I. სმირნას დამკვიდრებული ღვთის ეკლესია ფილომილიაში1 მობინადრე ღვთის ეკლესიას და ყველას, ყოველ წმინდა ადგილზე მყოფ და საყოველთაო ეკლესიას, - გაუმრავლდეს წყალობა, მშვიდობა და სიყვარული ღვთისა და მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
მოგწერეთ თქვენ, ძმანო, მარტვილთა და ნეტარი პოლიკარპეს შესახებ, ვინც თავისი მოწამებრივი დამბეჭდველობით დევნა განასრულა2. თითქმის ყოველივე წინსწრებით იმიტომ მოხდა, რომ უფალმა ზეგარდამო განგვიცხადოს სახარებისებრი მოწამეობა. იგი ელოდებოდა, რომ გაცემულიყო, როგორც უფალი, რათა მიგვებაძა და ჩვენ მისებრი გავმხდარიყავით, არა მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველნი, არამედ - მოყვასისთვისაც3, რადგან ჭეშმარიტი და შეურყეველი სიყვარული განა ოდენ საკუთარი ცხონების სურვილია, არამედ - ყველა ძმისა.
II. ამრიგად, ნეტარია და სათნო ღვთის ნებისამებრ აღსრულებული ყოველი მარტვილობა, რადგან საჭიროა, ჩვენ, კეთილკრძალულად მყოფნი, ღმერთს ვაკუთვნებდეთ ყველა ხელმწიფებას, რადგან ვის არ განაცვიფრებს მათი მხნეობა, გამძლეობა და ღვთისმოყვარება, რომლებსაც მათრახით ისე როზგავდნენ, რომ სხეულის შიგნითა ნაწილში განთავსებული ძარღვები და არტერიები იხილვებოდა, ისე ითმენდნენ, რომ გარშემომდგომთაც ეტირებოდათ და ებრალებოდათ. ისეთ სათნოებას მიაღწიეს, არც დაუკვნესია, არც უგოდებია რომელიმე მათგანს და განგვიცხადეს ჩვენ, ყველას, რომ იმ ჟამს, როცა ივნებოდნენ, სხეულის გარეთ იმყოფებოდნენ ქრისტეს მოწამენი. მეტიც, გვერდით მდგომი უფალი ემეტყველებოდა მათ. ქრისტეს მადლისაკენ მიქცეულებმა, ქვეყნიური ვნებანი მოიძაგეს, ერთი ჟამის მიერ კი საუკუნო სასჯელი გამოისყიდეს. კაცთმოძულე მტანჯველთა ცეცხლიც გრილი იყო მათთვის, რადგან თვალთა წინ ატარებდნენ საუკუნო და მარადჟამ ჩაუქრობელისგან გარიდების [სურვილს] და გულის თვალებით უმზერდნენ მომთმენთათვის დამარხულ სიკეთეებს. რაც ყურს არ სმენია, არც თვალს უხილავს, არც კაცის გულს მიწვდომია, მათთვის გაცხადდა უფლის მიერ4, რადგან არათუ ადამიანები, არამედ, უდაოდ, ანგელოზები იყვნენ. მსგავსადვე, მხეცებისთვის განკუთვნილნი საშინელ ტანჯვას დაითმენდნენ, ეკლებს ქვედაუგებდნენ და სხვადასხვა სახეობის მრავალგვარი განსაცდელით იგვემებოდნენ, რადგან თუკი შეძლებდნენ, ხანგრძლივი წამების შედეგად უარყოფისკენ მიექციათ ისინი, მათ საპირისპიროდ მრავალს იზრახავდა დემონი.
III. მაგრამ დიდება ღმერთს, რადგან ყველას წინააღმდეგ ვერ გაიმარჯვა. უმამაცესმა გერმანიკოსმა5 კი თავისი გამძლეობით მათი სულმოკლეობა განაძლიერა, რადგან დიდებულად შეებრძოლა მხეცებს. როდესაც მისი დამორჩილების მსურველმა პროკონსულმა უთხრა, რომ საკუთარი სიყმაწვილე შეებრალებინა, თავისი თავი მხეცებს მიუგდო. სურდა, სწრაფად განრიდებოდა მათ უსამართლო და ურჯულო ცხოვრების წესს. ამრიგად, ამის გამო ყოველმა სიმრავლემ, რომელიც ღვთისმოყვარე და ღვთისმსახური ქრისტიანების კეთილმოქმედებით განკვირდა, შეჰღაღადა: „სიკვდილი უღმერთოებს! მოიძიეთ პოლიკარპე!“
IV. ერთი ფრიგიელი, სახელად კოინტოსი, ფრიგიიდან ახალხან ჩამოსული, მოხუცების ხილვისას შეშინდა. ეს იყო, ვინც თავისივე ნებით საკუთარი თავი და მავანნი მოსვლად აიძულა. პროკონსულმა მრავალგზის მოთხოვნით ფიცსა და მსხვერპლშეწირვაში დაარწმუნა იგი. ამიტომაც ძმანო, არ ვაქებთ მათ, ვინც საკუთარი თავი გასცა, რადგან არა ამგვარად გვმოძღვრავს სახარება6.
