წინასწარმეტყველება მალაქიასი


1

1. მიღებაჲ სიტყჳსა უფლისაჲსა ისრაჱლსა ზედა ჴელითა ანგელოზისა მისისაჲთა.

2. დაისხენით უკუე გულთა შინა თქუენთა. შეგიყუარენ თქუენ, - იტყჳს უფალი, - და სთქუთ: რაჲსა შორის შემიყუარებ ჩუენ? არა ძმაჲ იყოა ისავ იაკობისი? იტყჳს უფალი, - და შევიყუარე ძე იაკობი,

3. ხოლო ისავი მოვიძულე და დავსხენ საზღუარნი მისნი უჩინოსაქმნელად და სამკჳდრებელი მისი მისაცემელებად უდაბნოჲსა

4. მით, რამეთუ თქუეს: უკეთუ იდუმეა დაიქცეს და მივიქცეთ და აღვაშენნეთ ნაოჴარნი მოოჴრებულნი მისნი, - ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - იგინი აშენებდენ და მე დავაქციო და ეწოდოს მათ საზღურებ უსჯულოებისა და ერ, რომლისაგან განყენებულ არს უფალი ვიდრე საუკუნომდე.

5. და თუალთა თქუენთა იხილონ და თქუენ სთქუათ: განდიდნა უფალი ზეშთა ზედაჲთ საზღუართა ისრაჱლისათა.

6. ძე ადიდებს მამასა და მონაჲ ეშიშვის უფალსა თჳსსა. და უკუეთუ მამაჲ ვარ მე, სადა არს დიდებაჲ ჩემი? და უკეთუ უფალი ვარ მე, სადა არს შიში ჩემი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - თქუენ, მღდელთა, განაოხეთ სახელი ჩემი და თქუთ: რაჲსა მიერ განვაოხეთ სახელი შენი?

7. მოიხუენით მსხუერპლისა საცავისა მომართ ჩემისა პურნი შეგინებულნი და სთქუთ: რაჲსა მიერ შევაგინენით იგინი? თქუმისა მიერ თქუენგან: ტაბლაჲ უფლისაჲ შეურაცხ-ქმნილი არს და ზედა დასხმულნი ჭამადნი შეურაცხნი არიან.

8. მით, რამეთუ შემო-თუ-სწიროთ ბრმაჲ მსხუერპლისა საცავად, არა ბოროტ არსა? და უკეთუ შემოსწიროთ მკელობელი ანუ სნეული, არა ბოროტ არსა? შესწირე იგი წინამძღვარსა შენსა, უკეთუ მიითვალოს იგი, ანუ ათნოს პირსა შენსა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

9. და აწ დაიგეთ პირი ღმრთისაჲ თქუენისაჲ, და ევედრენით მას; რამეთუ ჴელთა შინა თქუენთა იქმნეს ესენი, უკეთუ მე ვიპოო თქუენგან პირი თქუენი? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

10. მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუნეთ მსხუერპლისსაცავად ჩემდა ძღუენი, არა არს ნება ჩემი თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და მსხუერპლსა არ შევიწირავ ჴელთაგან თქუნთა

11. მით, რამეთუ აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაჲ; და მით, რამეთუ დიდ არს სახელი ჩემი წარმართთა შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

12. ხოლო თქუენ შეაგინებთ მას თქუმისა მიერ თქუენისა: ტაბლაჲ უფლისაჲ მწიკულევანი არს და მას ზედა დაგებულნი ჭამადნი შეურაცხ არიან.

13. და სთქჳთ: ესენი ძჳრვნებულობისაგან არიან, და განვბერენ იგინი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, და შემოიხუამთ ნატაცებთა და მკელობელთა და აღშფოთებულთა და შემოსწირავთ მსხუერპლსა, უკეთუ მივითუალავ ამათ ჴელთაგან თქუენთა? - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

14. და წყეულ იყავნ კაცი, რომელი შემძლებელ იყოს, და იყოს სამწყსოსა შინა მისსა ვერძი, და აღთქუმაჲ მისი მას ზედა და დაუკლავს უფალსა განხრწნილი მათ, რამეთუ მეფე დიდი ვარ მე, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და სახელი ჩემი ზედსაჩინო არს წარმართთა შორის.


2

1. და აწ მცნებაჲ ესე თქუენდა მიმართ არს მღდელთა:

2. უკეთუ არა ისმინოთ და უკეთუ არა დაიდვათ გულსა შინა თქუენსა მიცემად დიდება სახელსა ჩემსა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და გამოვავლინო თქუენ ზედა წყევაჲ და დავწყეო კურთხევა თქუენი და დავწყეო იგი და განვიქარვო კურთხევა თქუენი და არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ თქუენ არ დაიდევით გულსა შინა თქუენსა.

3. აჰა, ესერა, მე მიგიღებ თქუენგან მჴარსა და განვჰყოფ ქუსეტსა პირთა თანა თქუენსა, ქუსეტსა დღესასწაულისა თქუენთასა და მიგიხუნე თქუენ მისდამი.

