თავი პირველი

1. სიტყვები იერემიასი, ხილკიას ძისა, იმ მღვდელთაგან, ყანათოთში რომ იყვნენ, ბენიამინის ქვეყანაში,

2. რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა იუდას მეფის იოშია ამონის ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს.

3. და იუდას მეფის იეჰოიაკიმ იოშიას ძის დროს, და იუდას მეფის ციდკია იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის ბოლოს, იერუსალიმის გადასახლებამდე, მეხუთე თვეს.

4. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

5. ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე.

6. მე ვთქვი: ეჰ, უფალო ღმერთო! მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ბავშვი ვარ.

7. მითხრა უფალმა: ნუ ამბობ, ბავშვი ვარო, რადგან ყველგან წახვალ, სადაც კი მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ.

8. ნუ გეშინია მათი, რადგან შენთან ვიქნები, რომ დაგიფარო. ამბობს უფალი.

9. გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში.

10. იცოდე, დამიდგენიხარ დღეს ხალხებზე და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრიდე. და ანადგურებდე, სპობდე და ამხობდე, აშენებდე და რგავდე.

11. იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ ნათქვამი; რას ხედავ, იერემია? მივუგე: ნუშის რტოს ვხვდავ.

12. მითხრა უფალმა: კარგად ხედავ, რადგან თვალს ვადევნებ ჩემს ნათქვამს, რომ აღსრულდეს იგი.

13. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი მეორეგზის: რას ხედავ? მივუგე: ათუხთუხებულ ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთისკენ მიმართულს.

14. მითხრა უფალმა: ჩრდილოეთიდან დაატყდება თავს უბედურება ქვეყნის ყველა მკვიდრს.

15. რადგან, აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს, ამბობს უფალი, მოვლენ და თითოეული ტახტს დაიდგამს იერუსალიმის კარიბჭეებთან, მის ყველა კედელთან ირგვლივ და იუდას ყველა ქალაქში.

16. გამოვუტან მათ განაჩენს ყველა მათი უკეთურობის გამო, რომ დამივიწყეს, უცხო ღმერთებს რომ უკმევდნენ და თაყვანს სცემდნენ საკუთარ ნახელავს.

17. შენ, კი წელზე სარტყელი შეირტყი, ადექი და ყველაფერი უთხარი მათ, რასაც გიბრძანებ. ნუ გეშინია მათი, არ შევაშინებინებ შენს თავს.

18. აჰა, დამიდგენიხარ დღეს ციხე-ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის ზღუდედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეთა, მის მთავართა და მღვდელთა წინააღმდეგ, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ.

19. შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო.


თავი მეორე

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. წადი და ყურში ჩასძახე იერუსალიმს: ასე ამბობს-თქო უფალი: მე მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და პატარძლური სიყვარული, როცა მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთეს მიწაზე.

3. უფლის სიწმიდეა ისრაელი, მისი მოსავლის ნათავარი; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება, უბედურება დაატყდება თავს, ამბობს უფალი,

4. ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო საგვარეულოვ!

5. ასე ამბობს უფალი: რა ნახა ჩემში ცუდი თქვენმა მამა-პაპამ, რომ განმიდგა, ამაოებას რომ აჰყვა და თავადაც ამაოებაში ჩაეფლო?

6. რომ არც უკითხავს, სად არისო უფალი, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან გვატარა უდაბნოში, შიშველ და დახრამულ მიწაზე, უწყლო და პირქუშ ქვეყანაში, სადაც კაციშვილი არ გაჭაჭანებულა, სადაც ადამიანს არ უცხოვრია?

7. მოგიყვანეთ აყვავებულ მიწაზე, რომ მისი ნაყოფი და დოვლათი გეჭამათ. მოხვედით და შებღალეთ ჩემი მიწა, და ჩამი სამკვიდრო სიბილწედ აქციეთ.

8. არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი? რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ.

9. ამიტომაც კიდევ მექნება თქვენთან დავა, ამბობს უფალი; თქვენს შვილთა შვილებთანაც ვიდავებ.

10. რადგან, აბა, წადით ქითიელთა კუნძულებზე და ნახეთ, გააგზავნეთ კედარში და კარგად გამოიკვლიეთ, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამე.

11. თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!

12. შეძრწუნდი ამის გამო, ცაო, შეშფოთდი და გამოშრი, ამბობს უფალი.

13. რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

14. მონაა ისრაელი თუ სახლისშვილი? აბა, რატომ იქცა ნადავლად?

15. თავს დაღრიალებდნენ ლომები, ხმამაღლა ბდღვინავდნენ, უდაბნოდ უქციეს ქვეყანა; გადამწვარია მისი ქალაქები, გაუკარციელებული.

16. თვით ნოფელებმა და თახფანესელებმაც კი ჩაგიმტვრიეს თავის ქალა.

17. იმის გამო ხომ არ მოიწიე ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, როცა გზად მიჰყავდი?

18. ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? - ნილოსის წყლის დასალევად? რად დასდგომიხარ აშურის გზას? - ევფრატის წყლის დასალევად?

19. ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.

20. როცა დიდიხნის წინათ დავლეწე შენი უღელი, დავწყვიტე შენი აპეურები, შენ თქვი: აღარ გემორჩილებითო. რადგან ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ წვებოდი მეძავივით.

21. მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!

22. ნაცარტუტითაც რომ იხეხო, რამდენი საპონიც არ უნდა იხმარო, შენი შეცოდება მაინც ლაქად და რჩება ჩემს წინაშე, ამბობს უფალი ღმერთი.

23. როგორ ამბობ: არ წამიბილწავს თავი, ბაალებს არ ავკიდებივარო? გაიხსენე შენი საქციელი ველზე, დაფიქრდი, რა გააკეთე, გარეულო დედალო აქლემო, აქეთ-იქით რომ დაჭენაობ?

24. ვინ დააკავებს უდაბნოზე შეჩვეულ კანჯარს, როცა სუნთქვაშეკრული გარბის? ნუ დაშვრებიან მისი მძებნელნი; ერთ თვეშიც ვერ მიაგნებენ.

25. დაინდე შიშველი ფეხები და წყურვილისგან გამომშრალი ყელი! შენ კი ამბობ: არა, ამაოა! რადგან უცხოები მიყვარს და მათ ავეკიდებიო!

26. როგორც ქურდს შერცხვება ხოლმე, როცა წაასწრებენ, ასე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა, მისმა მეფეებმა, მთავრებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა,

27. ხეს რომ ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე. გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო.

28. სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც შენთვის გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი ხსნა გასაჭირში. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდა!

29. რიღასთვის მედავებით? ხომ ყველანი განმიდექით მე, ამბობს უფალი.

30. ამაოდ მიცემია თქვენი შვილები: ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა.

31. ეჰა, მოდგმავ! შეიგონე უფლის სიტყვა! განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან ბნელეთი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფალნი ვართ, შენთან აღარ მოვალთო?

32. როდის ყოფილა, ქალწულს თვისი სამკაული დაევიწყებინოს ან პატარძალს - თვისი მორთულობანი? ჩემმა ერმა კი რა ხანია, დამივიწყა მე.

33. როგორ გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად? ბოროტებანიც კი შეაჩვიე შენს გზებს!

34. შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი. ხომ არ წაგისწრია მათთვის სახლის გამოთხრისას?

35. და მაინც ამბობ: უბრალო ვარ, ამცდება მისი რისხვაო. მაგრამ, აჰა, გაგიმართავ დავას, რაკი ამბობ, არ შემიცოდავსო.

36. რამდენს დაეხეტები და იცვლი გზებს! ეგვიპტისგანაც ისევე შერცხვები, როგორც აშურისგან შერცხვი.

37. მისგანაც გახვალ თავში ხელისცემით, რადგან გაგიცრუებს უფალი იმედებს და ვერაფერს გამორჩები მათ.


თავი მესამე

1. ნათქვამია: თუ ქმარი თავის ცოლს გაუშვებს, ისიც წავა მისგან და სხვა კაცს გაჰყვება, განა უკან დაიბრუნებს ქმარი? ხომ წაიბილწება ეს ქვეყანა? შენ ბოზობდი ბევრ საყვარელთან, მაგრამ დამიბრუნდიო, გეუბნება უფალი.

2. აბა, აჰხედე გორაკებს და მონახე ადგილი, სადაც არ გაუპატიურებულხარ. გზის პირას ეჯექი, მათ, როგორც არაბი უდაბნოში, და ბილწავდი მიწას შენი ბოზობით და სიბოროტით.

3. შეკავდა წვიმები და გაზაფხულის წვიმაც არ მოსულა. მეძავის შუბლი გქონდა, არ გახსოვდა სირცხვილი.

4. წეღან არ იყო, რომ მეძახდი: მამაჩემო, ჩემი სიყმაწვილის წინამძღვარი ხარო.

5. განა სამუდამოდ იმრისხანებს, ბოლომდე ხომ არ ჩაიმარხავსო! აჰა, თქვი და ჩაიდინე ბოროტება, გაბედე.

6. მითხრა უფალმა მეფე იოშიას დროს: ნახე, რა ჩაიდინა განმდგარმა ისრაელმა? დადიოდა ყველა მაღალ გორაკზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ბოზობდა იქ.

7. მე ვთქვი მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს ჩაიდინა: ჩემკენ მოიქეცი-მეთქი! მაგრამ არ მოქცეულა. ხედავდა ამას მისი მოღალატე დაჲ იუდა.

8. დაინახა, რომ გარყვნილების გამო გავუშვი განმდგარი ისრაელი და მივეცი გაყრის წიგნი, მაგრამ არ შეშინებია მოღალატე იუდას, მის დას, და ისიც საბოზაოდ წავიდა.

9. მოხდა ისე, რომ თავისი საქვეყნო ბოზობით წაბილწა ქვეყანა. ბილწობდა ქვასთან და ხესთან.

10. ყოველივე ამის შემდგაც არ მოქცეულა ჩემკენ წრფელი გულით მოღალატე დაჲ იუდა, არამედ მხოლოდ მოჩვენებით, ამბობს უფალი.

11. მითხრა უფალმა: განდგომილი ისრაელი უფრო წრფელი გამოდგა, ვიდრე მოღალატე იუდა.

12. წადი და ჩრდილოეთით გასძახე ეს სიტყვები, ამცნე: მოიქეცი, განდგომილო ისრაელო, ამბობს უფალი. არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, არ ვიმრისხანებ სამუდამოდ.

13. ოღონდ აღიარე დანაშაული, რომ შესცოდე უფალს, შენს ღმერთს, და გზებს მიიკვლევდი უცხო თესლისკენ ყოველი ხემხვივანის ქვეშ, და არ გაიგონეთ ჩემი ხმა, ამბობს უფალი.

14. მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან, და მიგიყვანთ სიონში.

15. დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად.

16. როცა გაბევრდებით და იმრავლებთ ქვეყანაზე, იმ დროს, ამბობს უფალი, აღარ იტყვიან: უფლის აღთქმის კიდობანიო. გულშიაც არ გაივლებენ, არც გაიხსენებენ, არც მოისაკლისებენ, აღარ გაკეთდება.

17. იმხანად უფლის ტახტად იქნება წოდებული იერუსალიმი; მასთან მოიყრის თავს ყველა ხალხი იერუსალიმში უფლის სახელით და აღარ აჰყვებიან ბოროტ გულისთქმას.

18. იმჟამად მივა იუდას სახლი ისრაელის სახლთან და ერთად წავლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან იმ ქვეყნისაკენ, რომელიც თქვენს მამა-პაპას დავუმკვიდრე.

19. ვთქვი: როგორ ჩაგთვალო ჩემს შვილებად და მოგცე სანატრელი ქვეყანა, ხალხთა სამკვიდრო, მშვენიერზე მშვენიერი? ვთქვი: მამას დამიძახებთ და აღარ გაბრუნდებით ჩემგან.

20. ჭეშმარიტად, როგორც ცოლი ღალატობს თავის მეგობარს, ასე მიღალატე შენც, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი.

21. ხმა ისმის შიშველ გორაკებზე, ისრაელიანთა საწყალობელი მოთქმა; რადგან გაიმრუდეს გზა და დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი.

22. მოიქეცით ჩემკენ, გაქცეულო შვილებო! მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, მოვედით შენთან, რადგან შენ უფალი ხარ, ჩვენი ღმერთი.

23. ჭეშმარიტად, სიცრუეა გორაკები და ხალხმრავალი მთები! ჭეშმარიტად უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა!

24. მაგრამ სირცხვილმა შეჭამა ჩვენი მამა-პაპის ნაჭირნახულევი სიყმაწვილის დროიდან - მათი ცხვარი და ძროხა, ვაჟები და ქალიშვილები.

25. ჩვენს სირცხვილში ვწევართ და ჩვენივე შერცხვენა გვახურავს ზედ, რადგან ვცოდავთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა სიყმაწვილიდან დღემდე და არ გვესმის უფლის, ჩვენი ღვთის სიტყვა.


თავი მეოთხე

1. თუ მოიქცევი, ისრაელო, ამბობს უფალი, ჩემკენ მოიქეცი; თუ მომაშორებ შენს სისაძაგლეებს და აღარ იწანწალებ,

2. დაიფიცებ უფლის სახელს ჭეშმარიტებით, სამართლიანად და სიმართლით, ხალხებიც დაილოცებიან და განითქმიან მასში.

3. რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ!

4. წინდაიცვითეთ უფლისათვის და მოიშორეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ აინთოს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აბრიალდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.

5. გააცხადეთ იუდაში და ასმინეთ იერუსალიმშიც, ამცნეთ და დაჰკარით ბუკს ქვეყანაში, იყვირეთ მთელი ძალით და ამცნეთ: შეიკრიბენით და ციხე-ქალაქებში წავიდეთ!

6. აღმართეთ სიონზე დროშა, თავს უშველეთ, ნუ გაჩერდებით, რადგან უბედურებას მოვაწევ ჩრდილოეთიდან და დიდ გასაჭირს!

7. გამოვარდა ლომი თავისი შამბნარიდან და დაიძრა ხალხთა დამღუპველი; გამოდის თავისი სადგომიდან, რათა უდაბნოდ აქციოს შენი ქვეყანა. შენი ქალაქები გაცამტერდება და გაუკაცრიელდება.

8. აბა, შეირტყით ჯვალო, იგლოვდეთ და მოთქვამდეთ, რადგან ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან უფლის რისხვის ალი.

9. დადგება დღე, ამბობს უფალი, და გული შეუდრკებათ მეფეს და მთავრებს, შეძრწუნდებიან მღვდლები, გაოგნდებიან წინასწარმეტყველნი.

10. ვთქვი; ეჰა, უფალო ღმერთო! ნამდვილად მოგიტყუებია ეს ერი და იერუსალიმი, რომ ეუბნებოდი: მშვიდობა იქნებაო თქვენში, მაგრამ ყელზეა მობჯენილი მახვილი.

11. იმჟამად ეტყვიან ამ ერს და იერუსალიმს: მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხმელგორებიდან, ჩემი ერის ასულის გზაზე, არც სანიავებლად და არგ გადასარჩევად.

12. ამაზე უფრო ძლიერი ქარი ატყდება ჩემგან და მაშინ მეც გამოვუცხადებ განაჩენს.

13. აჰა, ღრუბელივით ამოდის იგი, ქარბორბალაა მისი ეტლები, არწივზე უსწრაფესია მისი ცხენები. ვაი ჩვენს თავს, გავნადგურდით!

14. გულიდან ამოირეცხე ბოროტება, იერუსალიმო, რომ გადარჩე! როდემდის უნდა იბუდოს შენს წიაღში უკეთურმა ზრახვებმა?

15. რადგან ხმა მოდის დანიდან და ავის მთხრობელი ეფრემის მთიდან!

16. გამოუცხადეთ ხალხებს, ხმა მიიტანეთ იერუსალიმამდე: მტერი მოდის შორი ქვეყნიდან და ყიჟინით აყრუებს იუდას ქალაქებს.

17. მეველეებივით გარს უვლიან, რადგან ამიჯანყდა მე, ამბობს უფალი.

18. შენმა საქციელმა და ნამოქმედარმა დაგმართა ეს ყველაფერი; ისე მწარეა ეს შენი ცოდვა, რომ გულამდე გიწია.

19. ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.

20. უბედურება უბედურებას მოსდევს; გაპარტახდა მთელი ქვეყანა, უცებ გაპარტახდა ჩემი კარვები, წამისყოფაში - ჩემი ჩარდახები.

21. როდემდის უნდა ვუყურო დროშას, ვუსმინო ბუკის ხმას?

22. ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.

23. შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.

24. შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.

25. შევხედე და, აჰა, აღარ არის ადამიანი, და ცის ფრინველებიც ყველანი გაფრენილან.

26. შევხედე და, აჰა, წალკოტი უდაბნოდ ქცეულა, ერთიანად გაცამტვერებულა ქალაქები უფლის წინაშე, მისი რისხვის ალისაგან.

27. რადგან ასე ამბობს უფალი: გაუდაბურდება მთელი ქვეყანა, თუმცა საბოლოოდ არ გავანადგურებ.

28. ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი, არ შევინანებ და არ გადავთქვამ.

29. ცხენოსანთა და მოისართა ხმას გაურბის მთელი ქალაქი; გარბიან უღრან ტყეებში და კლდეებს ეხიზნებიან; დაცარიელდა მთელი ქალაქი, ერთი მცხოვრებიც არ დარჩენილა.

30. რას იზამ, გაპარტახებულო? თუმცა ჩაგიცვამს ძოწეული, ოქროს სამკაულებით მორთულხარ, თვალები სურმით მოგიხატავს, მაგრამ ამაოდ ილამაზებ თავს: შეგიძულეს საყვარლებმა, სასიკვდილოდ დაგდევენ.

31. ყვირილი მესმის თითქოსდა მშობიარისა, კივილი ქალისა პირველად რომ შობს, ყვირილი სიონის ასულისა; სულთქვამს და ხელებს იშვერს: ვაიმე, სული ამომდის მკვლელების მოლოდინში!


თავი მეხუთე

1. მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები, მიათვალ-მოათვალიერეთ და ეძებეთ მის მოედნებზე. აბა, თუ იპოვნით სამართლიან კაცს, ჭეშმარიტების მძებნელს! მაშინ მივუტევებდი იერუსალიმს.

2. თუმცა ცოცხალ არს უფალიო, ამბობენ, მაგრამ ცრუდ იფიცავენ.

3. უფალო, განა ჭეშმარიტებისკენ არ არის მიქცეული შენი თვალები? სცემ მათ, მაგრამ არ სტკივათ; ანადგურებ მათ, მაგრამ ჭკუას არ სწავლობენ. კლდესავით გაიმაგრეს სახე, არ სურთ მოქცევა.

4. ვიფიქრე, ბეჩავნი არიან ისინი, უგუნურნი-მეთქი; არ იციან უფლის გზა, თავიანთი ღვთის სამართალი.

5. წავალ წარჩინებულებთან და დაველაპარაკები-მეთქი, მათ ეცოდინებათ უფლის გზა, თავიანთი ღვთის სამართალი, მაგრამ მათაც დაულეწიათ უღელი და დაუყწყვეტიათ აპეურები.

6. ამიტომაც დაგლეჯს მათ მაღნარის ლომი, უდაბნოს მგელი გააჩანაგებს მათ; ვეფხვი დაუდარაჯდება მათ ქალაქებს; ყოველი გარეთ გამსვლელი დაიგლიჯება, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები, გახშირდა მათი განდგომილებანი.

7. როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.

8. ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ.

9. როგორ დავტოვო დაუსჯელნი, ამბობს უფალი, ასეთ სალხს როგორ არ მიაგოს სამაგიერო ჩემმა სულმა?

10. დაუარეთ მის ვაზებს და გაანადგურეთ, მაგრამ საბოლოოდ არ მოსპოთ; ტოტები შეაჭერით, რადგან უფლის არ არიან ისინი.

11. რადგან ღალატით მიღალატეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა, ამბობს უფალი.

12. უარჰყვეს უფალი და თქვეს: აღარ არის იგი და უბედურებაც არ გვეწევაო, არც მახვილს, არც შიმშილს არ ვიხილავთო.

13. წინასწარმეტყველნი ქარით არიან სავსენიო, სიტყვა არ არისო მათში. ასემც დაემართოთ მათ!

14. ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: იმის გამო, რომ ამ სიტყვებს ამბობთ, აჰა, ცეცხლივით ჩაგიდებთ ბაგეებში ჩემს სიტყვას. ეს ხალხი შეშა იქნება და ცეცხლი შთანთქავს მათ.

15. აჰა, მოგისევ ხალხს შორიდან, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, მაგარ ხალხს, ძველისძველ ხალხს, ხალხს, რომლის ენა არ გეცოდინება და ვერ გაიგეს, რას ლაპარაკობს.

16. ღია სამარეა მისი კაპარჭი, ძლიერი ვაჟკაცები არიან ყველანი.

17. გადაჭამს შენს მოსავალს და შენს პურს, შეჭამს შენს ვაჟებს და ასულებს, შეჭამს შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამს შენს ყურძენს და ლეღვს, მახვილით დააქცევს შენს ციხე-ქალაქებს, რომელთა იმედი გაქვს.

18. იმხანადაც კი, ამბობს უფალი, არ მოგსპობო საბოლოოდ.

19. როცა იკითხავენ: რის სანაცვლოდ დაგვმართა ეს ყველაფერი უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო, მიუგე: როგორც მე მიმატოვეთ და ემორჩილებოდით უცხო ღმერთებს თქვენს საკუთარ ქკეყანაში, ასევე დაემორჩილებით უცხო ღმერთებს იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენი არ იქნება.

20. გამოაცხადეთ ეს იაკობის სახლში და მოასმენინეთ იუდაში:

21. ისმინე ეს, ბრიყვო და უგულო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერაფერს ხედავს, ყური ასხია და არაფერი ესმის!

22. არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან.

23. ამ ხალხს კი მოუთოკავთ და შეუპოვარი გულთ აქვს; განდგნენ და წავიდნენ,

24. არ თქვეს გულში: გვეშინოდესო უფლის, ჩვენი ღვთისა, რომელიც დროულად გვაძლევს წვიმას - შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმას, თავ-თავის დროზე, და გვინახავს სამკალად დადგენილ შვიდეულებს.

25. თქვენმა უკუღმართობამ გაამრუდა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა მოგაკლოთ სიკეთე.

26. რადგან იპოვებიან ჩემს ერში ბოროტეულნი, რომელნიც ჩასაფრებულან ფრინველთმჭერებივით, დაუდგამთ ხაფანგები და ადამიანებს იჭერენ.

27. როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ასევე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ასე გალაღდნენ ისინი და გამდიდრდნენ.

28. გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ.

29. როგორ არ მოვთხოვო პასუხი ამათ გამო? ამბობს უფალი, როგორ არ მიაგოს ასეთ ხალხს სამაგიერო ჩემმა სულმა?

30. საშინელი და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქვეყანაში.

31. ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?


თავი მეექვსე

1. თავს უშველეთ, ბენიამინის ძენო, იერუსალიმიდან, ბუკი დააყვირეთ თეკოაყში და მოეცით ნიშანი ბეთ-ჰაქერემს, რადგან ჩრდილოეთიდან გამოჩნდა ბოროტება და დიდი უბედურება.

2. ლამაზს და განაზებულს, მოვსპობ სიონის ასულს.

3. მასთან მივლენ მწყემსები ჯოგებითურთ, კარვებს დასცემენ მის გარშემო, თავ-თავიანთ ნაკვეთებში დამწყესავენ.

4. განემზადეთ საბრძოლველად მის წინააღმდეგ, აღდექით და დავიძრათ შუადღისას! მაგრამ ვაი ჩვენს თავს, იწურება დღე, დაგრძელდა საღამოს ჩრდილები.

5. აღდექით და დავიძრათ ღამით, გავანადგუროთ მათი დარბაზები!

6. რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი; გაჩეხეთ ხე და დაახვავეთ იერუსალიმის ირგვლივ. უნდა დაისაჯოს ეს ქალაქი! სავსეა ძალადობით.

7. როგორც ჭაში გროვდება წყალი, ასე დაგროვდა მასში ბოროტება. ძალადობა და ძარცვა ისმის იქ, სნეულება და ჭრილობებია ჩემს წინაშე მუდამ.

8. ფრთხილად იყავი, იერუსალიმო, არ მიგატოვოს ჩემმა სულმა, არ გადაგაქციოთ უდაბნოდ, უკაცრიელ ქვეყანად!

9. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, მოიმცვრიონ ვენახივით ისრაელის ნატამალი! გაიწოდე ხელი, როგორც ყურძნის მკრეფავი იწვდის გოდრებისკენ!

10. ვის ველაპარაკო და დავიმოწმო, რომ მისმინოს? აჰა, დაუცვეთელი ყურები აქვთ და არ შეუძლიათ ყურის გდება. აჰა, საცინლად აუგდიათ უფლის სიტყვა, აღარ მოსწონთ.

11. ავსებული ვარ უფლის რისხვით, მეტის ატანა აღარ შემიძლია. გადმოანთხიე ქუჩაში ბავშვებზე და ჭაბუკთა გუნდზე. რადგან ქმარს ცოლითურთ შეიპყრობენ და ჭარმაგს ხანდაზმულთან ერთად.

12. სხვებს გადაეცემა მათი სახლები, ყანები და ცოლები, როცა ხელს შევმართავ ამ ქვეყნის მკვიდრებზე, ამბობს უფალი.

13. რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი.

14. ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა.

15. განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.

16. ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო.

17. მცველნი დაგიყენეთ და გითხარით: ბუკის ხმას უგდეთ-მეთქი ყური. მათ კი თქვეს: არ დავუგდებთო ყურს.

18. ამიტომაც ისმინეთ, ხალხებო! იცოდე, მოწმევ, რა მოუვა მათ.

19. ისმინე, მიწავ! აჰა, ბოროტებას მოვაწევ ამ ხალხზე, მათი განზრახვების ნაყოფს. რადგან ყურს არ უგდებენ ჩემს სიტყვებს და ჩემს რჯულს, და შეიძულეს.

20. რად მინდა საბადან მოტანილი საკმეველი და შორეული ქვეყნის ტკბილი ლერწამი? თქვენი აღსავლენი აღარ მეამება, თქვენი მსხვერპლი აღარ მეტკბობა.

21. ამიტომაც ასე ამბობს უფალი; აჰა, საბრკოლს დავუდებ წინ ჩემს ერს და წაიფორხილებენ მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, და დაიღუპებიან.

22. ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვა ერი ჩრდილო ქვეყნიდან, დიდძალი ხალხი აღდგება ქვეყნის კიდეებიდან.

23. ისარი და ჰოროლი უჭირავთ ხელში, სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; ზღვასავით ბობოქრობს მათი ხმა; ცხენებზე ამხედრებულან, როგორც ერთი კაცი; გამზადებულან შენს წინააღმდეგ საბრძოლველად, სიონის ასულო!

24. გვესმა მათი ამბავი და მოგვიდუნდა ხელები; შეგვიპყრო სატანჯველმა, როგორც მშობიარის ტკივილმა.

25. ნუ გახვალთ ველად, გზას ნუ დაადგებით, რადგან მტრის მახვილი შიშის ზარს სცემს ირგვლივ!

26. ჩემი ერის ასულო! შეირტყი ჯვალო და ნაცარი დაიყარე თავზე, გამართე გოდება მხოლოდშობილზე, მწარე გლოვა, რადგან ანაზდეულად დაგვეცემა შემმუსვრელი.

27. გამომკვლევად დაგადგინე ჩემს ერში და გამომცდელად, რომ ამოწმებდე და იკვლევდე მათ გზებს.

28. ყველანი ჯანყისთავები არიან, ამბის მიმტანნი, სპილენძი და რკინა, ყველანი წარმწყმედელნი არიან.

29. ქშინავს საბერველი, ტყვია მთლიანად შთაინთქა ცეცხლში, მაგრამ ამაოდ გადაიდნო, რადგან ბოროტეულნი არ განცალკევებულან.

30. დაწუნებულ ვერცხლს დაარქმევენ მათ, რადგან დაიწუნა ისინი უფალმა.


თავი მეშვიდე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან თქმული:

2. დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა, თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანისსაცემად.

3. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცედ დაგასახლოთ ამ ადგილზე.

4. ნუ დაენდობით ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ: უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ!

5. თუ გამოისწორებთ ზნესა და საქციელს, თუ სამართლიანად მოექცევით ერთმანეთს,

6. არ შეავიწროვებთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე, არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენდა საზიანოდ,

7. მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას უკუნითი უკუნისამდე.

8. თქვენ კი დანდობილხართ ცრუ სიტყვებს, რომელთაც სარგებლობა არ მოაქვს.

9. ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით,

10. მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, და ამბობთ; გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ ყველა ეს სისაძაგლე.

11. ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი.

12. აბა, წადით ჩემს ადგილზე, სილოამში, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ერის, ისრაელის, უკეთურების გამო.

13. ახლა, რაკი ყველაფერს ამას სჩადიხართ, ამბობს უფალი, არ გესმით, რასაც დილიდან გელაპარაკებით, გეძახით და პასუხს არ მაგონებთ,

14. რაც სილოამს დავმართე, იმასვე დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება რიშელსაც ესავთ, და ამ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.

15. მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა შენი ძმა, ეფრემის მთელი მოდგმა მოვისროლე.

16. შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისთეის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ.

17. განა ვერ ხედავ, რას სჩადიან იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში?

18. შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად.

19. განა მე მაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არცხვენენ.

20. ამიტომაც, ასე თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე, აბრიალდება და არ ჩაქრება.

21. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მიუმატეთ აღსავლენი სხვა საკლავს და ჭამეთ ხორცი.

22. რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.

23. მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.

24. არ გამიგონეს, ყური არ მათხოვეს, აჰყვნენ თავიანთ ზრახვებსა და ბოროტ გულისთქმას; უკან წავიდნენ და არა წინ.

25. იმ დღიდან, რაც თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს.

26. მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ.

27. ეტყვი მათ ყველა ამ სიტყვას, მაგრამ არ მოგისმენენ; დაუძახებ და არ გაგაგონებენ.

28. უთხარი მათ: ეს არის ხალხი, რომელსაც უფლის, თავისი ღვთის ხმა არ ეყურება და ჭკუას არ სწავლობს. სიწრფელე გაქრა, წაერთვა მათ ბაგეებს.

29. თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა.

30. რადგან ბოროტებას სჩადიან იუდაელნი ჩემს თვალში, ამბობს უფალი; თავიანთი სიბილწეები შეიტანეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაბილწონ.

31. ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია.

32. ამიტომაც დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰიმონის ველი, არამედ სასაკლაო ველი, თოფეთში დამარხავენ მკვდრებს უადგილობის გამო.

33. ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და ველის მხეცთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ იქნება მომგერიებელი.

34. გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.


თავი მერვე

1. იმხანად, ამბობს უფალი, ამოყრიან იუდას მეფეთა ძვლებს, მის მათავართა ძვლებს, მღვდელთა ძვლებს, წინასწარმეტყველთა ძვლებს და იერუსალიმის მკვიდრთა ძვლებს მათი საფლავებიდან;

2. და მიმოფანტავენ მზის, მთვარისა და ცის ვარსკვლავების წიჩაშე, რომლებიც უყვარდათ მათ, რომელთაც ემსახურებოდნენ, რომელთაც მისდევდნენ, რომელთაც ეკითხებოდნენ, რომელთაც თაყვანისცემდნენ. აღარ შეკრებენ და არ დამარხავენ; ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.

3. სიკვდილი სიცოცხლეზე უმჯობესი იქნება ყველა დანარჩომისთვის, ვინც კი დარჩება ამ ბოროტი მოდგმიდან ყოველ ადგილზე, სადაც კი გამიფანტავს ისინი, ამბობს ცაბაოთ უფალი.

4. ეტყვი მათ: ასე ამბობს უფალი: განა ვინც დაცემულა, არ ამდგარა ან ვინც გაბრუნებულა, არ მობრუნებულა?

5. რატომ განდგა ეს ხალხი, იერუსალიმო, სამუდამო განდგომით? სიცრუეს ებღაუჭებიან და აღარ უნდათ მობრუნება.

6. ყური მივუგდე და ვუსმენდი, მაგრამ მართალს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ავკაცობას, ეს რა ჩავიდინეო. ყველა თავის სარბიელზე გარბის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.

7. ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება.

8. როგორ ამბობთ: ბრძენები ვართ, რადგან უფლის რჯულიაო ჩვენთან? კეთილი. აჰა, სიცრუედ უქცევია იგი მწიგნობართა ცრუ კალამს!

9. თავი შეირცხვინეს ბრძენკაცებმა, დაიბნენ და გაიხლართნენ, აჰა, უარყვეს უფლის სიტყვები და რაღა სიბრძნე აქვთ?

10. ამიტომ მათი ცოლები სხვებს უნდა მივცე, მათი ყანები - ახალ პატრონებს, რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელია.

11. ზერელედ მკურნალობენ ჩემი ასულის, ჩემი ერის, ჭრილობებს და გაჰყვირიან: მშვიდობა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა.

12. განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.

13. პირწმიდად გავცლი მათ, ამბობს უფალი, ერთა მტევანიც არ შერჩება ვაზს და ლეღვი - ლეღვისხეს; დაჭკნება ფოთოლი და, რაც მივეცი მათ, ხელიდან წაუვათ.

14. რას ვუსხედვართ? თავი მოიყარეთ და წავიდეთ ციხე-ქალაქებში, რათა იქ დავიღუპოთ, რადგან უფალმა, ჩვენმა ღმერთმა გაგვწირა დასაღუპად; მოწამლული წყალი შეგვასვა, უფალს რომ შევცოდეთ.

15. ველით მშვიდობას, არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს - და, აჰა, საშინელება!

16. დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი.

17. აჰა, მოგისევთ მოუნუსხავ უნასებს და დაგგესლავენ, ამბობს უფალი.

18. დამძალა ვარამმა, გული შემიღონა.

19. აჰა, მოთქვამს ჩემი ასული, ჩემი ერი, შორი ქვეყნიდან: ნუთუ აღარ არის უფალი სიონში? ნუთუ აღარ არის იქ მისი მეუფე? რატომ გამაჯავრეს თავიანთი კერპებით, უცხოთა ამაოებებით?

20. მკის დრო გავიდა, გასრულდა ზაფხული, ჩვენთვის კი არ მოსულა ხსნა!

21. ჩემი ასულის, ჩემი ერის უბედურებამ გამაუბედურა, დავნაღვლიანდი, შიშმა შემიპყრო.

22. ნუთუ აღარ არის ბალსამონი გალაადში? ნუთუ აღარ არის იქ მკურნალი? რატომ არ უხორცდება ჭრილობა ჩემს ასულს, ჩემს ერს?

23. ოჰ, ნეტავ თავი წყლად მექცეს და თვალები - ცრემლის წყაროდ! დღე და ღამ ვიტირებდი ჩემს დახოცილებს!


თავი მეცხრე

1. ნეტავი მქონდეს მოგზაურთა სადგური უდაბნოში! მივატოვებდი ჩემს ერს და გავშორდებოდი, რადგან ყველანი გარყვნილები არიან და მზაკვართა ხროვა!

2. მშვილდივით მოუზიდავთ ენები, სიცრუე და არა სიმართლე ბატონობს ქვეყანაზე, ბოროტებიდან ბოროტებისკენ მიდიან და მე არ მცნობენ, ამბობს უფალი.

3. უფრთხილდით ერთმანეთს, ძმასაც ნუ ენდობით, რადგან ფეხს უდებენ ერთმანეთს ძმები და ცილს სწამებენ ერთმანეთს მეგობრები.

4. ერთმანეთს დასცინიან! სიმართლეს არ ლაპარაკობვნ; ენას ტყუილის თქმა ასწავლეს, დაიქანცნენ თვალთმაქცობით.

5. სიცრუეში გიდგას ბინა; სიცრუე უშლის მათ ჩემს შეცნობას, ამბობს უფალი.

6. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, გადავადნობ მათ და გამოვცდი, რადგან სხვაგვარად როგორ მოვიქცე ჩემი ერის ასულისთვის?

7. წამახული ისარია მათი ენა, სიცრუეს ლაპარაკობს ბაგეებით, თავის მოყვასს მშვიდობას ეუბნება, გულში კი მახეს უგებს.

8. როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით.

9. მთების გამო ავტეხავ ტირილსა და მოთქმას, უდაბნოს ქოხების გამოგლოვას, რადგან გადაიბუგენ და აღარავინ შეივლის იქ. აღარ ისმის საქონლის ხმა, ცის ფრინველიდან პირუტყვამდე ყველანი გადაიკარგნენ, წავიდნენ.

10. ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.

11. სად არის ბრძენი, რომ ამას მიხვდეს? ვისაც უფალი თავისი პირით დალაპარაკებია, ვისაც შეუძლია ამცნოს, რომ დაღუპა ეს ქვეყანა, რამ გადაბუგა უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს.

12. ამბობს უფალი: ეს იმის გამოა, რომ მიატოვეს ჩემი რჯული, რომელიც მათ მივეცი, არ გაიგონეს ჩემი ხმა და არ გაჰყვნენ მას.

13. აჰყვნენ თავიანთ გულისთქმას და ბაალებს, რომლებსაც მიაჩვია ისინი მათმა მამა-პაბამ.

14. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს,

15. გავფანტავ ხალხებში, რომლებიც არასოდეს გაუგიათ არც მათ და არც მათ მამა-პაპას; მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე საბოლოოდ არ მოვსპობ.

16. ასე ამბობს ცაბათათ უფალი: მოუხმეთ მოტირლებს, აქ მოვიდნენ. გაგზავნეთ დახელოვნებული ქალების მოსაყვანად, აქ მოვიდნენ.

17. იჩქარონ და გამართონ ჩვენზე გლოვა, რომ თვალებიდან ცრემლები გადმოგვცვივდეს, წყალმა იდინოს წამწამებიდან.

18. რომ გლოვის ხმა ისმოდეს სიონიდან: როგორ გავნადგურდით! როგორ შევრცხვით, რომ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანა და დავაგდეთ ჩვენი სახლ-კარი!

19. აბა, ისმინეთ, ქალებო, უფლის სიტყვა! მიიღოს თქვენმა ყურმა მისი ბაგის წარმონათქვამი! ასწავლეთ თქვენს ასულებს გლოვა და ერთმანეთს - გოდება.

20. რადგან სარკმელებით შემოგვივიდა სიკვდილი, შემოდის დარბაზებში, რომ გაგვიწყვიტოს ბავშვები ქუჩებში და ჭაბუკები მოედნებზე.

21. თქვი, ასე ამბობს უფალი: გადაყრიან ადამიანთა გვამებს როგორც ნეხვს ყანაში; როგორც ძნებს მომკალის უკან და არავინ იქნება შემგროვებელი.

22. ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.

23. თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.

24. აჰა, მოვა დროება, ამბობს უფალი, როცა დავსჯი ყველა წინდაცვეთილს წინდაუცვეთელთან ერთად -

25. ეგვიპტეს, იუდას, ედომს, ყამონიანებს, მოაბს და ყველას, საფეთქელთან თმას რომ იპარსავენ, უდაბნოს მკვიდრთ, რადგან ყველა ეს ხალხი წინდაუცვეთელია, ხოლო მთელი ისრაელის სახლი გულით არის დაუცვეთელი.


თავი მეათე

1. ისმინე სიტყვა, რაც შენზე თქვა უფალმა, ისრაელის სახლო!

2. ასე თქვა უფალმა: ნუ გადაიღებთ სხვა ხალხთა ზნეს, ნუ შეგეშინდებათ ციური ნიშნებისა, როგორც სხვა ხალხებს ეშინიათ.

3. რადგან ადამიანთა კერპები არარაობაა, მხოლოდ ტყეში მოჭრილი ხეა იგი, დურგლის ნახელავი.

4. ვერცხლითა და ოქროთი დაფერილი, და ლურსმანჩაქუჩით დამაგრებული, რომ არ ირყეოდეს.

5. ბოსტანში დადგმულ საფრთხობელასავით არიან, არ ლაპარაკობენ; ხელით დაატარებენ, რადგან სიარული არ შეუძლიათ. ნუ უფრთხით მათ, რადგან არც ბოროტება მოაქვთ, არც სიკეთე.

6. არავინ არის შენი მსგავსი, უფალო! დიდი ხარ, დიდია სიძლიერით შენი სახელი.

7. ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს, რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში.

8. ყველანი შეიშალნენ, გამოტვინდნენ, ხის კერპია მათი ჭკუისმასწავლებელი,

9. თარშიშის ვერცხლით და უფაზის ოქროთი მოჭედილი, დურგლის ნახელავი, გამომდნობელის ხელიდან გამოსული; ლურჯი და მეწამული სამოსელი მოსავთ, ოსგატთა ხელით დამზადებული.

10. უფალი კი ჭეშმარიტი ღმერთია, ის არის ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფე. მისი რისხვისაგან ირყევა მიწა, ვერ უძლებენ მის წყრომას ხალხები.

11. ასე უთხარი მათ: ღმერთი, რომელსაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა, აღიგვება ქვეყნიდან და ამ ცისქვეშეთიდან.

12. ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით,

13. მის ხმაზე ხმაურობს წყლები ცაში, ის კრებს ღრუბლებს ქვეყნის კიდეებიდან, ის წარმოშობს საწვიმრად ჭექა-ქუხილს, აგზავნის ქარს თავისი საგანძურებიდან.

14. ცოდნისგან გაბრიყვდა ადამიანი, თავს ირცხვენს მდნობელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი ქანდაკი, სული არ უდგას.

15. არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს.

16. ასეთი არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ნასახია ყველაფერი და ისრაელი მისი სამკვიდროს შტოა. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.

17. აკრიფე მიწიდან შენი ბარგი, ციხე-ქალაქში მცხოვრებო!

18. რადგან ასე თქვა უფალმა: აჰა, შურდულივით მოვისვრი ამჯერად ქვეყნის მცხოვრებლებს; შევაჭირვებ მათ, რომ მიპოვონ.

19. ვაი, უბედურო თავო, უკურნებელო წყლულო! ვფიქრობდი, გადავიტანდი ამ სნეულებას.

20. დაცარიელდა ჩემი კარავი, დაწყვეტილია ყველა თოკი, შვილები წამივიდნენ; აღარავინ მყავს კარვის გამშლელი და ფარდების გამჭიმავი.

21. რადგან შეიშალნენ მწყემსები და აღარ ეკითხებიან უფალს, ამიტომაც უჭკუოდ იქცევიან და მთელი სამწყსო დაეფანტათ.

22. აჰა, ხმა მოდის და მიწა იძვრის ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ და ტურების ბუნაგად აქციოს იუდას ქალაქები.

23. ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს.

24. დამსაჯე, უფალო, ოღონდ სიმართლით და არა რისხვით, რომ არარაობად არ მაქციო.

25. გადმოანთხიე შენი რისხვა ხალხებზე, რომლებიც არ გცნობენ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს, რადგან მათ შეჭამეს იაკობი, შეჭამეს იგი, ბოლო მოუღეს მას და გააპარტახეს მისი სადგომები.


თავი მეთერთმეტე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:

2. ისმინე ამ აღთქმის სიტყვები და გამოუცხადე იუდას ხალხს და იერუსალიმს.

3. უთხარი მათ, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეული იყოს კაცი, ვინც არ გაიგონებს ამ აღთქმის სიტყვებს,

4. რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, რკინის ქურიდან, და ვუთხარი: გაიგონეთ ჩემი ხმა და ყველაფერი შეასრულეთ, რასაც გიბრძანებთ, მაშინ იქნებით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები.

5. რათა შესრულდეს ფიცი, რომელიც დავუდევი თქვენს მამა-პაპას, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, რძითა და თაფლით მდინარს, როგორც დღეს არის.

6. მითხრა უფალმა: გამოაცხადე ეს სიტყვები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, უთხარი: გაიგონეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ ისინი.

7. რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამა-პაპას, როცა გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, და დღემდეც განუწყვეტლივ გაფრთხილებთ: გაიგონეთ ჩემი ხმა!

8. მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ მომაპყრეს, ყველა თავის ბოროტ გულისთქმას აჰყვა, და მეც მოვაწიე მათზე სიტყვები ამ აღთქმისა, რომლის შესრულება ვუბრძანე მათ და არ შეასრულეს.

9. მითხრა უფალმა: შეთქმულნი არიან იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი.

10. კვლავ მიუბრუნდნენ უკეთურებებს მათი მამა-პაპისა, რომელთაც არ სურდათ ჩემი სიტყვების გაგონება; წაჰყვნენ სხვა ღმერთებს თაყვანისსაცემად. დაარღვიეს ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა ჩემი აღთქმა, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას.

11. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, დავატეხ მათ გასაჭირს, რომელსაც თავს ვერ დააღწევენ; შემომღაღადებენ, მაგრამ არ მოვუსმენ.

12. წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მკვიდრნი და შეჰღაღადებენ ღმერთს, რომელთაც უკმევენ, მაგრამ ისინი ვერ იხსნიან მათ გასაჭირის ჟამს.

13. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ! რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენი სამარცხვინო სამსხვერპლო გაქვს აღმართული, ბაალის შესაბოლებელი სამსხვერპლო.

14. ნუ ილოცავ ამ ხალხისთვის, ნუ აღავლენ მათთვის ლოცვა-ვედრებას, რადგან არ გავიგონებ მათ ღაღადისს ჩემდამი, როცა გასაჭირში იქნებიან.

15. რა უნდა ჩემს სატრფოს ჩემს სახლში, როცა ამდენი უკეთურება აქვს ჩადენილი? განა უბედურებას აგაშორებს სამსხვერპლო ხორცი, ბოროტებას რომ სჩადიხარ და ხარობ?

16. ამწვანებული, მშვენიერი, ნაყოფსავსე ზეთისხილი გიწოდა სახელად უფალმა, მაგრამ დიდი გრგვინვის ხმაზე ცეცხლი წაეკიდა და გაუფუჭდა რტოები.

17. ცაბაოთ უფალმა, შენმა დამნერგავმა, უბედურება გიწინასწარმეტყველა ისრაელის სახლის და იუდას სახლის ბოროტების წილ, რომელსაც სჩადიოდნენ ჩემს გასაჯავრებლად, როცა ბაალს უკმევდნენ.

18. უფალმა მაცოდინა და ვიცი, მაშინ დამანახვა მათი საქმეები.

19. უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ: მოვსპოთ ხე, ვიდრე ნედლიაო, ამოვძირკვოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ აღარ იხსენიებოდესო მისი სახელი.

20. ცაბაოთ უფალო, მართალო მსაჯულო, გულთამხილავო, მომასწარი შენს შურისძიებას მათზე, რადგან ჩემი საქმე შენთვის მომინდვია.

21. ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთის ხალხზე, მოკვლას რომ გიპირებს და გეუბნება: ნუ ქადაგობ უფლის სახელით, თორემ ჩვენი ხელით მოკვდებიო.

22. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ჰა, დავსჯი მათ, ჭაბუკები მახვილით გაწყდებიან, მათი ვაჟები და ასულები შიმშილით დაიხოცებიან.

23. არავინ დარჩება მათგან, რადგან უბედურებას მოვუტან ყანათოთის ხალხს, როცა მათი განკითხვის წელიწადი დადგება.


თავი მეთორმეტე

1. მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს; რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები?

2. შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც გამოიღეს; მათ ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან.

3. მაგრამ მე მიცნობ, უფალო. მხედავ და გამოცდილი გყავს ჩემი გული. ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და ნიშანი დაადე დახოცვის დღისთვის.

4. როდემდის უნდა გლოვობდეს მიწა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი? პირუტყვი და ფრინველი იღუპება მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო, რომ ამბობენ, ჩვენს ბოლოს ვერ ხედავსო.

5. თუ ფეხით სირბილი გქანცავს, როგორ გაეჯიბრები ცხენებს? თუ მშვიდობიან ქვეყანაში უიმედოდ ხარ, რა გეშველება, როცა იორდანე ადიდდება?

6. რადგან შენი ძმებიცა და მამაშენის სახლიც, გღალატობენ. ისინიც კი გისევენ ბრბოს. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოდ გელაპარაკებოდნენ.

7. მივატოვე ჩემი სახლი, დავაგდე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულზე უტკბესი მის მტრებს ჩავუგდე ხელში.

8. ჩემი სამკვიდრო მაღნარის ლომივით გახდა; შემომღრიალებს, რადგან შევიძულე.

9. ჭრელი ონავარი ფრინველია ჩემი სამკვიდრო, ონავარი ფრინველები შემოადგენ ირგვლივ, წადით, შეყარეთ გარეული მხეცები, მოიყვანეთ და შეაჭმევინეთ იგი.

10. უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი ნანინანაგრი ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს.

11. გაატიალეს და შემომტირის გატიალებული; მთელი ქვეყანა გატიალდა, მაგრამ არავინაა გულშემატკივარი.

12. უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არ ექნება მშვიდობა.

13. დათესეს ხიარბალი და ეკალი მოიმკეს. დაშვრნენ და სარგებელი ვერ ნახეს. გრცხვენოდეთ ამ თქვენი მოსავლისა - უფლის რისხვისა.

14. ასე ამბობს უფალი: ყველა ჩემს ბოროტ მეზობელს, რომელთაც ხელჰყვეს სამკვიდრო, ჩემს ერს რომ დავუმკვიდრე, წარვხოცავ მათი ქვეყნიდან, და იუდას სახელსაც წარვხოცავ მათთან ერთად.

15. წარვხოცავ და მერე კვლავ შევიწყალებ, თავ-თავის სამკვიდროში და თავ-თავის ქვეყანაში დავაბრუნებ ყველას.

16. თუ ისწავლიან ჩემი ერის გზას, რომ დაიფიცონ ჩემი სახელი, ცოცხალ არს უფალი, როგორც მათ ასწავლეს ჩემს ერს ბაალის ფიცი, ისინიც აშენდებიან ჩემს ერთად ერთად.

17. მაგრამ თუ არაფერს გაიგონებენ, სრულიად ამოვძირკვავ ამ ხალხს და გავანადგურებ, ამბობს უფალი.


თავი მეცამეტე

1. ასე მითხრა უფალმა: წადი, იყიდე ტილოს სარტყელი და წელზე შემოირტყი, წყალში არ ჩადო.

2. ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ, და შემოვირტყი წელზე.

3. მეორეგზის იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

4. აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს. ადექი, წადი ფერათს და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.

5. წავედი და დავმალე იგი ფერათში, როგორც უფალმა მიბრძანა.

6. გამოხდა ხანი მრავალი და მითხრა უფალმა: ადექი, წადი ფერათს და აიღე იქიდან სარტყელი, რომლის დამალვა მე გიბრძანე.

7. წავედი ფერათს, გავთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა. აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა.

8. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

9. ასე ამბობს უფალი: ასევე ფუჭად ვაქცევ იუდას მედიდურობას და იერუსალიმის უზომო ამპარტავნობას.

10. ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის გაგონება, აჰყოლია თავის გულისთქმას და მისდევს სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროს და თაყვანისცეს მათ, დაემსგავსება ამ სარტყელს, რომელიც არაფრად აღარ ვარგა.

11. რადგან როგორც კაცის წელზეა მიკრული სარტყელი, ასევე მივიკარი მე ისრაელის მთელი სახლი და იუდას მთელი სახლი, ამბობს უფალი, რათა ქცეულიყვნენ ჩემს ერად, სახელად და დიდებად და მშვენებად. მაგრამ არ ისმინეს.

12. უთხარი მათ ეს სიტყვა: ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ყველა ტიკი ღვინით ივსება. გეტყვიან: განა არ ვიცით, რომ ღვინით ივსება ყველა ტიკი?

13. უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, დათრობამდე ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს, მეფეებს, რომელნიც დავითის ტახტზე სხედან, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და იერუსალიმის ყველა მკვიდრს,

14. ერთმანეთზე შევაჭყლეტ მამებსა და შვილებს, ამბობს უფალი. არ შევიწყალებ, არ შევიბრალებ და არ დავინდობ დაღუპვისგან.

15. ისმინეთ და ყურადიღეთ, ნუ გამედიდურდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს.

16. მიაგეთ პატივი უფალს, თქვენს ღმერთს, ვიდრე არ ჩამოუბნელებია, ვიდრე არ წაფორხილებულხართ მწუხრის მთებზე. სინათლის იმედი გექნებათ, მაგრამ წყვდიადად გადააქცევს, სიბნელედ შეცვლის.

17. თუ ამას არ გაიგონებთ, იდუმალ იტირებს ჩემი სული თქვენი სიჯიუტის გამო, მწარედ აქვითინდება, ცრემლები წასკდება ჩემს თვალებს, რადგან ტყვედ წაასხამენ უფლის სამწყსოს.

18. უთხარი მეფეს და დედოფალს: ჩამოდით ტახტიდან და ძირს დასხედით, რადგან მოგეხადათ თქვენი მშვენიერი გვირგვინი.

19. სამხრეთის ქალაქები ჩაკეტილია და არავინაა გამღები. განდევნილია მთელი იუდა, პირწმინდად განდევნილი.

20. აახილეთ თვალი და შეხედეთ ჩრდილოეთიდან მომავალთ. სად არის სამწყსო, შენ რომ ჩაგაბარეს, შენი მშვენიერი ფარა?

21. რას იტყვი, როცა მოგთხოვენ პასუხს? შენ თავად ასწავლე მათ, როგორ ებატონათ შენზე. განა კრუნჩხვები არ გაგტანჯავს მშობიარე ქალივით?

22. იტყვი გულში: რატომ მეწია ეს ყველაფერი? - დიდი დანაშაულის გამოა, რომ გაგშიშვლებია კალთები და ქუსლები გამოგჩენია.

23. თუ შეიცვლის ზანგი თავის კანს და ვეფხვი თავის აჭრელებულ ბეწვს? თქვენც, სიბოროტეს დაჩვეულნი, თუ შეძლებდით სიკეთის ქმნას?

24. გავანიავებ მათ ბზესავით უდაბნოს ქარში.

25. ეს არის შენი წილი. ეს ხვედრი გეკუთვნის ჩემგან, ამბობს უფალი, რაკი დამივიწყე და სიცრუის იმედი გქონდა.

26. მეც აგიწევ კალთებს პირისახემდე და გამოჩნდება შენი სირცხვილი,

27. შენი გარყვნილება, ავხორცობა, და ბილწი ზრახვები. ველის ბორცვებზე დავინახე შენი სიბილწენი. ვაი შენ, იერუსალიმო! ნუთუ აღარ გასუფთავდები? როდემდის?


თავი მეთოთხმეტე

1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, გვალვის გამო.

2. გლოვობს იუდა, ჩაკვდნენ მისი ჭიშკრები, თავი ჩაქინდრეს; იერუსალიმი ხმამაღლა კივის.

3. დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ ყმებს, მიდიან ჭებთან და წყალს ვერ პოულობენ. ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან უკან გაწბილებულნი, სირცხვილისაგან თავს იბურავენ.

4. დასკდა მიწა, რადგან წვიმა არ მოსულა ქვეყანაში; დაირცხვინეს მიწის მუშაკებმა, თავი დაიბურეს.

5. შველმაც კი მიაგდო ნუკრი, ველზე რომ დაბადა, რადგან ბალახი აღარ იზრდება.

6. გარეული ვირები შემდგარან ბორცვზე და ჰაერს ყლაპავენ ტურებივით; თვალები დაევსოთ, რადგან აღარ არის ბალახი.

7. თუმცა ჩვენი უკეთურებანი გვამხილებენ, უფალო, შენი სახელის გულისთვის მაინც ჰყავი წყალობა! უზომოა ჩვენი განდგომილება, შევცოდეთ შენს წინაშე.

8. ისრაელის სასოვ და მხსნელო გასაჭირში! რადა ხარ მდგმურივით ამ ქვეყანაში, მგზავრივით, ღამის გასათევად რომ გაჩერებულა?

9. რადა ხარ, როგორც კაცი გაოგნებული, როგორც გმირი, რომელსაც შველა არ შეუძლია. შენ ხომ ჩვენს შორისა ხარ, უფალო? ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით, ნუ მიგვატოვებ!

10. ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: რაკი უყვარდათ ხეტიალი და ფეხებს არ ასვენებდნენ, უფალმაც არ შეიტკბო ისინი; ახლა იხსენებს მათ უკეთურებას და სჯის ცოდვებისათვის.

11. მითხრა უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის მის სასიკეთოდ.

12. შეუდგებიან მარხვას, მაგრამ მე არ მოვისმენ მათ ვედრებას. მომიტანენ აღსავლენს და შესაწირავს, მაინც არ შევიტკბობ მათ, რადგან მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას.

13. ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: არ იხილავთ მახვილს და არ მოესწრებითო შიმშილობას; მტკიცე მშვიდობას მოგანიჭებთო ამ ადგილზე.

14. მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.

15. ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებაზე: ქადაგებენ ჩემი სახელით, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ, მახვილი და შიმშილობა არ იქნებაო ამ ქვეყანაში, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი გაწყდებიან მახვილითა და შიმშილით.

16. ის ხალხიც, რომელსაც ისინი უქადაგებენ, შიმშილისა და მახვილის მსხვერპლი გახდება და იერუსალიმის ქუჩებში დაიყრება. დამმარხველიც არ ეყოლებათ მათ, არც მათ ცოლებს, არც მათ ვაჟებს, არც მათ ასულებს. მათ ბოროტებას მათვე გადავანთხევ.

17. უთხარი მათ ეს სიტყვა: ღვარეთ ცრემლები, ჩემო თვალებო, დღითა და ღამით, განუწყვეტლივ! რადგან უბედურება დაატყდა თავზე ქალწულს, ასულს ჩემი ერისა, წყლული სჭირს ძალზე მძიმე!

18. გავდივარ ველად და, აჰა - მახვილით განგმირულნი! შევდივარ ქალაქში და, აჰა - შიმშილით დახოცილნი! წინასწარმეტყველიც და მღვდელიც კი უგონოდ მიმოდიან ქვეყნად.

19. ნუთუ საბოლოოდ შეიძულე იუდა? ნუთუ შეიზიზღა შენმა სულმა სიონი? რატომ დაგვლახვრე ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით? მშვიდობის იმედი გვაქვს და არ ჩანს სიკეთე; ველით განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება!

20. ვაღიარებ, უფალო ჩვენს უგუნურებებს, ჩვენი მამა-პაპის დანაშაულს, რადგან ცოდვილნი ვართ შენს წინაშე.

21. ნუ შეგვიძულებ, შენი სახელის გულისთვის, ნუ დაამდაბლებ შენი დიდების ტახტს. გაიხსენე, ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან.

22. თუ არის ხალხთა კერპებს შორის ვინმე წვიმის მომყვანი? ან იქნებ თავისთავად იძლევა ცა წვიმას? ეს ხომ შენა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენი შექმნილია ეს ყოველივე.


თავი მეთხუთმეტე

1. მითხრა უფალმა: მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემს წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე. გაყარე ჩემგან, წავიდნენ.

2. თუ გკითხეს: სად წავიდეთო? მიუგე: ასე თქვა უფალმა: ვისაც შავი ჭირი უწერია - შავი ჭირისკენ, ვისაც მახვილი - მახვილისკენ, ვისაც შიმშილი - საშიმშილოდ, ვისაც ტყვეობა - ტყვეობაში.

3. მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად.

4. საფრთხობელად გაგხდი მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის იუდას მეფის, მენაშე ხიზკიას ძის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში.

5. რადგან ვის შეებრალები, იერუსალიმო? ვის დაენანები? ვინ მოტრიალდება, რომ იკითხოს შენი ამბავი?

6. შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ.

7. გავანიავე ისინი სანიავებლით ქვეყნის კარიბჭეთა მიღმა; ძირიანად ამოვაგდე, გავანადგურე ჩემი ერი, რადგან არ მოიქცნენ თავიანთი გზიდან.

8. ზღვის ქვიშასავით გამიმრავლდნენ მისი ქვრივები; მივუსიე ჭაბუკის დედას შუადღის ამაოხრებელი, უეცრად დავატეხე მათ შიში და ზარი.

9. ღონემიხდილია შვიდის მშობელი, სულს ღაფავს, შუადღისას ჩაესვენა მისი მზე; შერცხვენილია და გაწბილებული. დანარჩენებს მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე, ამბობს უფალი.

10. ვაიმე, დედაჩემო, მთელი ქვეყნის მბრალდებელად და მოდავედ რომ გიშობივარ! არც გამისესხებია და არცვის უსესხებია ჩემგან, და მაინც ყველანი მე მწყევლიან.

11. ამბობს უფალი: რომ არ გამეთავისუფლებინე სასიკეთოდ, არც მტრებს მოგისევდი სიმძიმილის და გასაჭირის ჟამს.

12. რას დააკლებს რკინა ჩრდილოეთის რკინას და სპილენძს?

13. შენს დოვლათს და განძეულობას, რაც შენს საზღვრებშია, უსასყიდლოდ დავატაცებინებ ყველა შენი ცოდვის გამო.

14. შენს მტრებს გავატან ქვეყანაში, რომელიც შენ არ იცი; რადგან ჩემი რისხვით ანთებული ცეცხლი თქვენ შემოგენთებათ.

15. შენ იცი, უფალო, გამიხსენე და მომხედე, გაუსწორდი ჩემს მდევრებს. ნუ დამღუპავს შენი სულგრძელობა; იცოდე, შენი გულისთვის ვითმენ დამცირებას.

16. ნაპოვნია შენი სიტყვები და მე ვჭამე ისინი; შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.

17. ლაზღანდარებში არ ვმჯდარვარ და არ გავლაღებულვარ; ცალკე ვიჯექი შენს ხელქვეშ, რადგან ამავსე ბრაზით.

18. ამდენხანს რად გასტანა ჩემმა სენმა? რატომ გამიარჯლდა ჭრილობა და არ იკურნება? მატყუარა ხევი ხარ ჩემთვის, წყალგამშრალი.

19. ამიტომ ასე ამბობს უფალი: თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები. ისინი მობრუნდნენ შენსკენ, შენ არ მიუბრუნდე მათ.

20. დაგაყენებ ამ ხალხის წინ სპილენძის მაგარ კედლად; შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთან ვიქნები, რომ გიხსნა და დაგიფარო, ამბობს უფალი.

21. დაგიფარავ ბოროტმოქმედთაგან და დაგიხსნი უწყალოთა ხელიდან.


თავი მეთექვსმეტე

1. იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ნუ მოიყვან ცოლს და ნუ გეყოლება ვაჟები და ასულები ამ ადგილზე.

3. რადგან ასე ამბობს უფალი ვაჟებზე და ასულებზე, რომლებიც ამ ადგილზე დაიბადებიან, დედებზე, რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში.

4. საზარელი სიკვდილით დაიხოცებიან, დაუტირებელნი და დაუმარხავნი ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით ამოწყდებიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა კერძი გახდება.

5. რადგან ასე ამბობს უფალი: ნუ შეხვალ მგლოვიარე სახლში, ნუ წახვალ მათ სატირალზე მისასამძიმრებლად, რადგან ჩემი მშვიდობა წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ჩემი მადლი და თანაგრძნობა.

6. დაიხოცებიან დიდნი და მცირენი ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ და არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და მათთვის თავს არ გადაიპარსავს.

7. არავინ გატეხს პურს ჭირისუფლის სანუგეშებლად, არავინ შეასმევს მათ სანუგეშებელ თასს მამისა და დედის გამო.

8. არ წახვიდე ლხინის სახლში მათთან ერთად დასაჯდომად, სმად და ჭამად.

9. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გავაუქმებ ამ ადგილას თქვენს თვალწინ და თქვენს მოსწრებაში - ხმას შვებისას და ხმას მხიარულებისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას.

10. როცა იქნება და გამოუცხადებ ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას და შეგეკითხებიან: რისთვის გვიპირებს უფალი ამ დიდ უბედურებას? რა დანაშაული გვაქვს, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?

11. უპასუხე: იმისთვის, რომ მიმატოვა თქვენმა მამა-პაპამ, ამბობს უფალი, წაყვნენ უცხო ღმერთებს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. მიმატოვეს და ჩემი რჯულიც დაივიწყეს.

12. თქვენ კი თქვენს მამა-პაპას გადააჭარბეთ ბოროტებაში, აჰყოლიხართ ბოროტ გულისთქმას და ყურს არ მიგდებთ.

13. ამიტომაც გაგაგდებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამა-პაპა იცნობდა, რათა დღედაღამ ემსახუროთ იქ უცხო ღმერთებს, რადგან შეუბრალებელი ვიქნები თქვენს მიმართ.

14. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისრაელიანებიო,

15. არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა ისრაელიანები ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც კი განდევნილი ჰყავდა ისინიო, რადგან დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამა-პაპას მივეცი.

16. აჰა, გამოვგზავნი უამრავ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად. მერე გამოვგზავნი ურიცხვ მონადირეს, და ჩამორეკავენ მათ ყველა მთიდან და ყველა გორაკიდან, კლდის ნაპრალებიდან.

17. რადგან თვალი მიჭირავს ყველა მათ გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული დაიფარება ჩემს თვალთაგან.

18. ჯერ ორმაგად ვაზღვევინებ მათ მათი დანაშაულისა და ცოდვების გამო, რომ წარყვნეს ჩემი მიწა. საკერპო გვამებით და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო.

19. უფალო, ჩემო ძალავ და ძლიერებავ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის ჟამს, შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრა ჩვენმა მამა-პაბამ, მხოლოდ არარაობა, სარგებლობა რომ არ ჰქონია.

20. თუ შექმნის ადამიანი თავისთვის ღმერთებს? არ იქნებიან ისინი ღმერთები!

21. ამიტომ, აჰა, ჭკუას ვასწავლი მათ ამჯერად: დავანახვებ ჩემს მკლავსა და ძლიერებას, და ეცოდინებათ, რომ უფალია ჩემი სახელი.


თავი მეჩვიდმეტე

1. რკინის საჭრეთელით არის დაწერილი იუდაელთა ცოდვები და ალმასის წვერით არის ამოკვეთილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.

2. ამიტომაც ახსოვთ მათ შვილებს თავიანთი სამსხვერპლოები და აშერები ხემხვივანებთან და მაღალ ბორცვებზე.

3. ჩემს მთას მინდვრად, შენს დოვლათს და მთელს განძეულობას დავატაცებინებ, შენს გორაკებს ცოდვის გამო მთელს შენს საზღვრებში.

4. შენც წაგერთმევა სამკვიდრო, რთშელიც შენთვის მქონდა მოცემული, და დაგამორჩილებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.

5. ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.

6. იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.

7. კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.

8. იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.

9. უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?

10. მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.

11. მწყერი აზის კვერცხებს, რომლებიც თავად არ დაუდვია. ასეთია კაცი, რომელიც უსამართლოდ იხვეჭს ქონებას; ცხოვრების შუაძალზე გამოეცლება ხელიდან და საბოლოოდ ცარიელზე დარჩება.

12. დიდების ტახტი ამაღლებულია დასაბამიდან, ჩვენი საწმიდარის ადგილსამყოფელი.

13 ისრაელის სასოებავ, უფალო! ყველა შერცხვება, ვინც კი მიგატოვებს. შენგან განდგომილნი ქვიშაზე დაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცხოველმყოფელი წყაროსთვალი - უფალი.

14. განმკურნე, უფალო, და განვიკურნები! გადამარჩინე და გადავრჩები, რადგან შენა ხარ ჩემი დიდება.

15. აჰა, მეუბნებიან ისინი: სად არის უფლის სიტყვა? აბა, ახდესო!

16. არ გაგგქცევივარ მწყემსობისგან; შენ იცი, შავი დღე არ მსურდა. შენს წინაშეა, რაც გამოდის ჩემი პირიდან.

17. ნუ მექმნები დამღუპველად, ჩემო საყუდარო გასაჭირში!

18. სირცხვილი ჭამონ ჩემმა მდევრებმა, მე ნუ შევრცხვები! შიში ჭამონ, მე ნუ შევშინდები! შავი დღე მოუტანე, ლეწე და კვლავ ლეწე ისინი.

19. ასე მითხრა უფალმა: წადი და დადექი საერთო კარიბჭესთან, რომლითაც შემოდიან და გადიან იუდას მეფეები, და იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან,

20. უთხარი მათ: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფეებო, მთელო იუდავ და იერუსალიმის მკვიდრნო, ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო!

21. ასე ამბობს უფალი: თავს გაუფრთხილდით, შაბათ დღეს ტვირთს ნუ აიკიდებთ და იერუსალიმის კარიბჭეებში ნუ შემოიტანთ.

22. ნუ გამოიტანთ ტვირთს სახლიდან შაბათ დღეს და ნურაფერ საქმეს ნუ გააკეთებთ. იუქმეთ შაბათი დღე, როგორც თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა ნაბრძანები,

23. მაგრამ არ ისმინეს და ყური არ მომაპყრეს; გაჯიუტდნენ, რომ არ ესმინათ და ჭკუა არ ესწავლათ.

24. თუ ახლა კარგად გამიგონებთ, ამბობს უფალი, და არ შემოიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში შაბათ დღეს ტვირთს, იუქმებთ შაბათ დღეს, არაფერ საქმეს არ გააკეთებთ ამ დღეს,

25. შემოვლენ ამ ქალაქის კარიბჭეებში მეფეები და მთავრები, დავითის ტახტზე მსხდომარენი, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრებულნი, როგორც თვითონ, ისე მათი მთავრები, იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი, და უკუნისამდე იარსებებს ეს ქალაქი.

26. მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის ქვეყნიდან, ბარიდან და მთიდან, და სამხრეთოდან მოიტანენ აღსავლენს, საკლავს და შესაწირავს, გუნდრუკს და სამადლობელ ძღვენს უფლის სახლში.

27. თუ არ გამიგონებთ - არ იუქმებთ შაბათ დღეს და აიკიდებთ ტვირთს, შემოხვალთ შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში, მაშინ ცეცხლს წავუკიდებ მის კარიბჭეებს და ცეცხლი შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.


თავი მეთვრამეტე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:

2. ადექი და ჩადი მეთუნის სახლში, იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვას.

3. ჩავედი მეთუნის სახლში და, აჰა, ატრიალებს იგი სათუნე ბორბალს.

4. როცა გაუფუჭდა ჭურჭელი, რომელსაც აკეთებდა თიხისგან თავისი ხელით, ხელმეორედ შეუდგა სხვა ჭურჭლის კეთებას, როგორიც მოსწონდა გასაკეთებლად.

5. იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:

6. ხომ შემიძლია ისე მოგექცეთ, როგორც ეს მეთუნე იქცევა, ისრაელის სახლო? ამბობს უფალი: აჰა, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო!

7. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას,

8. მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას, და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი.

9. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას და დაფუძნებას,

10. მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას.

11. ახლა ასე გამოუცხადე იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე თქვა უფალმა: აჰა, გიმზადებთ ბოროტს, განზრახვა მაქვს თქვენს წინააღმდეგ. მოიქცეს თითოეული თავის ბოროტი გზიდან და გამოისწოროს ზნე და საქციელი.

12. ამბობენ: არამც და არამც! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალზე უნდა ვიაროთ და თითოეული ჩვენგანი თავისი ბოროტი გულისთქმის თანახმად უნდა მოიქცესო.

13. ამიტომ ამბობს უფალი: აბა, შეეკითხეთ ხალხებს, ვის სმენია ამგვარი ამბავი? უსაზომო სისაძაგლენი ჩაიდინა ქალწულმა - ისრაელმა.

14. თუ მიატოვებს ლიბანის თოვლი მთათა ტინებს? თუ შეწყდება შორით მომდინარი ცივი წყლები?

15. მაგრამ დამივიწყა ჩემმა ერმა, ამაოებას უკმევენ; გაიმრუდეს გზა, ძველი სავალი, რომ ევლოთ გაუთელავი გზის ბილიკებით.

16. რომ უდაბნოდ ექციათ თავიანთი ქვეყანა და მარად სასტვინებლად, რათა ყოველი ჩამვლელი შეძრწუნებულიყო და თავი გაექნია.

17. აღმოსავლეთის ქარივით დავფანტავ მათ მათი მტრების წინაშე. ზურგს ვუჩვენებ მათ, არა სახეს, გასაჭირის ჟამს.

18. თქვეს: წამო, რამე ვიღონოთ იერემიას წინააღმდეგ; რადგან არ დაკარგვია რჯული მღვდელს, რჩევის უნარი ბრძენკაცს და სიტყვა წინასწარმეტყველს. წამო და ენით ვძლიოთ მას, რომ ყურს აღარ ვუგდებდეთ მის სიტყვებსო.

19. ყური მიგდე, უფალო, და ისმინე ჩემი მომჩივრების ხმა.

20. განა ბოროტით უხდიან სიკეთისთვის? ორმო რომ გამითხარეს დასაღუპად? გამიხსენე შენს წინაშე მდგარი, მათ სასიკეთოდ რომ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის.

21. ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში.

23. კვნესა ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა ანაზდად ავაზაკებს მიუსევ, რადგან ორმო გათხარეს ჩემს დასაჭერად და ფეხქვეშ იდუმალ მახეს მიგებენ.

23. შენ იცი, უფალო, რომ ყველაფერს ღონობენ ჩემს მოსაკლავად! ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და ცოდვებს ნუ წარუხოცავ მათ შენს თვალთაგან. აყვნენ დამხობილნი შენს წინაშე. შენი რისხვის ჟამს გაუსწორდი მათ!


თავი მეცხრამეტე

1. ასე ამბობს უფალი: წადი, იყიდე მეთუნისგან თიხის დოქი, წაიყვანე ხალხის უხუცესნი და მღვდლების უხუცესნი.

2. გადი ბენ-ჰინომის ველზე მეთუნეთა კარიბჭიდან და გამოაცხადე იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი.

3. თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა, ისრაელის ღმერთმა: აჰა, მომაქვს ამ ადგილისთვის უბედურება, რომლის გამგონეს ყველას ყურები აუზრიალდება.

4. ეს იმის გულისთვის, რომ დამივიწყეს და გააუცხოვეს ეს ადგილი; უკმევენ აქ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ და არც მათი მამა-პაპანი - იუდას მეფეები იცნობდნენ. აავსეს უბრალოთა სისხლით ეს ადგილი.

5. აღმართეს ბაალის საკერპოები, რათა ცეცხლში დაუწვან თავიანთი შვილები ბაალს აღსავლენ მსხვერპლად, რაც არ მიბრძანებია მათთვის, არც მითქვამს, ფიქრადაც არ მომსვლია.

6. ამიტომ, აჰა, ახლოვდება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ ერქმევა ამ ადგილს თოფეთი და ბენ-ჰინომის ველი, არამედ სასაკლაო ველი.

7. ჩავშლი იუდას და იერუსალიმის თათბირს ამ ადგილას, დავცემ მათ მახვილით მტრების თვალწინ, მათი ხელით, ვინც მოსაკლავად დასდევს მათ. გადავუყრი მათ გვამებს შესაჭმელად ცის ფრინველებს და ველის მხეცებს.

8. საფრთხობელად და სასტვენელად ვაქცევ ამ ქალაქს. ყოველი ჩამვლელი შეძრწუნდება და სტვენას მოჰყვება მისი ჭრილობების შემხედვარე.

9. საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცს შევაჭმევ მათ; ერთმანეთის ხორცს დაუწყებენ ჭამას ალყაში და გაჭირვებაში, როცა მტრები და მათი მესისხლენი შეაჭირვებენ მათ.

10. გატეხე დოქი იმ ხალხის თვალწინ, თან რომ წამოგყვნენ.

11. უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ასე გავტეხავ ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ტეხს კაცი მეთუნის ჭურჭელს, რომელიც აღარ გამრთელდება. თოფეთში დაუწყებენ დამარხვას, დასამარხავი ადგილი რომ აღარ ექნება.

12. ასე მოვექცევი ამ ადგილს, ამბობს უფალი, და მის მცხოვრებლებს; თოფეთს დავამსგავსებ ამ ქალაქს.

13. იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლები თოფეთის ადგილივით გაუწმიდურდება; ასევე ყველა სახლი, რომლის ბანზეც ცის ვარსკვლავებს უკმევენ და უცხო ღმერთებს უღვრიან საღვრელს.

14. წამოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც გაგზავნა იგი უფალმა საქადაგებლად, და გაჩერდა უფლის სახლის ეზოში და გამოუცხადა მთელს ხალხს:

15. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მომაქვს ამ ქალაქისთვის და მისი დაბებისთვის უბედურება, რაც ნათქვამი მაქვს მათზე, რადგან გაჯიუტდნენ და არ გაიგონეს ჩემი სიტყვა.


თავი მეოცე

1. გაიგონა ფაშხურ იმერის ძემ, მღვდელმა, უფლის სახლის ზედამხედველმა და წინამძღვარმა, ეს სიტყვები, იერემია რომ ქადაგებდა,

2. და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და ჩააგდო იგი დილეგში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლში.

3. მაგრამ მეორე დღეს გამოუშვა ფაშხურმა იერემია დილეგიდან და უთხრა მას იერემიამ: ფაშხურს კი აღარ დაგიძახებს უფალი, არამედ შიშის ზარს ირგვლივ.

4. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიში ზარს დაგცემ შენ და შენს მეგობრებს, დაეცემიან ისინი მტრების მახვილისგან და შენი თვალით იხილავ ამას. ბაბილონელთა მეფის ხელში ჩავაგდებ მთელს იუდას, გადაასახლებს მათ ბაბილონში და მახვილით ამოსწყვეტს.

5. გავცემ ამ ქალაქის მთელს ქონებას, მთელს მის ჭირნახულს, მთელს ძვირფასეულობას და იუდას მეფეების მთელს საგანძურს, და ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, დაიტაცებენ და ბაბილონში წაიღებენ.

6. და შენც, ფაშხურ, ტყვედ წახვალ ბაბილონს-მთელი შენი სახლითურთ და იქ მოკვდები; იქ დაიმარხებით შენც და ყველა შენი მეგობარი, რომელთაც ცრუდ უწინასწარმეტყველებდი.

7. შენ გადამიბირე, უფალო, და მეც დაგყევი; ჩამიჭირე და დამძალე; ყოველდღე საცინლად მიგდებენ, ყველა მამასხრებს.

8. როგორც კი ავლაპარაკდები, ჩივილი აღმომხდება ძარცვა-გლეჯის გამო. ამიტომაც გადამექცა უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად.

9. ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.

10. რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცთუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.

11. ჩემთან არის უფალი როგორც ძლიერი მეომარი, ამიტომაც წაიფორხილებენ ჩემი მდევრები, ვერ გაიმარჯვებენ. დიდად შერცხვებიან, რომ უგუნურად მოიქცნენ. სამარადისოდ გასტანს სირცხვილი, არდასავიწყებელი.

12. ცაბაოთ უფალო! სიმართლის გამომკვლეველო, გულთამხილავო! მოვესწრო შენს შურისგებას მათზე, რადგან შენთვისა მაქვს მინდობილი ჩემი სამართალი!

13. უგალობეთ უფალს, ადიდეთ უფალი, რადგან იხსნის ღატაკის სიცოცხლეს ბოროტეულთა ხელიდან.

14. წყეული იყოს დღე, როცა დავიბადე! დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!

15. წყეული იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ვაჟი შეგეძინაო! (რაზომი იყო მისი სიხარული!)

16. იმ ქალაქებივით დაემართოს ამ კაცს, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად, წივილ-კივილი ესმოდეს დილაობით და ბრძოლის ყიჟინა შუადღისას.

17. ბარემ საშოშივე მოგეშთე, რომ ჩემს საფლავად ქცეულიყო დედაჩემი და მისი საშო მარად ორსული დარჩენილიყო.

18. რისთვის გამოვედი საშოდან, თუ მხოლოდ სატანჯველს ვნახავდი და სირცხვილში დასრულდებოდა ჩემი დღეები.


თავი ოცდამეერთე

1. სიტყვა, რომელიც იყო უფლისგან იერემიას მიმართ ნათქვამი, როცა მეფე ციდკიამ მიუგზავნა მას ფაშხურ მალაქიას ძე და მღვდელი სოფონია მაყასეას ძე და დააბარა სათქმელად:

2. შეეკითხე ჩვენზე უფალს, რადგან საბრძოლველად მოგვადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი. იქნება მოახდინოს ჩვენთვის უფალმა თავისი სასწაულების მსგავსი რამე, და ისიც დაგვანებებს თავს.

3. უთხრა მათ იერემიამ: ასე უთხარით ციდკიას:

4. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, წაგართმევთ საბრძოლო იარაღს, ხელში რომ გიჭირავთ, რომლითაც ებრძვით ბაბილონის მეფეს და მოალყე ქალდეველებს გალავანს მიღმა, და დავახვავებ მათ ამ ქალაქის შუაგულში.

5. შეგებრძოლებით მოღერებული ხელით და მაგარი მკლავით, რისხვით, გაცხარებით და დიდის გააფთრებით.

6. მუსრს გავავლებ ამ ქალაქის მცხოვრებლებს, კაცსა და პირუტყვს; დაიხოცებიან დიდი ჭირისგან.

7. ამის შემდეგ, ამბობს უფალი, ჩავაგდებ ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მორჩილებს, ხალხს და ყველას, ვინც ამ ქალაქში ჭირს, მახვილს და შიმშილს გადაურჩა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელში, მათი მტრების ხელში, მის მესისხლეთა ხელში; და იგი მახვილით მოსრავს მათ, არ შეიწყალებს, არ შეიბრალებს, არ დაინდობს.

8. ამ ხალხს კი უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი; აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა.

9. ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება. ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომელთაც ალყაში ვყავართ, გადარჩება და ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე.

10. რადგან საუბედუროდ მივაქციე ჩემი სახე ამ ქალაქისკენ, არა სასიკეთოდ, ამბობს უფალი; ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დაწვავს მას.

11. იუდას მეფის სახლს: ისმინეთ უფლის სატყვა.

12. დავითის სახლო! ასე ამბობს უფალი, ყოველ დილით განიკითხეთ სამართალი და იხსენით მოძალადის ხელიდან გაძარცული, თორემ ცეცხლივით ავარდკბა ჩემი რისხვა, აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი, თქვენი ავკაცობის გამო.

13. აჰა, შენზე მოვდივარ, ველის მკვიდრო, ვაკის კლდეო, ამბობს უფალი, რომ ამბობთ: ვინ დაგვესხმის, ვინ შემოვა ჩვენს სადგომებშიო?

14. მე დაგსჯით, როგორც იმსახურებთ, ამბობს უფალი, დავანთებ ცეცხლს მის ტყეში და ყველაფერს შეჭამს იგი თავის გარშემო.


თავი ოცდამეორე

1. ასე ამბობს უფალი: ჩადი იუდას მეფის სახლში და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა.

2. თქვი: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფევ, დავითის მოსაყდრევ, შენ და შენმა მორჩილებმა, და ხალხმა, ამ კარიბჭეებში შემომსვლელმა.

3. ასე ამბობს უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე, იხსენით გაძარცული მოძალადის ხელიდან, ნუ დაჩაგრავთ და ნუ გაღლეტთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ნუ დაღვრით ამ ადგილზე უბრალო სისხლს.

4. რადგან თუ აასრულებთ ამ სიტყვას, ივლიან ამ სახლის კარიბჭეებით დავითის მოსაყდრე მეფეები, ეტლზე და ცხენებზე ამხედრებულნი, თავად იგი და მისი მორჩილნი და მისი ხალხი.

5. თუ არ გაიგონებთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, გაუკაცრიელდება ეს სახლი.

6. რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: თუმცა გალაადი ხარ შენ ჩემთვის, ლიბანის მწვერვალი, მაინც უდაბნოდ გაქცევ, მიტოვებულ ქალაქად.

7. გაგიმზადებ ამაოხრებლებს - თითოეულს თავისი იარაღით, რომ გაგიჩეხონ საუკეთესო კედრები და ცეცხლს მისცენ.

8. ბევრი ხალხები ჩაუვლიან ამ ქალაქს და გამოიკითხავენ ერთმანეთში: რისთვის მოექცა ასე უფალი ამ დიდებულ ქალაქს?

9. იტყვიან: იმისთვის, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი ღვთის აღთქმა და უცხო ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა და მსახაურება.

10. ნუ სტირით მკვდარს, ნუ მოთქვამთ მასზე, იტირეთ წასული, რადგან არასოდეს დაბრუნდება და ვერ იხილავს მშობელ ქვეყანას.

11. რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე, რომელიც მეფობდა მამამისის, იოშიას, ნაცვლად; ვინც გავიდა ამ ადგილიდან, აღარ დაბრუნდება აქ,

12. არამედ მოკვდება იმ ადგილზე, სადაც გადაასახლეს და ვეღარ იხილავს ამ ქვეყანას.

13. ვაი იმას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონოდ - ზემოთვალებს; ვინც მუქთად ამუშავებს თავის ახლობელს და გასამრჯელოს არ აძლევს!

14. ვინც ამბობს: ავიშენებ ფართო სახლს და ვრცელ ზემოთვალს, და გამოჭრის თვისთვის სარკმლებს, კედრით მოაპირკეთებს და წითლად შეღებავს.

15. იმიტომ ხომ არ მეფობ, რომ კედარზე შეიშალო? მამაშენიც ხომ ჭამდა და სვამდა, მაგრამ წესსა და სამართალს იცავდა, და სიკეთე იყო მისთვის.

16. დაჩაგრულისა და უპოვარის სამართალს განიკითხავდა, და სიკეთე იყო. განა ეს არ არის ჩემი ცოდნა? ამბობს უფალი.

17. შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.

18. ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოაკიმ იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე: არ იგლოვებენ მას: ვაი, ჩემო ძმაო, და ვაი, ჩემო დაო! არ იგლოვებენ მას: ვაი, ხელმწიფევ, და ვაი, მისო დიდებულებავ!

19. ვირის დამარხვით დაიმარხება. წაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეთა იქით გადააგდებენ.

20. ადი ლიბანზე და მორთე კივილი, ბაშანზე აუწიე ხმას და იკივლე ყაბარიმის მთებიდან, რადგან გაცამტვერდნენ შენი მოყვარულნი!

21. გელაპარაკებოდი, როცა უზრუნველად იყავი, მპასუხობდი: არ მესმისო. ასეთი იყო შენი საქციელი სიყრმითგანვე, არ გესმოდა ჩემი სიტყვა.

22. ყველა შენს მწყემსს ქარი გარეკავს, და შენი მოყვარულნი ტყვეობაში წავლენ. მაშინ შერცხვები და გაწბილდები ყველა შენი უკეთურების გამო.

23. დამჯდარხარ ლიბანში, დაბუდრებულხარ კედართა შორის! როგორ გასაწყლდები, როცა ტკივილები შეგიპყრობს მშობიარე ქალივით.

24. თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, ჩემი მარჯვენა ხელის ბეჭედიც რომ იყო შენ, ქონიაჰუ იეჰოაკიმის ძევ, იუდას მეფევ, წაგაძრობდი აქედან

25. და მიგცემდი ხელში შენს მესისხლეს და შენს შემაშინებლებს - ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს და ქალდეველებს.

26. გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ, და იქ დაიხოცებით.

27. იმ ქვეყნისკენ, საითკენაც გული გაუწევთ დასაბრუნებლად, ვეღარ დაბრუნდებიან.

28. ნუთუ უღირსი ქმნილებაა, ნუთუ გადასაგდებია ეს კაცი ქონიაჰუ, როგორც უსარგებლო რამ ნივთი? რისთვის არიან გაგდებულნი ის და მისი თესლი და გადაყრილნი ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ იცოდნენ?

29. ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ! ისმინე უფლის სიტყვა.

30. ასე ამბობს უფალი: ჩაწერეთ ეს კაცი როგორც უმემკვიდრო, რომელმაც ვერ გაიხარა თავის დღეში; რადგან ვერ გაიხარებს მისი თესლიდან დავითის მოსაყდრე და იუდას განმგებელი.


თავი ოცდამესამე

1. ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს, ამბობს უფალი.

2. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, მწყემსებზე, რომლებიც მწყესავენ ჩემს ერს: თქვენ გაფანტეთ ჩემი ცხვარი, თქვენ გარეკეთ იგი და ყური არ უგდეთ. აჰა, მე ვუგდებ ყურს თქვენს ბოროტ საქციელს, ამბობს უფალი.

3. მე თავად მოვუყრი თავს ჩემს ცხვარს ყველა ქვეყნიდან, სადაც გავყარე ისინი. დავაბრუნებ მათ თავიანთ საძოვარზე, ინაყოფიერებენ და იმრავლებენ.

4. დავუყენებ მწყემსებს და ისინი დამწყესავენ მათ, აღარ შეშინდებიან, არ დაფრთხებიან, არ დაიკარგებიან, ამბობს უფალი.

5. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.

6. მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე.

7. ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღარ იტყვიან: ვფიცავ უფალს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო ისრაელიანები,

8. არამედ: ვფიცავ უფალს, რომელმაც გამოიყვანა და რომელმაც მოიყვანა ისრაელის სახლის თესლი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გავყარე ისინი. და იცხოვრებენ თავიანთ მიწებზე.

9. წინასწარმეტყველთა გამო მისკდება გული მკერდში და მტეხს ძვლები; მთვრალი კაცივით ვარ, ღვინო რომ მორევია, უფლის გულისთვის, მისი წმიდა სიტყვებისთვის.

10. რადგან გარყვნილი ხალხით გაივსო ქვეყანა; რადგან წყევლისაგან მოთქვამს მიწა, გადახმა უდაბნოს საძოვრები. ბოროტია მათი ზრახვები, მათი ძლიერება უკეთურებაა.

11. რადგან გაირყვნენ წინასწარმეტყველნიც და მღვდლებიც; ჩემს სახლშიც კი ვპოულობ მათ ნაავკაცარს, ამბობს უფალი.

