თავი პირველი
1. მოხუცდა დავით მეფე, ხანში შევიდა; ახურავდნენ სამოსლებს, მაგრამ ვერ თბებოდა.
2. უთხრეს მისმა მორჩილებმა: გამოუძებნონ ჩვენს მეფე-ბატონს ახალგაზრდა ქალწული ქალი, რომ წარდგეს მეფის წინაშე, უვლიდეს მას და გვერდში უწვებოდეს. მაშინ გათბება ჩვენი მეფე-ბატონი.
3. დაუწყეს ძებნა ლამაზ ყმაწვილ ქალს მთელს ისრაელში და იპოვნეს აბიშაგ შუნამელი და მიჰგვარეს მეფეს.
4. ძალზე ლამაზი იყო ყმაწვილი ქალი, უვლიდა მეფეს და ემსახურებოდა მას; მაგრამ მეფე არ მიჰკარებია ქალს.
5. გამედიდურდა ადონია, ხაგითის შვილი, და ასე ამბობდა: მე უნდა ვიმეფო! გაიჩინა ეტლი და მხედრები, და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
6. არასოდეს უსაყვედურნია მამამისს, ასე რატომ იქცევიო. - თანაც თვალტანადი ყმაწვილი იყო ადონია, აბესალომის შემდეგ ეყოლა იგი დედამისს.
7. იოაბთან, ცერუიას ძესთან, და აბიათარ მღვდელთან ჰქონდა საქმე დაჭერილი და ისინი ეხმარებოდნენ ადონიას.
8. ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმყი, რეყი და დავითის მამაცი ხალხი მხარს არ უჭერდნენ ადონიას.
9. დახოცა ადონიამ ცხვრები, ხარები, ნასუქალი მოზვრები ზოხელეთის ქვასთან, ყენ-როგელის მახლობლად რომ არის, და მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები და იუდაელი კაცები, მეფის მორჩილნი.
10. ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, მამაცი ხალხი და სოლომონი, თავისი ძმა, არ მოიწვია.
11. უთხრა ნათანმა ბათშებაყს, სოლომონის დედას: გაიგე, რომ გამეფდა ადონია, ხაგითის შვილი, ჩვენმა პატრონმა დავითმა კი არაფერი იცის?
12. ახლა, მოდი, ერთ რამეს გირჩევ, უშველე თავს და შენს შვილს, სოლომონს.
13. წადი, დავით მეფესთან, შედი და უთხარი: განა შენ არ იყავი, მეფევ-ბატონო, რომ შემომფიცე შენს მორჩილს: შენი ვაჟი სოლომონი იმეფებსო ჩემს შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე. მაშ, რატომ გამეფდა ადონია?
14. ვიდრე შენ მეფესთან ლაპარაკში იქნები, მეც შემოვალ და სიტყვას შეგაწევ.
15. შევიდა ბათშებაყი მეფესთან ოთახში. ძალზე მოხუცი იყო მეფე და აბიშაგ შუნამელი უვლიდა მეფეს.
16. თავი დახარა ბათშებაყმა და თაყვანისცა მეფეს. ჰკითხა მეფემ: რა გინდა?
17. მიუგო: ჩემო ბატონო, ხომ შეჰფიცე შენს მობჩილს უფლის, შენი ღმერთის სახელით, სოლომონი, შენი ვაჟი, გამეფდებაო ჩემს შემდეგ და დაჯდებაო ჩემს ტახტზე.
18. ახლა, აჰა, ადონია გამეფდა: შენ კი, მეფევ-ბატონო, არაფერი გაგიგია.
19. მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვრები, მოიწვია ყველა უფლისწული, აბიათარ მღვდელი, მხედართმთავარი იოაბი; შენი მორჩილი სოლომონი კი არ მოუწვევია.
20. შენსკენაა მთელი ისრაელის თვალი, მეფე-ბატონო, რომ გამოუცხადო, თუ ვინ ავა მეფე-ბატონის ტახტზე შენს შემდეგ.
21. როცა განისვენებს მეფე-ბატონი მამა-პაპასთან, დამნაშავენი გამოვალთ მე და ჩემი შვილი სოლომონი.
22. ამ ლაპარაკში იყო მეფესთან, რომ მოვიდა ნათან წინასწარმეტყველი.
23. მოახსენეს მეფეს: აჰა, ნათან წინასწარმეტყველი. შევიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.
24. თქვა ნათანმა: მეფე-ბატონო! შენა თქვი, ადონია გამეფდესო ჩემს შემდეგ და დაჯდესო ჩემს ტახტზე?
25. რადგან ჩამოვიდა დღეს, მრავლად დახოცა ხარები, ნასუქალი მოზვრები და ცხვარი და მოიწვია ყველა უფლისწული, ჯარის სარდლები, აბიათარ მღვდელი. ახლა იქ არიან და ჭამენ და სვამენ მის წინაშე. გაჰყვირიან: იცოცხლოს მეფე ადონიამ!
26. არ მივუწვევივარ არც მე, შენი მორჩილი, არც ცადოკ მღვდელი, არც ბენაია იეჰოიადაყის ძე, და არც სოლომონი, შენი მორჩილი.
27. თუ მეფე-ბატონისგან მოდის ეს ბრძანება, რატომ არ გამაგებინე შენს მორჩილს, ვინ უნდა დაჯდეს მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ?
28. მიუგო მეფე დავითმა და უთხრა: ბათშებაყს დამიძახეთ! შევიდა იგი მეფესთან და წარუდგა მეფეს.
29. დაიფიცა მეფემ და თქვა: მოწმე იყოს უფალი, რომელმაც მიხსნა ყველა გასაჭირიდან,
30. რომ როგორც შემოგფიცე უფლის, ისრაელის ღვთის სახელით, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება-მეთქი ჩემს შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემს ნაცვლად, ასე გავაკეთებ დღეს.
31. მიწამდე დახარა თავი ბათშებაყმა, თაყვანისცა მეფეს და უთხრა: იცოცხლოს ჩემმა პატრონმა, მეფე დავითმა, უკუნისამდე.
32. თქვა მეფე დავითმა: დამიძახეთ ცადოკ მღვდელს, ნათან წინასწარმეტყველს, და ბენაია იეჰოიადაყის ძეს. ისინიც წარსდგნენ მეფის წინაშე.
33. უთხრა მათ მეფემ: იახლეთ თქვენი ბატონის მორჩილნი, შესვით ჩემი შვილი სოლმონი ჩემს ჯორზე და გიხონში ჩაიყვანეთ.
34. აქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. მერე ჰკარით ბუკს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!
35. მერე ამოჰყევით მას, მოვა და დაჯდება ჩემს ტახტზე და იმეფებს ჩემს ნაცვლად. ის დავნიშნე მე ისრაელისა და იუდას მთავრად.
36. მიუგო ბენაია იეჰოიადაყის ძემ მეფეს და უთხრა: ამინ! ასევე თქვას უფალმა, ჩემი მეფე-ბატონის ღმერთმა.
37. როგორც ჩემს მეფე-ბატონთან იყო უფალი, ასევე იყო სოლომონთანაც. ჩემი მეფე-ბატონის, დავითის ტახტზე მეტად აღამაღლოს მისი ტახტი.
38. ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს.
39. გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან რქით ზეთი და სცხო სოლომონს. ჰკრეს ბუკს და დაიძახა მთელმა ხალხმა: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!
40. უკან ამოჰყვა მთელი ხალხი, სტვირს უკრავდა ხალხი და ხარობდა დიდი სიხარულით, მიწა იპობოდა მათი ყიჟინისგან.
41. ის იყო მორჩნენ პურობას ადონია და მისი სტუმრები, რომ მოესმათ ეს ყიჟინა. გაიგონა იოაბმა ბუკის ხმა და თქვა: რამ აახმაურა ქალაქი?
42. არ დაემთავრებინა ლაპარაკი, რომ მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის შვილი. თქვა ადონიამ: მოდი, რადგან ვაჟკაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს.
43. მიუგო იონათანმა ადონიას და უთხრა: ჭეშმარიტად! სოლომონი გაამეფა ჩვენმა მეფე-ბატონმა.
44. გააყოლა მას მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელები და ფელეთელები და შესვეს იგი მეფის ჯორზე.
45. მეფედ სცხეს გიხონში ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. გამხიარულვმულნი ამოვიდნენ იქიდან და შეიძრა ქალაქი. ეს ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ.
46. უკვე ზის სოლომონი სამეფო ტახტზე.
47. მივიდნენ კიდეც და მიულოცეს მეფის მორჩილებმა ჩვენს მეფე-ბატონს, დავითს, და უთხრეს: შენს სახელზე მეტად შეამკოს უფალმა სოლომონის სახელი და შენს ტახტზე მეტად განადიდოს მისი ტახტი. ქედი მოიხარა საწოლზე მეფემ.
48. ასე თქვა კიდეც მეფემ: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა დღეს თვალხილულს ჩემი ტახტის მემკვიდრე და თვალით მახილვინა.
49. შეეშინდათ ადონიას სტუმრებს, წამოიშალნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ.
50. ხოლო ადონიამ სოლომონის შიშით სამსმხვერპლოს მიაშურა და მოეჭიდა მის რქებს.
51. შეატყობინეს სოლომონს: აჰა, შეეშინდაო ადონიას მეფე სოლომონის, სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა და ამბობსო: შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა რომ მახვილით არ მოკლავს თავის მორჩილს.
52. თქვა სოლომონმა: თუ წრფელად მოიქცევა მისი თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე; მაგრამ თუ მზაკვრობა გაივლო გულში, მოკვდება.
53. გაგზავნა სოლომონმა ხალხი და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან. მივიდა და თაყვანისცა მეფე სოლომონს. უთხრა სოლომონმა: წადი სახლში.
თავი მეორე
1. მოახლოვდა დავითის სიკვდილის ჟამი და ეს უანდერძა მან თავის შვილს, სოლომონს:
2. მივდივარ მთელი ქვეყნის გზით, გამაგრდი და კაცი იყავი.
3. აღუსრულე ვალი უფალს, შენს ღმერთს: იარე მის გზაზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც სწერია მოსეს რჯულში, რომ ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს მიაბრუნებ.
4. რომ აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი სიტყვა: თუ შენი შვილები დაიცავენ ჩემს გზას და ივლიან ჩემს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით, არ დაგელევაო კაცი ისრაელის ტახტზე.
5. შენც იცი, რა გამიკეთა იოაბ ცერუიას ძემ, რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს - აბნერ ნერის ძეს და ყამასა იეთერის ძეს; როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა; ბრძოლის სისხლი მოიცხო სარტყელზე და ფეხსამოსზე.
6. ბრძნულად მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის ჭაღარას შავეთში.
7. ბარზილაი გალაადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს სუფრაზე, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას აბესალომს გავურბოდი.
8. აჰა, შენთან არის შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, ბახურიმიდან; ის იყო, რომ მწარედ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი. იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და მეც უფლის სახელით შევფიცე, მახვილით არ მოგკლავ-მეთქი.
9. შენ ნუ გაამართლებ, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რომ სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში.
10. განისვენა დავითმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.
11. ხანი დავითის მეფობისა ისრაელზე იყო ორმოცი წელი, ხებრონში შვიდ წელს მეფობდა, იერუსალიმში - ოცდაცამეტ წელს.
12. დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და დიდად განმტკიცდა მისი მეფობა.
13. მივიდა ადონია, ხაგითის შვილი, ბათშებაყთან, სოლომონის დედასთან. უთხრა ქალმა: სამშვიდობოდა ხარ მოსული? მიუგო: სამშვიდობოდ.
14. უთხრა: საქმე მაქვს შენთან: უთხრა: თქვი.
15. თქვა: შენ იცი, რომ ჩემი იყო მეფობა, და მე შემომყურებდა მთელი ისრაელი, რომ მეფე გავმხდარიყავი. მაგრამ წამივიდა მეფობა და ჩემს ძმას ერგო, რადგან უფლისგან ჰქონდა მიცემული.
16. ახლა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ. მიუგო ქალმა: თქვი.
17. თქვა: უთხარი სოლომონ მეფეს, რომ არ გამაწბილოს და ცოლად მომცეს აბიშაგ შუნამელი.
18. თქვა ბათშებაყმა: კარგი, დაველაპარაკები შენზე მეფეს.
19. მივიდა ბათშებაყი მეფე სოლომონთან, რომ ადონიაზე დალაპარაკებოდა. წარდგა მეფე მის შესახვედრად და თაყვანისცა მას, და დაჯდა თავის ტახტზე. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და მის მხარმარჯვნივ დაჯდა იგი.
20. უთხრა: ერთი მცირე სათხოვარი მაქვს შენთან, ნე გამაწბილებ. უთხრა მეფემ: მთხოვე, დედაჩემო, რადგან არ გაგაწბილებ.
21. თქვა: მიეცი ცოლად აბიშაგ შუნამელი შენს ძმას, ადონიას.
22. მიუგო მეფე სოლომონმა თავის დედას და უთხრა: რად მოითხოვ ადონიასთვის აბიშაგ შუნამელს? ბარემ მეფობაც მოითხოვე მისთვის, რაკი ჩემი უფროსი ძმაა; მისთვის, აბიათარ მღვდლისთვის და იოაბ ცერუიას ძისთვის!
23. დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი და თქვა: ასე და ასე მიყოს უფალმა, და უარესიც დამმართოს, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ეს სიტყვა ადონიას!
24. ვფიცავ უფალს, რომელმაც განმამტკიცა და დამსვა მამაჩემის ტახტზე, რომელმაც სახლი ამიშენა დაპირებისამებრ, რომ დღესვე მოკვდება ადონია.
25. დაავალა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძეს და მანაც განგმირა იგი და მოკვდა ადონია.
26. აბიათარ მღვდელს კი უთხრა მეფემ: ყანათოთს წადი, შენს მამულში. სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან შენ გიტარებია უფლის კიდობანი მამაჩემის, დავითის წინაშე და, ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა.
27. მოკვეთა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც თქვა მან ელიას სახელზე სილოამში.
28. მიუვიდა ხმა იოაბს და (რადგან იოაბი ადონიას მიემხრო და აბესალომს არ მიმხრობია) გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა.
29. შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკნ გაიქცაო იოაბი და, აჰა, სამსხვერპლოსთან დგასო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დააბარა: მიდი, მოკალი!
30. მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: გამოდი, ასე ბრძანა მეფემ. მიუგო: არა, აქ მოვკვდები. მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი, ასე თქვაო იოაბმა.
31. უთხრა მეფემ: ისე გააკეთე, როგორც თავად თქვა; მოკალი და დამარხე. ამით მომრეცხავ მეცა და მამაჩემის სახლსაც უბრალო სისხლს, იოაბმა რომ დაღვარა.
32. უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისივის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის უჩუმრდ აბნერ ნერის ძე, ისრაელის ჯარის სარდალი, და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი.
33. მიექცეს მათი სისხლი იოაბის თავს და მისი შთამომავლების თავს უკუნისამდე, ხოლო დავითს, მის მთამომავლობას, მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა სთნდეს უფლისგან უკუნისამდე.
34. წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე, თავს დაესხა მას და მოკლა, და მის სახლში, უდაბნოში დამარხა.
35. დანიშნა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძე მის ადგილზე ჯარის სარდლად, ხოლო აბიათარის ადგილზე ცადოკ მღვდელი დაადგინა მეფემ.
36. დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე იქ. ნურსად ნუ გახვალ აქიდან.
37. როგორც კი გახვალ და კედრონის ხევს გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება. შენს თავზე იქნება შენი სისხლი.
38. უთხრა შიმყიმ მეფეს: კეთილი. როგორც ბრძანა მეფე-ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მორჩილი. ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში მრავალი ხანი.
39. გავიდა სამი წელი და გაექცა შიმყის ორი მორჩილი აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის, გათში არიანო შენი მორჩილნი.
40. ადგა შიმყი და შეკაზმა სახედარი და წავიდა გათს აქიშთან თავის მორჩილთა საძებრად. წავიდა შიმყი და კიდეც მოიყვანა გათიდან თავისი მორჩილნი.
41. შეატყობინეს სოლომონს, იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმყი და უკან მობრუნდაო.
42. დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: რომ დაგაფიცე უფლის სახელით და გაგაფრთხილე, თუ გახვედი და სადმე წასულხარ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი, შენ მიპასუხე: კეთილი, მესმისო.
43. რატომ არ შეინახე უფლის ფიცი და ჩემი ბრძანება, რაც ნაბრძანები მქონდა?
44. კიდევ უთხრა მეფემ შიმყის: შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობა გაგიკეთებია დავითისთვის, მამაჩემისთვის. ახლა შენს თავზე მოაქცევს უფალი შენს ავკაცობას.
45. კურთხეული იყოს მეფე სოლომონი და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!
46. უბრძანა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძეს. ისიც წავიდა და დაჰკრა შიმყის, და მოკვდა იგი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.
თავი მესამე
1. დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მოიყვანა ფარაონის ასული დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლს და ზღუდეს იერუსალიმის გარშემო.
2. ოღონდ ჯერ კიდევ ბორცვებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს, რადგან საიმდროოდ ჯერ კიდევ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3. შეიყვარა სოლომონმა უფალი, და მამამისის, დავითის წესზე დადიოდა, ოღონდ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4. წავიდა მეფე გაბაონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული აღსავლენი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე.
5. გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე.
6. უთხრა სოლომონმა: დიდად სწყალობდი შენს მორჩილს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლით და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე; შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე.
7. ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მორჩილი, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა.
8. შენს რჩეულ ხალხშია შენი მორჩილი, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო.
9. მიანიჭე შენს მორჩილს გამგები გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან; რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?
10. მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი.
11. უთხრა მას ღმერთმა: იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად.
12. აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი.
13. რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალ ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი.
14. თუ ივლი ჩემს გზაზე, დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი.
15. გაეღვიძა სოლომონს და, აჰა, ესეც სიზმარი. მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი. მერე ლხინი გაუმართა თავის მორჩილთ.
16. მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და დადგნენ მის წინ.
17. თქვა ერთმა ქალმა: მომიტევე, ბატონო! მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ, ამ სახლში ვიმშობიარე მის თვალწინ.
18. ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც; ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან სახლში. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სახლში.
19. მოკვდა ღამით ამ ქალის ბავშვი, რადგან ზედ დასწოლოდა.
20. ადგა შუაღამისას, აიყვანა ჩემი ბავშვი ჩემი გვერდიდან, ეძინა შენს მორჩილს, და თავის უბეში ჩაიწვინა, ხოლო თავისი მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინა უბეში.
21. ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის და, აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის ბავშვი არ იყო: ჩემი შვილი, რომელიც მე ვშობე.
22. თქვა მეორე ქალმა: არა! ცოცხალია ჩემი შვილი, შენი შვილია მკვდარი! ეს კი ამბობდა: არა! შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილი ცოცხალი! ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე.
23. თქვა მეფემ: ეს ამბობს, ჩემი შვილიაო ცოცხალი; შენი შვილი მკვდარიო. მეორე ამბობს: არა, შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილიაო ცოცხალი.
24. თქვა მეფემ: მახვილი მომიტანეთ! მიართვეს მახვილი მეფეს.
25. თქვა მეფემ: ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი - მეორე ქალს.
26. უთხრა ქალმა, ცოცხალი ბავშვის დედამ, მეფეს, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი შვილის გამთო: ოჰ, ჩემო ბატონო! ოღონდ ნუ მოკლავთ და მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი! მეორე ამბობდა: ნურც მე მერგება, ნურც შენ. გაჭერით!
27. მიუგო მეფემ და თქვა: ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ. ეს არის მისი დედა.
28. გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, მეფემ რომ გამოიტანა, და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე იყო მასში სამართლის გასაჩენად.
თავი მეოთხე
1. იყო მეფე სოლომონი მეფედ მთელს ისრაელზე.
2. ეს თავკაცები ჰყავდა მას: ყაზარია, ცადოკ მღვდლის შვილი;
3. ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი - მწერლები; იოშაფატ ახილუდის ძე - მემატიანე;
4. ბენაია იეჰოიადაყის ძე - ჯარის სარდალი; ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.
5. ყაზარია ნათანის ძე - მოურავთ უფროსი, ზაბუდ ნათანის ძე - მღვდელი და მეფის მეგობარი.
6. ახიშარი - სასახლის ზედამხედველი; ადონირამ ყა ბადას ძე - ხარკის განმგებელი.
7. თორმეტი მოურავი ჰყავდა სოლომონს მთელს ისრაელში. ისინი ამარაგებდნენ სარჩოთი მეფესა და მის სახლს; თითოეულს წელიწადში ერთი თვის მანძილზე უნდა ეზიდნა სარჩო.
8. აი, მათი სახელები: ბენ-ხური ეფრემის მთიდან;
9. ბენ-დეკერი მაკაცში, შაყ-ალბიმში, ბეთ-შემეშში, ელონში და ბეთ-ხანანში;
10. ბენ-ხესედი არუბოთში; მისი იყო სოქო და ხეფერის მთელი მხარე;
11. ბენ-აბინადაბი მთელს ნაფათ-დორში; სოლომონის ასული, ტაფათი ჰყავდა ცოლად;
12. ბაყანა ახილუდის ძე თაყანაქში, მეგიდოში და მთელს ბეთ-შეანში, ცართანასთან რომ არის, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან ვიდრე აბელ-მეხოლამდე და იაკმეყანის გაღმა მხარემდე.
13. ბენ-გებერი გალაადის რამოთში; მისი იყო იაირ მენამეს ძის დაბები გალაადში; მისი იყო არგობის მხარე ბაშანში, სამოცი დიდი ქალაქი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი.
14. ახინადაბ ღიდოს ძე მახანაიმში;
15. ახიმაყაცი ნაფთალის მხარეში; მასაც სოლომონის ასული ჰყავდა ცოლად, ბასმათი.
16. ბაყანა ნუშაის ძე აშერის მხარეში და ბეყადოთმი;
17. იეჰოშაფატ ფარუახის ძე ისაქარის მხარეში;
18. შიმყი ელას ძე ბენიამინის მხარეში;
19. გებერ ურის ძე გალაადის ქვეყანაში, სიხონის, ამორეველთა მეფის, ქვეყანაში და ოგის, ბაშანის მეფის ქვეყანაში. თითო მოურავი თითო ქვეყანაში.
20. ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი.
21. ეპყრა სოლომონს ყველა სამეფო მდინარიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე. მოართმევდნენ ხოლმე ძღვენს და ემორჩილებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლე.
22. ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სადაგი ფქვილი;
23. ათი ნასუქალი ხარი და ათი ნაიალაღარი ხარი, ასი ცხვარი გარდა ნანადირევი ირმებისა, ქურციკებისა, ჯეირნებისა და გამოკვებილი ბატებისა.
24. ეს იმიტომ, რომ ბატონობდა იგი მთელს მდინარის გამოღმა მხარეზე თიფსახიდან ვიდრე ღაზამდე, და მდინარის გამოღმა ყველა მეფეზე, და ზავი ჰქონდა ყველა ქვეყნებთან ირგვლივ.
25. უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას დანიდან ვიდრე ბერშებამდე.
26. ჰქონდა სოლომონს ორმოცი ათასი თავლა ეტლის ცხენებისთვის და ჰყავდა თორმეტი ათასი ცხენოსანი.
27. ამარაგებდნენ ის მოურავები თითოეული თავის განკუთვნილ თვეში მეფე სოლომონს და მეფე სოლომონის სუფრის ყველა მეინახეს, თითოეული თავის განკუთვნილ თვეში, და არაფერს აკლებდნენ.
28. მოჰქონდათ ქერი და თივა ცხენებისთვის და ბედაურებისთვის. თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე.
29. მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება.
30. სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა მთელს სიბრძნეს და ეგვიპტელთა მთელს სიბრძნეს.
31. ყველა ადამიანზე ბრძენი იყო იგი, ეთან ეზრახელზე, ჰემანზე, ქალქალაზე, დარდა მახოლის ძეზე, და განითქვა მისი სახელი ყველა ხალხში, ვინც კი ირგვლივ იყო.
32. წარმოთქვა სამი ათასი იგავი და შეთხზა ხუთი ათასი გალობა.
33. ლაპარაკობდა ხეებზე ლიბანის ნაძვიდან დაწყებული ეზობამდე, კედელზე რომ მიცოცავს; ლაპარაკობდა ცხოველებზე და ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და თევზებზე.
34. მოდიოდნენ ყველა მოდგმის ხალხისგან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და ქვეყნის ყველა მეფისგან, ვისაც კი სმენოდა მისი სიბრძნის ამბავი.
თავი მეხუთე
1. გაგზავნა ხირამმა, ტიროსის მეფემ, თავისი მორჩილნი სოლომონთან, რადგან გაიგო, რომ იგი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად. ხოლო ხირამი დავითის მოყვარული იყო ყოველთვის.
2. შეუთვალა სოლომონმა ხირამს:
3. შენ იცი, რომ ვერ შესძლო მამაჩემმა დავითმა, აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღვთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა ისინი.
4. ახლა კი ჩამომიგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა; აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ფათერაკი მელის რაიმე.
5. აჰა, და ვფიქრობ ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს.
6. ახლა ბრძანე, რომ კედარის ხეები მომიჭრან ლიბანში; ჩემი მორჩილნი შენს მორჩილებთან ერთად იქნებიან; მე მოგცემ შენს მორჩილთა გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან შენ იცი, რომ ციდონელებივით ჩვენში ტყეს ვერვინ ჩეხავს.
7. როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი და ამდენი ხალხის განმგებლად დაადგინა.
8. შეუთვალა ხირამმა სოლომონს: მოვისმინე, რაც შემომითვალე; ყველაფერს შეგისრულებ, რაც კი კედარისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე.
9. ჩემი მორჩილნი ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, და ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ; იქ დავშლით და წაიღებ. ოღონდ შენ შემისრულე სურვილი: სარჩოთი მომიმარაგე სახლი.
10. უგზავნიდა ხირამი სოლომონს მისი სურვილის თანახმად კედარისა და კვიპაროსის ხეებს.
11. ხოლო სოლომონი უგზავნიდა ხირამს ოცი ათას ქორ ხორბალს მის სახლის სარჩოდ და ოც ქორ გაწმენდილ ზეთს. ამას უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.
12. მიჰმადლა უფალმა სიბრძნე სოლომონს დაპირებისამებრ. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის და კავშირი ჰქონდათ შეკრული ერთმანეთთან.
13. დაბეგრა სოლომონმა მთელი ისრაელი: ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე.
14. გზავნიდა მათ ლიბანში, თვეში ათი ათას კაცს მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავთავის სახლებში. ადონირამი განაგებდა ბეგარას.
15. სოლომონს ჰყავდა სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვისმჭრელი მთაში,
16. გარდა სამი ათას სამასი თავკაცისა, რომელნიც სამუშაოებზე ჰყავდა მიჩენილი სოლომონს და მომუშავეებს ზედამხედველობდნენ.
17. ბრძანა მეფემ და მოზიდეს დიდრონი ლოდები, ძვირფასი ქვის ზოდები სახლის საძირკველისათვის.
18. სოლომონისა და ხირამის მშენებლები და გებალელები ჭრიდნენ და ამზადებდნენ ხესა და ქვებს სახლის ასაშენებლად.
თავი მეექვსე
1. ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, ანუ მეორე თვეში, შეუდგა იგი უფლის სახლის შენებას.
2. სახლი, რომელიც სოლომონმა აუშენა უფალს, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა.
3. სტოა ტაძრის წინ სიგრძით ოცი წყრთა იყო, ტაძრის სიგანის შესაბამისად, ხოლო სიგანე - ათი წყრთა, სახლის წინ.
4. გაუკეთა სახლს სარკმელები, რომლებიც იღებოდა და იკეტებოდა.
5. მიუშენა სახლის კედელს სართულები სახლის კედლების ირგვლივ, ტაძრისა და დაბირის ირგვლივ; მიუშენა შრამელები ირგვლივ.
6. ქვედა სართული ხუთი წყრთა იყო სიგანით, შუა - ექვსი წყრთა სიგანით, ხოლო მესამე - შვიდი წყრთა სიგანით, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ სახლის კედლებს ხარაჩო არ მიჰკარებოდა.
7. როცა სახლი შენდებოდა, ზოდებად მოჭრილი ქვით შენდებოდა; არც ჩაქუჩის, არც კვერის და არცერთი რკინის იარაღის ხმა არ გაღებულა სახლში მისი შენებისას.
8. შუა სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა. დახვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულ ზე, და შუა სართულიდან - მესამეზე.
9. როცა დაასრულა სახლის შენება, კედარის ფიცრებითა და კოჭებით გადახურა სახლი.
10. სართულები მიუშენა მთელს სახლს, თითო ხუთი წყრთა სიმაღლისა და კედარის ძელებით მიამაგრა სახლს.
11. გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა: აჰა, აშენებ ამ სახლს.
12. მაგრამ თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ, თუ დაიცავ და გაჰყვები ჩემს ნაბრძანევს, მაშინ შეგისრულებ სიტყვას, რომელიც დავითს, მამაშენს ვუთხარი -
13. დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არასოდეს მივატოვებ-მეთქი. ჩემს ერს, ისრაელს-მეთქი.
14. როცა დაასრულა სახლის შენება სოლომონმა,
15. კედარის ფიცრები ააკრა სახლის შიდა კედლებს იატაკიდან ჭერამდე; ჭერი შიგნიდან ხით მოაპირკეთა და სახლის იატაკზე კვიპაროსის ფიცრები დააგო.
16. სახლის კიდეებიდან ოც წყრთაზე ააკრა კედარის ფიცრები იატაკიდან ჭერამდე და განაკუთვნა იგი დაბირისთვის, წმიდათა წმიდისთვის.
17. ორმოცი წყრთა იყო წინიდან სახლი, ანუ ტაძარი.
18. კედარის ფიცრებზე სახლის შიგნით კიტრები და გაშლილი ყვავილები იყო ამოჩუქურთმებული; ყველა ფერი კედარისგან იყო, ქვა არ ჩანდა.
19. შუა სახლში მოაწყო დაბირი, რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი დაედგა.
20. დაბირის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანეც ოცი წყრთა, სიმაღლეც ოცი წყრთა. წმიდა ოქროთი დაფერა იგი, ოქროთვე დაფერა კედარის სამსხვერპლო.
21. დაფერა შიგნიდან სახლი წმიდა ოქროთი სოლომონმა, გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი დაფერა.
22. მთელი სახლი ოქროთი დაფერა, მთლიანად მთელი სახლი, და მთელი სამსხვერპლო დაბირის წინ მდგარი, ოქროთი დაფერა.
23. გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე ათი წყრთა იყო.
24. ერთი ფრთა ხუთი წყრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა. ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე.
25. ათი წყრთა იყო მეორე ქერუბიმიც; ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა.
26. ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც.
27. დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში; გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს; ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა, მეორე ქერუბიმის ფრთა - მეორე კედელს; ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ.
28. ოქროთი დაფერა ქერუბიმები.
29. სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ - შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი მოაჩუქურთმა.
30. სახლის იატაკიც ოქროთი დაფერა, შიგნიდანაც და გარედანაც.
31. დაბირში შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი, რომლის ჩარჩო და წყრთილები კედლის სიმაღის მეხუთედი იყო.
32. ზეთისხილის ხის ორ კარედზე ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები ამოაჩუქურთმა და ოქროთი დაფერა. მოაოქროვა ქერუბიმიც და ფინიკის ხეებიც.
33. ტაძრის შესასვლელსაც ასევე გაუკეთა ზეთისხილის ხის ოთკუთხა წირთხლები,
34. და კვიპაროსის ხის ორი კარედი. ერთი კარედის ორივე ფრთა ტრიალებდა, მეორე კარის ორივე გვერდიც ტრიალებდა.
35. ამოაჩუქურთმა ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები და ოქროთი დაფერა ჩუქურთმის ღარები.
36. მოაწყო შიდა ეზო სამი წყება თლილი ქვისაგან და ერთი წყება კედარის ძელებისგან.
37. მეოთხე წელს, ზივის თვეში, ჩაეყარა საძირკველი უფლის სახლს.
38. მეთერთმეტე წელს, ბულის თვეში, რომელიც არის მერვე თვე, გაასრულა სახლი ყოველი წესისა და რიგის მიხედვით. შვიდ წელიწადს აშენებდა სახლს.
თავი მეშვიდე
1. ცამეტ წელიწადს აშენებდა სოლომონი თავის სახლს, და გაასრულა მთელი თავისი სახლი.
2. ააშენა ლიბანის მაღნარის სახლი, სიგრძით ასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით ოცდაათი წყრთა, ოთხ რიგ კედარის სვეტებზე იყო შედგმული, კედარისავე ძელები იყო გადებული კედარის სვეტებზე.
3. კედარით იყო გადახურული ოთახები, ორმოცდახუთი სვეტზე შედგმული, თხუთმეტი სვეტი თითო რიგში.
4. სამ სართულად იყო სარკმლის ჩარჩოები; სარკმელები ერთმანეთის პირდაპირ, სამ წყებად.
5. ყველა კარი და წირთხლი ოთხკუთხა ძელებისგან იყო, სამ სართულად; სარკმლები ერთმანეთის პირდრირ იყო, სამ წყებად.
6. სვეტებიანი კარიბჭე, რომელიც გააკეთა, სიგრძეში ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანეში ოცდაათი წყრთა; მის წინ სხვა კარიბჭე სვეტებით და ზღურბლით.
7. ტახტის დარბაზი, სადაც მსჯავრი უნდა გამოეტანა, სამსჯავრო დარბაზი გააკეთა და კედარით დაფარა იატაკიდან ჭერამდე.
8. ასევე იყო აგებული მისი საცხოვრებელი სახლი მეორე ეზოში, დარბაზის უკან. ფარაონის ასულსაც, რომელიც ცოლად ჰყავდა მოყვანილი სოლომონს, ამ დარბაზის მსგავსი სახლი აუშენა.
9. ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი, ხერხით დახერხილი ძვირფასი ქვებისგან იყო გაკეთებული, როგორც შიგნით, ისე გარეთ, საფუძვლიდან თავხემდე, და გარეთ დიდ ეზომდე.
10. საფუძვლად დადებული იყო ძვირფასი ქვები, დიდრონი ქვები, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი ქვები.
11. ხოლო ზემოთ ზომაზე გათლილი ძვირფასი ქვები და კედარი.
12. დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვით და ერთი წყება კედარის ძელებით; ასევე უფლის სახლის შიდა ეზო და სახლის დარბაზი.
13. გაგზავნა კაცი მეფე სოლომონმა და დააბარა ტვიროსიდან ხირამი,
14. რომლის დედა ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან, ხოლო მამა ტვიროსელი სპილენძის ოსტატი. მომადლებული ჰქონდა ხირამს სიბრძნე, გამჭრიახობა და ცოდნა სპილენძის ნახელავის გასაკეთებლად. მივიდა სოლომონ მეფესთან და ყველა სამუშაო შეუსრულა.
15. გამოსახა სპილენძის ორი სვეტი; ერთი სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო; თორმეტი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარშემო მეორე სვეტს.
16. ორი ბუღაური ჩამოასხა სპილენძისაგან სვეტების თავზე დასადგმელად; ერთი ბუღაურის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო, მეორე ბუღაურის სიმაღლეც ხუთი წყრთა იყო.
17. გაუკეთა სვეტის თავზე დასადგმელ ბუღაურებს დაწნული ცხაურები და ძეწკვისებური ჯინჯილები - შვიდი ერთ ბუღაურს, შვიდიც მეორე ბუღაურს.
18. გააკეთა სვეტები და შემოავლო ირგვლივ ერთ ცხაურს ორ წეებად ბროწეულები სვეტების თავზე დადგმული ბუღაურების დასაფარავად.
19. კარიბჭის სვეტების ბუღაურები შროშანის სახის იყო, ოთხი წყრთა.
20. ორ სვეტზე შედგმული ბუღაურებს შემოვლებული ჰქონდა ორასი ბროწეული, ზემოთკენ მუცლის პირდაპირ, რომელიც ცხაურის მხარეს იყო.
21. აღმართა სვეტები ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი.
22. სვეტის თავებზე შროშანები იყო გამოსახული. დასრულდა სვეტების სამუშაო.
23. ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, კიდიდან კიდემდე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა ირგვლივ.
24. ირგვლივ კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა შემოვლებული კიდეზე ქვემოდან, ათ-ათი თითო წყრთაზე და ორ წყებად გარს ერტყა ზღვას. კიტრები მასთან ერთად იყო ჩამოსხმული.
25. თორმეტ ხარზე იყო შედგმული; სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთით იყურებოდა და სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და ზურგი ყველას შიგნით ჰქონდა მიქცეულნი.
26. სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა; მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჰგავდა. ორი ათას ბათს იტევდა.
27. გააკეთა ათი სპილენძის კვარცხლბეკი; თითოეული კვარცხლბეკის სიმაღლე ოთხი წყრთა იყო, სიგანე - ოთხი წყრთა, სიმაღლე სამი წყრთა.
28. ამგვარად იყო გაკეთებული კვარცხლბეკი: დაფები ჰქონდა მათ, ჩარჩოში ჩასმული.
29. ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე ლომები, ხარები და ქერუბიმები იყო გამოსახული; ასევე ჩარჩოებზე, ლომებსა და ხარებს ქვემოთ და ზემოთ ყვავილების ასხმული კონები.
30. ოთხ-ოთხი სპილენძის ბორბალი და სპილენძის ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს. მის ოთხსავე კუთხეზე იყო შვერილები, საბანელის ქვეშაც ჩამოსხმული შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე - ყვავილწნულები.
31. მისი ჭრილი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე ერთი წყრთა იყო; ჭრილი მრგვალი იყო, როგორც ამგვარი ნაკეთობა არის ხოლმე, წყრთანახევარი; ჭრილზე ჩუქურთმები იყო. მისი კედლები ოთხკუთხედი იყო, არა მრგვალი.
32. ოთხი ბორბალი იყო კედლებს ქვემოთ და ბორბლების ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
33. ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებელი; ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები სულ ჩამოსხმული სპილენძისა იყო.
34. ოთხი შვერილი ჰქონდა ყოველი კვარცხლბეკის ოთხსავე კუთხეს; კვარცხლბეკთან ერთად იყო ჩამოსხმული.
35. კვარცხლბეკის თავზე იყო წრე ნახევარი წყრთა სიმაღლისა; კვარცხლბეკის სახელურები და კედლები მისივე მასალისგან იყო.
36. ამოკვეთა სახელურების დაფებზე და მის კედლებზე ქერუბიმები, ლომები და პალმები ერთმანეთის დაშორებით, ირგვლივ კი ყვავილწნულები.
37. ამგვარი გააკეთა ათი კვარცხლბეკი; ყველა ერთიანად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდათ, ერთი სახე.
38. გააკეთა სპილენძის ათი საბანელი; ორმოც ბათს იტევდა თითოეული საბანელი, ოთხი წყრთა იყო თითოეული საბანელი; თითოეული საბანელი იმ ათიდან ერთ-ერთ კვარცხლბეკზე იდგა.
39. ხუთი კვარცხლბეკი სახლის მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი - სახლის მარცხენა ფრთაზე; ზღვა სახლის მარჯვენა მხარეს მოათავსა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.
40. გააკეთა ხირამმა საბანელები, აქანდაზები და სასხურებლები; მოათავა ხირამმა ყველა სამუშაო, რაც უნდა შეესრულებინა მას მეფე სოლომონთან უფლის სახლისათვის:
41. ორი სვეტი და სვეტების თავზე დასადგმელი ბუღაურები მისი ორი ბალიშითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი ბუღაურების დასაფარავად.
42. ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის; ბროწეულების ორი რიგი თითოეულ ცხაურს სვეტებზე დასადგმელი ბუღაურის ბალიშების დასაფარავად.
43. ათი კვარცხლბეკი, ათი საბანელი კვარცხლბეკებზე შესადგმელი.
44. ერთი ზღვა და თორმეტი ხარი ზღვის ქვეშ.
45. ქვაბები, აქანდაზები და სასხურებლები; ყველა ეს ჭურჭელი, რომელნიც ხირამმა გაუკეთა მეფე სოლომონს უფლის სახლისთვის, მბზინვარე სპილენძისგან იყო.
46. იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცართანს შორის.
47. დააწყო სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი თავ-თავის ადგილზე. დიდი სიმრავლის გამო ვერ გაირკვა სპილენძის წონა.
48. გააკეთა სოლომონმა ყოველი ჭურჭელი, რაც უფლის სახლისთვის იყო დაწესებული: ოქროს სამსხვერპლო და ოქროსავე ტაბლა, რომელზედაც საკურთხი პური ლაგდებოდა.
49. ბაჯაღლო ოქროს სასანთლეები - ხუთი მარჯვენა მხარეს, ხუთიც მარცხენა მხარეს, დაბირის წინ, ყვავილებით, სანთურებით და ოქროს მაშებითურთ.
50. ბაჯაღლო ოქროს ტაშტები, დანები, სასხურებლები, საწდეები, საცეცხლურები, და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლიდან წმიდათა წმიდაში შესასვლელი პრებისთვის, ტაძარში შესასვლელი კარისთვის.
51. მოთავდა ყველა სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა მეფე სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულობა - ოქრო, ვერცხლი და ჭურჭელი და დააწყო უფლის სახლის საგანძურში.
თავი მერვე
1. მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი - ისრაელიანთა მამისსახლების უფროსები მეფე სოლომონთან იერუსალიმში, რომ გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან.
2. შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი ეთანიმის თვეში, ანუ მეშვიდე თვეში, დღესასწაულის დროს.
3. მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და მღვდლებმა ასწიეს კიდობანი.
4. და წაასვენეს უფლის კიდობანი და სადღესასწაულო კარავი. წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა.
5. მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.
6. დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.
7. რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობანს და კეტებს.
8. კეტები იმ სიგრძის იყო, რომ მხოლოდ მათი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან, დაბირის წინ, და არ ჩანდა გარეთ. დღემდე იქ არის ისინი.
9. არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.
10. როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდათა წმიდიდან, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლი.
11. ვეღარ დადგნენ სამსახურისთვის იქ მღვდლები ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი.
12. მაშინ თქვა სოლომონმა: ბნელში დავანება ინება უფალმა.
13. სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებელად.
14. პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხზე იდგა მთელი ისრაელის კრებული.
15. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და თავისი ხელით შეასრულა რასაც ამბობდა:
16. იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელი, ისრაელის არცერთ შტოში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი. ავირჩიე დავითი, რომ მას ემეფა ჩემს ერზე, ისრაელზე.
17. გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
18. უთხრა უფალმა მამაჩემს დავითს: გულში რომ გქონოდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.
19. ოღონდ შენ არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი; შენი საზარდულიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.
20. დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა; და, აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის ადგილზე; ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი.
21. მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩემს მამა-პაპასთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა.
22. დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით, და ცისკენ აღაპყრო ხელები.
23. თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ცაში და არც დაბლა დედამიწაზე! შენ ინახავ აღთქმასა და სიყვარულს შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე.
24. შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს; და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები.
25. ახლაც შეუნახე უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი: არ დაგელევაო მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომარე, ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარო ჩემს წინაშე.
26. ახლაც მტკიცე იყოს, უფალო ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მორჩილს - მამაჩემს დავითს რომ უბრძანე.
27. ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი?
28. მოხედე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მორჩილი.
29. თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი.
30. ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის, ისრაელის, ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას; ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.
31. როცა შესცოდავს ვინმე თავის მოძმეს და ფიცით დააფიცებენ მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში.
32. მაშინ მოუსმინე ციდან და სამართალი გაუჩინე შენს მორჩილთ, მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი, და მართალი გაამართლე, რომ მისი სიმართლისაებრ მიეგოს.
33. როცა დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე მობრუნდება შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში,
34. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მისი მამა-პაპისთვის მიგიცია.
35. როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილს, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს. რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
36. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისთვის.
37. შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურმოხდება რამე თუ სნეულება,
38. ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას თითოეული ადამიანისა, მთელი შენი ერისა - ისრაელის, როცა იგრძნობს თითოეული გასაჭირს თავის გულში და ხელს გაიშვერს ამ სახლისკენ.
39. შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები. რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული;
40. რომ მუდამ ეშინოდეთ შენი, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამა-პაპისთვის მიგიცია.
41. უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო,
42. რადგან გაგებული ექნებათ შენი დიდი სახელის, მაგარი ხელის და მოღერებული მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში,
43. მოუსმენ ციდან, შენი სამყოფელიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს; იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, მე რომ ავაშენე.
44. როცა გავა მტერთან საბრძოლველად შენი ერი, დაადგება გზას, რომელზედაც შენ დააყენებ და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე,
45. მაშინ მოისმინე ციდან მათი ლოცვა და ღაღადისი და სამართალი გაუჩინე.
46. როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,
47. გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში, შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,
48. როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აარჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
49. მაშინ მოისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება და სამართალი გაუჩინე;
50. მიუტევე შენს ერს, შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალულს აღუძრავ მათ დამტყვევებლებს, რათა შეიბრალონ ისინი.
51. რადგან შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმელიდან გამოიყვანე.
52. თვალღია იყავ შენი მორჩილის ვედრების მიმართ და შენი ერის ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა არ უნდა შემოგღაღადონ.
53. რადგან შენ განიკუთვნე ისინი შენს სამკვიდროდ დედამიწის ყველა ერისგან, როგორც უბრძანე შენი მორჩილის, მოსეს პირით, როცა ეგვიპტიდან გამოგყავდა ჩვენი მამა-პაპა, უფალო ღმერთო!
54. როცა დაასრულა სოლომონმა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო, ცისკენ ხელაპყრობილი.
55. იდგა და ხმამაღლა აკურთხებდა ისრაელის მთელს კრებულს:
56. კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო. ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მორჩილის, მოსეს პირით რომ ბრძანა.
57. ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამა-პაპასთან იყო, არ მიგვატოვოს, არ გაგვწიროს.
58. მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რომ მის გზაზე ვიაროთ, და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამა-პაპისთვის დაუწესებია.
59. იყოს ეს ჩემი სიტყვები, რომლითაც უფალს ვევედრები, ახლოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, დღითა და ღამით, რომ მარადღე აჩენდეს სამართალს მისი მორჩილისთვის და მისი ერისთვის, ისრაელისთვის,
60. რათა გაიგოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ ღმერთია უფალი და სხვა არვინაა მის მეტი.
61. იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესზე და დაიცვათ მისი დარიგებები.
62. შესწირეს მსხვერპლი უფალს მეფემ და მთელმა ისრაელმა მასთან ერთად.
63. დაკლა სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი და სამადლობელ მსხვერპლად შესწირა უფალს. აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა.
64. ამავე დღეს განათლა მეფემ შუა ეზო უფლის სახლის წინ; რადგან აღავლინა აღსავლენი, შესწირა ძღვენი და სამადლობელი მსხვერპლის ცხიმები, რადგან უფლის წინ მდგარი სპილენძის სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, ძღვენს და სამადლობელის ცხიმებს.
65. იდღესასწაულა იმჟამად უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე სოლომონმა და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა - დიდმა კრებულმა ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე - შვიდ დღეს და კიდევ შვიდ დღეს, სულ თოთხმეტ დღეს.
66. მერვე დღეს გაისტუმრა ხალხი; დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავის კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მორჩილს, და ისრაელს, თავის ერს.
თავი მეცხრე
1. როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,
2. მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.
3. უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი; მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება.
4. შენ კი, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა წმიდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
5. განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში სამარადისოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის მითქვამს: არ გაგიწყდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომელი.
6. მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და წესებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანსსცემთ მათ,
7. გავწყვეტ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მას მივეცი, მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემს სახელზე ვაკურთხე, და საიგავოდ და დასაცინად შეიქნება ისრაელი ხალხთა შორის.
8. ნანგრევად იქცევა ეს სახლი, და ყოველი ჩამვლელი გაოგნდება და დაუსტვენს, იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?
9. იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამა-პაპა, მოეჭიდნენ სხვა ღმერთებს, თაყვანსსცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ. ამის გამო დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.
10. ოცი წლის თავზე იყო, რომ დაასრულა სოლომონმა ორი სახლის - უფლის სახლისა და სამეფო სახლის შენება.
11. რადგან ხირამი, ტვიროსის მეფე, უგზავნიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს და ოქროს მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა მისცა ხირამს ოცი ქალაქი გალილეის მხარეში.
12. წარვიდა ხირამი ტვიროსიდან სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.
13. თქვა: ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ძმაო? და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა და ასე ეწოდება დღემდე.
14. გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო.
15. ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.
16. ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა. ამოხოცა მისი მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
17. ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,
18. ბაყალათი და თადმორი, ქვეყნის უდაბნოში,
19. სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში და ლიბანში, და მთელს თავის სახელმწიფოში.
20. ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზეველთაგან, ხივიელთაგან და იებუსეველთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,
21. მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეეანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.
22. ისრაელიანთაგან არავისთვის დაუკისრებია ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მორჩილებად, მეთაურებად და სარდლებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად.
23. ხუთას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც უძღოდნენ მომუშავე ხალხს.
24. ფარაონის ასული ავიდა დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა მას დავითმა. მაშინ ააშენა მან მილო.
25. წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი აღსავლენ სამადლობელ მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა; და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე დაასრულა სახლი.
26. ხომალდი ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, მეწამული ზღვის ნაპირას, ედომის ქვეყანაში.
27. გაგზავნა ხირამმა ხომალდით სოლომონის მორჩილებთან თავისი მორჩილნი - ხომალდის ოსტატები, ზღვის მცოდნენი;
28. მივიდნენ ისინი ოფირში და წამოიღეს იქიდან ოთხას ოცი ქანქარი ოქრო და მოართვეს მეფე სოლომონს.
თავი მეათე
1. მისწვდა საბას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი.
2. მოვიდა იერუსალიმში დიდძალი დოვლათით; აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები. მოვიდა სოლომონთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.
3. ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა; არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი.
4. დაინახა საბას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე, ნახა მისი აშენებული სახლი,
5. მისი სუფრის სასმელ-საჭმელი, მის მორჩილთა საცხოვრებელი, მის მორჩილთა საქმიანობა და შესამოსელი, მისი მწდეები, აღსავლენი მსხვერპლი, რომელსაც აღავლენდა უფლის სახლში, და გაოგნებულმა
6. უთხრა მეფეს: მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენზე და შენს სიბრძნეზე.
7. სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა.
8. ბედნიერია შენი ხალნი, ბედნიერები არიან ეს შენი მორჩილნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს:
9. კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა ისრაელის ტახტზე დაესვი. უფლის მარადიული სიყვარულის გამო ისრაელისადმი დაუდგენიხარ მეფედ სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.
10. უბოძა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო, დიდძალიო ნელსაცხებელი და ძვირფასი თვლები. მეტჯერ აღარ შემიასულა ამდენი ნელსაცხებელი, რამდენიც საბას დედოფალმა უბოძა მეფე სოლომონს.
11. ხირამის ხომალდმაც, რომელსაც ოქრო მოჰქონდა ოფირიდან, მოიტანა ოფირიდანვე დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი თვლები.
12. გააკეთა მეფემ სანდალოზისგან მოაჯირი უფლის სახლისთვის და სამეფო სახლისთვის, ებნები და ქნარები მგალობელთათვის. მეტჯერ აღარ შემოსულა და დღემდე არავის უნახავს ამდენი სანდალოზის ხე.
13. მისცა მეფე სოლომონმა საბას დედოფალს ყველაფერი, რაც კი მან ინება და სთხოვა, გარდა იმისა, რაც თავისი ხელით ჰქონდა ნაჩუქარი, როგორც მეფე სოლომონს ეკადრებოდა. უკან გაბრუნდა და წავიდა იგი თავის ქვეყანაში თავის მორჩილებთან ერთად.
14. ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად
15. იმის გარდა, რაც შემოჰქონდათ მოგზაურებს და ვაჭრებს, არაბთა მეფეებს და მხარეთა განმგებლებს.
16. გააკეთა მეფე სოლომონმა ორასი მუზარადი ნაჭედი ოქროსგან. ექვსასი შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ მუზარადზე.
17. და სამასი ფარი ნაჭერი ოქროსგან, სამი მანა ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე. დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში.
18. გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი დაფერა.
19. ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, საზურგე მომრგვალებული იყო, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს თითო ლომი ედგა გვერდით.
20. ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა თორმეტი ლომი იდგა; არცერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ.
21. სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ყველა ჭურჭელი ლიბანის მაღნარის სახლში რჩეული ოქროსი იყო; ვერცხლი და სპილენძი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს.
22. რადგან მეფის თარშიშული ხომალდები ხირამის ხომალდებთან ერთად გადიოდა ზღვაში; წელიწადში ერთხელ მოდიოდა თარშიშული ხომალდი და მოჰქონდა ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, მოჰყავდა ყაფუზუნები და ფარშავანგები.
23. ქვეყნიერების ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი დოვლათითა და სიბრძნით.
24. მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა.
25. ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები. ასე იყო ყოველწლიურად.
26. თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს; ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი; განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.
27. ვერცხლი ქვის ფასი გახადა მეფემ იერუსალიმში, ხოლო კედარი გაამრავლა სიკომორის ხესავით, დაბლობებში რომ არის.
28. სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი; მეფის ვაჭრებს მიჰყავდათ კევედან საფასურით.
29. ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები - ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მიჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც.
თავი მეთერთმეტე
1. მეფე სოლომონს უყვარდა ბევრი უცხოელი ქალი: ფარაონის ასული, მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები,
2. იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელიანთათვის, ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენო თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ. მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით.
3. ჰყავდა შვიდასი ცოლი დედოფლად და სამასი ხარჭად. და მიდრიკეს მისი გული ცოლებმა.
4. სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის, მამამისის გული.
5. დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის - აშთორეთის და ყამონელთა სიბილწის, მილქომის კვალზე.
6. უკეთურებას სჩადიოდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი.
7. მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქამოშს, მოაბის საბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლოქს, ყამონიანთა სიბილწეს.
8. ასევე მოიქცა თავის ყველა უცხოელ ცოლის გულისთვის, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავ-თავის ღმერთებს.
9. განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე, ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას,
10. და უბრძანა, არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს. მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
11. უთხრა უფალმა სოლომონს: იმის გამო, რომ ასე იქცევი, არ ასრულებ ჩემს აღთქმას და წესებს, რომლებიც დამიწესებია შენთვის, გამოგგლეჯ სამეფოს და მივცემ შენს მორჩილს.
12. ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას მამაშენის, დავითის გულისთვის. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან.
13. მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ; ერთ შტოს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე.
14. გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს: ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა შთამომავალი.
15. ედომში დავითის ყოფნისას, როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხავად და ერთიანად გაწყვიტა მამაკაცები ედომში
16. (რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და ისრაელიანები, ვიდრე არ მოსპეს მამაკაცის სახსენებელი ედომში),
17. გაიქცა ეს ჰადადი ედომელებთან, მამამისის მორჩილებთან ერთად, რომ ეგვიპტეში მისულიყვნენ. პატარა ბიჭი იყო მაშინ ჰადადი.
18. აიყარნენ მიდიანიდან და მოვიდნენ ფარანს; წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მოვიდნენ ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან. მისცა სახლი, სარჩოც დაუნიშნა და მიწაც მისცა.
19. პოვა მადლი ჰადადმა ფარაონის თვალში და მიათხოვა ცოლად თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და.
20. უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი, გენუბათი. გაზარდა ბავშვი თახფენესმა ფარაონის სახლში და ცხოვრობდა გენუბათი ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად.
