თავი პირველი

1. ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთორმეტე წელს, რომელიც მეფობდა აშურელებზე დიდ ქალაქ ნინევეში, არფაქსადის მეფობისას, რომელიც მეფობდა მიდიელებზე ეკბატანაში,

2. და ირგვლივ შემოავლო ეკბატანას გათლილი ქვებისგან ზღუდე სამი წყრთა სისქისა და ექვსი წყრთა სიგრძისა, და ქმნა მისი სიმაღლე სამოცდაათი წყრთა, სიგანე კი - ორმოცდაათი,

3. და აღმართა ასწყრთიანი გოდლები მის კარიბჭეებთან და სამოცწყრთიანი საძირკველი ჩაუყარა,

4. ააშენა მისი კარიბჭენი, სიმაღლით სამოცდაათი წყრთა და სიგანით ორმოცი წყრთა, მისი ძლევამოსილი ლაშქრის გასასვლელად და ფეხოსანთა განსაწყობად,

5. იმხანად ბრძოლა გადაიხადა ნაბუქოდონოსორ მეფემ არფაქსად მეფის წინააღმდეგ დიდ ველზე (ეს არის ველი რეღუს საზღვრებში).

6. მასთან შეიკრიბა მთის ყოველი მცხოვრები და ყველანი, ვინც ცხოვრობდნენ ევფრატის, ტიგროსის და ჰიდასპეს გაყოლებაზე და ველზე, სადაც არიოქი ელიმაელებზე მეფობდა. შეუერთდა ქალდეველთა ლაშქარს მრავალი ტომი.

7. დაუგზავნა აშურის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, მოციქულები სპარსეთის ყველა მცხოვრებს, დასავლეთის ყველა მცხოვრებს, კილიკიის, დამასკოს, ლიბანისა და ანტილიბანის მცხოვრებთ და ზღვისპირეთის ყველა მცხოვრებს,

8. ქარმელის, გალაადის, ზემო გალილის და ესდრელონის დიდი ველის ხალხებს,

9. ყველას, ვინც იყვნენ სამარიაში და მის გარშემო ქალაქებში, იორდანეს გაღმა იერუსალიმამდე, ბეთანიამდე, ხელუსიამდე, კადეშამდე, ეგვიპტის მდინარემდე, თახაფნეხესამდე, რამსესამდე და მთელ გოშენის ქვეყნამდე,

10. ზემო ტანისისა და მემფისის მისასვლელამდე, ეგვიპტის ყველა მცხოვრებს ეთიოპიის საზღვრებამდე.

11. ყურად არ იღეს ყველა ქვეყნის მცხოვრებლებმა აშურის მეფის, ნაბუქოდონოსორის, სიტყვა და არ შეუერთდნენ მას საბრძოლველად, რადგან არ ეშინოდათ მისი, მათი მოწინააღმდეგე ერთი კაცისა, და ლანძღვა-გინებით გააბრუნეს უკან მისი გაწბილებული მოციქულები.

12. ძლიერ განურისხდა ნაბუქოდონოსორი ყველა იმ ქვეყანას და დაიფიცა თავისი ტახტი და მეფობა, რომ შურს იძიებდა კილიკიის, დამასკოსა და არამის საზღვრებზე, მახვილით მოსრავდა მათ და მოაბის ყოველ მცხოვრებს, ყამონიანებს, ყველა იუდაელსა და ყველა ეგვიპტელს ორი ზღვის საზღვრამდე.

13. მეჩვიდმეტე წელს წაუძღვა იგი თავის ლაშქარს არფაქსად მეფის წინააღმდეგ, სძლია მას ბრძოლაში და უკუაქცია არფაქსადის მთელი ლაშქარი, მთელი მისი მხედრობა და საბრძოლო ეტლები.

14. დაეუფლა მის ქალაქებს, მიაღწია ეკბატანამდე, დაიპყრო ციხე-სიმაგრეები, გაძარცვა მისი ბაზრები და საგინებლად გახადა მისი მშვენიერება.

15. არფაქსადი კი შეიპყრო რეღუს მთებში და თავისი ჰოროლით განგმირა, იმავე დღეს მოუღო ბოლო.

16. გამობრუნდა ნინევეში მათთან ერთად - თავად იგი და მთელი მისი ლაშქარი - მეომართა აურაცხელი სიმრვლე. ისვენებდა და ილხენდა იგი ასოცი დღე თავის ლაშქართან ერთად.


თავი მეორე

1. მეთვრამეტე წელს კი, პირველი თვის ოცდაორს, ამურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის, სახლში იყო სიტყვა მთელ ქვეყანაზე შურისძიების შესახებ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მას.

2. უხმო ყველა თავის მსახურსა და დიდებულს, გაუმხილა თავისი საიდუმლო ზრახვა და თავისი პირით გადაწყვიტა ყოველი ბოროტება ქვეყნისათვის.

3. მათ სასიკვდილო მსჯავრი დადეს ყოველ ხორციელს, რომელიც არ დაემორჩილებოდა მისი პირიდან გამოსულ სიტყვას.

4. როცა გადაწყვიტა თავისი განზრახვის აღსრულება, უხმო ნაბუქოდონოსორმა, აშურელთა მეფემ, ოლოფერნეს, თავისი ჯარის მთავარსარდალს, რომელიც მეორე კაცი იყო მის შემდეგ, და უთხრა:

5. ასე ამბობს დიდი მეფე, ბატონ-პატრონი მთელი ქვეყნის, წადი ჩემგან და თან წაიყვანე თავიანთ ძლიერებაში დარწმუნებული ვაჟკაცები, ასოციათასი ფეხოსანი და მრავალი ცხენი თორმეტიათასი მხედრითურთ.

6. წადი და დაეცი მთელ დასავლეთის ქვეყანას, რადგან არ დაემორჩილნენ ჩემს ბრძანებას.

7. გამოუცხადე, გამიმზადონ მიწა და წყალი, რადგან განრისხებული მივდივარ მათზე, რომ დავაბნელო მთელი მიწისპირი ჩემი მეომრების ფეხებით და ასაკლებად მივცე ისინი ჩემს მებრძოლებს.

8. მათი დაჭრილები აავსებენ მათსავე უფსკრულებს, მოდიდდება ყველა ნიაღვარი და მდინარე და წალეკავს მათ გვამებს.

9. წამოვასხამ ტყვეებს მთელი ქვეყნის კიდიდან.

10. შენ კი წადი და წინასწარ დამიპყარი ყველა მათი საზღვარი. ვინც თავისი ნებით ჩაგბარდებიან, შემინახე ისინი მათი განკითხვის დღემდე.

11. ურჩნი კი ნუ დაენანება შენს თვალს სასიკვდილოდ და ასაკლებად მთელს შენს ქვეყანაში.

12. რადგან ცოცხალი ვარ მე და ძლიერია ჩემი მეფობა. მითქვამს და აღვასრულებ კიდეც ამას ჩემი ხელით.

13. შენ კი ერთი რამეც არ შეცვალო შენი მეუფის ნათქვამიდან. აღასრულე ყოველაფერი ისე, როგორც გიბრძანე, ნუ დააყოვნებ ამის გაკეთებას.

14. წავიდა ოლოფერნე თავისი ბატონისგან, უხმო ყველა მბრძანებელს, სარდლებს და აშურელთა ლაშქრის მეთაურებს.

15. მწყობრში ჩააყენა რჩეული ვაჟკაცები, როგორც უბრძანა მისმა მეუფემ, რიცხვით თორმეტიათასი და მშვილდოსანი მხედარიც თორმეტი ათასი.

16. და დააწყო ისინი საბრძოლო წესისამებრ.

17. წაასხა უამრავი აქლემი, ვირი და ჯორი საბარგულებად და ურიცხვი ცხვარი, საქონელი და თხა გამოსაკვებად.

18. წაიღო საგზალი ყოველი კაცისთვის უხვად, და დიდძალი ოქრო და ვერცხლი მეფის სახლიდან.

19. დაიძრა მთელი თავისი ლაშქრითურთ სამგზავროდ, რომ წინ გაესწროთ ნაბუქოდონოსორ მეფისთვის და დაეფარათ მთელი დასავლეთის ქვეყნის პირი ეტლებით, მხედრებითა და რჩეული ფეხოსნებით.

20. აურაცხელი ჭრელი ბრბო კალიასავით გამოეფინა მათთან ერთად. როგორც მიწის მტვერს, მათ სიმრავლესაც არ ჰქონდა სათვალავი.

21. ნინევედან სამი დღის სავალზე მოადგნენ ბეკთილეთის ველს და დასცეს ბანაკი ბეკთილეთთან, მთის მახლობლად, ზემო კილიკიის მარცხნივ.

22. აქედან წაიყვანა მთელი თავისი ლაშქარი, ფეხოსნები, მხედრები და ეტლები და გაემართა მთიანეთისკენ.

23. აიკლო ფული და ლუდი, გაძარცვა მთელი რასის ხალხი და ისმაელიანები, ქილიონის სამხრეთით, უდაბნოს პირას რომ ცხოვრობდნენ.

24. გადალახა ევფრატი, გადაიარა შუამდინარეთი და დაანგრია ყველა დიდებული ქალაქი აბრონის ხევიდან ზღვამდე.

25. დაიპყრო კილიკიის საზღვრები და გაანადგურა ყოველი წინააღმდგომელი და მოადგა იაფეთის სამხრეთ საზღვარს, არპეთის პირდაპირ.

26. შემოერტყა მიდიანელებს, გადაწვა მათი კარვები და გაძარცვა მათი ფარეხები.

27. პურის მკის დღეებში ჩავიდა დამასკოს ველზე და ცეცხლს მისცა მთელი მათი ყანები, გაანადგურა მათი ფარები და ნახირი, გაძარცვა ქალაქები, ააოხრა მინდვრები, მახვილის პირით ამოწყვიტა მათი წვრილშვილი.

28. შიშის ზარი დაეცა ზღვისპირეთის მოსახლეობას - სიდონსა და ტვიროსში მყოფთ, ცურისა და ოკინას მოსახლეობას, იმნას მთელ მოსახლეობას, ძალზე შეეშინდათ მათი აშდოდედებს და აშკელონელებს.


თავი მესამე

1. გაუგზავნეს მას მოციქულები სამშვიდობო სიტყვებით და უთხრეს:

2. აჰა, ჩვენ ნაბუქოდონოსორის, დიდი მეფის მსახურნი, განრთხმულნი ვართ შენს წინაშე, გვიყავი, რაც გენებოს.

3. აჰა, ჩვენი საცხოვრებლები, მთელი ჩვენი მიწა-წყალი, ყანები, ფარები და ნახირი, ფარეხები კარვებითურთ შენს წინაშეა. გამოიყენე, როგორც გენებოს.

4. აჰა, ჩვენი ქალაქები და მათი მკვიდრნი შენი მონები არიან, მოდი და ისე მოექეცი მათ, როგორც შენს თვალებს ეამება.

5. მოვიდნენ კაცები ოლოფერნესთან და აუწყეს მას ეს ყველაფერი.

6. მერე ჩავიდა თავისი ლაშქრითურთ ზღვისპირეთში და დაიკავა მაღლობზე მდგარი ქალაქები, და აიყვანა მათგან რჩეული კაცები თანამებრძოლებად.

7. შეეგებნენ მას ეს ხალხი და მთელი მათი შემოგარენი გვირგვინებით, ფერხულით და ბობღნებით.

8. მან კი დაანგრია ყველა მათი გორაკი და აჩეხა მათი წმინდა ჭალები, რადგან დავალებული ჰქონდა ყველა ღმერთის განადგურება ქვეყანაზე, რათა ყველა ხალხს მხოლოდ ნაბუქოდონოსორისთვის ეცა თაყვანი, ყველა ენასა და ტომს მხოლოდ იგი შეერაცხა ღმერთად.

9. მიადგა ესდრელონს დოთანის მახლობლად, რომელიც იუდას დიდი მთაგრეხილის წინ მდებარეობს,

10. და დაბანაკდნენ გებასა და სკვითთა ქალაქს შორის. ერთი თვე დაჰყო იქ, რათა თავისი ლაშქრისთვის საჭირო მარაგი დაეგროვებინა.


თავი მეოთხე

1. გაიგეს იუდაში მცხოვრებმა ისრაელიანებმა ყოველივე, რაც უყო ხალხებს ოლოფერნემ, აშურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის მთავარსარდალმა, თუ როგორ გაძარცვა და გაანადგურა ყველა მათი საწმიდარი.

2. შეშფოთდნენ მეტისმეტად თავიანთი თავის და იერუსალიმის გამო, შეძრწუნდნენ თავიანთი უფლის, ღმერთის ტაძრის გამო,

3. რადგან ახლადდაბრუნებულნი იყვნენ ტყვეობიდან, ახალი შეკრებილი იყო იუდას მთელი ხალხი: წმიდა ჭურჭელი, სამსხვერპლო და ტაძარი განწმენდილი იყო ბილწებისაგან.

4. დაგზავნეს ხალხი მთელ სამარიაში, კონაში, ბეთხორონში და ბელმაინში, იურიხონში და ქობაში, ესორისა და სალემის ხეობებში.

5. სასწრაფოდ დაიკავეს მაღალ მთათა ყველა მწვერვალი, ზღუდე შემოავლეს იქაურ სოფლებს და მოიმარაგეს ბრძოლისათვის სურსათ-სანოვაგე, რადგან ახლადმომკილი იყო მათი ყანები.

6. მისწერა მღვდელმთავარმა იოაკიმმა, იერუსალიმში რომ იყო იმხანად, მცხოვრებლებს ბეთულისა და ბეთომესთაიმისა (რომელიც ესდრელონის გასწვრივაა, დოთანის ახლოს მდებარე ველის წინ),

7. რომ დაეკავებინათ მთის მისადგომები, რადგან მათზე გადიოდა იუდაში შესასვლელი. აქ ადვილი იყო მომხდურთა შეჩერება, რადგან ორი კაცისთვისაც კი ვიწროა გასასვლელი.

8. ყველაფერი ისე მოიმოქმედეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანეს მღვდელმთავარმა იოაკიმმა და ისრაელის მთელი ხალხის უხუცესობამ, ვინც კი იერუსალიმში იყვნენ.

9. ისრაელის ყოველმა მამაკაცმა დიდი თავდადებით შეჰღაღადა ღმერთს და დიდი თავდადებით მოუდრიკა ქედი.

10. მამაკაცებმა და მათმა ცოლებმა, მათმა ბავშვებმა, მათმა პირუტყვმა, ყოველმა მდგმურმა და მოჯამაგირემ და ვერცხლით ნასყიდმა ძაძა შემოირტყეს წელზე.

11. დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე.

12. ძაძითვე შემოსეს სამსხვერპლო და ერთსულოვნად და გულმოდგინებით შეჰღაღადეს ღმერთს, არ მიეცა მათი ყრმები დასატაცებლად, დედაკაცები წარსატყვევნდ, მათი სამკვიდროს ქალაქები გასანადგურებლად, სიწმიდენი შესაბილწად, საგინებლად და წარმართა გასხარებლად.

13. ისმინა უფალმა მათი ხმა და იხილა მათი გასაჭირი. მრავალი დღის განმავლობაში მარხულობდა ხალხი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყოვლისშემძლე წმიდა უფლის წინაშე.

14. იოაკიმი, მღვდელმთავარი და ყველანი, უფლის წინაშე წარმდგარი მღვდლები და ღვთისმსახურნი, ძაძით შემოსარტყლულნი, განუწყვეტლივ სწირავდნენ აღსვლენს, აღთქმებსა და ნებაყოფლობით ძღვენს ხალხისგან.

15. ვარშამანგებზე ნაცარი ჰქონდათ დაყრილი და მთელი ძალით შეჰღაღადებდნენ უფალს, კეთილი თვალით მოეხედა ისრაელის მთელი სახლისთვის.


თავი მეხუთე

1. ეუწყა ოლოფერნეს, აშურის ლაშქრის მთავარსარდალს, რომ ისრაელიანები გამზადებულნი არიან საბრძოლველად და ჩაკეტილი აქვთ მთის მისადგომები, რომ ზღუდეებით გაამაგრეს მაღალი მთების ყველა მწვერვალი, დაბლობებზე კი დაბრკოლებები მოაწყვეს.

2. ძლიერ განრისხდა იგი და უხმო მოაბის ყველა მთავრს, ყამონის სარდლებს და ზღვისპირეთის გამგებლებს.

3. უთხრა მათ: მაუწყეთ, ქანაანელნო, რა ხალხია, მთაში რომ მოკალათებულა, ვინ არიან, ქალაქებში რომ სახლობენ, შემატყობინეთ მათი ლაშქრის რაოდენობა, რა არის მათი სიმაგრე და ძალა, ვინაა მათი მეფე, მათი ლაშქრის წინამძღოლი?

4. რატომ მაქციეს ზურგი და არ მოვიდნენ ჩემს შესახვედრად ყველა დასავლეთელთან ერთად?

5. მიუგო მას აქიორმა, ყამონიანთა წინამძღოლმა: ისმინოს ჩემმა უფალმა სიტყვა შენი მორჩილის პირიდან და გაუწყებ სიმართლეს იმ ხალხზე, რომელიც მთაზე სახლობს, შენს მახლობლად. არ ამოვა ტყუილი შენი მორჩილის პირიდან.

6. ეს ხალხი ქალდეველთა შთამომავალია.

7. წინათ შუამდინარეთში ცხოვრობდნენ, რადგან არ ისურვეს შედგომოდნენ ღმერთებს თავიანთი მამა-პაპის, რომლებიც ქალდეველთა ქვეყანაში იყვნენ შობილნი.

8. გადაუდგნენ წინაპართა გზას და ცის ღმერთს დაუწყეს თაყვანისცემა, ღმერთს, რომელიც შეიმეცნეს და რომელმაც ჩამოაშორა ისინი თავიანთ ღმერთებს. გაიქცნენ შუამდინარეთში და იქ სახლობდნენ დიდხანს.

9. უთხრა მათმა ღმერთმა, გამოსულიყვნენ თავიანთი საცხოვრისიდან და ქანაანის ქვეყნისკენ წასულიყვნენ. ისინიც დამკვიდრდნენ იქ და მეტისმეტად გამდიდრდნენ ოქრო-ვერცხლითა და ყოველგვარი საქონელით.

10. მერე ეგვიპტეში ჩავიდნენ, რადგანაც შიმშილი ჩამოვარდა ქანაანის ქვეყანაში. იქ სახლობდნენ, სანამ საკვები ჰქონდათ და ისე ძალიან გამრავლდნენ, რომ სათვალავი აღარ ჰქონდა მათ მოდგმას.

11. ეგვიპტის მეფე გადაემტერა მათ. დაჯაბნა ისინი ჯაფითა და აგურის კეთებით, დააბეჩავა ისინი და მონებად აქცია.

12. შეჰღაღადეს მათ თავიანთ ღმერთს და მოისრა მთელი ეგვიპტის ქვეყანა წყლულებით, რომელთა განკურნება შეუძლებელი გახდა. ეგვიპტელებმაც გამოაძევეს ისინი მათი პირისაგან.

13. დააშრო ღმერთმა მეწამული ზღვა მათ წინაშე,

14. წარუძღვა სინასა და კადეშ-ბარნეას გზით და აჰყარა უდაბნოს ყველა მცხოვრები.

15. დასახლდნენ ამორეველთა მიწაზე და თავიანთი ძლიერებით საბოლოოდ გაანადგურეს ხეშბონელები, მიადგნენ იორდანეს და დაიმკვიდრეს მთელი მთიანეთი.

16. აჰყარეს ქანაანელები, ფერიზელები, იებუსელები, შექემელები, ყველა გირგაშეველი და სახლობდნენ იქ მრავალი ხანი.

17. ვიდრე არ შესცოდავდნენ თავიანთ ღმერთს, ყოველივე სიკეთე მათთან იყო, რადგან მათთან იყო უსამართლობის მოძულე ღმერთი.

18. როგორც კი გადაუხვევდნენ მათთვის დაწესებულ გზას, სასტიკად მარცხდებოდნენ უამრავ ბრძოლებში, წარიტყვევნებოდნენ უცხო ქვეყანაში, მისაფუძვლამდე ინგრეოდა მათი ღმერთის ტაძარი და მათ ქალაქებს მტრები იპყრობდნენ.

19. ახლა კი, თავიანთი ღმერთისკენ მიქცეულნი, დაბრუნდნენ იქიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ, აიღეს იერუსალიმი, სადაც მათი საწმიდარია, და დამკვიდრდნენ მთიანეთში, რადგან უკაცრიელი იყო იგი.

20. ახლა, ხელმწიფევ და ბატონო, თუ რაიმე უმეცრებაა ამ ხალხში, თუ სცოდავენ ღმერთის წინაშე და თუ შევატყობთ, რომ არის მათში ცთუნება, ავიდეთ და შევებრძოლოთ მათ.

21. თუ არ არის დანაშაული ამ ხალხში, უნდა გაეცალოს მათ ჩემი ბატონი. ვაითუ შეეწიოს მათ მათი უფალი. ვაითუ დაიფაროს ისინი მათმა ღმერთმა და სასირცხოდ გავიხადოთ თავი მთელი ქვეყნის თვალში.

22. როცა აქიორმა დაამთავრა ეს სიტყვები, ახმაურდა მთელი ერი, კარვის ირგვლივ რომ იყო შემოკრებილი. ოლოფერნეს დიდებულებმა, ყველა ზღვისპირელმა და მოაბელმა თქვა, ავჩეხოთო იგი,

23. არ შევუშინდებით ისრაელიანებს. ამ ხალხს ბრძოლისთვის არც ძალა აქვს და არც შეძლება.

24. ამიტომაც, თუ ავალთ, შენი ლაშქრის ჩასანთქმელი გახდებიან ყველანი, ხელმწიფევ ოლოფერნე!


თავი მეექვსე

1. საჯარეს ირგვლივ შემოკრებილ კაცთა შფოთი რომ მიწყნარდა, ოლოფერნემ, აშურის მთავარსარდალმა, უთხრა აქიორს სხვადასხვა მოდგმის ხალხთა და ყველა მოაბელის წინაშე:

2. ვინა ხართ შენ, აქიორ და ეფრემის მოქირავნენო, რომ წინასწარმეტყველებ ჩვენს შორის, როგორც დღეს და ამბობთ, არ შეებრძოლოთ ისრაელის ტომს, რადგან ღმერთი შეეწევაო მათ. ვინ არის ღმერთი, თუ არა ნაბუქოდონოსორი, იგი მოგვივლენს თავის ძალას და აღგვის მათ პირისაგან მიწისა. ვეღარ დაიხსნის მათ მათი ღმერთი.

3. ჩვენ კი, მისი მორჩილნი, გავანადგურებთ მათ, როგორც ერთ კაცს, და ვეღარ დაუდგებიან წინ ჩვენი მხედრობის ძლიერებას.

4. გადავბუგავთ მათ მათსავე მიწა-წყალზე, მთები გაიჟღინთება მათი სისხლით, მინდვრები აივსება მათი გვამებით და ვეღარ დაგვიდგება წინ მათი ნაფეხურები, არამედ საბოლოოდ დაიღუპებიან, ამბობს მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი ქვეყნის უფალი და, რაკი ამბობს, არც გაცუდდება მისი ნათქვამი.

5. შენ, კი, აქიორ, ყამონის ქირისკაცო, რომელმაც წარმოთქვი ეს სიტყვები შენი უკეთურების დღეს, ამიერიდან ვეღარ იხილავ ჩემს პირისახეს, ვიდრე შურს არ ვიძიებ ეგვიპტიდან გამოსულ ტომზე.

6. მაშინ კი განგმირავს შენს ფერდებს ჩემი ლაშქრის რკინა და ჩემ მსახურთა მახვილი. მათგან დაჭრილთა გვერდით დაეცემი, როცა უკან გამოვბრუნდები.

7. ჩემი მორჩილნი მიგიყვანენ მთიანეთში და დაგაგდებენ ერთ-ერთი ქალაქის მისადგომთან.

8. არ გეღირსება აღსასრული, ვიდრე მათთან ერთად არ მოგეღება ბოლო.

9. თუ მართლა გულით გჯერა, რომ არ ჩაგვიცვივდებიან ხელში, ნუ დაეცემი მათ. ვთქვი და არცერთი ჩემი სიტყვა არ დაიკარგება.

10. უბრძანა ოლოფერნემ თავის მორჩილთ, მის კარავში რომ იდგნენ, შეეპყროთ აქიორი, წაეყვანათ ბეთულიასთან და ისრაელიანთათვის გადაეცათ.

11. შეიპყრეს იგი მისმა მორჩილებმა და გაიყვანეს ბანაკს გარეთ, ველზე. შუაგულ ველიდან მთიანეთისაკენ გაემართნენ და მიადგნენ წყაროებს, ბეთულიას ქვემოთ რომ არის.

12. როგორც კი შენიშნეს ისინი მთის მწვერვალზე დაშენებული ქალაქის კაცებმა, იარაღი აისხეს და გამოვიდნენ ქალაქიდან. ყველა მოშურდულე კაცი გამაგრდა ქალაქის მისადგომთან და ქვები დაუშინეს მათ.

13. ისინი კი მთას ამოეფარნენ, შებორკეს აქიორი, დააგდეს მთის ძირას და გაბრუნდნენ თავიანთ მბრძანებელთან.

14. თავიანთი ქალაქიდან ჩამოსული ისრაელიანები მივიდნენ აქიორთან და ახსნეს ბორკილები, წაიყვანეს ბეთულიაში და წარუდგინეს თავიანთი ქალაქის მთავრებს.

15. ესენი იყვნენ: ყუზია, მიქას ძე, სიმონის ტომიდან, საბრის ღოთონიელის ძე და ქერქემიშ მალქიელის ძე.

16. შეკრიბეს ქალაქის ყველა უხუცესი. საჯარეს მიაშურა ყველა ჭაბუკმა და ქალმა. დააყენეს აქიორი მთელი ხალხის შუაგულში და გამოჰკითხა ყუზიამ ამბავი.

17. პასუხად აუწყა მათ აქიორმა ოლოფერნეს საჯარეზე ნათქვამი და ის სიტყვები, რაც აშურელ მთავართა შორის თქვა ოლოფერნემ, და როგორი ქედმაღლობით ილაპარაკა ისრაელის სახლზე.

18. დაემხო ხალხი ღვთის თაყვანისცემად, შეჰღაღადეს და თქვეს:

19. უფალო, ღმერთო ცისაო, შეხედე მათ ამპარტავნებას და შეიწყნარე სიმდაბლე ჩვენი მოდგმისა. მოხედე დღეს შენთვის განწმედილთა სახეებს.

20. დაამშვიდეს აქიორი და დიდი მადლობა უძღვნეს.

21. საკრებულოდან ყუზიამ თავის სახლში წაიყვანა იგი და ლხინი გაუმართა უხუცესებს. მთელი ღამის განმავლობაში შეწევნად უხმობდნენ ისინი ისრაელის ღმერთს.


თავი მეშვიდე

1. მეორე დღეს უბრძანა ოლოფერნემ მთელ თავის ლაშქარს და მთელ თავის ხალხს, ვინც კი მისი მოკავშირე იყო, რათა წარმართულიყვნენ ბეთულიას, დაეპყროთ მთიანეთის ბილიკები და ბრძოლა გაემართათ ისრაელიანთათვის.

2. იმავე დღეს დაიძრა სალაშქროდ ყველა მათი ძლიერი მებრძოლი. მათ ლაშქარს ასსამოცდაათი ათასი ქვეითი და თორმეტი ათასი ცხენოსანი შეადგენდა, გარდა ტვირთისა და იმ კაცებისა, რომლებიც ახლდნენ მათ, - ურიცხვნი იყვნენ.

3. დაბანაკდნენ ისინი ბეთულიას მახლობლად, ხევში წყაროსთან, და გაეწყვნენ სიგანით დოთანიდან ბელბაიმამდე, სიგრძით კი ბეთულიადან კუამონამდე, რომელიც ეზდრელონის წინ მდებარეობს.

4. მათი სიმრავლე რომ დაინახეს ისრაელიანებმა, ძლიერ შეშინდნენ: ახლა ისინი მოასწორებენ მთელი მიწის პირს, ვერც მაღალი მთები, ვერც ხრამები, ვერც გორაკები ვერ გაუძლებენ მათ სიმძიმეს.

5. აიღო თითოეულმა კაცმა თავისი საბრძოლო საჭურველი, დაანთეს გოდლებზე კოცონი და სადარაჯოდ დარჩნენ მთელი ის ღამე.

6. მეორე დღეს ოლოფერნემ მთელი თავისი მხედრობა მოიყვანა ბეთულიაში მყოფ ისრაელიანთა წინაშე.

7. დაზვერა მათი ქალაქის მისადგომები, მოიარა და დაიკავა წყაროები, მეომარ კაცთა რაზმი ჩააყენა იქ, თვითონ კი თავისი ხალხისკენ გაბრუნდა.

8. მოვიდნენ მასთან ესავიანთა მთავრები, მოაბის ტომის წინამძღოლები, ზღვისპირეთის მხედართმთავრები და უთხრეს:

9. ყურად იღოს მბრძანებელმა ჩვენი სიტყვა, რომ ზიანი არ მოხდეს შენს ლაშქარში.

10. ეს ხალხი, ისრაელიანები, თავიანთ იარაღზე კი არ არიან დანდობილნი, არამედ მაღალ მთებზე, სადაც ისინი სახლობენ. არც არის იოლი მათ მწვერვალებზე ასვლა.

11. ახლა, მბრძანებელო, ნუ შეებრძოლები მათ საომარი წყობით და ერთი კაციც არ დაეცემა შენი ხალხიდან.

12. დარჩი შენს ბანაკში და დაიტოვე შენი ლაშქრის ყოველი კაცი, შენმა მორჩილებმა კი დაიკავონ წყაროს წყალი, რომელიც მთის ძირიდან გამოდის.

13. რადგან იქიდან იღებს წყლის მარაგს ბეთულიას ყოველი მკვიდრი, წყურვილი გაანადგურებს მათ და ჩაგვაბარებენ თავიანთ ქალაქს. ავალთ ჩვენ და ჩვენი ხალხი მთის მწვერვალების ახლოს და დავბანაკდებით იმ ადგილებში სათვალთვალოდ, რომ არავინ გავიდეს ქალაქიდან.

14. ვიდრე მახვილი მიაღწევს იქამდე, შიმშილით ამოწყდებიან ისინი; მათი ცოლები და შვილები დაეცემიან თავიანთი საცხოვრებლის ქუჩებში.

15. ბოროტად გადაუხდი მათ სამაგიეროს იმის წილ, რომ აჯანყდნენ და მშვიდობიანად არ შემოგეგებნენ.

16. ჭკუაში დაუჯდა მათი სიტყვები ოლოფერნეს და ყველა მის მორჩილს. ბრძანა, ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც თქვეს.

17. გაემართა ყამონიანთა რაზმი და მათთან ერთად აშურელთა ხუთი ასეული, დაბანაკდნენ ხევში და დაიკავეს ისრაელიანთა წყაროს წყლები.

18. ავიდნენ ესავიანები და ყამონიანები და დაბანაკდნენ მთაზე, დოთანის წინ. ზოგი იმათგანი გაგზავნეს სამხრეთით და აღმოსავლეთით, ეგრებელისკენ, რომელიც ქუსის მახლობლად მდებარეობს, მოხმურის ხევთან. აშურელთა დარჩენილი ჯარი დაბანაკდა დაბლობზე და დაფარა მთელი მიწისპირი. სათვალავი არ ჰქონდა მათ კარვებს და საბარგულებს, მეტისმეტად ბევრნი იყვნენ.

19. შეჰღაღადეს თავიანთ უფალს ისრაელიანებმა, რადგან წახდა მათი მხნეობა, რადგან გარშემორტყმულნი იყვნენ ურიცხვი მტრით და არ შეეძლოთ თავის დაღწევა.

20. მათ ირგვლივ იყო აშურელთა მთელი ბანაკი, მათი ქვეითნი, ეტლები და მხედრები ოცდათოთხმეტი დღის განმავლობაში. დაუცარიელდა ბეთულიას მთელ მოსახლეობას წყლის ყველა ჭურჭელი.

21. დაიცალა წყლის მარაგი და აღარ ჰქონდათ ერთი დღის სამყოფიც კი, რადგანაც არწყვით ეძლეოდა მათ დასალევად.

22. სასო მიეხადა მათ წვრილშვილს, წყურვილისგან გული მისდიოდათ ჭაბუკებს და ქალებს, ეცემოდნენ ქალაქის ქუჩებში და კარიბჭეთა გასასვლელებში, ძალღონე აღარ შერჩათ.

23. შეიკრიბა ყუზიასთან და ქალაქის მთავრებთან მთელი ერი - ჭაბუკები, ქალები და ბავშვები. ისინი ხმამაღლა გაჰყვიროდნენ მთელი უხუცესობის წინაშე და ამბობდნენ:

24. ღმერთმა განსაჯოს თქვენსა და ჩვენს შორის, რადგან დიდი უსამართლობა ჩაიდინეთ ჩვენს მიმართ, რომ არ დაუზავდით აშურელებს.

25. ახლა კი, არ არის ჩვენი საშველი, ღმერთმა ჩაგვაგდო მათ ხელში, რომ წყურვილითა და დიდი დაღუპვით გავნადგურდეთ მათ წინაშე.

26. უხმეთ ახლა მათ და გასაძარცვავად მიეცით მთელი ქალაქი ოლოფერნეს ხალხს და მთელ მის ლაშქარს.

27. უმჯობესი იქნება ჩვენთვის, მათი გასაძარცვავი რომ შევიქნათ. მონები ვიქნებით, მაგრამ გადავრჩებით და არ ვიხილავთ ჩვენი თვალებით ჩვენივე წვრილშვილის სიკვდილს, ჩვენი ცოლებისა და ბავშვების სულის ამოხდომას.

28. მოწმედ მოგვყავს თქვენს წინაშე ზეცა და მიწა, ჩვენი ღმერთი და ჩვენი მამა-პაპის უფალი, რომელიც მსჯავრს გვდებს ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, დაე, ნუ მოახდენს ამ ამბავს ჩვენს თავზე დღევანდელ დღეს!

29. გაიმართა დიდი და ერთსულოვანი გოდება საკრებულოში და ხმამაღლა შეჰღაღადეს უფალ ღმერთს.

30. უთხრა მათ ყუზიამ: დამშვიდდით, ძმებო, მოვითმინოთ ხუთი დღე, ამ ხანში მოავლენს უფალი ღმერთი თავის წყალობას ჩვენზე, არ გაგვწირავს საბოლოოდ.

31. თუკი ამ ხუთი დღის შემდეგაც აღარ იქნება ჩვენი საშველი, მაშინ თქვენი სიტყვისამებრ მოვიქცევი.

32. გაისტუმრა ყუზამ ხალხი თავ-თავის ბანაკებში და მათაც მიაშურეს თავიანთი ქალაქის ციხეებსა და გოდლებს, ცოლები და შვილები კი სახლებში გაგზავნეს. დიდ ჭირთათმენაში იყვნენ ისინი ქალაქში.


თავი მერვე

1. მოესმა ეს ამბები იმხანად ივდითს, ასულს მერარისა, ძისა ოქსისა, ძისა იოსებისა, ძისა ყუზიელისა, ძისა ხილკიასი, ძისა ხანანიასი, ძისა გედეონისა, ძისა რაფაიმისა, ძისა ახიტობისა, ძისა ელიასი, ძისა ელიაბისა, ძისა ნათანაელისა, ძისა შელამიაჰუსი, ძისა შარაშადაისა, ისრაელიანისა.

2. მისი ქმარი მენაშე მისივე გვარისა და ტომისა იყო. პურის მკის ჟამს მოკვდა იგი.

3. მინდორში ძნების მკონავებს ადგა თავს, დაისიცხა, ჩავარდა ლოგინად და აღესრულა ბეთულიაში, თავის ქალაქში. დაკრძალეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, ველზე, რომელიც მდებარეობს დოთანსა და ბალამონს შორის.

4. სამი წელი და ოთხი თვე ქვრივობდა ივდითი თავის სახლში.

5. გაიკეთა თავისთვის კარავი საცხოვრებელ სახლთან, წელზე ძაძა შემოირტყა და სამგლოვიარო ტანისამოსი ჩაიცვა.

6. მარხულობდა თავისი ქვრივობის ყოველ დღეს, პარასკევისა და შაბათის გარდა, ახალმთვარობის წინა დღისა და ახალმთვარობა დღის გარდა, ისრაელის სახლის დღესასწაულებისა და სამხიარულო დღეების გარდა.

7. მშვენიერი იყო გარეგნობით და ძალზე ლამაზი შესახედავი. დაუტოვა მისმა ქმარმა მენაშემ ოქრო და ვერცხლი, ყმები და მხევლები, საქონელი და მინდვრები და ისიც პატრონობდა ამას ყველაფერს.

8. აუგს ვერავინ იტყოდა მასზე, ძალზე ღვთისმოშიში იყო.

9. როცა მოისმინა მან ხალხის ბოროტი ნათქვამი მთავრის მიმართ, რადგან სულმოკლენი გახდნენ ისინი წყლის უკმარისობის გამო, მოისმინა ყოველი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა მათ წინაშე ყუზიამ, როგორც შეჰფიცა, რომ ხუთი დღის შემდეგ ჩააბარებდა აშურელებს ქალაქს,

10. გაგზავნა თავისი მოახლე, მთელი თავისი ქონების ზედამხედველი, ხაბრისისა და ხარმისის, თავისი ქალაქის უხუცესების დასაძახებლად.

11. რომ მოვიდნენ მასთან, უთხრა: მისმინეთ ბეთულიას მკვიდრთა მთავარნო! უსამართლოა თქვენი სიტყვები, ხალხის წინაშე რომ წარმოთქვით იმ დღეს და ფიცით დაამტკიცეთ ის, რაც თქვით ღმერთსა და ჩვენს შორის, რომ ჩააბარებთ ქალაქს ჩვენს მტრებს, თუ უფალი არ მოგვივლენს წყალობას.

12. ვინ ხართ თქვენ, ღმერთს რომ გამოსცდით დღევანდელ დღეს და ღმერთზე მაღლა დამდგარხართ ადამიანთა შორის.

13. ყოვლისმპყრობელ უფალს გამოსცდით, მაგრამ ვერაფერს მიხვდებით უკუნისამდე.

14. თუკი ადამიანის გულის სიღრმეს ვერ ჩაწვდით და მისი გონების სიტყვები ვერ გაიგეთ, როგორღა შეიცნობთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს ყოველივე? მის აზრს როგორღა მისწვდებით? მის განსჯას როგორ გაიგებთ? ნუ ძმებო, ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს!

15. თუ არ ისურვებს ხუთ დღეში ჩვენს შეწევნას, მისი ნებაა. როცა მოიწადინებს, მაშინ მოგვხედავს ან გაგვანადგურებს ჩვენი მტრების თვალწინ.

16. თქვენ კი წინასწარ ნუ განსჯით უფლის, ღმერთის განგებას, რადგან ღმერთი კაცი არაა, რომ დავემუქროთ, ადამის ძე არაა, რომ განვსაჯოთ.

17. ამიტომაც ველოდით მისგან ხსნას, ვუხმოთ შემწედ და გაიგებს ჩვენს ხმას, თუკი ინებებს.

18. რადგან არავინაა დღესდღეობით ჩვენს თაობაში, არც ტომი, არც გვარი, არც ხალხი, არც ჩვენი რომელიმე ქალაქი, ხელთქმნილ კერპებს რომ ემსახურებოდეს, როგორც ეს ხდებოდა უწინ.

19. რისთვისაც მიეცა ჩვენი მამა-პაპა მახვილსა და განადგურებას და დიდ განსაცდელში ჩაცვივდნენ ჩვენი მტრების თვალწინ.

20. ჩვენ კი სხვა ღმერთს არ ვიცნობთ მის გარდა, ამიტომაც გვეიმედება, რომ არ მოგვიძულებს ჩვენ და ჩვენს მოდგმას.

21. რადგან ჩვენი დაპყრობით დაპყრობილ იქნება მთელი იუდა, შეიბღალება ჩვენი სიწმიდენი და ჩვენს სისხლს მოჰკითხავს უფალი მათ უწმიდურებას.

22. ჩვენ თანამოძმეთა გაწყვეტას, ქვეყნის წარტყვევნას და ჩვენი სამკვიდრებლის გაუდაბურებას ჩვენზევე მოაქცევს იმ ხალხთა შორის, რომელთა მონები გავხდებით აქ. საკიცხველნი და საგინებელნი შევიქნებით ჩვენ დამმონებელთა წინაშე.

23. რადგან მონობა ვერ მიგვამთხვევს მადლს, პირიქით, უპატიობად გადააქცევს მას უფალი, ღმერთი ჩვენი.

24. ახლა კი, მოძმეებო, ვუჩვენოთ მაგალითი ჩვენ მოძმეებს, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე, ჩვენზე დგას სიწმიდენი, ტაძარი და სამსხვერპლო.

25. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მადლობა მივაგოთ უფალს, ღმერთს, რომელიც გვცდის ჩვენ, როგორც ჩვენს მამა-პაპას ცდიდა.

26. გაიხსენეთ, რა უყო მან აბრაამს, როგორ გამოსცადა ისაკი, რა არ გადახდა თავს იაკობს შუამდინარეთში, დედის ძმის, ლაბანის ცხვრებს რომ მწყემსავდა.

27. და როგორც ისინი არ გამოუტარებია ცეცხლში მათი გულების გამოსაცდელად, არც ჩვენ დაგვსჯის, არამედ ჭკუის სასწავლად გვტანჯავს უფალი თავისიანებს.

28. უთხრა მას ყუზიამ: ყველაფერი, რაც თქვი, კეთილი გულით იყო ნათქვამი, და არც წინააღმდეგია ვინმე შენი სიტყვებისა,

29. რადგან მხოლოდ დღეს არ გამხდარა ნათელი შენი სიბრძნე, არამედ შენი დღეების დასაბამითგან შეიცნო მთელმა ხალხმა შენი გამჭრიახობა, თუ რაოდენ სათნოა შენი გულისპასუხი.

30. მაგრამ ხალხი დაშვრა წყურვილისგან და გვაიძულა მოვქცეულიყავით ისე, როგორც მათ ველაპარაკეთ და დაგვადებინა ფიცი, რომელსაც ვერ გადავალთ.

31. ახლა კი, ევედრე ჩვენთვის, რადგან ღვთისნიერი ქალი ხარ და მოგვივლენს უფალი წვიმას ჩვენი წყალსაცავების ასავსებად, რომ არ დავიხოცოთ.

32. უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი და ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას ჩვენ მოდგმაში.

33. დადექით ამ ღამეს კარიბჭესთან, მე კი ჩემს მოახლესთან ერთად გავალ და იმ ხანში, რომლის მერე ჩვენი მტრებისთვის ქალაქის გადაცემა განგიზრახავთ, ჩემი ხელით შეეწევა უფალი ისრაელს.

34. ნუ გამოიძიებთ ჩემს საქმეს, მაინც არაფერს გეტყვით, ვიდრე არ აღსრულდება ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ.

35. მიუგეს მას ყუზიამ და მთავრებმა: მშვიდობით იარე, უფალი ღმერთი იყოს შენი მფარველი ჩვენს მტრებზე შურისსაძიებლად.

36. გამოვიდნენ ისინი კარვიდან და მიაშურეს თავთავიანთ ადგილებს.


თავი მეცხრე

1. პირქვე დაემხო ივდითი, გაიხადა ძაძა, რომელიც ემოსა და დაიყარა თავზე ნაცარი და იმ დროს, როცა იერუსალიმში, ღვთის სახლში, მწუხრისას გუნდრუკი აკმიეს, ხმამაღლა შეჰღაღადა უფალს და თქვა:

2. უფალო, ღმერთო მამაჩემის, სიმონისაო, რომელსაც მიეც ხელში მახვილი უცხოთესლთა შურის საძიებლად, რომელთაც შესაბილწავად გახსნეს ქალწულის საშო, შესარცხვენად გააშიშვლეს ბარძაყი, საგინებლად შებილწეს საშო. კი თქვი: ნუ იქნება ასე. მაგრამ მათ ჩაიდინეს ეს.

3. ამის წილ სასიკვდილოდ მიეცი მათი მთავრები და მათივე სისხლით მორწყე მათი ცოდვის მხილველი სარეცელი. მონები ძლიერებზე დაამხე, ძლიერნი კი თვიანთ სავარძლებზე.

4. მათი ცოლები ნადავლად მიეცი, მათი ასულები - დასატევევებლად, მთელი მათი ალაფი - დასანაწილებლად შენ რჩეულ ძეთა შორის, რომელნიც აღივსნენ შენს მიმართ შურით და შეიძაგეს მათი სისხლის სიბილწე და გიხმეს შემწედ, ღმერთო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემიც, ქვრივისა.

5. შენ შექმენ მათი წინანი, თავად ისინი და მათი შემდგომნი; აწინდელი და მომავალი შენ ჩაიფიქრე და აღსრულდა შენი ჩანაფიქრი.

6. ვისაც მოისურვებ, გაჩნდება და გეტყვის: აჰა, შენთან ვართ, რადგან გამზადებულია ყოველი შენი გზა და წინასწარგანჭვრეტილია შენი მსჯავრი.

7. აჰა, მოიცეს ძალი აშურელებმა, გადიდგულდნენ ცხენებითა და მხედრებით, გაამაყდნენ ქვეითთა ძალით, ესავენ ფარებს, ისრებს და შურდულებს, არ კი იციან, რომ შენ ხარ უფალი, ბრძოლათა შემმუსვრელი.

8. უფალია სახელი შენი, გატეხე მათი ძალა შენი ძლიერებით, დაამხე მათი მძლავრობა შენი რისხვით, რადგან განიზრახეს შენი სიწმიდეების წაბილწვა, იმ კარვის შებღალვა, სადაც დავანებულია შენი დიდებული სახელი, მახვილით შემუსვრა შენი საკურთხევლის რქისა.

9. მოხედე მათ ამპარტავნობას და თავს დაათიე შენი რისხვა. მიეც ქვრივის ხელებს ძალა განზრახვის აღსასრულებლად.

10. ჩემი ბაგეებიდან გამოსული ტყუილით დაამხე მონა მთავართან ერთად, მთავარი მის მსახურთან ერთად, ქალის ხელით დათრგუნე მათი ამპარტავნობა.

11. რადგან სიმრავლეში არ არის შენი ძალა, არც ძლიერებაშია შენი ძალა, არამედ მდაბალთა ღმერთი ხარ, დამცირებულთა ქომაგი, უძლურთა შემწე, განწირულთა მფარველი, უსასოთა მხსნელი.

12. ასე, ასე, ღმერთო ჩემი მამა-პაპისა და ისრაელის სამკვიდროსი, ზეცისა და მიწის მპყრობელო, წყალთა შემქმნელო, ყოველი შენი ქმნილების მეუფევ, ისმინე ჩემი ვედრება.

13. ჩამაგონე სიტყვა და ტყუილი მათ სავნებლად და სატანჯველად, რომელთაც შენს აღთქმას, შენს განწმედილ სახლს, სიონის მწვერვალს და შენს ძეთა სამკვიდრებელ სახლს ბოროტი უზრახეს.

14. შეაგნებინე და დაანახვე ყველა ტომს და ყველა მოდგმას, რომ ხარ ღმერთი ყოველი ძალისა და სიმტკიცისა, რომ შენს გარდა არავინ ჰყავს სხვა მფარველი ისრაელის მოდგმას.


თავი მეათე

1. როდესაც შეწყვიტა ღაღადისი ისრაელის ღმერთის მიმართ და გაასრულა ყოველი სათქმელი,

2. წამოდგა ჩოქისგან, უხმო თავის მოახლეს და წავიდა სახლში, სადაც დაჰყო შაბათები და სადღესასწაულო დღეები.

3. გაიხადა ძაძა, რომელიც ეცვა, ქვრივობის სამოსი, დაიბანა ტანი წყლით, იცხო სქელი ნელსაცხებელი, დაივარცხნა თმები, გაიკეთა ზედ თავსაკრავი და ჩაიცვა თავისი სამხიარულო ტანისამოსი, რომელსაც თავისი ქმრის, მენაშეს, სიცოცხლეში იცვამდა.

4. ჩაიცვა ფეხზე სანდლები, გაიკეთა ფარღული და სამაჯურები, ბეჭდები და საყურეები - ყველა თავისი სამკაული - და ძლიერ გაილამაზა თავი, რათა ეცთუნებინა ყოველი კაცის თვალი, ვინც კი შეხედავდა მას.

5. მისცა თავის მოახლეს ღვინის ტიკი და ზეთის ჭურჭელი, გაავსო ხურჯინი ქერის პურით, ჩირით და წმინდა პურით. ჩააწყო მთელი თავისი სანოვაგე და აჰკიდა მას.

6. მივიდნენ ბეთულიას ქალაქის კარიბჭესთან, ნახეს იქ მდგომი ყუზია და ქალაქის უხუცესნი - ხაბრისი და ხარმისი.

7. როგორც კი დაინახეს მათ ივდითი, მისი გადასხვაფერებული გარეგნობა და გამოცვლილი სამოსი, ძლიერ განცვიფრდნენ მისი სილამაზით და უთხრეს:

8. ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა მოგმადლოს შენ და შეგასრულებინოს შენი განზრახვა ისრაელიანთა საამაყოდ და იერუსალიმის ასამაღლებლად.

9. თაყვანისცა ღმერთს ივდითმა და უთხრა მათ: ბრძანეთ, რომ გამიღონ ქალაქის კარიბჭე, რათა გავემართო იმ საქმის აღსასრულებლად, რაზეც მელაპარაკეთ. უბრძანეს ჭაბუკებს გაეღოთ მისთვის კარიბჭე, როგორც მან თქვა.

10. ასეც მოიქცნენ. გავიდა თავად ივდითი და მოახლე მასთან ერთად. ქალაქის კაცები თვალს ადევნებდნენ მას, სანამ მთას გადაივლიდა და ხევში შევიდოდა. ამის შემდეგ აღარ დაუნახავთ იგი.

11. ისინი ხევ-ხევ წავიდნენ და გადაუდგა წინ აშურელთა ყარაული.

12. შეიპყრეს იგი და ჰკითხეს: ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ? უპასუხა: ებრაელთა ასული ვარ და მათ გამოვექეცი, რადგანაც განწირულნი არიან თქვენგან ჩასანთქმელად.

13. მე კი თქვენი ლაშქრის მხედართმთავართან, ოლოფერნესთან, მივდივარ, რათა ვაუწყო მას სინამდვილე და ვუჩვენო გზა, რომლითაც გაემართება იგი და დაიპყრობს მთელ მთიანეთს ისე, რომ ძე ხორციელი არ დაიღუპება მისი ხალხიდან.

14. მისი ნათქვამი რომ მოისმინეს კაცებმა და მის სახეს შეხედეს - განსაცვიფრებლად ლამაზი ჩანდა იგი მათ თვალში - უთხრეს მას:

15. გიხსნია შენი სიცოცხლე, ჩვენი უფლის წინაშე რომ მოგიშურებია. ახლა წამოდი მის კარავში, ჩვენ წაგიყვანთ და ჩაგაბარებთ მის ხელში.

16. როცა წარსდგები მის წინაშე, ნუ შეშინდები, მოახსენე შენი სათქმელი და უთუოდ კეთილად მოგექცევა.

17. გამოარჩიეს თავიანთაგან ასი კაცი, ჩააბარეს მათ იგი თავის მოახლესთან ერთად და ოლოფერნეს კარავში წაიყვანეს.

18. დიდი მღელვარება შეიქნა მთელ ბანაკში, რადგან ყველა კარავს მოედო მისი მოსვლის ამბავი. მოვიდნენ და გარს შემოერტყნენ, ის კი ოლოფერნეს კარვის გარეთ იდგა, სანამ მოახსენებდნენ მასზე.

19. აკვირვებდა მათ ივდითის სილამაზე, აკვირვებდა ისრაელიანთა ამბავი. უთხრა თითოეულმა თავის ახლობელს: როგორ შეიძლება ამ ხალხის არად ჩაგდება რომელსაც ასეთი ქალები ჰყავს? ერთი კაციც არ უნდა გადარჩეს მათგან, თორემ გადარჩენილნი ჭკუაზე შეშლიან მთელ ქვეყანას.

20. გამოვიდნენ ოლოფერნეს მესაწოლენი, ყველა მისი მსახური და შეიყვანეს იგი კარავში.

21. ოლოფერნე თავის საწოლზე ისვენებდა, ჩარდახქვეშ, რომელიც ძოწეულით, ოქროთი, ზურმუხტითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო შემკული.

22. როცა ივდითზე მოახსენეს, კარვის წინ გამოვიდა იგი, ვერცხლის ჩირაღდნები მოუძღოდა წინ.

23. როცა ივდითი წარსდგა ოლოფერნესა და მისი მსახურების წინაშე, ყველა განცვიფრებული დარჩა მისი სახის სილამაზით. დაემხო ივდითი მის წინაშე და თაყვანი სცა მას. მისმა მორჩილებმა წამოაყენეს იგი.


თავი მეთერთმეტე

1. უთხრა მას ოლოფერნემ: დამშვიდდი დედაკაცო, ნუ შეშინდება შენი გული, ბოროტად არავის მოვქცევივარ, ვინც მთელი ქვეყნის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მორჩილება ირჩია.

2. და ახლაც, რომ არ შეურაცხვეყავი შენს ერს, მთაზე რომ სახლობს, ჩემი მახვილი არ აღიმართებოდა მათზე. თავადვე უყვეს თავისთავს ყოველივე.

3. ახლა მომახსენე, რატომ გამოიქეცი მათგან და ჩვენთან მოხვედი. სამშვიდობოს ხარ, დაწყნარდი, იცოცხლებ ამაღამაც და მერეც.

4. არავინ იქნება შენი შეურაცხმყოფელი, პირიქით, კეთილი მოგეგება, როგორც მიეგება ჩემი უფლის, ნაბუქოდონოსორ მეფის, მორჩილთ.

5. მიუგო მას ივდითმა: ისმინე შენი მორჩილის ნათქვამი, ილაპარაკოს შენმა მხევალმა შენს წინაშე და ტყუილს არ მოვახსენებ ჩემს უფალს ამ ღამეს.

6. თუ მიენდობი შენი მხევლის სიტყვებს, შენით აღასრულებს ღმერთი საქმეს და არ გაცუდდება ჩემი უფლის განზრახვა.

7. ცოცხალია მთელი ქვეყნიერების მეფე, ნაბუქოდონოსორი, და ცხოველია მისი ძალაუფლება, რომელმაც მოგავლინა შენ ყოველი სულდგმულის განმგებლად, რომ არა მარტო ადამიანები მორჩილებდნენ მას შენი წყალობით, არამედ ველის მხეცმა, საქონელმა და ცის ფრინველებმაც იცოცხლონ ნაბუქოდონოსორისა და მთელი სახლის მორჩილებაში შენი ძალისხმევით.

8. გვსმენია შენი სიბრძნე და სულის სიმტკიცე. ქვეყანამ იცის, რომ შენ ხარ ერთადერთი კეთილი კაცი მთელ სამეფოში, სიბრძნით ძლიერი და საკვირველი საბრძოლო წყობაში.

9. რაც შეეხება სიტყვას, აქიორმა რომ წარმოთქვა შენს საკრებულოში, მოვისმინეთ მისი ნათქვამი, იგი ხომ შეიწყნარეს ბეთულიას კაცებმა და მათაც აუწყა ყოგელივე, რაც შენთან თქვა.

10. ამიტომაც, უფალო, მბრძანებელო, ნუკი გადახვალ მის სიტყვას, არამედ გულში ჩაიდე, რადგანაც ჭეშმარიტია. ჩვენი მოდგმა არ ისჯება, ვერ სძლევს მათ მახვილი, თუ არ შესცოდეს თავიანთი ღმერთის წინაშე.

11. ახლა კი, რომ არ დამარცხდეს და ამაოდ რომ არ დაშვრეს ჩემი უფალი, სიკვდილი ეწევა მათ, რადგან ცოდვამ მოიცვა ისინი, რითაც განარისხეს თავიანთი ღმერთი, როცა უჯეროდ მოიქცნენ.

12. საჭმელი რომ შემოაკლდათ და მთელი წყალი გაუთავდათ, გადაწყვიტეს თავიანთი პირუტყვის დახოცვა და ყველაფრის ჭამა, რის შეუჭმელობაც ღმერთმა დაუკანონა.

13. გადაუწყვეტიათ, რომ მოიხმარონ შესაწირავი პური და ღვინისა და ზეთის მეათედი, რომელიც წმიდაჰყვეს და განუკუთვნეს მღვდლებს, ჩვენს ღმერთს რომ ემსახურებიან იერუსალიმში, თუმცა მისი ხელის ხლებაც კი ეკრძალება ერისაგანს.

14. იერუსალიმშიც გაგზავნეს ხალხი, რადგან იქაური მცხოვრებლებიც იმასვე სჩადიან, რათა უხუცესთაგან ნებართვა მიიღონ ამაზე.

15. როგორც კი ისინი თანხმობას მიიღებენ და ასევე მოიქცევიან, იმავე დღეს გასანადგურებლად ჩაგიცვივდებიან ხელში.

16. როცა შევიტყვე ყოველივე ეს, მე შენი მორჩილი, გამოვექეცი მათ, ღმერთმა მომავლინა, რათა შენთან ერთად აღვასრულო საქმენი, რომელნიც გააოგნებს მთელ ქვეყანას, როგორც კი მოისმენს ამას.

17. რადგან ღვთისნიერია შენი მორჩილი და დღედაღამ ემსახურება ცის ღმერთს. ახლა კი შენთან დავრჩები, უფალო ჩემო. გავა შენი მორჩილი ყოველ ღამით ხეობაში და შევევედრები ღმერთს და მაუწყებს მე, როდის შესცოდავენ ისინი.

18. როცა დავბრუნდები, შენ შეგატყობინებ და მაშინ გაემართები მთელი შენი ლაშქრით და ვერავინ გაბედავს იმათგან, წინ რომ გადაგიდგეს.

19. შუაგულ იუდაზე გავლით პირდაპირ იერუსალიმში მიგიყვან და მის შუაგულში დავდგამ შენს ტახტს, წაიძეხ მათ, როგორც ცხვრებს, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი, და ძაღლიც ვერ დაიყეფებს შენს საწინააღმდეგოდ, რადგან ეს ჩემი წინასწარგანჭვრეტის წყალობით გავიგე და მეუწყა და გამოგზავნილი ვარ, რომ შენ შეგატყობინო.

20. მოეწონათ მისი სიტყვები ოლოფერნესა და ყველა მის მსახურს, განცვიფრდნენ მისი სიბრძნით და თქვეს:

21. არ მოიძებნება ქალი ქვეყნის კიდემდე, რომ ასეთი ლამაზი იყოს სახით და სიტყვაგონიერი.

22. უთხრა მას ოლოფერნემ: კარგი ქნა ღმერთმა, შენ რომ მოგავლინა ხალხის წინაშე, რათა ჩვენს ხელებს მოეცეს ძალა, ხოლო ჩემი უფლის შეურაცხმყოფლებს კი დაღუპვა.

23. მშვენიერი ხარ გარეგნობით და სათნო - სიტყვებით, და თუ ისე მოიქცევი, როგორც თქვი, შენი ღმერთი ჩემი ღმერთი გახდება, ნაბუქოდონოსორ მეფის სახლში იცხოვრებ და სახელოვანი იქნები მთელ ქვეყანაზე.


თავი მეთორმეტე

1. ბრძანა ოლოფერნემ, შეეყვანათ იგი იქ, სადაც მისი ვერცხლის ჭურჭელი ეწყო. გაეშალათ მისთვის სუფრა მისი კერძეულისგან და მისი ღვინო მიეცათ სასმელად.

2. თქვა ივდითმა: არ შევჭამ ამას, რომ საფრთხე არ მოხდეს, ჩემს საგზალს ვიკმარებ.

3. უთხრა მას ოლოფერნემ, როცა შემოგაკლდება შენი საგზალი, რანაირად მოგაწოდოთ მაგის მსგავსი, რადგან არავინაა ჩვენთან შენი მოდგმისა.

4. მიუგო მას ივდითმა: შენმა სიცოცხლემ, ჩემო ბატონო, არ დახარჯავს შენი მორჩილი ყველაფერს, რაც თან აქვს, ვიდრე არ აღასრულებს უფალი ჩემი ხელით იმას, რაც განზრახული მაქვს.

5. შეიყვანეს იგი ოლოფერნეს მორჩილებმა კარავში და იძინა მან შუაღამემდე. გამთენიისას ადგა

6. და შეუთვალა ოლოფერნეს: ბრძანოს ჩემმა ბატონმა და სალოცავად წასვლის ნება დართოს თავის მორჩილს.

7. უბრძანა ოლოფერნემ მცველებს, არ დაებრკოლებინათ იგი. ასე დაჰყო მან ბანაკში სამი დღე. გადიოდა ღამით ბეთულიას ხეობაში და წყაროს წყალში განიბანებოდა.

8. როცა ამოვიდოდა წყლიდან, შესთხოვდა ისრაელის უფალ ღმერთს, წარემართა მისი გზა უფლის ერის ასამაღლებლად.

9. ბრუნდებოდა განბანილი და კარავში რჩებოდა, სანამ საღამოთი თავის საზრდოს მიიღებდა.

10. მეოთხე დღეს გამართა ოლოფერნემ ლხინი მხოლოდ თავის მორჩილთათვის და სხვას არავის უხმო იმათგან, ვისი მოწვევაც საჭირო იყო.

11. უთხრა ბაგუას, თავის საჭურისს, რომელიც მთელი მისი საბადებლის განმგებელი იყო: მიდი და არწმუნე ის ებრაელი ქალი, შენთან რომ იმყოფება, მოვიდეს და ჩვენთან ერთად ჭამოს და სვას.

12. სამარცხვინოა ჩვენთვის, რომ ასეთი ქალი ისე გავუშვათ, რომ არ დავუახლოვდეთ. თუ ვერ მოვიზიდავთ მას, დაგვცინებს კიდეც.

13. გავიდა ბაგუა ოლოფერნესგან, მივიდა ქალთან და უთხრა: ნუ აყოვნებს მშვენიერი მხევალი ჩემს ბატონთან მისვლას, რათა განდიდებულ იქნას მის წინაშე და სასიხარულოდ სვას ჩვენთან ერთად ღვინო და ისე მოიქცეს დღეს, როგორც იქცევიან აშურელი ქალიშვილები, რომლებიც ნაბუქოდონოსორის სახლში იმყოფებიან.

14. მიუგო მას ივდითმა: ვინ ვარ მე, უარი რომ ვუთხრა ჩემს უფალს. ყველაფერს უმალ გავაკეთებ, რაც მის თვალში უკეთესი იქნება, და სიკვდილის დღემდე სასიხარულოდ დამრჩება ეს.

15. ადგა, მოირთო სამოსითა და ყოველგვარი სადიაცო სამკაულით. გაუძღვა მისი მხევალი და დაუფინა მიწაზე ოლოფერნეს წინ ცხვრის ტყავი, რომელიც ბაგუას გამოართვა ყოველდღიური საჭიროებისათვის, რომ საჭმელის ჭამის დროს მასზე ინახით მჯდარიყო.

16. შევიდა და დაჯდა ივდითი. ოლოფერნეს გული შეუვარდა მასზე, სული აუფორიაქდა და ძლიერ მოუნდა დაუფლებოდა მას. მისი ნახვის დღიდანვე მარჯვე ჟამს ელოდა მის საცთუნებლად.

17. უთხრა მას ოლოფერნემ: სვი და იმხიარულე ჩვენთან ერთად.

18. მიუგო ივდითმა: შევსვამ, უფალო, რადგან ყველაზე მეტად დღეს ამაღლდა ჩემი სიცოცხლე, როგორც არასოდეს ჩემს დღეში.

19. აიღო და ჭამა და სვა მის წინაშე ყველაფერი, რაც მისმა მხევალმა მოუმზადა.

20. გახალისდა ოლოფერნე მისით და უზომოდ ბევრი ღვინო შესვა, თავის დღეში რომ არ დაელია, იმდენი.


თავი მეცამეტე

1. რომ მოსაღამოვდა, მორჩილნი მალე წავიდნენ და ბაგუამ გარედან ჩაკეტა კარავი. დაითხოვა გუშაგები თავისი ბატონისგან და ისინიც თავ-თავიანთი საწოლებისკენ გაემართნენ, რადგან ყველანი გასავათებული იყვნენ უზომო სმისაგან.

2. მარტო დარჩა ივდითი კარავში ოლოფერნესთან, რომელიც ღვინონასვამი გაშხლართული იყო თავის საწოლზე.

3. უთხრა ივდითმა თავის მხევალს, რომ საძინებლის გარეთ გამდგარიყო და დალოდებოდა მის გამოსვლას. როგორც ყოველდღე, ახლაც უთხრა, რომ სალოცავად გადიოდა, ბაგუასაც იგივე უთხრა.

4. ყველა წავიდ-წამოვიდა, არავინ დარჩენილა საძინებელში, არც მცირე, არც დიდი. დადგა ივდითი ოლოფერნეს საწოლთან და გულში თქვა: უფალო, ღმერთო ყოველთა ძალთაო, ახლა მოხედე ჩემ ხელთა საქმეს, იერუსალიმის ასამაღლებლად აღსასრულებელს.

5. სწორედ ახლა დადგა ჟამი, რომ შეეწიო შენს სამკვიდროს და აღასრულო ჩემი განზრახვა მტრების განადგურებისა, რომლებიც აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ.

6. მივიდა იგი საწოლის სვეტთან, რომელიც ოლოფერნეს თავის მხარეს იყო, და ჩამოხსნა მასზე ჩამოკიდებული მახვილი.

7. მიუახლოვდა საწოლს, სწვდა თმებში და თქვა: გამაძლიერე მე, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, დღევანდელ დღეს.

8. მერე ორჯერ დაჰკრა კისერზე მთელი ძალით და თავი მოკვეთა.

9. გადააგორა მისი გვამი საწოლიდან და სვეტებიდან ჩამოაგდო გავალაკი. ცოტა ხნის მერე გამოვიდა და მისცა მოახლეს ოლოფერნეს თავი.

10. მან კი ჩააგდო იგი საგზლის გუდაში და ორივენი ერთად გავიდნენ, როგორც ჩვეულებისამებრ სალოცავად გადიოდნენ. გაიარეს ბანაკი, შემოუარეს ხევს, ავიდნენ ბეთულიას მთაზე და მის კარიბჭეს მიადგნენ.

11. შორიდანვე შესძახა ივდითმა მცველებს: გააღეთ, გააღეთ კარიბჭე, ჩვენთანაა ღმერთი. იგი მომადლებს ძლიერებას ისრაელს და დათრგუნავს მტრებს, როგორც დღევანდელ დღეს მოიმოქმედა.

12. როცა ქალაქის კაცებმა გაიგონეს მისი ხმა, ქალაქის კარიბჭისკენ გაეშურნენ და შეჰყარეს ქალაქის უხუცესები.

13. გამორბოდა ყველა, პატარა თუ დიდი, რადგან დაუჯერებელი იყო მათთვის მისი დაბრუნება. გააღეს კარიბჭე, შეეგებნენ მათ, აანთეს ცეცხლი გასანათებლად და გარსშემოეხვივნენ.

14. ხმამაღლა უთხრა მათ ივდითმა: ადიდეთ უფალი, ადიდეთ! ადიდეთ უფალი, რომელმაც არ მოაშორა თავისი წყალობა ისრაელის სახლს და ჩემი ხელით გაანადგურა მტრები ამ ღამეს.

15. ამოიღო თავი გუდიდან, აჩვენა მათ და უთხრა: აი, აშურელთა ჯარის მხედართმთავრის, ოლოფერნეს თავი და აი, გავალაკი, რომლის ქვეშაც იწვა გალეშილი. გაანადგურა იგი უფალმა ქალის ხელით.

16. იცოცხლოს უფალმა, რომელმაც დამიცვა ჩემს გზაზე, რომლითაც გავემართე, რათა დასაღუპავად მეცთუნებინა იგი ჩემი გარეგნობით, არ აღასრულებინა ცოდვა ჩემს შესაბილწად და შესარცხვენად.

17. ძლიერ განცვიფრდა მთელი ერი. მუხლი მოიდრიკეს, თაყვანი სცეს ღმერთს და თქვეს ერთხმად: კურთხეულ ხარ, ღმერთო ჩვენო, რომელმაც არარაობად აქციე შენი ერის მტრები დღევანდელ დღეს.

18. უთხრა მას ყუზიამ: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, მაღალი ღმერთისგან მთელი ქვეყნიერების ასულთა შორის და კურთხეულია უფალი ღმერთი, რომელმაც დაამკვიდრა ცანი და ქვეყანა, და წაგიძღვა, რომ ჩვენი მტრების მთავრისათვის თავი მოგეკვეთა.

19. არ მოაკლდება შენი იმედი ადამიანთა გულებს, რომელთაც უკუნისამდე ეხსომებათ ღმერთის ძლევამოსილება.

20. უფალმა მოგაგოს სანაცვლო საუკუნო პატივითა და კურთხევით, რომ სიცოცხლე გაიმეტე, როცა ჩვენი მოდგმა დამდაბლებული იყო, და შური იძიე ჩვენი დაცემისთვის და წრფელი გზით იარე ჩვენი ღმერთის წინაშე. შესძახა მთელმა ერმა: იქმნას, იქმნას.


თავი მეთოთხმეტე

1. უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი, ძმებო! აიღეთ ეს თავი და გამოჰკიდეთ თქვენი გალავნის ქონგურზე.

2. როცა გათენდება და მზე ამოანათებს ქვეყანაზე, აიღეთ თქვენ-თქვენი საბრძოლო აღჭურვილობა და ქალაქის გარეთ გადით ყველა ძლიერი მამაკაცი. წინ მეთაური გაიძღოლეთ, ვითომ დაბლობზე გადადიხართ, აშურელთა სადარაჯოებთან. ოღონდ ნუ გადახვალთ.

3. ამასობაში ისინი იარაღს აისხამენ, წავლენ თავიანთ ბანაკში და აშურის ჯარის წინამძღოლებს გააღვიძებენ. ოლოფერნეს კარვისკენ გავარდებიან და ვერ იპოვიან მას. შიშის ზარი დაეცემა მათ და უკუიქცევიან.

4. თქვენ და ყველამ, ვინც ისრაელის საზღვრებში მკვიდრობს, განდევნეთ და გაანადგურეთ ისინი თავიანთ გზებზე.

5. ვიდრე ამას მოიმოქმედებდეთ, მიხმეთ აქიორ ყამონელი, რათა შეხედოს და შეიცნოს ისრაელის სახლის შეურაცხმყოფელი და ის, ვინც სიკვდილივით იყო მოვლენილი ჩვენს წინააღმდეგ.

6. უხმეს აქიორს ყუზიას სახლიდან, როცა მოვიდა და ოლოფერნეს თავი დაინახა ხალხის კრებულში მყოფი ერთი კაცის ხელში, პირქვე დაემხო გულწასული.

7. როცა წამოაყენეს, დაემხო იგი ივდითის ფეხებთან, თაყვანი სცა მას და უთხრა: კურთხეულ ხარ მთელ იუდას სამკვიდრებელში და ყველა ხალხს შორის, რომლებიც გაოგნდებიან შენი სახელის გაგონებაზე!

8. ახლა კი მაუწყე, რა მოიმოქმედე ამ დღეებში. უამბო მას ივდითმა ხალხის თანდასწრებით ყველაფერი, რაც მოიმოქმედა გასვლის დღიდან იმ დრომდე, როცა მათ ესაუბრებოდა.

9. რომ დაასრულა ლაპარაკი, ხალხმა ხმამაღლა შეჰღაღადა და სიხარულის ხმა მოედო მათ ქალაქს.

10. როცა აქიორმა იხილა ყოველივე, რაც ისრაელის ღმერთმა მოიმოქმედა, ძლიერ ირწმუნა მისი, წინდაიცვითა და ისრაელის სახლს შეუერთდა. და ასეა დღემდე.

11. როგორც კი გათენდა, გალავანზე გამოჰკიდეს ოლოფერნეს თავი. ყველამ აიღო თავისი საჭურველი და, რაზმებად დაწყობილნი, მთის ასასვლელებისკენ გაემართნენ.

12. როცა აშურელებმა დაინახეს ისინი, ხალხი გაგზავნეს წინამძღოლებთან. ესენიც მივიდნენ სარდლებთან, ასისთავებთან და ყველა მათ მეთაურთან.

13. ოლოფერნეს კარავს რომ მიადგნენ, უთხრეს მის პირად მხლებელს: გააღვიძე ჩვენი უფალი, რადგან გაკადნიერდნენ მონები და ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ, რათა საბოლოოდ ამოწყდნენ.

14. შევიდა ბაგუა და კარვის კარზე დააკაკუნა. ეგონა, ივდითთან ერთად ეძინა მას.

15. რომ არავინ გამოეპასუხა, გააღო და შევიდა საძინებელში. იატაკზე დაგდებული იპოვა იგი მკვდარი, თავმოკვეთილი.

16. ამოიგმინა ხმამაღალი, მოჰყვა ტირილსა და მოთქმას ძლიერ ხმაზე და ტანისამოსი შემოიგლიჯა.

17. შევიდა კარავში, რომელშიც ივდითი იმყოფებოდა და, რომ ვერ იპოვა იგი, გამოიჭრა ხალხისკენ და იყვირა:

18. დაღუპეს მონებმა! შესარცხვენი საქმე უყო ერთი ებრაელის დედაკაცმა ნაბუქოდონოსორ მეფის სახლს. აჰა, მიწაზე გდია ოლოფერნე, თავმოჭრილი!

19. ეს ამბავი ესმათ აშურის ლაშქრის მეთაურებს, ტანისამოსი შემოიგლიჯეს მათაც. ძლიერ შეშფოთდნენ და ძალზე ხმამაღალი მოთქმა-გოდება ასტეხეს შუაგულ ბანაკში.


თავი მეთხუთმეტე

1. ეს რომ გაიგონეს კარვებში მყოფებმა, გაოგდნენ მომხდარი ამბის გამო.

2. შიშმა და ძრწოლამ შეიპყრა ისინი. კაცი არ დარჩა, თავის ახლობელს რომ დალოდებოდა, არამედ დაბნეულები ერთიანად გარბოდნენ ველისკენ და მთებისკენ მიმავალი გზებით.

3. ბეთულიას გარშემო მთაზე დაბანაკებულებიც დაიძრნენ გასაქცევად. მაშინ ისრაელიანები, ყოველი მებრძოლი მათ შორის, დაერივნენ მათ.

4. მოციქულები გაგზავნა ყუზიამ ბეთომასთაიმში, ბებაიში, ქობაში, კოლაში და ისრაელის ყველა კუთხეში იმის სათქმელად, რაც მოხდა, რომ ყველა გამოსულიყო მომხდურთა გასანადგურებლად.

5. ისრაელიანებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, თავს დაესხნენ მათ და გაანადგურეს ისინი ქობამდე. ასევე გამოვიდნენ იერუსალიმელებიც და ყველა მთიელი, რადგან გაიგეს მათი მტრის ბანაკში მომხდარი ამბავი. გალაადელებმა და გალილელებმა გვერდიდან სასტიკად დასცხეს მათ, ვიდრე არ განდევნეს ისინი დამასკომდე და მის საზღვრამდე.

6. ხოლო დარჩენილნი ბეთულიას მკვიდრნი თავს დაესხნენ აშურის ბანაკს, გაძარცვეს იგი და ძლიერ გამდიდრდნენ.

7. თავდასხმებისგან გამობრუნებული ისრაელიანები დაეპატრონენ იმას, რაც დარჩა. მთისა და ბარის დაბა-სოფლებმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. აურაცხელი იყო მისი რაოდენობა.

8. მოვიდნენ მღვდელმთავარი იოაკიმი და ისრაელიანთა უხუცესობა, იერუსალიმის მკვიდრნი, რათა ენახათ, თუ რა სიკეთე უყო უფალმა ისრაელს, ეხილათ ივდითი და მშვიდობა ეთქვათ მისთვის.

9. მივიდნენ თუ არა მასთან, ერთხმად აკურთხეს და უთხრეს: შენ ხარ დიდება იერუსალიმისა, შენ ხარ სიამაყე ისრაელისა, შენ ხარ სიქადული ჩვენი მოდგმისა!

10. შენი ხელებით აღასრულე ყოველივე ეს, სიკეთე ჰქმენ ისრაელისთვის და წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა. კურთხეულ იყავ ყოვლისმპყრობელი უფლისაგან უკუნისამდე. თქვა მთელმა ერმა: იყოს!

11. ოცდაათი დღის განმავლობაში ძარცვავდა მთელი ერი ბანაკს. ოლოფერნეს კარავი და მთელი ვერცხლეული, საწოლი და ჭურჭელი, მთელი მისი აღჭურვილობა ივდითს მისცეს. მანაც აკრიფა ისინი, აჰკიდა თავის ჯორს, შეაბა ურმები და დატვირთა ისინი.

12. ისრაელის მთელი დედროვანი გამოეფინა მის სანახავად, მადლობა უძღვნეს და ფერხული გაუმართეს მას. აიღო ივდითმა ხელში რტოები და დაურიგა ქალებს, ვინც მასთან იყვნენ.

13. შეიმკეს მათ თავი ზეთისხილის გვირგვინებით მან და ვინც მასთან იყვნენ. როკვით მიდიოდა იგი მთელი ხალხის წინაშე, ქალთა წინამძღოლი, ხოლო ისრაელის ყოველი კაცი თავზე გვირგვინებით და ბაგეებზე გალობით მოჰყევბოდა მას.

14. მაშინ სამადლობელი სიმღერა წამოიწყო ივდითმა მთელი ისრაელის წინაშე და მთელი ერი აჰყვა ამ სადიდებელს.


თავი მეთექვსმეტე

1. თქვა ივდითმა: ადიდეთ ჩემი ღმერთი ბობღნებით, უგალობეთ უფალს წინწილებით, აღუვლინეთ მას ახალი ფსალმუნი, განადიდეთ და ახსენეთ მისი სახელი,

2. რადგან ღმერთია იგი, ბრძოლათა შემმუსრველი უფალი. რადგან მის ბანაკში, შუაგულ ხალხში, მიხსნა ჩემი მდევნელების ხელთაგან.

3. მოვიდა აშური ჩრდილოეთის მთებიდან, მოვიდა თავისი აურაცხელი ლაშქრით, მათმა სიმრავლემ ჩახერგა ხევები და მათმა ცხენებმა დაფარა ბორცვები.

4. ბრძანა, გადაბუგვა ჩემი საზღვრებისა, ჩემი ჭაბუკების მახვილით შემუსვრა, მიწად დანარცხება ჩემ ძუძუმწოვართა, ნადავლად წაგვრა ჩემ წვრილშვილთა, ნამუსის ახდა ჩემ ქალწულთათვის.

5. მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის ხელით.

6. არ დაცემულა მათი ხელმწიფე მოყმეთა ხელით, დევკაცთა ნაშიერთ არ მოუკლავთ იგი, არც ამაყ ბუმბერაზებს დაუჯაბნია, არამედ ივდითმა, მერარის ასულმა, გაანადგურა თავისი სილამაზით.

7. ქვრივობის სამოსი გაიხადა დათრგუნულთა აღსადგინებლად ისრაელში, ნელსაცხებელი იცხო სახეზე,

8. თავსაკვრელით შეიკრა თმები და სელის სამოსელი ჩაიცვა მათ საცთუნებლად.

9. მოსტაცა თვალი ოლოფერნეს მისმა სანდალმა, მისმა სილამაზემ დაუტყვევა სული. და გაჰკვეთა მახვილმა მისი კისერი.

10. შეაძრწუნა სპარსელები მისმა სიმამაცემ და მიდიელები მისმა გულადობამ გააოგნა.

11. მაშინ შეღაღადეს ჩაგრულთა ჩემთა და შეშინდნენ უძლურნი და შეძრწუნდნენ, ხმამაღლა ყვიროდნენ და უკუიქცნენ.

12. მხევალთა შვილებმა განგმირეს ისინი და უკუქცეულთა ბავშვებივით ჩეხავდნენ, დაიღუპნენ ისინი ჩემი უფლის განაჩენით.

13. გიგალობ, ჩემო ღმერთო, ახალი საგალობლით. უფალო, დიადი ხარ და დიდებული, ძალით საკვირველი, დაუძლეველი,

14. შენ გმორჩილებს ყოველი ქმნილება შენი, რადგან თქვი და გაჩნდნენ. მოავლინე შენი სული და დამკვიდრდნენ ისინი. არავინაა, რომ გაუძლოს შენს ხმას.

15. წყლებითურთ შეირყევა მთათა საფუძვლები, კლდენი შენს წინაშე ცვილივით დადნებიან, შენს მოშიშებს კი წყალობას არ მოაკლებ.

16. რადგან მწირია ყოველი ამოდსაყნოსველი მსხვერპლი და მცირეზე მცირეა ყოველი ქონი, შენთვის დასაწველი. უფლის მოშიში კი ყველაფერზე დიდია.

17. ვაი, ხალხებს, ჩემი ერის წინააღმდგომელთ! ყოვლისმპყრობელი უფალი დასჯის მათ განკითხვის დღეს. ცეცხლსა და მატლებს მიუვლენს იმათ ხორცს და მწარედ იტირებენ უკუნისამდე.

18. როგორც კი მივიდნენ იერუსალიმში. თაყვანი სცეს ღმერთს და როცა ხალხი განიწმიდა, შესწირეს აღსავლენი, ნებაყოფლობითი მსხვერპლი და ძღვენი.

19. შესწირა ღმერთს ივდითმა ოლოფერნეს მთელი აღჭურვილობა, რომელიც ხალხმა მას მიაკუთვნა, და გალავაკი, რომელიც თავისთვის აიღო ოლოფერნეს საწოლიდან.

20. სამ თვეს ხარობდა ხალხი იერუსალიმში სიწმინდეთა წინაშე და ივდითიც მათთან ერთად იყო.

21. ამ დღეების შემდეგ ყველანი თავ-თავიანთი სამკვიდრებლისაკენ გაემართნენ, ივდითიც ბეთულიაში წავიდა და იქ ცხოვრობდა ძველებურად. პატივდებული იყო თავის დღეში მთელ ქვეყანაზე.

22. ბევრს ჰქონდა მისი სურვილი, მაგრამ კაცს არ გაჰკარებია მთელი სიცოცხლე მას მერე, რაც მენაშე, მისი ქმარი, გარდაიცვალა და თავის ერს შეუერთდა.

23. უფრო და უფრო სახელოვანი შეიქმნა და დაბერდა თავისი ქმრის სახლში ასხუთი წლისა. გაათავისუფლა თავისი მხევალი, გარდაიცვალა ბეთულიაში და დაკრძალეს იგი თავისი ქმრის, მენაშეს სამარხში.

24. შვიდი დღე გლოვობდა მას ისრაელის სახლი. სიკვდილის წინ გაუყო ქონება თავისი ქმრის, მენაშეს, ყველა ნათესავს და ნათესავებს თავის საგვარეულოში.

25. ისრაელიანები მეტად აღარავის შეუშინებია ივდითის სიცოცხლეში და დიდხანს, მისი სიკვდილის შემდეგაც.