12. ამიტომაც მოლიპული იქნება მათი გზები სიბნელეში, წაიფორხილებენ და დაეცემიან; რადგან უბედურებას მოვუტან მათ განკითხვის წელს, ამბობს უფალი.

13. სამარიის წინასწარმეტყველთა შორისაც დავინახე სისაძაგლე: ბაალის სახელით ქადაგებდნენ და აცთუნებდნენ ჩემს ერს - ისრაელს.

14. იერუსალიმის წინასწარმეტყველთა შორისაც ვხედავ სიბილწეს: გარყვნილებას მისდევენ და ცრუობენ, უკეთურთა მხარი უჭირავთ, რომ არცერთი მათგანი არ მოიქცეს თავის უკეთურობისგან. სოდომივით გახდნენ ჩემთვის ყველანი და გომორასავით - მისი მცხოვრებნი.

15. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველებაზე: აჰა, შევაჭმევ მათ აბზინდას და შევასმევ მწარე წყალს, რადგან იერუსალიმის წირსწარმეტყველთაგან მოდის ცთუნება მთელს ქვეყანაში.

16. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, არ შეისმინოთ წინასწარმეტყველთა სიტყვები, რასაც გიწინასწარმეტყველებენ, გაცთუნებენ ისინი, მოგონილ ხილვებს გიქადაგებენ, არა უფლისმიერს.

17. ეუბნებიან ჩემს მაგინებლებს: უფალმა თქვა, მშვიდობა გექნებათო. და ყველას, ვინც თავის გულისთქმას აჰყოლია, ეუბნებიან: უბედურება არ დაგემართებათო.

18. რადგან ვინ იდგა უფლის საბჭოში, ვინ ხედავდა და ისმენდა მის სიტყვას? ვინ უგდებდა ყურს მის სიტყვას და ესმოდა?

19. აჰა, უფლის ქარიშხალი - რისხვა ამოვარდა! ქარბორბალა დაუბერავს და ბოროტეულთ დაატყდება თავს.

20. არ გაბრუნდება უფლის რისხვა, ვიდრეარ შეასრულებს, ვიდრე არ მიაღწევს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ცხადად.

21. მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ; არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ.

22. ჩემს საბჭოში რომ მდგარიყვნენ, ჩემს ერს გამოუცხადებდნენ ჩემს სიტყვებს და მოაქცევდნენ მათ ბოროტი გზიდან და ავკაცობიდან.

23. განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, განა შორიდან არა ვარ ღმერთი?

24. სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი.

25. გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!

26. როდემდის უნდა იყოს ასე წინასწარმეტყველთა გული, სიცრუეს რომ ქადაგებენ, საკუთარი ცბიერი გულის წინასწარმეტყველნი რომ არიან?

27. ცდილობენ დაავიწყონ ჩემს ერს ჩემი სახელი თავიანთი ზმანებით, რომელთაც ერთმანეთს უყვებიან, როგორც მათმა მამა-პაპამ დაივიწყა ჩემი სახელი ბაალის გამო.

28. წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი.

29. განა ცეცხლივით არ არის ჩემი სიტყვა? ამბობს უფალი. უროსავით, კლდეს რომ ანგრევს?

30. ამიტომ, აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, ერთმანეთს რომ პარავენ ჩემს სიტყვებს.

31. აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ამბობს უფალი, თავსას რომ ლაპარაკობენ და ამბობენ, უფლის ნათქვამიაო.

32. აჰა, თავს ვესხმი წინასწარმეტყველებს, ცრუ სიზმრებს რომ ხედავენ, ამბობს უფალი. ყვებიან მათ და აცთუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და ტრაბახით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც არაფერში არგიან ამ ხალხს, ამბობს უფალი.

33. თუ შეგეკითხება ეს ხალხი ან წინასწარმეტყველთ, ან მღვდელი, რა არისო უფლის განაჩენი? უთხარი მათ, რა განაჩენია. მე მიგატოვებთ თქვენ, ამბობს უფალი.

34. თუ წინასწარმეტყველი, მღვდელი ან ერისკაცი იტყვის: უფლის განაჩენიაო, დავსჯი იმ კაცს და მის სახლს.

35. ასე უთხარით ერთიმეორეს; რა პასუხი იყო უფლისგან? რა თქვა უფალმა?

36. ხოლო უფლის განაჩენი მეტად აღარ ახსენოთ, რადგან განაჩენი იქნება ამ კაცისთვის მისი სიტყვა, რადგან თქვენ ასხვაფერებთ ცოცხალი ღმერთის, ცაბაოთ უფლის, ჩვენი ღმერთის სიტყვებს.

37. ასე უთხარი წინასწარმეტყველს: რა გიძასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?

38. თუ იტყვით, უფლის განაჩენიაო, ასე ამბობს უფალი: იმის გამო, რომ ამბობთ ამ გამოთქმას - უფლის განაჩენიაო, მე კი შემოგითვალეთ, ნუ ამბობთ-მეთქი, უფლის განაჩენიაო,

39. სრულიად დაგივიწყებთ და დაგაგდებთ თქვენ და ამ ქალაქს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა მოცემული;

40. ჩაგაგდებთ სამუდამო სირცხვილში და სამუდამო დამცირებაში, რაც არასოდეს იქნება დავიწყებული.


თავი ოცდამეოთხე

1. დამანახვა უფალმა, აჰა, ლეღვის ორი კალათა დგას უფლის ტაძრის წინ მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძე, იუდას მთავრები, ხუროები და მჭედლები იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა.

2. ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვია, პირველმოწეული; მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია; არ იჭმევა, იმდენად ცუდია.

3. მითხრა უფალმა: რას ხედავ, იერემია? მივუგე: ლეღვს, კარგი ლეღვი ძალიან კარგია, ცუდი ლეღვი - ძალიან ცუდი, არ იჭმევა, იმდენად ცუდია.

4. იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:

5. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ამ კარგი ლეღვებივით გამოვარჩევ გადასახლებულ იუდაელებს, რომელნიც გავუშვი ამ ადგილიდან ქალდეველთა ქვეყანაში მათდა სასიკეთოდ.

6. თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხერი მათ.

7. ჩავუდგამ მათ გულს, რათა მცნობდნენ, რომ უფალი ვარ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემკენ.

8. ცუდ ლეღვზე, რომელიც არ იჭმევა სიცუდის გამო, ასე თქვა უფალმა: ასე მოვექცევი იუდას მეფეს ციდკიას, მის მთავრებს, დანარჩენ იერუსალიმს, ამ ქვეყანაში რომ დარჩნენ, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ.

9. და გავხდი მათ საფრთხობელად და საუბედუროდ დედამიწის ყველა სამეფოში, სასირცხოდ, საარაკოდ, დასაცინად და შესაჩვენებლად ყველა იმ ადგილზგ, სადაც კი განვდევნი მათ.

10. მივუვლენ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, ვიდრე არ აღვგვი იმ ქვეყნიდან, რომელიც მათთვის და მათი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.


თავი ოცდამეხუთე

1. სიტყა, რომელიც იყო იერემიას მიმართ მთელს იუდას ერზე იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს (ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქთდთნოსორის, პირველი წელი),

2. და რომელიც უქადაგა იერემია წინასწარმეტყველმა მთელს იუდას ერს და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს.

3. იუდას მეფის, იოშია ამონის ძის მეცამეტე წლიდან ამ დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც მეცხადებოდა უფლის სიტყვა. თავდადებით, განუწყვეტლივ გიქადაგებდით, მაგრამ არ გესმოდათ.

4. გიგზავნიდათ უფალი თავის მორჩილებს, წანასწარმეტყველებს, განუწყვეტლივ გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ გაგონება არ გინდოდათ, ყურს არ ათხოვებდით მოსასმენად.

5. რომ გეუბნებოდნენ: მიატოვეთ თითოეულმა თქვენი ბოროტი გზა და თქვენი ბოროტი საქმეები, იცხოვრეთ იმ მიწაზე, უფალს რომ მოუცია თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის უკუნითი უკუნისამდეო;

6. ნუ მისდევთ უცხო ღმერთებს სამსახურებლად და თაყვანისსაცემად, ნუ გამაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით და მეც არაფერს დაგიშავებთო,

7. არ გესმოდათ ჩემი, ამბობს უფალი, რომ გაგეჯავრებინათ თქვენი ხელის ნამოქმედარით თქვენსავე საბოროტოდ.

8. ამიტომ ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები,

9. აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე. გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავს და სამარცხვინო სანახავს გავხდი, სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ.

10. აღვკვეთავ მათგან სიხარულის ხმას და ლხინის ხმას, სიძის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილის ხმას და ლამპრის ნათელს.

11. გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები.

12. შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი, ქალდეველთა ქვეყანას მათი დანაშაულის გამო; და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მათ.

13. ავახდენ ამ ქვეყანაზე ყველა სიტყვას, რაც მათზე მითქვამს, ყველაფერს, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, რაც კი იერემიას უწინასწარმეტყველნია ყველა ამ ხალხზე.

14. რადგან მათაც დაიმონებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები. მაგრამ მე მივაგებ მათ მათი საქმეებისამებრ და მათი ხელის ნამოქმედარისამებრ.

15. რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი.

16. შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის.

17. გამოვართვი თასი უფალს და შევასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გამაგზავნა უფალმა -

18. იერუსალიმს, იუდას ქალაქებს და მის მეფეებს და მთავრებს, რომ გაეოხრებინა, გაეხადა შემზარავი და სამარცხვიხო სანახავი და შეეჩვენებინა, როგორც დღეს არიან,

19. ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მორჩილთ და მთვრებს, მთელს მის ხალხს,

20. მთელს დასავლეთს, ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზას, ყეკრონს და აშდოდის ნატამალს,

21. ედომს და მოაბს, და ყამონელებს,

22. ტვიროსის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეებს,

23. დედანს და თემას და ბუზს, ყველას ვინც საფეთქელთან თმას იპარსავს,

24. არაბთა ყველა მეფეს, დასავლეთის ყველა მეფეს, უდაბნოში რომ ცხოვრობენ,

25. ზიმრის ყველა მეფეს, ელამის ყველა მეფეს და მიდიელთა ყველა მეფეს,

26. ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ერთმანეთის ახლობელს და შორებელს, ყველა ქვეყნის სამეფოს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს. მეფე შეშაქი მათ შემდეგ შესვამს.

27. უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით დათრობამდე და წამოარწყიეთ, დაწექით და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც ჩამოვაგდებ თქვენს შორის.

28. თუ უარს იტყვიან და არ გამოართმევენ თასს შესასმელად, უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: უნდა შესვათ!

29. რადგან, აჰა, სწორედ ამ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დავიწყებ განადგურებას. ხომ არ გგონიათ, დაუსჯელნი დარჩეთ? არ დარჩებით დაუსჯელნი, რადგან მახვილს მოვუხმობ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

30. უქადაგე მათ ეს სიტყვები და უთხარი: ზეგარდამო იგრგვინებს უფალი და თავისი წმიდა სადგომიდან მოიღებს ხმას; მეხივით იგრგვინებს თავის ფარეხზე, ყურძნის მწნეხავივით იყიჟინებს ქვეყნის ყველა მკვიდრზე.

31. ქვეყნის კიდემდე მიაწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს, ამბობს უფალი.

32. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან.

33. ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.

34. ვალალებდეთ, მწყემსებო! ჰკიოდეთ, მტვერი დაიყარეთ, ჯოგის პატრონებო, რადგან დადგა თქვენი დაკვლის ჟამი! გაგფანტავთ და ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით.

35. გასაქცევი აღარ გექნებათ მწყემსებს და თავშესაფარი - ჯოგის პატრონებს.

36. აჰა, ისმის მწყემსების კივილი და ჯოგის პატრონთა ვაების ხმა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვრებს.

37. დაიქცა მშვიდობიანი სადგომები უფლის ცეც ხლოვანი რისხვისგან.

38. გამოვიდა, როგორც ლომი, თავისი სადგომიდან, რადგან გაუდაბურდა მათი ქვეყანა დამღუპველი მახვილისგან და მისი ცეცხლოვანი რისხვისგან.


თავი ოცდამეექვსე

1. იუდას მეფის, იეჰოაკთმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა იყო ნათქვამი უფლისგან.

2. ამბობს უფალი: დადექი უფლის სასახლის ეზოში და ამცნე უფლის სახლში თაყვანისსაცემად იუდას ქალაქებიდან მოსულებს ეს სიტყვები, რომელიც გამოგიცხადე მათთვის სათქმელად. ერთი სიტყვაც არ დააკლო.

3. იქნებ გაიგონ და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან და მეც თავს შევიკავებ ბოროტისგან, რასაც მათ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.

4. უთხარი მათ: ასე ამბობს უფალი; თუ არ გამიგონებთ და არ მოიქცევით ჩემი რჯულის თანახმად, როგორც დამიწესებია თქვენთვის,

5. თუ არ გაუგონებთ ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს, რომელთაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, მაგრამ არ უგონებდით მათ,

6. ისევე მოვექცევი ამ სახლს, როგორც სილოამს მოვექეცი: დედამიწის ყველა ხალხის შესაჩვენებლად გავხდი ამ ქალაქს.

7. უსმენდნენ მღვდლები და წინასწარმეტყველნი იერემიას. როცა ის ამბობდა ამ სიტყვებს უფლის სახლში.

8. როცა დაასრულა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს, რომ ხალხისთვის ეთქვა, შეიპყრეს იგი მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა ყვირილით, მოსაკლავი ხარ!

9. რატომ ქადაგობ უფლის სახელით, რომ ამბობ, სილოამივით დაინგრევაო ეს სახლი და ეს ქალაქიც გაოხრდება და გაუკაცრიელდებაო? შემოადგა მთელი ერი იერემიას უფლის სახლში.

10. გაიგეს ეს ამბავი იუდას მთავრებმა, ავიდნენ სამეფო სახლიდან უფლის სახლში და დასხდნენ უფლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან.

11. მოახსენეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელს ერს: სასიკვდილოა ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საბოროტოდ ქადაგობს, როგორც თქვენი ყურით გაიგონეთ.

12. უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელს ერს: უფალმა მომავლინა, რომ ამ ქალაქის წინააღმდეგ მექადაგნა ყველა ეს სიტყვა, რაც გაიგონეთ.

13. ამიერიდან გამოისწორეთ ზნე და საქციელი და გაიგონეთ უფლის, თქვენ ღვთის ხმა. უფალიც თავს შეიკავებს ბოროტისგან, რასაც გიპირებთ.

14. მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ. რასაც სწორად და სამართლიანად მიიჩნევთ, ის მიყავით.

15. ოღონდ იცოდეთ, თუ მომკლავთ, უბრალო სისხლს დაიდებთ თქვენ, მთელი ქალაქი და მისი მკვიდრნი. რადგან ნამდვილად უფალმა მომავლინა, რომ თქვენს გასაგონად მელაპარაკნა ეს სიტყვები.

16. უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: არ არის ეს კაცი სასიკვდილო, რადგან უფლის, ჩვენი ღვთის სახელით გველაპარაკება.

17. წამოდგნენ ქვეყნის უხუცესთაგანნი და უთხრეს ხალხის მთელს კრებულს:

18. მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა იუდას მეფის, ხიზკიას დროს და ეუბნებოდა მთელს იუდას: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ყანად გადაიხნებაო სიონი და ქვის გროვად იქცევაო იერუსალიმი და ტაძრის მთა ტყის ბორცვადო.

19. განა მოუკლავთ იგი იუდას მეფეს ხიზკიას და მთელს იუდას? ხომ შეეშინდათ უფლისა და დაუწყეს ვედრება უფალს, და უფალმაც ხომ თავი შეიკავა ბოროტისგან, რასაც უპირებდა მათ. ჩვენ კი დიდ ბოროტებას ჩავდივართ ჩვენივე თავისთვის.

20. ერთი ვინმეც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით - ურია შემაყიას ძე, კირიათ-იეყარიმიდან. წინასწარმეტყველებდა ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ იერემიას სიტყვებით.

21. როცა გაიგეს მისი ნათქვამი მეფე იეჰოაკიმმა, მისმა მოყმეებმა და მთავრებმა, მოსაკლავად დაუწყო ძებნა მეფემ. გაიგო ურიამ, შეშინდა და ეგვიპტეში გაიქცა.

22. გააგზავნა მეფე იეჰოაკიმმა კაცები - ელთანან ყაქბორის ძე და სხვები მასთან ერთად ეგვიპტეში.

23. გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიჰგვარეს მეფე იეჰოაკიმს, რომელმაც მახვილს მისცა იგი და მისი გვამი მდაბიორთა სასაფლაოზე გადააგდებინა.

24. ხოლო იერემიას ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყო და არ მოეკლათ.


თავი ოცდამეშვიდე

1. იუდას მეფის, იეჰოაკიმ (ციდკია) იოშიას ძის მეფობის დასაწყისში იყო ეს სიტყვა იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი:

2. ასე მითხრა უფალმა: გააკეთე მოსართავები და უღელი და ქედზე დაიდე;

3. შეუთვალე ედომის მეფეს, მოაბის მეფეს, ყამონელთა მეფეს, ტვიროსის მეფეს და ციდონის მეფეს მოციქულთა პირით, რომელნიც იერუსალიმში მოვიდნენ ციდკიასთან, იუდას მეფესთან.

4. დაავალე მათ, ეს უთხრან თავ-თავის ბატონებს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ასე უთხარით თქვენს ბატონებს:

5. მე შევქმენი მიწა, ადამიანი და ბირუტყვი მიწის პირზე ჩემი დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით, და მას ჩავაბარე, ვინც წრფელად მიჩნდა ჩემს თვალში.

6. ამიერიდან მთელი ეს ქვეყნები ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ჩემს მორჩილს, უნდა ჩავაბარო ხელში; ველის მხეცებიც მისთვის ჩამიბარებია, რათა ემორჩილებოდნენ მას.

7. ყველა ხალხი დაემორჩილება მას, მის შვილს და მის შვილთაშვილს, ვიდრე არ დაუდგება ჟამი მის ქვეყანასაც, როცა დაიმორჩილებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები.

8. თუ იქნა ისეთი ხალხი და სამეფო, რომლებიც არ დაემორჩილებიან მას, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და ქედს არ მოიხრიან ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ; მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავსჯი ამ ხალხს, ამბობს უფალი, ვიდრე მისი ხელით საბოლოოდ არ გავანადგურებ.

9. თქვენ კი, ნუ დაუჯერებთ ნურც თქვენს წინასწარმეტყველებს, ნურც თქვენს მისნებს, ნურც თქვენს სიზმრებს, ნურც თქვენს მკითხავებს და ნურც თქვენს ჯადოქრებს, რომლებიც გეუბნებიან: ნუ დაემორჩილებით ბაბილონის მეფესო.

10. რადგან მხოლოდ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა მოშორდეთ თქვენს მიწას, რომ მე განგდევნოთ და დაიღუპოთ.

11. ხოლო ხალხს, რომელიც მოიხრის ქედს ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ და დაემორჩილება, დავტოვებ თავის მიწაზე, ამბობს უფალი; დაამუშავებენ მას და იცხოვრებენ იქ.

12. ციდკიას, იუდას მეფეს, ვუთხარი იგივე სიტყვები, რომ მოიხარეთ-მეთქი ქედი ბაბილონის მეფის უღლის ქვეშ, დაემორჩილეთ მას და მის ხალხს, და ცოცხალი გადარჩებით-მეთქი.

13. რისთვის უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ერი მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით, როგორც დაემუქრა უფალი იმ ხალხს, რომელიც არ დაემორჩილება ბაბილონის მეფეს.

14. ნუ დაიჯერებთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გეუბნებიან: არ დაემორჩილოთო ბაბილონის მეფეს. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.

15. რადგან მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი; ცრუდ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა განგდევნოთ და დაიღუპოთ თქვენს წინასწარმეტყველებთან ერთად.

16. მღვდლებსა და მთელს ამ ერს ველაპარაკე და ვუთხარი: ასე ამბობს-მეთქი უფალი: ნუ დაიჯერებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომ გიქადაგებენ: აჰა, სადაც არის დაბრუნდება ბაბილონიდან უფლის სახლის ჭურჭელიო. რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ.

17. ნუ დაუჯერებთ მათ, დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს და ცოცხლები დარჩებით. რისთვის უნდა აოხრდეს ეს ქალაქი?

18. თუ წინასწარმეტყველნი არიან ისინი და თუ უფლის სიტყვა აქვთ მათ, შეევედრონ ცაბაოთ უფალს, რომ უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილი ჭურჭელი არ წავიდეს ბაბილონს.

19. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი სვეტებზე, სპილენძის ავაზანზე, კვარცხლბეკებზე და ამ ქალაქში დარჩენილ სხვა ჭურჭელზე,

20. რომლებიც არ წაუღია ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, როცა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იუდას მეფე იექონია, იეჰოაკიმის ძე, იუდასა და იერუსალიმის წარჩინებულებთან ერთად.

21. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, უფლის სახლში, იუდას მეფის სახლში და იერუსალიმში დარჩენილ ჭურჭლებზე:

22. ბაბილონს იქნება წაღებული და იქ დარჩება, ვიდრე არ მოვხედავ მათ, ამბობს უფალი, და არ გამოვატანინებ და არ დავაბრუნებინებ ამ ადგილზე.


თავი ოცდამერვე

1. იმავე წელს, იუდას მეფის ციდკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს ხანანია ყაზურის ძემ, გაბაონელმა წინასწარმეტყველმა მითხრა უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ:

2. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დავლეწე ბაბილონის მეფის უღელი.

3. ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელს ჭურჭელს, რომელიც წაღებული აქვს ამ ადგილიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ბაბილონში.

4. იუდას მეფეს, იეჰქონია იეჰოაკიმის ძეს და მთელს გადასახლებულ იუდაელობას, რომელნიც ბაბილონში მივიდნენ, დავაბრუნებ ამ ადგილას, ამბობს უფალი, რადგან დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს.

5. უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდლებისა და უფლის სახლში მდგარი მთელი ხალხის თვალწინ.

6. თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: ამენ! ასე ქმნას უფალმა! აღასრულოს უფალმა შენი ნათქვამი, რაც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.

7. ოღონდ მოისმინე ეს სიტყვა, რასაც ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ხალხის გასაგონად.

8. წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემამდე და შენამდე იყვნენ დასაბამიდან, ომს, უბედურებას და შავ ჭირს უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სახელმწიფოებს;

9. წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასმეტყველებდა, მხოლოდ მისი წინასწარმეტყველების სიტყგის ახდენის შემდეგ სცნობდნენ წინასწარმეტყველად და ჭეშმარიტად უფლის მოციქულად.

10. მაშინ ჩამოხსნა ქედიდახ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველს და დალეწა.

11. თქვა ხანანიამ მთელი ხალხის თვალწინ: ასე ამბობს უფალი: ამნაირად დავლეწავ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის ქედზე. და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.

12. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დალეწა ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი იერემია წინასწარმეტყველის ქედზე:

13. წადი და უთხარი ხანანიას, ასე ამბობს-თქო უფალი, ხომ დალეწე ხის უღელი, ახლა რკინის უღელი გაიკეთე მის ნაცვლად.

14. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რკინის უღელს დავადგამ ქედზე ამ ხალხებს, რათა დაემორჩილონ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, და დაემორჩილებიან კიდეც; ველის მხეცებსაც მას ჩავაბარებ.

15. უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: მისმინე, ხანანია. უფალს არ მოუვლენიხარ და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.

16. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, წარგავლენ მიწის პირიდან. წელს მოკვდები, რადგან უფლისგან განდგომას ქადაგებ.

17. და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს.


თავი ოცდამეცხრე

1. ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერუსალიმიდან გაუგზავნა იერემია წინასწარმეტყველმა გადასახლებაში მყოფი უხუცესიაბის დანარჩომს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და ყველას, ვინც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იერუსალიმიდან ბაბილონში.

2. (ეს მას მერე მოხდა, რაც მეფე იექონია, დედოფალი, კარისკაცები, იუდასა და იერუსალიმის მთავრები, ხუროები და მჭედლები წავიდნენ იერუსალიმიდან);

3. გაუგზავნა ელყასა შაფანის ძის და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც მიავლინა იუდას მეფემ ციდკიამ ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ბაბილონში.

4. ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში გადავასახლე:

5. აშენეთ სახლები და დასახლდით, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფები;

6. ითხოვეთ ცოლები და გააჩინეთ ვაჟები და ასულები; უთხოვეთ ცოლები ვაჟიშვილებს და გაათხოვეთ ასულები; გააჩინონ შვილები ვაჟებმაც და ასულებმაც. გამრავლდით მანდ და არ შემცირდეთ!

7. იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის, სადაც გადაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით თქვენც კეთილდღეობაში იქნებით.

8. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ შეგაცდინონ თქვენს შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა ან თქვენმა მისნებმა, არ დაუჯეროთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ;

9. რადგან სიცრუეა, რასაც ისინი გიქადაგებენ ჩემი სახელით; მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი.

10. რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც კი შეუსრულდება ბაბილონს სამოცდაათი წელი, მოგხედავთ და აგისრულებთ ჩემს სასიკეთო სიტყვას, ამ ადგილზე დაგაბრუნებთ-მეთქი.

11. რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი.

12. მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.

13. დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.

14. მოვიძებნები თქვენთვის, ამბობს უფალი. დაგიბრუნებთ წარტაცებულს, შემოგკრებთ ყველა ხალხისგან და ყველა ადგილიდან, სადაც კი გაგდებული მყავხართ, ამბობს უფალი; დაგაბრუნებთ იმ ადგილას, საიდანაც გადაგასახლეთ.

15. რომ ამბობთ, წინასწარმეტყველნი აღგვიდგინაო უფალმა ბაბილონში,

16. ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის მოსაყდრეზე, და მთელს ერზე, ამ ქალაქის მკვიდრზე, თქვენს ძმებზე, რომელნიც არ წამოსულან თქვენთან ერთად გადასახლებაში;

17. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, გავხდი მათ დამპალი ლეღვივით, საჭმელად რომ არ ვარგა;

18. მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავუწყებ დევნას, გავხდი საფრთხობელად ყველა სამეფოსთვის დედამიწის ზურგზე, შესაჩვენებლად, შესაზარად, სამასხროდ და სასირცხოდ ყველა ხალხში, სადაც გაგდებული მეყოლებიან.

19. იმის სანაცვლოდ, რომ არ ესმოდათ ჩემი სიტყვა, ამბობს უფალი, გიგზავნიდით ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველებს, გამუდმებით გიგზავნიდით და არ უსმენდით, ამბობს უფალი.

20. თქვენ მაინც გაიგონეთ უფლის სიტყვა, გადასახლებულნო, რომლებიც იერუსალიმიდან ბაბილონში მყავხართ გაგზავნილი.

21. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისრაელის ღმერთი, ახაბ კოლაიას ძეზე, და ციდკია მაყასიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიქადაგებენ ჩემი სახელით. აჰა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, ხელში ჩავაგდებ მათ და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ.

22. წყევლის იგავად შეიქნებიან ისინი ბაბილონში გადასახლებული იუდაელებისთვის, რომლებიც იტყვიან: გაგხადოს უფალმა ციდკიასავით და ახაბივით, რომლებიც ცეცხლში შეწვა ბაბილონის მეფემ

23. იმის გულისთვის, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს ისრაელში, რყვნიდნენ მეზობლის ცოლებს და სიცრუეს ქადაგებდნენ ჩემი სახელით, რაც არ დამივალებია მათთვის. მე ვიცი და მოწმე ვარ, ამბობს უფალი.

24. შემახია ნეხელამელს უთხარი:

25. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რაკი შენი სახელით წერილები დაუგზავნე იერუსალიმში მყოფ ხალხს, და მღვდელ სოფონიას, მაყასიას ძეს, და ყველა მღვდელს, რომ

26. უფალმა დაგადგინა მღვდლად იეჰოიადაყ მღვდლის ნაცვლად, რათა ყური გეგდო უფლის სახლში ყოველ ბნედიანისთვის, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ხუნდებში ჩაგესვა და დილეგში ჩაგეგდო,

27. ახლა რატომ არ ამხილებდი იერემია ყანათოთელს, წინასწარმეტყველად რიამ გაგიხდათ.

28. რადგან ჩვენც გვითვლიდა ბაბილონში, ხანგრძლივიაო ეს ამბავი! აშენეთ სახლები და დასახლდით, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფიო.

29. ხმამაღლა წაუკითხა სოფონია მღვდელმა ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველს.

30. მაშინ იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:

31. შეუთვალე გადასახლებულებს: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: რაკი გიქადაგებთ შემაყია, რომელიც მე არ მომივლენია, და ტყუილად გაიმედებთ,

32. ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის მოდგმას; კაციშვილი არ დარჩება მისგან ამ ერში, ვერ იხილავს სიკეთეს, რასაც ჩემს ერს გაუკეთებ, ამბობს უფალი, რადგან უფლისაგან განდგომას ქადაგებდა.


თავი ოცდამეათე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი:

2. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ჩაიწერე წიგნში ყოველი სიტყვა, რაც გითხარი.

3. რადგან, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა დავაბრუნებ ჩემი ერისგან - ისრაელისგან და იუდასგან წარტაცებულს, ამბობს უფალი; დავაბრუნებ მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას, და დაიმკვიდრებენ მას.

4. ეს სიტყვებია, რომელნიც ილაპარაკა უფალმა ისრაელზე და იუდაზე.

5. სწორედ ასე თქვა უფალმა: შიშის ხმა გვესმის, თავზარისა, არა მშვიდობის.

6. იკითხეთ, მიიხედ-მოიხედეთ, თუ შობს მამაკაცი? რატომღა ვხედავ, რომ წელზე უჭირავს ხელები ყოველ ვაჟკაცს მშობიარე ქალივით და ყველას მწვანე ფერი დასდებია სახეზე?

7. ვაი, რა დიდია ეს დღე! არ ყოფილა მისი მსგავსი. გასაჭირის ჟამია იგი იაკობისთვის და მისგანვეა მისი ხსნა.

8. იმ დღეს იქნება, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავლეწავ მის უღელს შენს ქედზე და დავწყვეტ შენს საკვრელებს. ვეღარ დაიმორჩილებს მას უცხო ხალხი.

9. დაემორჩილებიან უფალს, თავიანთ მეფეს, რომელსაც მე აღვუდგენ.

10. შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი; ნუ ფრთხი, ისრაელ, რადგან აჰა, დავიხსნი შენ თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი, იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ, და აღარ იქნება დამაფრთხობელი.

11. რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ გიხსნა; რადგან ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც მყავხარ გაფანტული; შენ კი არ მოგიღებ ბოლოს; ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.

12. რადგან, ასე ამბობს უფალი, უკურნებელია შენი ჭრილობა, სამემკვიდრეოა შენი წყლული.

13. არავის გეყოლება განმკითხველი, არავინ მოგივა ჭრილობის შესახვევად.

14. ყველა მეგობარმა დაგივიწყა და არ კითხულთბენ შენს ამბავს, რადგან მტერივით მყავხარ ნაგვემი და სასტიკად დასჯილი დიდი დანაშაულის გამო; გაგიმრავლდა ცოდვები.

15. რატომ გაკვნესებს შენი ჭრილობა, უკურნებელი სატკივარი? შენი დიდი დანაშაულის გამო, ცოდვები რომ გაგიმრავლდა, გიყავი ეს ყველაფერი.

16. და მაინც შეიჭმებიან შენი შემჭმელები, შენი მტრები, ტყვეობაში წავლენ ყველანი. აოხრდებიან შენი ამაოხრებლები, გავაძარცვინებ შენს მძარცველებს.

17. ჭრილობებს შეგიხორცებ და განგიკურნავ სატკივარს, ამბობს უფალი; რადგან მოკვეთილი გიწოდეს. ეს არის სიონი, რიმლის ამბავსაც არ კითხულთბენ.

18. ასე ამბობს უფალი: აჰა, დავაბრუნებ იაკობის კარვებისგან წარტაცებულს და შევიწყალებ მის დაბებს; აშენდება ქალაქი თავის მიწაყრილზე და სასახლე თავის ადგილზე დაფუძნდება.

19. გამოვა მათგან სამადლობელი და ხმა სიცილისა; გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან; განვადიდებ და არ დამცირდებიან.

20. იქნებიან მისი შვილები ძველებურად და მისი კრებული მტიცედ იდგება ჩემს წინაშე; და დავსჯი მის დამთრგუნველებს.

21. მისგანვე იქნება მისი მთავარი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი განმგებელი. მოგიახლოებ მას და ისიც ახლოს მოვა; რადგან ვინ გაბედავს ჩემთან მოსვლას? ამბობს უფალი.

22. იქნებით ჩემი ერი და მეც თქვენი ღმერთი ვიქნები.

23. აჰა, უფლის ქარიშხალი - რისხვა აღიძრა, ქაბორბალა დაატყდება თავს ბოროტეულთ.

24. არ განელდება უფლის ცეცხლოვანი რისხვა, ვიდრე არ აღასრულებს, არ აახდენს განზრახულს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას.

25. იმხანად, ამბობს უფალი, ისრაელის ყველა ტომის ღმერთი ვიქნები და ჩემი ერი იქნებიან ისინი.


თავი ოცდამეთერთმეტე

1. ასე ამბობს უფალი: უდაბნოში ჰპოვა მადლი მახვილს გადარჩენილმა ხალხმა; წავალ, შვება რომ მიავუგანო მას, ისრაელს.

2. შორიდან მომევლინა უფალი: სამარადისო სიყვარულით შეგიყვარე, ამიტომაც მადლი შეგინახე.

3. კვლავ აგაშენებ და აშენებული იქნები, ისრაელის ქალწულო. კვლავ შეამკობ შენს დაირებს და მხიარულად იროკებ.

4. კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე; ვინც გააშვნებს, ის მოისთვლის.

5. რადგან დადგება დღე და გამოაცხადებენ ებგურები ეფრემის მთაზე: ადექით, ავიდეთ სიონზე უფალთან, ჩვენს ღმერთთან.

6. რადგან ასე ამბობს უფალი: უზეიმეთ სიხარული იაკობს, იყიჟინეთ ხალხთა შორის უპირველესისთვის, გამოაცხადეთ, ადიდეთ და იძახეთ: შენ იხსენი, უფალო, შენი ერი, ისრაელის ნატამალი!

7. აჰა, წამოვიყვან მათ ჩრდილო ქვეყნიდან და თავს მოვუყრი ქვეყნას კიდეებიდან; მათთან იქნებიან ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე, დიდი კრებული დაბრუნდება აქეთ.

8. ტირილით წამოვლენ და მეც ნუგეშისცემით წამოვუძღვები; წყლის პირებზე ვატარებ სწორი გზებით, არ წაიფორხილებენ, რადგან ისრაელის მამა ვარ მე და ეფრემი ჩემი პირმშოა.

9. ისმინეთ, უფლის სიტყვა, ხალხებო! გამოუცხადეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: ვინც გაფანტა ისრაელი, იგივე შეკრებს, მწყემსივით დაიფარავს თავის ფარას.

10. რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი, გამოიხსნა მასზე ძლიერის ხელიდან.

11. მოვლენ და ზეიმს გამართავენ სიონის მაღლობზე; გაეშურებიან უფლის დოვლათისკენ - ხორბლისკენ, ღვინისკეხ, ზეთისკენ და ცხვარ-ძროხისკენ. თავად მორწყულ ბაღს დაემსგავსებიან და არ დაჭკნებინ არასოდეს.

12. მაშინ გაიხარებს ქალწული ფერხულში, გაიხარებენ ჭაბუკები და ბერიკაცები. გლოვას სიხარულად შევუცვლი, ვანუგეშებ და მწუხარებას გავუქარვებ.

13. დავყურსავ მღვდლებს პოზიერი მსხვერპლით და ჩემი ერი გაძღება ჩემი დოვლათით, ამბობს უფალი;

14. ასე ამბობს უდალი: ხმა ისმის რამათში, მოთქმა და მწარე ტირილი; რახილი დასტირის თავის შვილებს, არ სურს ნუგეში თავის შვილებზე, რადგან აღარ არიან ისინი.

15. ასე ამბობს უფალი, თავი შეიკავე ტირილისგან და ნუღარ დაღვრი ცრემლებს, რადგან არის შენი შრომის საზღაური, ამბობს უფალი; დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.

16. არის იმედი შენი მომავლისაა ამბობს უფალი, დაუბრუნდებიან შენი შვილები თავის საზღვრებს.

17. ცხადად მომესმა, რომ წუხს ეფრემი: მსჯიდი და დასჯილი ვარ შენგან, როგორც გაუხედნელი მოზვერი. მომაქციე და მოვიქცევი, რადგან შენ ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.

18. რადგან მოქცევის შემდეგ მოვინანიებ და დასჯის შემდეგ თეძოებზე ხელებს დავიცემ; შერცხვენილი ვარ და გაწბილებული, რადგან ჩემი სიყმაწვილის სირცხვილს ვატარებ.

19. განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი.

20. აღმართე ნიშები, ჩააყუდე სამანები და დაუკვირდი გზას, სადაც მიდიხარ. დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო! დაუბრუნდი ამ შენს ქალაქებს!

21. როდემდის უნდა იწანწალო, განდგომილო ასულო? სიახლე მოიტანა უფალმა ქვეყანაზე: დიაცი იფარავს ვაჟკაცს.

22. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ამას იტყვიან იუდას ქვეყანაში და მის ქალაქებში, როცა დავაბრუნებ მათ წარტაცებულს: გაკურთხოს უფალმა, სიმართლის სადგურო, მთაო წმიდავ!

23. დასახლდება იქ იუდა თავის ქალაქებთან ერთად, მიწისმუშაკნი და ჯოგებთან მოარულნი.

24. რადგან სულს მოვათქმევინებ დაღლილ-დაქანცულს და ყოველ ღონემიხდილს.

25. ამაზე გამეღვიძა და დავინახე, რომ მეამა ძილი.

26. აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავთესავ ისრაელის სახლში და იუდას სახლში ადამის თესლს და პირუტყვის თესლს.

27. როგორც ვუთვალთვალებდი მათ აღმოსაფხვრელად და გასანადგურებლად, დასამხობად და მოსასპობად, და გასაუბედურებლად, ასევე კვლავაც ვუთვალთვალებ, რომ ვაშენებდე და ვრგავდე, ამბობს უფალი.

28. იმხანად აღარ იტყვიან: მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები.

29. რადგან ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება.

30. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.

31. არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდევი მათ მამა-პაპას, როცა ხელჩაკიდებული გამომყავდა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან. დაარღვივს ის ჩემი აღთქმა, თუმცა მე მათი პატრონი ვიყავი, ამბობს უფალი.

32. რადგან ეს არის ის აღთქმა, რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ. მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან.

33. აღარ დაუწყებენ სწავლებას ერთმანეთს, მეზობელი მეზობელს და ძმა ძმას: შეიცანი უფალიო! რადგან ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე, ამბობს უფალი, რადგან ყველას ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს.

34. ასე ამბობს უფალი, რომელიც გვაძლევს მზეს დღის გასანაათებლად, მთვარისა და ვარსკვლავთა წესებს ღამის გასანათებლად, რომელიც აღძრავს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს და რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.

35. თუ ეს წესები მომეშალა, ამბობს უფალი, მაშინ ისრაელის მოდგმაც შეწყდება და აღარ მეყოლება სამუდამოდ ჩემს ერად.

36. ასე ამბობს უფალი: თუ მაღლა ცა გაიზომება და დაბლა მიწის საფუძვლები გამოიკვლეეა, მაშინ მეც მოვიძულებ ისრაელის მთელს მოდგმას ყველაფრისთვის, რაც კი მას ჩაუდენია, ამბობს უფალი.

37. აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, და აუშენდება ქალაქი უფალს ხანანიელის გოდლიდან კუთხის კარიბჭემდე;

38. გადასწვდება გამზომი თოკი გარების მთას და გოყათს შემოუვლის.

39. მთელი ხეობა გვამებისა და ნაცრისა, ყველა ნახანძრალი ადგილი კიდრონის ხევამდე და ცხენთა კარიბჭის კუთხემდე აღმოსავლეთით - უფლის წმიდა იქნება. არ აღმოიფხვრის, არ განადგურდების უკუნითი უკუნისამდე.


თავი ოცდამეთორმეტე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან იუდას მეფის, ციდკიას მეათე წელს. ეს წელი იყო ნაბუქოდონოსორის მეთვრამეტე წელი.

2. მაშინ გარს ადგა ბაბილონის მეფის ჯარი იერუსალიმს, ხოლო იერემია წინასწარმეტყველი საპატიმროში იყო გამომწყვდეული, იუდას მეფის სასახლეში,

3. სადაც დაამწყვდია იგი იუდას მეფემ, ციდკიამ, ამ სიტყვებით: რატომ ქადაგებ, ასე ამბობსო უფალი, აჰა, ხელში ჩავუგდებო ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და დაიპყრობსო?

4. ვერ წაუვაო იუდას მეფე ციდკია ხელიდან ქალდეველებს, რადგან ხელში ჩაუვარდებაო ბაბილონის მეფეს; პირისპირ ექნებაო ლაპარაკი და საკუთარი თვალით შეხედავენო ერთმანეთს.

5. ბაბილონში წაიყვანს ციდკიას და იქ იქნება, ვიღრე მე არ მოვიკითხავო მას, ამბობს უფალი; თუ შეებრძოლებით ქალდეველებს, არ გაგიმარჯვდებათო.

6. თქვა იერემიამ: იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

7. აჰა, ხანამიელ შალუმის ძე, შენი ბიძაშვილი, მოდის შენთან, რომ გითხრას: იყიდე ჩემი ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, რადგან შენ გევალება მისი ყიდვა სანათესაო წესის თანახმად.

8. მოვიდა ჩემთან ხანამიელი, ჩემი ბიძაშვილი, უფლის სიტყვისამებრ, საპატიმროში და მითხრა: იყიდე ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, ბენიამინის მხარეში, რადგან შენ გეკუთვნის მემკვიდრეობით და შენია გამოსყიდვის უფლება. იყიდე. მაშინ მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო.

9. ვიყიდე ყანა ხანამიელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში, და მივუწონე ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი.

10. დავწერე წიგნი, დავბეჭდე, დავუძახე მოწმეებს და სასწორზე ავწონე ვერცხლი.

11. ავიღე ნასყიდობის წიგნი, წესისა და კანონის მიხვდვით დაბეჭდილი, და მისი ღია ასლი,

12. და მივეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, ხანმიელის, ჩემი ბიძაშვილის თვალწინ, მოწმეების თვალწინ, რომელთაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის წიგნს, და ყველა იუდაელის თვალწინ, რომელნიც საპატიმროში ისხდნენ.

13. დავავალე მათ თვალწინ ბარუქს და ვუთხარი:

14. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აიღე ეს დაწერილები - ეს ნასყიდობის წიგნი, როგორც დაბეჭდილი, ისე ღია, და ჩადევი თიხის ჭურჭელში, რომ დიდხანს ინახებოდეს.

15. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: კვლავაც იქნება ყიდვა-გაყიდვა სახლებისა, ყანებისა და ვენახებისა ამ ქვეყანაში.

16. გადავეცი ნასყიდობის წიგნი ბარუქ ნერიას ძეს და ასე ვილოცე უფლისადმი,

17. ეჰა, უფალო ღმერთო! შენი შექმნილია ცა და მიწა დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით. არაფერია შენთვის შეუძლებელი.

18. წყალობას მოაფენ ათასებზე და შვილებს მოჰკითხავ მამების დანაშაულს მათ შემდეგ, დიდო ღმერთო, ძლიერო, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.

19. დიდგანმზრახველო და მრავალმოქმედო, რომელსაც ღია გაქვს თვალები ადამის ძეთა საქციელის მიმართ, რათა მიაგო თითოეულს თავისი საქციელისა და თავისი ნამოქმედარის მიხედვით.

20. რომელმაც მოახდინე ნიშები და სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში, და დღემდე ახდენ ისრაელში და ადამის მოდგმაში, და მოიხვეჭე სახელი, როგორიც დღესა გაქვს.

21. შენ გამოიყვანე შენი ერი ისრაელი ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშებითა და სასწაულებით, მაგარი ხელითა და მოღერებული მკლავით, დიდი შიშისზარის მეოხებით.

22. მიეცი მათ ეს ქვეყანა, რომელიც მათთვის გქონდა აღთქმული მისაცემად, ქვეყანა, რძითა და თაფლით მდინარი.

23. მოვიდნენ და დაიმკვიდრეს იგი, მაგრამ არ გაიგონეს შენი ხმა, არ იარეს შენს რჯულზე, არ შეასრულეს შენი ნაბრძანები და შენ შეამთხვიე მათ ყველა ეს უბედურება.

24. აჰა, მიწაყრილები შემოადგა ქალაქს მის დასაპყრობად; მახვილს, შიმშილსა და შავ ჭირს მიცემული ქალაქი უვარდება ხელში ქალდეველებს, რომლებიც უტევენ მას. უკვე ახდა შენი ნათქვამი, თავადაც ხედავ.

25. და მაინც მეუბნები, უფალო ღმერთო: იყიდე ყანა ვერცხლით და მოწმეებს დაუძახეო. მაშინ როცა ქალაქი ქალდეველებს ჩაუვარდა ხელში.

26. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:

27. აჰა, მე ვარ უფალი, ყოველი ხორციელის ღმერთი! განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?

28. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებს და ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რომელიც დაიპყრობს მას.

29. მოვლენ ქალდეველები, რომლებიც უტევენ ამ ქალაქს, ცეცხლში დასწვავენ ამ ქალაქს, გადაბუგავენ სახლებიანად, რომლის ბანებზე ბაალს უკმევდნენ და უცხო ღმერთებს უღვრიდნენ საღვრელს ჩემს გასაჯავრებლად;

30. რადგან მხოლოდ ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში ისრაელიანები და იუდაელები სიყმაწვილიდანვე; რადგან მხოლოდ მაჯავრებდნენ ისრაელირები თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამბობს უფალი.

31. რადგან ჩემს რისხვად და წყრომად მყავს ეს ქალაქი მისი აშენებიდან დღემდე, რომ თავიდან მოვიშორო იგი

32. ისრაელიანთა და იუდაელთა ყველა ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად სჩადიოდნენ თავად ისინი, მათი მეფეები, მათი მთავრები, მათი მღვდლები და მათი წინასწარმეტყველები, ყოველი იუდაელი და იერუსალიმის მცხოვრები.

33. ზურგი მომაქციეს, არა სახე; ვასწავლიდი მათ, გამუდმებით ვასწავლიდი, მაგრამ არავინ იყო გამგონე, რომ ჭკუა ესწავლათ.

34. დგამდნენ თავიანთ სისაძაგლეებს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდებოდა, რათა შეებღალათ იგი.

35. აშენებდნენ ბაალის გორაკებს ბენ-ჰინომის ველზე, რომ საკუთარი ვაჟები და ასულები შეეწირათ მოლოქისთვის, რაც არ მიბრძანებია მათთვის, ფიქრადაც არ მომსვლია, თუ ასეთი სიბილწის ჩადენა შეიძლებოდა იუდას შესაცდენად.

36. ახლა კი, ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი ამ ქალაქზე, რომელზეც თქვენ ამბობთ: მახვილის, შიმშილის და შავი ჭირის წყალობით ჩაუვარდაო ხელში ბაბილონის მეფეს.

37. აჰა, თავს მოვუყრი მათ ყოველი ქვეყნიდან, სადაც გავრეკე ისინი ჩემი მძვინვარე რისხვითა და დიდი წყრომით; დავაბრუნებ ამ ადგილზე და საიმედოდ დავასახლებ.

38. ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები.

39. ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ.

40. დავდებ მათთან სამარადისო აღთქმას, რომ აღარ მივატოვებ მათ და სიკეთეს არ მოვაკლებ; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ.

41. გავიხარებ მათით, რომ შემეძლება სიკეთე ვუყო; მტკიცედ დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით.

42. რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა სიკეთეს, რაც აღვუთქვი.

43. იყიდიან ყანებს ამ ქვეყანაში, რომელზეც თქვენ ამბობთ, გაუდაბურდაო, ადამიანის და პირუტყვის ჭაჭანება არ არის, ქალდეველებს ჩაუვარდათ ხელში.

44. ვერცხლით იყიდიან ყანებს, ჩაწერენ წიგნში და დაბეჭდავენ, დაუძახებენ მოწმეებს ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში, იუდას ქალაქებში, მთისა და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში; რადგან დავაბრუნებ მათ წარტაცებულს, ამბობს უფალი.


თავი ოცდამეცამეტე

1. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ მეორეგზის, როცა ჯერ კიდევ საყრობილეში იყო დამწყვდეული.

2. ასე ამბობს უფალი, რომელმაც შექმნა მიწა, და უფალი, რომელმაც გამოსახა იგი, რათა დაეფუძნებინა. უფალია მისი სახელი.

3. დამიძახე და პასუხს გაგცემ და გამოგიცხადებ დიდსა და მიუწვდომელ რასმე, რაც აქამდე არ იცოდით.

4. რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებზე და იუდას მეფის სახლებზე, რომლებიც დაინგრა მიწაყრილებისა და მახვილის წინაშე,

5. როცა მოვიდნენ ქალდეველები საბრძოლველად და მათ ასავსებად ადამიანთა გვამებით, რომელნიც მე გავწყვიტე რისხვითა და წყრომით, რადგან მათი ბოროტების გამო პირი შევაქციე ამ ქალაქს.

6. აჰა, შევუხორცებ მას ჭრილობას და განვკურნავ, მოვარჩენ მათ და გამოვუჩენ მათ უზომო მშვიდობასა და სიმტკიცეს;

7. დავაბრუნებ იუდას და ისრაელის წარტაცებულს და წინანდებურად ავაშენებ მათ.

8. გავწმედ მათ ყოველგვარი დანაშაულისგან, რითაც შემცოდეს, და ვაპატიებ ყოველგვარ დანაშაულს, რითაც შემცოდეს და განმიდგნენ.

9. სიხარულის წყაროდ იქცევა ჩემთვის იერუსალიმი და საქებ-სადიდებლად - ქვეყნის ხალხებისთვის, რომლებიც გაიგებენ ყველა სიკეთეს, რასაც გავუკეთებ მას. შეშინდებიან და თავზარი დაეცემათ ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან.

10. ასე ამბობს უფალი: კვლავ გაისმება ამ ადგილას, რომლის გამოც ამბობთ, გაუდაბურდაო, არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, - იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში, აწ უკაცრიელში, სადაც არც კაცი, არც პირუტყვი არ ჭაჭანებს,

11. ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.

12. ასე ამბობს ცაბაოთ უდგლი: ამ გაუდაბურებულ ადგილზე და მის ქალაქებში, სადაც არ ჭაჭანებს არც ვაცი, არც პირუტყვი, კვლავ გაჩნდება მწყემსთა ბინები, მათი ჯოგის სადგომები.

13. მთისა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებში, ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში და იუდას ქალაქებში კვლავ გაივლის ცხვარი მისი დამთვლელის ხელში, ამბობს უფალი.

14. აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა უნდა ავახდინოთ სასიკეთო სიტყვა, რასაც ისრაელის სახლს და იუდას სახლს დავპირდი.

15. იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.

16. იმ ხანებში თავს დაიხსნის იუდა და საიმედოდ დამკვიდრდება იერუსალიმი და ეს იქნება მისი სახელი: უფალი ხსნაა ჩვენი.

17. რადგან ასე ამბობს უფალი: არ მოაკლდება მემკვიდრე დავითს, ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომარე.

18. არ მოაკლდებათ ლევიანთა მღვდლებს მემკვიდრე, ჩემს წინაშე აღსავლენის შემწირველი, ძღვენის მკმეველი და საკლავის მიმტანი სამარადისოდ.

19. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:

20. ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,

21. მაშინ დაირღვევა ჩემი აღთქმაც დავითთან - ჩემს მორჩილთან, რომ აღარ ეყოლოს ძე მის ტახტზე გასამეფებელი, და ლევიან მღვდლებთან - ჩემს მსახურებთან.

22. როგორც ცის მხედრობაა აღურაცხელი და ზღვის ქვიშაა განუზომელი, ასევე გავამრავლებ ჩემი მორჩილის - დავითის თესლს, და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან მე.

23. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:

24. ხომ დაინახე, რას ამბობს ეს ხალხი: მოიშორაო უფალმა თავისი რჩეული ორი ტომი? ისე შეიძულეს ჩემი ერი, რომ ხალხადაც აღარ მიაჩნიათ.

25. ასე თქვა უფალმა: რომ არ დამედო ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ღამის მიმართ, და წესი ცისა და მიწისთვის,

26. მაშინ იაკობისა და დავითის - ჩემი მორჩილის მოდგმასაც მოვიძულებდი და არ ავიყვანდი მისი თესლიდან ხელმწიფეებს აბრაამის, ისაკის და იაკობის თესლისთვის, რადგან ვაპირებ დავაბრუნო მათი წარტყვევნილნი და შევიწყალო ისინი.


თავი ოცდამეთოთხმეტე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან ნათქვამი, როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრითურთ, მისი ხელქვეითი სამეფოები და ხალხები უტევდნენ იერუსალიმს და მის დაბებს.

2. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას მეფეს, ციდკიას, უთხარი მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დასწვავს მას.

3. თავად შენ ვერ დაუსხლტები ხელიდან, არამედ შეგიპყრობენ და ხელში ჩაუვარდები. შენი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს და მისი ბაგე ილაპარაკებს შენს ბაგესთან. წახვალ ბაბილონში.

4. მაინც ისმინე უფლის სიტყვა, ციდკია, იუდას მეფევ! ასე ამბობს უფალი შენზე: მახვილით სიკვდილი არ გიწერია.

5. მშვიდად მოკვდები და, როგორც შენს მამა-პაპას, შენს წინამორბედ მეფეებს, უკმევდნენ საკმეველს, ასევე შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონოო, დაგიტირებენ. ნამდვილად ახდება ჩემი ნათქვამი, ამბობს უფალი.

6. უამბო იერემია წინასწარმეტყველმა ციდკიას, იუდას მეფეს, ყოველი ეს სიტყვა იერუსალიმში.

7. ხოლო ბაბილონის მეფის ლაშქარი შემოსდგომოდა იერუსალიმს და იუდას დანარჩენ ქალაქებს - ლაქიშს და ყაზეკს, რადგან ესენიღა იყვნვნ იუდას ქალაქებს შორის გამაგრებულნი.

8. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიამ აღთქმა დაადებინა მთელს ხალხს, ვინც კი იერუსალიმში იყო, რომ აზატობა გამოეცხადებინათ,

9. რომ ყველას გაეთავისუფლებინა თავისი ყმა და მხევალი, ებრაელი კაცი და ქალი, რათა აღარავის ჰყოლოდა ყმად თავისი მოძმე ებრაელი.

10. დამორჩილდნენ მთავრები და მთელი ხალხი, ვისაც კი აღთქმა ჰქონდა დადებულთ, რომ გაათავისუფლებდნენ თავ-თავის ყმებსა და მხევლებს და აღარ ეყოლებოდათ ყმა. დამორჩილდნენ და გაათავისუფლეს.

11. მაგრამ ამის შემდეგ გამოეცვალათ გუნება და დაიბრუნეს ყმები და მხევლები, რომლებიც გათავისუფლებული ჰყავდათ, და აიძულეს ისინი კვლავ ყმები და მხევლები გამხდარიყვნენ.

12. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ უფლისგან ნათქვამი:

13. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავდევი აღთქმა თქვენს მამა-პაპასთან, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, გამომყავდა ისინი, ვუთხარი:

14. ყოველ მეშვიდე წელს გაუშვით თითოეულმა თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურებოდათ; თავისუფლად გაუშვი-მეთქი შენგან. მაგრამ არ გამიგონა თქვენმა მამა-პაპამ და ყური არ მათხოვა.

15. თქვენ მოინანიეთ და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში რომ თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადა თავის მოძმეს და ჩემს წინაშე აღთქმა დადო ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.

16. მერე გუნება გეცვალათ და შელახეთ ჩემი სახელი, დაიბრუნეთ თითოეულმა ყმა და მხევალი, რომლებიც გაშვებული გყავდთთ მათ ნებაზე, და აიძულეთ ისინი კვლავ ყმებად და მხევლებად გაგხდომოდნენ.

17. ამიტომ ასე ამბობს უფალი: რაკი არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავის მახლობელი, აჰა, მე გამოვუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და გაგხდით სააბუჩოდ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.

18. ჩავაგდებ ჩემი აღთქმის დამრღვევებს, ვინც არ შეასრულა აღთქმის სიტყვები, ჩემს წინაშე რომ დადეს, როცა ორად გახლიჩეს ხბო და მის ნაწილებს შორის გაიარეს,

19. იუდას მთავრებს და იერუსალიმის მთავრებს, კარისკაცებს და მღვდელებს, ქვეყნის მთელს ხალხს, რომლებმაც გაიარეს ხბოს ნაწილებს შთრის,

20. ჩავაგდებ მათ მათი მტრებისა და მათი მესისხლეების ხელში და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჯიჯგნი გახდება.

21. ხოლო ციდკიას, იუდას მეფეს, და მის მთავრებს ჩავაგდებ მათი მტრებისა და მესისხლეების ხელში, ბაბილონის მეფის ლაშქრის ხელში, რომელმაც ახლა დაგანებათ თავი და მოხსნა ალყა.

22. ასე ვბრძანებ, ამბობს უფალი, და მოვაბრუნებ მათ ამ ქალაქისკენ, შეუტევენ და აიღებენ მას და ცეცხლში დასწვავენ. უდაბნოდ ვაქცევ იუდას ქალაქებს და გავაუკაცურებ.


თავი ოცდამეთხუთმეტე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის დროს:

2. წადი რექაბიანთა თემში, ელაპარაკე და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში და ღვინო შეასვი.

3. წამოვიყვანე იაზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმები, მისი შვილები და რექაბიანთა მთელი თემი,

4. და მივიყვანე ისინი უფლის სახლში ღვთისკაცის, ხანან იგდალიას, სენაკში, რომელიც მთავართა სენაკის გვერდით იყო, მაყასეია შალუმის ძის, ზღურბლის მცველის, სენაკის ზემოთ.

5. წინ დავუდგი რექაბიანთა თემის შვილებს ღვინით სავსე თასები და ფიალები და ვუთხარი მათ: შესვით ღვინო.

6. თქვესა ღვინოს არა ვსვამთ, რადგან იონადაბ რექაბის ძემ, ჩვენმა წინაპარმა გვიანდერძა, ღვინოს ნუ დალევთ ნურასოდეს, ნურც თქვენ და ნურც თქვენი შვილებიო.

7. სახლებს ნუ ააშენებთ, თესლს ნუ დათესავთ, ვენახს ნუ გააშენებთ, ნურაფერს იქონიებთ; მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი სიცოცხლე, რათა დიდხანს იცოცხლოთ დედამიწის ზურგზე, სადაც მდგმურებად ხართო.

8. ჩვენც ვემორჩილებით იონადაბ რექაბის ძეს, ჩვენს წინაპარს, ყველაფერში, რაც გვიანდერძა: არ დავლიოთ ღვინო მთელი ჩვენი სიცოცხლე, არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ვაჟებმა და არც ჩვენმა ასულებმა,

9. არ ვაშენოთ სახლები საცხოვრებლად. არა გვაქვს არც ვენახი, არც ყანა, არც ნათესები;

10. ვცხოვრობთ კარვებში და ვემორჩილებით იონადაბს, ჩვენს წინაპარს, და ყველაუერს ისე ვაკეთებთ, როგორც გვიანდერძა.

11. როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მოადგა ქვეყანას, ჩვენ ვთქვით: წამო, წავიდეთ იერუსალიმში, გავეცალოთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს. და ვცხოვრობთ იერუსალიმში.

12. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი.

13. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი, უთხარი იუდას ხალხს და იერუსალიმის მცხოვრებლებს, ნუთუ აღარ ისწავლით ჭკუას და არ გაიგონებთ ჩემს ნათქვამს? ამბობს უფალი.

14. სრულდება იონადაბ რექაბის ძის ნაანდერძევი სიტყვები თავისი შთამომავლებისადმი, რომ არ დალიონ ღვინო, და დღემდე არ სვამენ, რადგან ემორჩილებიან თავიანთი წინაპრის ანდერძს. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, მაგრამ ჩემი გაგონებაც არ გინდოდათ.

15. გამუდმებით ვაბარებდი თქვენთან ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს: მოიქეცით ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს თაყვანსაცემად და დარჩებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მომიცია-მეთქი, მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ გამიგონეთ.

16. ასეა, ასრულებენ იონადაბ რექაბის შთამომავლები თავიანთი წინაპრის ნაანდერძევს. ამ ხალხს კი ჩემი გაგონება არ უნდა.

17. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვუვლენ იუდას და იერუსალიმის მცხოვრებლებს ყველა ბოროტებას, რითაც დავემუქრე მათ, იმის გამო, რომ ველაპარაკებოდი და არ მიგონებდნენ, ვუხმობდი და ხმას არ მცემდნენ.

18. რექაბიანთა თემს უთხრა იერემიამ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რაკი დაემორჩილეთ თქვენი წინაპრის, იონადაბის ნაანდერძევს, იცავთ მის ყოველ ნაანდერძევს და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიანდერძათ,

19. ამიტომაც, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არასოდეს მოაკლდეს იონადაბ რექაბის ძეს ჩემს წინაშე მდგომელი კაცი.


თავი ოცდამეთექვსმეტე

1. იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს იყო უფლისგან ეს სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:

2. აიღე საწერი გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე - იოშიას გამეფებიდან დღემდე.

3. იქნებ შეაფიქრიანოს იუდას სახლი ყველა უბედურებამ, რის ქმნასაც ვუპირებ მათ, იქნებ მიატოვონ თავიანთი ბოროტი გზა და ვაპატიო დანაშაული და შეცოდება.

4. უხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას კარნახით უფლის ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერემიასთვის უფალს.

5. დაავალა იერემიამ ბარუქს: მე დამწყვდეული ვარ, არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა.

6. შენ თვითონ წადი უფლის სახლში და, მარხვის დღეს, ხალხის გასაგონად წაიკითხე ეს გრაგნილი, რომელზეც ჩემი კარნახით გაქვს უფლის სიტყვები დაწერილი; მთელი იუდას ხალხის და მისი ქალაქვბიდან მოსულთა გასაგონად წაიკითხე.

7. იქნებ მისწვდეს მათი მუდარა უფალს და მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და წყრომა, რითაც დააშინა უფალმა ეს ხალხი.

8. ყველაფერი ისე გააკეთა ბარუქ ნერიას ძემ, როგორც დაავალა მას იერემია წინასწარმეტყველმა, რომ წაეკითხა წიგნიდან უფლის სიტყვები უფლის სახლში.

9. იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეხუთე წელს, მეცხრე თვეს, გამოუცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მთელს ხალხს და ყველას, ვინც კი იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში იყო მოსული.

10. წაიკითხა ბარუქმა წიგნიდან მთელი ხალხის გასაგონად იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარიას, შაფან მწერლის ძის ოთახში, რომელიც მდებარეობდა ზემო ეზოში, უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან.

11. გაიგონა მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის სიტყვები, წიგნიდან წაკითხული,

12. ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი, ელიშამაყ მწერალი, დალაია შემაყიას ძე, ელნათან ყაქბორის ძე, გემარია შაფანის ძე, ციდკია ხანანიას ძე და ყველა მთავარი.

13. მოახსენა მათ მიქაიამ ყოველი სიტყვა, რაც გაიგონა, როცა ბარუქი წიგნიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.

14. მაშინ გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი, ნეთანიას ძე, შელამიას ძე, ქუშის ძე და შეუთვალეს: აიღე ხელში გრაგნილი, რომელსაც ხალხის გასაგონად კითხულობდი, და მოდი. აიღო ბარუქ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მივიდა მათთან.

15. უთხრეს: დაჯექი და წაიკითხე ჩვენს გასაგონად. წაიკითხა ბარუქმაც მათ გასაგონად.

16. როცა მოისმინეს ყოველი სიტყვა, შეეშინდათ ერთმანეთის და უთხრეს ბარუქს: გვითხარი, რატომ ჩაიწერე მისი კარნახით ეს სიტყვვბი?

18. უთხრა მათ ბარუქმა: თავად მკარნახობდა ამ სიტყვებს და მეც ვიწერდი წიგნში მელნით.

19. უთხრეს მთავრებმა ბარუქს: წადი და დაიმალეთ შენ და იერემია, კაციშვილმა არ გაიგოს თქვენი სამყოფელი!

20. ეახლნენ კარზე მეფეს (გრაგნილი კი ელიშამაყ მწერლის ოთახში შეინახეს) და მოახსენეს მეფეს ყოველი სიტყვა.

21. გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ იგი ელიშამაყ მწერლის ოთახიდრ და წაიკითხა მეფისა და ყველა მთავრის გასაგონად, ვინც მეფესთან იდგა.

22. ხოლო მეფე საზამთრო სასახლეში იჯდა, რადგან მეცხრე თვე იყო, და მის წინ მაყალი ენთო.

23. წაიკითხავდა თუ არა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის დანით და ჩააგდებდა ცეცხლში, მაყალში რომ ენთო, ვიდრე მთელი გრაგნილი მთლიანად არ დაიწვა მაყალის ცეცხლში.

24. არ შეშინებულან, არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფეს და მის მორჩილთ, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.

25. კიდეც ევედრებოდნენ მეფეს ელნათანი, დელაია და გემარია, არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ გაუგონა მათ.

26. უბრძანა მეფემ უფლისწულ იერახმიელს, სერაია ყაზრიელის ძეს და შელემია ყაბდიელის ძეს, მოეყვანათ მწერალი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია. მაგრამ უფალმა დაიფარა ისინი.

27. იყო უფლის სიტყვა ირემიას მიმართ ნათქვამი მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი და ყოველი სიტყვა, რომელიც დაწერილი ჰქონდა ბარუქს იერემიას კარნახით:

28. აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყოველი სიტყვა, რაც იმ პირველ გრაგნილზგ ეწერა, რომელიც იუდას მეფემ, იეჰოაკიმმა დაწვა.

29. თქვი იეჰოაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უეჭველად მოვა ბაბილონის მეფე, ამოაგდებს ამ ქვეყანას, ამოაგდებს ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელსო?

30. ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰთაკიმ იუდას მეფეზე: არ ეყოლება მას შთამომავალი, დავითის მოსაყდრე. ეგდება მისი გვამი დღის ხვატში და ღამის ყინვაში.

31. დავსჯი მას, მის მოდგმას და მის მორჩილებს მათი დანაშაულის გამო; მოვუვლენ მათ - იერუსალიმის ყველა მცხოვრებს და იუდას ხალხს ყველა უბედურებას, რითაც ვემუქრებოდი, მაგრამ არ ესმოდათ.

32. აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა იგი ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყოველი სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც დაწვა ცეცხლში იეჰოაკიმმა, იუდას მეფემ. მას კიდევ დაემატა სხვა ბევრი მსგავსი სიტყვა.


თავი ოცდამეჩვიდმეტე

1. გამეფდა ქონია იეჰოაკიმის ძის ნაცვლად ციდკია იოშიას ძე, რომელიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გაამეფა იუდას ქვეყანაში.

2. არ ესმოდათ არც მას, არც მის მორჩილებს, არც მდაბიო ხალხს უფლის სიტყვები, რომელსაც იერემია წინასწარმეტყველის ხელით აცხადებდა იგი.

3. მიუგზავნა მეფე ციდკიამ იეჰუქალ შელემიას ძე და სოფონია მაყასეს ძე, მღვდელი, იერემია წინასწარმეტყველს, შეუთვალა: შეევედრე ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს.

4. მაშინ თავისუფლად მიდი-მოდიოდა იერემია, ჯერ კიდევ არ დაემწყვდიათ საპყრობილეში.

5. ამასობაში გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან და გაიგეს ეს ამბავი იერუსალიმზე მიმდგარმა ქალდეველებმა და მოხსნეს ალყა.

6. იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი;

7. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ შესაკითხად: აჰა, თავის ქვეყანაში, ეგვიპტეში, დაბრუნდება ფარაონის ლაშქარი, თქვენს დასახმარებლად რომ გამოვიდა.

8. მობრუნდებიან ქალდეველები, შეუტევენ ამ ქალაქს, აიღებენ და ცეცხლში დაწვავენ.

9. ასე ამბობს უფალი: თავს ნუ მოიტყუებთ, უეჭველად გაგვეცლებიანო ქალდეველები, რადგან არ გაგეცლებიან.

10. კიდეც რომ დაამარცხოთ ქალდეველთა მთელი ლაშქარი, თქვენ რომ გიტევთ, და მხოლოდ დაჭრილებიღა დარჩნენ მათგან თავ-თავის კარვებში, ისინი მაინც წამოდგებიან და გადაწვავენ ამ ქალაქს.

11. როცა ქალდეველთა ლაშქარი ფარაონის ლაშქრის შიშით გაეცალა იერუსალიმს,

12. დააპირა იერემიამ იერუსალიმიდან გასვლა, რომ წასულიყო ბენიამინის მხარეში, რათა იქ ხალხში წილი დაედო.

13. ბენიამინის კარიბჭესთან რომ მივიდა, იქ დახვდა საყარაულოს უფროსი, სახელად ირია ძე შელემიასი, ძე ხანანიასი, და მან შეიპყრო იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: ქალდეველებთან გადადიხარო!

14. მიუგო იერემთამ: ტყუილია. არ გადავდივარ ქალდეველებთან. მაგრამ არ დაუჯერა ირიამ იერემიას, შეიპყრო იგი და მთავრებთან მიიყვანა.

15. გაურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და ჩააგდეს საპატიმროში, იონათან მწერლის სახლში, რადგან სატუსაღო სახლად ჰქონდათ იგი.

16. როცა იერემია ჩავიდა დილეგში და კარგა ხანი დაჰყო იქ,

17. გაგზავნა მეფე ციდკიამ კაცი, მოაყვანინა იგი და შეეკითხა თავის სახლში საიდუმლოდ: არის სიტყვა უფლისაგან? მიუგო იგრემიამ: არის. ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები.

18. უთხრა იერემიამ მეფე ციდკიას: რა დაგიშავე ან შენ ან შენს მორჩილებს, ან ამ ხალხს, სატუსაღოში რომ ჩამაგდეს?

19. სად არიან თქვენი წინასწარმეტყველნი, რომ გიწინასწარმეტყველებდნენ: არ დაგეცემათ თქვენ და ამ ქვეყანას ბაბილონის მეფეო?

20. ახლა ისმინე, მეფე-ბატონო, მოგწვდეს ჩემი მუდარა: ნუ დამაბრუნებ იონათან მწერლის სახლში მოსაკვდავად.

21. ბრძანა მეფე ციდკიამ და ჩააბარეს იერემია საყარაულო ეზოში, და აძლევდნენ ყოველდღიურად ერთ პურის კოკორს ხაბაზთა რიგიდან, ვიდრგ არ გათავდა პურის მარაგი ქალაქში. და ასე იჯდა იერემია საყარაულო ეზოში.


თავი ოცდამეთვრამეტე

1. გაიგონეს შეფატია მათანის ძემ, გედალია ფაშხურის ძემ, იუქალ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას ძემ სიტყვები, რომელსაც იერემია ეუბნებოდა ხალხს.

2. ასე ამბობს უფალი: ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება, ხოლო ვინც გადავა ქალდეველებთან, გადარჩება. ნადავლად საკუთარი სიცოცხლე ექნება და იცოცხლებს.

3. ასე ამბობს უფალი: ბაბილონის მეფის ლაშქარს ჩაუვარდება ხელში ეს ქალაქი და დაიპყრობს მას ბაბილონის მეფე.

4. უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი იმის გამო, რომ იმედს უკარგავს ამ ქალაქში დარჩენილ მეომრებს და მთელს ხალხს ამგვარი ლაპარაკით. რადგან მშვიდობას კი არ ეძებს ეს კაცი ამ ხალხისთვის, არამედ უბედურებას.

5. თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენს წინააღმდეგ?

6. აიყვანეს იერემია და ჩააგდეს უფლისწულ მალქიას ჭაში, საყარაულო ეზოში რომ იყო. ბაწრებით ჩაუშვეს შიგ იერემია. წყალი არ იდგა ჭაში, მხოლოდ შლამი იყო და ჩაეფლო იერემია შლამში.

7. გაიგო ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა საჭურისმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, რომ ჭაში ჩააგდეს იერემია. მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა.

8. გამოვიდა ყებედ-მელექი მეფის სასახლიდან და ასე უთხრა მეფეს:

9. მეფე-ბატონო! დააშავეს ამ კაცებმა, ასე რომ მოექცნენ იერემია წინასწარმეტყველს, ჭაში რომ ჩააგდეს; ხომ მოკვდა შიმშილით, რადგან პური აღარ არის ქალაქში.

10. ასე უბრძანა მეფემ ყებედ-მელექს, ეთიოპელს: წაიყვანე აქედან ოცდაათი კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი ჭიდან, ვიდრე არ მომკვდარა.

11. წაიტანა ყებედ-მელექმა კაცები და წავიდა მეფის სასახლეში, საგანძურს ქვეშ, მოკრიფა ძონძები და ძველმანი სამოსელი და თოკები ჩაუგზავნა ჭაში იერემიას.

12. უთხრა ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა, იერემიას: იღლიების ქვეშ ამოიფინე ეს ძონძები და ძველმანები თოკებად. ასეც მოიქცა იერემია.

13. ამოათრიეს იერემია თოკებით და ამოიყვანეს ჭიდან. და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში.

14. გაგზავნა კაცი მეფე ციდკიამ და მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი თავისთან, უფლის სახლის მესამე შესასვლელთან, და უთხრა მეფემ იერემიას: ერთ რამეს შეგეკითხები, არაფერი დამიმალო.

15. უთხრა იერემიამ ციდკიას: თუ გაგიმხილე, ხომ სიკვდილით დამსჯი? და თუ გირჩიე რამე, მაინც არ გამიგონებ.

16. საიდუმლოდ დაუფიცა იერემიას მეფე ციდკიამ და უთხრა: უფალს გეფიცები, რომელმაც ეს სული ჩაგვიდგა, თუ სიკვდილით დაგსაჯო ან თუ იმათ ხელში ჩაგაგდო, შენი სიკვდილი რომ სწადიათ.

17. უთხრა იერემიამ ციდკიას: ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, სიცოცხლეს იხსნი და ეს ქალაქიც არ დაიწვება ცეცხლში. შენც გადარჩები და შენი სახლიც.

18. თუ არ ჩაბარდები ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა ხელში ჩავარდება ეს ქალაქი და ცეცხლში დაწვავენ. ვერც შენ წაუხვალ მათ ხელიდან.

19. უთხრა მეფე ციდკიამ იერემიას: იუდაელებისა მეშინია, ქალდეველთა მხარეზე რომ არიან გადასული. მათ ხელთ არ მიმცენ, რომ შეურაცხმყონ.

20. უთხრა იერემიამ: არ მიგცემენ. ოღონდ ყური დაუგდე უფლის ხმას, რასაც მე გელაპარაკები, და კარგად წაგივა საქმე, თავს გადაირჩენ.

21. თუ არ ისურვებ დანებებას, აჰა, ეს სიტყვა, რომელიც გამომიცხადა უფალმა:

22. აჰა, ყველა ქალს, ვინც იუდას მეფის სასახლეში დარჩა, ბაბილონის მეფის სარდლებს მიჰგვრიან. იტყვიან ქალები: მოგატყუეს და გძლიეს შენმა კეთილისმყოფელება, ლიაში ჩაგეფლა ფეხი, მათ კი მიგატოვეს და წავიდნენ.

23. ყველა შენს ცოლს და შვილს ქალდეველებს მიჰგვრიან; ვერც შენ გაექცევი მათ, რადგან ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები და ეს ქალაქიც ცეცხლში დაიწვება.

24. უთხრა ციდკიამ იერემიას: კაცისშვილმა არ უნდა იცოდეს ეს ამბავი, თუ სიკვდილი არ გინდა.

25. თუ მთავრებმა გაიგეს ჩვენი ლაპარაკი, მოვიდნენ შენთან და გკითხეს: გვითხარი, რას ელაპარაკებოდი მეფეს, არ დაგვიმალო, თუ სიკვდილი არ გინდა, ან მეფე რას გელაპარაკებოდაო,

26. მიუგე: ჩემი მუდარა მოვახსენე მეფეს, რომ აღარ დამაბრუნონ-თქო იონათანის სახლში და არ მოვკვდე-თქო იქ.

27. მოვიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მანაც ყველაფერი ისე მოახსენა მათ, როგორც მეფისგან ჰქონდა ნაბრძანები. ხმა აღარ გასცეს, რადგან ვერაფერი გაიგეს.

28. იჯდა იერემია საყარაულო ეზოში იერუსალიმის აღებამდე და იერუსალიმის აღების შემდეგაც.


თავი ოცდამეცხრამეტე

1. იუდას მეფის, ციდკიას მეცხრე წელს, მეათე თვეს, მოადგა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმს და ალყა შემოარტყა.

2. ციდკიას მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს გატყდა ქალაქი.

3. შემოვიდნენ ბაბილონის მეფის სარდლები და შუა კარიბჭესთან გაჩერდნგნ - ნერგალ-სარეცერი, სამგარნებუ, სარსექიმი, საჭურისთა უხუცესი, ნერგალ სარეგერი, რაბ-მაგი და ბაბილონის მეფის დანარჩენი სარდლები.

4. როგორც კი დაინახეს ისინი იუდას მეფე ციდკიამ და მისმა მეომრებმა, გაიქცნენ და გავიდნენ ღამით ქალაქიდან მეფის ბაღის გზით, კარიბჭეში, ორ კედელს შორის რომ არის, და დაადგნენ ყარაბას გზას.

5. უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და მიეწია ციდკიას იერიქონის ველზე. შეიპყრეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მანაც განაჩენი გამოუტანა ციდკიას.

6. თვალწინ დაუხოცა რიბლაში ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიას. იუდაელი წარჩინებულნიც დახოცა ბაბილონის მეფემ.

7. თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანათ.

8. მეფის სასახლე და ხალხის სახლები გადაწვეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს.

9. ხოლო დანაშთომი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და მის მხარეზე გადასულნი, და დანაშთომი ხალხი, ვინც დრჩა, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა.

10. ღარიბ-ღატაკნი, რომელთაც არაფერი ებადათ, დატოვა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, იუდას ქვეყანაში და მისცა მათ ვენახები და ყანები იმავე დღეს.

11. ხოლო იერემიას საქმე ნებუზარადანს, ქონდაქართუხუცესს, მიანდო ბაბილონის მეფემ და უთხრა:

12. წაიყვანე და თვალი გეჭიროს მასზე, არაფერი დაუშავო, არამედ ისე მოექეცი, როგორც თავად გითხრას.

13. გაგზავნეს ხალხი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, ნებუშაზბანმა, საჭურისთუხუცესმა, ნერგალ-სარეცერმა, რაბ-მაგმა და ბაბილონის მეფის დიდებულებმა,

14. გაგზავნეს და მოაყვანინეს იერემია საყარაულო ეზოდან და ჩააბარეს გედალიას, ასიკამის ძეს, შაფანის ძეს, რომ შინ გაეშვა. ასე დარჩა იგი ხალხში.

15. საყარაულო ეზოში პატიმრად ყოფნისას უფლის სიტყვა იყო იერემიას მიმართ ნათქვამი:

16. წადი, უთხარი ყებედ-მელექს, ეთიოპიელს: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, ბოროტად ავახდენ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს, არა კეთილად. იმ დღესვე, შენს წინაშე ახდება ყველაფერი.

17. შენ დაგიფარავ იმ დღეს, ამბოხს უფალი, და არ ჩავარდები იმ ხალხის ხელში, ვისიც გეშინია.

18. ნამდვილად გიხსნი და მახვალით არ დაეცემი, ნადავლად დაგრჩება სიცოცხლე, რადგან ჩემი იმედი გქონდა, ამბობს უფალი.


თავი მეორმოცე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან მას შემდეგ, რაც გაუშვა იგი ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, რამადან; როცა გამოიყვანა, ბორკილდადებული იყო იგი დატყვევებულ იერუსალიმელებსა და იუდაელებს შორის, რომლებიც ბაბილონში უნდა გადაესახლებინათ.

2. გამოიყვანა ქონდაქართუხუცესმა იერემია და უთხრა: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, შეაჩვენა ეს ადგილი;

3. აახდინა უფალმა და ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, რადგან შესცოდეთ უფალს და არ გაიგონეთ მისი ხმა. ამიტომაც შეგემთხვათ ეს ამბავი.

4. აჰა, ახლა გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელზე რომ გადევს. თუ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, წამოდი და მზრუნველობას არ მოგაკლებ; თუ არ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, ნუ წამოხვალ. შენს წინაა მთელი ქვეყანა, სადაც მოგეწონოს და უკეთესად მოგეჩვენოს, იქ წადი.

5. ჯერ პასუხი არ ჰქონდა გაცემული - ან დაბრუნდი გედალიასთან, ძესთან ახიკამისა, ძისა შაფანისა, რომელსაც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქები ჩააბარა, და იცხოვრე იქ, ხალხში; ან სადაც მიაგეწონება, იქ წადი. მისცა მას ქონდაქართუხუცესმა საგზალი და საჩუქარი და გაუშვა.

6. მოვიდა იერემია გედალია ახიკამის ძესთან, მიცფაში, და დაიწყო ცხოვრება ქვეყანაში დარჩენილ ხალხს შორის.

7. როცა გაიგეს ველზე მყოფი ჯარების სარდლებმა და მათმა კაცებმა, რომ გედალია ახიკამის ძისთვთს ჩაუბარებია ბაბილონის მეფეს ქვეყანა და ხალხი დედაწულიანად, ღარიბი და მდიდარი, ვინც არ გადასახლებულა ბაბილონში,

8. მივიდნგნ გედალიასთან მიცფაში ისმაელ ნეთანიას ძე, იოხანანი, იონათანი, კარეახიანები, სერაია თანხმეთის ძე, ნეტოფელი ყეფიანები, იეზანია მაყაქათის ძე და მათი კაცები.

9. ეფიცებოდა გედალია, ძე ახიკამისა, ძე შაფანისა მათ და მათ კაცებს: ნუ გაშინებთ ქალდეველთა მორჩილება. დარჩით ქვეყანაში და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს; უკეთესი იქნება თქვენთვის.

10. ხოლო მე მიცფაში ვრჩები, რომ ვიდგე ქალდეველთა წინაშე, როცა მოვლენ ჩვენთან. თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო, საზაფხულო ხილი და ზეთი და თქვენს ჭურჭლებში შეინახეთ. იცხოვრეთ ქალაქებში, რომლებიც გიჭირავთ.

11. ამასობაში მოაბის, ყამონის, ედომის და სხვა ქვეყნების იუდავლებმაც გაიგეს, რომ იუდაში დატოვა დანარჩომი ხალხი ბაბილონის მეფემ და რომ გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, დაუდგინა მათ.

12. დაბრუნდნენ იუდაელები იმ ადგილებიდან, სადაც გაგდებული იყვნენ; მოვიდნენ იუდას ქვეყანაში გედალიასთან მიცფას და შეაგროვეს უზომო ღვინო და საზაფხულო ხილი.

13. მივიდნენ იოხანან კარეახის ძე და ველზე დარჩენილი ჯარების სარდლები გედალიასთან მიცფას.

14. უთხრეს მას: იცოდეთ, შენს მოსაკლავად გამოგზავნაო ბაყალიმმა, ყამონელთა მეფემ, ისმაელ ნეთანიას ძე. მაგრამ არ დაუჯერა მათ გედალია ახიკამის ძემ.

15. იოხანან კარეახის ძემ უთხრა გედალიას მიცფაში საიდუმლოდ: გამიშვი და მოვკლავ ისმაელ ნათანიას ძეს, კაციშვილი ვერაფერს გაიგებს. შენ უნდა მოგკლას, რატომ უნდა გაიფანტონ იუდაელები, შენთან რომ არიან შემოკრებილნი, და დაიღუპოს იუდას დანაშთომი?

16. უთხრა გედალია ახიკამის ძემ იოახანან კარეახის ძეს: ნუ იზამ ამას, რადგან ტყუილს ლაპარაკობ ისმაელზე.


თავი ორმოცდამეერთე

1. მეშვიდე თვეს იყო, რომ მივიდნენ ისმაელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, მეფეთა ნათესავი და მეფის დიდებულები ათი კაცითურთ გედალია ახიკამის ძესთან მიცფას და ჭამეს იქ პური ერთად, მიცფაში.

2. წამოიჭრნენ ისმაელ ნეთანიას ძე და მისი თანმხლები ათი კაცი და განგმირეს მახვილით გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა. მოკლეს კაცი, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ბაბილონის მეფეს ქვეყანა.

3. ყველა იუდაელთ, ვინც კი გედალიასთან იყო მიცფაში და ქალდეველი ჯარისკაცები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, დახოცა ისმაელმა.

4. გედალიას მკვლელობის მეორე დღეს, როცა კაციშვილმა არაფერი იცოდა,

5. მოვიდა ხალხი შექემიდან, სილოამიდან და სამარიიდან - ოთხმოცი კაცი, წვერგაპარსულნი, ტანისამოსშემოგლეჯილნი და სახედაკაწრულნი, ძღვენითა და საკმევლით ხელში უფლის სახლისათვის.

6. გამოეგება მათ ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან, მოდიოდა და ტიროდა და, როცა მათ შეხვდა, უთხრა: შედით გედალია ახიკამის ძესთან!

7. როცა შუაგულ ქალაქში შევიდნენ, ისინიც დახოცეს ისმაელ ნეთანიას ძემ და მასთან მყოფმა ხალხმა და ჭაში ჩაყარეს.

8. აღმოჩნდა მათ შორის ათი კაცი, რომელთაც უთხრეს ისმაელს: ნუ დაგვხოცავთ, რადგან გადამალული გვაქვს ყანაში ხორბალი, ქერი, ზეთი და თაფლი. ისიც გაჩერდა და არ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად.

9. ჭა, სადაც ისმაელმა გედალიას გამო დახოცილი ხალხის გვამები ჩაყარა, ის ჭა იყო, რომელიც მეფე ასამ ამოიღო ისრაელის მეფის, ბაყაშას შიშით. ის აავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით.

10. დაატყვევა ისმაელმა მთელი დანარჩომი ხალხი, მიცფაში ვინც იყო: მეფის ასულები, მიცფაში დარჩენილი მთელი ხალხი, რომელიც გედალია ახკამის ძეს ჩააბარა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. ისინი დაატყვევა ისმაელ ნეთანიას ძემ და წავიდა, რათა ყამონიანებთნ გადასულიყო.

11. როცა გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ისმაელ ნეთანის ძის ჩადენილი ბოროტმოქმედების ამბავი,

12. თან იახლეს თავიანთი კაცები და გაემართნენ ისმაელ ნეთანთას ძის წინააღმდეგ საბრძოლველად და მონახეს იგი დიდ წყალსატევთან გაბაონში.

13. როცა დაინახა ისმაელის თანმხლებმა ხალხმა იოხანან კარეახის ძე და მასთან მყოფი მხედართმთავრები, გაიხარა.

14. და პირი იბრუნა ყველამ, ვინც მიცფადან ტყვედ ჰყავდა წამოყვანილი ისმაელს, გაბრუნდნენ და იოხანან კარეახის ძესთან მივიდნენ.

15. ხოლო ისმაელ ნეთანიას ძე გაექცა რვა კაცითურთ იოხანანს და ყამონიანებთან გადავიდა.

16. წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა მთელი დანარჩომი ხალხი, რომელიც ტყვედ წამოასხა მიცფადან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალია ახიკამის ძის მოკვლის შემდეგ, მათ შორის: მამაკაცები, მეომრები, ქალები და ბავშვები, საჭურისები, რომლებიც გაბაონიდან დააბრუნა.

17. წავიდნენ და დადგნენ გერუთ-ქიმჰამთან, ბეთლემის მახლობლად, რომ ეგვიპტეში გადასულიყვნენ და

18. გარიდებოდნენ ქალდეველებს; ეშინოდათ მათი, რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ქვეყანა ბაბილონის მეფეს.


თავი ორმოცდამეორე

1. მიადგნენ მხედართმთავრები - იოხანან კარეახის ძე, იეზანია ჰოშაყიას ძე და მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად,

2. და უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: გევედრებით, ილოცე ჩვენთვის უფლის, შენი ღვთის მიმართ, მთელი ამ დანარჩომისთვის, რადგან მრავლიდან მცირენი დავრჩით, როგორც საკუთარი თვალით გვხედავ.

3. გამოგვიცხადოს უფალმა, შენმა ღმერთმა, რა გზით ვიაროთ და როგორ მოვიქცეთ.

4. უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: კეთილი. ახლა ვილოცებ უფლის, თქვენი ღვთის მიმართ, თქვენი თხოვნისამებრ, და ყველაფერს გამოგიცხადებთ, რასაც უფალი გიპასუხებთ, არაფერს დაგიმალავთ.

5. უთხრეს იერემიას: უფალი იყოს ჭეშმარიტი და სარწმუნო მოწმე ჩვენს წინააღმდეგ, თუ ყველაფერი ისე არ შევასრულეთ, როგორც უფალი, შენი ღმერთი დაგაბარებს ჩვენთან.

6. კარგი იქნება თუ ცუდი, დავუჯერებთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ვისთანაც ჩვენ გაგზავნით, რომ კეთილს ვეწიოთ. ნამდვილად დავუჯერებთ უფალს, ჩვენ ღმერთს.

7. გავიდა ათი დღე და იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ.

8. დაუძახა იოხანან კარეახის ძეს, მასთან მყოფ მხედართმთავრებს და მთელს ხალხს დიდიან-პატარიანად,

9. და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც თქვენ გამგზავნეთ, რათა თქვენი ვედრება მიმეტანა მის წინაშე:

10. თუ დარჩებით ამ ქვეყანაში, აგაშენებთ და აღარ დაგაქცევთ, დაგნერგავთ და აღარ ამოგძირკვავთ, რადგან ვწუხვარ, რაც უბედურება დაგმართეთ.

11. ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი, ამბობს უფალი, რადგან თქვენთანა ვარ, რათა დაგიფაროთ და დაგიხსნათ მისი ხელიდან.

12. მოვაფენ წყალობას თქვენზე და შეგიწყალებთ ის და თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.

13. თუ იტყვით: არ დავრჩებითო ამ ქვეყანაში, არ დაუჯერებთ უფალს, თქვენს ღმერთს,

14. იტყით: არა, ეგვიპტეში წავალთ, სადაც არც ომს ვნახავთ, არც ბუკის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივა, იქ დავრჩებითო,

15. მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნაგამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა გადაგიწყვეტიათ ეგვიპტეში წასვლა და კიდეც წახვედით იქ დასარჩენად,

16. მახვილი, რომლისაც აქ გეშინიათ, ეგვიპტის ქვეყანაში მიგწვდებათ; და შიმშილი, რომელსაც აქ უფრთხით, ეგვიპტეშიც არ მოგცილდებათ და იქ დაიხოცებით.

17. ყველა, ვინც კი ეგვიპტეში დასარჩენად წასვლას გადაწყვეტს, გაწყდება მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით; ვერავინ გადარჩება მათგან და ვერავინ გაექცევა უბედურებას, რასაც მათ დავათევ.

18. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: როგორც იერუსალიმზე გადმოინთხა ჩემი მძვინვარება და რისხვა, ასევე გადმოინთხევა ჩემი რისხვა თქვენზე, როცა ეგვიპტეში მიხვალთ. შესაჩვენებელი, შესაზარებელი, საგინებელი და შესარცხვენელი გახდებით და ვეღარასოდეს იხილავთ ამ ადგილს.

19. თქვენზე ილაპარაკა უფალმა, იუდას ნატამალო. ნუ წახვალთ ეგვიპტეში. იცოდეთ, გამიფრთხილებიხართ დღეს.

20. შეაცთენთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, ჩვენი გულისთვის ილოცეთ უფლის, ჩვენი ღვთის მიმართ, და როგორც უფალი , ჩვენი ღმერთი იტყვის, გამოგვიცხადე და ჩვენც ისე მოვიქცევითო.

21. აჰა, გამოგიცხადეთ დღეს და არ გაიგონეთ უფლის, თქვენი ღვთის, ხმა და არც ის, რაც თქვენთან დამაბარა.

22. ამიერიდან იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით გაწყდებთთ იმ ადგილზე, სადაც საცხოვრებლად წასვლა გინდათ.


თავი ორმოცდამესამე

1. როცა ბოლომდე გამოუცხადა იერემიამ ხალხს უფლის, მათი ღვთის სიტყვები, რაც დააბარა მას უფალმა, მათმა ღმერთმა მათთვის სათქმელად,

2. მაშინ უთხრეს ყაზარია ჰოშაყიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და სხვა ამპარტავანმა ხალხმა იერემიას: ტყუილს ლაპარაკობ. არ დაუბარებია შენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს, ნუ წახვალთო ეგვიპტეში დასარჩენად.

3. არამედ ბარუქ ნერიას ძემ წაგაქეზა ჩვენს წინაღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვაგდოს, რომ ამოგვწყვიტონ ან ბაბილთნში გადაგვასახლონ.

4. არ ისმინეს იოხანან კარეახის ძემ და მხედართმთავრებმა უფლის ხმა, რომ ქვეყანაში დარჩენილიყვნენ.

5. წაიყვანეს იოხანან ვარეახის ძემ და მხედართმთავრებმა იუდას ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა საცხოვრებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული იყო -

6. კაცები და ქალები, ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, გედალია ახიკამის ძესთან, შაფანის ძესთან, დატოვა (მათ შორის იყვნენ იერემია და ბარუქ ნერიას ძე) -

7. და გაემართნენ ეგვიპტის ქვეყნისკენ; არ გაიგონეს უფლის ხმა და თახფანხესში მივიდნენ.

8. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი თახფანხესში;

9. აიღე ხელში დიდი ქვები და იუდაელთა თვალწინ ჩამარხე მოზელილ თიხაში, აგურის გამთსაწვავ ქურაში, ფარაონის სასახლის შესასვლელთან რომ არის, თახფანხესში.

10. უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ვაგზავნი, რომ მოვაყვანინო ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ჩემი მორჩილი, რომ დავუდგა ტახტი ამ ქვებზე, რომლებიც მე ჩავმარხე. მის ზემოთ გადაშლის იგი თავის ჩარდახს.

11. მოვა და დაამარცხებს ეგვიპტის ქვეყანას. ვინც სასიკვდილოა, მოკვდება; ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ წაიყვანენ; ვინც მახვილის წერაა, მახვილს მიეცემა.

12. ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთების სახლებს; ის დაწვავს მათ და ტყვედ წაასხამს. გადაიცვამს ეგვიპტის ქვეყანას, როგორც მწყემსი თავის ტყაპუჭს და წავა იქიდან დამშვიდებით.

13. დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ არის, და ცეცხლში დაწვავს ეგვიპტელი ღმერთების სახლებს.


თავი ორმოცდამეოთხე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ ნათქვამი ყველა იუდაელზე, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში ცხოვრობდა - მიგდოლში, თახფანხესში, ნოფში და ფათროსის მხარეში.

2. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თქვენ თავად ნახეთ ყველა უბედურება, რაც იერუსალიმს და იუდას ქალაქებს დავათიე. აჰა, უკვე დანგრეულია და უკაცრიელი

3. იმ ბოროტების გამო, რასაც ჩემს გასაჯავრებლად ჩადიოდნენ, რომ უკმევდნენ და ემსახურებოდნენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამა-პაპა იცნობდა.

4. ვგზავნიდი მათთან ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, გამუდმებით ვგზავნიდი და ვაბარებდი: ნუ ჩაიდენთ სიბილწეს, რომელიც მე მძულს-მეთქი;

5. მაგრამ არ გაიგონეს და ყური არ მათხოვეს, რომ მოქცეულიყვნენ ბოროტებისგან და აღარ ეკმიათ უცხო ღმერთებისთვის.

6. გადმოინთხა ჩემი რისხვა და წყრომა, და მოედო იუდას ქალაქებს და იერუსალიმის ქუჩებს; ნანგრევებად იქცნენ და გაუდაბურდნენ, როგორც დღეს არის.

7. ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რატომ სჩადიხართ დიდ ბოროტებას თქვენივე თავის წინააღმდეგ, რომ ამოგეძირკვოთ იუდადან მამრი და დედრი, ბავშვები და ძუძუმწოვრები, ისე რომ თქვენი ნატამალიც აღარ დარჩეს?

8. რატომ მაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით, რომ უკმევთ უცხო ღმერთებს ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც საცხოვრებლად მოხვედით? რად გინდათ რთმ ამოიძირკვოთ და შესაჩვენებელი და შესარცხვენელი გახდეთ ქვეყნის ყველა ხალხს შორის?

9. ხომ არ დაგვიწყნიათ ბოროტებანი, რომელთაც თქვენი მამა-პაპა, იუდას მეფეები, მათი ცოლები, თქვენ და თქვენი ცოლები სჩადიოდით იუდას ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში?

10. დღემდე არ გამტყდარან და არ შეშინებულან, არ შედგომიან ჩემს რჯულსა და წესს, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.

11. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი; აჰა, საუბედუროდ და ამოსაძირკვად მივაქცევ პირს მთელი იუდასკენ.

12. ავიყვან იუდას ნატამალს, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, და გაწყდება ყველა ეგვიპტის ქვეყანაში. დაეცემიან მახვილით და შიმშილით გაწყდებიან; დიდიან-პატარიანად მახვილით და შიმშილით დაიხოცებიან; შესაჩვენებელი, შესაზარებელი, შესაგინებელი და შესარცხვენელი გახდებიან.

13. დავსჯი ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებლებსაც, როგორც იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით.

14. არავინ დარჩება იუდას ნატამალიდან, ვინც ეგიპტეში ჩავიდა საცხოვრებლად, რომ უკან დაბრუნდეს იუდას ქვეყანაში, საითკენაც ეწევა მათ გული, რომ დაბრუნდეს იქ დასასახლებლად; რადგან ვერავინ დაბრუნდება ლტოლვილთა გარდა.

15. მაშინ კაცებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ მათი ცოლები უცხო ღმერთებს უკმევდნენ, და იქ დიდ ჯგუფად მდგარმა დედროვანმა - მთელმა ხალხმა, ვინც ეგვიპტის ქვეყანაში, ფათროსში ცხოვრობდა, მიუგეს იერემიას:

16. არ ვაპირებთ დავუჯეროთ შენს სიტყვას, რაც უფლის სახელით გვითხარი,

17. არამედ ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ. კვლავაც ვუკმევთ საკმეველს ცის დედოფალს და საღვრელს დავუღვრით, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ვძღებოდით პურით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს.

18. რაც ცის დედოფლისადმი კმევა შევწყვიტეთ და საღვრელს აღარ ვუღვრით, ყველაფერი დაგვაკლდა და მახვილით და შიმშილით ვიხოცებით.

19. როცა ვუკმევთ ცის დედოფალს და საღვრელს ვუღვრით, განა ჩვენი ქმრების უჩუმრად ვუცხობთ მოხატულ კვერებს და ვუღვრით საღვრელს?

20. უთხრა იერემიამ მთელს ხალხს - მამროვანს და დედროვანს, და ყველას, ვინც ამგვარად უპასუხა მას:

21. განა არ გაიხსენა უფალმა, განა არ მოაგონდა, რომ აკმევდით თქვენ და თქვენი მამა-პაპა, თქვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქაჩებში?

22. აღარ შეეძლო უფალს მოეთმინა თქვენი ავი საქმეები და სისაძაგლენი, რასაც სჩადიოდით, და შეიქნა თქვენი ქვეყანა უდაბური, გატიალებული, დაწყევლილი და უკაცრიელი, როგორც დღეს არის.

23. იმის გამო, რომ აკმევდით და სცოდავდით უფალს, არ გესმოდათ უფლის ხმა და არ მისდევდით მის რჯულს, მის წესებს და დარიგებებს. ამის გამო გეწიათ თქვენ ეს უბედურება, დღეს რომ გჭირთ.

24. უთხრა იერემიამ მთელს ხალხს და მთელს დედროვანს: ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდა, ვინც კი ხართ ეგვიპტის ქვეყანაში.

25. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: დედროვანო რასაც თქვენი ბაგეები ამბობდნენ, თქვენი ხელებიც იმას აკეთებდნენ: აღთქმები უნდა შევასრულოთ, უნდა ვუკმიოთ ცის დედოფალს და საღვრელი უნდა დავუღვაროთო! კარგადაც დაგიცავთ აღთქმები, ბეჯითად შეგისრულებიათ!

26. ამიტომ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყნად მცხოვრებო! აჰა, ჩემს დიად სახელს ვფიცავ, ამბობს უფალი, თუ ამიერიდან ერთმა იუდაელმა მაინც ახსენოს მთელს ეგვიპტეში ჩემი სახელი, ისე უფალმა იცოცხლოსო.

27. აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაილევა ეგვიპტეში მყოფი ყველა იუდაელი, ვიდრე საბოლოოდ არ დაილევიან.

28. მახვილს გადარჩენილნი, ძალზე მცირენი, დაბრუნდებიან ეგვიპტიდან იუდას ქვეყნად; მაშინ გაიგებს იუდას ნატამალი, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, საცხოვრებლად, ვისი სიტყვა ახდება: ჩემი თუ მათი?

29. ეს იყოს იმის ნიშნად, ამბობს უფალი, რომ დაგსჯით ამ ადგილზე, რათა იცოდეთ, რომ უსათუოდ ახდება ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ.

30. ასე თქვა უფალმა: აჰა, ჩავაგდებ ფარაონ ხოფრას, ეგვიპტის მეფეს, მისი მტრებისა და მესისხლეების ხელში, როგორც ციდკია იუდას მეფე ჩავაგდე ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის - მისი მტრისა და მესისხლის ხელში.


თავი ორმოცდამეხუთე

1. სიტყვა, რომელიც უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ბარუქ ნერიას ძეს, როცა მან იერემიას კარნახით წიგნში ჩაწერა ეს სიტყვები იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის, მეოთხე წელს.

2. ასე ამბობს შენზე უფალი, ისრაელის ღმერთი, ბარუქ!

3. გითქვამს: ვაგლახ მე! კიდევ მიუსართა უფალმა წუხილი ჩემს სატანჯველსო! ქანცი გამიწყდა კვნესისგან და ვერ ვპოვე შვებაო.

4. ასე უთხარიო მას, ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, ჩემს აშენებულს მევე დავანგრევ და ჩემს დარგულს მევე ამოვძირკვავ. ჩემია მთელი ეს ქვეყანა!

5. შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ, რადგან, უბედურება უნდა დავათიო ყოველ ხორციელს, ამბობს უფალი, შენ კი საკუთარ სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაგ კი წახვალ.


თავი ორმოცდამეექვსე

1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ხალხებზე -

2. ეგვიპტეზე და ფარაონ ნექოს, ეგვიპტის მეფის, ლაშქარზგ, რომელიც იდგა მდინარე ევფრატის პირას, ქარქემიშში და რომელიც დაამარცხა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს:

3. გაამზადეთ ფარები და მუზარადები და საბრძოლველად გადით!

4. შეკაზმეთ ცხენები და ზედ მოახტით, მხედრებო! მოდექით თავჩაჩქიანებო, წვერი წაუმახეთ შუბებს და ჯავშნით შეიმოსეთ!

5. რას ვხედავ? უკან მორბიან შეშინებულნი, იძვლივნენ მათი ვაჟკაცები, გარბიან უკანმოუხედავად, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი.

6. ვერ გაიქცევა მკვირცხლი, ვერ დაუსხლტება ძლიერს; ჩრდილოეთით, ევფრატის პირას წაიფორხილებენ და დაეცემიან.

7. ვინ არის ნილოსივით რომ მოდიდებულა, ნიაღვრის წყლებივით რომ ბობოქრობს?

8. ეგვიპტე მოდიდდა ნილოსივით და მდინარეთა წყლებივით ბობოქრობს. ამბობს: მოვდიდდები და დავფარავ მიწას, დავაქცევ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს.

9. ამხედრდით ცხენებზე, გაქანდით ეტლებო! დაე, გამოვიდნენ ქუში და ფუტი, ფარის მპყრობელნი და ლიდიელები - მშვილდის მომზიდავნი!

10. დღეს არის უფლის, ჩვენი ღვთის დღე, რომ შური მიაგოს თავის მტრებს. დაიწყებს შეჭმას მისი მახვილი და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით; რადგან საკლავი ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას.

11. ადი გალაადს და ბალსამონი მოიტანე, ეგვიპტელო ქალწულო! ამაოდ ახვავებ წამლებს, არ განიკურნები!

12. ხალხებმა გაიგონეს შენი ხმა, აავსო მიწა შენმა კივილმა, როცა ძლიერი შეეჯახა ძლიერს და ორივენი ერთად დაეცნენ.

13. სიტყვა, რომელიც უთხრა უფალმა იერემია წინასწარმეტყველს ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, მოსვლაზე და ეგვიპტის ქვეყნის დამარცხებაზე.

14. გამოეცხადეთ ეგვიპტეში, გააგონეთ მიგდოლს, გააგონეთ ნოფს და თახფანხესს, უთხარით: დადექ და მოემზადე, რადგან ყველაფერს შეჭამს მახვილი შენს გარშემო!

15. რატომ დამხობილა შენი ძლიერი და ვეღარ დგება? უფალმა ჩამოაგდო.

16. გაამრავლა წაფორხილებულნი, ერთმანეთზე ეცემიან და ამბობენ: ადექი და დაბრუნდი შენს ხალხთან და შენს სამშობლო ქვეყანაში, თავი აარიდე სასტიკ მახვილს.

17. დაარქვეს სახელად ფარაონს, ეგვიპტის მეფეს ხმაური. გაეპარა მას დათქმული ჟამი.

18. ცოცხალი ვარ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია; როგორც თაბორი მთათა შორის, როგორც ქარმელი ზღვისპირისა, ის მოვა.

19. მოამზადე საყარიბო ბარგი, ეგვიპტელო ასულო, რადგან უდაბნოდ იქცევა ნოფი, გადაიხრუკება, გაუკაცურდება.

20. შვენიერი ფურია ეგვიპტე: ჩრდილოეთიდან დაღუპვა მოდის, მოდის.

21. მისმა მოჯამაგირეებმაც, ბაგის ხარებივით რომ იყვნენ, ზურგი უჩვენეს და ერთად გაიქცნენ, არ დადგნენ, რადგან უწია მათ უბედურების დღემ, განკითხვის ჟამმა.

22. გველივით ასისინდება იგი, როცა ლაშქრით გამოემართება, ტყის გამკაფავივით ცულებით მოადგება.

23. გაჩეხავენ მის ტყეს, ამბობს უფალი, რადგან გაუვალია იგი; კალიაზე მეტნი არიან, არა აქვთ სათვალავი.

24. შერცხვენილი იქნა ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს ჩაუვარდა ხელში.

25. ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი თებელ ამონს, ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებს, მის მეფეებს, ფარაონს და მის მოიმედეთ.

26. ჩავაგდებ მის მესისხლეთა - ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, და მის მორჩილთა ხელში. მერე კი ძველებურად დასახლდება, ამბობს უფალი.

27. შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ნუ ფრთხი, ისრაელ! რადგან, აჰა, დავიხსნი შენს თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ. არავინ იქნება დამაფრთხობელი.

28. ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთანა ვარ. ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, ვისთანაც მყავხარ გაგდებული; შენ არ მოგიღებ ბოლოს, ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.


თავი ორმოცდამეშვიდე

1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი, ვიდრე ფარაონი ღაზას დააქცევდა.

2. ასე ამბობს უფალი: აჰა, მოდიდდება წყალი ჩრდილოეთიდან და გადაიქცევა წამლეკავ ნიაღვრად. წალეკავს ქვეყანას და ყველადცრს, რაც მასზეა, ქალაქებს და მის მცხოვრებლებს. აკივლდება ადამის მოდგმა და მოთქმას მოჰყვებიან ქვეყნის მცხოვრებნი.

3. მისი რაშების თქარათქურზე, მისი ეტლების გრუხუნზე, თვლების გარიალზე მამები ვეღარ მოხედავენ შვილებს, რადგან ხელები ჩამოუცვივდებათ.

4. იმ დღისთვის, რომელიც მოვა ფილისტიმელთა გასაძარცვავად, ტვიროსისა და ციდონისთვის უკანასკნელი შემწის წასართმევად, რადგან გააძარცვინებს უფალი ფილისტიმელთა ნატამალს- ქაფთორის კუნძულს.

5. გაქაჩლდა აზა, გატიალდა აშკელონი და მათი ხეობის ნატამალი. როდემდის უნდა იწყლულებდე თავს?

6. ო, უფლის მახვილო! როდის დაცხრები? ჩაეგე ქარქაშში, დაწყნარდი და დადუმდი.

7. როგორ დაცხრები? უფალმა მიუშვა აშკელონზე და ზღვისპირეთზე. იქ განაწესა.


თავი ორმოცდამერვე

1. მოაბზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ვაი ნებოს, გაძარცულია იგი! გაწბილებულია და აღებული კირიათაიმი! გაწბილებულია ციხე-სიმაგრე და დაქცეული.

2. წარხდა მოაბის დიდება, ავს უზრახავენ ხეშბონში: წავიდეთ, მოვსპოთო მისი სახსენებელი! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან!

3. კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან, იავარყოფა და დიდი დაქცევა!

4. განადგურდა მოაბი! აკივლდნენ მისი პატარები.

5. რადგან გირილით ადიან ლუხითის მაღლობზე; რადგან შეცხადების კივილი ესმით ხორონაომის დაღმართებზე.

6. გაიქეცით, თავს უშველეთ! ბუჩქივით მარტოსული იქნებით უდაბნოში.

7. რადგან შენი ნახელავის და საგანძურის იმედი გქონდა; შენც შეგიპყრობენ და ქამოშიც დატყვევდება, მისი ქურუმები და მთავრებიც თან მიჰყვებიან.

8. მიადგება გამანადგურებელი ყოველ ქალაქს, არცერთი ქალაქი არ გადარჩება, დაიღუპება ველ-მინდორი, განადგურდება ვაკეები, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.

9. მიეცით ფრთები მოაბს, რომ გაფრინდეს, რადგან უდაბნოდ გადიქცევა და განადგურდება.

10. წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს! წყეულიმც იყოს, ვინც აკავებს მახვილს სისხლისაგან!

11. უშფოთველად იყო მოაბი სიყრმიდანვე, თავის დვრიტაზე განისვენებდა. ჭურჭლიდან ჭურჭელში არ გადაღებულა და გადასახლებაში არ წასულა. ამიტომაც შერჩა თავისი გემო და სუნი არ შეცვლია.

12. ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა გადამღებლებს მივუგზავნი და გადაიღებენ მას, დაუცარიელებენ ჭურჭლებს და ტიკებს დაუხევენ.

13. გაწბილდება მოაბი ქამოშის გამო, როგორც გაწბილდა ისრაელის სახლი ბეთელის გამო, რომელსაც ესავდა.

14. როგორღა ამბობთ: გმირები ვართ, ძლიერი მებრძოლები ვართო?

15. განადგურებულია მოაბი და მისი ქალაქები; მისი რჩეული ვაჟკაცები სასაკლაოზე წავიდნენ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბოთ უფალია.

16. ახლოსაა მოაბის აღსასრული, გამალებით მოიჩქარის მისი უბედურება.

17. დაიტირეთ იგი, მეზობლებო, და მისი სახელის მცნობელნო, იყვირეთ: როგორ შეიმუსრა ძლიერი კვერთხი, დიდებული არგანი!

18. ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო, რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია.

19. გზაზე დადექი და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრთ! ჰკითხე გამოქცეულს და თავდახსნილს, ჰკითხე, რა მოხდა-თქო?

20. გაწბილებულია მოაბი, რადგან დაიქცა. იტირეთ და იკივლეთ, ამცნეთ არნონში, რომ განადგურებულია მოაბი.

21. სასჯელმა უწია დაბლობ ქვეყანას - ხოლონს, იაჰცას და მეფაყათს,

22. დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს;

23. კარიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მეყონს,

24. კერიოთს, ბოცრას და მოაბის ყველა ქალაქს, შორეულსაც და მახლობელსაც.

25. რქა მოეკვეთა მოაბს და მკლავი მოტყდა, ამბობს უფალი.

26. დაათვრეთ იგი, რადგან გაუმედიდურდა უფალს. იგორავებს მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სამასხრო შეიქნება.

27. განა სამასხროდ არ გყავდა ისრაელი? განა ქურდებში იყო დაჭერილი, თავს რომ აქნევ მის ყოველ ხსენებაზე?

28. დასტოვეთ ქალაქები და კლდეებში დასახლდით, მოაბის მკვიდრნო! იყავით მტრედებივით, ნაპრალის კიდეებზე რომ იბუდებენ.

29. გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მედიდურობა და დიდგულობა.

30. მე ვიცი, ამბობს უფალი, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი და ფუჭი საქმე.

31. ამიტომაც ვივალალებ მოაბზე და კივილს ავტეხ მთელს მოაბზე. იგლოვებენ კირ-ხერესის კაცებს.

32. იაყზერზე მეტად დაგიტირებ, სიბმას ვენახო! შენი ლერწები ზღვამდე აღწევს, იაყზერის ზღვამდე. მძარცველი შეესია შენს ადრეულ ნაყოფს და მოსავალს.

33. ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და მოაბის ქვეყანას; გავაქრობ ღვინოს საწნახლებიდან, აღარ დაწურავენ შეძახილით: ჰედად! ჰედად! აღარ გაისმება ჰედადის შეძახილი.

34. ხეშბონის გამო კივილს ელყალამდე, იაჰაცამდე ბანი მისცეს ცოღარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაწყდება ნიმრიმის წყლებიც.

35. მუსრს გავავლებ მოაბში ყველას, ამბობს უფალი, ვისაც გორაკზე მსხვერპლი მიაქვს და უკმევს თავის ღმერთებს.

36. ამიტომ მიკვნესის სტვირივით გული მოაბზე; მიკვნესის სტვირივით გული კირ-ხარესის ხალხზე, რადგან დაეღუპათ მთელი მონაგარი.

37. გადაპარსული აქვს ყველას თავი, მოკვეცილი აქვს ყველას წვერი, დახოკილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია.

38. მოაბის ყველა ბანზე და მის ყველა მოედანზე გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უხმარი ჭურჭელივით, ამბობს უფალი.

39. როგორ დაიქცა, როგორ მოთქვამენ, როგორ თავი შეირცხვინა და შეიქნა მოაბი სამასხროდ და შესაზარად გარეშემოთათვის.

40. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით აფრინდება და ფრთებს გადაშლის მოაბზე.

41. დაიპყრობენ ქალაქებს და ციხე-სიმაგრეებს დაიჭერენ; მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე დედაკაცის გულივით გახდება იმ დღეს.

42. გაქრება მოაბის სახსენებელი, რადგან გაუმედიდურდა უფალს.

43. შიში და ხარო და ხაფანგი გელის, მოაბის მკვიდრო! ამბობს უფალი.

44. შიშისგან გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი განკითხვის წელიწადს, ამბობს უფალი.

45. ხეშბონის ჩრდილს შეაფარეს თავი ღონემიხდილმა ლტოლვილებმა; მაგრამ ცეცხლი გამოტყვრა ხეშბონიდან და ალი სიხონის შუაგულიდან, და საფეთქელი შეუტრუსა მოაბს და თხემი შფოთის ამტეხთ.

46. ვაი შენ, მოაბო! დაიღუპა ქამოშის ხალხი, რადგან ტყვედ წაასხეს შენი ვაჟები და ასულები.

47. მაგრამ დავაბრუნებ მთაბელ ტყვეებს უკანასკნელ დღეებში, ამბობს უფალი. აქამდეა მოაბის განაჩენი.


თავი ორმოცდამეცხრე

1. ყამონიანებზე. ასე ამბობს უფალი, ნუთუ შვილები არა ჰყავს ისრაელს? ნუთუ არა ჰყავს მემკვიდრე? აბა რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი და დასახლდა მისი ხალხი გადის ქალაქებში?

2. ამიტომაც, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ომის ყიჟინას გავაგონებ ყამონიანთა რახათს და უკაცრიელ ბორცვად გადაიქცევა; მისი დაბა-სოფლები ცეცხლში გადაიბუგება. ისრაელი დაიმკვიდრებს მათ სამკვიდრებელს, ამბობს უფალი.

3. მოთქვამდე, ხეშბონო, რადგან გაძარცულია დაი. ჰკიოდეთ, რაბათელო ქალებო, ჩაიცვით ჯვალო, მოთქვამდეთ და ფარეხ-ფარეხ წანწალებდეთ! რადგან ტყვეობაში წავა მალქომი და მისი ქურუმები და მთავრები მასთან ერთად.

4. რად იკვეხნი შენს ხეობებს? წაილეკა შენი ხეობები, განდგომილო ასულო, საგანძურების იმედი რომ გაქვს, ვინ მოვაო ჩემთან?

5. აჰა, დაგცემ შიშის ზარს, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ყოველის მხრიდან; ყველანი ცალ-ცალკე განიდევნებით და ვეღარავინ შეგკრებთ გზადაკარგულებს.

6. მერე კი დავაბრუნებ ყამონიანთა ტყვეებს, ამბობს უფალი.

7. ედომზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ნუთუ აღარ არის სიბრძნე თემანში? ნუთუ გაცუდდა გონიერთა თათბირი და დაიკარგა მათი სიბრძნე!

8. გაიქეცით, გაბრუნდით, ქვაბებში შეიხიზნეთ, დედანის მკვიდრნო! რადგან უბედურება მომაქვს ესავისთვის, მისი განკითხვის ჟამი.

9. ყურძნის მკრეფავნიც რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალი მათაც გადარჩებოდათ, ღამის ქურდები მხოლოდ თავის სამყოფს დაიტაცებდნენ.

10. რადგან მე გავძარცვე ესავი, გამოვამზეურე მისი დარანები, რომ ვეღარ დაიმალოს. განადგურდა მისი მოდგმა, მისი ძმები და მეზობლები, არავინ დარჩა.

11. დასტოვე შენი ობლები, მე ვარჩენ მათ; ჩემი იმედი ჰქონდეთ შენს ქვრივებს.

12. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, იმან დასცალა თასი, ვისაც მისი შესმა არ ედო ვალად, შენ კი გინდა დაუსჯელი დამრჩე? არ დარჩები დაუსჯელი, უეჭველად შესვამ.

13. რადგან ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ შესაზარი, სამარცხვინო, უკაცრიელი და შესაჩვენებელი გახდება ბოცრა და უდაბნოდ გადაიქცევიან მისი დაბა-სოფლები სამარადისოდ.

14. ხმა მომწვდა უფლისგან და მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: შეიკრიბეთ და წადით მის წინააღმდეგ, აღდექით საბრძოლველად!

15. რადგან, აჰა, დაგამცირე ხალხთა შორის, საძულველი ხარ ადამის მოდგმაში.

16. შენმა კერპმა შეგაცდინა, შენმა გულზვიადობამ; კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღლა მათაზეა შენი სადგომი. არწივივით მაღლაც რომ მოიიწყო ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.

17. შესაზარი გახდება ედომი, შეძრწუნდება ყოველი ჩამვლელი და სტვენას მოჰყვება, მისი ჭრილობების შემხედვარე.

18. როგორც დაიქცნენ სოდომი და გომორა და მისი მეზობელი დაბები, ამბობს უფალი, ასევე კაციშვთლი არ გაჩერდება იქ და არც არავინ დასახლდება.