4. და შეემეცნნეთ, ვითარცა მე მოვავლინე თქუენდა მცნება ესე ყოფად აღთქმა ჩემი ლევიტელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

5. აღთქმაჲ ჩემი იყოს მის თანა სიცოცხლისა და მშჳდობისაჲ და მივეც მას შიშისა მიერ შეშინებად ჩემგან და პირისაგან სახელისა ჩემისა შეკდემულ-ყოფად მისდა.

6. შჯული ჭეშმარიტებისაჲ იყო პირსა შინა მისსა და უსამართლოებაჲ არა იპოვა ბაგეთა შორის მისთა. მშჳდობაჲ წარმმართებელი ვიდოდა ჩემ თანა და მრავალნი მოვაქციენ უსამართლოებისაგან,

7. რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს.

8. ხოლო თქუენ მისდერკით გზისგან და უძლურ-ჰყვენით მრავალი შჯულსა შინა და განხრწენით აღთქმაჲ ლევისი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

9. და მე მიგცენ თქუენ შეურაცხ-ქმნილად და უგულებელს-ყოფილად ყოველთა შორის წარმართთა. მით, რამეთუ თქუენ არ დაიცვენით გზანი ჩემნი, არამედ მიიღებდით პირთა შჯულსა შინა.

10. არა ღმერთმან ერთმან აღგაგნაა თქუენ, არა მამაჲ ერთი არსა თქუენ ყოველთა? რად, რამეთუ დაუტევეთ თითოეულმან ძმაჲ თჳსი, შეგინებად აღთქმასაცა მამათა თქუენთასა?

11. დატევებულ იქმნა იუდაჲ და საძაგელი იქმნა ისრაჱლსა შორის და იერუსალჱმსა შორის მით, რამეთუ შეაგინნა იუდამან წმიდანი უფლისანი, რომელნი შეიყუარნა მათ შორის და მომარჯუე იქმნა ღმერთთა მიმართ უცხოთა.

12. მოსპობს უფალი კაცსა მოქმედსა ამათსა. ვიდრემდის დამდაბლდესცა კარვებთაგან იაკობისათა და შემწირველთაგან მსხუერპლსა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა,

13. და ამათ, რომელნი მძულდეს, ჰყოფდით. დაჰფარეთ ცრემლითა მსხუერპლისსაცავი ჩემი და ტირილითა და სულთქმითა შრომათაგან, რამეთუ ღირს არს მიხედვა მსხუერპლისა მიმართ ანუ მიღებად მისათუალველი ჴელთაგან თქუენთა.

14. და სთქუ: რაჲთა უფლისათჳს გელმა შორის შენსა და შორის ცოლისა სიჭაბუკისა შენისაჲსა, რაჲთ დაუტევე და ესე ზიარი შენი და ცოლი აღთქმისა შენისაჲ?

15. და არა სხუამან ქმნა და ქუემინაღებ სულისა მისისა? და სთქუთ რასა სხუასა, გარნა თესლსა ეძიებს უფალი. და დაიცევით სულთა შორის თქუენთა და ცოლსა სიჭაბუკისა შენისასა ნუ დაუტევებ,

16. არამედ უკუეთუ მომძულებელი განავლენ, - იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისაჲ, - და დაფაროს უთნოობაჲ გულისზრახვათა შენთა ზედა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და დაიცევით სულისა შორის თქუენისა და არდატევებულ იქმნეთ

17. განმაძჳნებელნი უფლისანი, სიტყუათა მიერ თქუენთა და სთქუთ: რასათჳს განვაძჳნეთ? თქუმასა შორის თქუენსა: ყოველი მოქმედი ბოროტთაჲ კეთილ წინაშე უფლისა და მათ შორის სათნო იყო მან, და სადა არს ღმერთი სიმართლისაჲ?


3

1. აჰა, გამოვავლინო ანგელოზი ჩემი და მოიხილოს გზაჲ პირისა ჩემისაჲ. და მეყსა შინა მოვიდეს ტაძრად თჳსსა უფალი, რომელსა თქუენ ეძიებთ და ანგელოზი აღთქმისაჲ, რომელი თქუენ გნებავსყე. აჰა, მოვალს, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

2. და ვინ დაითმინოს დღე შემოსლვისა მისისა, ანუ ვინ დაუდგეს გამოცხადებასა შორის მისსა? მით, რამეთუ შემოვიდეს იგი, ვითარცა ცეცხლი სადნობელისაჲ და ვითარცა მდელოჲ მრცხელთაჲ?

3. და დაჯდეს დნობად და განწმედად ვითარცა ოქროსა და ვეცხლსა და გამოწმიდნეს ძენი ლევისნი და შთაასხნეს იგინი ვითარცა ოქროჲ და ვითარცა ვეცხლი და ყვნენ უფლისა შემწირველ მსხვერპლსა სიმართლისა მიერ.

4. და სთნდეს უფალსა მსხუერპლი იუდაჲსი და იერუსალჱმისაჲ, ვითარცა დღენი საუკუნოჲსანი და ვითარცა წელიწადნი წინაპარნი.

