თავი პირველი

1. გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი, ფილიპეს ძე, რომელიც გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან და დაამარცხა დარიოსი, სპარსთა და მიდიელთა მეფე და გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე.

2. გადაიხადა მრავალი ომი, დაიპყრო ციხე-სიმაგრენი და გაწყვიტა ქვეყნის მეფენი.

3. მიაღწია ქვეყნის კიდემდე და აკრიფა დიდძალი ხარკი ხალხებისაგან. როცა დაცხრა ქვეყანა მის წინაშე, აღზევდა იგი და გადიდგულდა.

4. შეკრიბა დიდძალი ჯარი და განაგებდა ქვეყნებს, ხალხებს და ხელმწიფეებს, და იქცნენ მის მოხარკეებად.

5. ამის შემდეგ ჩავარდა იგი ლოგინად და მიხვდა, რომ კვდებოდა.

6. მოუხმო თავის დიდებულებს, ყმაწვილობიდანვე მასთან გამოზრდილთ, და გაუყო მათ თავისი სამეფო ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში.

7. იმეფა ალექსანდრემ თორმეტი წელი და მიიცვალა.

8. შემდეგ განაგებდნენ მისი მორჩილნი - თითოეული თავის სამფლობელოში.

9. მისი სიკვდილის მერე თითოეულმა დაიდგა თავზე გვირგვინი, მათ შემდგომ კი ასევე იქცეოდნვნ მათი ვაჟები მრავალი წლის განმავლობაში, და განამრავლეს ბოროტება ქვეყანაზე.

10. მათგან გამოვიდა ცოდვილი ფესვი - ანტიოქოს ეპიფანე, ძე მეფე ანტიოქოსისა, რომელიც იყო მძევლად რომში, და გამეფდა ელინთა მეფობის ასოცდამეჩვიდმეტე წელს.

11. იმ დღეებში ისრაელიდან გამოვიდნენ ურჯულონი და აცთუნებდნენ მრავალს, ამბობდნენ: წავიდეთ და შევეკრათ ჩვენს გარემოსახლე ხალხს, რადგან მას შემდეგ, რაც მათ გამოვეყავით, მრავალი ბოროტება მოიწიაო ჩვენზე.

12. მოეწონათ მათ ეს სიტყვა.

13. ზოგიერთმა ხალხიდან მოიწადინა და გაეშურნენ მეფისაკენ, და მან დართო მათ ნება, დაეცვათ წარმართთა წეს-ჩვეულებანი.

14. ააშენეს იერუსალიმში სასწავლებელი წარმართთა წესისამებრ,

15. დაიწესეს თავიანთთვის წინდაუცვეთლობა და განდგნენ წმიდა რჯულისგან, შეეკრნენ წარმართებს და ავის საქმნელად გაყიდეს თავი.

16. როცა განმტკიცდა ქვეყანა ანტიოქოსის წინაშე, გადაწყვიტა მან ეგვიპტეზე გამეფებულიყო, რათა ორ სახელმწიფოზე ემეფა.

17. შევიდა ეგვიპტეში ურაცხვი ლაშქრით, ეტლებითა და სპილოებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით.

18. და შეებრძოლა ეგვიპტის მეფე პტოლემეოსს. დაფრთხა პტოლემეოსი მის წინაშე და გაიქცა, და მრავალი დაჭრილი დაეცა.

19. დაეუფლნენ ეგვიპტის ქვეყანაში ციხე-ქალაქებს და აიღო ნადავლი ეგვიპტის ქვეყნიდან.

20. გაბრუნდა ანტიოქოსი ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ასორმოცდამესამე წელს და გაილაშქრა ისრაელზე და მიადგა იერუსალიმს დიდძალი ჯარით.

21. ქედმაღლურად შევიდა საწმიდარში, აიღო ოქროს სამსხვერპლო, სასანთლე და ყოველი მისი ჭურჭელი.

22. შესაწირავი ტაბლა, საღვრელი ფიალები, ოქროს ბარძიმი, ფარდა, გვირგვინები და ტაძრის გარეთა ოქროს მორთულობა.

23. მიითვალა ვერცხლი და ოქრო, ძვირფასი ჭურჭელი და მიიტაცა დამალული განძი, რაც კი იპოვა.

24. მოხვეტა ყოველივე და გაბრუნდა თავის ქვეყანაში; სჩადიოდა მკვლელობას და ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

25. შეიქნა დიდი გლოვა ისრაელის ყოველ მხარეში.

26. კვნესოდნენ მთავრები და უხუცესები, ქალიშვილები და ჭაბუკები დაუძლურდნენ, გაცუდდა ქალების სიტურფე.

27. გლოვას მიეცა ყოველი სიძე და ქორწილის სარეცელზე მჯდომი ვაებდა.

28. მიწაც კი შეიძრა მასზე მცხოვრებთათვის და მთელი სახლი იაკობისა სირცხვილმა დაფარა.

29. ორი წლის შემდეგ გაგზავნა მეფემ გადასახადის უფროსი იუდას ქალაქებისკენ და შევიდა იერუსალიმში დიდძალი ლაშქრით.

30. მიუთხრთ მათ სამშვიდობო სიტყვები ეშმაკობით და ერწმუნენ მას. მაგრამ უეცრად შეიჭრა ქალაქში და სასტიკად მოაოხრა.

31. მოკრიფა ალაფი ქალაქიდან და ცეცხლით გადაბუგა, დააქცია მისი სახლები და გარეშემო კედლები.

32. დაატყვევეს ქალები და ბავშვები და დაეუფლნენ საქონელს.

33. შემოზღუდეს დავითის ქალაქი დიდი და მტკიცე კედლით, მტკიცე კოშკებით და იქცა მათ ციხე-სიმაგრედ.

34. დაასახლეს იქ ცოდვილი ხალხი და ურჯულო კაცები დაეფუძნენ იქ.

35. მოიმარაგეს იარაღი და საზრდო, მოხვეტეს იერუსალიმიდან ხარკი. განლაგდნენ იქ და შექმნეს დიდი მახე.

36. ჩაუსაფრდნენ საკურთხეველს და ექმნენ ბოროტ მტრად ისრაელს ყოველმხრივ.

37. დაღვარეს უცოდველი სისხლი საწმიდარის ირგვლივ წაბილწეს საწმიდარი.

38. მათ გამო გაიქცნენ იერუსალიმის მკვიდრნი; უცხოთა საცხოვრებელი გახდა იგი და უცხოდ ექცა მათ ჩამომავლებს, და მიატოვეს იგი მათმა შვილებმა.

39. გავერანდა მისი საწმიდარი, როგორც უდაბნო; მისი დღესასწაულები გლოვად შეიცვალა, მისი შაბათები - ძაძებად, დიდება მისი - სირცხვილად.

40. მისი დიდების წილ გამრავლდა მისი უპატიობა და მისი ზეობა გლოვად შეიცვალა.

41. მისწერა მეფემ მთელს თავის სამეფოს, რომ ყველა ხალხი ერთი ყოფილიყო და

42. ყველას დაეგდო თავისი წეს-ჩვეულება. ყველა ხალხი დაჰყვა მეფის სიტყვას.

43. ისრაელიდან ბევრმა მოიწონა მისი სამსახური და მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს და ბილწავდნენ შაბათს.

44. გაგზავნა მეფემ წიგნი იერუსალიმში და იუდას სხვა ქალაქებში, რომ ქვეყნისთვის უცხო ზნე-ჩვეულებებს მიჰყოლოდნენ.

45. აეკრძალათ აღსავლენი, მსხვერპლშეწირვა და საღვრელი სამსხვერპლოზე, და წაებილწათ შაბათი და დღესასწაულები.

46. შეესვარათ საწმიდარი და წმიდა საგნები,

47. აღემართათ ბომონები, ნაკრძალები და საკერპოები, შეეწირათ ღორები და უსურმაგები,

48. დაეტოვებინათ თავიანთი ვაჟები წინდაუცვეთლად, შეებღალათ თავი ყოველი უწმინდურობითა და სიბილწით.

49. რათა დავიწყებოდათ რჯული და ყოველი მცნება.

50. და თუკი ვინმე არ მოიქცეოდა მეფის სიტყვისამებრ, უნდა მომკვდარიყო.

51. ამ სიტყვების თანახმად მისწერა მთელ თავის სამეფოს და დაუდგინა ზედამხედველნი მთელ ხალხს და აიძულა იუდას ქალაქებს ზორვა.

52. ხალხიდან ბევრმა, ვინც დააგდო მცნება და შეუერთდა მათ, ყველამ დაიწყო ბოროტების ჩადენა ქვეყანაში.

53. აიძულეს ისრაელი, დამალულიყო ყოველ მის თავშესაფარში.

54. ქისლევის მეთხუთმეტე დღეს, ასორმოცდამეხუთე წელს, დაამკვიდრეს გატიალების სისაძაგლე სამსხვერპლოზე და ბომონები წამოჭიმეს იუდას გარშემო ქალაქებში,

55. და აკმევდნენ სახლების კარის წინ და ქუჩებში.

56. რჯულის წიგნს თუ იპოვნიდნენ, ფლეთდნენ და ცეცხლში წვავდნენ.

57. სადაც კი ვინმეს აღთქმის წიგნს აღმოუჩენდნენ, ან თუკი ვინმე რჯულს აღიარებდა, მეფის სამართლით კლავდნენ.

58. მძლავრობდნენ ისრაელზე, ყველაზე, ვინც კი თვიდან თვემდე ქალაქში აღმოჩნდებოდა.

59. თვის ოცდახუთს უზორავდნენ კერპს, რომელიც სამსხვერპლოს წინაშე იდგა.

60. ცოლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს წინდაცვეთდნენ, ბრძანებისამებრ აშთობდნენ;

61. ჩვილებს კისრებით ჰკიდებდნენ, მათ სახლებს არბევდნენ, წინდამცვეთლებს კი ხოცავდნენ.

62. მაგრამ მრავალნი გამხნევდნენ ისრაელში და მტკიცედ დადგნენ, რომ არ ეჭამათ უწმიდურება.

63. მიიღეს სიკვდილი, რათა არ წაბილწულიყვნენ საჭმელით და არ შეერყვნათ წმიდა აღთქმა. ასე დაიხოცნენ.

64. დიდზე დიდი რისხვა იყო ისრაელის თავზე.


თავი მეორე

1. იმ დღეებში აიძრა იერუსალიმიდან მატათია, ძე იოანესი, ძისა სიმონ მღვდლისა, იოარიბიანთაგან, და მოდეინში დასახლდა.

2. ჰყავდა მას ხუთი ვაჟი: იოანე, მეტსახელად გადი,

3. სიმონი, მეტსახელად თასი,

4. იუდა, მეტსახელად მაკაბელი,

5. ელეაზარი, მეტსახელად აუარანი, და იონათესი, მეტსახელად აპფუსი.

6. იხილა მკრეხელობანი, რომელნიც გავრცელდა იუდასა და იერუსალიმში,

7. და თქვა: ვაიმე, რატომ გავჩნდი ჩემი ხალხის დაქცევისა და წმიდა ქალაქის იავარქმნის სახილველად! რატომ ვზივარ აქ, როცა იგი მტრის ხელშია გადაცემული და სამსხვერპლო უცხოთა ხელში?

8. გამოჩნდა მისი ტაძარი, როგორც კაცი ვინმე შეურაცხი.

9. შესამოსელი მისი დიდებისა მიტაცებულია, მისი ჩვილები მისსავე ქუჩებში დახოცეს და მისი ყმაწვილები მტრის მახვილით არიან განგმირულნი.

10. ვინ აღარ მიიღო სამემკვიდრეოდ მისი სამეფო და ვინ არ დაეპატრონა მის მონაგარს.

11. მთელი მისი სამკაული წაღებულია, თავისუფლების ნაცვლად მონა შეიქნა.

12. და აჰა, ჩვენი სიწმიდეები, ჩვენი მშვენება და სახელი გატიალდა, წარმართებმა წაბილწეს.

13. რაღასთცის გვინდა კიდევ სიცოცხლე?

14. შემოიგლიჯეს მატათიამ და მისმა ვაჟებმა ტანისამოსი, ჯვალო ჩაიცვეს და მწარედ ტიროდნენ.

15. მაშან მივიდნენ მოდეინში მეფის მოხელენი, რათა აეძულებინათ ხალხი, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის.

16. ისრაელიდან ბევრი შეუერთდა მათ.

17. მიუგეს მეფის წარგზავნილებმა და უთხრეს მატათიას, თქვეს: წინამძღოლი, პატივდებული და დიდი კაცი ხარ ამ ქალაქში, ვაჟებითა და ძმებით ძლივრი;

18. ახლა პირველი წადი და აასრულე მეფის ბრძანება, მოიქეცი, როგორც ყველა წარმართი, იუდას ხალხი და იერუსალიმში დარჩენილები მოიქცნენ, და გახდებით შენ და შენი შვილები მეფის მოყვარეები და პატივნაცემი იქნებით შენ და შენი შვილები ვერცხლით, ოქროთი და მრავალი ძღვენით.

19. პასუხი გასცა მატათიამ და თქვა ხმამაღლა: მეფის სამეფო სახლის ყველა ხალხიც რომ დაემორჩილოს მას, ყველა სათითაოდ რომც განუდგეს თავისი მამა-პაპის რჯულს, და მისი მცნებები ამჯობინონ,

20. მე მაინც დავრჩები მამა-პაპის აღთქმაში ჩემს ვაჟებთან და ძმებთან ერთად.

21. შორს იყოს ჩვენგან მცნებებისა და რჯულის დატოვება.

22. მეფის სიტყვებს არ დავემორჩილებით, არ გადავუხვევთ ჩვენს რჯულს არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.

23. დაასრულა ამ სიტყვების თქმა და წინ გამოვიდა ერთი იუდაელი ვაცი, რომ ყველას თვალწინ ბომონზე მსხვერპლი შეეწირა მოდეინში მეფის ბრძანებისამებრ.

24. დაინახა ეს მატათიამ და შურით აღინთო და გული აემღვრა, განრისხებული მივარდა მას და ბომონს დააკლა.

25. იქვე მიაკლა მეფის კაციც, რომელიც მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა; სამსხვერპლოც მილეწა.

26. შურით აღინთო რჯულის გულისთვის, როგორც ფინხასი მოიქცა ზიმრი შალომის ძის წინააღმდეგ.

27. მოუწოდა მატათიამ ქალაქს დიდი ხმით, ამბობდა: რჯულისთვის და მცნებებისთვის ყველა მოშურნე გამოვიდეს ჩემს წინაშე!

28. შემდეგ გაიქცნენ ის და მისი ვაჟები მთაში და მიატოვეს ყველაფერი, რაც ქალაქში ებადათ.

29. მაშინ მრავალნი, სამართლისა და მსჯავრის მოშურნენი, გავიდნენ უდაბნოში, რათა იქ დასახლებულიყვნენ.

30. თავად ისინი, მათი ვაჟები, მათი ცოლები და მათი ნახირი, რადგან მძლავრობდა მათზე ბოროტება.

31. მეფის ხალხსა და ჯარებს, რომლებიც იერუსალიმში, დავითის ქალაქში იდგნენ, ემცნოთ, რომ ხალხი, რომელმაც უგულებელყო მეფის ბრძანება, უდაბნოს იდუმალ ადგილებს შეეფარა.

32. ბევრნი დაედევნენ მათ და მიეწივნენ; განეწყვნენ მათ პირისპირ და შაბათ დღეს საომრად გაემზადნენ მათ წინააღმდეგ.

33. ასე უთხრეს მათ: გამოდით, დაემორჩილეთ მეფის ბრძანებას და გადარჩებით.

34. მაგრამ მათ მიუგეს: არც გამოვალთ, არც მეფის ბრძანებას შევასრულებთ და არც შაბათ დღეს არ შეურაცხვყოფთ.

35. და დააჩქარეს ომი მათ წინააღმდეგ.

36. ისინი კი არ შეპასუხებიან, მათთვის ქვაც არ უსრთლიათ და არც საფარი გადაუღობავთ.

37. ამბობდნენ: ყველა დავიხოცებით ჩვენი სიმართლით. ცა და მიწაა მოწმე, რომ უსამართლოდ გვღუპავთო.

38. ამგვარად დაესხნენ მათ შაბათ დღეს და დაიხოცნენ ისინი, მათი ცოლები, მათი შვილები და მათი ნახირი, ათასამდე კაცი.

39. როცა გაიგეს ეს ამბავი მატათიამ და მისმა მეგობრებმა, დიდად დამწუხრდნენ მათ გამო.

40. უთხრეს ერთიმეორეს: თუკი ყველანი ისევე მოვიქცევით, როგორც ჩვენი ძმები მოიქცნენ, და არ შევებმებით წარმართებს ჩვენი სიცოცხლისთვის, მალე აღგვგვიან მიწიდან.

41. გადაწყვიტეს იმ დღეს და თქვეს: ყოველ კაცს, ვინც კი შაბათ დღეს დაგვესხმება თავს, შევებრძოლოთ. ისე ნუ გავწყდებით, როგორც ჩვენი ძმები გაწყდნენ სამალავებში.

42. მაშინ შეუერთდა მათ ხასიდიანების საკრებულო, ისრაელის მაგარი მეომრები, ყველანი, რჯულისთვის თავგანწირვის მოშურნენი.

43. ყველა, ვინც კი გასაჭირს გამოექცა, მათ შეუერთდა და მხარში ამოუდგა.

44. შეკრიბეს ჯარი და დაამხეს ცოდვილნი თავიანთ მრისხანებაში და ურჯულო კაცები თავიანთ მძვინვარებაში. დარჩენილები კი წარმართებთან გაიქცნენ და თავს უშველეს.

45. მოიარეს მატათიამ და მისმა მეგობრებმა და დაამხეს კერპები.

46. წინდაუცვეთელი ბიჭები, ვინც კი ისრაელის საზღვრებში ნახეს, წინდაცვითეს იძულებით.

47. განდევნეს ამპარტავნები და საქმე კეთილად წარიმართა მათ ხელში.

48. ხელიდან გამოსტაცეს რჯული წარმართებს და მეფეს, და რქა ცოდვილს არ დაანებეს.

49. მოაწია მატათიას აღსასრულის დღეებმა და უთხრა მან თავის ვაჟებს, ახლა ამპარტავნობა და გმობაა მოძალებული და დგება ჟამი გადატრიალებისა და რისხვის მძვინვარებისა.

50. ახლა, შვილებო, შურით აღენთეთ რჯულისათვის და თავი დადეთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმისთვის.

51. გაიხსენეთ მამა-პაპის საქმენი, რომლებიც ჩაიდინეს თავიანთ თაობაში, და მოიხვეჭთ დიდ პატივს და საუკუნო სახელს.

52. განა აბრაამი განსაცდელში არ გამოჩნდა მორწმუნედ და მართალ კაცად არ შეირაცხა?

53. იოსებმა მეტად მძიმე გასაჭირში დაიცვა მცნება და ეგვიპტის ბატონი შეიქნა;

54. შურით აინთო ფინხასი, ჩვენი მამა, და საუკუნო მღვდლობის აღთქმა მიიღო;

55. იესო ბრძანების აღსრულებისთვის გახდა ისრაელის მსაჯული;

56. ხალხებს საკრებულოს წინაშე მოწმობისთვის ერგო სამკვიდრო ქვეყანაში;

57. დავითს თავის მოწყალებისთვის ხვდა საუკუნო მეფობის ტახტი;

58. ელია რჯულისადმი შურის გამო იქნა ცად აყვანილი;

59. ხანანიამ, ყაზარიამ, მისაელმა ირწმუნეს და გადარჩნენ ცეცხლის ალში;

60. დანიელი თავისი უბიწოების გამო გადაურჩა ლომების ხახას.

61. და ასე, გაიხსენეთ თაობიდან თაობამდე, რომ მის მოიმედეთაგან შემწეობა არავის მოკლებია.

62. ხოლო ცოდვილი კაცის სიტყვები ნუ შეგაშინებთ რადგან მისი დიდება ნეხვად და მატლად გადაიქცევა.

63. დღეს აღზევებულია, ხვალ კი აღარსად ჩანს, რადგან მტვერს დაუბრუნდა და მისი ზრახვებიც გაცამტვერდა.

64. შვილებო, განმტკიცდით და რჯულში გამხნევდით რადგან მისით მოიხვეჭთ პატივს.

65. ახლა კი, აჰა, ვიცი, რომ სიმონი, თქვენი ძმა, გონიერი კაცია, ყოველთვის მას დაუჯერეთ, ის იქნება თქვენი მამა.

66. იუდა მაკაბელი მაგარი მეომარი იყო სიჭრუკიდანვე. ის იქნება თქვენი ჯარის უფროსი და შეებრძოლება ხალხებს.

67. თქვენ კი შემოიკრიბეთ გარშემო ყველა რჯულის დამცველი და თქვენი ხალხის შური იძიეთ.

68. სამაგიერო მიაგეთ წარმართებს და გაუფრთხილდით რჯულის მცნებებს.

69. შემდეგ აკურთხა ისინი და შეერთო მამა-პაპას.

70. მიიცვალა ასორმოცდამეექვსე წელს და დაიმარხა მოდეინში, თავისი მამა-პაპის სამარხში, და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა.


თავი მესამე

1. მის ნაცვლად აღდგა იუდა, მისი ვაჟი, რომელსაც მაკაბელი ერქვა.

2. მხარში ამოუდგნენ მას მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამამისს შეუერთდა, და სიხარულით იბრძოდნენ ისრაელისთვის.

3. შორს გაიტანა თავისი ხალხის დიდება; თორი შეიმოსა როგორც ბუმბერაზმა, შეისხა საომარი საჭურველი და იბრძოდა, მახვილით იცავდა ბანაკს.

4. თავისი საქმეებით ლომს ჰგავდა და ლომის ბოკვერს, მსხვერპლზე რომ ბდღვინავს.

5. დევნიდა ურჯულოებს, ეძებდა მათ და წვავდა თავისი ხალხის მაშფოთებელთ.

6. მისი შიშით დადგნენ ურჯულოები, გაწბილდა ყოველი ძვირისმოქმედი და კეთილად წარიმართა ხსნა მისი ხელით.

7. გაამწარა ბევრი მეფე და თავისი საქმით გაახარა იაკობი, და კურთხეულია მისი ხსოვნა უკუნისამდე.

8. მოიარა იუდამ ქალაქები და გაწყვიტა იქ ღვთისმგმობელნი და მიიქცა რისხვა ისრაელიდან.

9. სახელი გაითქვა ქვეყნის კიდემდე და თავი მოუყარა დასაღუპად განწირულთ.

10. ამასობაში აპოლონიოსმა თავი მოუყარა წარმართებს და დიდძალ ლაშქარს სამარიიდან ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.

11. გაიგო ეს ამბავი იუდამ, გაემართა მის შესახვედრად, სძლია მას და მოკლა. ბევრი დაეცა განგმირული, დანარჩენებმა კი თავს უშველეს.

12. მოხვეტეს ნადავლი, აპოლონიოსის მახვილი კი იუდამ აიღო და იმით იბრძოდა მთელი სიცოცხლე.

13. როცა გაიგო სერონმა, სირიის ლაშქრის სარდალმა, რომ იუდამ თავი მოუყარა მთელს კრებულსა და მორწმუნეთა მრევლს, და საომრად გავიდა,

14. თქვა: გავითქვამ სახელს და სამეფოში პატივს მოვიხვეჭ. შევებრძოლები იუდასა და მის თანამდგომთ, მეფის სიტყვათა შეურაცხმყოფელთო.

15. და გაეშურა მისკენ ღვთისმგმობელთა ძლიერი ბანაკი, რომ მიხმარებოდნენ მას ისრაელიანების დასასჯელად.

16. ბეთ-ხორონის აღმართს რომ მიუახლოვდა, გამოვიდა იუდა მის შესახვედრად მეტად მცირე რაზმით.

17. როცა მათ წინააღმდეგ გამოსული ლაშქარი დაინახეს, უთხრეს იუდას: როგორ შევებრძოლოთ ასე ცოტანი ამ ურიცხვ და ძლიერ ლაშქარს? დაქანცულებიც ვართ, რადგან დღეს არაფერი გვიჭამიაო.

18. მიუგო იუდამ: ადვილია მცირეთა ხელით მრავალთა ძლევა; ბევრის ხელით მოხდება ხსნა თუ მცირეს ხელით, ცის წინაშე სულერთია.

19. ლაშქრის სიმრავლე კი არ იმარჯვებს ომში, არამედ შველა ზეციდან მოდის.

20. ისინი ჩვენზე აღძრულან დიდი თავხედობითა და ურჯულოებით, რათა მოგვსპონ ჩვენ, ჩვენი ცოლები და ჩვენი შვილები, და გაგვძარცვონ.

21. ჩვენი კი ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის და რჯულისთვის.

22. თავად უფალი გააცამტვერებს მათ ჩვენს თვალწინ; თქვენ კი ნუ შეგეშინდებათ.

23. როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი, მოულოდნელად მიეჭრა მათ და შეიმუსრნენ სერონი და მისი ლაშქარი მის წინაშე.

24. და მისდიეს მათ ბეთ-ხორონის დაღმართზე ვაკემდე და დაეცა მათგან რვაასი კაცი, დანარჩენები კი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ.

25. განითქვა შიში იუდასი და მისი ძმებისა, და თავზარი დაეცათ მათ ირგვლივ წარმართებს.

26. მეფესაც მისწვდა მისი სახელი და ალაპარაკდნენ წარმართები იუდას ბრძოლებზე.

27. შეიტყო ეს ამბები მეფე ანტიოქოსმა და ძალზე განრისხდა. დაგზავნა ხალხი, რომ შეეკრიბათ მისი სამეფოს მთელი ძალა, დიდი და ურიცხვი ლაშქარი.

28. გახსნა თავისი განძთსაცავი და მისცა წლიური გასამრჯელო ლაშქარს, უბრძანა, მზად ყოფილიყვნენ ყოველი საჭიროებისთვის.

29. ნახა, რომ გამოილია ვერცხლი საგანძურში და ქეეყნის შემოსავალმაც დაიკლო განხეთქილებათა და უბედურებათა გამო, რაც ქვეყანას დაატეხა მამაპაპეული კანონების გაუქმებით.

30. და შეშფოთდა, რადგან მხოლოდ ერთი-ორჯერ თუღა შეეძლო გაეცა საჩუქრები, რომელთაც წინათ თავის წინამორბედ მეფეებზე უფრო უხვად და ხელგაშლილად იძლეოდა.

31. დიდად შეწუხებულმა განიზრახა, სპარსეთში წასულიყო, აეკრიფა მხარეთა შემოსავალი და ბევრი ვერცხლი დაეგროვებინა.

32. სახელმწიფო საქმეები კი მდინარე ევფრატიდან ქვეყნის კიდემდე ლისიას, სახელოვან კაცს სამეფო გვარისას, ჩააბარა.

33. მასვე ჩააბარა აღსაზრდელად თავისი ვაჟი, ანტიოქოსი, ვიდრე მობრუნდებოდა.

34. ჩააბარა ჯარების ნახევარი და სპილოები, დაუტოვა მას განკარგულება ყველაფერზე, რასაც აპირებდა იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთათვის,

35. რომ გაეგზავნა ჯარი ისრაელის ძლიერებისა და იერუსალიმის ნატამალის გასაცამტვერებლად და მათი სახსენებლის აღსაგველად იმ ადგილიდან,

36. უცხო ტომის დასასახლებლად მთელ მიწა-წყალზე და მის ქვეყანაზე წილის საყრელად.

37. მეფემ კი წაიძღვანა ჯარების დარჩენილი ნახევარი და გაემგზავრა ანტიოქიიდან, თავისი სამეფო ქალაქიდან, ასორმოცდამეშვიდე წელს; გადაცურა მდინარე ევფრატი და მოიარა ზემო ქვეყნები.

38. გამოარჩია ლისიამ პტოლემეოსი, დორუმენოსის ძე, ნიკანორი და გორგია, მაგარი ვაჟკაცები მეფის მეგობართაგან,

39. და გაგზავნა მათთან ერთად ასოციათასი ქვეითი და შვიდი ათასი მხედარი, რომ შესულიყვნენ იუდას ქვეყანაში და აეოხრებინათ ის მეფის ბრძანებისამებრ.

40. და გაემართნენ მთელს ჯართან ერთად; მივიდნენ და დაეწყვნენ ემაუსის მახლობლად, ვაკეზე.

41. როდესაც იმ ქვეყნის ვაჭრებს მოესმათ მათი სახელი, აიღეს ურიცხვი ოქრო-ვერცხლი და ჯაჭვები და გაეშურნენ ბანაკისკენ, რომ მონებად აეყვანათ ისრაელიანები; და შეუერთდნვნ მათ სირიისა და უცხოთესლთა ქვეყნის ძალები.

42. იუდამ და მისმა ძმებმა დაინახეს, რომ გამრავლდა უბედურებანი და ჯარები დგანან მთელს მათ მიწა-წყალზე; გაიგეს მეფის ბრძანებაც, რომელიც გაცემული იყო ხალხის გასანადგურებლად და ამოსაწყვეტად.

43. თქვეს ერთმანეთში: აღვადგინოთ დაცემული ჩვენი ხალხი და ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხისთვის და საწმიდარისთვის.

44. შეიკრიბა საკრებულო, რომ მზად ყოფილიყვნენ საომრად, ელოცათ და გამოეთხოვათ წყალობა და შებრალება.

45. იერუსალიმი კი უკაცრიელი იყო როგორც უდაბნო; აღარ იყო მიმსვლელ-მომსვლელი მის მკვიდრთაგან; საწმიდარი გათელილი იყო, ციხე-სიმაგრე უცხოთესლს ეჭირა, წარმართთა ბუნაგად ქცეულიყო; წაერთვა სიხარული იაკობს და დადუმდა სტვირი და ებანი.

46. შეიკრიბნენ და გაეშურნენ მიცფასკენ, იერუსალიმის პირდაპირ, რადგან მიცფა წინათ სალოცავი ადგილი იყო ისრაელისთვის.

47. იმარხულეს იმ დღეს, ჩაიცვეს ჯვალო, თავზე ნაცარი გადაიყარეს და ტანისამოსი შემოიგლიჯეს.

48. გადაშალეს რჯულის წიგნი, რომლის მეშვეობითაც წარმართები ცდილობდნენ დაჰკითხოდნენ თავიანთი კერპების გამოსახულებებს.

49. მოიტანეს სამღვდელო შესამოსელი, ნათავარები და მეათედები, და მოუხმეს მოწმიდარებს, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ თავიანთი დღეები.

50. ცისკენ აღიმაღლეს ხმა, თქვეს: რა ვუყოთ ამათ, საით წავიღოთ?

51. სიწმინდე შენი გათელილია და წაბილწული, და შენი მღვდლები გლოვაში და დამცირებაში არიან.

52. აჰა, წარმართები შეკრულან ჩვენს ასაოხრებლად. შენ ხედავ, რაც განუზრახავთ ჩვენთვის.

53. როგორ გავუწევთ წინააღმდეგობას, შენ თუ არ შეგვეწევი?

54. საყვირებს ჩაჰბერეს და დიდი ხმით აყვირდნენ.

55. ამის შემდეგ იუდამ დანიშნა ერის წინამძღოლები, ათასისთავები, ასისთავები, ორმოცდაათისთავები და ათისთავები.

56. მათ კი, ვინც სახლის შენებაში იყვნენ ან ცოლს ირთავდნენ, ან ვენახს აშენებდნენ, ან ბრძოლა აშინებდათ, გამოუცხადა შინ დაბრუნებულიყვნენ, რჯულის თანახმად.

57. დაიძრა ლაშქარი და ემაუსის სამხრეთით დაბანაკდა.

58. თქვა იუდამ: სარტყელი შემოირტყით და გამხნევდით, დილაადრიანად მზად იყავით წარმართებთან საომრად, ჩვენს წინააღმდეგ რომ ამხედრებულან, რათა დაგვამხონ ჩვენ ჩვენს საწმიდართან ერთად.

59. ჯობს, ბრძოლაში დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი ხალხისა და საწმიდარის უბედურება ვიხილოთ.

60. რასაც ზეცაში ინებებს, ის მოახდინოს!


თავი მეოთხე

1. გორგიამ წაიყვანა ხუთიათასი ქვეითი და ათიათასი რჩეული მხედარი, და დაიძრა ღამით ლაშქარი,

2. რათა თავს დასხმოდნენ იუდაელთა ბანაკს და მუსრი გაევლოთ მათთვის მოულოდნელად; მისი მეგზურები ციხე-სიმაგრიდან იყვნენ.

3. შეიტყო იუდამ და გამოვიდა თავისი ლაშქრითურთ მეფის ჯართან შესაბმელად ემაუსში,

4. როცა ჯარები ჯერ კიდევ შორს იყვნენ ბანაკიდან.

5. შევიდა გორგია ღამით იუდას ბანაკში და ვერავინ ნახა იქ. მერე მთებში ეძებდა მათ, რადგან იფიქრა: გაგვექცაო ეს ხალხი.

6. გათენებისთანავე გამოჩნდა იუდა ვაკეზე სამიათასი კაცით; ფარები და მახვილები არ ჰქონიათ, რადგან ასე ისურვეს.

7. დაინახეს წარმართთა ბანაკი, ძლიერი და გამაგრებული, მხედრობით გარსშემორტყმული; ბრძოლებში გამოწრთობილნი იყვნენ ისინი.

8. უთხრა იუდამ კაცებს, რომლებიც თან ახლდნენ მას: მათი სიმრავლისა ნუ შეგეშინდებათ და მათი შემართება ნუ დაგაფრთხობთ.

9. გაიხსენეთ, როგორ გადარჩნენ ჩვენი მამები მეწამულ ზღვაში, როდესაც ჯარით გამოუდგა მათ ფარაონი.

10. ახლა კი შევღაღადოთ მას, ვინძლო ინებოს ღმერთმა ჩვენი გადარჩენა და გაიხსენოს მამათა აღთქმა, და შემუსროს ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე.

11. და გაიგოს ყოველმა ხალხმა, რომ არსებობს გამომსყიდველი და მხსნელი ისრაელისა.

12. როდესაც უცხოთესლმა ააპყრო თვალი, დაინახეს ისინი, მათ წინააღმდეგ მომავლები,

13. და გამოვიდნენ საომრად თავიანთი ბანაკიდან; მაშინ ბუკსა სცეს იუდას მხრიდან

14. და შეუტიეს და სძლიეს წარმართებს, და დაბლობისკენ გააქციეს;

15. ჩამორჩენილნი კი მახვილით განგმირეს; მისდიეს მათ გაზერამდე და ედომის ვაკემდე, აშდოდამდე და იამნიამდე. გაწყდა მათგან სამიათასამდე კაცი.

16. მობრუნდა იუდა ლაშქართან ერთად მათი დევნიდან.

17. და მიმართა ხალხს: ნუ დახარბდებით ნადავლს, რადგან წინ ომი გვიდევს.

18. გორგია და მისი ჯარი ჩვენს ახლოს არიან, მთებში. ახლა განეწყვეთ მტრის წინააღმდეგ და შეებრძოლეთ მათ, ამის შეხდეგ გაბედულად იალაფეთ.

19. ამ ლაპარაკში იყო, რომ რაღაც რაზმი გამოჩნდა მთიდან.

20. დაინახეს, რომ მათი ჯარი გაქცეულია, ბანაკს კი ცეცხლს უკიდებენ; ადენილი კვამლიდან ჩანდა, რაც მოხდა.

21. ამის მნახველთ თავზარი დაეცათ; ხოლო ვაკეზე საომრად გამზადებული იუდას ლაშქარი რომ დაინახეს,

22. ყველანი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ.

23. მაშინ მიბრუნდა იუდა ბანაკის გასაძარცვავად და მოხვეტეს დიდძალი ოქრო-ვერცხლი, იაკინთი და ზღვის პორფირი, დიდი დოვლათი.

24. როდესაც უკან დაბრუნდნენ, გალობანი და ლოცვები აღავლინეს ცისკენ, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.

25. აღსრულდა ისრაელზე იმ დღეს დიდი ხსნა.

26. ხოლო ვინც გადარჩა უცხოთესლთაგან, ეახლნენ და აუწყეს ლისიას ყოველივე, რაც მოხდა.

27. როცა მოისმინა ეს, შეშფოთდა და დაღონდა, რადგან ისე არ წაუვიდა საქმე ისრაელს, როგორც მას სურდა, და არ ახდა ისე, როგორც მეფემ უბრძანა.

28. მეორე წელს შეკრიბა სამოცი ათასი რჩეული კაცი და ხუთიათასი ცხენოსანი, რომ შებრძოლებოდნენ მათ.

29. მივიდნენ ედომში და ბეთ-ცურში დაიბანაკეს; და დაუხვდა მათ იუდა ათიათასი კაცით.

30. როცა დაინახა, რომ ძლიერი იყო მათი ლაშქარი, ილოცა და თქვა: კურთხეულ ხარ, მხსნელო ისრაელისა, რომელმაც შემუსრე ძლიერი მტერი შენი მორჩილის, დავითის ხელით, და უცხოთესლთა ჯარი ხელში ჩაუგდე იონათანს, საულის ძეს, და მის საჭურველთმტვირთველს.

31. ასევე მოამწყვდიე ეს ლაშქარი შენი ერის, ისრაელის ხელში, რომ შერცხვენოდათ თავიანთი ჯარისა და მხედრობისა.

32. აავსე ისინი სიმხდალით, დაადამბლავე მათი ძალა, და შეარყია ისინი მარცხმა.

33. შემუსრე ისინი შენს მოყვარულთა მახვილით და საგალობლებში განგადიდებენ შენი სახელის მცნობელნი.

34. შემდეგ ეკვეთნენ ერთმანეთს და დაეცა ლისიას ბანაკიდან ხუთი ათასამდე კაცი და გაწყდნენ მათ წინაშე.

35. დაინახა ლისიამ თავისი ლაშქრის უკუქცეკა და იუდას მებრძოლთა სიმამაცე, თუ როგორ იყვნენ მზად, ან ეცოცხლათ ან ღირსეულად დახოცილიყვნენ, და ანტიოქიისკენ გაემართა; გულში ჩაიდო, ჯარი დაექირავებინა და უფრო დიდი ლაშქრით კვლავ იუდაელებს შესეოდა.

36. მაშინ თქვეს იუდამ და მისმა ძმებმა: აჰა, შეიმუსრა ჩვენი მტერი. ავიდეთ სამსხვერპლოს განსაწმედად და განსაახლებლად.

37. შეიკრიბა მთელი ჯარი და ავიდნენ სიონის მთაზე.

38. ნახეს გაპარტახებული საწმიდარი, წაბილწული სამსხვერპლო, გადამწვარი კარიბჭე; ეზოში კი ბუჩქები იყო ამოსული, როგორც ტყეში ან მთაში; სიწმიდეთა საცავები მოოხრებული იყო.

39. შემოიგლიჯეს ტანისამოსი, გამართეს დიდი გლოვა და ნაცარი დაიყარეს თავზე.

40. პირქვე დაემხნენ მიწაზე, მაუწყებელ საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ღაღადისი აღავლინეს ცისკენ.

41. მერე გამოყო იუდამ მებრძოლები ციხე-სიმაგრეში მყოფებთან საომრად, ვიდრე თავად სამსხვერპლოს გაწმედდა.

42. ამოირჩია უბიწო მღვდლები, რჯულის ერთგულნი,

43. და გაასუფთავეს საწმიდარი და ბინძური ქვები უსუფთაო ადგილზე გაიტანეს.

44. შემდეგ გამართეს ბჭობა შებღალული აღსავლენის სამსხვერპლოს გამო, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.

45. მაშინ გაუჩნდათ მათ კეთილი აზრი, დაენგრიათ იგი, რომ სირცხვილად არ ქცეულიყო მათთვის, რადგან წარმართთაგან იყო წაბილწული; და დაანგრიეს სამსხვერპლო.

46. ქვები კი დააწყვეს ტაძრის მთაზე, შესაფერ ადგილას, სანამ მიამავალი ვინმე წინასწარმეტყველი მათ შესახებ იტყოდა რამეს.

47. მოაგროვეს წესისამებრ გაუთლელი ქვები და ააგეს ახალი სამსხვერპლო ძველის მიხედვით.

48. ააშენეს საწმიდარი და ტაძრის შიგადი, და აკურთხეს ეზო.

49. ახლად დაამზადეს წმიდა ჭურჭელი და ტაძარში შეიტანეს სასანთლე, საკმევლის სამსხვერპლო და ტრაპეზი.

50. აკმიეს სამსხვერპლოზე, შანდლებზე სანთლები დაანთეს და გაანათეს ტაძარი.

51. ტრაპეზზე პურები დააწყვეს, ჩამოკიდეს ფარდები და აღასრულეს ყოველი საქმე, რაც წამოიწყეს.

52. ასმეორმოცე წელს, მეცხრე თვის (ქისლევის თვის) ოცდამეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ

53. და ახლადაგებულ აღსავლენ სამსხვერპლოზე ჯერისამებრ მოიყვანეს შესაწირავი.

54. სწორედ იმ დროსა და იმ დღეს, როცა წაბილწეს წარმართებმა, განაახლეს იგი საგალობლებით, ბობღნებით, ებნებითა და წინწილებით.

55. პირქვე დაემხო მთელი ხალხი, თაყვანისცეს და ჰმადლობდნენ ცას, რომელმაც სიკეთე მოიღო მათზე.

56. რვა დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას, სიხარულით მოჰყავდათ აღსავლენი და სწირავდნენ ხსნისა და ქების შესაწირავს.

57. ტაძრის შუბლი დაამშვენეს ოქროს გვირგვინებითა და ფარებით, განაახლეს კარიბჭეები და სიწმიდეთსაცავები, და კარი შეაბეს.

58. დიდზე დიდმა სიხარულმა მოიცვა ხალხი და განქარდა წარმართთაგან მოყივნება.

59. დააწესეს იუდამ, მისმა ძმებმა და მთელმა ისრაელის კრებულმა ეზეიმათ სამსხვერპლოს სატფურების დღე წლიდან წლამდე რვა დღის განმავლობაში, ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღიდან, ლხენითა და სიხარულით.

60. იმავე ხანებში სიონის მთა შემოზღუდეს მაღალი კედლებით და მაგარი კოშკებით, რათა ოდესმე მომხდურ წარმართებს აღარ დაექციათ ისინი უწინდელივით.

61. ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად და გაამაგრა ბეთცურიც დასაცავად, რათა ხალხს ედომის მხარეს ჰქონოდა სიმაგრე.


თავი მეხუთე

1. დიდად განრისხდნენ წარმართები, როცა გაიგეს, რომ უწინდელივით აღიმართა სამსხვერპლო და განახლდა საწმიდარი.

2. გადაწყვიტეს, აღმოეფხვრათ იაკობის მოდგმა, რომელიც მათ შორის იყო, და დაიწყეს ხოცვა და მუსრვა ხალხში.

3. ხოლო იუდა შეებრძოლა ესავიანებს ედომში, აკრაბატენესთან, რადგან მათ ალყაში ჰყავდათ ისრაელი; სასტიკად დაამარცხა ისინი, დაიმორჩილა და აიღო ნადავლი.

4. მერე გაიხსენა ბოროტებანი ბეანიანთა, რომლებიც მახედ და ხაფანგად იყვნენ ხალხისთვის და გზებზე უსაფრთებოდნენ მათ.

5. მათ ციხე-სიმაგრეებს შეაფარეს თავი, ხოლო იუდა გარსშემოადგა მათ და დაარისხა ისინი, ცეცხლში გახვია მათი ციხე-სიმაგრეები ყველა მასში მყოფითურთ.

6. მერე მიადგა ყამონიანებს და შეხვდა იქ მაგარ ხელს და ურიცხვ სიმრავლეს ტიმოთეოსის წინამძღოლობით.

7. ბევრი ბრძოლა გადაიხადა მათ წინააღმდეგ და შეიმუსრნენ ისინი მის წინაშე. ასე დაამარცხა ისინი.

8. მერე სწრაფადვე აიღო იაყზერი მისი სოფლებითურთ და იუდასკვნ შემოიქცა.

9. მაშინ გალაადის წარმართები სამტროდ შემოეწყვნენ მათ მიწა-წყალზე მცხოვრებ ისრაელს, რომ მოესრათ ისინი, მაგრამ გაექცნენ დათემას ციხეში,

10. და წერილები გაუგზავნეს იუდასა და მის ძმებს, შეუთვალეს: შეიკრიბნენ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, რომ გაგვანადგურონ;

11. ამზადებენ შეტევას და აპირებენ სიმაგრის აღებას, რომელსაც შეფარებულნი ვართ. ტიმოთეოსი მოუძღვის მათ ჯარს.

12. მაშ, ახლა მოდი და გვიხსენი მათი ხელიდან, რადგან დაცემულია ბევრი ჩვენგანი,

13. ჩვენი მოძმენიც, ყველა ვინც კი ტობში იგო, დახოცილნი არიან; მათი ცოლ-შვილი მონებად წაასხეს, ქონება დაიტაცეს, და ათასამდე კაცი გაწყვიტეს იქ.

14. ჯერ კიდევ წერილებს კითხულობდნენ, რომ აჰა, სხვა შიკრიკები მოვიდნენ გალილეადან, სამოსელშემოგლეჯილნი და ეს ამბავი აუწყეს.

15. თქვეს, შეიკრიბნენ პტოლემაისიდან, გვიროსიდან, ციდონიდან და წარმართთა გალილეადან ჩვენს გასანადგურებლადო.

16. როდესაც გაიგეს ეს ამბები იუდამ და ხალხმა, შეიყარა დიდი კრებული იმის გადასაწყვეტად, თუ რა ეღონათ გასაჭირში მყოფი და მათგან მიმძლავრებული მოძმეებისთვის.

17. მიმართა იუდამ სიმონს, თავის ძმას: ამოირჩიე კაცები, წადი და იხსენი შენი ძმები გალილეაში. ხოლო მე და ჩემი ძმა იონათანი გალაადისკენ გავემართებითო.

18. ხალხის წინამძღოლებად კი ზაქარიას იოსები და ყაზარია დატოვა ლაშქრის დარჩენილ ნაწილთან ერთად იუდაში, მის დასაცავად;

19. და უბრძანა მათ: განაგეთ ხალხი და ჩვენს მობრუნებამდე წარმართებს ნუ შეებრძოლებით.

20. სიმონს ჩააბარეს სამიათასი კაცი გალილეაში სალაშქროდ, ხოლო იუდას რვაათასი კაცი გაალადისთვის.

21. გაემართა სიმონი გალილეასკენ, მრავალი ბრძოლა გადაიხადა წარმართებთან და შეიმუსრნენ წარმართები მის წინაშე.

22. მისდია მათ პტოლემაისის კარიბჭემდე და დაეცა წარმართთაგან სამიათასამდე კაცი და წამოიღო მან ნადავლი.

23. წამოასხა გალილეასა და არბატეში მყოფი იუდაელნი დედა-წულიანად და იუდაში მიიყვანა დიდი სიხარულით.

24. ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა ძმამ იონათანმა გადალახეს იორდანე და სამი დღის სავალი გზა გაიარეს უდაბნოში.

25. გადაეყარნენ ნაბატელებს, მშვიდობიანად შეეგებნენ მათ და ყველაფერი უამბეს, რაც შეემთხვათ მათ ძმებს გალაადში;

26. რომ მრავალი მათგანი ჩაკეტილები არიან ბოცრასა და ბოსორში, ალემოში, ხასფოში, მაკედსა და კარნაინში, რომ ყველა ეს ქალაქი დიდია და გამაგრებული,

27. რომ სხვები გალაადის დანარჩენ ქალაქებში არიან ჩაკეტილნი, რომ მტერი ხვალისთვის აპირებს თავდასხმას სიმაგრეებზე, მათ აღებას და დარბევას ერთ დღეში.

28. სწრაფად შებრუნდა იუდა და მისი ლაშქარი უდაბნოში ბოცრას გზაზე; აიღო ქალაქი და გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, მოხვეტა ურიცხვი ნადავლი და ცეცხლში დაწვა.

29. აქედან ღამით გაემართა და დათემას ციხე-სიმაგრემდე იარეს.

30. დილით კი, როცა გათენდა, გაიხედეს და, აჰა, უამრავი ხალხი, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა, მოათრევს კიბეებს და მანქანებს ციხე-სიმაგრის ასაღებად და მათთან საბრძოლველად.

31. დაინახა იუდამ, რომ დაიწყო ომი და ქალაქის ხმაურმა ცას უწია საყვირებითა და დიდი ყვირილით,

32. და შეუძახა ლაშქარს: იომებ დღეს თქვენი ძმებისთვის!

33. სამი რაზმით ზურგიდან შემოუარეს მტერს, საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ლოცვა დაიწყეს.

34. მიხვდა ტიმოთეოსის ლაშქარი, რომ ეს მაკაბელი იყო და უკუიქცნენ მისგან, და მან მუსრი გაავლო მათ. იმ დღეს დაეცა მათგან რვაათასამდე კაცი.

35. გადაინაცვლა ალემასკენ და შეებრძოლა, აიღო იგი და ამოხოცა მთელი მისი მამროვანი. მოხვეტა ნადავლი და ცეცხლში დაწვა.

36. იქედან გაემართა და დაიპყრო ხასფო, მაკედი და ბოსორი და გალაადის დარჩენილი ქალაქები.

37. ამ ამბების შემდეგ ტიმოთეოსმა ახალ ჯარს მოუყარა თავი და დააყენა რაფონის წინ, ხევის მხრიდან.

38. გაგზავნა იუდამ ხალხი ბანაკის დასაზვერავად. და მოახსენეს მას: მასთან არიან შემოკრებილნი ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, დიდძალი ჯარია.

39. მოქირავნე არაბებიც მოუყვანიათ საშველად, ხევის მხარეს განლაგებულან და მზად არიან ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, გაეშურა იუდა მათ დასახვედრად.

40. ტიმოთეოსმა ასე უთხრა თავისი ჯარების მეთაურებს, როცა იუდა და მისი ლაშქარი ხევს მიუახლოვდა: თუ პირველმა გადმოლახა ხევი, ვერ შევაკავებთ, უეჭველად დაგვამარცხებს.

41. ხოლო თუ შეშინდა და მდინარის გაღმა დაბანაკდა, თავს დავესხათ და დავამარცხებთ მას.

42. როცა იუდა ხევს მიუახლოვდა, ხევთან დააყენა ხალხის მწიგნობარნი და უბრძანა მათ: არავინ გააჩეროთ აქ. ყველანი საბრძოლველად გაიყვანეთ.

43. და მან პირველმა გადალახა ხევი მტრისკენ და მთელი ხალხი უკან მიჰყვა; მათ წინაშე დაეცნენ წარმართები, დაყარეს საჭურველი და თავი შეაფარეს წმიდა ნაკრძალს კარნაიმში.

44. ქალაქი აიღეს, ხოლო წმიდა ნაკრძალი ცეცხლით დაწვეს ყველა შიგმყოფითურთ. ასე იძლია ვარნაიმი; წინააღმდეგობა ვეღარ გაუწივს იუდას.

45. შეკრიბა იუდამ მთელ გალაადში მოსახლე ისრაელობა დიდიან-პატარიანად, მათი დედა-წულითა და საბადებლითურთ, უამრავი ხალხი, იუდას ქვეყნისკენ გასამგზავრებლად.

46. მიადგნენ ეფრონს. ეს დიდი ქალაქია გზაზე, ძალზე ძლიერი; ვერ გაუხვევდნენ ვერც მარჯვნივ, ვერც მარცხნივ, მხოლოდ მის შუაგულში უნდა გაევლოთ.

47. მაგრამ ჩაკეცეს ის ქალაქელებმა და ქვებით ჩახერგეს კარიბჭე.

48. შეუთვალა მათ იუდამ სამშვიდობო სიტყვა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მივიდეთ; ცუდს არაფერს შეგამთხვევთ, მხოლოდ ფეხს დავადგამთო. არ მოისურვეს მათი შეშვება.

49. ბრძანა იუდამ, გამოეცხადებინათ ლაშქარში, რომ ყველა თავის ადგილას დამდგარიყო.

50. დაიბანაკეს მეომრებმა, და ებრძოდა ქალაქს მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და ჩაბარდა ქალაქი მის ხელს.

51. გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, დააქცია ქალაქი, ნადავლი აიღო და ქალაქში დახოცილთა გვამებზე გადაატარა ჯარი.

52. გადალახეს იორდანე დიდი ვაკისკენ, ბეთ-შანის პირდაპირ.

53. გზადაგზა იუდა კრებდა ჩამორჩენილთ და მთელ გზაზე ამხნევებდა ხალხს, ვიდრე იუდას ქვეყანას მიადგებოდნენ.

54. შემდეგ შვებითა და სიხარულით ავიდნენ სიონის მთაზე და შესწირეს აღსავლენი, რადგან ერთი მათგანიც არ დაცემულა სამშვიდობოში მობრუნებამდე.

55. იმ დროს, როცა იუდა და იონათანი გალაადის მიწაზე იყვნენ, ხოლო სიმონი, მისი ძმა, გალილეაში პტოლემაისის პირდაპირ იდგა,

56. ზაქარიას იოსებს და ყაზარიას - ჯარების სარდლებს ესმათ მათი გმირობისა და გადახდილი ომის ამბავი.

57. თქვეს: ჩვენც მოვიხვეჭოთ სახელი, ჩვენც გავემართოთ და შევებრძოლოთ წარმართებს ჩვენს ირგვლივ.

58. მოუწოდეს ჯარებს, რომლებიც თან ჰყავდათ, და იამნიასკენ გაემართნენ.

59. გორგია და მისი მეომრები ქალაქიდან გამოვიდნენ, რომ ბრძოლით შეგებებოდნენ მათ.

60. უკუიქცნენ იოსები და ყაზარია და იდევნებოდნენ იუდას მისადგომებამდე. ორიათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ისრაელიდან.

61. შეიქნა ხალხში დიდი ლტოლვილება, რადგან არ ესმოდათ იუდასი და მისი ძმებისა, გმირობის გამოჩენა კი სურდათ.

62. მაგრამ ესენი არ იყვნენ იმ გვარისანი, ვისი ხელითაც უნდა მოვლენოდა ხსნა ისრაელს.

63. კაცი იუდა და მისი ძმები კი ფრიად განითქვნენ მთელი ისრაელისა და ყველა ხალხის წინაშე, სადაც გაგონილი ჰქონდათ მათი სახელი.

64. და შემოკრბენ მის ირგვლივ მისი მაქებარნი.

65. გაემართნენ იუდა და მისი ძმები სამხრეთისკენ და შეებრძოლენ ესავიანებს. დაამარცხა მან ხებრონი და მისი სოფლები, დალეწა მისი ციხე-სიმაგრენი და გადაწვა გოდლები მის გარშემო.

66. მერე დაიძრა ფილისტიმელთა ქვეყნისკენ წასასვლელად და გადაიარა მარეშაზე.

67. იმ დღეს დაეცნენ ბრძოლის ველზე მღვდლები, გმირობის ჩადენის მსურველნი, რადგან უგუნურად ჩაებნენ ბრძოლაში.

68. ხოლო იუდამ გაუხვია აშდოდისკენ ფილისტიმელთა ქვეყანაში და დალეწა მათი ბომონები, ცეცხლს მისცა მათი ღმერთების ქანდაკებანი და მოხვეტა ნადავლი ქალაქებიდან. მერე იუდა ქვეყნისკენ გაბრუნდა.


თავი მეექვსე

1. მოიარა მეფე ანტიოქოსმა ზემო ქვეყნები და შეიტყო, რომ სპარსეთში ყოფილა ქალაქი ელიმაისი, სიმდიდრით, ვერცხლითა და ოქროთი განთქმული;

2. რომ არის იქ ტაძარი, ძალზე მდიდარი, სადაც ინახება ოქროს ფარები, თორები და საჭურველი, რომელიც დატოვა მაკედონიის მეფემ, ალექსანდრე ფილიპეს ძემ, საბერძნეთის მეფე რომ იყო თავდაპირველად.

3. მიადგა ქალაქს და ცდილობდა მის აღებასა და გაძარცვას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ცნობილი გახდა მისი განზრახვა ქალაქელებისთვის.

4. ბრძოლით დახვდნენ მას, გაიქცა იგი და დიდად შეწუხებული გაემართა იქიდან ბაბილონისკენ.

5. მაშინ ეახლა მას ვინმე სპარსი და მოახსენა, რომ დაფანტულია იუდას ქვეყნისკენ მომავალი ლაშქარი;

6. რომ პირველად ლისია მიდიოდა დიდძალი ჯარით, მაგრამ უკუიქცა მათ წინაშე; რომ იუდაელები გაძლიერდნენ საჭურვლით, ჯარით და დიდძალი ნადავლით, რომელიც დამარცხებული ლაშქრისგან აიღეს;

7. რომ იერუსალიმის საკურთხეველზე დაშენებული სისაძაგლე დალეწეს, საწმიდარი უწინდელივით მოზღუდვს მაღალი კვდლით, და ბეთ-ცურიც, მისი ქალაქი.

8. როდესაც მეფემ მოისმინა ეს ამბავი, გაოგნდა და შეშფოთდა დიდად, ლოგინად ჩავარდა და დასნეულდა მწუხარებისგან, რადგან არ აუსრულდა საწადელი.

9. ასე იწვა იქ მრავალი დღე, რადგან უახლოვდებოდა უზომო მწუხარება და ფიქრობდა, ვკვდებიო.

10. მოუხმო თავის ყველა მეგობარს და თქვა მათ წინაშე: განშორდა ძილი ჩემს თვალებს და გული შემიღონდა მწუხარებისგან.

11. ვუთხარი ჩემს თავს: ეს რა გასაჭირში ჩავვარდი-მეთქი! რა ნიაღვარმა წამლეკა, ჩემს ზეობაში კი საჭირო და ძვირფასი კაცი ვიყავი-მეთქი.

12. ახლაღა მაგონდება ბოროტებანი, იერუსალიმში რომ ჩავიდინე, გამოვზიდე იქიდან მთელი ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი და ტყუილუბრალოდ ვგზავნიდი ხალხს იუდას მოსახლეობის მოსაოხრებლად.

13. მივხვდი, რომ მათი გულისთვის მეწია ეს უბედურება და, აჰა, უცხო მიწაზე ვიღუპები დიდ მწუხარებაში.

14. და უხმო ფილიპეს, ერთს თავის მეგობართაგანს, და დაუმტკიგა მას მთელი თავისი სამეფო.

15. მისცა თავისი გვირგვინი, მოსასხამი და ბეჭედი, რომ აღეზარდა ანტიოქოსი, მისი ვაჟი და სამეფოდ გაეწვრთნა იგი.

16. ასორმოცდამეცხრე წელს მიიცვალა იქ მეფე ანტიოქოსი.

17. როცა გაიგო ლისიამ, რომ მოკვდა მეფე, გაამეფა მისი ძე ანტიოქოსი, რომელსაც ზრდიდა ბავშვობისას, და სახელად ევპატორი უწოდა.

18. ამასობაში ციხე-სიმაგრეში მყოფნი ავიწროვებდნენ ისრაელს სამსხვერპლოს მიდამოებში; მუდამ ცდილობდნენ ევნოთ მათთვის, ხოლო წარმართებისთვის მხარი დაეჭირათ.

19. გადაწყვიტა იუდამ მათი შემუსრვა და მოუწოდა მთელს ერს, გარსშემორტყმოდნენ.

20. შეიკრიბნენ და გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს ასორმოცდამეათე წელს, გააკეთეს სატყორცნები და სხვა საომარი მანქანები.

21. ნაწილმა თავი დააღწია ალყას და ზოგიერთი უღვთო მათ მხარეზე გადავიდა ისრაელიდან.

22. წავიდნენ მეფესთან და უთხრეს: როდემდის აბრკოლებ სამართალს და არ იძიებ შურს ჩვენი ძმებისთვის?

23. ჩვენ კმაყოფილებით დავემორჩილეთ მამაშენს, ვცხოვრობთ მის ნებაზე და მივყვებით მის განკარგულებებს.

24. ჩვენი ხალხის შვილები გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს და მტრად გადაგვეკიდნენ; ჩვენიანს ვისაც წააწყდებიან, კლავენ და ჩვენს მამულს იტაცებენ.

25. მხოლოდ ჩვენზე როდი აღმართეს ხელი, არამედ მთელს მათ მიწა-წყალზე.

26. და აჰა, შემოადგნენ დღეს იერუსალიმში ციხეს ასაღებად და გაამაგრეს საწმიდარი და ბეთ-ცური.

27. თუ არ დაასწარი მათ, მეტსაც იზამენ, და ვეღარ შეძლებ მათ დამარცხებას.

28. განრისხდა მეფე, ეს რომ მოისმინა, და შეკრიბა ყველა თავისი მეგობარი, ჯარის მეთაურები და ხელისუფალნი.

29. მივიდნენ მასთან მოქირავნე ჯარები სხვა სამეფოთაგან და ზღვათა კუნძულებიდან.

30. მათი ჯარების რიცხვი იყო: ასი ათასი ქვეითი, ოცი ათასი მხედარი და ოცდათორმეტი საომრად გაწვრთნილი სპილო.

31. გადაიარეს ედომი და შემოადგნენ ბეთ-ცურს. მრავალ დღეს იბრძოდნენ და აწყობდნენ საბრძოლო მანქანებს; მაგრამ გამოვიდნენ იუდაელები და ცეცხლით გადაწვეს ისინი და მამაცურად შეებრძოლენ.

32. გამოვიდა იუდა ციხიდან და დაბანაკდა ბეთ-ზაქარიასთან, მეფის ბანაკის პირისპირ.

33. დილაადრიანად ადგა მეფე და ჩქარი სვლით წაიყვანა ბანაკი ბეთ-ზაქარიას გზაზე; საომრად განემზადა ლაშქარი და დაჰკრეს ბუკებს.

34. დაანახეს სპილოებს ყურძნის და თუთის სისხლი, საბრძოლველად რომ გაეხელიბინათ.

35. ცხოველები რაზმებად გაანაწილეს და ყოველ სპილოს დაუყენეს ათასი თოროსანი და მუზარადიანი კაცი, და გაიცა განკარგულება, ყოველ ცხოველს ხუთი ათასი ცხენოსანი მისჩენოდა.

36. ესენი წამსვე იქ უნდა გაჩენილიყვნენ, სადაც ცხოველი იყო, და საითაც წავიდოდა, იქით უნდა წაჰყოლოდნენ, არ უნდა მოსცილებოდნენ.

37. სპილოებზე ხის მაგარი კოშკები იდგა, რომლებიც ფარავდა თითოეულ ცხოველს და საგანგებო მოსართავებით იყო მათზე დამაგრებული; თითოეულ მათგანზე ოთხი ღონიერი კაცი იდგა, რომლებიც იბრძოდნენ იქიდან, და ერთიც მისი ინდოელი გამძღოლი.

38. დანარჩენი ცხენოსნები აქეთ-იქიდან დაუყენეს ლაშქარს, ორსავე მხარეს, რომ დაერტყათ მტრისთვის, თავად კი დაცულნი ყოფილიყვნენ გვერდებიდან.

39. როდესაც ოქროსა და სპილენძის ფარებზე მზე აკაშკაშდა, მთებმა ლაპლაპი დაიწყეს მათგან და აელვარდნვნ ცეცხლის ლამპრებივით.

40. ერთი ნაწილი მეფის ლაშქრისა მაღალ მთებში გაიშალა, სხვები კი ბარში, და მიაბიჯებდნენ შეუდრეკლად და მწყობად.

41. შეშფოთდა ყველა, ვინც კი გაიგო მათი სიმრავლის ხმა, ამ უამრავი ხალხის სვლა და იარაღთა ჟღარუნი, რადგან მართლაც ძალზე დიდი და ძლიერი ლაშქარი იყო.

42. ჩაერთო იუდა და მისი ბანაკი ბრძოლაში და დაეცა

43. დაინახა ელეაზარმა, ავარანის ძემ, ერთ-ერთი ცხოველი, სამეფო ჯავშნით დაფარული და აღმატებული ყველა ცხოველზე, და ეგონა, რომ მასზე იყო მეფე,

44. და გასწირა თავი, რათა ეხსნა თავისი ხალხი, ხოლო თავისთვის საუკუნო სახელი მოეხვეჭა.

45. შევარდა გაბედულად რაზმებს შორის, რომ გაეღწია მისკენ; კვეთდა მარჯვნივ და მარცხნივ, და აქეთ-იქით იჩეხებოდნენ მის წინაშე;

46. სპილომდე გააღწია, ქვემოდან შეუვარდა მას და გაფატრა იგი, მიწას დაენარცხა სპილო და ქვეშ მოიყოლა, და იქვე მოკვდა ელეაზარი.

47. როცა დაინახეს იუდაელებმა მეფის ძალა და ჯარების შემოტევა, გაბრუნდნენ მათგან.

48. მებრძოლები მეფის ლაშქრიდან იერუსალიმისკენ წავიდნენ მათ წინააღმდეგ, მეფემ კი იუდაში და სიონის მთასთან დაიბანაკა.

49. დაუზავდა ბეთ-ცურელებს და ისინიც ქალაქიდან გამოიშალნენ, რადგან არ ჰქონდათ იქ სარჩო ალყაში გასაძლებად. შაბათის წელი იდგა ქვეყანაში.

50. აიღო მეფემ ბეთ-ცური და დაცვა ჩააყენა იქ.

51. მერე საწმიდარს შემოადგა და დიდხანს ჰყავდა ალყაშემორტყმული; აღმართა იქ სატყორცნები და საომარი მანქანები: ცეცხლსატყორცნები, ლოდსატყორცნები და ისართსატყორცნები, რომ ისრები და ლოდები ეტყორცნათ.

52. იუდაელებმაც გააკეთეს საომარი მანქანები მათი საომარი მანქანების საპირისპიროდ და იბრძოდნენ მრავალი დღის განმავლობაში.

53. მაგრამ ჭურჭელში სურსათი აღარ იყო, რადგან მესამე წელი იდგა, და წარმართთაგან გადარჩენილმა იუდაელებმა მარაგის ნარჩენებიც შეჭამეს.

54. საწმიდარში ცოტანიღა დარჩნენ, რადგან შიმშილმა ძლია მათ და ყველანი თავ-თავისი ადგილებისკენ გაიფანტნენ.

55. როცა შეიტყო ლისიამ, რომ ფილიპე, რომელიც მეფე ანტიოქოსმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დააყენა თავისი ძის, ანტიოქოსის მეფედ აღსაზრდელად.

56. სპარსეთიდან მობრუნებულა და მოემართება; რომ მას მოჰყვება ურიცხვი ძალა და გადაწყვეტილი აქვს ხელში აიღოს სახელმწიფო საქმეები,

57. სასწრაფოდ გასცა ბრძანება, დაძრულიყვნენ და მიმართა მეფეს, ჯარების სარდლებსა და კარისკაცებს: დღითიდღე ვმცირდებით და საზრდოც აღარ გვყოფნის, ადგილიც, რომლისთვისაც ალყა გვაქვს შემორტყმული, მაგარია; სამეფო საქმეებიც მძიმედ გვაწევს.

58. მოდით, გავუწოდოთ ამ კაცებს მარჯვენა და დავუდოთ ზავი მთელ მათ ხალხს.

59. ნება მივცეთ მათ, მიჰყვნენ თავიანთ წესებს უწინდელივით, რადგან იმ წესების გულისთვის, რომლებიც ავკრძალეთ, გაშმაგდნენ, და ეს ყოველივე მოიმოქმედეს.

60. მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, შეუთვალეს და შესთავაზეს მათ ზავი, მათაც მიიღეს.

61. შეჰფიცეს მათ მეფემ და მთავრვბმა და ამ სიტყვაზე გამოვიდნენ სიმაგრიდან იუდაელები.

62. მაგრამ როცა ავიდა მეფე სიონის მთაზე და იხილა გამაგრებული ადგილი, გატეხა დადებული ფიცი, და ბრძანა, შემოენგრიათ ირგვლივ კედელი.

63. შემდეგ საჩქაროდ დაიძრა და ანტიოქიაში დაბრუნდა, სადაც ფილიპე დახვდა ქალაქის განმგებლად; შეება მას და ძალით დაიმორჩილა ქალაქი.


თავი მეშვიდე

1. ასორმოცდამეთერთმეტე წელს რომიდან გამოვიდა დემეტრიოსი, სელევკის ძე, გაემართა ზღვისპირა ქალაქის მცირეოდენი ხალხით და იქ გამეფდა.

2. როდესაც შედიოდა თავისი მამა-პაპის სამეფო სახლში, ჯარმა შეიპყრო ანტიოქოსი და ლისია, რომ მიეგვარათ მისთვის.

3. გაიგო მან ეს ამბავი და თქვა: ნუ მიჩვენებთ მათ სახეებს.

4. მეომრებმა დახოცეს ისინი და დაბრძანდა დემეტრიოსი სამეფო ტახტზე.

5. ყველა ურჯულომ და უღვთო კაცმა ისრაელიდან მას მიაშურა; მიუძღოდა მათ ალკიმოსი, მღვდელმთავრობის მოწადინე.

6. როცა შეიკრიბა ხალხი მის წინაშე, თქვეს: გაწყვიტეს იუდამ და მისმა ძმებმა ყველა შენი მოკეთე, ჩვენც გაგვაძევა ჩვენი ქვეყნიდან.

7. ახლა გაგზავნე კაცი, ვისაც ენდობი. წავიდეს, ნახოს მთელი უბედურება, რაც ჩვენ და მეფის ქვეყანას გვიყო, დასაჯოს ისინი ყველა მათ მშველელთან ერთად.

8. ამოირჩია მეფემ თავის მოკეთეთაგან ბაკხიდე, რომელიც მდინარისგაღმა მხარეს განაგებდა, დიდ კაცად შეირაცხებოდა სამეფოში და მეფის ერთგული იყო.

9. გაგზავნა იგი და მასთან ერთად უღვთო ალკიმოსი, რომელიც მღვდელმთავრად ჰყავდა დანიშნული, და ისრაელიანთა დასჯა დაავალა.

10. გაემართნენ და დიდძალი ჯარით იუდას ქვეყანას მიადგნენ; გაუგზავნა მოციქულები იუდას და მის ძმებს მშვიდობის სიტყვით, მაგრამ მზაკვრულად.

11. მაგრამ მათ ყურად არ იღეს მათი სიტყვები, რადგან დაინახეს, რომ დიდძალი ჯარით იყვნენ მოსულნი.

12. მაშინ ალკიმოსთან და ბაკხიდესთან შეიკრიბა მწიგნობართა კრებული სამართლის საძიებლად.

13. პირველნი ხასიდიანები იყვნენ ისრაელიანთაგან, რომლებიც მათგან მშვიდობას მოელოდნენ.

14. თქვეს: ჯარით არის მოსული სამღვდელო კაცი, აარონის მოდგმიდან, და არ შეურაცხგვყოფს.

15. სამშვიდობო სიტყვები უთხრა მათ და შეჰფიცა: ავს არაფერს შეგამთხვევთო არც თქვენ, არც თქვენს მეგობრებს.

16. და ერწმუნენ მას. მაგრამ მან გამოიყვანა მათგან ექვსასი კაცი და დახოცა ისინი ერთ დღეში თანახმად დაწერილისა:

17. შენს წმიდათა სხეული და მათი სისხლი დაღვარეს იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინ იყო.

18. და მოიცვა მათგან შიშმა და ძრწოლამ მთელი ხალხი და თქვეს: არ არის მათში სიმართლე და სამართალი, რადგან გატეხეს პირობა და ფიცი, რომლითაც დაიფიცეს.

19. ბაკხიდე კი წავიდა იერუსალიმიდან და ბეთსაიდაში დაბანაკდა. გაგზავნა და დააჭერინა ბევრნი, რომლებიც მისგან იყვნენ გაქცეულნი, და ზოგიერთნი ხალხიდანაც, და ერთ დიდ ჭაში ჩახოცა ისინი.

20. ჩააბარა ქვეყანა ალკიმოსს და დაუტოვა ჯარი დასახმარებლად. მერე გაბრუნდა მეფესთან.

21. ალკიმოსი მღვდელმთავრობისთვის იბრძოდა.

22. თავი მოიყარა მასთან მათი ხალხის ყველა მაშფოთებელმა. გაბატონდნენ იუდას ქვეყანაზე და დიდი რბევა მოაწყვეს ისრაელში.

23. როცა დაინახა იუდამ მთელი ბოროტება, რაც ჩაიდინეს ალკიმოსმა და მისმა თანამდგომებმა ისრაელიანებს შორის, რომ გადაამეტეს წარმართებს,

24. მოიარა იუდაელთა მთელი მიწა-წყალი ირგვლივ და შური იძია განდგომილ ხალხზე. და შეწყვიტეს მათ ქვეყანაში შემოსვლა.

25. დაინახა ალკიმოსმა, რომ გაძლიერდნენ იუდა და მისი თანამდგომნი, და მიხვდა, რომ ვერ გაუძლებდა მათ, დაბრუნდა მეფესთან და ბოროტად დაადანაშაულა ისინი.

26. მეფემ გაგზავნა ნიკანორი, ერთ-ერთი თავის სახელოვან მთავართაგანი, მოძულე და მტერი ისრაელისა, და უბრძანა მას ხალხის აწიოკება.

27. მიადგა ნიკანორი იერუსალიმს დიდძალი ჯარით და შეუთვალა იუდასა და მის ძმებს სამშვიდობო სიტყვები, მაგრამ მზაკვრულად:

28. ნუ მოხდება ბრძოლა ჩემსა და თქვენს შორის; მანდ ვიქნებით მცირეოდენი ხალხით, რათა პირისპირ გიხილოთ მშვიდობით.

29. გაემართა იუდასკენ და მშვიდობით შეხვდნენ ერთმანეთს. მეომრები კი მზად იყვნენ იუდას შესაპყრობად.

30. მაგრამ შეიტყო იუდამ, რომ მზაკვრობით იყო მოსული მის წინააღმდეგ, და მეტად აღარ მოუსურვებია მისი პირისხილვა.

31. მიხვდა ნიკანორი, რომ გამჟღავნდა მისი განზრახვა და გავიდა იუდასთან საბრძოლგვლად ხაფარსალამის მახლობლად.

32. დაეცა ნიკანორის მხრიდან ხუთიათასამდე კაცი და გაიქცნენ დავითის ქალაქისკენ.

33. ამ ამბების მერე იყო, რომ ავიდა ნიკანორი სიონის მთაზე და გამოვიდნენ საწმიდარიდან სამღვდელონი და ხალხის უხუცესები, რათა მშვიდობით მიგებებოდნენ და მეფისთვის შეწირული აღსავლენი ეჩვენებინათ მისთვის.

34. მან აბუჩად აიგდო ისინი, დასცინა მათ, წაბილწა ისინი და თავხედურად ლაპარაკობდა.

35. მერე რისხვით დაიფიცა და თქვა: თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ იუდას და მის ლაშქარს, ასე მოხდება: მშვიდობით თუ მოვბრუნდი, გადავწვავ ამ სახლს. და გამოვიდა დიდად განრისხებული.

36. შევიდნენ მღვდლები და დადგნენ სამსხვერპლოსა და ტაძრის წინაშე, ატირდნენ და თქვეს:

37. შენ აირჩიე ეს სახლი, რომ შენი სახელით წოდებულიყო, რათა ჰქონოდა იგი შენს ერს სამლოცველო და სავედრებელ სახლად.

38. შური მიაგე ამ კაცსა და მის ლაშქარს, დაე, მოისრნენ მახვილით. მოიხსენე მათი მკრეხელობა და მეტს ნუღარ აცოცხლებ.

39. ხოლო ნიკანორი გამოვიდა იერუსალიმიდან, ბეთხორონში დაბანაკდა და შეუერთდა მას სირიის ჯარი.

40. იუდა კი დაბანაკდა ხადაშაში სამი ათასი კაცითურთ. ილოცა იუდამ და თქვა:

41. როდესაც მოჰყვნენ მკრეხელობას მეფის მოციქულები, გამოვიდა შენი ანგელოზი და მოსრა მათგან ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი.

42. ასევე დააქციე ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე; დაე, იცნან დარჩენილებმა, რომ ბოროტად ილაპარაკა მან შენს საწმიდარზე, და უყავ სამართალი თავისი ბოროტებისამებრ.

43. შეიბნენ ჯარები საომრად ადარის თვის ცამეტს და განადგურდა ნიკანორის ლაშქარი; პირველი ის დაეცა ბრძოლაში.

44. როდესაც დაინახა მისმა ჯარმა, რომ დაეცა ნიკანორი, დაყარეს იარაღი და გაიქცნენ.

45. მისდიეს მათ ერთი დღის გზაზე ხადაშადან გეზერის მისადგომამდე და მათ უკან ომის მაუწყებელ ბუკებს აყვირებდნენ.

46. გამოვიდნენ იუდას გარშემო ყველა დაბიდან და გარსშემოერტყნენ მათ, მტერი შემობრუნდა მათკენ და მახვილით დაეცა ყველა.

47. ახვეტეს ნადავლი და სარჩო, ხოლო ნიკანორს მოჰკვეთეს თავი და მარჯვენა, რომელიც მედიდურად გაიშვირა. წაიღეს და იერუსალიმს გარეთ ჩამოკიდეს.

48. ძლიერ გაიხარა ხალხმა და ის დღე გაატარეს, როგორც დიდი სიხარულის დღე.

49. და დაადგინეს, რომ ედღესასწაულათ ეს დღე ყოველ წელიწადს ადარის ოცდაათში.

50. მცირე ხნით დაწყნარდა იუდას ქვეყანა.


თავი მერვე

1. ესმა იუდას რომაელთა სახელი, რომ მხნენი და ძლიერნი არიან ისინი; რომ კეთილგანწყობილნი არიან ყველა მათი მოკავშირის მიმართ და, ვინც კი მათთან მისულა, ყველა მათი მეგობარი გამხდარა; რომ მხნენი და ძლიერნი არიან.

2. მოუთხრობდნენ მას მათ გადახდილ ომებზე და საგმირო საქმეებზე, გალატებს შორის რომ მოახდინეს, რომ სძლიეს მათ და მოხარკეებად აქციეს;

3. და ყველაფერზე, რაც ესპანეთის ქვეყანაში მოიმოქმედეს, რათა დაპატრონებოდნენ ვერცხლისა და ოქროს იქაურ საბადოებს;

4. დაეპატრონენ მთელ მხარეს თავიანთი გონიერებით და მოთმინებით, მათგან ფრიად დაშორებულ ადგილსაც კი; ხოლო მათზე ქვეყნის კიდიდან წამოსულ მეფეებს ყოველთვის ძლევდნენ და სასტიკად ამარცხებდნენ; და ნარჩენები კი მათ ხარკს უხდიდნენ ყოველწლიურად;

5. მათ სძლიეს ომში და დაიმორჩილეს ფილიპე და პერსევსი, მაკედონელთა მეფე და სხვანი, ვინც აღუდგნენ მათ;

6. ასევე ანტიოქოსიც, აზიის დიდი მეფე, მათ წინააღმდეგ ამხედრებული, რომელსაც ჰყავდა ასოცი სპილო, ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი, იძლია მათგან;

7. ცოცხლად შეიპყრეს იგი და დააკისრეს მას და მის მომდევნო მეფეებს ხარკი და მძევლები, და მათი საუკეთესო ქვეყნების დაცალკევება,

8. ინდოეთის, მიდიისა და ლიდიის დანაწილება. აიღეს მისგან და მეფე ევმენეს ჩააბარეს ისინი.

9. როდესაც ბერძნებმა მოისურვეს მათზე გალაშქრება და მათი დამხობა,

10. ემცნო მათ ეს ამბავი, გაგზავნეს მათ წინააღმდეგ ერთი სარდალი და შეებრძოლნენ მათ; დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი, ტყვედ ჩაცვივდნენ მათი ცოლები და შვილები და გაიძარცვნენ, დაეპატრონენ მათ ქვეყანას, დალეწეს მათი სიმაგრეები და დღემდე მორჩილებაში ჰყავთ ისინი.

11. დანარჩენი სამეფოები და კუნძულები, რომლებიც კი ოდესმე აღდგომიან მათ, გაანადგურეს და დაიმორჩილეს. ხოლო თავიანთ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან შეინარჩუნეს მეგობრობა.

12. დაეპატრონენ მახლობელ და შორეულ სამეფოებს, და ყველას, ვინც მათ სახელს გაიგონებდა, შიში იპყრობდა.

13. ვის შეწევნასაც და გამეფებას მოისურვებენ, ამეფებენ; თუ მოისურვებენ, გადააყენებენ. დიდად აღზევებულნი არიან.

14. და მაინც არცერთ მათგანს არასოდეს გვირგვინი არ დაუდგამს, არც ძოწეულით შემოსილა დიდების ნიშნად.

15. მოიწყვეს საბჭო და ყოველდღე ბჭობს ოცდათორმეტი მებრჭე ყველაფერზე, რაც ხალხს შეეხება, მათ მართვა-გამგეობაზე.

16. ანდობენ ერთ კაცს მთავრობას და ქვეყნის პატრონობას ერთი წლის განმავლობაში; ყველანი ერთს უჯერესგნ და არ არის მათში არც შური, არც ეჭვი.

17. ამოირჩია იუდამ ევპოლემოსი, ძე იოანესი, ძისა აკოსი, და იასონი, ძე ელეაზარისა, და გაგზავნა ისინი რომში, მეგობრობისა და კავშირის დასამყარებლად,

18. რათა გადაეგდოთ უღელი, რადგან დაინახეს, რომ ელინთა სამეფომ საბოლოოდ დაიმონა ისრაელი.

19. გაემგზავრნენ რომისკენ შორეულ გზაზე; შევიდნენ საბჭოში და თქვეს:

20. იუდა მაკაბელმა, მისმა ძმებმა და იუდაელმა ხალხმა გამოგვაგზავნეს თქვენთან, რომ დავამყაროთ ერთმანეთთან კავშირი და მშვიდობა, და ჩაგვთვალოთ თქვენს მოკავშირეებად და მეგობრებად.

21. მოეწონათ მათ ეს სიტყვა.

22. აი, ასლი წერილისა, რომელიც დაწერეს სპილენძის დაფებზე და გაგზავნეს იერუსალიმში, რომ ყოფილიყო იქ მათთან ნიშნად მშვიდობისა და კავშირისა:

23. სიკეთე იყოს რომაელებთან და იუდაელ ხალხთან ერთად ზღვასა და ხმელეთზე უკუნისამდე, და შორს იყოს მათგან მტერი და მახვილი.

24. ხოლო თუკი პირველად ომი შეემთხვევა რომს ან რომელიმე მის მოკავშირეს მთელ მის სამფლობელოში,

25. იუდაელმა ხალხმა დახმარება უნდა გაუწიოს მას წრფელი გულით, როგორც დროება მოითხოვს მათგან.

26. მეომრებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ფულით, არც ხომალდით, როგორც რომმა განსაჯა; უსასყიდლოდ უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს.

27. ასევე, თუკი იუდაელთა ხალხს შეემთხვა პირველად ომი, რომაელები გულითად დახმარებას გაუწევენ, როგორც დროება მოითხოვს მათგან;

28. მოკავშირეებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ვერცხლით, არც ხომალდებით, როგორც რომმა განსაჯა; უზაკველად უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებანი.

29. ამ პირობებით შეკრეს კავშირი რომაელებმა იუდაელთა ერთან.

30. თუკი ერთი ან მეორე მხარე მოისურვებს ამ პირობებისთვის რაიმეს მიმატებას ან მოკლებას, გააკეთონ ეს საერთო გადაწყვეტილებით და, რასაც კი მიუმაგებენ ან გამოაკლებენ, ძალა ექნება.

31. ხოლო იმ სიავეთათვის, რაც მეფე დემეტრიოსმა მათ დაატეხა, მივწერეთ მას, შევუთვალეთ: რისთვის დამძიმდა შენი უღელი იუდაელებზე, ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებზე?

32. და აჰა, თუ ამიერიდან დაიჩივლებენ შენს წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავთ მათ სიმართლვს და შეგებრძოლებით ზღვაზე და ხმელეთზე.


თავი მეცხრე

1. როცა დემეტრიოსმა გაიგო, რომ ნიკანორი და მისი ჯარი ომში დაეცა, გადაწყვიტა ბაკხიდესა და ალკიმოსის მეორედ გაშვება იუდას ქვეყნისკენ მარჯვენა ფრთასთან ერთად.

2. გაემართნენ გალგალის გზაზე და დაიბანაკეს მესალოთთან, არბელაში; აიღეს ის და ბევრი ხალხი გაწყვიტეს.

3. ასორმოცდამეთორმეტე წლის პირველ თვეს იერუსალიმთან დაიბანაკეს.

4. მაგრამ აიყარნენ და გაემგზავრნენ ბერეასკენ ოციათასი ქვეითით და ორი ათასი ცხენოსნით.

5. ხოლო იუდა ელასში იდგა სამიათასი რჩეული კაცითურთ.

6. იხილეს ჯარების სიმრავლე, რომ ურიცხვნი იყვნენ, და თავზარი დაეცათ. ბევრი გამოიპარა ბანაკიდან, რვაას კაცზე მეტი არ დარჩენილა მათგან.

7. როცა დაინახა იუდამ, რომ გაიფანტა მისი ბანაკი და შეაჭირვა ომმა, გული შეუდრკა, რადგან დრო აღარ რჩებოდა მათი შემოკრებისთვის.

8. დამწუხრებულმა უთხრა დარჩენილებს: დავიძრათ და შევუტიოთ ჩვენს მტერს, იქნებ შევძლოთ მათთან ბრძოლა.

9. ისინი შეეცადნენ, გადაეთქმევინებინათ, უთხრეს: ვერ შევძლებთო, მაგრამ ახლა იქნებ გადავირჩინოთ თავი; მერე დავბრუნდეთ ჩვენი ძმებითურთ და შევებრძოლოთ მათ; ახლა ცოტანი ვართო.

10. უთხრა იუდამ: ნუმც მოხდება ისე, რომ გავექცეთ მათ. თუ ჩვენმა ჟამმა მოაწია, ბარემ ვაჟკაცურად დავიხოცოთ ჩვენი ძმებისთვის და სააუგოდ ნუ მივცემთ ჩვენს სახელს.

11. დაიძრა ჯარი ბანაკიდან და დაეწყო მათ პირისპირ. მხედრობა ორ ნაწილად გაიყო, ხოლო მეშურდულენი და მშვილდოსნები წინ წაუძღვნენ ჯარს, ასევე საუკეთესო მებრძოლნი. ბაკხიდე კი მარჯვენა ფრთაზე იყო.

12. ორივე მხრიდან ახლოვდებოდნენ რაზმები საყვირების ხმაზე; იუდას ხალხიც ახმიანებდა თავის საყვირებს.

13. შეზანზარდა მიწა ჯარების ხმაურისგან და მძვინვარებდა ბრძოლა დილიდან შეღამებამდე.

14. როცა დაინახა იუდამ, რომ ბაკხიდე და მისი ბანაკის მთავარი საყრდენი მარჯვნივ იყო, შემოიკრიბა თავის გარშემო ყველა გულადი მეომარი.

15. და მათ გაანადგურეს მარჯვენა ფრთა, მერე უკან მისდიეს აშდოდის მთამდე.

16. როცა მარცხენა ფრთაზე მყოფებმა დაინახეს, რომ დამარცხდა მარჯვენა ფრთა, მოტრიალდნენ და ფეხდაფეხ მისდიეს ზურგში იუდას და მის ხალხს.

17. შენივთდა ბრძოლა, მრავალი დაჭრილი დაეცა ორივე მხრიდან.

18. დაეცა იუდაც, დანარჩენები კი გაიქცნენ.

19. აიყვანეს იონათანმა და სიმონმა იუდა, მათი ძმა, და დამარხეს მისი მამა-პაპის სამარხში, მოდეინში.

20. დაიტირეს და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა, მოთქვამდნენ მრავალ დღეს, ამბობდნენ:

21. როგორ დაეცა ძლიერი, მხსნელი ისრაელისა!

22. იუდას საქმენი - დანარჩენი მისი ომები და გმირობანი, რაც ჩაიდინა, და მისი სიდიადე, არ აღწერილა, რადგან ძალზე ბევრი იყო.

23. იუდას სიკვდილის შემდეგ იყო, რომ გამოჩნდნენ ურჯულოები ისრაელის ყოველ მხარეში, თავი ამოყო ყველამ, უსამართლობის მოქმედმა.

24. იმ დღეებში ჩამოვარდა ძალზე დიდი შიმშილობა და ქვეყანა მიემხრო მათ.

25. ბაკხიდემ ამოირჩია უღვთო კაცები და დაადგინა ისინი მხარეთა განმგებლებად.

26. ეძებდნენ და სდევნიდნენ იუდას მეგობრებს და მიჰყავდათ ისინი ბაკხიდესთან, და ის სჯიდა მათ და აბუჩად იგდებდა.

27. ჩამოვარდა დიდი გაჭირვება ისრაელში, როგორიც აღარ ყოფილა იმ დღიდან, რაც არ გამოცხადებიათ მათ წინასწარმეტყველი.

28. შეიკრიბა იუდას ყველა მოკეთე და მიმართეს იონათანს:

29. რაც შენი ძმა იუდა მოკვდა, არ გამოჩენილა მისი მსგავსი კაცი, რომ გამოვიდეს და გაილაშქროს მტერზე და ბაკხიდეზე, ჩვენი ხალხის მიაძულეზე.

30. ახლა, დღეიდან შენ აგვირჩევიხარ მის ნაცვლად, რომ გვყავდე მთავრად და წინამძღოლად ჩვენს ბრძოლებში.

31. ჩაიბარა იონათანმა იმ დროს წინამძღოლობა და დადგა იუდას, თავისი ძმის, ნაცვლად.

32. შეიტყო ეს ბაკხიდემ და ცდილობდა მის მოკვლას.

33. შეიტყვეს იონათანმა, მისმა ძმამ სიმონმა და ყველამ, მასთან მყოფმა, და გაიქცნენ თეკოაყის უდაბნოსკენ, და დადგნენ ასფარის ტბის წყალთან.

34. შეიტყო ბაკხიდემ შაბათ დღეს და გადავიდა მთელი ლაშქრითურთ იორდანეს გადაღმა.

35. გაგზავნა იონათანმა თავისი ძმა, რაზმის წინამძღოლი, და სთხოვა ნაბატელებს, თავიანთ მეგობრებს, ნებართვა თავიანთი დიდძალი ავლადიდების მათთან შენახვისა.

36. მაგრამ გამოვიდნენ იამბრიანები, რომლებიც მედაბადან არიან, და შეიპყრეს იოანე ყველაფრითურთ, რაც კი ებადა, და წავიდნენ დატვირთულები.

37. ამ ამბების მერე გაიგეს იონათანმა და სიმონმა, მისმა ძმამ, რომ იამბრიანები დიდ ქორწილს იხდიდნენ და ნადაბათიდან მოჰყავდათ პატარძალი, ერთი ქანაანელი წარჩინებული დიდებულის ასული დიდი მაყრიონით.

38. გაიხსენეს სისხლი მათი ძმის, იოანესი, გამოვიდნენ და დაიმალნენ მთის საფარში.

39. გაიხედეს და დაინახეს: აჰა, ყიჟინი და დიდი მზითევი. სიძეც გამოვიდა თავის მეგობრებთან და ძმებთან ერთად მის შესახვედრად დოლებით, მუსიკითა და უამრავი საჭურვლით.

40. ამოვიდნენ საფარიდან, თავს დაესხნენ მათ და დახოცეს. ბევრი დაჭრილი დაეცა, დანარჩენები მთისკენ გაიქცნენ. მოხვეტეს მთელი ნადავლი.

41. გადააქციეს ქორწილი მწუხარებად და მათი სიმღერის ხმა - გლოვად.

42. აიღეს თავიანთი ძმის სისხლი და იორდანეს ჭაობებისკენ გაბრუნდნენ.

43. გაიგო ეს ბაკხიდემ და შაბათ დღეს მიადგა იორდანეს ნაპირს ურიცხვი ჯარით.

44. მიმართა იონათანმა თანამდგომთ: მაშ, აღვდგეთ და შევებათ ჩვენი სიცოცხლისთვის, რადგან დღეს სხვა დროა, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო.

45. აჰა, ბრძოლა გველის წინიდან და ზურგიდან. აქეთიქით კი იორდანეს წყალია, ჭაობი და ჭალა; მოსაბრუნებელი ადგილიც არაა.

46. ახლა ცას შეჰღაღადეთ, ვინძლო მტრის ხელიდან გვიხსნას.

47. დაიწყო ბრძოლა და შემართა იონათანმა ხელი ბაკხიდეს მოსაკლავად, მაგრამ დაუძვრა იგი და უკანა რიგებისკენ დაიხია.

48. შეტოპეს იონათანმა და მისმა თანამდგომებმა იორდანეში და გადაცურეს მეორე ნაპირზე, მაგრამ მტერმაც გადალახა იორდანე მათ დასადევნელად.

49. ბაკხიდეს მხრიდან დაეცა იმ დღეს ათასამდე კაცი.

50. დაბრუნდა იერუსალიმში ბაკხიდე და ააშენა ციხე-ქალაქები იუდაში, ციხე-სიმაგრე იერიხონსა და ემაუსში, ბეთ-ხორონში, ბეთელში, თიმნაში, ფარათონსა და ტეფონში, მაღალი კედლებით და კარიბჭეებითა და ურდულებით,

51. და ჩააყენა მათში დაცვა ისრაელის სამტროდ.

52. გაამაგრა ქალაქები - ბეთ-ცური და გაზერა და ციხე. დატოვა მათში ჯარები და სურსათის მარაგი.

53. წაიყვანა ქეეყნის მთავართა ვაჟები მძევლებად და იერუსალიმის ციხეში დაცვის ქვეშ დატოვა ისინი.

54. ასორმოცდამეცამეტე წლის მეორე თვეს ალკიმოსმა ბრძანა, დაენგრიათ სამსხვერპლოს შიდა ეზოს კედელი და დაენგრიათ წინასწარმეტყველთა ნაშენები. როცა დაიწყო ნგრევა,

55. დაეცა ალკიმოსი და დაბრკოლდა მისი საქმე. ენა წაერთვა და დადამბლავდა, აღარ შეეძლო სიტყვის წარმოთქმა და ბრძანების გაცემა თავისი სახლის თაობაზე.

56. იმ დროს მოკვდა ალკიმოსი დიდი ტანჯვით.

57. დაინახა ბაკხიდემ, რომ მოკვდა ალკიმაოსი და გაბრუნდა მეფისკენ. ორი წლით მოისვენა იუდას ქვეყანამ.

56. მოითათბირა ყველა ურჯულომ, თქვეს: აჰა, იონათანი ამისი თანამდგომნი მყუდროებაში ცხოვრობენ უშფოთველად. ახლა მოვიყვანოთ ბაკხიდე და ერთ ღამეში შეიპყრობს ყველას.

59. წავიდნენ და მოეთათბირენ მას.

60. დაიძრა წასასვლელად ურიცხვი ჯარით და ფარულად დაუგზავნა წერილები ყველა თავის მოკავშირეს. თან იუდაში, რათა დაეჭირათ იონათანი და მისი თანამდგომნი; მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან გამჟღავნდა მათი განზრახვა.

61. შეიპყრო იონათანის ხალხმა ქვეყნის კაცთაგან მოღალატენი, ორმოცდაათამდე კაცი, და დახოცეს.

62. ხოლო იონათანი, სიმონი და მათი თანამდგომნი გადაიხვეწნენ ბეთბასისკენ უდაბნოში, ააშენეს დანგრეული და გაამაგრეს იგი.

63. შეიტყო ეს ბაკხიდემ, შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და შეუთვალა იუდაელებსაც.

64. მივიდა, შემოადგა ბეთბასის და ებრძოდნენ დიდხანს, მიაყენეს საბრძოლო მანქანებიც.

65. იონათანმა ქალაქში დატოვა სიმონი, თავისი ძმა; თვითონ კი გაემართა ქვეყნისკენ და შევიდა მცირეოდენი ხალხით.

66. დაამარცხა ოდომერა მისი ძმებითურთ და ფასირონიანები მათსავე კარვებში. დაიწყო მუსრვა და შეჭრა მოწინააღმდეგის ლაშქარში.

67. ხოლო სიმონი და მისი თანამდგომნი გამოვიდნენ ქალაქიდან და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს.

68. შეებრძოლენ ბაკხიდეს და იძლია იგი მათგან; შეაჭირვეს, რადგან მისი განზრახვა და ლაშქრობა ფუჭი გამოდგა.

69. ძლიერ განრისხდა ურჯულოებზე, რომელთაც ურჩიეს მას ამ ქვეყანაზე გამოლაშქრება; ბევრი დახოცა მათგან და გადაწყვიტა, თავის ქვეყანაში წასულიყო.

70. შეიტყო ეს იონათანმა და გაგზავნა მათთან უხუცესები ზავის დასადებად და მათგან ტყვეების დასაბრუნებლად.

71. დაეთანხმა და მისი სიტყვისამებრ მოიქცა. კიდეც შეჰფიცა, რომ აღარ შეეცდებოდა მისთვის ავს თავის სიცოცხლეში.

72. დაუბრუნა ტყვეები, რომლებიც წაყვანილი ჰყავდა წინათ იუდას ქვეყნიდან; გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში. მეტად აღარ მოსურვებია გალაშქრება მათ მიწა-წყალზე.

73. და დაცხრა მახვილი ისრაელში. დასახლდა იონათანი მიხმაშში და დაიწყო ხალხის განსჯა და გადააშენა უღმერთოები ისრაელიდან.


თავი მეათე

1. ასმესამოცე წელს გამოვიდა ალექსანდრე, ძე ანტიოქოსისა, ძისა ეპიფანესი, და დაიპყრო ტოლემაისი. მიიღეს იგი და იქ გამეფდა.

2. გაიგო ეს მეფე დემეტრიოსმა, შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და გამოვიდა მასთან საომრად.

3. გაუგზავნა დემეტრიოსმა იონათანს წერილი მშვიდობის სიტყვებით, რათა განედიდებინა იგი.

4. რადგან ამბობდა: დავასწროთ მათთან ზავის დადება, სანამ ალექსანდრესთან შეკრავდეს იგი კავშირს ჩვენს წინააღმდეგ.

5. გაგიხსენებს ყველა ბოროტებას, რაც მას, მის მოძმეებსა და ხალხს დავმართეთო.

6. მისცა დემეტრიოსმა ნება, შეეკრიბა ლაშქარი, მოემზადებინა იარაღი და ყოფილიყო მისი მოკავშირე. ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ მისთვის მძევლები ციხეებიდან.

7. წავიდა იონათანი იერუსალიმში და წაიკითხა წერილი მთელი ხალხისა და ციხეში მყოფთა გასაგონად.

8. დიდმა შიშმა აიტანა ისინი, როცა მოისმინეს, რომ მეფეს მისთვის ჯარის შეკრების უფლება მიუნიჭებია.

9. ციხეში მყოფებმა გადასცეს იონათანს მძევლები და დაუბრუნა ისინი თავიანთ მშობლებს.

10. დასახლდა იონათანი იერუსალიმში და შეუდგა ქალაქის შენებასა და განახლებას.

11. დაავალა მუშაკებს, გასამაგრებლად სიონის მთის გარშემოც აეგოთ ქვების ოთხკუთხა კედელი. და ასეც გააკეთეს.

12. გადაიხვეწნენ უცხო ტომები, რომლებიც ბაკხიდეს აშენებულ სიმაგრეებში იდგნენ.

13. ყველამ დატოვა თავისი ადგილი და თავისი ქვეყნისკენ გაეშურა.

14. მხოლოდ ბეთ-ცურში დარჩნენ მავანნი, ვინც გადავიდნენ რჯულსა და აღთქმებს, რადგან ეს იყო მათი თავშესაფარი.

15. შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დაპირებები რომ შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს; უამბეს იონათანისა და მისი ძმების გადახდილ ომებზე და გასაჭირზე, რაც მათ გადაიტანეს.

16. თქვა: ასეთ კაცს მეორეს ვერ მოვნახავთ; მოდით, დავიმეგობროთ და მოკავშირედ გავიხადოთ.

17. დაწერა წერილი და გაუგზავნა ასეთი სიტყვებით:

18. მეფე ალექსანდრე ძმას, იონათანს, მოგიკითხავ.

19. გაგვიგონია შენზე, რომ მაგარი კაცი ხარ და შეგფერის ჩვენი მეგობარი იყო.

20. დღეს, ამიერიდან დამიდგენიხარ შენი ხალხის მღვდელმთავრად და მიწოდებია შენთვის მეფის მეგობარი (გაუგზავნა მას ძოწეული და ოქროს გვირგვინი), გეჭიროს ჩვენი მხარი და გაუფრთხილდი ჩვენს მეგობრობას.

21. შეიმოსა იონათანმა წმიდა შესამოსელი ასმესამოცე წლის მეშვიდე თვეს, კარვობის დღესასწაულზე, შეკრიბა ჯარები და მოიმარაგა დიდძალი იარაღი.

22. გაიგო დემეტრიოსმა ეს ამბები, გაწყრა და თქვა:

23. ეს როგორ მოგვივიდა, რომ დაგვასწრო ალექსანდრემ და საყრდენად დაიმეგობრა იუდაელნი?

24. მეც მივწერ მათ გასამხნევებელ სიტყვებს და პატივსა და ძღვენს დავპირდები, რომ ჩემი მხარდამჭერნი შეიქნანო.

25. და შეუთვალა მათ შემდეგი სიტყვები: მეფე დემეტრიოსი იუდაელთა ერს მოგიკითხავთ.

26. გვესმოდა და გვიხაროდა, რომ იცავდით ჩვენთან დადებულ შეთანხმებებს, უფრთხილდებოდით ჩვენს მეგობრობას და ჩვენს მტრებს არ ემხრობოდით.

27. ახლაც ეცადეთ, კვლავ გაუფრთხილდეთ ჩვენს ნდობას და სიკეთეს მოგაგებთ თქვენ იმის სანაცვლოდ, რასაც ჩვენთვის გააკეთებთ.

28. ბევრ შეღავათს გაგიწევთ და ძღვენს გამოგიგზავნით.

29. ახლა კი თქვენ ნებაზე გიშვებთ და ვათავისუფლებ ყველა იუდაელს გადასახადისგან, და მარილისა და გვირგვინების ბაჟისგან.

30. ამიერიდან გამიუქმებია მარცვლეულის მესამედი და ხის ნაყოფთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან იგზავნება იუდას ქვეყნიდან და სამი ოლქიდან, რომლებიც მას აკრავს, სამარიდან და გალილეადან, ამიერიდან სამარადისოდ.

31. ხოლო იერუსალიმი, მისი სანახები, მეათედები და შემოსავალი წმიდა და თავისუფალი იყოს.

32. გამიუქმებია უფლება იერუსალიმის ციხეზე და მღვდელმთავრისთვის მიმიცია, რომ მის დასაცავად ჩააყენოს იქ კაცები, ვისაც თვითონ დაასახელებს.

33. ყოველ იუდაელს, იუდას ქვეყნიდან წარტყვევნილს, მთელ ჩემს სამეფოში, უსასყიდლოდ ვათავისუფლებ. ყველამ გააუქმოს მათი ცხვარ-ძროხის გადასახადი.

34. ყოველი დღესასწაული: შაბათი, ახალმთვარობა და დაწესებული დღეები - სამი დღე ზეიმამდე და სამიც ზეიმის შემდეგ, ყველა იქნება შეღავათიანი და საუქმო ყოველი იუდაელისთვის, ვინც კი ჩემს სახელმწიფოშია.

35. არავის ექნება უფლება მათგან ვინმე დაავალდებულოს ან რაიმე საქმის კეთება აიძულოს.

36. იუდაელთაგან მეფის ლაშქრისთვის გამოიყოს სამი ათასი კაცი, და მიეცეს მათ სარჩო, როგორც დაწესებულია მეფის ყოველი ჯარისკაცისთვის.

37. ისინი უნდა იყვნენ ჩაყენებული მეფის დიდ ციხესიმაგრეებში და განწესდნენ სამეფო საქმეებზე, რომლებიც ერთგულებას საჭიროებენ. მათი ზედამხედველნიცა და წინამძღოლებიც მაგათგან უნდა იყვნენ და იცხოვრონ თავიანთი რჯულით, როგორც მეფემ დაადგინა იუდას ქვეყანაში.

38. სამი ოლქი, რომლებიც სამარიის ქვეყნიდან ეკვრის, მიუერთდეს იუდას, რათა ჩაითვალოს, რომ ერთიანია, და არ დამორჩილდეს სხვა ძალაუფლებას, გარდა მღვდელმთავრისა.

39. პტოლემაისს და მის გარეშემოს საჩუქრად ვუბოძებ იერუსალიმის საწმიდარს, რათა იტვირთოს საწმიდარის ხარჯები.

40. მე კი ყოველ წელიწადს შესაბამისად თხუთმეტ ათას შეკელ ვერცხლს გავცემ მეფის შემოსავლიდან - შესაბამისი ადგილებიდან.

41. და მთელი დანარჩენი ნაწილი, რაც შემოსავლიდან არ გაცემულა, როგორც წინა წლებში გაიცა, დღეიდან ტაძრის საქმეებს მოხმარდეს.

42. და გარდა ამისა, ხუთიათასი შეკელი ვერცხლი, რომელსაც იღებდნენ საწმიდარის შემოსავლიდან გაუქმებულია, რადგან ის მომსახურე მღვდლებს ეკუთვნით.

43. თუკი ვინმე, ვისაც სამეფო ანდა სხვა საქმე მართებს იერუსალიმის ტაძარში, ანდა რომელიმე მის სანახში, გაიქცევა, გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ყველაფერი, რაც ჩემს სამეფოში აბადია.

44. საწმიდარის ასაგებად და მის განსაახლებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან.

45. იერუსალიმის კედლების ასაგებად და გარშემო გასამაგრებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან, ასევე კედლების ასაგებად იუდაში.

46. როდესაც იონათანმა და ხალხმა ეს სიტყვები მოისმინეს, არ ერწმუნენ მათ, არც მიიღეს, რადგან ახსოვდათ დიდი სიავე, ისრაელში რომ ჩაიდინა დემეტრიოსმა და სასტიკად შეაჭირვა ისინი.

47. ხოლო ალექსანდრესთან კავშირი სასიკეთოდ მიიჩნიეს, რადგან მან შესთავაზა პირველად მშვიდობის სიტყვა და მასთან ერთად იბრძოდნენ მრავალი ხნის განმავლობაში.

48. შეკრიბა მეფე ალექსანდრემ დიდი ჯარი და დადგა დემეტრიოსის პირისპირ.

49. შეებრძოლა ერთმანეთს ორი მეფე, უკუიქცა დემეტრიოსის ლაშქარი, მისდია მას ალექსანდრემ და სძლია მას.

50. ძალზე გაასასტიკა ბრძოლა მზის ჩასვლამდე და დაეცა იმ დღეს დემეტრიოსი.

51. ალექსანდრემ ეგვიპტის მეფე პტოლემეოსთან გაგზავნა ელჩები და დააბარა შემდეგი სიტყვები სათქმელად:

52. როდესაც დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, დავჯექი ჩემი მამა-პაპის სამეფო ტახტზე, ხელში ავიღე ხელმწიფება, ვძლიე დემეტრიოსს და განვაგე ჩვენი ქვეყანა,

53. შევები მას, დამარცხდა იგი თავისი ბანაკითურთ და დავჯექი მის სამეფო ტახტზე.

54. ახლა კი დავუმოყვრდეთ ერთმანეთს და მომეცი ახლა შენი ქალიშვილი ცოლად. დაგიმოყვრდები და შენცა და მასაც შენს საკადრის საჩუქრებს გიძღვნით.

55. მიუგო მას მეფე პტოლემეოსმა, თქვა: კურთხეულია დღე, როცა დაბრუნდი მამა-პაპის ქვეყანაში და მასამეფო ტახტზე დაბრძანდი.

56. ახლა აგისრულებ, რაც მომწერე. ოღონდ შემეგებე პტოლემაისში, რათა ვიხილოთ ერთმანეთი, და დაგიმოყვრდები, როგორც შენ თქვი.

57. გამოვიდნენ ეგვიპტიდან თვითონ პტოლემეოსი და კლეოპატრა, მისი ასული, და ჩავიდნენ პტოლემაისში ასსამოცდამეორე წელს.

58. შეეგება მას მეფე ალექსანდრე და მისცა მას კლეოპატრა, თავისი ასული. პტოლემაისში გადაუხადა მას დიდებული ქორწილი, როგორც მეფეებს ეკადრებოდათ.

59. მისწერა მეფე ალექსანდრემ იონათანს, წამოსულიყო მის შესახვედრად,

60. და ისიც დიდებით გაემგზავრა პტოლემაისისკენ და შეხვდა ორ მეფეს. უძღვნა მათ და მათ მეგობრებს ვერცხლი და ოქრო, და უხვი მოსაკითხავი და ჰპოვა მადლი მათ წინაშე.

61. შეითქვა მის წინააღმდეგ ღვარძლიანი ხალხი ისრაელიდან, რჯულსგანმდგარი კაცები, და დააბეზღეს ის, მაგრამ არ შეიწყნარა ისინი მეფემ.

62. გასცა მეფემ განკარგულება, გაეხადათ იონათანისთვის მისი ტანისამოსი და ძოწეულით შეემოსათ იგი. ასეც გააკეთეს.

63. გვერდით მოისვა ის მეფემ და უთხრა თავის მთავრებს: მასთან ერთად გამოდით შუა ქალაქში და გამოაცხადეთ, რომ არც ერთ საქმეში არ დააბეზღონ იგი და არც არავინ შეაწუხოს ის რაიმეს გამო.

64. როცა დაინახეს შემწამებლებმა მისი დიდება, თანახმად გამოცხადებულისა, და რომ ძოწეული მოსავს მას, მიმოიფანტნენ ყველანი.

65. განადიდა იგი ხელმწიფემ, შერაცხა უახლოეს მეგობრად და მიანიჭა მას სარდლობა და მხარის უფროსობა.

66. დაბრუნდა იონათანი იერუსალიმში მშვიდობითა და სიხარულით.

67. ასსამოცდამეხუთე წელს კრეტადან გაემართა დემეტრიოსი, ძე დემეტრიოსისა, თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ.

68. შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დამწუხრდა მეტად და ანტიოქიაში გაბრუნდა.

69. დემეტრიოსმა სარდლად დანიშნა აპოლინიოსი, რომელიც კოილეს სირიის მთავარი იყო. შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და დაბანაკდნენ იამნიასთან. ასე შეუთვალა მღვდელმთავარ იონათანს:

70. შენ ხარ ერთადერთი, რომ გვეწინააღმდეგები ჩვენ; დასაცინი და გასაკიცხი შევიქენი შენს გამო, რისთვის გვემალები მთებში?

71. ახლა კი, შენი ჯარების თუ გეიმედება, ჩამოდი ჩვენთან, ვაკეზე, და აქ გამოვცადოთ ერთმანეთი, რადგან ჩემთანაა ქალაქთა ძალა.

72. მკითხე და გაიგე, თუ ვინა ვარ მე და ვინ არიას დანარჩენი ჩემი თანამდგიამნი; გეტყვიან, რომ ვერ დაგვიდგებით ჩვენ, რადგან ორგზის უკუქცეულა შენი მამა-პაპა თავისი ქვეყნისკენ.

73. ახლა შენ ვეღარ დაუდგები ცხენოსან ლაშქარს ვაკეზე, სადაგ არც ქვაა, არც ხეობა, არც გასაქცევი ადგილი.

74. როგორც კი გაიგო იონათანმა აპოლონიოსის სიტყვები, დაიძრა განრისხებული. აარჩია ათიათასი კაცი და გამოემართა იერუსალიმიდან. შეეგება მას სიმონი, მისი ძმა, მისაშველებლად.

75. იაფოსთან დაბანაკდა, მაგრამ ქალაქის ხალხმა ჩაუკეტა კარიბჭეები, რადგახ აპოლონიოსის დაცვა იდგა იაფოში; და შეებრძოლენ მას.

76. შეეშინდა ქალაქის ხალხს და გაიღო კარიბჭეები, და აიღო იონათანმა იაფო.

77. როცა შეიტყო ეს აპოლონიოსმა, შეჰყარა სამი ათასი მხედარი და დიდი ლაშქარი, და დაიძრა აშდოდისკენ, თითქოს თავს არიდებსო. სინამდვილეში კი ვაკეზე გავიდა, რადგან ურიცხვი ცხენი ჰყავდა და ამის იმედი ჰქონდა.

78. მისდია მას იონათანმა აშდოდისკენ და შეეტაკნენ ერთმანეთს ჯარები.

79. მათ ზურგში აპოლონიოსს ჰყავდა ათასი მხედარი, ფარულად დატოვებული.

80. მიხვდა იონათანი, რომ მის ზურგში მტერი იყო ჩასაფრებული, რადგან მომწყვდეული ჰყავდათ მისი ჯარი და დილიდან შეღამებამდე ესროდნენ მის ხალხს ისრებს.

81. ხალხი კი იდგა, როგიარც იონათანმა დააწყო. დაიქანცნენ მათი ცხენოსნები.

82. წინ გაიყვანა სიმონმა თავისი ჯარი და შეება რაზმებს; ცხენოსნები კი დაიღალნენ, იძლივნენ მათ მიერ და უკუიქცნენ.

83. ცხენოსნები დაიფანტნენ ვაკეზე, აშდოდისკენ გაიქცნენ და შეცვივდნენ ბეთ-დაგონში, თავიანთ საკერპოში თავის გადასარჩენად.

84. გადაწვა იონათანმა აშდოდი და მისი გარეშემო ქალაქები. მოხვეტა ნადავლი, დაგონის ტაძარი კი ლტოლვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა.

85. მახვილით დაცემულები გადაბუგულებთან ერთად რვაათას კაცამდე იყო.

86. დაიძრა იქიდან იონათანი და აშკელონს შემოადგა; გამოვიდნენ ქალაქიდან მის შესახვედრად დიდი პატივით.

87. დაბრუნდა იონათანი თავის თანამდგომებთან იერუსალიმში დიდძალი ნადავლითურთ.

88. როგა გაიგო მეფე ალექსანდრემ ეს ამბები, კიდევ მეტად განადიდა იონათანი.

89. გაუგზავნა მას ოქროს ბალთა, როგორსაც, ჩეეულებრივ, მეფეთა ნათესავებს უძღვნიდნენ ხიალმე; უბოძა ყეკრონი მთელი მისი მიწა-წყლითურთ სამემკვიდრეოდ.


თავი მეთერთმეტე

1. ეგვიპტის მეფემ თავი მოუყარა დიდ ლაშქარს, როგორც ქვიშას ზღვის ნაპირზე, და მრავალ ხომალდს და ცდილობდა, ვერაგობით დაეპყრო ალექსანდრეს სამეფო და მიეერთებინა თავისი სამეფოსთვის.

2. გაემართა სირიისკენ სამშვიდობო სიტყვებით და უდებდნენ ქალაქთა კარიბჭეებს და ეგებებოდნენ. მეფე ალექსანდრეს ნაბრძანები ჰქონდა, დახვედროდნენ მას, რადგან მისი სიმამრი იყო.

3. როგორც კი შევიდოდა ქალაქში პტოლემეოსი, ყოველ ქალაქში ჯარებს აყენებდა მცველად.

4. ხოლო როგორც კი მიუახლოვდა აშდოდს, უჩვენეს მას გადამწვარი დაგონას ტაძხარი, მოოხრებული აშდოდი და მისი გაუდაბურებული გარეუბნები, მათი დაჩეხილი და დანახშირებული სხეულები, ბრძოლაში რომ დაიწვნენ. მათ გროვებს ახვედრებდნენ გზაზე.

5. უამბეს მეფეს, რაც გააკეთა იონათანმა, და ბრალი დასდეს, მაგრამ დუმდა მეფე.

6. იაფოსთან შეეგება იონათანი მეფეს პატივით. შეხვდნენ ერთმანეთს და იქ გაათენეს.

7. იმგზავრა იონათანმა მეფესთან ერთად მდინარემდე, რომელსაც ეძახიან ელეფთეროსს, და გაბრუნდა იერუსალიმისკენ.

8. ხოლო მეფე პტოლემეოსი განაგებდა სანაპირო ქალაქებს ზღვისპირის სელევკიამდე და ბოროტი ზრახვები ჰქონდა ალექსანდრეს წინააღმდეგ.

9. გაგზავნა ელჩები მეფე დემეტრიოსთან, შეუთვალა: მაშ, მოდი კავშირი შევკრათ ერთმანეთთან; შენ მოგცემ ჩემს ასულს, ალექსანდრეს რომ ჰყავს ცოლად, და გამეფდები მამაშენის სამეფოში.

10. ვნანობ, რომ მას მივეცი ჩემი ასული, რადგან ჩემს სიკვდილს ეძიებდაო.

11. ცილი დასწამა მას, რადგან თვითონ უნდოდა მისი სამეფო.

12. წაართვა მას ცოლი და მისცა ის დემეტრიოსს; გაუუცხოვდა ალექსანდრეს და გაცხადდა მათი მტრობა.

13. შევიდა პტოლემეოსი ანტიოქიაში და დაიდგა აზიის გვირგვინი. ორი გვირგვინი ედგა თავზე - ეგვიპტისა და აზიისა.

14. მეფე ალექსანდრე კი იმ დროს კილიკიაში იყო, რადგან განერიდა იქაურ ადგილებს.

15. გაიგო ეს ალექსანდრემ და გაემართა მასთან საომრად. პტოლემეოსმაც გამოილაშქრა, წინ დაუხვდა მას ძლიერი ხელით და განდევნა იგი.

16. გაიქცა ალექსანდრე არაბეთში, რომ იქ შეეფარებინა თავი. მეფე პტოლემეოსი კი აღზევდა.

17. არაბმა ზაბდიელმა თავი მოჰკვეთა ალექსანდრეს და გაუგზავნა პტოლემეოსს.

18. მაგრამ მესამე დღეს მეფე პტოლემეოსი მოკვდა, ხოლო მის ციხე-სიმაგრეებში მყოფნი ციხე-სიმაგრეების ხალხმა დახოცა.

19. და გამეფდა დემეტრიოსი ასსამოცდამეშვიდე წელს.

20. იმ დღეებში თავი მოუყარა იონათანმა იუდას ხალხს, რომ ბრძოლით აეღოთ იერუსალიმის ციხე, და მის წინ უამრავი მანქანა დააყენა.

21. მათი ერის მოძულე რჯულსგამდგარი კაცები გაეშურნენ მეფისკენ და აცნობეს მას, ციხეს შემოერტყაო იონათანი.

22. შეიტყო ეს და განრისხდა. და შეიტყო თუ არა, მაშინვე გაემართა პტოლემაისისკენ. შეუთვალა იონათანს, არ შემორტყმოდა ციხეს და დაუყოვნებლივ შეხვედროდა მას პტოლემაისში მოსალაპარაკებლად.

23. რომ მოისმინა ეს იონათანმა, ბრძანა, განეგრძოთ ალყა. შემდეგ ისრაელის უხუცესთაგან და მღვდელთაგან აარჩია კაცები და თავი საფრთხეში ჩაიგდო.

24. აიღო ვერცხლი და ოქრო, სამოსელი და სხვა მეტად ძვირფასი ნივთები, გაემგზავრა მეფესთან პტოლემაისში და ჰპოვა მადლი მის წინაშე.

25. თუმცა ვიღაც ურჯულოებმა მისი ხალხიდან დაასმინეს იგი,

26. მეფე მაინც ისე მოექცა მას, როგორც მისი წინამორბედნი ექცეოდნენ, და აღაზევა ის ყველა თავისი მეგობრის წინაშე.

27. დაუმტკიცა მას მღვდელმთავრის ხარისხი და ყველა სხვა პატივი, რაც წინათ ჰქონდა, და უახლოეს მეგობრებში უპირველესად შერაცხა.

28. მოსთხოვა იონათანმა მეფეს, აეხსნა ხარკი იუდასთვის, სამი ოლქისთვის და სამარიისთვის, და აღუთქვა მას სამასი ტალანტი.

29. დათანხმდა მეფე და მისწერა იონათანს წერილი ყოველივე ამის თაობაზე ამგვარი შინაარსისა:

30. მეფე დემეტრიოსი ძმას იონათანს და იუდაელთა ერს მოგიკითხავ.

31. ასლი წერილისა, რომელიც ლასთენეს, ჩვენს ნათესავს, მივწერეთ თქვენს შესახებ, თქვენც გამოგიგზავნეთ, რათა იცოდეთ:

32. მეფე დემეტრიოსი ლასთენეს, მამას მოგიკითხავ.

33. იუდაელთა ერს, ჩვენს მეგობრებს და ჩვენდამი ვალდებულებების ერთგულად შემსრულებელთ, გადავწყვიტეთ სიკეთე ვუყოთ, რადგან კეთილგანწყობილნი არიან ჩვენდამი.

34. ვუმტკიცებთ მათ იუდას მიწა-წყალს, სამ ოლქს - აფაირემას, ლოდსა და რათამინს, რომლებიც მიუერთდა იუდას სამარიიდან; ყველას, ვინც მსხვერპლს სწირავს იერუსალიმში, ვათავისუფლებთ სამეფო გადასახადისგან, რომელსაც უწინ ყოველწლიურად იღებდა მეფე მიწის მოსავლიდან და ხეთა ნაყოფებისგან;

35. ამიერიდან სხვა დანარჩენი გადასახადებიდან, რაც გვერგება, მეათედებიდან, ხარკებიდან, რაც გვერგება, მარილის ტბიდან და გვირგვინის ხარკიდან, რაც გვერგება ყოველივე ამისგან ვათავისუფლელთ მათ.

36. არცერთი ამათგანი არ შეიცვლება ამიერიდან სამარადისოდ.

37. მაშ, ახლა იზრუნეთ, რომ გააკეთოთ ასლი, გადასცეთ იონათანს და დადოთ წმიდა მთაზე გამოსაჩენ ადგილას.

38. როცა დაინახა მეფე დემეტრიოსმა, რომ დაწყნარდა ქვეყანა მის წინაშე და რომ არაფერი აღდგომია წინ, დაითხოვა მთელი თავისი ჯარები, თითოეული თავისი ადგილისაკენ, გარდა უცხოელთა ჯარებისა, რომლებიც დაქირავებული ჰყავდა სხვა ხალხების კუნძულებიდან, რისთვისაც მტრობდა მას მთელი მამაპაპეული ლაშქარი.

39. ტრიფონმა, რომელსაც ადრე ალექსანდრეს მხარი ეჭირა, დაინახა, რომ მთელი ჯარი დრტვინავდა დემეტრიოსზე, და გაემართა არაბ იმალკუესკენ, ვინც ზრდიდა ანტიოქოსს, ალექსანდრეს ჩვილ ვაჟს.

40. არწმუნებდა, მისთვის ჩაებარებინა ბავშვი, რათა გაემეფებინა მამამისის ნაცვლად. მერე უამბო ყველაფერი, რაც გააკეთა დემეტრიოსმა და როგორ მტრობდა მას მისი ლაშქარი. დარჩა იქ დიდხანს.

41. შეუთვალა იონათანმა მეფე დემეტრიოსს, რომ გაეყვანა იერუსალიმის ციხეში და სიმაგრეებში ჩაყენებული რაზმები, რადგან ებრძოდნენ ისრაელს.

42. შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს: არა მარტო ამას გავაკეთებ შენთვის და შენი ხალხისთვის, არამედ დიდებით განგადიდებთ შენ და შენს ხალხს, თუკი შესაფერი ჟამი ვპოვე.

43. ახლა, სწორად მოიქცევი, თუ გამომიგზავნი ჩემს მოკავშირე მეომრებს, რადგან ამბოხებულია მთელი ჩემი ჯარი.

44. გაუგზავნა იონათანმა სამიათასი მაგარი ვაჟკაცი ანტიოქიაში. წარდგნენ მეფესთან და გაიხარა მეფემ მათი მოსვლით.

45. ასოციათასამდე ქალაქელი შეიკრიბა შუა ქალაქში და ეწადათ მეფის მოკვლა.

46. მაგრამ მეფემ სასახლის ეზოში შეასწრო, ქალაქელებმა კი დაიკავეს ქალაქის გასასვლელები და დაიწყეს ბრძოლა.

47. მეფემ იუდაელებს მოუწოდა დასახმარებლად და ყველანი ერთად მოგროვდნენ მასთან, გაიფანტნენ ქალაქში და დახოცეს იმ დღეს ასიათასამდე კაცი.

48. გადაწვეს ქალაქი და დიდძალი ნადავლი აიღეს იმ დღეს, და იხსნეს მეფე.

49. როცა დაინახეს ქალაქელებმა, რომ აიღეს ქალაქი იუდაელებმა, როგთრც მათ უნდოდათ, სულით დაეცნენ და თხოვნით შეჰღაღადეს მეფეს.

50. მოგვეცი მარჯვენა და შეწყვიტონ იუდაელებმა ბრძოლა ჩვენთან და ქალაქთან:

51. დაყარეს იარაღი და ჩამოაგდეს მშვიდობა. განითქვნეს იუდაელები მეფისა და ყველას წინაშე მის სამეფოში, და მიბრუნდნენ იერუსალიმისკენ დიდძალი ნადავლით.

52. დაბრძანდა მეფე დემეტრიოსი თავის სამეფო ტახზე და დაწყნარდა ქვეყანა მის წინაშე.

53. მაგრამ ყველაფერში გვიმტყუნა, რაც თქვა, და გაიუცხოვა იონათანი და არ მისცა დაპირებული შეღავათები; ძალზე გაანაწყენა იგი.

54. ამის შემდეგ იყო, რომ დაბრუნდა ტრიფონი ანტიოქოსთან, უასაკო ბავშვთან ერთად.

55. შეიკრიბნენ მასთან ჯარები, რომლებიც დაითხოვა დემეტრიოსმა, და გაილაშქრეს მის წინააღმდეგ, გაიქცა და ივლტოდა.

56. გამოიყვანა ტრიფონმა სპილოები და დაეუფლა ანტიოქიას.

57. მისწერა ყმაწვილმა ანტიოქოსმა იონათანს: დამიდგენიხარ მღვდელმთავრად და ოთხი ოლქის განმგებლად და მეფის მეგობართა შორის შემირაცხიხარ.

58. და გაუგზავნა მას ოქროს თასები და სუფრის ჭურჭელი, მისცა მას უფლება, ოქროს თასებით ესვა, ძოწეულით შემოსილიყო და ოქროს ბალთა ეტარებინა.

59. ხოლო სიმონი, მისი ძმა, სარდლად დანიშნა ტვიროსის კიბიდან ეგვიპტის საზღვრებამდე.

60. გამოვიდა იონათანი და მოიარა მდინარის ნაპირი და ქალაქები, და შეიკრიბა მის წინაშე სირიის მთელი ლაშქარი მხარის დასაჭერად. ჩავიდა აშკელონში და პატივით შეეგებნენ მას ქალაქის მკვიდრნი.

61. გამოემართა იქიდან ღაზასკენ, მაგრამ ჩაიკეტნენ ღაზელები. ალყა შემოარტყა მას და ცეცხლით გადაწვა მისი სანახები, და გაძარცვა ისინი.

62. შეევედრნენ იონათანს ღაზელები და მანაც მისცა მათ მარჯვენა, აიყვანა მათი მთავრების ვაჟები მძევლებად და იერუსალიმში გაგზავნა ისინი. დამასკომდე მოიარა ქვეყანა.

63. გაიგო იონათანმა, რომ წამოსულან დემეტრიოსიხ მთავრები კადეშისკენ გალილეაში დიდძალი ჯარით, მისი გადაყენების მსურველნი.

64. თავად დაუხვდა მათ, მისი ძმა სიმონი კი ქვეყანაში დარჩა.

65. დაბანაკდა სიმონი ბეთ-ცურთან, ებრძოდა მას დიდხანს და მოიმწყვდია იგი.

66. სთხოვეს მას მარჯვენის მიცემა და მანაც მისცა მარჯვენა. შემდეგ გამოყარა ისინი იქიდან, აიღო ქალაქი და დაცვა ჩააყენა.

67. იონათანი და მისი ლაშქარი გენესარეთის წყალთან დაბანაკდა. დილას ადრე ხაცორის ველზე განლაგდნენ.

68. და აჰა, უცხოტომთა ბანაკი შეეყარა მას ველზე; ნაწილი მთებში ჩაესაფრებინათ მათ წინააღმდეგ, თავად კი პირისპირ შეეტაკნენ.

69. ჩასაფრებულებიც გამოვიდნენ საფრებიდან და ჩაერთნენ ბრძოლაში.

70. იონათანთან მყოფნი ყველანი გაიქცნენ, ერთიც კი არ დარჩენილა მათგან, გარდა მატათიასი, აბესალომის ძისა, და იუდასი, ხალფის ძისა - ლაშქრის რაზმეულთა მეთაურებისა.

71. შემოიხია იონათანმა სამოსელი, თავზე მტვერი დაიყარა და ილოცა.

72. მერე კვლავ ჩაერთო ბრძოლაში მათ წინააღმდეგ, დაამარცხა ისინი და უკუაქცია.

73. დაინახეს ეს იონათანისგან გაქცეულებმა და დაბრუნდნენ მასთან, მისდიეს კადეშამდე, მათ ბანაკამდე, და იქ დადგნენ.

74. დაეცა იმ დღეს მათგან სამიათასამდე კაცი; და გაბრუნდა იონათანი იერუსალიმისკენ.


თავი მეთორმეტე

1. როცა დაინახა იონათანმა, რომ დაუდგა შესაფერი ჟამი, ამოირჩია კაცები და გაგზავნა რომში მათთან მეგობრობის განსამტკიცებლად და განსაახლებლად.

2. ასეთივე წერილები დაგზავნა სპარტაში და ყველა მხარეში.

3. გაემართნენ რომისკენ. შევიდნენ საბჭოში და თქვეს: მღვდელმთავარმა იონათანმა და იუდაელმა ხალხმა მოგვავლინა ჩვენ ერთმანეთს შორის ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად.

4. მისცეს მათ წერილები, ყოველი მხარის გამგებელთა მიმართ მიწერილი, რათა მშვიდობით გაესტუმრებინათ ისინი იუდას ქვეყანაში.

5. აი, ასლი წერილისა, რომელიც მისწერა იონათანმა სპარტელებს:

6. მღვდელმთავარი იონათანი, ერის უხუცესნი, მღვდლები და დანარჩენი იუდაელი ხალხი სპარტელებს, ძმებს, მოგიკითხავთ.

7. ჯერ კიდევ წინანდელ დროში თქვენი მეფის, არეიოსის მიერ მღვდელმთავარ ონიასთან გამოგზავნილი ყოფილა წერილი, რომ თქვენ ჩვენი ძმები ხართ, როგორც ამას ასლი წარმოგვიდგენს.

