თავი 1
იოანე ნათლისმცემელი ამზადებს გზას

1. დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.

2. როგორც ესაია წინასწარმეტყველში სწერია: „აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.

3. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები“.

4. იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.

5. გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.

6. იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და ჭამდა კალიებსა და ველურ თაფლს.

7. ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა.

8. მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ“.

 
ნათლისღება

9. მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იოანეს მიერ იორდანეში.

10. და უცბად, როცა წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცა და სული, მტრედივით გარდამომავალი მასზე.

11. და ციდან იყო ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“.

 
გამოცდა. ქადაგება გალილეაში

12. და უცბად წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში.

13. უდაბნოში ორმოცი დღე იყო იგი და სატანისგან იცდებოდა. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.

14. მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მივიდა გალილეაში და ღვთის სახარებას ქადაგებდა

15. და ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“.

 
ოთხი მოციქულის მოწოდება

16. როცა გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.

17. იესომ უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით“.

18. მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.

19. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს ამზადებდნენ.

20. მყისვე მოიხმო ისინი, და მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას.

 
ქადაგება და განკურნებანი კაპერნაუმსა და გალილეაში

21. კაპერნაუმს მივიდნენ და მყისვე, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში, და იგი ასწავლიდა მათ.

22. გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.

23. უცბად მათ სინაგოგაში მყოფმა, არაწმიდა სულით შეპყრობილმა, კაცმა იყვირა:

24. „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ“.

25. იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან“.

26. არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.

27. ისე განცვიფრდნენ ყველანი, რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას?

28. მისი ამბავი მყისვე მოედო გალილეის მთელ მხარეს.

29. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად.

30. სიმონის სიდედრი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მყისვე უთხრეს მასზე.

31. მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.

32. საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო.

33. მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან.

34. ბევრი სნეული განკურნა სხვა და სხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ რთავდა ეშმაკებს, ელაპარაკათ, რადგან ისინი იცნობდნენ მას.

35. განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას, და იქ ლოცულობდა.

36. სიმონი და მასთან მყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას.

37. იპოვეს იგი და უთხრეს: „ყველა შენ გეძებს“.

38. უთხრა მათ: „წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული“.

39. და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა.

40. მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოუყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა“.

41. შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“

42. და მყისვე მოშორდა კეთრი და განიწმიდა.

43. მკაცრად გააფრთხილა და მყისვე გაუშვა.

44. უთხრა მას: „უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად“.

45. ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ისე გაახმაურა ეს ამბავი რომ, იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.

 
თავი 2
დავრდომილის განკურნება. ხელმწიფება ცოდვების მიტევებისა

1. რამდენიმე დღის შემ დეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და ხმა დაირხა, რომ სახლშიაო.

2. იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარში ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას.

3. მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხს მოჰყავდა.

4. და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა, ჩათხარეს ხვრელი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.

5. იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“

6. იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა:

7. „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“

8. იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა: „ასეთი რამ გულში რად გაივლეთ?

9. რა უფრო ადვილია - თქმა დავრდომილისთვის: „შენი ცოდვები მოგეტევა“, თუ თქმა: „ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე“?

10. ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ქვეყანაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს;

11. შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“

12. ადგა, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ“.
 
ლევის მოწოდება

13. კვლავ გავიდა ზღვაზე. და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.

14. გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა: „გამომყევი მე“. ისიც ადგა და გაჰყვა მას.

15. როცა მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას. 16. და რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან?“

17. ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი“.

 
ახალი ღვინო ახალ ტიკში

18. იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მივიდნენ მასთან და უთხრეს: „რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“

19. იესომ უთხრა მათ: „განა შეუძლიათ მარხულობა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხულობა,

20. მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს.

21. ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოიხევა.

22. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“.

 
შაბათის უფალიც არის კაცის ძე

23. მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გადავლა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავების წყვეტა დაიწყეს.

24. ფარისევლებმა უთხრეს მას: „აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული?“

25. უთხრა მათ: „არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდათ მას და მასთან მყოფთ?

26. როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა?“

27. უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.

28. ამრიგად, კაცის ძე შაბათის უფალიც არის“.

 
თავი 3
ხელშემხმარის განკურნება

1. და კვლავ შევიდა სინაგოგაში. და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი.

2. უთვალთვალებდნენ, შაბათ დღისითაც ხომ არ განკურნავდა, რომ ბრალი დაედოთ მისთვის.

3. უთხრა ხელგამხმარ კაცს: „შუაში დადექი“.

4. მათ კი უთხრა: „შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული, თუ ბოროტისა? სულის ხსნა, თუ დაღუპვა?“ და დუმდნენ ისინი.

5. იესომ რისხვით გადახედა მათ, მათი გულდახშულობით დამწუხრებულმა, და იმ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა და მოურჩა ხელი.

6. ფარისევლები გამოსვლისთანავე შეითქვნენ ჰეროდიანებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.

7. იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა. მას უამრავი ხალხი მიჰყვებოდა გალილეიდან და იუდეიდან,

8. იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან. მრავალი ხალხი მივიდა მასთან ტვიროსისა და ციდონის სანახებიდან, როცა შეიტყვეს, რაც მოიმოქმედა.

9. და უთხრა თავის მოწაფეებს, ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროვებინა იგი,

10. რადგან ბევრი განკურნა. ზედ აწყდებოდა ყველა, ვისაც რამ სნეულება სჭირდა, და ცდილობდა, შეხებოდა მას.

11. არაწმიდა სულებიც, როგორც კი დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: „შენა ხარ ძე ღვთისა!“

12. იესო მკაცრად უბრძანებდა მათ, რათა არ გაემჟღავნებინათ იგი.

 
თორმეტის ამორჩევა მოციქულებად

13. და ავიდა მთაზე და მოუხმო, ვინც მას სურდა, და წავიდნენ მასთან.