5. და მოვიყუანნე თქუენდამი მსჯავრისა მიერ და ვიყო მე მოწამე მსწრაფლ მწამლველთა ზედა, და მემრუშეთა ზედა, წამლვათა ზედა, და მრუშებათა ზედა, და მფუცავთა ზედა სახელისა ჩემისათა, ცრუსა ზედა, და დამაკლებელთა ზედა სასყიდელსა მოსასყიდლისასა, და მძლავრთა ზედა ქურივთასა, და დამქენჯნელთა ობოლთასა და განმდრეკელთა მსჯავრსა მწირისასა, და არმოშიშთა ჩემთა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

6. მით, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა ვიცვალები, და თქუენ ძენი იაკობისნი.

7. არ განეყენებით ცოდვათაგან მამათა თქუენთაჲსა, მისდრიკენით საშჯულონი ჩემნი და არ დაიმარხენით. მოიქეცით ჩემდა და მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი და სთქუთ: რაჲთა მოვიქცეთ?

8. უკეთუ ეცრუოს კაცი ღმერთსა? მით, რამეთუ თქუენ მეცრუენით მე, და სთქუთ: რაჲთა გეცრუეთ შენ? რამეთუ ათეულის ზედანი და დასაბამნი თქუენ თანა არიან.

9. და უგულებელსმყოფელნი უგულებელს-ჰყოფთ თქუენ და თქუენ ჰმწიხნელობთ ჩემდამო.

10. წელწადი დასრულდა და შეიხუენით ყოველნი ნაყოფნი საუნჯეთა მიმართ, და არს ნატაცები სახლთა შინა თქუენთა. მოიქეცით უკუე ამისგან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, უკუეთუ არა განგიხუნე თქუენ საქანელნი ცისანი მოგფინო თქუენ კურთხევაჲ ჩემი, ვიდრე კმაჲ ყოფამდე?

11. და დაგაწესნე თქუენ ჭამად მიმართ და არა განგიხრწნა თქუენ ნაყოფი ქუეყანისაჲ და არა მოუძლურდეს ვენაჴი თქუენი, ანუ ველსა შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

12. და გნატრიდენ თქუენ ყოველნი წარმართნი მით, რამეთუ იყვნეთ თქუენ ქუეყანაჲ ნებებითი, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

13. და სთქუთ: რაჲ ძჳრვსიტყუეთ ძჳნად შენდა, - იტყჳს უფალი,

14. სთქუთ: რაჲ ამაო არს მმონებელი ღმრთისაჲ და რაჲ უმეტესი, რამეთუ დავიცვენით დასაცველნი მისნი და რამეთუ ვიდოდეთ მრწემნი წინაშე პირსა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისასა.

15. და აწ ჩუენ ვჰნატრით უცხოთა. და აღეშენებიან მოქმედნი უსჯულოთანი და წინა აღუდგეს ღმერთსა და ცხონდეს.

16. ამათ ძჳრ-სიტყჳდეს მიშიშნი უფლისანი თითოეული მოყუსისა მიმართ თჳსსა. და მიიხილა უფალმან და შეისმინა. და დაწერა წიგნი მოსაჴსენებელისაჲ წინაშე მისსა, მოშიშთა უფლისაჲთა და მკრძალავთა სახელისა მისისათა.

17. და იყვნენ ჩემდა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - დღედ მიმართ, რომელსა ყოფილ იყოს მოურნედ და უყუაოდეს მას ვითარსახედ უყუავინ კაცი ძესა თჳსსა მსახურეულად მისსა.

18. და მოიქეცით და იხილეთ საშუალ მართლისა და საშუალ უსჯულოჲსა, და საშუალ მსახურისა ღმრთისაჲსა და არმსახურისა.


4

1. მით, რამეთუ, აჰა, დღე მოვალს უფლისაჲ შემწუელი ვითარცა თორნე და აღაგზნნეს იგინი და იყვნენ ყოველნი სხუა ნათესავნი და ყოველნი მოქმედნი უსჯულოთანი ლელწამი, და აღანთნეს იგინი მომავალმან დღემან, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და არა დაშთეს მათი ძირი, არცა რტოჲ.

2. და აღმოგიბრწყინდეს თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა მზე სიმართლისა და კურნებაჲ შორის ფრთეთა მისთა. და გამოხჳდეთ და სტულობდეთ და ჰკრთებოდით, ვითარცა ზუარაკნი ჴსნილნი საკრველთაგან.

3. და დასთრგუნვიდეთ უსჯულოთა და იყვნენ ნაცარ ქუეშე ფერჴთა თქუენთა დღესა შინა, რომელსა მე ვჰყოფ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

4. მოიჴსენეთ შჯული მოსესი, მონისა ჩემისაჲ, ვითარ-იგი ვამცენ მას ქორებს შინა ყოვლისა მიმართ ისრაჱლისა ბრძანებანი და სამართალნი.

5. და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაჲსა დიდსა და განჩინებულსა,

6. რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის.