გახსნილიყო სასულიერო სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულები სათანადო ცოდნის მიღების შემდეგ შეძლებდნენ მღვდელმსახურებას. როგორც თვითონ წერს: ”ეს საჭიროდ მიმაჩნია, რადგან აქ საეკლესიო წოდებას ღებულობს ხალხი დაუმსახურებლად. თუკი იმპერატორი ამ წინადადებას დაეთანხმება, მაშინ სასულიერო პირებად გიმნაზია დამთავრებულები იმსახურებენ. მაშინ აქაური სამღვდელოება იქნება განათლებული”82. რა თქმა უნდა, რუსი მოხელე ქართველ სასულიერო პირთა განათლებით არ იყო დაინეტრესებული. მას სურდა მეფის ერთგული სასულიერო პირების აღზრდა, რომლებიც მათი პოლიტიკის გამტარებლები იქნებოდნენ. მოხსენების დასასრულს ალ. ტორმასოვი ობერპროკურორს აცნობებდა: ”რუსეთში მყოფ ანტონ კათალიკოსს არ უნდა დაველოდოთ, რადგან იგი აქაურ საქმეებს წესრიგში ვერ მოიყვანს. ამის გარდა თვითნებურად მოქმედებს და არაფერს ანგარიშს არ უწევს. ამის უფლებას მას სამეფო გვარის ჩამომავლობაც აძლევს, რადგან იგი არის მეფე ერეკლეს შვილი. ამიტომ მიმაჩნია ყველაზე სასარგებლოდ უწმიდესი სინოდის ეგზარქოსად და მცხეთა-თბილისის მიტროპოლიტად დაინიშნოს ვარლამი, როგორც სამთავრობო სინოდის წევრი, რომელიც კარგად იცნობს რუსეთში არსებული საეკლესიო მმართველობის წესებს”83. მანვე კახეთისა და ალავერდის ეპარქიის მმართველად მოითხოვა მიტროპოლიტ იოანე ბოდბელის დანიშვნა და წამოაყენა წინადადება, რომ სასულიერო პირებს ჯამაგირი ხაზინიდან მისცემოდათ, ამის შემდეგ ანტონ კათოლიკოსს უფლება აღარ ექნებოდა მოეთხოვა საქართველოს ეკლესიის შემოსავლებიდან გარკვეული თანხა84.
ვარლამ არქიეპისკოპოსისა და მთავარმართებლის მოხსენების საფუძველზე ობერპროკურორმა 1811 წლის 21 ივნისს იმპერატორის სახელზე ხელმოსაწერად შეადგინა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი. უწმიდესი სინოდი საიმპერატორო კარის წინაშე წინადადებას აყენებდა: ”1) საქართველოში აქამდე არსებული 13 ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი - მცხეთისა და ქართლის და მეორე - ალავერდისა და კახეთის; ცხრა საარქიმანდრიტოდან დაარსდეს მხოლოდ ხუთი.
2) ქართული ეკლესიის მეთაურად დაინიშნოს მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი. მიეკუთვნოს მას სამუდამო ტიტული სინოდის წევრისა და მისი ეგზარქოსისა.
3) დაწესდეს დიკასტერია, როგორც რუსეთში, საქართველოს [191]სამღვდელოების მმართველის მეთაურობით, დიკასტერია დაამტკიცებს ეკლესიათა და სასულიერო პირთა რაოდენობას, წარმართავს სასულიერო საქმეებს.
4) მღვდლებისა და ეკლესიის მსახურთა შვილების სასწავლებლად თავდაპირველად გიმნაზიის ნაცვლად გაიხსნას სასულიერო სემინარია.
5) თანხა, რომელიც საჭიროა ეკლესიის ხარჯებისათვის, საეკლესიო შემოსავლისაგან გაიღება.
6) ეკლესიისა და მათ მსახურთა შესანახად სინოდი თანხმაა მიწები რომელიც ეკლესიას ჰქონდა რუსეთის მმართველობის დამყარებამდე, ისევ ეკლესიას დარჩეს. რაც შეეხება იმ აზნაურებს, რომლებიც ეკლესიის მიწებს მართავენ, რადგანაც საეკლესიო გლეხთაგან შემოსავლის აკრება ხდება დიკასტერიის მიერ, ასეთი მმართველი საჭირო აღარ იქნება”85.
რადგან ეკლესიის რეორგანიზაციის დროს უწმიდესი სინოდი დიდ იმედებს სასულიერო დიკასტერიაზე ამყარებდა, ამიტომ მან მისი ფუნქციების განსაზღვრას მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო. რომლის მოვალეობასაც შეადგენდა: ”1) შეისწავლოს ამჟამად არსებული ეკლესიები და მათში მოსამსახურე მღვდლებისა და სასულიერო პირების მდგომარეობა. თუ რომელიმე მათგანი ზედმეტია, ასეთი ეკლესიები გააუქმონ, მოსამსახურეები დაითხოვონ ანდა სხვა ეკლესიებში განაწესონ. ხოლო ვინც ეკლესიიდან იქნება გაშვებული, მას დაენიშნოს წოდების შესაფერისი შემოსავალი; 2) საეკლესიო გლეხთა შემოსავალი მოყვანილი იქნეს სრულ წესრიგში; ამისათვის ნება მიეცეს დიკასტერიას შეამოწმოს შემოსავალ-გასავალი... 3) ცნობილია თუ რამდენად გაძნელებულია საეკლესიო შემოსავლების ნატურის სახით აღება და იმისათვის, რომ ეს თავიდან იქნეს აცილებული, ის შემოსავლები, რომლებიც უნდა დაიხარჯოს ეკლესიაზე, სასულიერო სასწავლებლებზე და სხვა დაწესებულებებზე, შეიცვალოს ფულით, რომელიც დიკასტერიას გადაეცემა. ხოლო ის შემოსავლები, რომლებიც განკუთვნილია ეპისკოპოსებისა და არქიმანდრიტების შესანახად, მიეცეთ მათ ნატურით დიკასტერიის გადაწყვეტილებით”86.
ალექსანდრე პირველმა უწმიდესი სინოდის ზემოთ აღნიშნულ პროექტს 1811 წლის 30 ივნისს წააწერა ”ასე იყოს”87. რუსეთის იმპერატორმა ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტა მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ბედი, რომელიც ამიერიდან რუსეთის უწმიდეს სინოდს დაექვემდებარა. ასეთი თვითნებური გადაწყვეტილებით დაირღვა 30-ე და 35-ე მუხლი მოციქულთა კანონებისა და ასევე 22-ე კანონი ანტიოქიის კრებისა, რომელთა მიხედვით თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიას თვითონ აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი ბედი გარეგანი ჩარევის გარეშე88. ალექსანდრე პირველის გადაწყვეტილება რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის გაგრძელება იყო სულიერ სფეროში. რუსეთის რეაქციულმა ძალებმა კარგად იცოდნენ, რომ ქართველი ხალხის ასიმილაციისათვის საჭირო იყო იმ ერთადერთი სულიერი სფეროს მოსპობა, რომელიც ერის პოტენციური შესაძლებლობების გამომხატველი იყო და სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულებოდა. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ჩვენში დაკანონდა ღვთისმსახურების სლავური წესის პრაქტიკა, ხოლო წირვა-ლოცვა ხალხისათვის გაუგებარ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. საქართველოს ეგზარქოსს რუსეთის უწმიდეს სინოდში მუდმივი მეოთხე ადგილი ეკავა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების შესახებ სამართლიანად მიუთითებდა ცნობილი მღვდელმთავარი, შემდეგ კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [192]კალისტრატე ცინცაძე 1926 წლის 27 იანვარს წმ. ნინოს ხსენების დღეს წარმოთქმულ ქადაგებაში: ”დიდი რუსეთის ეკლესიის თავი... ვერ მიუდგა პატარა საქართველოს ეკლესიის სხეულს. მან მოაშორა საქართველოს ”სულის ხელმწიფე”, ჩაუკეტა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ნავთსაყუდელი და წმ. ნინოს ეკლესია გადააქცია ”მართლმადიდებელი აღსარების უწყების” განყოფილებად”89.
ამრიგად, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორის პეტერბურგში გაწვევით, რუსეთის მმართველმა წრეებმა უმტკივნეულოდ შეძლეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება.
--------------------------------------------------------------------------
შენიშვნები
1 - აღნიშნულ საკითხზე ჩვენი საუკუნის დასაწყისში რუსმა სასულიერო პირებმა რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნეს. მათ შორის ობიექტურობით გამოირჩევა დეკანოზ ნიკანდრ პოკროვსკის ნაშრომი, იხ. Н. Покровский, Кратки очерк церковно-исторической жизни православной Грузии со времени появления вней христианства и до наших дней, Тб. 1905.
2 - მ. ქავთარია, ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან. თბ. 1977, გვ. 272.
3 - გეორგიევსკის ტრაქტატი, 1783 წლის ხელშეკრულება რუსეთის მფარველობაში აღმოსავლეთ საქართველოს შესვლის შესახებ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და შენიშვნები დაურთო გ. პაიჭაძემ, თბ., 1983, გვ. 49.
4 - ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა აღწერილი პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანისაგან, თბ. 1978, გვ. 16-17.
5 - გრ. ლორთქიფანიძე, ფიქრები საქართველოზე, თბ. 1995, გვ. 49.
6 - ა. როგავა, ანტონ მეორე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I, თბ. 1975, გვ. 498; მ. ბერძენიშვილი, მასალები XIX საუკუნის პირველი ანხევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, I, თბ. 1980, გვ. 150.
7 – მ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 149.
8 - ჟურნ. ”მწყემსი”, 1885. № 4, გვ. 11.
9 - პ. იოსელიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 115.
10 - АКТЫ, собранные Кавказской археографической комиссией (შემდეგში АКТЫ). Т. 1, стр 221.
11 - იქვე, გვ. 234-235.
12 - იქვე, გვ. 236.
13 - იქვე.
14 - პ. იოსელიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 22.