8. პატივით მიიღო ონიამ გამოგზავნილი კაცი და გამოართვა წერილი, რომელიც ნათლად მოწმობდა მოკავშირეობასა და მეგობრობას.

9. თუმცა ჩვენ ახლა ეს აღარ გვჭირდება, რადგან გასამხნევებლად ხელთ წმიდა წიგნები მოგვეპოვება.

10. გადავწყვიტეთ თქვენთვის გამოგვეგზავნა წერილი ძმობისა და მეგობრობის განსაახლებლად, რათა არ გაგიუცხოვდეთ, რადგან მრავალ დროებას ჩაუვლია მას შემდეგ, რაც მოგვწერეთ.

11. ჩვენ ახლა ყოველ დროს, დღესასწაულებშიცა და დანარჩენ სადაგ დღეებშიც გიხსენებთ თქვენ აღსავლენის შეწირვისას და ლოცვებში, რადგან ჯერ არს და ხამს ძმების გახსენება.

12. თქვენი დიდებით გახარებულნი ვართ,

13. თუმცა ჩვენ უზომო გასაჭირით და ხშირი ომებით ვიყავით გარემოცულნი; გვებრძოდნენ ჩვენ გარეშემო მეფეები.

14. მაგრამ არ გვსურდა თქვენი და ჩვენი დანარჩენი მოკავშირეებისა და მეგობრეხის შეწუხება იმ ომებში;

15. რადგან ციდან გვქონდა შეწევნა და ჩვენ ბევრჯერ გადავრჩენილვართ მტრების ხელიდან, ჩვენი მოძულენი კი დათრგუნულან.

16. ახლა ავირჩიეთ ნუმენიოსი, ანტიოქოსის ძე, და ანტიპატროსი, იასონის ძე, და გამოვგზავნეთ რომაელებთან, რათა განვაახლოთ მათთან მეგობრობა და წინანდელი მოკავშირეობა.

17. დავავალეთ მათ თქვენთან გამომგზავრებაცა და თქვენი მოკითხვაც; აგრეთვე, რომ გადმოგცენ ჩვენი წერილი ჩვენი ძმობის განახლების თაობაზე.

18. ახლა კარგს იზამთ, თუ გვიპასუხებთ ამაზე.

19. აი, ასლი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს ონიას:

20. არეიოსი, მეფე სპარტელთა, მღვდელმთავარ ონიას მოგიკითხავ.

21. წერილში აღმოჩნდა, რომ სპარტელები და იუდაელები ძმები და აბრაამის მოდგმისანი არიან.

22. ახლა, რაკი ეს ამბავი შევიტყვეთ, კარგს იზამთ, თქვენს კეთილდღეობაზე თუ მოგვწერთ.

23. ხოლო ჩვენ გწერთ, რომ თქვენი ცხვარ-ძროხა და ქონება ჩვენია, ჩვენი კი - თქვენი. ნაბრძანები გვაქვს, გაცნობოთ ეს ამბავი.

24. გაიგო იონათანმა, რომ დაბრუნდნენ დემეტრიოსის მთავრები წინანდელზე მეტად ურიცხვი ლაშქრით მათთან საომრად.

25. გამოვიდა იერუსალიმიდან და დახვდა მათ ხამათის მხარეში და არ შეუშვა თავის მიწა-წყალზე.

26. გაგზავნა მზვერავები მათი ბანაკისაკენ; დაბრუნდნენ და მოახსენეს, რომ ღამით ამზადებდნენ მათზე თავდასხმას.

27. როცა მზე ჩაესვენა, იონათანმა უბრძანა თავისთან მყოფებს, ეფხიზლათ და იარაღასხმულნი მდგარიყვნენ, რომ მზად ყოფილიყვნენ ომისათვის მთელი ღამის განმავლობაშა და გუშაგებიც დააყენა ბანაკის გარშემო.

28. შეიტყვეს მოწინააღმდეგეებმა, რომ მზად არიან საომრად იონათანი და მასთან მყოფნიც. შეშინდნენ, გულები შეუდრკათ, კოცონები დაანთეს ბანაკში და უკუიქცნენ.

29. ხოლო იონათანს და მასთან მყოფებს დილამდე არ გაუგიათ ეს, რადგან ხედავდნენ ანთებულ ცეცხლებს.

30. მისდია მათ უკან იონათანმა, მაგრამ ვერ მიეწია, რადგან მდინარე ელეფთეროსს გაღმა იყვნენ გასულნი.

31. მაშინ არაბებს გადაწვდა იონათანი, რომლებიც ზაბადეიანებად იწოდებოდნენ, სძლია მათ და მოხვეტა ნადავლი.

32. მერე აიყარა და მიადგა დამასკოს, და გაიარა მთელი ის მხარე.

33. სიმონი კი გაეშურა და იარა აშკელონამდე და მახლობელ ციხე-სიმაგრეებამდე, შემდეგ გაუხვია იაფოში და აიღო იგი,

34. რადგან გაიგო, რომ იქაურებს სურდათ ციხე-სიმაგრე დემეტრიოსთან მყოფთათვის გადაეცათ. ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად.

35. დაბრუნდა იონათანი, მოუხმო ხალხის უხუცესებს და მოითათბირა მათთან, რომ აეგოთ სიმაგრეები იუდაში,

36. აემაღლებინათ იერუსალიმის კედლები და აღემართათ დიდი ზღუდე ციხე-სიმაგრესა და ქალაქს შორის, რათა გამოეყოთ ის ქალაქისგან, რომ ცალკე ყოფილიყო და შემწყდარიყო მათ შორის ყიდვა-გაყიდვა.

37. შეიკრიბნენ ქალაქის ასაშენებლად და აღადგინეს ჩანგრეული კედელი ხევთან, აღმოსავლეთით, ხაფენათად წოდებული.

38. ხოლო სიმონმა ააგო, ადიდა შეფელაში, გაამაგრა ის და დაუყენა ურდულებიანი კარიბჭე.

39. ტრიფონი კი ცდილობდა, აზიის მეფე გამხდარიყო, გვირგვინი დაედგა და ხელი აღემართა მეფე ანტიოქოსზე.

40. ეშინოდა, არ დაებრკოლებინა იგი იონათანს და ომი არ დაეწყო მის წინააღმდეგ. ამისთვის ცდილობდა მის შეპყრობას მოსაკლავად ადგა და ბეთ-შანისკენ გაემართა.

41. გამოვიდა იონათანი მის დასახვედრად ორმოციათასი საბრძოლოდ მზადმყოფი კაცით და მიადგა ბეთ-შანს.

42. როცა დაინახა ტრიფონმა. რომ იგი დიდძალი ლაშქრით არის მოსული, შეეშინდა, აღემართა ხელი მასზე.

43. ამიტომ პატივით მიიღო იგი და წარუდგინა ყველა თავის მეგობარს, უბოძა საჩუქრები და უბრძანა თავის მეგობრებსა და ლაშქარს, დამორჩილებოდნენ, როგორც თავად მას მორჩილებდნენ.

44. უთხრა იონათანს: რისთვის გასარჯე მთელი ეს ხალხი, თუ ომი არ გველის?

45. მაშ, გაუშვი ახლა ისინი თავ-თავიანთ სახლებში, შენთვის კი აარჩიე რამდენიმე კაცი, ვინც შენთან დარჩება და ერთად გავემგზავროთ პტოლემაისისკენ. ჩაგაბარებ მას და დანარჩენ ციხე-სიმაგრეებს, დანარჩენ ჯარებს და ყველა გამგებელს; მერე კი შინ გავბრუნდები. ამის გულისთვის ვიმყოფები აქ.

46. ერწმუნა მას და ისე მოიქცა, როგორც უთხრა. დაითხოვა ჯარები და წავიდნენ იუდას ქვეყნისკენ.

47. თავისთან კი დაიტოვა სამიათასი კაცი, რომელთაგან ორი ათასი გალილეაში დარჩა, ათასი კი მას გაჰყვა.

48. როცა იონათანი პტოლემაისში შევიდა, ჩაკეტეს კარიბჭეები პტოლემაისელებმა და შეიპყრეს იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად იყო შესული, მახვილით დახოცეს.

49. გაგზავნა ტრიფონმა ჯარები და ცხენოსნები გალილეაში და დიდ ვაკეზე, რომ გაეწყვიტათ ყველანი, იონათანის თანამდგომნი.

50. მაგრამ როცა გაიგეს მათ, რომ შეპყრირილია იონათანი, მისი ხალხი კი დახოცილი, გაამხნევეს ერთმანეთი და დაიძრნენ საომრად შემართულნი.

51. მდევრებმა დაინახეს, რომ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო იქნებოდა, და უკუიქცნენ.

52. დაბრუნდნენ ყველანი მშვიდობით იუდას ქვეყანაში და დაიტირეს იონათანი და მისი ხალხი; ძალზე შეშინებული იყო და დიდი მოთქმით მოთქვამდა მთელი ისრაელი.

53. მათ ირგვლივ მოსახლე ყველა ხალხი ცდილობდა მათ განადგურებას, რადგან ამბობდნენ, აღარ ჰყავთ არც წინამძღვარი და არც მშველელიო. მაშ, ახლა ვეკვეთოთ და წარვხოცოთო კაცთა შორის მათი სახსენებელი.


თავი მეცამეტე

1. გაიგო სიმონმა, რომ შეუკრებია ტრიფონს დიდძალი ჯარი იუდას ქვეყანაზე გასალაშქრებლად და მის გასანადგურებლად.

2. დაინახა, რომ ხალხი დამფრთხალი და შეშინებული იყო, და წავიდა იერუსალიმში და შეკრიბა ხალხი.

3. გაამხნევა ისინი და მიმართა მათ: თქვენ თვითონ ნახეთ ყოველი, რაც მე და ჩვმს ძმებს და მამაჩემის სახლს გაგვიკეთებია რჯულის საქმეთათვის და სამსხვერპლოსთვის. გახსოვთ ომებიცა და დარბევებიც, რაც გადაგვიტანია.

4. ამ ამბებში დაიღუპა ყველა ჩემი ძმა ისრაელისთვის, მე ერთიღა დავრჩი.

5. ახლა სიცოცხლეს არ დავზოგავ, რა გასაჭირიც უნდა მედგას, რადგან ჩემს ძმებზე უკეთესი არა ვარ.

6. მაგრამ ვიძიებ შურს ჩემი ერისთვის და საწმიდარისთვის, და თქვენი ცოლ-შვილისთვის, რადგან სიძულვილით შეთქმულა ყოველი ხალხი ჩვენს მოსასპობად.

7. სულით აინთო ხალხი, ეს სიტყვები რომ მოისმინა.

8. მიუგეს და ხმამაღლა უთხრეს: შენა ხარ ჩვენი წინამძღოლი ნაცვლად იუდასი და იონათანისა, შენი ძმისა.

9. გადაიხადე ჩვენი ომი და ყოველივეს, რასაც კი გვეტყვი, შევასრულებთ.

10. მაშინ თავი მოუყარა მთელს მხედრობას და დააჩქარა იერუსალიმის კედლების შეკეთება და გაამაგრეს ყოველი მხრიდან.

11. გააგზავნა იონათანი, ძე აბესალომისა და მასთან ერთად საკმარისი ჯარი იაფოში, გამორეკა იქ მყოფნი და დადგა იქ.

12. ტრიფონი კი გამოემართა პტოლემაისიდან დიდძალი ლაშქრით იუდას ქვეყანაში შესასვლელად; იონათანიც მასთან ერთად მოჰყავდა ყარაულით.

13. სიმონი კი ადიდაში, დაბლობის წინ დაბანაკდა.

14. მიხვდა ტრიფონი, რომ აღდგა სიმონი იონათანის, თავის ძმის ნაცვლად, და გადაწყვეტილი აქვს მასთან ბრძოლა. გაუგზავნა ელჩები, შეუთვალა:

15. იმ ვერცხლის გამო დავაკავეთ იონათანი, შენი ძმა, რომელიც მან სამეფო ხაზინიდან ისესხა საჭიროებისთვის.

16. ახლა კი გამოგზავნე ასი ვერცხლის ტალანტი და მისი ორი ვაჟი მძევლად, რომ არ გაბედოს ჩვენზე აღდგომა, და გამოვუშვებთ მას.

17. მიხვდა სიმონი, რომ მზაკვრულად ელაპარაკებიან, მაგრამ გაგზავნა ვერცხლი და ბავშვები, რომ ხალხის სიძულვილი არ გამოეწვია;

18. არ ეთქვა ხალხს: ვერცხლი და ბავშვები რომ არ გაუგზავნა სიმონმა, იმიტომ დაიღუპა იონათანიო.

19. და გაუგზავნა ბავშვები და ასი ტალანტი. მაგრამ მოატყუა ტრიფონმა და არ გაუშვა იონათანი.

20. ამის მერე მოვიდა ტრიფონი, რომ შესეოდა ქვეყანას და გაენადგურებინა. მან ადორის გზით მოუარა, სიმონი და მისი ლაშქარი კი მიჰყვებოდა ყველგან, საითაც გაემართებოდა.

21. ციხეში მყოფთ გაგზავნეს ელჩები ტრიფონთან, რომ წამოსულიყო მათკენ უდაბნოს გავლით და საკვები გამოეგზავნა მათთვის.

22. გაამზადა ტრიფონმა ცხენოსნები წასასვლელად, მაგრამ იმ ღამეს უზომოდ დიდი თოვლი მოვიდა და ვეღარ გაემგზავრნენ თოვლის გამო. ადგა და გალაადისკენ წავიდა.

23. როცა ბასკამას მიუახლოვდა, მოკლა იონათანი და იქ დამარხა.

24. მერე გაბრუნდა ტრიფონი და თავის ქვეყნისკენ გაემართა.

25. გაგზავნა სიმონმა ხალხი თავის ძმის, იონათანის, ძვლების ასაკრეფად და დამარხა ისინი მოდეინში, თავისი მამა-პაპის ქალაქში.

26. დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა და მწუხარებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.

27. აღმართა სიმონმა ძეგლი თავისი მამისა და ძმების საფლავზე; აამაღლა იგი გამოსაჩენად თლილი ქვებით წინა მხრიდან და უკანა მხრიდან.

28. დადგა შვიდი პირამიდა, ერთმანეთის პირისპირ, მამის, დედისა და ოთხი ძმისა.

29. შეამკო სამკაულებით, შემოავლო დიდი სვეტები და სვეტებზე საჭურვლები ჩამოკიდა საუკუნო სახელისათვის, ხოლო საჭურველთა გვერდით - გამოქანდაკებული ხომალდები, რომ ყოველ ზღვაოსანს დაენახა.

30. ეს სამარხი მოდეინში რომ გააკეთა, დღემდეა იქ.

31. ამასობაში ტრიფონი ვერაგულად მოექცა ყმაწვილ მეფეს, ანტიოქოსს, და მოკლა იგი.

32. გამეფდა მის ნაცვლად და აზიის გვირგვინი დაიდგა. დიდი უბედურება დაატეხა ქვეყანას.

33. ხოლო სიმონმა ააშენა ციხე-სიმაგრეები იუდაში, შემოზღუდა მაღალი გოდლებით, დიდი კედლებით და ურდულებიანი კარიბჭეებით და მოამარაგა სარჩოთი სიმაგრეები.

34. აარჩია სიმონმა კაცები და გაგზავნა მეფე დემეტრიოსთან, რომ ქვეყნისთვის შეღავათი მოეთხოვა მისგან, რადგან სულ ძარცვა-გლეჯაში იყო ტრიფონი.

35. შემოუთვალა მას მედე დემეტრიოსმა ამ სიტყვებზე და მიუგო მას, ასეთი წერილი მისწერა:

36. მეფე დემეტრიოსი სიმონ მღვდელმთავარს, მეფის მეგობარს, უხუცესებსა და იუდას ერს მოგიკითხავთ.

37. მივიღეთ თქვენი გამოგზავნილი ოქროს გვირგვინი და პალმის რტო და მზადა ვართ, დავდოთ თქვენთან დიდი ზავი და მივწეროთ გადასახადების ზედამხედველვბს, რომ ხარკისგან გაგათავისუფლონ.

38. ყოველივე, რაც თქეენ დაგიდგინეთ, უცვალებელი იყოს; სიმაგრეები, რომლებიც ააგეთ, თქვენვე გეპყრათ.

39. გვიპატიებია თქვენთვის უგუნურებები და დანაშაულები, რაც დღემდე ჩაგიდენიათ, ხოლო გვირგვინის გადასახადი, რომელიც გმართებთ, და სხვა რამ ხარკი, რომელიც იკრიფებოდა იერუსალიმში, მეტად აღარ აიკრიფება.

40. და, თუკი ვინმე თქვენიანი ჩვენს შორის ჩაწერის ღირსი აღმოჩნდება, ჩაიწერება. და იქნება ჩვენს შორის მშვიდობა.

41. ასსამოცდამეათე წელს მოეხსნა წარმართის უღელი ისრაელს.

42. ხალხმა ასე დაიწყო წერა სიგელებში და ხელშეკრულებებში: სიმონის, დიდი მღვდელმთავრის, ერისმთავრისა და იუდაელთა წინამძღოლის პირველ წელსო.

43. იმ დღეებში დაბანაკდა სიმონი გაზარასთან და ალყა შემოარტყა მას, გააკეთა საალყო მანქანა და ქალაქს მიუახლოვდა. შელეწა ერთი გოდოლი და აიღო.

44. გამოცვივდნენ მანქანაში მყოფნი ქალაქისკენ და შეიქნა დიდი მღელვარება ქალაქში.

45. ქალაქელები თავიანთი ცოლ-შვილით კედელზე ავიდნენ, შემოიხიეს ტანისამოსი და ხმამაღლა აყვირდნენ, უხმობდნენ სიმონს, რომ მარჯვენა მიეცა მათთვის.

46. თქვეს: ნუ მოგვაგებ ჩვენ ჩვენს ბოროტებათა წილ, არამედ შენი მოწყალების მიხედვით მოგვექციო.

47. შეიბრალა ისინი სიმონმა და აღარ შეებრძოლა მათ; მაგრამ გამორეკა ისინი ქალაქიდან და გაწმიდა სახლები, რომლებშიც კერპები იყო. ასე შევიდა იქ საგალობლებითა და კურთხევით.

48. განაგდო იქიდან ყოველი უწმიდურება და ჩაასახლა იქ რჯულის მიმდევარი ხალხი, გაამაგრა იგი და იქ აიშენა თავისთვის სამყოფელი.

49. იერუსალიმის ციხეში მყოფებს კი ნებას არ აძლევდნენ, ქვეყნიდან გასულიყვნენ და ქვეყანაში შესულიყვნენ სავაჭროდ; ძალზე შიმშილობდნენ და მათგან ბევრი დაიღუპა შიმშილით.

50. და შეჰღაღადეს სიმონს, რომ მიეცა მათთვის მარჯვენა და მანაც გაუწოდა მარჯვენა. გამოყარა ისინი იქიდან და გაწმიდა ციხე სიბილწეთაგან.

51. ასსამოცდამეთერთმეტე წელს, მეორე თვის ოცდამესამე დღეს, შევიდა იგი ქება-დიდებითა და ბაიის რტოებით, ქნარებითა და წინწილებით და სტვირებით, საგალობლებით და სადიდებლებით, რადგან იძლია დიდი მტერი ისრავლისა.

52. დააწესა, რომ იზეიმონ ეს დღე ყოველ წელიწადს სიხარულით. გაამაგრა ტაძრის ბორცვი ციხის გვერდით და დასახლდა იქ თავის თანამდგომებთან ერთად.

53. დაინახა სიმონმა, რომ დაკაცდა მისი ვაჟი იოანე და ჩააბარა მას მთელი ლაშქრის წინამძღოლობა. და დასახლდა გაზარაში.


თავი მეთოთხმეტე

1. ასსამოცდამეთორმეტე წელს მეფე დემეტრიოსმა შეკრიბა თავისი ჯარები და გაემართა მიდიისკენ, რომ მიეღო დახმარება ტრიფონთან საომრად.

2. შეიტყო სპარსეთისა და მიდიის მეფემ, არსაკემ, რომ შემოვიდა დემეტრიოსი მის მიწა-წყალზე და გაგზავნა ერთი თავის წინამძღოლთაგანი, რომ ცოცხლად შეეპყრათ იგი.

3. გაემართა და დაამარცხა დემეტრიოსის ლაშქარი. დაატყვევა იგი და მიჰგვარა არსაკეს და ჩასვეს საპყრობილეში.

4. დამშვიდდა იუდას ქვეყანა სიმონის სიცოცხლეში. სიკეთეს ცდილობდა თავისი ხალხისთვის და სათნო უჩნდათ მათ მისი ხელმწიფება და დიდება მთელი მისი სიცოცხლე.

5. მთელ თავის დიდებასთან ერთად იაფოც აიღო ნავსადგურად და ზღვის კუნძულებს მისასვლელი შეუქმნა.

6. გააფართოვა თავისი ერის საზღვრები და განაგებდა ქვეყანას.

7. შეკრიბა მრავალი ტყვე და ბატონობდა გაზარაზე, ბეთ-ცურზე და ციხეზე. გააძევა იქიდან უწმიდურობა და აღარავინ იყო მისი წინააღმდგომი.

8. მშვიდობით ამუშავებდნენ თავიანთ მიწას, მიწა იძლეოდა მოსავალს, ხეები კი ბარში - ნაყოფს.

9. მოხუცებულნი ქუჩებში ისხდნენ და ყველანი სიკეთეზე საუბრობდნენ. ჭაბუკები დიდებული და საომარი სამოსელით იმოსებოდნენ.

10. ქალაქებს სარჩოთი ამარაგებდა და სიმაგრეებად აქცია ისინი, და ქვეყნის კიდემდე განითქვა მისი სახელის დიდება.

11. ქვეყნად მშვიდობა დაასადგურა და დიდი სიხარულით გაიხარა ისრაელმა.

15. ყოველი კაცი თავისი ბაბილოს თუ ლეღვის ქვეშ იჯდა და არავინ იყო მათი შემაშინებელი.

13. არავინ დარჩა ქვეყნად მათი მბრძოლი და მეფენიც მოდრეკილიყვნენ იმ ხანებში.

14. გააძლიერა თავისი ხალხის ყველა გლახაკი, რჯულს ეძიებდა და ყველა ურჯულო და უკეთური გადააშენა.

15. დიდებული გახადა სამსხვერპლო და შეჰმატა საწმიდარს სამკაულები.

16. გავრცელდა ხმა რომში და სპარტამდეც, რომ მოკვდა იონათანი, და ძლიერ დამწუხრდნენ.

17. ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ სიმონი, მისი ძმა გამხდარა მის ნაცვლად მღვდელმთავარი, და თავად მართავდა ქვეყანასა და მის ქალაქებს,

18. მისწერეს მას სპილენძის დაფებზე, რომ განეახლებინათ მათთან მეგობრობა და მოკავშირეობა, რომელიც დაამყარეს იუდასთან და იონათანთან, მის ძმებთან.

19. და წაკითხულ იქნა ისინი იერუსალიმის კრებულის წინაშე.

20. აი, ასლი წერილებისა, რომლებიც გაუგზავნეს სპარტელებმა: სპარტის მთავარნი და ქალაქი სიმონს - მღვდელმთავარს, უხუცესებს, მღვდლებსა და მთელს იუდაელთა ხალხს, ძმებს, მოგიკითხავთ.

21. ჩვენს ხალხთან გამოგზავნილმა ელჩებმა გვამცნეს თქვენი დიდებისა და პატივის შესახებ და გავიხარეთ მოტანილი ამბით.

22. მათი ნათქვამები სახალხო საბჭოში ამგვარად ჩავწერეთ: ნუმენიოსი, ძე ანტიოქოსისა, და ანტიპატროსი, ძე იასონისა - იუდაელთა ელჩები მოვიდნენ ჩვენთან მეგობრობის განსაახლებლად.

23. ხალხს სწადდა ამ კაცების პატივით მიღება და მათი სიტყვების ასლის დადება ხალხის გადაშლილ წიგნთა შორის, რომ სახსოვრად ჰქონოდა სპარტელ ხალხს. ეს ასლი კი გაუგზავნეს სიმონ მღვდელმთავარს.

24. ამის შემდეგ გაისტუმრა სიმონმა ნუმენიოსი რომისკენ (თან ჰქონდა დიდი ოქროს ფარი, წონით ათასი მინა), მათთან მოკავშირეობის დასამტკიცებლად.

25. როცა მოიხმინა ხალხმა ეს სიტყვები, თქვეს: როგორ გადავუხადოთ მადლობა სიმონსა და მის ვაჟებს?

26. რადგან გაძლიერდა ის, მისი ძმებიც, და მამამისის სახლი. შეებრძოლენ ისრაელის მტრებს და მიანიჭეს მას თავისუფლება. დაწერეს სპილენძის ფიცრებზე და ჩამოკიდეს სვეტებზე სიონის მთაზე.

27. აი, ამ წერილის ასლი: ელულის თვრამეტში, ასსამოცდამეთორმეტე წელს ანუ სიმონ დიდი მღვდელმთავრის მესამე წელს, ასარამელში,

28. მღვდლების, ხალხის, ერისმთავართა და ქვეყნის უხუცესთა დიდ საკრებულოში ჩვენ გვემცნო:

29. როცა მრავალგზის დაატყდა ომი ქვეყანას მაშინ სიმონმა, მატათია მღვდლის ვაჟმა, იოარიბიანთაგან, და მისმა ძმებმა თავი საფრთხეში ჩაიგდეს და თავიანთი ხალხის მტრებს წინაღუდგნენ თავიანთი საწმიდარისა და რჯულის შესანარჩუნებლად და დიდი დიდებით ასახელეს თავისი ერი.

30. შეკრიბა იონათანმა თავისი ხალხი, გახდა მათი მღვდელმთავარი და თავისი ერისთვის დადო თავი.

31. მოიწადინეს მათმა მტრებმა მათ ქვეყანაში შეჭრა და ხელი აღმართეს მათ სამსხვერპლოზე.

32. მაშინ აღუდგა მათ სიმონი და შეებრძოლა თავისი ხალხის გულისთვის. დახარჯა უამრავი საკუთარი ფული და იარაღით აღჭურვა თავისი ერის ჯარისკაცები, და მისცა მათ ჯამაგირი.

33. გაამაგრა იუდას ქალაქები და ბეთ-ცური, რომელიც იუდას საზღვარზეა, სადაც წინათ მტრების საჭურველი იყო, და დააყენა იქ იუდაელი კაცების ყარაული.

34. იაფო გაამაგრა ზღვის პირას, გაზარა კი - აშდოდის საზღვარზე, სადაც ადრე მტრები სახლობდნენ, და მოამარაგა ყველაფრით, რაც მათი აღორძინებისთვის იყო აუცილებელი.

35. დაინახა ხალხმა სიმონის ერთგულება და ცდა მისი ერისთვის დიდების მოსაპოვებლად. აირჩიეს იგი თავიანთ წინამძღვრად და მღვდელმთავრად ყოველივე იმისთვის, რაც გააკეთა, სამართლიანობისა და ერთგულების გამო თავისი ხალხისადმი, თავისი ერის ამაღლების ყოველმხრივ მცდელობისთვის.

36. მის დროს კეთილად წარიმართა მის ხელში წარმართთა განდევნა ქვეყნიდან, და იმათი, დავითის ქალაქში, იერუსალიმში, რომ იყვნენ ჩასახლებულნი, რომ ააშენეს თავისთვის ციხე, გამოდიოდნენ და ბილწავდნენ არემარეს სამსხვერპლოს გარშემო და დიდ ზიანს აყენებდნენ საწმიდარს.

37. ჩაასახლა იქ იუდაელი კაცები, გაამაგრა ის ქვეყნის და ქალაქის უსაფრთხოებისთვის და აამაღლა იერუსალიმის კედლები.

38. მეფე დემეტრიოსმა ამის გამო მღვდელმთავრის ხარისხში აღაზევა იგი,

39. თავის მეგობრად გაიხადა და დიდი დიდებით განადიდა,

40. რადგან გაიგო, რომ იუდაელნი რომაელების მიერ მეგობრებად, მოკავშირეებად და ძმებად იწოდებიან, და სიმონის ელჩებს პატივით დახვდნენ;

41. და რომ იუდაელებს და მღვდლებს სურთ, სიმონი ჰყავდეთ წინამძღვრად და მღვდელმთავრად სამუდამოდ, ვიდრე სარწმუნო წინასწარმეტყველი აღდგებოდეს;

42. ჰყავდეთ ერისმთავრად და იზრუნოს საწმიდარზე და განაწესოს ხალხი, ყეელა თავის საქმეზე - ქვეყანაზე, იარაღებზე და ციხე-სიმაგრეებზე;

43. რომ იზრუნოს საწმიდარზე, რომ მას უსმენდნენ მრავალნი და ქვეყანაში ყველა საბუთი მის სახელზე იწერებოდეს, რომ შეიმოსოს ძოწეულითა და ოქროს სამკაულებით;

44. არ მიეცეს ნება ერისაგანს ან სამღვდელოს, გააუქმოს რომელიმე ამათგანი, შეეპასუხოს მის ბრძანებებს, მის გარეშე მოიწვიოს ყრილობა ქვეყანაში, ჩაიცვას ძოწეული და ატაროს ოქროს ბალთა.

45. თუკი ვინმე ამათ საწინააღმდეგოს ჩაიდენს, ანდა შეცვლის რაიმეს ამათგან, დამნაშავე იქნება.

46. დათანხმდა მთელი ერი, დამორჩილებოდა სიმონს და ემოქმედა ამ სიტყვების თანახმად.

47. მიიღო სიმონმა და დათანხმდა, გაეწია იუდაელთა და სამღვდელოთა მღვდელმთავრთბა, სარდლობა და ერისმთავრობა - ყოველთა წინამძღვრობა.

48. თქვეს, დაეწერათ ეს ყველაფერი სპილენძის დაფებზე და დაედგათ ისინი საწმიდრის გალავანში, საჩინო ადგილას,

49. ხოლო მისი ასლები საგანძურში დაეწყოთ, რომ ჰქონოდათ ისინი სიმონსა და მის ვაჟებს.


თავი მეთხუთმეტე

1. ანტიოქოსმა, მეფე დემეტრიოსის ძემ, გაუგზავნა წერილები ზღვის კუნძულებიდან სიმონს, იუდაელთა მღვდელსა და ერისმთავარს და მთელ ხალხს.

2. ასეთი იყო მათი შინაარსი:

3. მას შემდეგ, რაც ვიღაც ავისმქნელებმა დაიპყრეს ჩემი მამა-პაპის სამეფო, გადავწყვიტე, ხელახლა დავეუფლო სამეფოს, რათა აღვადგინო ის უწინდელივით, ამიტომ შევკრიბე დიდძალი ლაშქარი და მოვამზადე საომარი ხომალდები.

4. გადაწყვეტილი მაქვს, გავილაშქრო ქვეყანაზე, რომ დავესხა ჩემი ქვეყნის დამაქცევართ და ქალაქთა იავარმყოფელთ ჩემს სამეფოში.

5. ამჟამად გიმტკიცებ შენ მრავალ დათმობებს, რაც კი დაგითმეს შენ ჩემმა წინამორბედმა მეფეებმა, და სხვა გადასახადებიც გეპატიება.

6. ნებას გრთავ, მოჭრა საკუთარი ჭედური ფული შენი ქვეყნისთვის.

7. იერუსალიმი და საწმიდარი თავისუფალია; მთელი იარაღი, რაც დამზადებული გაქვს, და სიმაგრეები, რაც აგებული გაქვს და გიჭირავს, შენვე გეპყრას.

8. ყოველი სამეფო ვალი, ასევე მომავალი სამეფო ვალები აწ და მარადის გეპატიოს.

9. როცა დავეუფლებით ჩვენს სამეფოს, მოგაგებთ დიდ პატივს შენ, შენს ხალხსა და ტაძარს, რომ საჩინო გახდეს თქვენი პატივი მთელს ქვეყანაში.

10. ასსამოცდამეთოთხმეტე წელს გაემართა ანტიოქოსი თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ, თავი მოიყარა მასთან მთელმა ლაშქარმა, ასე რომ, ტრიფონს მცირედნიღა შერჩნენ.

11. მისდია მას ანტიოქოსმა და ლტოლვილი დორს მიადგა, რომელიც ზღვის პირას არის.

12. დაინახა, რომ უკუღმართად შეტრიალდა მისი საქმე და მიატოვეს იგი ჯარებმა.

13. ანტიოქოსიც დორთან დაბანაკდა ასოციათასი ქვეითითა და რვაათასი მხედრით.

14. ალყა შემოარტყა ქალაქს და ხომალდებიც მოიჭრნენ ქალაქთან, ხმელეთიდან და ზღვიდან შეავიწროვა ქალაქი და არ ატარებდა არც გამომსვლელს, არც შემსვლელს.

15. მოვიდა რომიდან ნუმენიოსი თავის თანამდგომებთან ერთად და მოიტანეს წერილები მეფეებისთვის და ქვეყნებისთვის, რომლებშიც შემდეგი ეწერა:

16. ლევკიოსი, რომაელთა კონსული, მეფე პტოლემეოსს მოგიკითხავ.

17. მოვიდნენ ჩვენთან იუდაელთა ელჩები - ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად, გამოგზავნილნი სიმონ მღვდელმთავრისა და იუდაელი ხალხისგან;

18. მოგვართვეს ოქროს ფარი, ათასმნიანი.

19. ახლა გადავწყვიტეთ, მივწეროთ მეფეებსა და ქვეყნებს, რათა არ შეამთხვიონ მათ ბოროტი და არ შეებრძოლონ მათ, მათ ქალაქებს და მათ ქვეყანას, და მათ წინააღმდეგ მეომართაც არ დაეხმარონ.

20. ხოლო ჩვენ ვიფიქრეთ, მივიღოთ ფარი მათგან.

21. თუკი ვინმე ავისმქნელი გამოიქცევა თქვენთან მათი ქვეყნიდან, ჩააბარეთ ის მღვდელმთავარ სიმონს, რათა მათი რჯულით დასაჯოს იგი.

22. ასევე მისწერა მეფე დემეტრიოსს, ატალოსს, არიარათესს და არსაკეს,

23. და ყველა ქვეყანას - სამფსამეს, სპარტელებს, დელოსს, მინდოსს, სიკიონს, კარიასს, სამოსს, პამფილიას, ლიკიას, ჰალიკარნასოსს, როდოსს, ფასელისს, კოსს, სიდეს, არადოსს, გორტინას, კნიდოსს, კვიპროსსა და კირენეს.

24. მათი ასლი კი მღვდელმთავარ სიმონს გაუგზავნეს.

25. მეფე ანტიოქოსი მეორედ დაბანაკდა დორთან; ყოველი მხრიდან შეუტია და მიაყენა მანქანები; მოუსპო ტრიფონს გამოსვლის და შესვლის საშუალება.

26. გაუგზავნა სიმონმა მას ორიათასი რჩეული მეომარი დასახმარებლად, ოქრო-ვერცხლი და საჭირო აღჭურვილობა.

27. მაგრამ არ ისურვა მან მათი მიღება, არამედ უარყო ყოველი, რაზეც წინათ შეუთანხმდა სიმონს, და გაუუცხოვდა მას.

28. გააგზავნა მასთან ათენობიოსი, ერთი თავის მეგობართაგანი, მოსალაპარაკებლად და დააბარა ეთქვა, თქვენ ფლობთ იაფოს, გაზარას და იერუსალიმის ციხეს, ჩემი სამეფოს ქალაქებს.

29. მათი მიწა-წყალი გააუკაცრიელეთ და დიდი ზიანი მოახდინეთ ქვეყანაში, და დაიპყარით ჩემი სამეფოს ბევრი მხარე.

30. ახლა გადმომეცით ქალაქები, რომლებიც გიჭირავთ, და ხარკი მხარეებიდან, რომლებიც დაპყრობილი გაქვთ იუდას საზღვრებს გარეთ.

31. თუ არა და, მათ სანაცვლოდ მომეცით ხუთასი ტალანტი ვერცხლი. ხოლო საზღაური აოხრებისთვის, რაც მოახდინეთ, და სხვა ქალაქების ხარკი - ხუთასი ტალანტი. თუ არა და, მოვალთ და შეგებრძოლებით.

32. შევიდა ათენიბიოსი, მეფის მეგობარი, იერუსალიმში და როცა დაინახა სიმონის დიდება, ოქროს ჭურჭლისა და ვერცხლის ჭურჭლის საგანძური და მისი დიდი მხნეობა, განცვიფრდა და ამცნო მას მეფის სიტყვები.

33. სიმონმა პასუხად მიუგო: არც ქვეყანა წაგვირთმევია უცხოთათვის და არც უცხოებზე გავბატონებულვართ, არამედ ჩვენი მამა-პაპის მემკვიდრეობა გვიჭირავს, რომელიც ერთ დროს ჩვენს მტრებს უსამართლოდ ჰქონდათ დაპყრობილი.

34. ჩვენ კი, როცა დაგვიდგა შესაფერი დრო, დავიხსენით ჩვენი მამა-პაპის სამკვიდრებელი.

35. რაც შეეხება იაფოსა და გაზარას, რომლებსაც ითხოვთ, მათ დიდი ზიანი მოახდინეს ხალხში და ჩვენს ქვეყანაში. მაგათ სანაცვლოდ ას ტალანტს მოგცემთ.

36. ათენობიოსს სიტყვა აღარ უთქვამს მისთვის. მეფესთან კი გულისწყრომით დაბრუნდა და მოახსენა მას სიმონის ნათქვამი, მისი დიდება და ყოველივე, რაც იხილა, და განრისხდა მეფე დიდი რისხვით.

37. ტრიფონი კი ხომალდზე ავიდა და ორთოსიაში გაიქცა.

38. დააყენა მეფემ კენდებეოსი ზღვისპირის სარდლად და ქვეითი ლაშქარი და მხედრობა ჩააბარა.

39. უბრძანა, გალაშქრებულიყო იუდაელთა წინააღმდეგ. დაავალა, აეგო კედრონი, გაემაგრებინა მისი კარიბჭეები და ეომა ხალხთან. თავად მეფე კი ტრიფონს დაედევნა.

40. გაჩნდა კენდებეოსი იამნიაში და დაიწყო ხალხის გამოწვევა საომრად. შეიჭრა იუდაში, ატყვევებდა ხალხს და მუსრს ავლებდა.

41. ააშენა კედრონი და ჩააყენა იქ მხედრობა და ქვეითი ჯარი, რათა იქიდან გამოსულიყვნენ იუდას გზებზე სათარეშთოდ, როგორც უბრძანა მას მეფემ.


თავი მეთექვსმეტე

1. ჩამოვიდა იოანე გაზარადან და მოუთხრო სიმონს, თავის მამას, რაც კენდებეოსმა ჩაიდინა.

2. უხმო სიმონმა თავის ორ ვაჟს, იუდასა და იოანეს, და უხუცესებს და უთხრა მათ: მეც, ჩემი ძმებიცა და მამაჩემის სახლიც ვებრძოდით ისრაელის მტრებს ყმაწვილობიდან დღევანდელ დღემდე და ბევრჯერ კეთილად წარიმართა ჩვენი ხელით ისრაელის ხსნა.

3. ახლა მოვხუცდი, თქვენ კი ღვთის წყალობით სრულ ასაკს მიაღწიეთ. მაშ, გასწიეთ ჩემი და ჩემი ძმის მაგივრობა, წადით და იბრძოლეთ ჩვენი ერისთვის. ზეციდან იყოს თქვენი შეწევნა.

4. აარჩია ქვეყნიდან ოციათასი მეომარი, ქვეითი და მხედარი, და გაემართნენ კენდებეოსის წინააღმდეგ. მოდეინში გაათენეს.

5. დილით ადგნენ და ვაკეზე დაეშვნენ და, აჰა, დიდძალი ლაშქარი მოდის მათ შესახვედრად - ქვეითნი და ცხენოსანნი. მათ შორის კი მდინარე იყო.

6. და დაიძრნენ მათ წინააღმდეგ თვითონ და მისი ხალხი. როცა დაინახა, რომ ხალხს ეშინოდა მდინარეზე გადასვლისა, თავად გადავიდა პირველი. შეხედეს მას მეომრებმა და უკან მიჰყვნენ.

7. დაანაწილა ხალხი და დააყენა მხედრები ქვეითთა შორის. მტრის მხედრობა კი მეტად მრავალრიცხოვანი იყო.

8. ბუკსა ჰკრეს და უკუიქცა კენდებეოსი და მისი ლაშქარი, და დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი. გადარჩენილები კი სიმაგრისაკენ გაიქცნენ.

9. მაშინ დაიჭრა იუდა, იოანეს ძმა. ხოლო იოანე ედევნებოდა მათ, ვიდრე არ მიაღწია კედრონს, რომელიც მან ააშენა.

10. მათ კი თავი შეაფარეს გოდლებს აშდოდის სანახებში, მაგრამ მან გადაწვა ისინი ცეცხლით; მოისრა მათგან ორიათასამდე კაცი და მშვიდობით დაბრუნდა იოანე იუდაში.

11. ხოლო პტოლემეოსი, ძე აბუბოსისა, იერიხონის ვაკეზე იყო სარდლად განწესებული. უამრავი ვერცხლი და ოქრო ჰქონდა,

12. რადგან მღვდელმთავრის სიძე იყო.

13. გადიდგულდა და მოინდომა ქვეყნის დაპყრობა; მზაკვრულად განიზრახავდა სიმონის და მისი ვაჟების დაღუპვას.

14. სიმონი ამ დროს ქვეყანაში ქალაქებს ათვალიერებდა და მათ საქმეებზე ზრუნავდა. ასსამოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთერთმეტე თვეს, რომელიც არის შებატის თვე, გადავიდნენ იერიხონში მატათია და იუდა - მისი ვაჟები.

15. აბუბოსის ძემ ვერაგულად მიიღო ისინი თავის აშენებულ პატარა სიმაგრეში, რომელსაც დოკი ერქვა. გაუმართა მათ დიდი ლხინი, თან კაცები ჰყავდა იქ ჩასაფრებული.

16. როცა სიმონი და მისი ვაჟები დათვრნენ, წამოდგნენ პტოლემეოსი და მასთან მყოფნი, აიღეს იარაღი და ნადიმის დროს თავს დაესხნენ სიმონს და მოკლეს იგი და მისი ორი ვაჟი, და რამდენიმე მისი მსახური.

17. დიდი მზაკვრობა ჩაიდინა და სიკეთის წილ ბოროტი მიუზღო.

18. დაწერა ეს ამბავი პტოლემეოსმა და სთხოვა მეფეს, მოეშველებინა მისთვის ძალები დასახმარებლად და ჩააბარებდა მას მათ ქვეყანასა და ქალაქებს.

19. ზოგიც გაზარაში გაუშვა იოანეს მოსაკლავად. ხოლო ათასისთავებთან წერილები დაგზავნა, წარმდგარიყვნენ მის წინაშე, რათა მიეღოთ მისგან ოქრო-ვერცხლი და საჩუქრები.

20. ზოგნი იერუსალიმის და ტაძრის მთის ასაღებად მიავლინა.

21. ვიღაც ლტოლვილმა აუწყა იოანეს გაზარაში, დაიღუპნენ შენი მამა და მისი ძმები, და შენს მოსაკლავადაც გამოგზავნესო კაცები.

22. ეს რომ მოისმინა, შეშფოთდა მეტად. შეიპყრო მის მოსაკლავად მოსული კაცები და დახოცა, რადგან მიხვდა, რომ მისი დაღუპვა ეწადათ.

23. იოანეს დანარჩენი ამბები, მისი ომები და საგმირო საქმენი, რომლებიც ჩაიდინა, მშენებლობა კედლებისა, რომლებიც აღმართა, და ყოველი მისი ღვაწლი,

24. მისი მღვდელმთავრობის მატიანეშია ჩაწერილი იმ დროიდან, რაც მღვდელმთავრად დადგა მამამისის შემდეგ.