V. უსაკვირველესმა პოლიკარპემ, როდესაც მოისმინა, არ შეძრწუნებულა, არამედ თავიდან ქალაქში დარჩენა განიზრახა7. მაგრამ მრავალი სთხოვდა მას განრიდებოდა. ველად გავიდა და ქალაქიდან არცთუ ისე შორს განმარტოვდა. მცირერიცხოვან [თანამოაზრეებთან] ერთად მკვიდრობდა და ღამე და დღე სხვა არაფერი უქნია, არამედ ყველასთვის და მსოფლიო ეკლესიისთვის ლოცულობდა. ასეთი იყო ჩვეულება. მლოცველს შეპყრობამდე სამი დღით უწინარეს გამოცხადება მიეცა და იხილა ცეცხლით როგორ იწვოდა მისი სასთუმალი. შებრუნდა და თანამყოფებს მიმართა: „მე ცოცხალი უნდა დავიწვა“.
VI. როდესაც მისი მოძიება დააპირეს, იგი სხვა მიდამოში გადავიდა. მყისვე მისი მძებნელებიც მივიდნენ. ვერ იპოვეს რა იგი, ორი ყრმა დაატყვევეს. ერთმა, რაჟამს აწამეს, აღიარა. არ ძალუძდა პოლიკარპეს დამალვა, რადგან მას გამცემებად შინაურები გაუხდნენ8. ეირინარხოსიც9, რომელსაც ეს სახელი განეკუთვნა, ჰეროდედ წოდებული, მოედანზე მის გაყვანას ეშურებოდა, რომ საკუთარი არჩევანი აღესრულებინა [პოლიკარპეს] და ქრისტეს ზიარი გამხდარიყო, ხოლო გამცემთ კი თავად იუდას სასჯელი განკუთვნოდათ.
VII. ამრიგად, მდევნელნი და მხედრები თავიანთი ჩვეული საჭურველითურთ პარასკევს გამოვიდნენ, სადილის შემდეგ, ყრმა გაიყოლეს10 და, როგორც ავაზაკისკენ, გაეშურნენ11 [მისკენ]. გვიანჟამს მივიდნენ და იპოვეს იგი ერთ-ერთ სახლში, ზედა სართულზე. იქიდან სხვა ადგილისკენაც შეეძლო გაქცევა, მაგრამ არ ისურვა და თქვა: „იყოს ნება ღვთისა“12. ამრიგად, როდესაც გაიგო, რომ მოვიდნენ, მათთან ჩავიდა და დაელაპარაკა. მისულები მისმა ასაკმა და მხნეობამ განაცვიფრა. განა ეგზომ დიდი ძალისხმევა იყო საჭირო ასეთი მოხუცი კაცის შესაპყრობად?! მაშინვე ბრძანა, საკვები და სასმელი შეეთავაზებინათ მათთვის იმავე ჟამს, რამდენსაც ისურვებდნენ. სთხოვა, რომ დრო მიეცათ მშვიდად ლოცვისთვის. როდესაც ნება დართეს, დადგა და ილოცა ასე ღვთის მადლით აღვსილმა. ორი საათი არ დადუმებულა. გაოგნდნენ მსმენელნი, ხოლო ბევრმა კი ინანა, ასეთი ღვთივმშვენიერ ხუცესთან რომ მივიდა.
VIII. შემდეგ, რაჟამს ლოცვა დაასრულა, ყველანი მოიგონა, პატარა თუ დიდი, სახელოვანნი თუ უსახელონი, ვინც ოდესმე მას დაკავშირებია, კათოლიკე საყოველთაო ეკლესია, და მოიწია ჟამი გამგზავრებისა. სახედარზე დასვეს და ქალაქისაკენ წაუძღვნენ. იყო „დიდი შაბათი“. მოეგება მას ეირინარხოსი ჰეროდე და მამამისი ნიკიტა, რომლებმაც ეტლზე გადასვეს იგი, არწმუნებდნენ და ეუბნებოდნენ: „ნუთუ თქმა იმისა, რომ კეისარია უფალი, მსხვერპლშეწირვა, ამის თანმდევი [საქმენი] და გადარჩენა ბოროტებაა?“ თავიდან არ პასუხობდა, ხოლო როდესაც მათ განაგრძეს, მიუგო: „არ მსურს აღვასრულო ის, რასაც მირჩევთ მე“. როდესაც არ გამოუვიდათ მისი დარწმუნება, მკაცრი სიტყვებით მიმართეს და მყისვე გადმოაგდეს ეტლიდან. ძირსდაცემულს მუხლები გადაეფლითა. არც შეუხედავს, თითქოს არც სტკენია, მაშინვე გულმოდგინედ მოედნისკენ გაეშურა, სადაც ისეთი ხმაური იყო, რომ არავის ძალუძდა, რამე მოესმინა.
IX. პოლიკარპეს მოედანზე მისვლისას ხმა იყო ზეციდან: „გაძლიერდი და გამხნევდი, პოლიკარპე“13. მეტყველი არავის უხილავს, მაგრამ ჩვენგან მისულებმა ხმა მოისმინეს14. დასასრულს, მისი მოყვანისას იყო დიდი ხმაური, რადგან გაიგეს, რომ დატყვევებულია პოლიკარპე. ამრიგად. რაჟამს მიიყვანეს იგი, პროკონსული შეეკითხა, თუ ვინ იყო ის. როდესაც აღიარა15, უარყოფას არწმუნებდა მას და ეუბნებოდა: „შეიბრალე შენი ასაკი“, - და სხვას ამის მსგავსს, რისი თქმაც წესია მათთვის, - „კეისრის ფორტუნა დაიფიცე16, შეინანე და თქვი: „სიკვდილი უღმერთოებს“. მოედანზე რჯულის უარმყოფელი ხალხის მხილველ პოლიკარპეს სახე მოექუფრა, ხელი დაუქნია მათ, ამოიგმინა და ზეცისკენ მზირალს აღმოხდა: „სიკვდილი უღმერთოებს“. იქვე მყოფმა პროკონსულმა უთხრა: „დაიფიცე და გაგათავისუფლებ, დაგმე ქრისტე!“ პოლიკარპემ მიუგო: „ოთხმოცდაექვსი წელი მას ვემსახურები და არასოდეს მომქცევია უსამართლოდ, განა ძალმიძს, დავგმო ჩემი მეუფე, ჩემი მხსნელი?“
X. იგი კი კვლავ აგრძელებდა და ამბობდა: „კეისრის ფორტუნა დაიფიცე“. პოლიკარპემ მიუგო: „ფუჭად ფიქრობ, კეისრის ფორტუნას რომ დამაფიცებ, როგორც შენ ამბობ. ისე გიჭირავს თავი, თითქოს არ იცი ვინ ვარ. პირდაპირ ისმინე: „ქრისტიანი ვარ! გსურს, შეისწავლო ქრისტიანული მოძღვრება? დღე განაწესე და მოისმინე“. პროკონსულმა მიუგო: „ხალხი დაარწმუნე“. პოლიკარპემ უპასუხა: „ღირს-ვყოფ შენ სიტყვას, რადგან გვისწავლია, ღვთისგან დადგენილ მთავრებსა და ხელისუფალთ ჩვენთვის ზიანის მიუყენებელი პატივი ღირსებისამებრ განვუკუთვნოთ17, ხოლო ისინი ღირსად არ მიმაჩნია, მათთან რომ თავი ვიმართლო“18.
XI. პროკონსულმა თქვა: „მხეცები მყავს, მათთან ჩაგაგდებ, თუ არ შეინანებ“. მან კი უპასუხა: „მოიხმე, რადგან შეუძლებელია ჩემი გონების ცვალებადობა უკეთესიდან უარესისკენ, ხოლო ბორიტებისა შეცვლა სიმართლით სათნოა“. (პროკონსული) კვლავ ამბობდა: „არაფრად აგდებ ცხოველებს? თუ არ შეინანებ, ცეცხლით შეგმუსრავ“. პოლიკარპემ მიუგო: „ცეცხლით მემუქრები, რომელიც საათი იწვის და მცირე დროის შემდეგ ქრება, რადგან არ უწყი მოსალოდნელი მსჯავრი და საუკუნო სასჯელი, რაც უკეთურთათვის გამზადებული ცეცხლია. რატომ აყოვნებ? აღასრულე, რაც მოგესურვება“.