15 - АКТЫ, Т. 1, стр 529.
16 - იქვე.
17 - АКТЫ, Т. 1, стр 529.
18 - იქვე, გვ. 330.
19 - იქვე, გვ. 531-534.
20 - АКТЫ, Т. 1, стр 536; შდრ. П. Г. Бутков, Материалы для новой историй Кавказа с 1722 по 1803. Т. 2, СПБ, 1869, стр. 485.
21 - АКТЫ, Т. 3, стр 157.
22 - АКТЫ, Т. 1, стр 534-536.
23 - ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, ტექსტი გამოსცა, შესავალი და კომენტარები დაურთო თ. ლომოურმა, თბ., 1941, გვ. 79.
24 - მ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი. გვ. 149. შდრ. ბ. ანდრონიკაშვილი, წარსულის სურათები, თბ., 1984, გვ. 67.
25 - კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, 5 ფონდი 49.
26 - АКТЫ, Т. 1, стр 443.
27 - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV. თბ., 1973, გვ. 818.
28 - АКТЫ, Т. 2, стр 268.
29 - მ. ხუციშვილი, საქართველოს ეკლესიის სოციალურ-პოლიტიკური პოზიცია XIX-XX საუკუნეებში, თბ., 1987, გვ. 17.
30 - АКТЫ, Т. 2, стр 513.
31 - იქვე, გვ. 265-266.
32 - АКТЫ, Т. 2, стр 268; შდრ. ე. ორჯონიკიძე, რუსული მმართველობის დამყარება საქართველოში, თბ., 1992, გვ. 48.
33 - АКТЫ, Т. 3, стр 264; შდრ. იერარქია საქართველოს ეკლესიისა, კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი, შემდგენელი მღვდელი პ. კარბელაშვილი, თბ., 1900, გვ. 112.
34 - მ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 152.
35 - იქვე, გვ. 153.
36 - იერარქია საქართველოს ეკლესიისა, გვ. 189.
37 - იქვე.
38 - იქვე.
39 - იქვე.
40 - კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, S-1543.
41 - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 891.
42 - АКТЫ, Т. 4, стр 139; შდრ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 891.
43 - АКТЫ, Т. 4, стр 139.
44 - იქვე.
45 - იქვე.
46 - მ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 104.
47 - АКТЫ, Т. 4, стр 139.
48 - იქვე.
49 - იქვე, გვ. 141.
50 - იქვე.
51 - იქვე, გვ. 142.
52 - იქვე, გვ. 143.
53 - იქვე.
54 - სანქტ-პეტერბურგი, ცსია, ფ. 1284, აღწ. 3, საქმე №538, ფურც. 92.
55 - АКТЫ, Т. 4, стр 143.
56 - იქვე, გვ. 149.
57 - ბაგრატ ბატონიშვილი, მოთხრობა ახალი საქართველოისა, ხელნაწერი დაცული რუსეთის მენცნიერებათა აკადემიის სანქტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ხელნაწერთა განყოფილება, ფურც. 105-106. აღნიშნული ხელნაწერი სარგებლობისათის დაგვითმო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა მიხეილ გონიკიშვილმა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ.
58 - იქვე, ფურც. 106.
59 - АКТЫ, Т. 4, стр 142.
60 - იქვე.
61 - იქვე, გვ. 144.
62 - იქვე, გვ. 146.
63 - იქვე, გვ. 159.
64 - იქვე.
65 - იქვე, გვ. 147.
66 - იქვე.
67 - იქვე, გვ. 165.
68 - იქვე, გვ. 152.
69 - ბაგრატ ბატონიშვილი, მოთხრობა ახალი საქართველოისა, ხელნაწერი დაცული რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სანქტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ხელნაწერთა განყოფილება, ფურც. 110.
70 - АКТЫ, Т. 5, стр 404; შდრ. ჟურნ. „მწყემსი“, 1885, №12, გვ. 13.
71 - მ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 154.
72 - იერარქია საქართველოს ეკლესიისა... გვ. 190-191.
73 - АКТЫ, Т. 4, стр 155.
74 - იქვე.
75 - იქვე, გვ. 156.
76 - იქვე, გვ. 160-11.
77 - სანქტ-პეტერბურგის ცსია, ფ. 1284, აღწ. 235, საქმე №53, ფურც. 14.
78 - იერარქია საქართველოს ეკლესიისა... გვ. 190.
79 - იქვე, გვ. 191.
80 - АКТЫ, Т. 4, стр 217.
81 - იქვე, გვ. 162.
82 - იქვე, გვ. 163.
83 - იქვე, გვ. 162.
84 - იქვე, გვ. 162.
85 - იქვე, გვ. 166.
86 - იქვე, გვ. 167.
87 - ქართული ეკლესია და მისი სიძველეები, თბ., 1992, გვ. 6.
88 - Е. К. Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тиф. 1901 г.
89 - კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის პირადი ფონდი, საქმე №97, ფურც. 56.
ელდარ ბუბულაშვილი
"სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები", ტ. II
თბილისი, 2004 წ.
კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები