თავი პირველი
1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იოველ ფეთუელის ძის მიმართ:
2. ისმინეთ ეს, უხუცესებო! ყური დაუგდეთ ყველამ, ქვეყნის მკვიდრნო! თუ მომხდარა ეს თქვენს დროს ან თქვენი მამა-პაპის დროს?
3. უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა კი სხვა თაობას:
4. მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა.
5. გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს!
6. რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს.
7. გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები.
8. იტირე ძაძით მოსილი ქალწულივით, სიყრმის ქმარს რომ დასტირის!
9. შეწყდა შესაწირავი და საღვრელი უფლის სახლში; გოდებენ მღვდლები, უფლის მსახურნი.
10. გაჩანაგდა ყანები, გოდებს მიწა, რადგან გაოხრდა ხორბალი, გაშრა ღვინო, გახმა ზეთისხილი.
11. გაწბილდნენ მხვნელები, მოთქვამენ მიწისმუშაკები პურზე და ქერზე, რადგან დაიღუპა სამკალი.
12. გადახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა მინდორში ბროწეული, ფინიკი, ვაშლი და მთელი ხეხილი. ამიტომაც გაუშრა სიხარული ადამის ძეს.
13. შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი.
14. დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ.
15. ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან.
16. განა ჩვენს თვალწინ არ შეწყდა საზრდო და უფლის სახლში - სიხარული და ლხინი!
17. ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები რადგან გადახმა პური.
18. რად კვნესის პირუტყვი, რად ბღავის ნახირი? რადგან აღარ აქვთ საძოვარი, ცხვრის ფარაც შეშფოთებულია.
19. შენ შეგღაღადებ, უფალო, რადგან ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები, ალმა გადაბუგა მინდვრის ხეები.
20. ველის მხეცებიც შენ შემოგყურებენ, რადგან დაიშრიტა წყლის სათავეები და ცეცხლმა გადაჭამა უდაბნოს საძოვრები.
თავი მეორე
1. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დაეცით ყიჟინა ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, ახლოვდება.
2. დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ჯანღიანი! ბინდივით ეფინება მთებს უშტი და უშქარი, ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მომავალ თაობებში.
3. მის წინ ცეცხლი ჭამს, მის უკან ალი ბუგავს; მის წინ მიწა ედემის ბაღივითაა, მის უკან უკაცრიელი უდაბნოა, ვერავინ დააღწევს თავს.
4. ცხენების რემას ჰგვანან და მხედრებივით მიჰქრიან;
5. ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული.
6. მის წინაშე ძრწიან ხალხები, ყველას ფერი მისდის.
7. ფალავნებივით დარბიან, მეომრებივით ადიან გალავანზე და თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდებიან გზაში.
8. ერთმანეთს არ ეხლებიან, თითოეული თავის ბილიკზე მიდის; შუბებზე ეცემიან, მაინც არ იხევენ უკან.
9. ქალაქში ნავარდობენ, გალავანზე დარბიან, სახლებშიჭრებიან, სარკმლებიდან მიძვრებიან ქურდებივით.
10. მიწა ტორტმანებს მათ წინაშე, ცა ირყევა, ბნელდება მზე და მთვარე, ვარსკვლავებს ეკარგებათ შუქი.
11. უფალმა გამოსცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე. რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის ამსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?
12. ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.
13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
14. ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისთვის, თქვენი ღვთისთვის.
15. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა.
16. შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი - სანთიობოდან!
17. ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი?
18. გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს.
19. მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხით ამით; სასირცხოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში.
20. ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს - აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი.
21. ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა.
22. ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს.
23. სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად.
24. აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით.
25. აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ - ჩემმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ.
26. ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის სახელი, რომელიც საკვირველად გექცევათ, და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.
27. მიხვდებით, რომ მე ისრაელის შუაგულში ვარ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და სხვა არავინ არის, და რომ არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.
თავი მესამე
1. ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.
2. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს.
3. გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს.
4. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი.
5. ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის შთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
თავი მეოთხე
1. რადგან იმ დღეებში და იმხანად იქნება, რომ დავაბრუნებ დატყვევებულ იუდას და იერუსალიმს.
2. შევკრებ ყველა ხალხს დააჩავიყვან იოშაფატის ველზე; იქ განვსჯი მათ ჩემი ერის გამო, ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებს შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა.
3. წილი ჰყარეს ჩემს ერზე, ყმაწვილი მეძავზე გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს და სვამდნენ.
4. რა გინდათ ჩემგან, ტვიროსო და ციდონო და ფილისტიმის მხარეებო? სამაგიერო ხომ არ გინდათ მიზღათ? თუ ამას მიპირებთ, ადვილად და მალევე მოვაქცევ თქვენს თავზე თქვენსავე შურისგებას.
5. იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო გაქვთ წაღებული და თქვენს ტაძრებში გაქვთ შეზიდული ჩემი რჩეული განძეული.
6. იონელებს მიყიდეთ იუდასა და იერუსალიმის შვილები, რომ მოგეშორებინათ ისინი თავიანთ საზღვრებს.
7. აჰა, აღვძრავ მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ, და თქვენს თავზე მოვაქცევ თქვენსავე შურისგებას.
8. მივყიდი თქვენს ვაჟებს და ასულებს იუდაელთ და ისინი მიჰყიდიან მათ შებაელებს, შორეულ ხალხს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
9. გამოაცხადეთ ეს ამბავი ხალხებში, განემზადეთ ომისთვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი.
10. სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან - შუბები! უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო!
11. იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! იქ მიავლინე, უფალო, შენი გმირები!
12. გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა.
13. გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება.
14. ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე განგების ველზე.
15. მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი.
16. იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს.
17. მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე, დავანებული; გახდება იერუსალიმი საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი.
18. იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს.
19. გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს: უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში.
20. უკუნისამდე დარჩება იუდა და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი.
21. ავიღებ მათ სისხლს, ჩემგან აუღებელს, და სიონზე დაივანებს უფალი.