XII. ამის და სხვისაც მრავლის მთქმელი მხნეობითა და სიხარულით აღივსო, სახე მისი მადლმა აღავსო ისე, რომ არა მარტო არ შეშფოთებულა, როდესაც ამაღელვებელ სიტყვებს ამბობდნენ მის წინააღმდეგ, არამედ, პირიქით. პროკონსული განცვიფრდა და თავისი მქადაგებელი გაგზავნა, რომ მოედნის შუაგულში სამგზის გამოეცხადებინა: „პოლიკარპემ საკუთარი თავი ქრისტიანად აღიარა“. მაუწყებლის მიერ ამის თქმისას წარმართების ყოველმა სიმრავლემ და სმირნაში განსახლებულმა იუდეველებმა თავშეუკავებელი სიძულვილითა და დიდი ხმით იღრიალეს: „ეს მოძღვარია ასიისა, მამა ქრისტიანეთა, ჩვენი ღმერთების დამამხობელი, ვინც მრავალს ასწავლის, არ შესწირონ მსხვერპლი და არ მიაგონ პატივი“19. ამის თქმისას ასიარქ ფილიპეს20 შეჰღაღადეს, ლომი მიეშვა პოლიკარპესთან. ის კი პასუხობდა, რომ ეს არ შეიძლება, რადგან მხეცებით დევნა21 დასრულებულია. მაშინ მათ ერთსულოვანი შეძახილი გადაწყვიტეს, რომ პოლიკარპე ცოცხლად დაეწვათ, რადგან სასთუმალთან დაკავშირებით ღვთივგამოჩინებული ჩვენება აღსრულებულიყო, მლოცველმა რომ იხილა, როგორ იწვოდა, და წინასწარმეტყველურად უთხრა მასთან ერთად მყოფ მორწმუნეებს: „მე ცეცხლზე უნდა დავიწვა“.
XIII. ამრიგად, ეს იმდენად სწრაფად აღსრულდა, უფრო სწრაფად, ვიდრე ითქვა. თანაშემოკრებილმა ბრბომ მყისვე სახელოსნოებსა და აბანოებში შეშისა და ფიჩხის შეგროვება დაიწყო. განსაკუთრებით იუდეველნი იყვნენ გულმოდგინედ და მოშურნეობდნენ, რაც მათი ჩვეულებაა. როდესაც დასაწვავი ცეცხლი22 მოამზადეს, [პოლიკარპემ] თავის სამოსი მთლიანად განიმოსა, სარტყელი შეიხსნა და ფეხსაცმლის გახდას შეეცადა. ასე ადრე არასოდეს მოქცეულა თითოეული მორწმუნის მიზეზით, რომლებიც გულმოდგინედ ესწრაფოდნენ მისის ხეულის შეხებას, რადგან სათნო მოქალაქეობის გამო მოხუცებულობის უწინარეს გამშვენებულიყო ყოველივეში. ამრიგად, მყისვე მის გარშემო განალაგეს ცეცხლისთვის განკუთვნილი საგნები, ხოლო რაჟამს მისი მილურსმნვა გადაწყვიტეს, უთხრა მათ: „ასე დამტოვეთ, რადგან ის, ვინც ცეცხლზე დარჩენის [ძალას] მანიჭებს, თქვენი სამსჭვალის გარეშეც მომათმენინებს ცეცხლს, სიმტკიცითა და აუღელვებლად.
XIV. იგი არ მიალურსმნეს, მაგრამ მიაბეს. ხელები უკან შეუკრეს და შებოჭეს, როგორც ტარიგი, დიდი სამწყსოდან მოყვანილი, ყოვლადდასაწველად ღვთისთვის საამოდ გამზადებული. მან, ზეცისკენ მზირალმა, თქვა: „უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, შენი საყვარელი და კურთხეული ძის, იესო ქრისტეს მამაო, ვის მიერაც მივიღეთ ცოდნა შენ შესახებ. ღმერთო ანგელოზთაო, ძალთა და ყოველი ქმნილებისა და ყოველთა მართალთა მოდგმისაო, რომელნიც შენ წინაშე ცოცხლობენ, შენ გაკურთებენ, რადგან ღირს-მყავ ამ დღესა და ჟამს შენს წმინდა მოწამეთა რიცხვსა და ქრისტეს ბარძიმში მიმეოღო წილი23, რომ აღვდგე უხრწნელებაში საუკუნო სიცოცხლისთვის სხეულით და სულითა სულიწმინდის მიერ. მათ შორის შემიწყნარე დღეს შენ წინაშე, ვითარცა პოხიერი და საამო მსხვერპლი, როგორც წინასწარ განაცხადე, წინასწარ გამოაჩინე და აღასრულე, უტყუარო და ჭეშმარიტო ღმერთო. ამისთვის და ყოველივეს მიზეზით გაქებ შენ, გაკურთხებ შენ, გადიდებ შენ საუკუნო და ზეციური მღვდელმთავრის, შენი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს მიერ, რომლის გამოც შენ მასთან ერთად და სულიწმინდითურთ [გშვენის] დიდება აწ და მარადის მომავალ საუკუნეებამდე. ამინ“.
XV. როდესაც მან ამინი აღმოთქვა და ლოცვა დაასრულა, ადამიანებმა ცეცხლი დაანთეს. უზარმაზარი ალი ავარდა. ვისაც ხილვა მოგვეცა, საოცრებას ვუმზერდით, რომ სხვათათვის საუწყებლად დაგვემარხა მომხდარი. ცეცხლმა თაღოვანი ოთახის24 სახე მიიღო, ვითარცა ქარისგან აღვსებული ხომალდის აფრა, და მოწამის სხეულს გარშემო შემოეკრა. შუაში იყო არა როგორც ხორცი, რომელიც იწვის, არამედ ვითარცა პური, რომელიც ცხვება, ანთუ როგორც ოქრო და ვერცხლი, ბრძმედში გამოხურვებული. ისეთმა კეთილსაყნოსველმა მოგვიცვა, როგორიც გუნდრუკი ან სხვა რამ ძვირფასი სურნელია.
XVI. ამრიგად, დასასრულს, როდესაც ურჯულოებმა იხილეს, რომ ცეცხლს არ ძალუძდა მისი სხეულის შემუსვრა, ბრძანეს, ჯალათი მისულიყო და მახვილი ეგმირა [მისთვის]. ამის აღსრულებისას სისხლის სიმრავლე გარდამოვიდა25, რამაც ცეცხლი ჩააქრო. გაოცდა მთელი ხალხი, თუ ასეთი რამ განსხვავებაა ურწმუნოებსა და რჩეულებს შორის, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უგანსაცვიფრებელესი იყო პოლიკარპე, ვინც ჩვენს დროში გახდა მოციქულებრივი და წინასწარმეტყველი მოძღვარი, ეპისკოპოსი სმირნის წმინდა ეკლესიისა, რადგან აღსრულდა და აღესრულება ყოველი სიტყვა, რომელიც მისი ბაგეებიდან გამოსულა.
XVII. როდესაც მაცილობელმა, ღვარძლიანმა, უკეთურმა და მართალთა მოდგმის26 წინააღმდგომმა მოწამის სიდიადე და მისი დასაბამიდანვე უმწიკვლო მოქალაქეობა, უხრწნელი გვირგვინით გვირგვინოსანი და უცილობელი ჯილდოს მომმუშაკებელი იხილა, შეეცადა, მისი გვამი ჩვენ არ მიგვეღო მიუხედავად იმისა, რომ მრავალს სურდა ამის გაკეთება და მისი წმინდა სხეულის ნაწილთან ზიარება27. ამიტომაც ნიკიტას, ჰეროდეს მამას და ალკის ძმას, შთააგონა, მმართველისთვის ეთხოვა, რომ არ მიეცა გვამი და ეთქვა: „ნუ დავტოვებთ ჯვარცმულს, თორემ მის თაყვანისცემას დაიწყებენ“. ეს იუდეველთა შეგონებითა და ძალისხმევითაც ითქვა, რომლებიც ჩვენგან, მისი სხეულის ცეცხლიდან გამოტანის მსურველთაგან, იცავდნენ მას და ვერ ხვდებოდნენ, რომ არც ქრისტეს დატევება ძალგვიძს ოდესმე, ვინც მთელი სამყაროს გამოსახსნელთა ხსნისთვის ევნო, უბიწო - მართალთათვის; და რომ არც სხვა ვინმეს მივაგებთ პატივს, რადგან თაყვანს ვცემთ მას, ძეს ღვთისას, ხოლო მოწამეებს, ვითარცა მოწაფეებს და ქრისტეს მბაძველებს, ღირსეულად ვეტრფით თავიანთი მეუფისა და მოძღვრისადმი შეურყეველი ერთგულების გამო. დაე, ჩვენც გავხდეთ [მათი] თანაზიარნი და თანამოწაფენი.
XVIII. ამრიგად, იუდეველთა სიჯიუტის მხილველმა ასისთავმა28 გვამი შუაში განათავსა, როგორც მათი ჩვეულებაა, და დაწვა. მოგვიანებით, ჩვენ ძვირადღირებულ ქვაზე უპატიოსნესი და ოქროზე მეტად ურჩეულესი მისი ძვლები ავიღეთ და დავაბრძანეთ, სადაც წესი იყო. იქ, ჩვენი ძალისამებრ, მხიარულებასა და სიხარულში თანაშემოკრებილებს, უფალი მოგვცემს მისი მოწამეობის დაბადების დღის აღსანიშნავი დღესასწაულის აღსრულების შესაძლებლობას წინარემოღვაწეთა მოსაგონად და მომავალთა წვრთნისა და მომზადებისათვის.
