თავი პირველი

1. ხილვა აბდიასი. ასე ბრძანა უფალმა ედომზე: ხმა მოგვწვდა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: აღდექით, გავიდეთ მათთან საბრძოლველად!

2. აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, აბუჩადა ხარ აგდებული!

3. შენმა ზვაობრობამ შეგაცდინა, კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს?

4. არწივივითაც მაღლა რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.

5. ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ღამის ყაჩაღები, ასე არ გაჩანაგდებოდი. მხოლოდ თავის სამყოფს მოიპარავდნენ ისინი. ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ.

6. როგორ გაძარცულა ესავი, როგორ გაუხვეტიათ მისი საგანძურები!

7. საზღვრამდე მიგრეკავენ შენი მოკავშირენი, გიმუხთლებენ და დაგძალავენ შენი მოზავენი, შენს პურზე გამოზრდილნი მახეს დაგიგებენ (გონიერება არ არის მასში).

8. განა ეს იმავე დღეს არ მოხდება, ამბობს უფალი, როცა ბრძენკაცებს მოვსპობ ედომში და გონიერებას ესავის მთაზე?

9. შედრკებიან შენი ვაჟკაცები, თემანო, რადგან ამოვარდება კაცის სახსენებელი ესავის მთაზე ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.

10. იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას. იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები.

11. იმ დღეს, როცა მის წინაშე იდექი, როცა ურჯულოებმა ტყვედ წაასხეს მისი ერი, როცა უცხოთესლი შევიდა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, შენც ერთი იმათგანი იყავი!

12. არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის; არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი დაღუპვის დღეს, ჭირის დღეს არ უნდა გეტრაბახა.

13. არ უნდა შესულიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს, არ უნდა გეცქირა მისი უბედურებისთვის მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გეხლო მისი ქონებისთვის მისი დაღუპვის დღეს.

14. არ მდგარიყავი გზაჯვარედინზე მისი ლტოლვილების გასაწყვეტად, არ გაგეცა მისი ნატამალი ჭირის დღეს.

15. რადგან ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისთვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან, სამაგიერო მოგეზღვება.

16. როგორც თქვენ გისვამთ ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამს ყოველი ხალხი გამუდმებით, შესვამს და ამოხვრეპს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს.

17. სიონის მთაზე მოვა ნატამალი და წმიდა იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს იაკობის სახლი.

18. იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი ალი, ხოლო ესავის სახლი - ნამჯა. მოედება და შთანთქავს მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა.

19. სამხრეთი დაიმკვიდრებს ესავის მთას და ბარი - ფილისტიმელთა ქვეყანას. დაიმკვიდრებენ ეფრემის მხარეს და სამარიის მხარეს, ბენიამინი კი - გალაადს.

20. ისრაელიანთა განთესილი ერი ცარეფთამდე დაიმკვიდრებს ქანაანს, სეფარადში განთესილი იერუსალიმი სამხრეთის ქალაქებს დაიმკვიდრებს.

21. ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსაკითხავად და უფლის იქნება სასუფეველი.