19. აჰა, ლომივით გამოდის იგი იორდანეს ჭალებიდან ნოყიერი საძოვრებისკენ. წამისყოფაში გავაქცევ ქვეყნიდან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ მას. რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი? ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსია, წინ რომ დამიდგეს?

20. ამიტომ მოისმინეთ უფლის განაჩენი, რომელიც ედომს განუჩინა და ზრახვანი, რაც თემანის ხალხზე განიზრახა: ნახეთ, თუ არ წაათრიონ ისინი მწყემსის ბიჭებე, თუ თავზე არ დაუმხონ ფარეხები!

21. მათი დაცემის ხმა მიწას შეარყევს, მისი კივილი მეწამულ ზღვას მისწვდება.

22. აჰა, აიწევა როგორც არწივი, გაფრინდება და ფრთებს გადმოშლის ბოცრაზე. ედომელ ვაჟკაცთა გული მშობიარე დიაცთა გულივით გახდება იმ დღეს.

23. დამასკოზე გაწბილდნენ ხამათი და არფადი, რადგან ცუდი ამბები მოუვიდათ. შეშფოთდნენ; ზღვაზე ღელვაა და ვერ ისვენებენ.

24. შედრკა დამასკო, ზურგი იბრუნა და გაიქცა, კანკალმა აიტანა, ტკივილმა და კრუნჩხვამ დაუარა მშობირე ქალივით.

25. როგორ ვერ გადარჩა დიდების ქალაქი, ჩემი მხირული სადგომი!

26. ამიტომაც დაეცემიან ჭაბუკები მის მოედნებზე და ყველა მებრძოლი გაწყდება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი.

27. ცეცხლს წავუკიდებ დამასკოს გალავანს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის პალატებს.

28. კედარზე და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ დაამარცხა, ასე ამბობს უფალი: აღდექით და დალაშქრეთ კედარი და გაძარცვეთ აღმოსავლელნო.

29. წაიღებენ მათ კარვებსა და ცხვარს, დაიტაცებენ მათ კრეტსაბმელებს, ჭურჭლეულს და აქლემებს. თან მიაყვირებენ: შიშია ირგვლივ!

30. გაიქეცით, იჩქარეთ, ქვაბებში შეიხიზნეთ, ხაცორის მკვიდრნო! ამბობს უფალი, რადგან თათბირი ქნა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ თქვენს წინააღმდეგ და განზრახვა განიზრახა თქვენს წინააღმდეგ.

31. ადექით, დალაშქრეთ უზრუნველი ხალხი, იმედიანად მცხოვრებნი, ამბობს უფალი. არც კარები აქვთ, არც ურდული; მარტოდმარტო სახლობენ.

32. დაიტაცებენ მათ აქლემებს და ნადავლად წაასხამენ ურიცხვ საქონელს; ოთხივ ქარისკენ გავფანტავ საფეთქელშეკრეჭილებს და ყოველს მხრიდან მოვუვლენ უბედურებას, ამბობს უფალი.

33. ტურების ბუნაგად იქცევა ხაცორი, უდაბურ ადგილად უკუნისამდე! არ იცხოვრებს იქ კაციშვილი და ადამიანი აღარ დასახლდება.

34. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამი ელამზე იუდას მეფის, ციდკიას მეფობის დასაწყისში.

35. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, დავლეწავ ელამის მშვილდს, მისი ძლიერების დასაბამს;

36. მივუშვებ ელამზე ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან და ამ ოთხივ ქარისკენ გავფანტავ მათ. არ იქნება ისეთი ხალხი, რომელთანაც არ მივიდეს გაფანტული ელამი.

37. შიშის ზარს დავცემ მათ მტრებისა და მესისხლეთა წინაშე; მოვუვლენ უბედურებას, ჩემს ცეცხლოვან რისხვას, ამბობს უფალი. მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე არ მოვუღებ ბოლოს.

38. ელამში დავიდგამ ტახტს და აღვგვი იქიდან მეფეებს და მთავრებს, ამბობს უფალი.

39. ბოლოს კი დავაბრუნებ ელამელ ტყვეებს, ამბობს უფალი.


თავი ორმოცდამეათე

1. სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა ბაბილონზე, ქალდეველთა ქვეყანაზე, წინასწარმეტყველ იერემიას პირით:

2. გამოაცხადეთ ხალხებში და ასმინეთ, აღმართეთ დროშა, ასმინეთ, არ დაფაროთ, თქვით: აღებულია ბაბილონი, გაწბილებულია ბელი, დამხობილია მეროდაქი. გაწბილდნენ მისი კერპები, დამხობილია მისი ქანდაკებები.

3. რადგან მოადგა მას ხალხი ჩრდილოეთიდან, რომ უდაბნოდ აქციოს მისი ქვეყანა და აღარ იყოს მცხოვრები მასში, კაციდან პირუტყვამდე ყველანი წავლენ, გადაიხვეწებიან.

4. იმ დღეე ში და იმხანად, ამბობს უფალი, მოვლენ ისრაელიანები და იუდიანები, ერთად მოჰყვებიან გამუდმებით ტირთლს და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს.

5. სიონის გზას იკითხავენ, აქეთ ექნებათ პირი; მოვლეს, რომ შეეკრან უფალს საუკუნო, დაუვიწყარი აღთქმით.

6. დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა აურიეს გზაკვალი, მთებზე ახეტიალებენ; მთიდან გორაკებზე გადადიან, თავისი საძოვარი დაივიწყეს.

7. ყოველი მათი მპოვნელი ჭამს მათ და მათი მტრები ასე ამბობენ: ჩვენ ბრალი არა გვაქვს, რადგან მათ შესცოდეს უფალს - სიმართლის სამყოფელს და უფალს - მათი მამა-პაპის იმედს.

8. გადაიკარგეთ ბაბილონიდან და გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ერკემლებად იქმენით ფარის წინ.

9. რადგან, აჰა, აღვძრავ და მივაყენებ ბაბილონზე დიდი ხალხების ურდოებს ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დაეწყობიან მის წინააღმდეგ და ტყვედ ჩავარდება. მათი ისრები გამოცდილი მებრძოლებია, ხელცარიელი არ ბრუნდებიან უკან.

10. ნადავლად გადიქცევა ქალდეველთა ქვეყანა, ყოველი დამტაცებელი მისი გაძღება, ამბობს უფალი.

11. რადგან მხიარულობთ, რადგან ხალისობთ, ჩემი სამკვიდროს მძარცველებო; რადგან კუნტრუშობთ ხბოსავით მწვანეზე და ცხენებივით ჭიხვინებთ.

12. დიდად გაწბილდა თქვენი დედა, შერცხვენილია თქვენი მშობელი. აჰა, ხალხების მომავალი: უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი!

13. უფლის რისხვის გამო აღარ დასახლდება, ერთიანად გაუდაბურდება ყველა, ვინც ჩაუვლის ბაბილონს, შეძრწუნდება და დაუსტვენს, მის წყლულების შემხედვარე.

14. გარსშემოეწყვეთ ბაბილონს, ვინც ხართ მშვილდის მომზიდველნი! დაუშინეთ, ნუ დაგენანებათ ისრები, რადგან შესცოდა უფალს.

15. დაეცით ყიჟინა მის ირგვლივ; ხელი ჩამოუშვა, გადაიქცნენ მისი ბურჯები, ჩამოიქცნენ მისი კედლები, რადგან ეს უფლის შურისგებაა. მიაგეთ შური, როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით.

16. ამოკვეთეთ მთესველი ბაბილონიდან და ნამგლის დამჭერი მკათათვეში. შემმუსვრელის მახვილისგან ყველამ თავის ხალხს შეაფაროს თავი და ყველა თავისი ქვეყნისკენ გაიქცეს.

17. გაბნეული ცხვარია ისრაელი, ლომმა დაფანტა; ჯერ აშურის მეფე ჭამდა მას, ბოლოს ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაუმტვრია ძვალი.

18. ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც აშურის მეფე დავსაჯე.

19. დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე და იბალახებს ქარმელზე და ბაშანზე; ეფრემის მთებში და გალაადში განცხრება მისი სული.

20. იმ დღეებში და იმხანად, ამბობს უფალი, მოიკითხება ისრაელის ბრალი და აღარ იქნება; იუდას - ცოდვა და არ აღმოჩნდება, რადგან ყველას ვაპატიებ, ვისაც კი დავარჩენ.

21. დაეცი მერათაიმის ქვეყანას და ფეკოდის მცხოვრებთ; გაანადგურე და ააოხრე მათ უკან ყველაფერი, ამბობს უფალი; ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გიბრძანე.

22. ბრძოლის ხმა ისმის ქვეყანაში და დიდია დაქცევა!

23. როგორ გადატყდა და დაილეწა მთელი ქვეენის ურო! როგორ გაიქცა შესაზარად ბაბილონი ხალხთა შორის!

24. მახე დაგიგე და გაები კიდეც, ბაბილონო, შენ კი ვერც მიხვდი, მოგძებნეს და შეგიპყრეს კიდეც, რადგან უფალს აუჯანყდი.

25. გახსნა უფალმა თავისი საგანძური და გამოიტანა თავისი რისხვის საჭურველი; რადგან სამსჯავრო საქმე აქვს უფალს, ცაბაოთ ღმერთს, ქალდეველთა ქვეყანაში.

26. შედით იქ ქვეყნის ყოველი კუთხიდან, გახსენით მისი ბეღლები, ძნასავით გალეწეთ და ააოხრეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს!

27. მახვილს მიეცით მისი ხარები, ჩავიდნენ სასაკლაოდ! ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე, მათი განკითხვის ჟამი!

28. აჰა, მოისმის ხმა გაქცეულთა და ლტოლვილთა ბაბილონის ქვეყნიდან, რომ ემცნოს სიონზე უფლის, ჩვენის ღვთის შურისგების ამბავი, შურისგებისა მისი ტაძრის გამო!

29. შეჰყარეთ მოისარნი ბაბილონის წინააღმდეგ, ყოველი მშვილდის მომზიდველი; გარს შემოადექით, არავინ გაგექცეთ; მიუზღეთ მისი საქმისაებრ; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით; რადგან უფალს გაუმედიდურდა, ისრაელის წმიდას.

30. ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკები ქუჩებში და ყველა მისი მეომარი დადუმდება ამ დღეს, ამბობს უფალი.

31. აჰა, მოვდივარ შენზე, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი; რადგან დადგა შენი დღე, შენი განკითხვის ჟამი!

32. წაფორხილდება მედიდური და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს.

33. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დათრგუნული არიან ისრაელიანები და იუდიანებიც; მაგრად უჭირავთ ისინი მათ დამატყევართ, არ უნდათ მათი გაშვება.

34. მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი; ცაბაოთ უფალია მისი სახელი. ის გაიკითხავს მათ საქმეს, რათა ქვეყანას შვება მისცეს და შეაძრწუნოს ბაბილონის მცხოვრებნი.

35. მახვილი ქალდეველებს, ამბობს უფალი, და ბაბილონის მცხოვრებთ, მის მთავრებს და მის ბრძენკაცებს!

36. მახვილი მისნებს და შეიშლებიან, მახვილი ვაჟკაცებს და დაფრთხებიან!

37. მახვილი მის ცხენებს და მის ეტლებს, მის ჭრელ ხალხს და დიაცებად გადაიქცევიან! მახვილი მის საგანძურებს და გაიძარცვებიან!

38. გვალვა მის წყლებს და დაშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ კერპებისგან!

39. ამიტომ დაიბუდებენ იქ უდაბნოს მხეცები ტურებთან ერთად და სირაქლემები დაიბუდებენ; უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე.

40. როგორც დააქცია ღმერთმა სოდომ-გომორი და მათი დაბები, ამბობს უფალი, ასევე ერთი კაციც არ დასახლდება იქ და კაციშვილი არ იცხოვრებს მასში.

41. აჰა, ხალხი დაიძრა ჩრდილოეთიდან, დიდი ტომი; ძლიერი მეფეები აღდგებიან ქვეყნის კიდეებიდან.

42. მშვილდი და შუბი უპყრიათ ხელში; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი; მათი ხმა ზღვის ღრიალია, ცხენებზე სხედან; როგორც ერთი კაცი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო!

43. მოესმა ბაბილონის მეფეს მათი ამბავი და დაუძაბუნდა ხელი; ტკივილმა შეიპყრო, კრუნჩხვამ მშობიარე ქალივით.

44. აჰა, ლომივით წამოვიდა იორდანეს შამბნარიდან საძოვრებისკენ; ერთ წამს გავაქცევ მათ მისგან და ჩემს რჩეულს ჩავაბარებ; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ რას მიბრძანებს? რომელი მწყემსი დამიდგება წინ?

45. ამიტომ გაიგონეთ უფლის განაჩენი, რომელიც განუჩინა ბაბილონს, და მისი ზრახვანი, ქალდეველთა ქვეყნის წინააღმდეგ რომ განიზრახა! თუ არ წაათრიონ ჯოგის პატარებმა, თუ არ დაუმხონ თავზე ბინები!

46. მოვა ბაბილონის აღების ამბავი. და შეძრწუნდება ქვეყანა, კივილის ხმა გაისმება ხალხებში.


თავი ორმოცდამეთერთმეტე

1. ასე ამბობს უფალი: აჰა, აღვძრავ ბაბილონზე და ლებ-კამაის მცხოვრებლებზე განადგურების სულს,

2. და მივუსევ ბაბილონს გამნიავებლებს და გაანიავებენ მას, გააპარტახებენ მის მიწას, რადგან შეესევიან ყოველის მხრიდან გასაჭირის ჟამს.

3. ნუ მოზიდავს მშვილდს მშვილდის მომზიდველი, ნუ გადიდგულდება თავის ჯავშანში! ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ლაშქარი!

4. დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში.

5. რადგან არ დაობლებულან ისრაელი და იუდა თავისი ღვთისგან, ცაბაოთ უფლისგან, თუმცა სავსეა მათი ქვეყანა ცოდვებით ისრაელის წმიდის წინაშე.

6. გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს. არ დაიღუპოთ მისი სასჯელით, რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია, ის მიუზღავს მას სამაგიეროს.

7. ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში მთელი ქვეყნის დამათრობელი; მის ღვინოს სვამდნენ ხალხები.

8. უეცრად დაეცა ბაბილონი და დაილეწა; ივალალეთ მასზე, მოიღეთ ბალსამონი მისი ჭრილობისთვის, იქნებ განიკურნოს.

9. ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა; მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია.

10. უფალმა გამოიტანა ჩვენი სიმართლე; წავიდეთ და გავაცხადოთ სიონზე უფლის, ჩვენი ღვთის, ნამოქმედარი.

11. წვერი წაუმახეთ ისრებს, აავსეთ კაპარჭები; აღძრა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის დაღუპვა განიზრახა; რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო.

12. აღმართეთ ბავრაყი ბაბილონის ზღუდეთა წინააღმდეგ; გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ ყარაულები, მოაწყვეთ საფრები, რადგან რაც განიზრახა უფალმა, გააკეთებს, რაც ბრძანა ბაბილონის მცხოვრებლებზე.

13. დიდი წყლების პირას დამკვიდრებულო, განძმრავალო, მოვიდა შენი აღსასრული, ბოლო მოეღო შენს სიხარბეს!

14. თავისი თავი დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: აგავსებ ხალხით კალიასავით და გამარჯვების ყიჟინას დასცემენ შენს თავზე.

15. მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, დაამყარა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გადაჭიმა.

16. მის ხმაზე ცაში ხმაურობენ წყლები და ღრუბლებს წამოკრეფს ქვეყნის კიდეებიდან; საწვიმრად აჩენს ელვას და ქარი გამოაქვს თავისი საგანძურებიდან.

17. ბრიყვია ყოველი კაცი თავისი ცოდნით, სირცხვილნაჭამია მჭედელი თავისი კერპით, რადგან სიცრუეა მისი გამონადნობი და სული არ არის მასში.

18. ამაონი არიან ისინი, ცრუ ნახელავნი; განკითხვის ჟამს დაიღუპებიან.

19. მათებური არ არის იაკობის წილხვედრი, რადგან ის ყოვლის გამომსახველია და ისრაელი მისი სამკვიდრო შტოა; ცაბაოთ უფალია მისი სახელი.

20. ურო ხარ ჩემთვის - საბრძოლო იარაღი და შენით ვფანტავ ხალხებს, შენით ვანადგურებ სამეფოებს;

21. შენით ვფანტავ ცხენებს და მათ მხედრებს; შენით ვფანტავ ეტლებს და მათზე ამხედრებულთ;

22. შენით ვფანტავ კაცსა და ქალს, შენით ვფანტავ ბერსა და ყრმას, შენით ვფანტავ ჭაბუკს და ქალწულს;

23. შენით ვფანტავ მწყემსსა და მის ჯოგს, შენით ვფანტავ გუთნისდედას და მის გუთნეულს, შენით ვფანტავ განმგებელთ და მთავართ.

24. მივუზღავ ბაბილონს და ყოველ ქალდეველს იმ ბოროტების წილს, რასაც სჩადიოდნენ სიონში და თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი.

25. აჰა, შენზე მოვდივარ, დამღუპველო მთაო, ამბობს უფალი, მთელი ქვეყნის დამღუპველო; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგაქცევ და გადაბუგულ მთად გაგხდი.

26. ქვასაც ვერ აკრეფენ შენგან კუთხისთვის და ვერც საძირკვლისთვის, რადგან სამუდამოდ გაუდაბურდები, ამბობს უფალი.

27. აღმართეთ ბავრაყი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად, შეჰყარეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინის და აშქენაზის სამეფოები, დაადგინეთ სარდალი მის წინააღმდეგ, მიუსიეთ ცხენები ჯაგარაშლილ კალიასავით.

28. დალოცეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფენი, მისი ნაცვალნი და ყოველი მისი მთავარი, მისი საბრძანებლის ყოველი ქვეყანა.

29. ირყევა მიწა და იკრუნჩხება, რადგან ეწია ბაბილონს უფლის განზრახვა, რომ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა და გააუკაცუროს.

30. შეწყვიტეს ბრძოლა ბაბილონის მეომრებმა; ჩამსხდარან ციხე-სიმაგრეებში, დაშრეტილია მათი ძალა, დიაცებად არიან ქცეულნი, გადამწვარია მათი სამყოფელნი, დალეწილია მათი ურდულები.

31. შიკრიკს შიკრიკი მისდევს, მაცნეს მაცნე მისდევს, რომ ამცნოს ბაბილონის მეფეს, რომ აღებულია ქალაქი ყოველის მხრიდან.

32. ფონები დაჭერილია და ლელიანები ცეცხლში იწვის, მეომრებს თავზარი აქვთ დაცემული.

33. რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ბაბილონის ასული გასალეწად გამზადებული კალოა; ცოტაც და, დადგება მისი მომკის ჟამი.

34. შემჭამა, დამღეჭა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, ცარიელ ჭურჭლად მაქცია. გადამყლაპა გველეშაპივით, აივსო შიგანი ჩემი ძვირფასეულობით და ამომანთხია.

35. ჩემი გათელვა და ჩემი ხორცი ბაბილონზეა, ამბობს სიონის მკვიდრი. ჩემი სისხლი ქალდეველებზეა, ამბობს იერუსალიმი.

36. ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავიცავ შენს სამართალს და შენს გამო ვიძიებ შურს; ამოვაშრობ მის ზღვას და დავუშრეტ წყაროს.

37. ნანგრევებად იქცევა ბაბილონი, ცურების ბუნაგად, უდაბურ და სასტვენელ ადგილად, და არავინ იცხოვრებს იქ.

38. ლომებივით მოჰყვებიან ღრიალს ერთიანად, აბდღვინდებიან ლომის ბოკვერებივით.

39. როცა გახურდებიან, ლხინს გავუმართავ და დავათრობ, რომ გახალისდნენ და დაიძინონ სამუდამო ძალით, რომ აღარ გაიღვიძონ, ამბობს უფალი.

40. ჩავრეკავ ბატკნებივით დასაკლავად, ერკემლებივით ვაცებთან ერთად.

41. როგორ დატყვევდა შეშაქი, როგორ დაიპყრეს მთელი ქვეყნის დიდება! როგორ დაიქცა ბაბილონი ხალხთა შორის!

42. ზღვა აღდგა ბაბილონზე, მისმა ბობოქარმა ზვირთებმა შთანთქეს იგი.

43. მისი ქალაქები უდაბნოდ იქცა, ხრიოკ მიწად და ტრამალად, სადაც კაციშვილი არ ცხოვრობს და ადამის ძეს არ გაუვლია.

44. მოვიკითხავ ბელს ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ შთანთქმულს და ხალხები შეწყვეტენ მისკენ დენას; ბაბილონის კედლებიც დაეცემა.

45. გაერიდე მას, ჩემო ერო, თავს უშველე უფლის რისხვისაგან.

46. ნუ შეგიდრკებათ გული და ნუ შეგეშინდებათ ხმისა, რომელიც გავარდება ქვეყანაზე. მოვა ხმა ერთ წელს და ამის შემდეგ სხვა წელს სხვა ხმა მოვა. ძალადობა იქნება ქვეყანაზე, მბრძანებელი მბრძანებლის წინააღმდგგ აღდგება.

47. ამიტომ, აჰა, დადგება ჟამი და დავსჯი ბაბილონის კერპებს, სირცხვილში ჩავარდება მთელი მისი ქვეყანა და დახოცილნი ეყრებიან მის შუაგულში.

48. იყიჟინონ ბაბილონზე ცამ და მიწამ და ყველაფერმა, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან შეესევიან მას მაოხარნი, ამბობს უფალი.

49. როგორც ბაბილონმა დასცა ისრაელის დახოცილნი, ასე ბაბილონშიც დაეცემიან მთელი ქვეყნის დახოცილნი.

50. ილტვოდეთ, მახვილს გადარჩენილნო, ნუ დადგებით! შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ.

51. გვრცხვენოდა, გინება რომ გვესმოდა; სირცხვილი ფარავდა ჩვენს სახეს, როცა უცხო თესლი მოადგა უფლის სახლის საწმიდარებს.

52. რადგან, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და დავსჯი მის კერპებს და მთელს მის ქვეყანაში აკვნესდებიან სასიკვდილოდ დაჭრილნი.

53. თუმცა ცად აღზევდა ბაბილონი, თუმცა ზესკნელში დაამყარა თავისი სიმაგრე, ჩემგან მიუვლენ მაოხარნი, ამბობს უფალი.

54. ხმა მოთქმისა გაისმის ბაბილონიდან და დიდი დაქცევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.

55. რადგან მოაოხრებს უფალი ბაბილონს და ჩაუხშობს ამპარტავნულ ხმას. ახმაურდებიან მათი ტალღები დიდი წყლებივით, გაისმება მათი გრიალის ხმა.

56. რადგან დაეცემა მას, ბაბილონს, მაოხარი და შეპყრობილ იქნებიან მისი მეომრები; დაილეწება მათი მშვილდები, რადგან შურისგების ღმერთია უფალი, მიუზღავს საზღაურს.

57. დავათრობ მის მთავრებს და მის ბრძენებს, მის ნაცვლებს, მის განმგებლებს და მის მეომრებს; დაიძინებენ საუკუნო ძილით და ვერასოდეს გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.

58. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის ფართო კედლები შეირყევა და მაღალი კარიბჭენი ცეცხლში გადაიბუგება. არაფრისთვის იშრომეს ხალხებმა და ცეცხლის გულისთვის დაშვრენ ტომები.

59. სიტყვა, რომვლიც უანდერძა იერემია წინასწარმეტყველმა სერაიას ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, როცა ის ციდკიაჰუსთან, იუდას მეფესთან, ბაბილონში მიდიოდა, მისი მეფობის მეოთხე წელს (სერაია მესაწოლეთუხუცესი იყო).

60. ჩასწერა იერემიამ ერთ წიგნში ყველა უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დატყდომოდა, ყველა ეს სიტყვა, ბაბილონის გამო დაწერილი.

61. უთხრა იერემიამ სერაიას: ბაბილონში შენი მისვლისას, იცოდე, წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.

62. თქვი: უფალო, შენ გიბრძანებია ამ ადგილის გამო, რომ განადგურებ მას, ისე რომ არავინ დარჩება იქ ადამიანიდან პირუტყვამდე, რადგან სამუდამო უდაბნოდ იქცევა.

63. როცა დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი ქვა და შუაგულ ევფრატში ჩააგდე.

64. თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ აღდგება იმ უბედურებისგან, რომელსაც თავზე დავათევ, და გაუწყდებათ ილაჯი.


თავი ორმოცდამეთორმეტე

1. ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.

2. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში ისევე, როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა.

3. ამიტომ უფლის რისხვა იყო იერუსალიმზე და იუდაზე იქამდე, რომ მოიშორა ისინი თავისი პირიდან. აუჯანყდა ციდკიაჰუ ბაბილონის მეფეს.

4. მისი მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს, თვის ათში, წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმზე და გარსშემოეწყო მას, მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.

5. ალყაში იყო ქალაქი მეფე ციდკიაჰუს მეთერთმეტე წლამდე.

6. მეოთხე თვეს, თვის ცხრაში, გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და არ იყო პური ქვეყნის ერისთვის.

7. გაანგრიეს ქალაქი და მთელი მხედრობა გაიქცა და გავიდა ქალაქიდან ღამით იმ კარიბჭით, ორ კედელს შუა რომ არის, მეფის ბაღთან (ქალდეველები კი ქალაქს ერტყნენ), და დაადგნენ უდაბნოს გზას.

8. დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და მიეწივნენ ციდკიაჰუს იერიხონის ვაკეებზე, და გაეფანტა მთელი ლაშქარი.

9. შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში, ჰამათის ქვეყანაში, და გამოუტანა განაჩენი.

10. თვალწინ დაუკლა ბაბილონის მეფემ შვილები ციდკიაჰუს და იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში.

11. ციდკიაჰუს თვალები დათხარა, ბორკილები დაადო, წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონს, საპყრობილეში.

12. მეხუთე თვეს, თვის ათში - ეს იყო ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მეცხრამეტე წელი - მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცეხი, ბაბილონის მეფის წინაშე მდგომელი, იერუსალიმში.

13. გადაწვა უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა.

14. მთელი კედელი იერუსალიმისა ირგვლივ დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონადაქართუხუცესს ახლდა.

15. ერის ღატაკთაგანნი, ერის დანაშთომი, რომელიც ქალაქში დარჩა, ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულნი და დანარჩენი სიმრავლე ხალხისა გადაასახლა ნებუზარადანმა ქონდაქართუხუცესმა.

16. ქვეყნის მდაბიორთაგან ნაწილი დასტოვა ნებუზარადინმა, ქონდაქართუხუცესმა, მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად.

17. სპილენძის სვეტები, უფლის სახლს რომ ჰქონდა, კვარცხლბეკები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იყო, დალეწეს ქალდეველებმა და მთელი მათი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.

18. ქვაბები, აქანდაზები, დანები, თასები, კოვზები და ყოველი სპილენძის ჭურჭელი, სამსახურებელი, გაზიდეს.

19. თეფშები, მარწუხები, სასხურებლები, ქვაბები, ლამპრები, სასაკმეველები, საწდები, რაც ოქროსი და ვერცხლის იყო, გაზიდა ქონდაქართუხუცესმა.

20. ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი ხარი სპილენძისა საკვარცხლბეკედ, რომლებიც მეფე სოლომონმა გააკეთა უფლის სახლისთვის - ამ ჭურჭლის სპილენძს წონა არ ჰქონდა.

21. თითოეული სვეტი თვრამეტი წყრთა იყო სიმაღლით და თორმეტი წყრთა ძაფი ჰქონდა ირგვლივ შემოვლებული; სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა და ღრუ იყო.

22. სპილენძის გვირგვინი მათზე, გვირგვინის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; ცხაური და ბროწეულები გვირგვინზე ირგვლივ - ყველაფერი სპილენძისა; ასეთივე იყო მეორე სვეტი ბროწეულებითურთ.

23. ბროწეულები ოთხმოცდათექვსმეტი იყო ყოველ მხარეს; სულ ასი იყო ბროწეული ცხაურზე, ირგვლივ.

24. წაიყვანა ქონდაქართუხუცესმა სერაია მღვდელმთავარი და სოფონია, მეორე მღვდელი, და სამი ზღურბლის მცველი.

25. ქალაქიდან წაიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მეომართა ზედამხედველად იყო, შვიდი კაცი, მეფის პირის მჭვრეტელი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ, მთავარი მწერალი მხედართმთავრისა, ქვეყნის ერის ჯარში გამწვევი, და სამოცი კაცი ქვეყნის ერიდან, ვინც ქალაქში აღმოჩნდნენ.

26. წაიყვანა ისინი ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა და მიჰგვარა ისინი ბაბილონის მეფეს რიბლაში.

27. დასაჯა ისინი ბაბილონის მეფემ და მოაკვდინა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. გადასახლდა იუდა თავისი მიწა-წყლიდან.

28. აჰა, ხალხი, რომელიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა: მეშვიდე წელს სამიათას ოცდასამი იუდაელი.

29. ნაბუქოდონოსორის მეჩვიდმეტე წელს იერუსალიმიდან რვაას მეტი სული.

30. ნაბუქოდონოსორის ოცდამესამე წელს გადაასახლა ნებუზარადან ქონდაქართუხუცესმა შვიდასორმოცდახუთი სული იუდაელი; სულ ორმოციათას ექვსასი სული.

31. იუდას მეფის იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვეს, თვით ოცდახუთში, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს თავი აუწია იეჰოაქინს, იუდას მეფეს, და გამოიყვანა ის სატუსაღოდან.

32. კეთილად ელაპარაკა მას და დაუდგა ტახტი იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მას ახლდნენ ბაბილონში.

33. გამოიცვალა სატუსაღო სამოსი და სულმუდამ მის წინაშე ჭამდა პურს, ვიდრე ცოცხალი იყო.

34. შეუწყვეტელი სარჩო ეძლეოდა ბაბილონის მეფისგან ყოველდღიურად სიკვდილის დღემდე, ვიდრე ცოცხალი იყო.