21. როცა მიუვიდა ამბავი ეგვიპტეში ჰადადს, რომ განისვენა დავითმა თავის მამა-პაპასთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი, უთხრა ჰადადმა ფარაონს: გამიშვი, ჩემს ქვეყანაში წავალო.
22. უთხრა ფარაონმა: რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში რომ განიზრახე წასვლა? მიუგო: არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი.
23. კიდევ გაუჩინა მას ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადადყეზერს, ცობის მეფეს, თავის პატრონს,
24. შემოიკრიბა ხალხი და შეიქნა ურდოს მეთაური. ჟლეტდა მათ დავითი და გაიქცნენ ისინი დამასკოში, დასახლდნენ იქ და დაეპატრონენ დამასკოს.
25 . ისრაელის მტერი იყო ის სოლომონის სიცოცხლეში; იმ ხანად, როცა ჰადადი მტრობდა, მასაც შეძულებული ჰყავდა ისრაელი. არამელებზე გამეფდა იგი.
26. იერობოამ ნაბატის ძემაც, ეფრათელმა, ცარედიდან, სოლომონის მორჩილმა, რომლის დედა იყო ცერუყა, ქვრივი ქალი, აღმართა ხელი მეფეზე.
27. აი, რის გამო მოხდა, ხელი რომ აღმართა მან მეფე სოლომონზე: მილოს აშენებდა სოლომონი; დანგრეულს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.
28. მამაცი კაცი იყო იერობოამი. დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი და ჩააბარა მას იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.
29. ისე მოხდა იმხანად, რომ გასული იყო იერუსალიმიდან იერობოამი და შემოხვდა გზად სილოამელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ესხა. ამ ორის მეტი არავინ იყო მინდვრად.
30. აიღო ახიამ ახალი მოსასხამი, მოსხმული რომ ჰქონდა, და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.
31. უთხრა იერობოამს: აიღე შენთვის ათი ნაგლეჯი, რადგან ასე ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემო ათ შტოს.
32. ერთი შტო მას დარჩება ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, ქალაქისა, რომელიც ავირჩიე მე ისრაელის ყველა შტოდან.
33. ის იმიტომ, რომ დამივიწყეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ფინიკიელთა ღმერთს, ქამოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონიანთა ღმერთს. არ იარეს ჩემს გზაზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემ თვალში, დაეცვათ ჩემი წესი და სამართალი, როგორც მამამისი დავითი იცავდა.
34. არ გამოვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დამიდგენია იგი მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, ჩემი მორჩილის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს და წესებს.
35. მის შვილს გამოვგლეჯ ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ ათ შტოს.
36. ხოლო მის შვილს ერთ შტოს მივცემ, რომ სამუდამოდ დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს წინაშე იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასავანებლად.
37. ახლა შენ ამყავხარ, რომ იმეფო ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს და რომ ისრაელის მეფე გახდე.
38. თუ შეისმენ ყველაფერს, რაც მე გიბრძანე და ივლი ჩემს გზაზე, თუ გააკეთებ ჩემს მოსაწონს, დაიცავ ჩემს წესებს და მცნებებს, როგორც ჩემი მორჩილი დავითი აკეთებდა, მაშინ შენთან ვიქნები, აგიშენებ მტკიცე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.
39. მოვთრგუნავ ამის გულისთვის დავითის მონაგარს, ოღონდ არა სამუდამოდ.
40. ეწადა სოლომონს იერობოამის მოკვლა, მაგრამ ადგა და გაიქცა იერობოამი ეგვიპტეში შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე.
41. სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნის ამბავი სოლომონის საქმეთა წიგნშია ჩაწერილი.
42. ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.
43. განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში, და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე რობოამი.
თავი მეთორმეტე
1. წავიდა შექემში რობოამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
2. ეს ამბავი იერობოამ ნაბატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას შეიტყო, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული; მას შემდეგ ეგვიპტეში ცხოვრობდა იერობოამი.
3. შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდნენ იერობოამი და ისრაელის მთელი კრებული და ასე უთხრეს რობოამს.
4. უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა; ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამსახური და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვაკისრა, და გემსახურებით.
5. მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.
6. რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?
7. ასე უთხრეს: თუ დღეს მაგ ხალხის მორჩილი იქნები, დაემორჩილები და დააკმაყოფილებ მათ, კარგ სიტყვებს ეტყვი, მაშინ შენი მორჩილნი იქნებიან სამუდამოდ.
8. არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეებს, რომელნიც მასთან შეზრდილნი იყვნენ და გარს ეხვივნენ.
9. უთხრა მათ: რას მირჩევთ, რა ვუპასუხო მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენის დაკისრებული უღელი?
10. ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება, უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და ახლა შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკათითი.
11. ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
12. მოვიდნენ იერობოამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რობოამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდით ჩემთან.
13. მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა უხუცესთა რჩევას, რაც ურჩიეს.
14. მოყმეთა რჩევის თანახმად ელაპარაკა და უთხრა მათ: ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უარესად დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
15. არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოამ ნაბატის ძისთვის ახია სილოამელის პირით.
16. როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან? შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენს სახელს, დავით! და თავთავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი.
17. მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს.
18. გაგზავნა მეფე რობოამმა ადორამი, ხარკის ამკრეფი, მაგრამ ქვებით ჩაქოლა ხალხმა, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახდა ეტლზე მეფე რობოამი და იერუსალიმში გაიქცა.
19. განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.
20. როცა შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობოამი, დაიბარეს საკრებულოში და გაამეფეს მთელს ისრაელზე. ერთადერთი იუდას შტო იყო, რომ შერჩა დავითის სახლს.
21. მივიდა რობოამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის შტო - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელის სახლს და დაებრუნებინათ მეფობა რობოამ სოლომონის ძისთვის.
22. გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
23. ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდასა და ბენიამინის. მთელს სახლს და დანარჩენ ხალხს;
24. ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან, ისრაელიანებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ირწმუნეს უფლის სიტყვა და უფლის სიტყვისამებრ გაბრუნდნენ უკან.
25. ააშენა იერობოამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა.
26. ამბობდა თავის გულში იერობოამი: კვლავ დაუბრუნდებაო მეფობა დავითის სახლს.
27. თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ, მე მომკლავენ და რობოამთან, იუდას მეფესთან დაბრუნდებიანო.
28. ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
29. ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა.
30. ეს იყო ცოდვის დასაბამი. დაიწყო ხალხმა სიარული ხბოების თაყვანისსაცემად თვით დანამდე.
31. ააშენა გორაკის სახლი და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომელიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა.
32. დააწესა იერობოამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ ხბოებისთვის, რომლებიც გააკეთა; დაუდგინა ბეთელში მღვდლები გორაკებს, რომლებიც აღმართა.
33. ავიდა თავის აგებულ სამსხვერპლოზე მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია; დაუწესა დღესასწაული ისრაელიანებს და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად.
თავი მეცამეტე
1. აჰა, მოვიდა ღვთისკაცი იუდადან ბეთელს უფლის შეგონებით, როცა იერობოამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად.
2. დასძახა სამსხვერპლოს უფლის სახელით და თქვა: სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი. ზედ დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს გიკმევენ, და შენს თავზე დაწვავენ ადამიანთა ძვლებს.
3. ნიშანიც გაუცხადა იმავე დღეს, თქვა: აჰა, იმის ნიშანი, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვა: აჰა, დაიშლება სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია.
4. როცა გაიგონა მეფემ ღვთისკაცის სიტყვა, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, წამოიღო ხელი სამსხვერპლოდან და ბრძანა: შეიპყარით! და უმალვე გაუხმა მისკენ მიშვერილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება.
5. დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის შეგონებით.
6. ხმა ამოიღო მეფემ და უთხრა ღვთისკაცს: შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელის უკან წაღება შევძლო. შეევედრა ღვთისკაცი უფალს და შეძლო მეფემ უკან წაეღო ხელი, რომელიც აღუდგა, როგორც ჰქონდა.
7. უთხრა მეფემ ღვთისკაცს: სახლში წამომყევი, რამე შეჭამე და საჩუქარსაც მოგცემ.
8. მიუგო ღვთისკაცმა მეფეს: ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს დავლევ ამ ადგილას.
9. რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ, წყალს ნუ დალევ, და ნურც იმ გზით დაბრუნდები, საიდანაც მოხვედი.
10. სხვა გზით წავიდა იგი, იმ გზით არ გაბრუნებულა, რომლითაც მოვიდა ბეთელს.
11. ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში. მოვიდა მისი შვილი და უამბო ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა გააკეთა იმ დღეს ბეთელში; მეფესთან მისი ნალაპარაკევიც უამბეს მამას.
12. შეეკითხა მამა: რომელი გზით წავიდა? დაანახეს შვილებმა გზა, რომლითაც იუდადან მოსული ღვთისკაცი წავიდა.
13. უთხრა შვილებს: შემიკაზმეთ სახედარი. მათაც შეუკაზმეს სახედარი და ზედ შეჯდა.
14. და გაჰყვა ღვთისკაცს. მუხის ქვეშ მჯდომარე იპოვა იგი და უთხრა: შენა ხარ ის ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული? მიუგო: მე ვარ.
15. უთხრა: სახლში წამომყევი და ჭამე პური.
16. მიუგო: ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან შემოვალ. ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს დავლევ ამ ადგილას.
17. რადგან ნაბრძანები მაქვს უფლის სიტყვით: ნუ შეჭამ პურს, ნურც წყალს დალევ იქ, ნურც იმ გზით გაბრუნდები, რომლითაც მოხვედი.
18. უთხრა: მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ; ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პური ჭამოს და წყალიც დალიოსო. იცრუა მან.
19. დაბრუნდა მასთან ერთად; პური ჭამა მის სახლში და წყალიც დალია.
20. სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა კაცი.
21. და მან შეუძახა იუდადან მოსულ ღვთისკაცს და უთხრა: ასე ამბობს უფალი: რაკი უფლის სიტყვას გადახვედი და არ შეასრულე მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს ჰქონდა შენთვის ნაბრძანები,
22. დაბრუნდი, პური ჭამე და წყალი შესვი ამ ადგილს, რომელზეც გიბრძანა, ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს შესვამო, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამაპაპის საფლავში.
23. პურის ჭამისა და წყლის დალევის შემდეგ შეუკაზმა სახედარი იმ კაცს, წინასწარმეტყველს, რომელიც უკან დააბრუნა.
24. წავიდა და შემოეყარა გზად ლომი, და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი და სახედარი ედგა გვერდით, ლომიც იდგა გვამთან.
25. დაინახა ჩამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და გვამთან მდგომი ლომი; მივიდნენ და მიუტანეს ამბავი ქალაქში, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა.
26. გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან დააბრუნა ის კაცი და თქვა: ეს ის ღვთისკაცია, უფლის ბრძანებას რომ გადავიდა. უფალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუტორავს და მოუკლავს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.
27. ასე უთხრა თავის შვილებს: შემიკაზმეთ სახედარი. მათაც შეუკაზმეს.
28. წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან. ლომს არც გვამი შეუჭამია და არც სახედარი დაუგლეჯია.
29. აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, აჰკიდა სახედარს და უკან წამოიღო. მოვიდა თავის ქალაქში მოხუცი წინასწარმეტყველი მის დასატირებლად და დასამარხავად.
30. ჩაასვენა გვამი თავის სამარხში და დასტიროდა მას: ვაი, ძმაო!
31. დამარხა და უთხრა თავის შვილებს: როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია; მისი ძვლების გვერდით დაასვენეთ ჩემი ძვლები.
32. რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით დასძახა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.
33. ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობოამს ბოროტ გზაზე სიარული, კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს. ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი.
34. ეს იყო მიზეზი, რომ ცოდვაში ჩავარდა იერობოამის სახლი, რომ მოისპო და წარიხოცა მიწის პირისგან.
თავი მეთოთხმეტე
1. ამ დროს ავად გახდა იერობოამის ძე, აბია.
2. უთხრა ცოლს იერობოამმა: ადექი და გადაიცვი, რომ ვერ გიცნონ, იერობოამის ცოლი რომ ხარ, და წადი სილოამს. იქ არის ახია, წინასწარმეტყველი; მან მითხრა, ამ ერის მეფე გახდებიო.
3. ხელში აიღე ათი პური, ნამცხვრები, ერთი ქილა თაფლი, მიდი მასთან და ის გეტყვის, რა დაემართება ბავშვს.
4. ასეც მოიქცა იერობოამის ცოლი. ადგა და წავიდა სილოამს, და მივიდა ახიას სახლში. მაგრამ ვეღარ ხედავდა ახია, რადგან სიბერის გამო თვალის ჩინი წართმეოდა.
5. უფალმა უთხრა ახიას: აჰა, იერობოამის ცოლი მოდის შენთან, ავადმყოფი ბავშვის ამბავი რომ გკითხოს, ასე და ასე ელაპარაკე. როცა მოვა, გადაცმული იქნება.
6. როცა გაიგონა ახიამ კართან მომდგარი ქალის ფეხის ხმა, დაიძახა: შემოდი, იერობოამის ცოლო! რისთვის გადაგიცვამს. მძიმე ამბავი უნდა გამცნო.
7. წადი, უთხარი იერობოამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: მე აღგაზევე შენ ამ ერში და ისრაელის ერისმთავრად დაგადგინე.
8. მე გამოვგლიჯე დავითის სახლს მეფობა და შენ მოგეცი, თუმცა არ გავხარ ჩემს მორჩილს დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა უკან და მხოლოდ სიმართლეს სჩადიოდა ჩემს თვალში.
9. შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა; წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს განსარისხებლად. თავად მე ზურგს უკან მომისროლე.
10. ამიტომ, აჰა, უბედურებას დავატეხ იერობოამის სახლს და ამოვძირკვავ ყველას, ვინც კი კედელთან მშარდავი ჰყავს იერობოამს, ყმასა და აზატს ისრაელში; გავხვეტავ იერობოამის სახლს, როგორც პირწმინდად გახვეტენ ხოლმე ნაგავს.
11. ვინც ქალაქში მოუკვდება იერობოამს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც გარეთ მოკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. რადგან ასე ბრძანა უფალმა.