XIX. ასე [აღესრულა] ნეტარი პოლიკარპე, ვისაც ფილადელფიელებთან ერთად მეთორმეტე მოწამეს სმირნაში, განსაკუთრებით მხოლოდ მას მოიხსენიებს ყველა ისე, რომ წარმართთაგანაც ყოველ ადგილზე ითქმის. განა მარტო სახელოვანი მოძღვარი იყო, არამედ დიდებული მოწამეც, რომლის ქრისტეს სახარებისამებრ აღსრულებული მარტვილობის მიბაძვა მრავალს სურს. მოთმინებით სძლია უსამართლო მთავარს და ამგვარად უხრწნელი გვირგვინი მიიღო. მოციქულებთან და ყველა მართალთან ერთად ხარობს, ადიდებს ღმერთსა და ყოვლისმპყრობელ მამას და აკურთხებს [ჩვენს]29 უფალ იესო ქრისტეს, მხსნელს ჩვენი სულებისა, მესაჭეს ჩვენი სხეულებისა და მწყემსს კათოლიკე საყოველთაო ეკლესიისა.
XX. მართალია, თქვენ გვთხოვეთ, ვრცლად გვეუწყებინა მომხდარის შესახებ, მაგრამ ჩვენ ამჯერად ჩვენი ძმის, მარკიონის, საშუალებით გამცნობთ მთავარს. რაჟამს ამას მოისმენთ, შემდეგ ეპისტოლე ძმებსაც გაუგზავნეთ, რომ მათაც ადიდონ საკუთარ მსახურთა გამომრჩევი უფალი, ვისაც ძალუძს, თავისი მადლითა და წყალობით ყველა ჩვენგანი შეიყვანოს ზეციურ სასუფეველში მისი კურთხეული ძის, მხოლოდშობილი იესო ქრისტეს მიერ. [მას] - დიდება, პატივი, ძლიერება, დიდებულება საუკუნოდ30. მოიკითხე ყველა წმინდა31. ჩვენთან ერთად გესალმებიან თქვენ ეუარესტოსი, აღმწერელი32, ყოვლითურთ სახლეულით (πανοικεί).
XXI. ეწამა ნეტარი პოლიკარპე ქსანთიკის თვის33 ორის დადგომისას, შვიდი დღით ადრე მარტის კალენდებამდე34, დიდ შაბათს, რვა საათზე. შეპყრობილ იქნა ჰეროდეს მიერ ფილიპე ტრალიანელის ქურუმობისას, სტატიუს კოდრატოსის პროკონსულობისას, ხოლო იესო ქრისტეს საუკუნო ხელმწიფებისას, ვისიცაა დიდება, პატივი, დიდებულება და საუკუნო საყდარი თაობიდან თაობამდე. ამინ.
--------------------------------------------------------------
შენიშნვნები
თარგმანი შესრულებული შემდეგი გამოცემიდან: The Apostolic Fathers; Part II. S. Ignatius. S. Polycarp. Revised texts with introductions, notes, dissertations and translations by J. B. Lichtfoot, D. D., D. C. L., LL.D., Bishop of Durham London: Macmillan and Co. and. New York. 1889. 9. 363-400,
1 - შდრ.: ... τῇ παροικούσῃ ἐν Φιλομηλίῳ. ფილომილია ფრიგიის ერთ-ერთი ქალაქი იყო. პ[პოლიკარპეს მარტვილობის რიგ ხელნაწერებში, ნაცვლად ფილომილიისა, იკითხება „ფილადელფია“ (...τῇ παροικούσῃ ἐν Φιλαδελφία).
2 - წმინდა პოლიკარპესადმი ადგილობრივი, სმირნის ხელისფულება, წარმართული ტრადიციის მიმდევარი საზოგადოება და იუდაური რჯულის აღმსარებელნი უდიდესი სიძულვილით იყვნენ განმსჭვალულნი. ამას განსასჯელად დატყვევებული დიდი მღვდელმთავრის ხილვისას ბრბოდან აღმომხდარი ამოძახილიც ცხადყოფს: „ეს მოძღვარია ასიისა, მამა ქრისტიანეთა, ჩვენი ღმერთების დამახმობელი, ვინც მრავალს ასწავლის, არ შესწირონ მსხვერპლი და არ მიაგონ პატივი [კერპებს]“. დევნის, მოწამეობრივი სიკვდილით განსრულებაში იგულისხმება, რომ პოლიკარპეს მარტვილურმა აღსასრულმა გარკვეული დროის მანძილზე შვება მოჰგვარა ქრისტიანთა მდევნელებს, რადგან მღვდელმთავრის სახით მათ უკეთურებასთან დაპირისპირებული დიდი წინააღმდგომი ძალა ჩამოიშორეს.
3 - შდრ.: „ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ, არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი“ (ფილიპ. 2.4).
4 - შდრ.: „არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა“ (1 კორ. 2.9-10).
5 - ლათინური მარტვილოლოგიის თანახმად, გერმანიკოსის ხსენება 19 იანვარს აღესრულება.
6 - ვინმე ფრიგიელი კოინტოსი ქალაქში იმ მიზნით გამოცხადდა, რომ მოწამეობრივად აღსრულებულიყო. ამასთანავე, მან სხვებიც დაარწმუნა მარტვილობის სიდიადეში და ისინიც წარადგინა ხელისუფლების წინაშე, მაგრამ გადამწყვეტ ჟამს თავად ქრისტეს უარყო. პოლიკარპეს წამების აღმწერი ამგვარ ქმედებას უარყოფითად აფასებს და ამის დასამოწმებლად სახარებაზე უთითებს (შდრ.: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“. მთ. 10.23; „ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად“. ინ. 7.1); ე.ი. ადამიანი შეგნებულად არ უნდა ეძებდეს განსაცდელს, რადგანაც, შესაძლოა, თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალოს და ღმერთს განუდგეს.
7 - იგულისხმება, რომ დიდმა მღვდელმთავარმა შეიტყო ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი დაპატიმრების შესახებ, თუმცა არ შეშინებულა.
8 - შდრ.: „და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“ (მთ. 10.36).
9 – Gr. εἰρήναρχος - აღნიშნული ტერმინით რომის იმპერიაში სამართალდამცავი ორგანოს მაღალი თანამდებობის პირი იწოდებოდა. იგი საზოგადოებრივი წესრიგის დამცავ ძალოვან სტრუქტურას ხელმძღვანელობდა.
10 - იგულისხმება ყრმა, ვისგანაც პოლიკარპეს ადგილსამყოფელი გაიგეს.
11 - შდრ.; „მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე“ (მთ. 26.55).
12 - შდრ. : „ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუთ: ნებაჲ უფლისაჲ იყავნ!“ (საქ. მოც. 21.14).
13 - შდრ.: „აჰა, ესერა, მე გამცნებ შენ: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შესძრწუნდები, ნუცაღა გეშინინ. რამეთუ მე შენ თანა ვარ, უფალი ღმერთი შენი, ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხჳდოდი“ (ის. ნავ. 1.9).
14 - შდრ.: „და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას“ (საქ. მოც. 9.7).
15 - ანუ აღიარა, რომ ქრისტიანია.
16 - შდრ.: Ὄμοσον τὴν Καίσαρος τύχη... ხაზგასმული ბერძნული ტერმინი (τύχη) „სვეს“ ნიშნავს. მოცემულ შემთხვევაში მითითებული სიტყვის საყოველთაოდ დამკვიდრებულ ლათინურ შესატყვისს - ფორტუნას ვიყენებთ. კეისრის ფორტუნის დაფიცება გულისხმობდა, რომ ფიცის დამდები კეისარს ღვთაებად აღიარებდა, ვისაც, როგორც უზენაეს არსებას, ყოველი ადამიანის ბედი ეპყრა ხელთ (შდრ. ინგლ. Swear by the fortune of Caesar; რუს. Поклянись фортуной кесаря).
17 - შდრ.: „ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ. რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან, რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს. ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა. ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან. მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი“ (რომ. 13.1-7).
18 - შდრ.: „ნუ მისცემთ წმინდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ“ (მთ. 7.6).
19 - იგულისხმება, რომ არ შესწირონ მსხვერპლი და უარი თქვან ღმერთებად აღიარებულ კერპებზე.
20 - ასიარქი (Gr. ὁ Ασιαρχος) – პროვინცია ასიის უმაღლესი ქურუმი.
21 – Gr. τὰ κυνηγέσια - წარმოდგენილი ბერძნული ტერმინი (τό κῦνηγέσιον) მხეცებით ნადირობას, დევნას ნიშნავს.
22 – Gr. ἡ πυρκαϊὰ.
23 - შდრ.: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად?“ (მთ. 20.22; „ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ“. მრ. 10.38-39; ქრისტეს ბარძიმში წილის მიღება, წარმოდგენილი სახარებისეული უწყების თანახმად, მსგავსად მაცხოვრისა, მოწამეობრივი აღსასრულის დათმენას გულისხმობს.
24 – Gr.: καμάρας.
25 - პოლიკარპეს მარტვილობის შემცველ ხელნაწერთა ნაწილს აღნიშნულ ადგილზე ერთვის უწყება ნეტარი მოწამის სხეულიდან სისხლთან ერთად მტრედის გარდამოსვლის შესახებ. ჩვენ მიერ თარგმანისათვის გამოყენებულ ბერძნულ ტექსტში აღნიშნული ცნობა კავებშია ჩასმული (Gr.: καὶ τοῦτο ποιήσαντος, ἐξῆλθεν [περιστερὰ καὶ] πλῆθος αἵματος... შდრ. „ამის აღსრულებისას [მტრედი და] სისხლის სიმრავლე გარდამოვიდა...“). მკვლევართაგან გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხელნაწერთა ნაწილში გადმოცემული ამგვარი უწყება გადამწერთა მიერ ორი ერთმანეთის მსგავსი სიტყვის აღრევამ გამოიწვია. ტავდაპირველად მანუსკრიპტში უნდა ყოფილიყო შემდეგი სახის წაკითხვა: καὶ τοῦτο ποιήσαντος ἐξῆθε ἐπ ἀριστερᾶ πλῆθος αἵματος… შდრ.: „ამის აღსრულებისას მარჯვენიდან (ანუ იმ ადგილიდან, სადაც მოწამეს მახვილი უგმირეს, ი.ო) სისხლის სიმრავლე გარდამოვიდა...“ საქმე ისაა, რომ ἡ ἀριστερά „მარჯვენას“, „მარჯვენა მხარეს“ ნიშნავს, ხოლო ἡ περιστερά, - „მტრედს“. მთარგმნელმა აღიქვა წაკითხული სიტყვის შინაარსი და ნაცვლად „მარჯვენასი“ (ἡ ἀριστερά) საკუთარ რედაქციაში შეიტანა „მტრედი“ (ἡ περιστερά). მოგვიანებით, როდესაც სხვა გადამწერთა ხელთ წმ. პოლიკარპეს მარტვილობის განსხვავებული შინაარსის ხელნაწერები აღმოჩნდა, მათ გადაწყვიტეს, ზემოხსენებული ორი რედაქციული სხვაობა გაეერთიანებინათ და ტექსტში ორივე ცნობა წარმოადგინეს: „ამის აღსრულებისას [მტრედი და] სისხლის სიმრავლე გარდამოვიდა...“.
26 - იგულისხმება დმეონი.
27 - შდრ.: ... καίπερ πολλῶν ἐπιθυμούντων τοῦτο ποιῆσαι καί κοινωνῆσαι τῷ ἁγίῳ αὐτοῦ σαρκίῳ. მარტვილის სხეულის ნაწილთან ზიარებაში (κοινωνῆσαι) ქრისტესთვის გარდაცვლილი მოწამის წმინდა ნაწილების ფლობის სურვილი იგულისხმება, რაც ქრისტიანულ სამყაროში ჩვეული ტრადიციაა.
28 – Gr. ὁ κεντυρίων; Lat. Centurio. წარმოდგენილი ტერმინი რომის იმპერიის ასისთავს, ასეულის მეთაურს განეკუთვნებოდა.
29 - კავებია დედანში.
30 - შდრ.: „რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ“ (1 ტიმ. 6.16); „და ყოველთავე დაბადებულთაჲ, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა შინა და ზღუათა, ყოველთაჲ მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა, კურთხევაჲ და პატივი და დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ (გამოცხ. 5.13).
31 - შდრ. „კითხვაჲ არქუთ ფილოლოგეს და ივლიას, ნირეას და დასა მისსა და ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა" (რომ. 16.15).
32 - იგულისხმება პოლიკარპეს მარტვილობის აღმწერი.
33 - შდრ.: Μαρτυρεῖ δὲ ὁ μακάριος Πολύκαρπος μηνὸς Ξανθικοῦ δευτέρα ἱσταμένου. „ქსანთიკი“ აპრილის თვის ბერძნული სახელწოდებაა (იხ. G. W. H. lampe; A Patristic Greek Lexicon, Oxford, 1961, p. 931).
34- შდრ.: ... πρὸ ἑπτὰ καλανδῶν Μαρτίων. კალენდობა - ასე იწოდებოდა ძველი რომაეული კალენდრის თანახმად, ყოველი თვის პირველი დღე. კალენდობა, ისევე როგორც ნონები და იდები, თვის შესაბამისი დღის დადგენას ემსახურებოდა.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა ირაკლი ორჟონიამ
ტექსტი გამოქვეყნებულია თბილისის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომების IV ტომში. თბილისის 2013, გვ. 148-158