14. თორმეტი ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად,

15. და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკთა გამოდევნის ხელმწიფება.

16. და ამოარჩია თორმეტი: მეტსახელად მისცა სიმონს პეტრე;

17. იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს „ქუხილის ძენი“;

18. ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზი და სიმონ კანანელი.

19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

 
სატანა სატანის წინააღმდეგ

20. მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პურიც ვეღარა ჭამეს.

21. მისიანებს მოესმათ და მის შესაპყრობად წამოვიდნენ, რადგან ამბობდნენ: შეშლილიაო.

22. იერუსალიმიდან ჩამოსულმა მწიგნობრებმა თქვეს: ბელზებელი ჰყავს და ეშმაკებს ეშმაკთა მთავრით სდევნისო.

23. მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?

24. თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.

25. თუ სახლი თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;

26. და თუ სატანა თავის თავს წინ აღუდგა და გაიყო, ვეღარ გაძლებს. დაუდგა აღსასრული.

27. ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.

28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ;

29. ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.

30. რადგან ამბობდნენ: არაწმიდა სული ჰყავსო.

 
იესოს დედა და ძმები

31. მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად.

32. მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ შენი დედა და შენი დანი და შენი ძმანი არიან და შენ გეძებენო.

33. პასუხად უთხრა: „ვინ არიან ჩემი დედა და ჩემი ძმები?“

34. მის გარშემო მსხდომთ გადახედა და თქვა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები.

35. რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც“.

 
თავი 4
იგავი მთესველზე

1. კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას. მასთან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ იგი ნავში ჩაჯდა და გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე.

2. ბევრ რასმე ასწავლიდა იგი იგავებით და თავის მოძღვრებაში ამბობდა:

3. „ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი სათესად.

4. თესვისას ზოგი გზისპირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს.

5. ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან მიწას სიღრმე არ ჰქონდა.

6. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.

7. ზოგი ეკლებში დავარდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგეს იგი და მან ნაყოფი ვეღარ გამოიღო.

8. ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და გამოიღო ნაყოფი. აღმოცენდა, გაიზარდა და იმატა ერთი - ოცდაათად, ერთი - სამოცად და ერთი - ასად“.

9. თქვა: „ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“

10. როცა იგი მარტო დარჩა, მათ, ვინც გარს ეხვია თორმეტთან ერთად, ჰკითხეს იგავზე.

11. მან უთხრა: „თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.

12. რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ“.

13. უთხრა მათ: „ეს იგავი არ გესმით და როგორ მიხვდებით ყველა სხვა იგავს?

14. მთესველი სიტყვას თესავს.

15. ისინი კი იმ გზის პირას არიან, სადაც ითესება სიტყვა. როგორც კი მოისმენენ, მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას.

16. ასევე, კლდოვანზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი სიტყვას მოისმენენ, მყის სიხარულით მიიღებენ მას. 17. მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ თავის თავში და ხანმოკლენი არიან და, როგორც კი დგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდუნდებიან.

18. სხვანი, ეკალთა შორის დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ,

19. მაგრამ ამ სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო ხდება.

20. კეთილ ნიადაგზე დათესილნი ისინი არიან, რომლებიც სიტყვას მოისმენენ და მიიღებენ, და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი - ოცდაათად, სამოცად და ასად“.

 
დაუკვირდით, რასაც ისმენთ

21. უთხრა მათ: „განა იმისთვის მოაქვთ სანთელი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ შედგან? განა იმისათვის არა, რომ სასანთლეზე დადგან?

22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.

23. თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!“

24. უთხრა მათ: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.

25. რადგან, ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს“.

 
მდოგვის მარცვალზე

26. თქვა: „ასეთია ღვთის სასუფეველი: კაცმა რომ თესლი ჩააგდოს მიწაში,

27. ეძინოს და დგებოდეს ღამით თუ დღისით. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ.

28. რადგან მიწა თვითონ გამოიღებს ნაყოფს: პირველად ჯეჯილს, მერე თავთავს, შემდეგ კი სავსე მარცვალს თავთავში.

29. რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მყისვე გამოგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ“.

30. თქვა: „რას შევუდაროთ ღვთის სასუფეველი? ან რომელი იგავით გამოვთქვათ?

31. იგი მდოგვის მარცვალსა ჰგავს, რომელიც მიწაზე დათესვისას ყველაზე მცირეა მიწაზე არსებულ თესლთა შორის,

32. დათესვის მერე კი ამოდის და ყველაზე დიდ მწვანილად გადაიქცევა. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ“.

33. მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის გაგებაც შეეძლოთ.

34. იგავის გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.

 
ქარიცა და ზღვაც ემორჩილებიან

35. იმავე დღეს, რომ მოსაღამოვდა, უთხრა მათ: „გადავცუროთ გაღმა“.

36. გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან სხვა ნავებიც იყო.

37. ამოვარდა დიდი ქარიშხალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდა, ისე რომ ნავი უკვე ივსებოდა.

38. ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?“

39. წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: „დადუმდი, ჩადექ!“ ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა.

40. და უთხრა მათ: „რატომ ხართ ასე მხდალნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?“

41. და მათ დიდი შიშით შეეშინდათ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვინ არის ეს, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილება?“

 
თავი 5
ლეგიონია ჩემი სახელი

1. გავიდნენ ზღვის გადაღ მა, გერასენელთა მხარეში.

2. ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან, არაწმიდა სულით შეპყრობილი.

3. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა.

4. ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება.

5. მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს.

6. როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.

7. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, უზენაესი ღვთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“

8. რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სულო!“

9. ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ უთხრა: „ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ“. 10. ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი.

11. იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა.

12. შეევედრნენ მას და უთხრეს: „მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში“.

13. დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. და მიაწყდა კოლტი კბოდედან ზღვას, ორიათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში.

14. ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს და გამოვიდნენ, რომ ენახათ, რა მოხდა.

15. მოვიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის შემოსილი და გონთმოსული, და შეშინდნენ.

16. მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულს და ღორებს.

17. და დაუწყეს ხვეწნა, გასცლოდა მათს საზღვრებს.

18. როცა ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა.

19. ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გიყო ღმერთმა და როგორ შეგიწყალა“.

20. და წავიდა და გამოაცხადა დეკაპოლისში, რაც გაუკეთა მას იესომ, და უკვირდა ყველას.

 
იაიროსის ქალიშვილის გაცოცხლება

21. და როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. და იყო ზღვის პირას.

22. და აჰა, მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. და როცა დაინახა იგი, მის ფერხთით დაეცა.

23. ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“.

24. და წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედ აწყდებოდა.

25. ერთმა ქალმა, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა

26. და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, უარეს დღეში ჩავარდნილიყო,

27. მოისმინა იესოზე, ხალხში უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს.

28. რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.

29. და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან.

30. მყისვე იგრძნო იესომ, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?“

31. და უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ: ვინ შემეხოო?“

32. მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი.

33. ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე უთხრა. 34. მან კი უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან“.

35. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“

36. იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს“. 37. არავისთვის დაურთავს ნება წაჰყოლოდა, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი - იაკობის ძმისა.

38. მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არეულობაა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ.

39. და შევიდა და უთხრა: „რაზე სწუხხართ და სტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ“.

40. ისინი კი დასცინოდნენ მას. მან ყველანი გამორეკა, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა.

41. აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: „ტალითა კუმი!“ რაც ნიშნავს: გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!

42. და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო. მათ დიდად გაუკვირდათ.

43. მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.

 
თავი 6
წინასწარმეტყველის უპატივცემლობა

1. და გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. და გაჰყვნენ თავისი მოწაფეებიც.

2. შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: საიდანა აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი? და რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით?

3. ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში.

4. უთხრა მათ იესომ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა“.

5. ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ ორიოდე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.

6. უკვირდა მათი ურწმუნოება, დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ.

 
თორმეტი გაიგზავნა მსახურებისათვის

7. და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი ორ-ორის დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე.

8. და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა: არც პური, არც გუდა, არც სპილენძი სარტყლით.

9. ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი.

10. უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ.

11. თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს“.

12. და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება.

13. სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სცხებდნენ ზეთს და ბევრ სნეულს კურნავდნენ. ამბავი ნათლისმცემლის თავისკვეთისა

14. ესმა მეფე ჰეროდეს, ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი, და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში.

15. ერთნი ამბობდნენ, რომ ელიაა. სხვები კი ამბობდნენ, რომ წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.

16. ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით“.

17. რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა იგი.

18. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ გერგება შენი ძმისცოლი ცოლად“.

19. ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო.

20. რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდებდა ყურს.

21. დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ აზნაურებს.

22. შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ“.

23. და აღუთქვა მას: „რაც გინდა მთხოვო, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი“.

24. გამოვიდა და უთხრა თავის დედას: „რა ვთხოვო?“ იოანე ნათლისმცემლის თავიო, უთხრა მან.

25. და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი“.

26. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, არ ისურვა მისი გაწბილება.

27. მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა.

28. და წავიდა იგი, მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა დედამისს მისცა.

29. გაიგეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს.

 
ხუთი ათასი კაცის გაძღება

30. შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს.

31. უთხრა მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ“. ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ. 32. და წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით.

33. დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ.

34. გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.

35. უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიანი დროა.

36. გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა- სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო“.

37. მაგრამ მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი“. მათ უთხრეს: „წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?“

38. უთხრა მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს და უთხრეს: „ხუთი და ორიც თევზი“.

39. მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე.

40. დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად.

41. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას.

42. ყველამ ჭამა და გაძღა.

43. დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან თორმეტი სავსე გოდორი აკრიფეს.

44. პურისმჭამელი სულ ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო.

 
ფეხით სიარული წყალზე

45. მყისვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა.

46. ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცავად.

47. და როცა შესაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე.

48. და დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობაზე წავიდა იგი მათკენ ზღვაზე სიარულით. და უნდოდა მათთვის გვერდი აევლო.

49. ხოლო მათ, ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენება არისო, და შეჰყვირეს.

50. ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა. „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“

51. და ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი. და უფრო უკვირდათ,

52. ჯერ პურების ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გონება დახშოდათ.

 
მრავალთა გაჯანსაღება

53. გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მიწას, და ჩაუშვეს ღუზა.

54. როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა.

55. შემოირბინეს მთელი ის ქვეყანა და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო.

56. სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსლის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც.

 
თავი 7
რა ბილწავს ადამიანს

1. და შეიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი.

2. და დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ბინძური, ესე იგი, დაუბანელი ხელებით ჭამდა პურს.

3. რადგან ფარისეველნი და ყველა იუდეველი, იცავენ ძველების ჩვეულებას და ისე არ ჭამენ, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი,

4. ბაზრიდან დაბრუნებულები განბანის გარეშე არ ჭამენ. და სხვაც ბევრი რამ არის, რაც მიიღეს შესასრულებლად: სასმისების, თასების, სპილენძის ქვაბების გავლება წყალში.

5. და ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: „რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები ძველების გადმოცემისამებრ და ხელდაუბანელი ჭამენ პურს?“

6. მან უთხრა მათ: „კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც სწერია: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან.

7. ამაოდ მეთაყვანებიან, ასწავლიან რა ადამიანთა მცნებებს და მოძღვრებებს“.

8. ღვთის მცნებათა მიმტოვებელნი იცავთ კაცთა გადმოცემას, სასმისების და თასების რეცხვას და მრავალ სხვას ამგვარს აკეთებთ“.

9. უთხრა მათ: „კარგია, რომ ღვთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ?

10. მოსემ თქვა: „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა. მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს“.

11. თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: კორბან, ესე იგი, ძღვენიო (ღმერთს), რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, -

12. მას თქვენ ნებასა რთავთ, აღარაფერი გააკეთოს მამისთვის ან დედისათვის.

13. აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს ამის მსგავსს აკეთებთ“.

14. მოუწოდა კვლავ ხალხს და უთხრა: „მომისმინეთ ყველამ და შეიგნეთ:

15. არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს.

16. თუ ვინმეს ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“

17. როცა ხალხს გაერიდა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს მას იგავზე.

18. უთხრა მათ: „ნუთუ თქვენც არ გაგეგებათ და ვერ მიმხვდარხართ, რომ არაფერს, რაც ადამიანში გარედან შედის, არ ძალუძს მისი წაბილწვა? 19. ვინაიდან, მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში და გამოდის ზარულში“. მან ასე განწმიდა ყოველგვარი საკვები.

20. შემდეგ უთხრა: „კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.

21. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,

22. მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება.

23. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს“.

 
ძაღლებიც ჭამენ შვილების საჭმლის ნამცეცებს

24. ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ წავიდა. და სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა.

25. მაგრამ მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულიც უწმიდური სულით იგვემებოდა, მივიდა და დაემხო მის ფერხთით.

26. ეს დედაკაცი კი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან.

27. და უთხრა მას: „მოითმინე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო“.

28. მან მიუგო და უთხრა: „მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ მაგიდის ქვეშ ჭამენ შვილების ნამცეცებს“.

29. უთხრა: „მაგ სიტყვისათვის წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისაგან“.

30. და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო.

 
ყრუ ენაბლუს განკურნება

31. კვლავ გამობრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა ციდონის გზით გალილეის ზღვისკენ, დეკაპოლისის საზღვრების გავლით.

32. და მიუყვანეს მას ერთი ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.

33. გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას,

34. ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა“, რაც არის: განიხსენ.

35. და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა.

36. უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ.

37. მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს ასმენინებს და მუნჯებს ალაპარაკებს“.

 
თავი 8
ოთხი ათასი კაცის გაძღება

1. იმ დღეებში დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ. მან მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:

2. „მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ.

3. მშივრები რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული“.

4. და მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: „საიდან შეიძლება ამდენი ხალხის უდაბნოში დაპურება?“

5. ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი“.

6. და უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. მათაც ჩამოურიგეს ხალხს.

7. რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. აკურთხა და უბრძანა ისიც ჩამოერიგებინათ.

8. ჭამეს და გაძღნენ. დარჩენილი ნატეხებისგან შვიდი კალათი აიღეს.

9. ისინი კი ოთხი ათასამდე იყვნენ. და გაუშვა ყველანი.

10. და მყისვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდნენ დალმანუთის მხარეში.

 
ფარისეველნი მოითხოვენ სასწაულს

11. და გამოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს დავა და მოსთხოვეს ციდან ნიშანი, რომ გამოეცადათ.

12. სულით ამოიოხრა და თქვა: „რისთვის თხოულობს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა“.

13. და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა.

 
ერიდეთ ფარისეველთა საფუარს

14. და დაავიწყდათ პურის წაღება. ნავში კი ერთი პურის მეტი არა ჰქონდათ.

15. დაარიგა ისინი და უთხრა: „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს“.

16. ისინი კი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: ალბათ იმიტომ, რომ პური არა გვაქვსო.

17. იესო მიხვდა და უთხრა მათ: „რატომ ლაპარაკობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და ვერ შეგიგნიათ? გული გაგიქვავდათ?

18. თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყური გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ?

19. როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „თორმეტი“.

20. „როცა ოთხი ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „შვიდი“.

21. და უთხრა მათ: „როგორ ვერ მიხვდით?“

 
ბრმის განკურნება ბეთსაიდაში

22. მივიდნენ ბეთსაიდაში და მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას.

23. და ჩაჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელი და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“

24. მან აიხედა და თქვა: „ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს ვხედავ, ხეებივით“.

25. შემდეგ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და მას თვალისჩინი აღუდგა, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა.

26. და გაისტუმრა შინ და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ“.

 
იესოს ქრისტედ შეცნობა პეტრესგან

27. და წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზადაგზა ელაპარაკებოდა იგი თავის მოწაფეებს და ეკითხებოდა: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“

28. მათ უთხრეს: ამბობენ, იოანე ნათლისმცემელიო. სხვები - ელიაო, სხვები - ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო.

29. და მან ჰკითხა მათ: „თქვენ რაღას იტყვით, ვინ ვარ მე?“ პეტრემ უთხრა: „შენ ქრისტე ხარ“.

30. და გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე.

 
ვინც თავის სულს გაუფრთხილდება, დაკარგავს მას

31. და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს, უარყოფილ იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს.

32. და ცხადად ამბობდა სიტყვას. გვერდზე გაიხმო პეტრემ და დაუწყო კიცხვა.

33. ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუწყრა და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ღვთისას რომ არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას“.

34. და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.

35. ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას. 36. რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?

37. ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ?

38. რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად“.

 
თავი 9
ფერისცვალება

1. უთხრა მათ: „ჭეშმარი ტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომელნიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღვთის სასუფეველს, ძლიერებით მოსულს“.

2. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე.

3. და გაბრწყინდა მისი სამოსელი და ძალზე სპეტაკი გახდა, ისეთი, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუძს ისე გათეთრება.

4. და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს.

5. მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ სამ კარავს. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას“.

6. ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო.

7. და გაჩნდა ღრუბელი, რომელმაც მოუჩრდილა მათ და იყო ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, ისმინეთ მისი!“

8. უეცრად მიმოიხედეს, მაგრამ ირგვლივ ვერავინ დაინახეს, გარდა იესოსი.

9. როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, უბრძანა, არავისთვის ეთქვათ, რაც იხილეს, კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე.

10. ეს სიტყვა გულში ჩაიდეს და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავსო მკვდრეთით აღდგომა.

11. და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?

12. უთხრა მათ: „მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და ყოველივე მოაწესრიგოს. კაცის ძეზე კი როგორღაა დაწერილი, რომ მას მართებს ბევრი იტანჯოს და დამცირდეს?

13. მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია მოვიდა და მას ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, როგორც დაწერილია მასზე“.

 
განკურნება უტყვი სულით შეპყრობილისა

14. როცა მოწაფეებთან მივიდა, დაინახა მათ ირგვლივ დიდძალი ხალხი და მათთან მოდავე მწიგნობრები.

15. და მყისვე დაინახა მთელმა ხალხმა და გაუკვირდათ. და მირბოდნენ მასთან და ესალმებოდნენ.

16. ჰკითხა მათ: „რას ედავებით ამათ?“

17. ხალხიდან ერთ-ერთმა მიუგო: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც უტყვობის სული სჭირს.

18. სადაც კი შეიპყრობს, ძირს ანარცხებს, და გადმოსდის დუჟი, კბილებს აღრჭენს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს“.

19. და მან მიუგო მათ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ თქვენ? მომიყვანეთ იგი“.

20. და მოუყვანეს მას. როგორც კი სულმა დაინახა იგი, დაანარცხა. დაეცა მიწაზე, და გორავდა დუჟმორეული.

21. და ჰკითხა მის მამას: „რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა?“ უთხრა: „პატარაობიდან.

22. ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რომ დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, გვიშველე ჩვენ, შეგვიბრალე“.

23. იესომ უთხრა მას: „თუ კი რამე შეგიძლიაო? მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“.

24. ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას“.

25. როცა დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბის, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: „უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ შეხვიდე მასში!“

26. შესძახა და მაგრად შეანჯღრია იგი და გავიდა. ის კი მკვდარივით გახდა, ისე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც, რომ ის მოკვდა.

27. იესომ დაუჭირა ხელი, წამოაყენა; და ისიც ფეხზე დადგა.

28. შინ რომ შევიდა, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: „ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი?“

29. უთხრა მათ: „ეს მოდგმა ვერაფრით გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით“.

 
იესო კვლავ ლაპარაკობს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე

30. იქიდან წასულები გალილეაზე გადიოდნენ. არ უნდოდა, ვინმეს ეცნო.

31. ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა: „კაცის ძე გადაცემულ იქნება კაცთა ხელში, მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება“.

32. მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები და ეშინოდათ, რომ შეკითხოდნენ მას.

33. და მივიდნენ კაპერნაუმში. სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაში?“

34. ისინი დუმდნენ, ვინაიდან გზაში ერთმანეთში მსჯელობდნენ: ვინ უფრო დიდიაო.

35. და დაჯდა და დაუძახა თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური“.

36. მოიყვანა ბავშვი, ჩააყენა მათ შუა, მოეხვია და უთხრა მათ:

37. „ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს მომავლინებელს“.

38. უთხრა მას იოანემ: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება. და ავუკრძალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება“.

39. იესომ თქვა: „ნუ უკრძალავთ, ვინაიდან არავის, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, არ ძალუძს ჩემი ასე იოლად გმობა,

40. ვინაიდან, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, ის ჩვენთან არის.

41. ვინც წყალს შეგასმევთ სასმისით ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური.

42. ხოლო ვინც ერთ ამ მცირეთაგანს, ჩემი მორწმუნეებიდან, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა, წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ.

 
მიზეზი ცდუნებისა და ცეცხლის გეენა

43. „თუ გაცდუნებს შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცხლში,

44. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.

45. თუ გაცდუნებს შენი ფეხი, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ,

46. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.

47. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში,

48. სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.

49. ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება.

50. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდება, რიღათი შეანელებთ მას? იქონიეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში“.

 
თავი 10
დარიგება გაყრაზე

1. და ადგა იქიდან და მი ვიდა იუდეის მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, თავის ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.

2. მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: „თუ შეუძლია კაცს ცოლის გაშვება?“ და სცდიდნენ მას.

3. მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?“

4. მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება“.

5. იესომ უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება.

6. მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

7. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს.

8. და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.

9. ამრიგად, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ“.

10. სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.

11. და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ.

12. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს“.

 
იესო ბავშვებს აკურთხებს

13. და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.

14. დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი.

15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ“.

16. მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.

 
შეკითხვა საუკუნო სიცოცხლეზე

17. გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“

18. იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.

19. იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას“. 20. მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი“.

21. იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი“.

22. ის შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.

23. იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში“.

24. მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!

25. უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“.

26. იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“

27. შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია“.

28. დაუწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით“.

29. თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მიწები,

30. და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და მიწები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.

31. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი - პირველნი“.

 
იესო მესამედ იუწყება თავის სიკვდილზე

32. იერუსალიმს მიმავალ გზას რომ ადგნენ, წინ იესო მიუძღოდათ და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ დაუძახა თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას:

33. „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;

34. შეურაცყოფენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება“.

 
ზებედეს ძენი

35. და მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ“.

36. მან უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?“

37. მათ უთხრეს მას: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში“.

38. იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?“

39. მათ უთხრეს: „შეგვიძლია“. იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით;

40. მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია“.

41. და მოისმინა იმ ათმა და დაიწყეს დრტვინვა იაკობზე და იოანეზე.

42. იესომ უხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.

43. მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს;

44. ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.

45. რადგან ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“.

 
ბრმა ბარტიმეოსის განკურნება

46. და მივიდნენ იერიხოს. იერიხოდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმაიოსი.

47. როცა გაიგო, იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“

48. ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“

49. და შედგა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას“. და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის“.

50. მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.

51. მიუგო მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს“.

52. იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა“. და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე.

 
თავი 11
იერუსალიმში ზეიმით შესვლა. „ოსანა მაღალთა შინა!“

1. როცა მიუახლოვდ ნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გააგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი.

2. უთხრა მათ: „წადით სოფელში, თქვენს წინ რომ არის. როგორც კი შიგ შეხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მომიყვანეთ.

3. თუ ვინმემ გითხრათ: ამას რას შვრებითო? უთხარით, რომ უფალს სჭირდება და უმალ დაგიბრუნებს-თქო“.

4. წავიდნენ და იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი, და აუშვეს იგი.

5. იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: „რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?“

6. მათ უთხრეს, როგორც იესომ უთხრათ, და მოეშვნენ მათ.

7. და მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე.

8. ბევრმა დაუფინა გზაზე მას თავისი ტანისამოსი, ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები.

9. წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი!

10. კურთხეულ არს ჩვენი მამის, დავითის მომავალი სამეფო! ოსანა, მაღალთა შინა!“

11. და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და დაათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიანი იყო და თორმეტთან ერთად გავიდა ბეთანიისაკენ.

 
ლეღვის ხის დაწყევლა

12. მეორე დღეს, ბეთანიიდან რომ გავიდნენ, მოშივდა.

13. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და წავიდა, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი. არ იყო ლეღვობის დრო.

14. მიუბრუნდა და უთხრა მას: „ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი!“ და გაიგონეს მისმა მოწაფეებმა.

 
ტაძრის განწმედა

15. და მივიდნენ იერუსალიმში და შევიდა ტაძარში იესო, და დაიწყო გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები ააყირავა.

16. არ ანებებდა, რაიმე გაეტარგამოეტარებინათ ტაძარზე.

17. და ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „არ სწერია, ჩემი სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდებაო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“.

18. გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით.

19. როცა მოსაღამოვდა, გავიდნენ ქალაქიდან.

20. დილით ჩაიარეს და დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო.

21. და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა“.

22. მიუგო იესომ და უთხრა მათ:

23. „იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას.

24. ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება.

25. როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი.

26. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“.

 
მღვდელმთავრების შეკითხვა იესოს ხელმწიფებაზე

27. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და, როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან.

28. და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“

29. იესომ უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას; მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

30. იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა, მიპასუხეთ“.

31. ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, გვეტყვის: მაშ რაღატომ არ იწამეთო მისი?

32. ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო.

33. და მიუგეს იესოს და უთხრეს: „არ ვიცით“. იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას“.

 
თავი 12
იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე

1. და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ვაზი ჩაყარა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და შიგ კოშკი ჩადგა. ჩააბარა იგი მიწისმუშაკებს და წავიდა.

2. ჟამმა რომ მოაწია, ერთი მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ მიწისმუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად.

3. მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.

4. კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს.

5. სხვა გაგზავნა და მოკლეს ის. და კიდევ ბევრი სხვა. ზოგსა სცემეს და ზოგიც მოკლეს.

6. ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა: ჩემი ძის მოერიდებათო.

7. მიწისმუშაკებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.

8. და შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახიდან.

9. რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, ამოწყვეტს მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს.

10. ნუთუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი: �ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა;

11. უფლისგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში�?“

12. შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ.

 
კეისრის გადასახადზე

13. და მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში.

14. მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“

15. მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო“.

16. მიუტანეს და მაშინვე უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ კეისრისაო, უთხრეს მას.

17. იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა - ღმერთს“. და უკვირდათ მისი.

 
შეკითხვა ზეცაში ქორწინებაზე

18. და მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:

19. „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: �თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას�.

20. იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია.

21. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ.

22. შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველას შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა.

23. აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“

24. უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ძალნი ღვთისა?“

25. რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.

26. ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მაყვლის ბუჩქთან ღმერთმა მას: �მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?�

27. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით“.

 
უდიდესი მცნება

28. მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?“

29. მიუგო იესომ: „პირველი არის �ისმინე, ისრაელო! უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი უფალია.

30. შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით.� ეს არის პირველი მცნება.

31. მეორე არის: �შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.� ამათზე დიდი მცნება არ არსებობს“.

32. უთხრა მას იმ მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,

33. გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი. ეს ყოველ სრულადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია“.

34. იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღვთის სასუფევლისაგან“. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რამე ეკითხა.

35. მიუგო იესომ და თქვა, როცა კვლავ ასწავლიდა ტაძარში: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?

36. თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: �უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.� 37. თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“ მრავალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით.

38. და თქვა თავისი მოძღვრებიდან: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ;

39. ხოლო სინაგოგებში - წინა რიგები და ნადიმებზე - წინა ადგილები.

40. რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ“.

 
ქვრივის ორი ლეპტა

41. იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.

42. მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.

43. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო.

44. ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა“.

 
თავი 13
წინასწარუწყება იერუსალიმის დანგრევაზე

1. როცა ტაძრიდან გა მო დიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: „შეხედე, მოძღვარო, რა ლოდებია და რა შენობები!“

2. იესომ უთხრა მას: „ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს“.

3. როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის გასწვრივ, ჰკითხეს მას განმარტოებით მყოფმა პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:

4. „გვითხარი, როდის მოხდება ეს, და რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს?“

5. იესომ დაუწყო მათ ლაპარაკი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ,

6. რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ.

7. როცა მოისმენთ ომებზე და ომების ხმებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.

8. აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.

 
წინასწარუწყება ტანჯვაზე. ცრუწინასწარმეტყველნი

9. „თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.

10. ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.

11. როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.

12. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.

13. მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომე მოითმენს, გადარჩება.

14. როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს იქ, სადაც არ ხამს, იუდეაში მყოფმა მთებს მიაშუროს;

15. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შევა შინ რაიმეს გამოსატანად;

16. ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის გამოსატანად,

17. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!

18. ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს,

19. ვინაიდან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და აღარც არასოდეს იქნება.

20. უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია.

21. მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, არ ერწმუნოთ.

22. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ.

23. თქვენ კი გაფრთხილდით. წინასწარ გითხარით ყველაფერი. 24. მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს.

25. იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები.

26. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით.

27. მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.

 
იფხიზლეთ და ილოცეთ

28. „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული.

29. ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი.

30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.

31. ცა და მიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.

32. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

33. იფრთხილეთ, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.

34. როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა,

35. ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი - საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას,

36. რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ.

37. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“.

 
თავი 14
იესოს ცხება ძვირფასი ნელსაცხებლით

1. ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკვრობით და მოეკლათ.

2. და ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო.

3. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, და ინახად იჯდა, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონის ჭურჭლით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი ძვირად ღირებული ნარდისა. და გატეხა მან ალებასტრონი და თავზე დაასხა მას.

4. იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელიო?

5. ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება? და კიცხავდნენ მას.

6. იესომ თქვა: „მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო.

7. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. 8. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად.

9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მის მოსაგონებლად“.

 
ბოლო სერობა. პური და ღვინო

10. იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი.

11. მათ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.

12. უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავი იკვლებოდა, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“

13. გაგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას

14. სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: �მოძღვარმა თქვა: სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, ჩემს მოწაფეებთან ერთად რომ ვჭამო პასექი? �

15. ის გიჩვენებთ ზემოთვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს. იქ მოგვიმზადეთ“.

16. და გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი.

17. რომ მოსაღამოვდა, თორმეტთან ერთად მოვიდა იგი.

18. როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე“.

19. ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: „მე ხომ არა ვარ?“

20. მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი.

21. რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო“.

22. როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ - ეს ჩემი სხეულია!“

23. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ.

24. უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.

25. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში“.

 
წინასწარუწყება პეტრეს მიერ უარყოფაზე

26. იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.

27. უთხრა მათ იესომ: „ყველანი ცდუნდებით, ვინაიდან დაწერილია: „დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან ცხვრები“.

28. ხოლო ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში“.

29. პეტრემ უთხრა მას: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა!“

30. უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ“.

31. ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: თუნდაც რომ მოვკვდე შენთან ერთად, არ უარგყოფო. ასევე ამბობდნენ სხვებიც.

 
გეთსიმანიაში ლოცვა

32. მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვლოცულობ“.

33. და წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. და იწყო წუხილი და ურვა.

34. უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ“.

35. ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი. 36. თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც - შენ“.

37. მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „სიმონ, გძინავს? ვერ შესძელი, ერთ საათს გეფხიზლა?

38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური“.

39. კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა.

40. მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ; და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.

41. და მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ.

42. ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი“.

 
გაცემა იუდას მიერ. მოწაფეების გაფანტვა

43. კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან, მწიგნობართაგან და უხუცესთაგან.

44. მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ“.

45. როცა მოვიდა, მყისვე მიეჭრა მას და უთხრა: „რაბი!“ და ეამბორა.

46. მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი.

47. ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.

48. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „განა ავაზაკი ვარ, მახვილებითა და კეტებით რომ მოხვედით ჩემს შესაპყრობად?

49. ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ, დაე, აღსრულდეს წერილები“.

50. და მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ.

51. ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი.

52. შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.

 
იესო სინედრიონის წინაშე. პეტრეს მიერ უარყოფა

53. მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა.

54. პეტრე შორიდან მიჰყვებოდა მას, თვით მღვდელმთავრის ეზომდე, და დაჯდა მსახურებთან და ცეცხლს მიეფიცხა.

55. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ.

56. მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

57. ზოგნი წამოდგნენ და ცილს წამებდნენ მას, ამბობდნენ:

58. ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა: მე დავანგრევ ამ ხელითქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო.

59. მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. 60. დადგა მღვდელმთავარი შუაზე და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“

61. ის დუმდა და არაფერს პასუხობდა. კვლავ ჰკითხა მას მღვდელმთავარმა: „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?“

62. იესომ თქვა: „მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს“.

63. მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „რაღად გვინდა მოწმენი?

64. თქვენ მოისმინეთ გმობა. რას იტყვით?“ მაშინ ყველამ დასდო მსჯავრი მას, როგორც სიკვდილის თანამდებს.

65. ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება; სახე დაუბურეს და სცემდნენ, და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო, და მსახურნი სილას აწნავდნენ.

66. როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი.

67. დაინახა ცეცხლს მიფიცხებული პეტრე, დააკვირდა და უთხრა: „შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი“.

68. მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობო. და პეტრე გავიდა ეზოს გარეთ, და იყივლა მამალმა.

69. მხევალმა დაინახა იგი და კვლავ უთხრა იქ მდგომებს: ესეც იმათთაგანიაო.

70. მან კვლავ უარყო. მცირეხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი ხარ, კილოზეც გეტყობა“.

71. და დაიწყო მან თავის წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზეც მელაპარაკებითო.

72. მყისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გაახსენდა და ატირდა.

 
თავი 15
იესო პილატეს წინაშე

1. მყისვე დილაადრი ანად მღვდელმთავრებმა უხუცესებთან, მწიგნობრებთან და მთელ სინედრიონთან ერთად მოითათბირეს და შეკრეს იესო, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს.

2. და ჰკითხა მას პილატემ: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ“.

3. მღვდელმთავარნი ბევრ რამეს აბრალებდნენ მას.

4. პილატემ კვლავ ჰკითხა მას: „არაფერს უპასუხებ? ხედავ, რამდენს გაბრალებენ?“

5. მაგრამ იესო აღარაფერზე პასუხობდა და ეს აოცებდა პილატეს.

6. დღესასწაულზე იგი უთავისუფლებდა ხოლმე მათ ერთ პატიმარს, ვისზეც სთხოვდნენ.

7. და იყო ვინმე ბარაბად წოდებული, მეამბოხეებთან ერთად შებორკილი, რომელთაც ამბოხისას მკვლელობა ჩაედინათ.

8. ავიდა ხალხი და დაუწყო იმის თხოვნა, რასაც იგი ჩვეულებისამებრ უსრულებდა მათ.

9. პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“

10. ვინაიდან იცოდა, რომ მღვდელმთავრებმა შურით გადასცეს იგი.

11. მაგრამ მღვდელმთავრებმა ააგულიანეს ბრბო, რომ ბარაბა გაეთავისუფლებინა მათთვის.

12. პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა: „რაღა ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?“

13. მათ კვლავ იყვირეს: „ჯვარს აცვი იგი!“

14. პილატემ უთხრა მათ: „რა ბოროტება ჩაიდინა?“ მაგრამ ისინი უფრო მეტად აყვირდნენ: „ჯვარს აცვი იგი!“

15. პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.

 
გოლგოთა

16. ჯარისკაცებმა შეიყვანეს იგი იმ ეზოს შიგნით, ანუ პრეტორიაში, და შეკრიბეს მთელი რაზმი.

17. შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს ეკლისგან დაწნული გვირგვინი.

18. და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“

19. ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს.

20. როცა შეურაცყვეს, გახადეს ძოწეული და მისივე ტანსაცმელი ჩააცვეს, და გამოიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.

21. აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფუსის მამა, რომელიც მინდვრიდან მოდიოდა, ეზიდა მისი ჯვარი.

 
ჯვარზე სიკვდილი და მისი მოწმეები

22. და მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.

23. და მიაწოდეს მას მურნარევი ღვინო დასალევად, მაგრამ არ მიიღო.

24. და ჯვარს აცვეს და გაიყვეს მისი სამოსელი წილის ყრით - ვის რა ერგებოდა.

25. მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი.

26. იყო წარწერილი წარწერა მისი ბრალდებისა: „მეფე იუდეველთა“.

27. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.

28. და აღსრულდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: „ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხა“.

29. გამვლელები თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას და ამბობდნენ: „ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო,

30. იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან!“

31. ასევე მღვდელმთავარნი, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია“.

32. ქრისტე, მეფე ისრაელისა, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ“. მასთან ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.

33. მეექვსე საათზე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე.

34. მეცხრე საათზე შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი?“ რაც ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?

35. იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: აჰა, ელიას უხმობსო იგი.

36. ერთი ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა დასალევად, თან ამბობდა: აბა, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის ჩამოსახსნელადო.

37. იესომ ხმამაღლა შესძახა და სული განუტევა.

38. და ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო, თავიდან ბოლომდე.

39. როცა მის წინაშე მდგომმა ასისთავმა დაინახა, რომ ასე შესძახა და განუტევა სული, თქვა: „ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო ეს კაცი“.

40. აქ იყვნენ ქალებიც, რომლებიც შორიდან უმზერდნენ. მათ შორის მარიამ მაგდალელიც, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე,

41. რომელნიც მაშინ, როცა ის გალილეაში იყო, თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ასევე მრავალი სხვაც, რომლებიც მასთან ერთად ამოვიდნენ იერუსალიმს.

 
იესოს დაკრძალვა

42. როცა მოსაღამოვდა, რაკი იყო პარასკევი, ანუ შაბათის წინადღე,

43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა გამოჩენილი წევრი, რომელიც თავადაც მოელოდა ღვთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.

44. პილატეს გაუკვირდა, რომ იგი უკვე მკვდარი იყო. დაუძახა ასისთავს და ჰკითხა: „დიდი ხანია მოკვდა?“

45. ეს რომ შეიტყო ასისთავისაგან, უბოძა იოსებს გვამი.

46. და მან იყიდა ტილო, გარდმოხსნა იგი, შემოახვია ტილო და დაასვენა სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაგორა სამარხის კარზე.

47. მარიამ მაგდალელმა და მარიამმა, - იესოს დედამ - დაინახეს, სადაც დაასვენეს იგი.

 
თავი 16
ქალები ცარიელ სამარხთან

1. შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს სურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.

2. შვიდეულის პირველ დღეს, დილაადრიანად მივიდნენ სამარხთან, მზის ამოსვლისას.

3. ერთმანეთში ამბობდნენ: ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?

4. გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ძალიან დიდი კი იყო.

5. და შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსლით შემოსილი, და შეშფოთდნენ.

6. მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს.

7. მაგრამ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვით იგი გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის“.

8. გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან აცახცახებული და თავზარდაცემულნი იყვნენ. არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.

 
იესო ევლინება მოწაფეებს

9. შვიდეულის პირველ დღეს ადრე აღმდგარი პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა.

10. ისიც წავიდა და შეატყობინა მათ, ვინც მასთან იყვნენ ხოლმე - მგლოვიარეთ და მოტირალთ.

11. ხოლო მათ, როცა მოისმინეს, რომ ცოცხალია და მარიამმა იხილა იგი, არ ირწმუნეს.

12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, როცა დაბისკენ მიდიოდნენ.

13. ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც ამათი ირწმუნეს.

14. მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.

15. უთხრა მათ: „მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას.

16. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება.

17. ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ,

18. ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი“.

 
ამაღლება

19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღვთის მარჯვნივ.

20. ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი სასწაულებით. ამინ.