12. ახლა ადექი და შენს სახლში წადი, ქალაქში შეადგამ თუ არა ფეხს, მოკვდება ბავშვი.
13. დაიტირებს მთელი ისრაელი და დამარხავენ; ეგ ერთადერთი ჩაუვა იერობოამს საფლავში, რადგან იერობოამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში აღმოჩნდა სიკეთე უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
14. უფალი დაადგენს თავის მეფეს ისრაელზე, რომელიც მოსპობს იერობოამის სახლს იმ დღეს, და რატომ ახლავე არა?
15. დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი წყალზე მოქანავე ლერწამს, აღმოფხვრის ისრაელს ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამა-პაპას მისცა, და მდინარის გაღმა გადარეკავს, რადგან აშერები გაიჩინეს უფლის გასარისხებლად.
16. გასწირავს ისრაელს იერობოამის გამო, თავადაც რომ სცოდა და ისრაელიც რომ შეიყვანა ცოდვაში.
17. ადგა იერობოამის ცოლი და წავიდა. მივიდა თირცაში და ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდა, მოკვდა ყმაწვილი.
18. დამარხეს და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს ახია წინასწარმეტყველის პირით.
19. იერობოამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
20. ხანი იერობოამის მეფობისა იყო ოცდაორი წელი. განისვენა მან თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, ნადაბი გამეფდა.
21. ხოლო სოლომონის ძე რობოამი იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლისა იყო რობოამი, როცა გამეფდა და ჩვიდმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში, იმ ქალაქში, რომელიც ისრაელის ყველა შტოდან ამოირჩია უფალმა თავისი სახელის დასამკვიდრებლად. მისი დედა იყო ნაყამა, ყამონელი ქალი.
22. ბოროტად იქცეოდა იუდა უფლის თვალში და თავიანთ მამა-პაპას გადაამეტეს ცოდვებში, რითაც გულისწყრომით ავსებდნენ უფალს.
23. მათაც გაიშენეს გორაკები, სვეტები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ხემხვივანის ქვეშ.
24. როსკიპნიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც აყარა უფალმა ისრაელიანებისგან.
25. რობოამის მეფობის მეხუთე წელს დაესხა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს.
26. წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო; წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.
27. დაამზადა მეფე რობოამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა ისინი მალემსრბოლთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ.
28. ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მალემსრბოლებს მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მალემსრბოლელთა ოთახში.
29. რობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
30. გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
31. განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში, დედამისი იყო ნაყამა, ამონელი ქალი. მის ნაცვლად მისი ძე აბიამი გამეფდა.
თავი მეთხუთმეტე
1. იერობოამ ნაბატის ძის მეფობის მეთვრამეტე წელს აბიამი გამეფდა იუდაზე.
2. სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში; დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
3. დადიოდა ყველა იმ ცოდვებით, რასაც მასზე წინ მამამისი სჩადიოდა. არ იყო სრულად მინდობილი მისი გული უფლისადმი, როგორც მამამის, დავითის, გული.
4. უფალმა, მისმა ღმერთმა, დავითის გამო მისცა მას ლამპარი, იერუსალიმში რომ დაუსვა ძე მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი.
5. რადგანაც სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში და არასოდეს უღალატნია უფლის მცნებისათვის, გარდა ხეთელი ურიას შემთხვევისა.
6. გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
7. აბიამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ომი იყო ამტყდარი აბიამსა და იერობოამს შორის.
8. განისვენა აბიამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა.
9. ისრაელის მეფის, იერობოამის მეოცე წელს გამეფდა ასა იუდაზე,
10. და ორმოცდაერთ წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
11. სიმართლით იქცეოდა უფლის თვალში ასა მამამისის, დავითის მსგავსად.
12. გაყარა როსკიპები ქვეყნიდან, ერთიანად მოიშორა კერპები, რომლებიც მის მამა-პაპას ჰქონდათ გაკეთებული,
13. თავისი დედაც კი, მაყაქა, დედოფლობას მოაშორა, გადგან კერპი ჰქონდა დადგმული აშერასთვის. აჩეხა ასამ მისი კერპი და კედრონის ხევში დასწვა.
14. ოღონდ გორაკები არ მოუშორებია. მაგრამ სრულად იყო ასას გული მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე.
15. შეიტანა უფლის სახლში მის მიერ შეწირული და მამამისის მიერ შეწირული ნივთები - ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი.
16. გამუდმებული ომი იყო ასასა და ბაყაშას, ისრაელის მეფეს, შორის.
17. გავიდა ბაყაშა ისრაელის მეფე იუდას წინააღმდეგ და ააშენა რამა, რათა არვინ გამოეშვა ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შეეშვა მასთან.
18. აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი, და მისცა ხელში თავის მორჩილთ. მიაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ძესთან ტაბრიმონისა, ბენ-ხეზიონის ძისა, არამელთა მეფესთან, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა:
19. იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო; აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს. გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.
20. დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-ბეთ-მაყაქა, მთელი ქინეროთი და ნაფთალის მთელი მხარე.
21. ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და თირცაში დარჩა.
22. მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელს იუდას და გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რასაც სამშენებლოდ იყენებდა ბაყაშა. ააშენა ამით მეფე ასამ ბენიამინის გება და მიცფა.
23. ასას დანარჩენი საქმენი და ყეელა მისი გმირობა, ყველაფერი, რაც გააკეთა, ქალაქები რომ ააშენა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. ოღონდ სიბერეში ფეხები ასტკივდა.
24. განისვენა ასამ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე, იოშაფატი გამეფდა.
25. ისრაელზე კი იერობოამის ძე ნადაბი გამეფდა იუდას მეფის, ასას, მეორე წელს, და ორი წელი მეფობდა ისრაელზე.
26. ბოროტად იქცეოდა იგი უფლის თვალში, მიჰყვებოდა მამის გზას და მის ცოდვებს და ისრაელსაც აცთუნებდა.
27. შეთქმულება მოუწყო მას ბაყაშა ახიას ძემ, ისაქარელმა, და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმის გიბეთონში, როცა ნადაბი და მთელი ისრაელი გიბეთონს ედგნენ ალყად.
28. მოკლა იგი ბაყაშამ იუდას მეფის, ასას, მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
29. გამეფდა თუ არა, მუსრი გაავლო იერობოამის მთელს სახლს, ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობოამს, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურა უფლის სიტყვისამებრ, როგორც თავისი მორჩილის, სილოამელი ახიას პირით ბრძანა,
30. იერობოამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელიც რომ აცთუნა, როცა გულისწყრომით აავსო უფალი, ისრაელის ღმერთი.
31. ნადაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეში არის ჩაწერილი.
32. გამუდმებული ომი იყო ასასა და ისრაელის მეფის, ბაყაშას შორის.
33. იუდას მეფის, ასას, მესამე წელს გამეფდა ბაყაშა ახიას ძე ისრაელზე თირცაში და ოცდაოთხი წელი იმეფა.
34. ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობოამის გზას და მის ცოდვებს და ისრაელსაც აცთუნებდა.
თავი მეთექვსმეტე
1. გამოეცხადა უფლის სიტყვა იეჰუ ხანანის ძეს ბაყაშას წინააღმდეგ:
2. მიწის მტვერიდან აგამაღლე და ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად დაგადგინე, მაგრამ რაკი იერობოამის გზას მიჰყვები, აცთუნებ ჩემს ერს, ისრაელს, და მაჯავრებ მათი ცოდვებით,
3. აჰა, მოვსპობ ბაყაშას კვალს და მისი სახლის კვალს; იმასვე დავმართებ შენს სახლს, რაც იერობოამ ნაბატის ძის სახლს დავმართე.
4. ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ; ვინც მინდვრად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.
5. ბაყაშას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობები, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
6. განისვენა ბაყაშამ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თირცაში. მის ნაცვლად მისი ძე, ელა, გამეფდა.
7. წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშას გამო და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში სჩადიოდა იგი, რომ აჯავრებდა თავისი ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობოამის სახლს, და იმის გამოც, რომ მოსპო იგი.
8. იუდას მეფის ასას ოცდამეექვსე წელს გამეფდა და ბაყაშას ძე ისრაელზე თირცაში და იმეფა ორი წელი.
9. მოუწყო შეთქმულება მისმა მსახურმა ზიმრიმ, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაურმა. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის, არცას სახლში,
10. როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
11. როგორც კი გამეფდა და დაჯდა მის ტახტზე, მუსრი გაავლო ბაყაშას მთელს სახლს, არავინ დაუტოვა კედელთან მშარდავი, არც ნათესავი და არც მეგობარი.
12. მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ბაყაშაზე იეჰუ წინასწარმეტყველის პირით,
13. ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ბაყაშამ და ელამ ჩაიდინეს, და იმის გამოც, რომ აცთუნებდნენ ისრაელს და თავიანთი კერპებით აჯავრებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
14. ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
15. იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი და იმეფა შვიდ დღეს თირცაში. ამ დროს იყო, რომ შემოადგა ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონს.
16. შეიტყო დაბანაკებულმა ხალხმა, რომ აჯანყდა ზიმრი და მოკლა მეფე, და იმათაც იმავე დღეს, ბანაკში გაამეფეს ისრაელზე ყომრი, ისრაელის მხედართმთავარი.
17. დაიძრა ყომრი და მთელი ისრაელი მასთან ერთად გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს თირცას.
18. როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებული იყო ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის ბალატში და თავზე გადაიბუგა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი.
19. იმ ცოდვების გამო, რასაც სჩადიოდა, ბოროტად რომ იქცეოდა უფლის თვალში, რომ მიჰყვებოდა იერობოამის გზას და ცოდვებს, იერობოამი რომ სჩადიოდა ისრაელის საცთუნებლად.
20. ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
21. მაშინ გაიყო ისრაელის ერი ორ ნაწილად: ხალხის ერთი ნაწილი თიბნი გინათის ძის მხარეზე იყო, რომ გაემეფებინათ იგი, მეორე ნაწილი ყომრის უჭერდა მხარს.
22. აჯობა ყომრის მომხრე ხალხმა თიბნი გინათის ძის მომხრე ხალხს. მოკვდა თიმნი და გამეფდა ყომრი.
23. იუდას მეფის, ასას, ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტი წელი იმეფა ექვს წელს თირცაში მეფობდა იგი.
24. მან იყიდა სამარიის მთა შემერისგან ორ ქანქარ ვერცხლად და გააშენა ეს მთა; და მთის პატრონის, შემერის სახელზე თავის გაშენებულ ქალაქს სამარია (შომრონ) უწოდა.
25. ბოროტად იქცეოდა ყომრი უფლის თვალში და გადაამეტა ბოროტებაში ყველას, ვინც მასზე ადრე იყო.
26. მიჰყვებოდა იერობოამ ნაბატის ძის გზას და მის ცოდვებს, რომლითაც აცთუნა იერობოამმა ისრაელი და თავისი კერპებით გააჯავრა უფალი, ისრაელის ღმერთი.
27. ყომრის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა და გმირობანი, რაც ჩაიდინა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
28. განისვენა ყომრიმ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე, აქაბი, გამეფდა.
29. ყომრის ძე გამეფდა ისრაელზე იუდას მეფის, ასას, ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა აქაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში ოცდაორი წელი.
30. ბოროტად იქცეოდა აქაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მასზე ადრე იყო.
31. არ იკმარა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული, და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული. დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა.
32. აღუმართა სამსხვერპლო ბაალს ბაალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა.
33. გააკეთა აქაბმა აშერა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აჯავრებდა აქაბი უფალს, ისრაელის ღმერთს.
34. მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხონი. თავს პირმშოზე, აბირამზე, დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით.
თავი მეჩვიდმეტე
1. უთხრა ელია თიშბელმა, გალაადის მაცხოვრებმა, აქაბს: ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშე ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემს სიტყვაზე.
2. და გამოეცხადა უფლის სიტყვა:
3. წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
4. ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ.
5. წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6. მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა.
7. გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
8. მაშინ გამოეცხადა უფლის სიტყვა:
9. ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.
10. ისიც ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვა.
11. წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.
12. მიუგო ქალმა: უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით.
13. უთხრა ელიამ: ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
14. რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად.
15. წავიდა ქალი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა: ჭამდა თვითონ, მისი სახლიც და ელიაც რამდენიმე ხანს.
16. ქოთანში ფქვილი არ ილეოდა და დოქში ზეთი არ იკლებდა უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას პირით.
17. ამ ამბების შემდეგ ავად გახდა ამ ქალის, დიასახლისის ვაჟი; ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.
18. უთხრა ქალმა ელიას: რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან და ბავშვს მიკლავ?
19. უთხრა ელიამ: მომეცი შენი შვილი, უბიდან გამოართვა დედას ბავშვი და ზემო თვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა.
20. შეჰღაღადა უფალს და უთხრა: უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ?
21. სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში.
22. ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი.
23. აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩაიყვანა ზემო ოთახიდან სახლში და მისცა დედას. თქვა ელიამ: დახედე, ცოცხალია შენი შვილი.
24. უთხრა ქალმა ელიას: ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და რომ ჭეშმარიტებაა შენს ბაგეებში უფლის სიტყვა.
თავი მეთვრამეტე
1. გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს გამოეცხადა უფლის სიტყვა ელიას: წადი, ეჩვენე აქაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე.
2. წავიდა ელია, რომ სჩვენებოდა აქაბს. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში.
3. დაუძახა აქაბმა აბდიას, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო აბდია.
4. როცა იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა აბდიამ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა გამოქვაბულში, პურითა და წყლით ინახავდა მათ.
5. უთხრა აქაბმა აბდიას: წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები; იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ მოგვიხდეს პირუტყვის დახოცვა.
6. დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო. აქაბი ერთი გზით წავიდა მარტო, აბდია მეორე გზით წავიდა მარტო.
7. გზად იყო აბდია, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო, დაეცა მის წინაშე და უთხრა: ნუთუ შენა ხარ, ჩემო ბატონო, ელია?
8. მიუგო: მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია.
9. თქვა აბდიამ: რა დავაშავე ისეთი, რომ აქაბს უგდებ მოსაკლავად ხელში შენ მორჩილს?
10. უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი, ან სამეფო, სადაც შენს საძებრად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. ეუბნებოდნენ, არ არისო, და ისიც დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, რომ ვერ გიპოვნეს.
11. ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია.
12. გაგშორდები და არც კი მეცოდინება, სად გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ჩემს ბატონთან შესატყობინებლად, ვერ გიპოვნის და მომკლავს შენს მორჩილს. ყმაწვილკაცობიდანვე ღვთისმოშიშია შენი მორჩილი.
13. განა არ უთქვამთ მისთვის, რაც გავაკეთე, როცა იზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა; რომ ვმალავდი ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს გამოქვაბულებში და პურითა და წელით ვინახავდი.
14. ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. ხომ მომკლა!
15. თქვა ელიამ: ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას.
16. წავიდა აბდია აქაბის შესახვედრად და შეატყობინა. წამოვიდა აქაბი ელიას შესახვედრად.
17. როცა დაინახა აქაბმა ელია, უთხრა აქაბმა: ეს შენ ხარ, ისრაელის მაოხრებელო?
18. თქვა: მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედი.
19. ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი, და ბაალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი, და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კაცი, იზებელის სუფრას რომ უსხედან.
20. დაგზავნა აქაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შერიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე.
21. მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.
22. უთხრა ელიამ ხალხს: მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია.
23. მოგვცენ ორი კურატი; ერთი მაგათ ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ.
24. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი!
25. უთხრა ელიამ ბაალის წინასწარმეტყველთ: ამოირჩიეთ რომელიმე კურატი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ.
26. გამოიყვანეს კურატი, რომელიც მისცა მათ, და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ! მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გამართეს.
27. შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს და გაიღვიძებს.
28. დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისმებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე.
29. შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგად იყვნენ დავარდნილი ძღვენის შეწირვის ჟამამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი.
30. უთხრა ელიამ მთელს ხალხს: ახლოს მოდით. მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება.
31. აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა, ისრაელი იქნებაო შენი სახელი.
32. და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე, სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი.
33. დააწყო შეშა, შუა გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო.
34. თქვა: აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით აღსავლენ მსხვერპლსა და შეშას. თქვა: გაიმეორეთ. მათაც გაიმეორეს. თქვა: მესამედ გადაასხით, მათაც გადასხეს მესამედ.
35. ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი.
36. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი.
37. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.
38. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა.
39. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!
40. უთხრა მათ ელიამ: შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა.
41. უთხრა ელიამ აქაბს: წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.
42. წავიდა აქაბი, რომ ეჭამა და ესვა; ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა.
43. უთხრა მსახურს: წადი, ზღვისკენ გაიხედე. ისიც წავიდა და გაიხედა. თქვა: არაფერი ჩანს. უთხრა ელიამ: შვიდგზის გააკეთე ასე.
44. მეშვიდე ჯერზე თქეა: აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან. თქვა ელიამ: წადი, უთხარი ახაბს, ეტლი შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო.
45. ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. შეჯდა ეტლზე აქაბი და იზრეყელისკენ გაემართა.
თავი მეცხრამეტე
1. უამბო აქაბმა იზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, როგორ ამოხოცა მახვილით წინასწარმეტყველნი.
2. მოციქული გაუგზავნა იზებელმა ელიას და შეუთვალა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექეცი, როგორც შენ მოექეცი თითოეულ მათგანს.
3. შეშინდა ელია; ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. მივიდა იუდას ბერშებაში და დატოვა იქ თავისი მსახური.
4. თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ.
5. მიწვა და მიეძინა ბუჩქის ძირას. და, აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ადექი, ჭამე.
6. გაიხედა და, აჰა, ნამცხვარი და წყლიანი დოქი უდგას სასთუმალთან. შეჭამა, შესვა და ისევ მიწვა.
7. მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს.
8. ადგა, ჭამა, დალია და ამ საჭმელით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
9. შევიდა იქ ერთ გამოქვაბულში და დაიღამა. აჰა, გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა: აქ რა გინდა, ელია?
10. მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი; მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ.
11. უთხრა: გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსრველი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწის ძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.
12. მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი; ცეცხლის მერე - ოდნავი ჩქამი.
13. როცა გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა, ელია?
14. მიუგო: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწეეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი და მეც მოსაკლავად დამდევენ.
15. უთხრა უფალმა: წადი, გაბრუნდი უდაბნოს გზით და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, მირონი სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.
16. ელისე შაფატის ძეს კი, აბელ-მელქოლადან რომ არის, სცხე მირონი, რათა წინასწარმეტყველებდეს შენს ნაცვლად.
17. ვინც ხაზაელის მახვილს გადურჩება, იეჰუ მოკლავს მას; ვინც იეჰუს მახვილს გადურჩება, ელისე მოკლავს.
18. დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის.
19. წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, რომელიც მიწას ხნავდა. თორმეტი უღელი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.
20. მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: გამიშვი, ვაკოცო ჩემს დედ-მამას და მერე წამოგყვები. უთხრა: წადი და მიბრუნდი, რადგან რა გამიკეთიბია შენთვის?
21. გაბრუნდა უკან, მოიყვანა და დაკლა ერთი უღელი ხარი. ხარის უღლით მოხარშა ხორცი და ხალხს გაუნაწილა, და ხალხმაც შეჭამა. თავად ადგა და გაჰყვა ელიას, და ემსახურებოდა.
თავი მეოცე
1. ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, შეკრიბა მთელი თავისი ჯარი, თან იახლა ოცდათორმეტი მეფე და ცხენებითა და ეტლებით დაიძრა, შემოადგა სამარიას და ბრძოლა გაუმართა.
2. გაუგზავნა მოციქულები აქაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში.
3. და შეუთვალა: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ჩემია შენი ვერცხლი და შენი ოქრო, ჩემია შენი ცოლები და შენი საუკეთესო ვაჟები.
4. მიუგო ისრაელის მეფემ და უთხრა: შენი სიტყვისამებრ იყოს მეფე-ბატონო! მეც შენი ვარ და ჩემი საბადებელიც შენია.
5. კვლავ მოვიდნენ მოციქულები და თქვეს: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: რაკი შემოგითვალე, მომეცი შენი ოქრო. ვერცხლი, შენი ცოლები და შენი ვაჟები.
6. ხვალ ამ დროს გამოგიგზავნი ჩემს მორჩილთ, რომ გაჩხრიკონ შენი სახლი და შენს მორჩილთა სახლები, და ხელი დაადონ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენთვალში, და წამოიღონ.
7. უხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის მთელს უხუცესობას და უთხრა: კარგად შეიგნეთ, რომ ცუდს გვიპირებს ეს კაცი, რადგან ჩემი ცოლების, ჩემი ვაჟიშვილების და ჩემი ოქრო-ვერცხლის წასართმევად გამოგზავნა ხალხი, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის.
8. უთხრეს მთელმა უხუცესობამ და მთელმა ერმა: ყურს ნუ დაუგდებ და ნურც დაეთანხმები.
9. უთხრა მან ბენ-ჰადადის მოციქულებს: ასე უთხარით ჩემს ბატონ მეფეს: რაც პირველად შემოუთვალე შენს მორჩილს, იმას გავაკეთებ. მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია. წავიდნენ მოციქულები და მიუტანეს პასუხი.
10. შეუთვალა ბენ-ჰადადმა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ სამარიის მტვრის თითო პეშვი შეხვდეს ყველას, ვინც უკან მიდგას.
11. მიუგო ისრაელის მეფემ: ნუ იტრაბახებს სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემომხსნელივით.
12. გაიგონა ეს შემოთვლილი სიტყვა ბენ-ჰადადმა, როცა მეფეებთან ერთად ჩარდახის ქვეშ სვამდა, და უთხრა თავის მორჩილთ: შემოეწყვეთ! ისინიც შემოეწყვნენ ქალაქს.
13. აჰა, მოუახლოვდა ერთი წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? ხელში ჩაგაგდებინებ დღეს ყველას. რათა იცოდე, რომ მე უფალი ვარ.
14. თქვა აქაბმა: ვისი წყალობით? მიუგო: ასე ამბობს უფალი: მხარეთა მთავრების მსახურთა წყალობით. ვინ წამოიწყებს ბრძოლას? თქვა: შენ.
15. დათვალა მხარეთა მთავრების მსახურნი და აღმოჩნდა ორასოცდათორმეტი კაცი; მათ მერე დათვალა მთელი ხალხი, ყველა ისრაელიანი - შვიდი ათასი კაცი.
16. შუადღისას გავიდნენ, როცა ბენ-ჰადადი სვამდა და თვრებოდა ჩარდახქვეშ თავის თანამდგომ მეფეებთან ერთად.
17. პირველად მხარეთა მთავრების მსახურნი გავიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და ამბავი მოუტანეს: ხალხი გამოდისო სამარიიდან.
18. თქვა: თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულნი, ცოცხლად შეიპყარით; თუ საბრძოლველად არიან გამოსულნი, შეიპყარით ცოცხლად!
19. ესენი გამოვიდნენ ქალაქიდან, მხარეთა მთავრების მსახურნი და ლაშქარი, მათ რომ მიჰყვებოდა უკან.
20. ყველამ თავ-თავისი მეტოქე დასცა ძირს, უკუიქცნენ არამელები და დაედევნა მათ ისრაელი. გაიქცა ცხენით ბენ-ჰადადი, არამის მეფე მხედრებთან ერთად.
21. გამოვიდა ისრაელის მეფე და დაკრა ცხენებსა და ეტლებს. დიდი გამარჯვება მოიპოვა არამზე.
22. მიუახლოვდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: წადი, გამაგრდი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წელიწადი შემობრუნდება და დაგესხმის თავს არამის მეფე.
23. უთხრეს მისმა მორჩილებმა არამის მეფეს: მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუ დაბლობზე შევებრძოლებით, უსათუოდ ვძლევთ.
24. აბა, ასე მოიქეცი: თავ-თავის ადგილებს მოაშორე მეფეები და მათ ნაცვლად ერისმთავარნი დააყენე.
25. შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. დაბლობზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავამარცხებთ. ყურად იღო მათი სიტყვა და ასე მოიქცა.
26. როცა მობრუნდა წელიწადი, დაათვალიერა თავისი ლაშქარი არამის მეფემ და გაემართა აფეკისკენ ისრაელიანებთან საბრძოლველად.
27. შეემზადნენ ისრაელიანებიც, საგზალი მოიმარაგეს და მათ შესახვედრად დაიძრნენ. თხის ორი ჯოგივით დაიბანაკეს ისრაელიანებმა მათ პირისპირ, ხოლო არამელებმა დაფარეს მიწა.
28. გამოჩნდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: ასე ამბობს უფალი: რაკი თქვეს არამელებმა უფალზე, მთების ღმერთი არისო და ვაკეების ღმერთი არ არისო, მთელს ამ ურიცხვ ლაშქარს ხელში ჩაგაგდებინებ, რათა იცოდეთ, რომ უფალი ვარ.
29. ასე იყვნენ დაბანაკებულნი ერთმანეთის პირისპირ შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა და გაწყვიტეს ისრაელიანებმა არამელნი - ასი ათასი ქვეითი ერთ დღეს.
30. დანარჩენები ქალაქ აფეკში გაიქცნენ. დანარჩენი ოცდაშვიდი ათასი კაცი კედელმა დაიტანა. ბენ-ჰადადიც გაიქცა და მივიდა ქალაქში და შიდა ოთახში დაიმალა.
31. უთხრეს მისმა მორჩილებმა: გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები; წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე ბაწრებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან. იქნებ ცოცხლები დაგვტოვოს.
32. წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე ბაწრები დაიდეს, მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: შენი მორჩილი ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო. თქვა: ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმა არის.
33. ინიშნეს ეს ამ კაცებმა, არ დაიბნენ და სასწრაფოდ მიუგეს: შენი ძმა არის ბენ-ჰადადი. თქვა მეფემ: წადით და მოიყვანეთ. გამოვიდა მასთან ბენ-ჰადადი და ეტლზე დაისვა იგი მეფემ.
34. უთხრა: დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა; იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი, თქვა აქაბმა, ხელშეკრულების დადებით გაგისტუმრებ. დაუდო ხელშეკრულება და გაისტუმრა.
35. უთხრა ერთმა წინასწარმეტყველთა დასიდან მეორეს უფლის სიტყვით: მცემე. მაგრამ არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა.
36. მაშინ უთხრა: რაკი არ გაიგონე ჩემი სიტყვა, აჰა, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს. წავიდა მისგან კაცი, შემოეყარა ლომი და მოკლა ლომმა.
37. მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: მცემე. მაგრად სცემა იმ კაცმა და დააწყლულა.
38. წავიდა წინასწარმეტყველი და დახვდა მეფეს გზაზე, თვალებზე რიდე ჰქონდა აფარებული.
39. როცა გამოიარა მეფემ, შეჰბღავლა მან მეფეს და უთხრა: შუაგულ ბრძოლაში იყო შენი მორჩილი, როცა ვიღაც კაცი გავიდა გვერდზე და მომიყვანა კაცი და მითხრა: უყარაულეო ამ კაცს; თუ დაიკარგა, შენი სიცოცხლე იყოს მისი სიცოცხლის წილ, ანდა ერთი ქანქარი ვერცხლი გადაიხადეო.
40. გაერთო საქმით შენი მორჩილი და, აჰა, სადღაა კაცი. უთხრა მას ისრაელის მეფემ: შენ თავად გამოგიტანია განაჩენი შენთვის.
41. მყისვე გადაიძრო რიდე თვალთაგან და იცნო იგი ისრაელის მეფემ, შეიცნო მასში ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი.
42. უთხრა წინასწარმეტყველმა: ასე ამბობს უფალი: რაკი ხელიდან გაუშვი ჩემგან დარისხებული კაცი, იყოს შენი სიცოცხლე მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი მისი ხალხის წილ!
43. წავიდა ისრაელის მეფე შინისაკენ დამწუხრებული და შეშფოთებული, და მივიდა სამარიას.
თავი ოცდამეერთე
1. ამ ამბების მერე იყო: ვენახი ჰქონდა იზრეყელელ ნაბოთს იზრეყელში, სამარიის მეფის, აქაბის სასახლის გვერდით.
2. ელაპარაკა აქაბი ნაბოთს და უთხრა: დამითმე შენი ვენახი, ბოსტნად მექნება, რადგან ჩემი სახლის გვერდითაა; სანაცვლოდ მასზე უკეთეს ვენახს მოგცემ; თუ გინდა მის საფასურ ვერცხლს გადაგიხდი.
3. უთხრა ნაბოთმა აქაბს: უფალმა დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის სამკვიდრო მოგცე!
4. წავიდა აქაბი თავის სახლში დაღვრემილი და შეწუხებული იმ სიტყვის გამო, რაც ნაბოთ იზრეყელელმა უთხრა, ვერ მოგცემო ჩემი მამა-პაპის სამკვიდროს. ჩაწვა თავის საწოლში, და პირი კედლისკენ ქნა, პურიც არ უჭამია.
5. შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი და ჰკითხა: რამ დაგანაღვლიანა, პურს რატომ არ სჭამ?
6. უთხრა: ველაპარაკე ნაბოთ იზრეყელელს და ვუთხარი, დამითმე-მეთქი შენი ვენახი ვერცხლით; ან თუ გინდა, სანაცვლოდ სხვა ვენახს მოგცემ-მეთქი. მან მითხრა: არ მოგცემო ჩემს ვენახს.
7. უთხრა იზებელმა, მისმა ცოლმა: ახლა დაამტკიცე, რომ ისრაელის მეფე ხარ! ადექი, პური ჭამე და გული გაიმხიარულე: მე მოგცემ ნაბოთ იზრეყელელის ვენახს.
8. დაწერა წერილები აქაბის სახელზე, მისი ბეჭდით დაბეჭდა და დაუგზავნა წერილები უხუცესებს და წარჩინებულთ, ნაბოთთან რომ ცხოვრობდნენ მის ქალაქში.
9. ასე ჩაწერა წერილებში: გამოაცხადეთ მარხვა და ხალხის თავში დასვით ნაბოთი.
10. წინ დაუსვით ორი ნაძირალა, რომ ცილი დასწამონ მას და უთხრან: შენ იყავი, ღმერთსა და მეფეს რომ აგინებდი! მერე გაიყვანეთ და ჩაქოლეთ, რომ მოკვდეს.
11. ისე მოიქცნენ იმ ქალაქის კაცები - უხუცესები და წარჩინებულები, რომელნიც მის ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორც შეუთვალა მათ იზებელმა, როგორც ეწერა წერილებში, მათთვის რომ ჰქონდა დაგზავნილი.
12. გამოაცხადეს მარხვა და ხალხის თავში დასვეს ნაბოთი.
13. გამოვიდა ორი ნაძირალა და წინ დაუჯდა. ცილი დასწამეს ამ ნაძირალებმა ნაბოთს ხალხის წინაშე: შეაგინა ნაბოთმა ღმერთსა და მეფესო. გაიყვანეს ქალაქის გარეთ, ქვით ჩაქოლეს და მოკვდა.
14. ასე შეუთვალეს იზებელს: ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა.
15. როცა გაიგო იზებელმა, რომ ჩაქოლეს ნაბოთი და მოკვდა, უთხრა იზებელმა აქაბს: ადექი, დაეპატრონე ნაბოთ იზრეყელელის ვენანს, რომელიც არ უნდოდა შენთვის მოეყიდა; რადგან აღარ არის ცოცხალი ნაბოთი, მკვდარია.
16. როცა გაიგო აქაბმა, რომ მოკვდა ნაბოთი, ადგა აქაბი, რომ ჩასულიყო ნაბოთ იზრეყელელის ვენახში და დაჰპატრონებოდა.
17. მაშინ გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბელს:
18. ადექი და დახვდი აქაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად.
19. უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები. კიდევ უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ ძაღლები.
20. უთხრა აქაბმა ელიას: მაინც მომაგენი, ჩემო მტერო! მიუგო: მოგაგენი, რადგან თავი გაწირე, რომ ბოროტად მოქცეულიყავი უფლის თვალში.
21. აჰა, უბედურებას დაგათევ თავზე, გავხვეტავ შენს შემდგომს, ყველას, ვინც კი ჰყავს აქაბს კედელთან მშარდავი, ყმა თუ აზატი ისრაელში.
22. ისე მოვექცევი შენს სახლს, როგორც მოვექეცი იერობოამ ნაბატის ძის სახლს და ბაყაშა ახიას ძის სახლს იმ ჯავრის გამო, რომ გამაჯავრე, რომ შეაცდინე ისრაელი.
23. იზებელზეც თქვა უფალმა: ძაღლები შეჭამენ იზებელს იზრეყელის გალავანთან.
24. ვინც ქალაქში მოუკვდება აქაბს, იმას ძაღლები შეჭამენ; ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.
25. ჯერ არვინ ყოფილა, რომელსაც აქაბივით გაეყიდოს თავი უფლის თვალში ბოროტების საკეთებლად, რაზეც აქეზებდა იზებელი, მისი ცოლი.
26. დიდი სიბილწე ჩაიდინა, რომ მიჰყვა კერპებს და მიჰბაძა ამორეველთ, რომელნიც ისრაელის თვალთაგან აჰყარა უფალმა.
27. როცა გაიგონა აქაბმა ეს სიტყვები, შემოიგლიჯა ტანზე სამოსელი და ჯვალოთი დაიფარა ხორცი. მარხულობდა, ჯვალოში ეძინა და დამწუხრებული დადიოდა.
28. გამოეცხადა უფლის სიტყვა ელია თიშბელს:
29. ხომ ხედავ, როგორ მოიდრიკა აქაბი ჩემს წინაშე? და რაკი მოიდრიკა ჩემს წინაშე, არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში; მისი შვილის სიცოცხლეში დავათევ უბედურებას მის სახლს.
თავი ოცდამეორე
1. ისე გავიდა სამი წელი, რომ არ მომხდარა ომი არამსა და ისრაელს შორის.
2. მესამე წელს ჩავიდა იოშაფატი, იუდას მეფე, ისრაელის მეფესთან.
3. უთხრა ისრაელის მეფემ თავის მორჩილთ: ხომ იცით, რომ ჩვენია გალაადის რამოთი? ჩვენ კი არც ვფიქრობთ, გამოვტაცოთ იგი ხელიდან არამის მეფეს.
4. უთხრა იოშაფატს: წამომყვები გალაადის რამოთისთვის საბრძოლველად? მიუგო იოშაფატმა ისრაელის მეფეს: რამ გაგვყო მე და შენ, რამ გაჰყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები?
5. უთხრა იოშაფატმა ისრაელის მეფეს: აბა, დაეკითხე უფლის სიტყვას.
6. შეკრიბა ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველნი - ოთხასამდე კაცი, და უთხრა მათ: გავილაშქრო გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო? მიუგეს: გაილაშქრე, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.
7. თქვა იოშაფატმა: ხომ არ არის აქ სადმე კიდევ უფლის წინასწარმეტყველი, რომ მასაც დავეკითხოთ?
8. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: კიდევ არის ერთი კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს. მიქა იმლას ძეა. თქვა იოშაფატმა: ნუ ამბობს ასე მეფე.
9. უხმო ისრაელის მეფემ ერთ-ერთ კარისკაცს და უთხრა: სასწრაფოდ მომგვარე მიქა იმლას ძე.
10. ისრაელის მეფე და იუდას მეფე იოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავის სავარძლებში კალოზე, სამარიის კარიბჭესთან, და წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ მათ წინაშე.
11. გაიკეთა ციდკია ქენაყანის ძემ რკინის რქები და თქვა: ასე ამბობს უფალი: ამით ურქენ არამს და ბოლოს მოუღებ.
12. ყველა წინასწარმეტყველი ამასვე წინასწარმეტყველებდა: მიუხდი გალაადის რამოთს და გაიმარჯვებ, მეფის ხელში ჩააგდებს უფალი.
13. ასე ეუბნებოდა მიქას მის დასაძახებლად გაგზავნილი მოციქული: აჰა, მეფის სასიკეთოს ამბობენ ერთხმად წინასწარმეტყველნი. შეეთანხმოს შენი სიტყვებიც მათ სიტყვებს. შენცა თქვი სასიკეთო.
14. თქვა მიქამ: უფალს ვფიცავ, რომ იმას ვიტყვი, რასაც უფალი მიბრძანებს.
15. მივიდა მეფესთან და უთხრა მეფემ: მიქა! გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავოთ? მიუგო: გაილაშქრე და გაიმარჯვებ, მეფეს ჩაუგდებს ხელში უფალი.
16. უთხრა მეფემ: რამდენჯერ უნდა დაგაფიცო, მხოლოდ სიმართლე მელაპარაკე-მეთქი უფლის სახელით?
17. თქვა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.
18. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: ხომ გეუბნებოდი, სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს-მეთქი ჩემზე, არამედ მხოლოდ ცუდს.
19. თქვა მიქამ: აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.
20. თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში? ერთი ამას ამბობდა, მეორე - იმას.
21. გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი?
22. მიუგო: გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.
23. აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.
24. მიეჭრა ციდკია ქენაყანის ძე და ლოყაში გაარტყა მიქას, უთხრა: როგორ მოხდა, რომ გვერდი ამიარა უფლის სულმა და შენში მეტყველებს?
25. თქვა მიქამ: კარგი, მაშინ დაინახავ, ოთახიდან ოთახში რომ დაიწყებ სირბილს დასამალავად.
26. თქვა ისრაელის მეფემ: შეიპყარი მიქა და მიჰგვარე ამონს, ქალაქის თავს და უფლისწულ იოაშს,
27. უთხარი: ასე ამბობს-თქო მეფე: დილეგში ჩააგდეთ ეს კაცი და აჭამეთ სიმწრის პური და ასვით სიმწრის წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე.
28. თქვა მიქამ: თუ მშვიდობით დაბრუნდი, უფალს არ ულაპარაკნია ჩემი პირით. თქვა: მისმინეთ ყველამ, ხალხნო!
29. წავიდნენ ისრაელის მეფე და იოშაფატ იუდას მეფე გალაადის რამოთზე.
30. უთხრა ისრაელის მეფემ იოშაფატს: მე გადავიცვამ და ისე გავალ საბრძოლველად. შენ შენი სამოსელი გეცვას. გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდა საბრძოლველად.
31. უბრძანა არამის მეფემ ეტლების მეთაურებს, ოცდათორმეტ კაცს, ვინც ჰყავდა: ნუ შეებრძოლებით ნურც მცირეს, ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ.
32. როცა დაინახეს ეტლების მეთაურებმა იოშაფატი, იფიქრეს, ეს არისო ისრაელის მეფე და მისკენ გაეშურაენ, რომ შებრძოლებოდნენ. მაშინ იყვირა იოშაფატმა.
33. როცა მიხვდნენ ეტლების მეთაურები, რომ არ იყია იგი ისრაელის მეფე, გაერიდნენ მას.
34. ალალბედზე მოზიდა მშვილდი ვიღაც კაცმა და ჯაჭვის პერანგის ნაწიბურთან დაჭრა ისრაელის მეფე. უთხრა თავის მეეტლეს: გატრიალდი და ბრძოლიდან გამიყვანე, რადგან დაჭრილი ვარ.
35. გახურდა ომი იმ დღეს, დარჩა ეტლში ისრაელის მეფე არამელთა პირისპირ და მოკვდა საღამო ხანს. წვეთავდა სისხლი ჭრილობიდან ეტლის ძარაში.
36. გავარდა ხმა ბანაკში მზის ჩასვლისას: ყველა თავის ქალაქისკენ, ყველა თავის ქვეყნისკენ!
37. მოკვდა მეფე და წაასვენეს სამარიას; და დამარხეს მეფე სამარიაში.
38. გარეცხეს ეტლი სამარიის ტბორზე და ლოკავდნენ ძაღლები მის სისხლს, რომელიც სიძვის დიაცებმა ჩამორეცხეს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს.
39. აქაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა; სპილოსძვლის სახლი, რომელიც ააშენა, ქალაქები, რომელნიც გააშენა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
40. განისვენა აქაბმა თავის მამა-პაპასთან და გამეფდა მისი ძე ახაზია მის ნაცვლად.
41. იოშაფატ ასას ძე იუდაზე გამეფდა აქაბ ისრაელის მეფის მეოთხე წელს.
42. ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზება, შილხის ასული.
43. ყველაფერში მამამისის, ასას, გზას ადგა იგი, არ უხვევდა მისგან და სწორად იქცეოდა უფლის თვალში.
44. ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული, ხალხი ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა.
45. ზავი ჰქონდა იოშაფატს ისრაელის მეფესთან.
46. იოშაფატის დანარჩენი საქმენი, მისი გმირობა, რც ჩაიდინა, და როგორ იბრძოდა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
47. როსკიპ კაცთა ნატამალნი, მისი მამის, ასას დრომდე რომ იყვნენ დარჩენილნი, აღგავა მიწის პირისაგან.
48. მეფე არ იყო ედომში, მხოლოდ მეფის დანიშნული ზედამხედველი იყო.
49. ათი თარშიშული ხომალდი ააგო იოშაფატმა ოფირიდან ოქროს მოსატანად, მაგრამ არ წასულან, რადგან ყეციონ-გაბერში დაილეწა ხომალდები.
50. მაშინ უთხრა ახაზია აქაბის ძემ იოშაფატს: იარონ ჩემმა მორჩილებმა შენს მორჩილებთან ერთად ხომალდებით; მაგრამ უარი უთხრა იოშაფატმა.
51. განისვენა იოშაფატმა თავის მამა პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის ქალაქში და გამეფდა მისი ძე იორამი მის ნაცვლად.
52. ახაზია აქაბას ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იოშაფატ იუდას მეფის მეჩვიდმეტე წელს და იმეფა ისრაელზე ორი წელი.
53. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, დადიოდა მამამისის გზაზე და დედამისის გზაზე, და იერობოამ ნაბატის ძის გზაზე, რომელმაც აცთუნა ისრაელი.
54. ემსახურებოდა ბაალს და თაყვანს სცემდა მას; აჯავრებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, ყოველნაირად, როგორც იქცეოდა მამამისი.