თავი 1
იესოს წარმოშობა

1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.

2. აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;

3. იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;

4. რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;

5. სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბ ოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.

6. იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.

7. სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.

8. ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;

9. ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;

10. ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;

11. იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;

12. ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;

13. ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;

14. ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;

15. ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;

16. იაკობმა შვა ი ოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.

17. ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე თოთხმეტი თაობა.
 
იესოს შობა

18. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;

19. ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.

20. როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.

21. შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.

22. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

23. „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“.

24. სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.

25. და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.

 
თავი 2
მოგვები აღმოსავლეთიდან

1. როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს:

2. „სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“.

3. ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.

4. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე.

5. მათ კი უთხრეს მას: „იუდეის ბეთლემში. ვინაიდან ასეა დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ:

6. „და შენ, ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის; ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს, ისრაელს“.

7. მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.

8. წარგზავნა ისინი ბეთლემს, და უთხრა: „წადით, გულმოდგინედ გამოიკითხეთ იმ ყრმის ამბავი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანი ვცე მას“.

9. მათაც მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო.

10. ვარსკვლავი რომ დაინახეს, მათ მეტისმეტი სიხარულით გაიხარეს.

11. როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

12. და რაკი სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდეს თან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.

13. როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი“.

 
ეგვიპტეში გაქცევა

14. ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს.

15. და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბ ობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“.

 
ყრმათა ამოჟლეტა

16. ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია.

17. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:

18. „ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი“.

 
ეგვიპტიდან დაბრუნება

19. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ კი, აჰა, ეგვიპტეში იოსებს სიზმრად გამოეცხადა უფლის ანგელოზი

20. და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ“.

21. ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედამისი და მივიდა ისრაელის ქვეყანაში.

22. ხოლო როცა გაიგო, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში, მამამისის, ჰე როდეს, ნაცვლად შეეშინდა იქ წასვლისა, მაგრამ სიზმრად მიიღო გაფრთხილება და წავიდა გალილეის მხარეში,

23. მივიდა და დასახლდა ნაზარეთად წოდებულ ქალაქში, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომ მას ნაზარეველი დაერქმეოდა.

 
თავი 3
იოანე ნათლისმცემლის ქადაგება

1. იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში.

2. ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.

3. ვინაიდან ეს არის ის, ვისზეც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები“.

4. თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო საზრდოდ ჰქონდა კალიები და ველური თაფლი.

5. მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი იორდანეს სანახები.

6. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.

7. როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით?

8. მაშ, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი

9. და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ჩვენ მამა დ აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.

10. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.

11. მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით.

12. მისი ნიჩაბი მის ხელთაა. ის გაწმედს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით“.

 
ნათლისღება

13. მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო.

14. ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“

15. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება“. მაშინ მიუშვა იგი.

16. ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.

17. აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“.

 
თავი 4
იესოს გამოცდა

1. მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად.

2. ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა.

3. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ“.

4. ხოლო მან მი უგო და უთხრა: „დაწერილია, რომ „‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“

5. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე.

6. უთხრა მას: „თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“.

7. უთხრა მას: „ასევე.დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“.

8. ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება.

9. უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ“.

10. მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“.

11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.

12. გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას.

13. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში,

14. რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის, რომელიც ამბობს:

15. „ზებულუნის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა.

16. ხალხმა, რომელიც ბნელში ისხდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ“.

17. იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“.

 
სიმონის, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება

18. როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.

19. უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით“.

20. მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.

21. იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ.

22. მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.

 
ქადაგება და კურნება გალილეაში

23. და მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში.

24. მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ.

25. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან და იუდეადან და იორდანეს გაღმიდან.

 
თავი 5
ქადაგება მთაზე

1. დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები.

2. მან გახსნა ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

3. „ნეტარ არიან ღარიბნი სულით, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.

4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

6. ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერმწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.

7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან.

8. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან.

10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა.

11. ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო.

12. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

 
თქვენ ხართ მარილი. თქვენ ხართ ნათელი

13. თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად.

14. თქვენ სოფლის ნათელი ხართ. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

15. სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში.

16. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად

17. არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.

18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.

19. ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც ასრულებს და ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში.

20. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

 
მრისხანებაზე და მკვლელობაზე

21. თქვენ გსმენიათ, უთქვამთ ძველებისთვის: „არა კლა! ვინც მოკლავს სასჯელის თანამდები იქნება“.

22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო რომელიც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება.

23. ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენ დება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს მიმართ,

24. მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი.

25. შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად გზას ადგახარ, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში.

26. ჭეშმარიტად გეუბნები შენ: იქიდან ვერ გამოხვალ, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.

 
გულისთქმით შეხედვა

27. გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“.

28. მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

29. თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.

30. თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარეს.

 
გაყრისათვის

31. ასევე ნათქვამია: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა“.

32. მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.

33. კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველების თვის: „არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე“.

34. მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი.

35. არც ქვეყანა, რადგან მის ფერხთა კვარცხლბეკია იგი. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.

36. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია.

37. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: „ჰო“ ჰო! „არა“ არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა.

 
თვალი თვალისა წილ. მეორე ლოყაც

38. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“.

39. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.

40. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას.

41. ვინც ერთ ათას ნაბიჯზე წაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი.

42. ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.

 
შეიყვარეთ თქვენი მტრები

43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი“.

44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით.

45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.

46. ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?

47. თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?

48. მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.

 
თავი 6
სწავლება მოწყალებისათვის

1. ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან.

2. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

3. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.

4. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.
 
ლოცვისათვის

5. როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, რათა ხალხს თავი მოაჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

6. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი. და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.

7. ხოლო ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს წარმართებივით, ვინაიდან მათ ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილ იქნებიან.

8. ნუ მიბაძავთ მათ, ვინაიდან თქვენმა მამამ იცის, რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ.

 
მამაო ჩვენო

9. თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.

10. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.

12. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა.

13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ.

14. ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.

15. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

 
მარხვისათვის

16. ასევე როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი. ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

17. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი,

18. რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს.

19. ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

20. დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

21. ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.

 
თვალი სანთელია

22. სხეულის სანთელი თვალია. ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.

23. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რამდენად დიდი იქნება?

 
ორი ბატონის სამსახური

24. არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.

25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?

26. შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?

27. რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?

28. სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.

29. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.

30. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

31. ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო?

32. ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს.

33. თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ.

34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი.

 
თავი 7
წველი და დირე

1. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ.

2. ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ.

3. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?

4. ანდა როგორ ეტყვი შენს ძმას: მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველიო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!

5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან.

6. ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.

 
ეძებეთ და იპოვით

7. ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.

8. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, ვინც ეძებს პოულობს და ვინც რეკავს, გაეღება.

9. არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს?

10. ანდა თევზი სთხოვს და გველი მიაწოდოს?

11. ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.

12. ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი.

 
როგორც ვიწრო გზა სიცოცხლისაკენ

13. შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე.

14. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას.

 
ცრუწინასწარმეტყველი ნაყოფით იცნობა

15. ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.

16. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან ყურძენს კრეფენ ან კუროსთავიდან ლეღვს?

17. ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.

18. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც ცუდ ხეს - კარგი ნაყოფის გამოღება.

19. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.

20. ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.

 
არა ყველა, რომელიც მეუბნება: „უფალო, უფალო!“

21. ყველა, ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო!“ როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.

22. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?“

23. მაშინ მე განვუცხადებ მათ: „მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო“.

 
გონიერი და უგუნური მშენებლები

24. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა.

25. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.

26. ხოლო ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს, ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.

27. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, და ის დაეცა, და ძალზე დიდი იყო მისი დაცემა“.

 
როგორც ხელმწიფების მქონე

28. როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული დარჩა მისი მოძღვრებით.

29. ვინაიდან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.

 
თავი 8
კეთროვნის განკურნება

1. მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა მას უკან.

2. აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეძლებ ჩემს განწმედას“.

3. და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „განიწმიდე!“ და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან.

4. და უთხრა მას იესომ: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათთვის დასამოწმებლად“.

 
ასისთავის მსახურის განკურნება

5. როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა

6. და უთხრა: „უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება“.

7. უთხრა მას: „მე მოვალ და განვკურნავ მას“.

8. მიუგო ასისთავმა და უთხრა: „უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.

9. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: წადი-მეთქი და მიდის. სხვას: მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთემეთქი ეს! და აკეთებს“.

10. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.

11. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში.

12. ხოლო სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის ბნელში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა“.

13. და უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და, როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს“. და იმავე საათში განიკურნა მისი მსახური.

 
პეტრეს სიდედრის განკურნება

14. იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.

15. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ.

16. როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა.

17. რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი“.

18. თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა იესომ, უბრძანა გაღმა გასულიყვნენ.

19. მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: „მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ“.

20. იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი“.

21. ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“.

22. იესომ კი უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ“.

 
ზღვის დაწყნარება

23. ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ.

24. და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა.

25. და მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით“.

26. და უთხრა მათ: „რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო?“ მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.

27. ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან?“

 
ორი ეშმაკეულის განკურნება

28. როცა გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში, მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ ისეთი მძვინვარენი, რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.

29. და აჰა, მორთეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“

30. მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი.

31. ეშმაკები შეევედრნენ მას: „თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი“.

32. უთხრა მათ: „წადით!“ ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა.

33. მწყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ.

34. და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და, რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.

 
თავი 9
დავრდომილის განკურნება

1. და ჩაჯდა ნავში, გაღმა გავიდა და მივიდა თავის ქალაქში.

2. აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დავრდომილი. როცა იესომ იხილა მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს: „გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები“.

3. აჰა, ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა: „ღმერთსა გმობს ეს კაცი“.

4. იესომ დაინახა მათი ზრახვები და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?

5. რისი თქმა უფრო ადვილია: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ იმის თქმა: ადექი და გაიარე?

6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება აქვს, - ასე უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში“.

7. ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში.

8. ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.

 
მკურნალი სნეულებს სჭირდებათ

9. იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე, და უთხრა მას: „გამომყევი“. ისიც წამოდგა და გაჰყვა მას.

10. მოხდა ისე, რომ როცა ის სუფრასთან იჯდა სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და ჩამოჯდა იესოსა და მისი მოწაფეების გვერდით.

11. ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“

12. ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.

13. წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი“.

 
მარხვისათვის

14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“

15. უთხრა მათ იესომ: „განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ.

16. არავინ დააკერებს ძველ ტანისამოსს ახალთახალ ქსოვილის საკერებელს, ვინაიდან ახლად დაკერებული მოეხევა სამოსელს და უარესად გამოიხევა.

17. არც ახალ ღვინოს ჩაასხამენ ძველ ტიკებში, თორემ ტიკები დასკდება, ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც მოისპობა. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება“.

 
სისხლდენით გატანჯული ქალი

18. როცა მათ ამას ელაპარაკებოდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ესესაა მოკვდა, მაგრამ მოდი, შენი ხელი დაადე მას და გაცოცხლდება“.

19. წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც.

20. აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლისდენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას.

21. ვინაიდან თავისთვის ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.

22. ხოლო იესო მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა“. და ქალი იმავე ჟამს განიკურნა.

23. მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.

24. უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს“. და სასაცილოდ აიგდეს იგი.

25. როცა ხალხი გაიყვანეს, ის შევიდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და წამოდგა გოგონა.

26. და მთელ იმ მხარეს მოედო ეს ამბავი.

 
ორი ბრმის განკურნება

27. როცა იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა აედევნა. ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, დავითის ძეო!“

28. სახლში შესულს, მიადგნენ ბრმები და უთხრა მათ იესომ: „გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ უთხრეს მას: „კი, უფალო!“

29. მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!“

30. და აეხილათ მათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: „იცოდეთ, არავინ გაიგოს“.

31. მათ კი, როცა გავიდნენ, მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.

 
მუნჯის ალაპარაკება

32. ისინი რომ გავიდნენ, მოუყვანეს მას ეშმაკეული მუნჯი კაცი.

33. როცა ეშმაკი განიდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. გაკვირვებული ხალხი ამბობდა: ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარაო ისრაელში.

34. ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებსო.

 
სამკალი ბევრია

35. დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას.

36. ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი.

37. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი - ცოტა.

38. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“.

 
თავი 10
თორმეტის არჩევა

1. მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.

2. ესენია იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე,

3. ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი,

4. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

 
თორმეტის მივლინება

5. ეს თორმეტი მიავლინა იესომ, დაარიგა და უთხრა: „წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ.

6. არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.

7. როცა მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.

8. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.

9. ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით.

10. ნურც გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია.

11. რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ,

12. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: „მშვიდობა ამ სახლს!“

13. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას. ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ.

14. ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, ჩამოიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან.

15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.

 
ცხვრები მგლებს შორის

16. აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.

17. მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ.

18. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.

19. ხოლო როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, ვინაიდან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.

20. ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.

21. ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.

22. ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.

23. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა.

24. მოწაფე მოძღვარზე მეტი არაა, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.

25. საკმარისია მოწაფისათვის ისეთი იყოს, როგორც მისი მოძღვარია და მონისათვის - როგორც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს არა?

26. ამიტომ ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.

27. რასაც თქვენ სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ყურით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.

 
ნუ გეშინიათ მათი

28. ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავენ, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.

29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.

30. ხოლო თქვენ თავზე თმებიც კი დათვლილია.

31. ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

 
ქრისტეს აღიარება და უარყოფა

32. ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

33. ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

34. ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.

35. რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისაგან, ასული - თავის დედისაგან და რძალი - თავის დედამთილისაგან.

36. კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან.

37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი.

38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.

39. თავისი სულის მომპოვებელი, დაღუპავს მას, ხოლო თავისი სულის ჩემს გამო დამღუპველი, ჰპოვებს მას.

 
ვინც მე მღებულობს

40. ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს, ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.

41. ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.

42. ვინც შეასმევს ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს, მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური“.

 
თავი 11
იოანე ნათლისმცემლის შეკითხვა

1. როცა დაამთავრა იესომ თავისი თორმეტი მოწაფის დარიგება, წავიდა იქიდან მათ ქალაქებში დასამოძღვრად და საქადაგებლად.

2. ხოლო იოანემ საპყრობილეში გაიგო ქრისტეს საქმენი და თავისი მოწაფეები გაუგზავნა,

3. რომ ეთქვათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“

4. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ:

5. ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

6. ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში“.

 
იოანეს შეფასება იესოს მიერ

7. როცა ისინი მიდიოდნენ, იესომ დაუწყო ლაპარაკი ხალხს იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?

8. აბა, რისთვის გახვედით, ფაფუკად შემოსილი კაცის სანახავად? ფაფუკად შემოსილები მეფეთა სასახლეებში იმყოფებიან.

9. აბა, რისთვის გახვედით? წინასწარმეტყველის სანახავად? აბა, გეტყვით თქვენ: წინასწარმეტყველზე მეტისაც.

10. ვინაიდან ეს ის არის, ვისზედაც დაწერილია: „აჰა, მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე“.

11. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედაკაცთაგან ნაშობთა შორის არ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ცათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია.

12. იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.

13. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.

14. თუ მიღება გსურთ, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.

15. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!

16. მაგრამ ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? იგი წააგავს ბავშვებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და გასძახიან თავიანთ ამხანაგებს

17. და ეუბნებიან: „სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ იგლოვეთ“.

18. მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.

19. მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: „აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი“. სიბრძნე კი საქმეებით მართლდება“.

 
ვაი, შენ, ქორაზინო, ბეთსაიდავ და კაპერნაუმო

20. მაშინ იწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა მისი ძალნი, იმის გამო, რომ არ მოინანიეს.

21. „ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ.

22. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.

23. შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა.

24. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ“.

 
ბრძენთა და გონიერთათვის დაფარული, ჩვილებისათვის გაცხადებული

25. მაშინ თქვა იესომ: „გადიდებ, შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს.

26. ჰე, მამაო! ვინაიდან ასეთი იყო შენი ნება.

27. ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გამოუცხადოს.

28. მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

29. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.

30. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი“.

 
თავი 12
თავთავების წყვეტა შაბათ დღეს

1. იმხანად იესომ ყანებზე გადაიარა, შაბათ დღეს, ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა.

2. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას: „აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება“.

3. მან კი უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს?

4. როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პურები, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს, არამედ მხოლოდდამხოლოდ მღვდლებს?

5. ანდა არ ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები ტეხენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან?

6. თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.

7. რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: „წყალობა მნებავს და არა მსხვეპლი“, მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს.

8. ვინაიდან კაცის ძე შაბათის უფალიც არის“.

9. და წავიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში.

10. და აჰა, იყო იქ ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“

11. ხოლო მან უთხრა მათ: „რომელიმე თქვენთაგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?

12. ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება“.

13. მაშინ უთხრა იმ კაცს: „გაიწოდე შენი ხელი!“ მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.

14. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესომ შეიტყო და იქაურობას გაეცალა.

 
ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულება

15. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა,

16. და აუკრძალა მათ ამის გახმაურება.

17. რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს:

18. „აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს.

19. არ იდავებს და არც იყვირებს, და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.

20. გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს

21. და მის სახელს მიენდობიან წარმართები“.

 
ფარისეველების მიერ იესოს შეურაცხყოფა

22. მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.

23. მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: „ნუთუ ეს დავითის ძეა?“

24. ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.

 
იესო ამხილებს ფარისევლებს

25. იესომ როცა დაინახა მათი ფიქრები, უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაუდაბურდება, და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც გაიყოფა თავისთავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს.

26. და თუ სატანა სატანას სდევნის, თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა: როგორღა გაძლებს მისი სამეფო?

27. თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.

28. თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი.

29. ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და მაშინ გაძარცვავს მის სახლს.

30. ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.

31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.

32. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში.

 
ხე ნაყოფით იცნობა

33. „ან ხეც კარგად სცანით და მისი ნაყოფიც, ან ხეც ცუდად სცანით და მისი ნაყოფიც, ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა.

34. იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.

35. კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.

36. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.

37. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები“.

 
იონას სასწაული

38. მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა: „მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან“.

39. ხოლო მან მიუგო პასუხად: „ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.

40. ვინაიდან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.

41. ნინევიელები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი.

42. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, ვინაიდან იგი მიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.

 
არაწმიდა სული და დასუფთავებული სახლი

43. როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის ურწყულებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს.

44. მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,

45. მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დაისადგურებენ იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც“.

 
იესოს დედა და ძმები

46. როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას.

47. ვიღაცამ უთხრა მას: „აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ“.

48. მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“

49. ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: „აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები;

50. ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“.

 
თავი 13
იგავი მთესველზე

1. იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას.

2. დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან, ისე რომ იგი შევიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.

3. ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: „აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.

4. თესვისას ზოგი მარცვალი გზისპირას დავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი.

5. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა.

6. ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.

7. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა. გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი.

8. ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.

9. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!“

10. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“

11. მან პასუხად უთხრა მათ: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ცათა სასუფევლის საიდუმლოებათა, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული.

12. ვინაიდან, ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს.

13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან.

14. სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: „სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.

15. რადგან დაეხშო ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ. გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი“.

16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ.

17. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.

 
იგავის განმარტება

18. ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველის იგავი.

19. ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და ვერ ხვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს: აი, რას ნიშნავს გზისპირას დათესილი.

20. ხოლო კლდოვანზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას,

21. მაგრამ ფესვები არა აქვს თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება გასაჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.

22. ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება.

23. ხოლო, კარგ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება, და სწორედ ის არის ნაყოფიერი. და ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“.

 
იგავი ხორბლისა და ღვარძლისა

24. სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში.

25. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა.

26. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.

27. მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: „ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი?“

28. მან კი უთხრა მათ: „მტერმა კაცმა გააკეთა ეს“. ხოლო მონებმა უთხრეს მას: „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ?“

29. მან თქვა: „არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ.

30. დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ“.

 
მდოგვის მარცვალზე

31. სხვა იგავი მიაწოდა მათ და უთხრა: „ცათა სასუფეველი წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში.

32. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა იზრდება, ყოველ მწვანილეულზე დიდია და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებში პოულობენ თავშესაფარს“.

 
საფუარზე

33. მერე სხვა იგავი უთხრა მათ: „ცათა სასუფეველი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და დაფარა სამ წყვა ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა“.

34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა.

35. რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „იგავებით გავხსნი ჩემს პირს. ვიტყვი, რაც დასაბამიდან დაფარულია“.

36. მაშინ გაუშვა იესომ ის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი“.

 
ყანის და ღვარძლის იგავის განმარტება

37. მან მიუგო და უთხრა: „კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა.

38. საყანე კი სოფელია. კეთილი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - ბოროტის ძენი.

39. ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი. მკა კი არის სოფლის აღსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან.

40. ამიტომ, როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება სოფლის დასასრულს.

41. ვინაიდან მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს, 42. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.

43. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან თავიანთი მამის სასუფეველში. ვისაც ყურები აქვს, ისმინოს!

 
მინდორში დაფარული განძი

44. ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს.

45. კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს.

46. როცა წააწყდება ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იმას შეიძენს.

 
ზღვაში გადაგდებული ბადე

47. კიდევ: ცათა სასუფეველი წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი სახის თევზს იჭერენ.

48. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე, მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან.

49. ასევე იქნება სოფლის აღსასრულის დროს: გამოვლენ ანგელოზები და განაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან.

50. და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.

51. თუ გაიგეთ ყოველივე ეს?“ - დიახო, - მიუგეს მას.

52. მან კი უთხრა მათ: „ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი“.

 
წინასწარმეტყველის უპატივცემულობა

53. იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გაეცალა.

54. მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ თავიანთ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ეს სიბრძნე და სასწაულები?

55. განა ეს ხუროს ძე არ არის? დედამისს განა მარიამი არა ჰქვია, მის ძმებს კი - იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?

56. განა მისი დები ყველანი ჩვენს შორის არ არიან? საიდან აქვს ამას ყოველივე ეს?“

57. და შებრკოლდნენ მის გამო. იესომ კი უთხრა მათ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა“.

58. და არ მოუხდენია იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.

 
თავი 14
ნათლისმცემლის თავისმოკვეთა

1. იმ დროს ესმა ჰეროდეს - ტეტრარქს - იესოს ამბავი.

2. და უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ სასწაულნი მოქმედებენ მასში“.

3. ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას, გამო.

4. ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას: შენთვის ნებადართული არ არის მისი ყოლა.

5. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.

6. ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს.

7. ამიტომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რაც არ უნდა ეთხოვა.

8. ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: „მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი“.

9. და შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა.

10. და წარგზავნა და იოანესათვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში.

11. და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა.

12. და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და აუწყეს იესოს.

 
ხუთი ათასი კაცის გაძღება

13. ეს რომ იესომ მოისმინა, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და ეს რომ ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან.

14. გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.

15. როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის“.

16. იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით საჭმელი“.

17. მათ უთხრეს: „ჩვენ აქ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს“.

18. მან უთხრა: „აქ მომიტანეთ“.

19. და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს.

20. ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი.

21. მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.

 
წყალზე სიარული

22. და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა.

23. როცა გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ.

24. ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო.

25. ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით.

26. მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს.

27. მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“

28. მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ“.

29. უთხრა: „მოდი!“ პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო.

30. მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“

31. იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“

32. როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა.

33. ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ“.

 
გენესარეთის ქვეყანაში სნეულთა განკურნება

34. გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.

35. იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი, წარგზავნეს მთელს იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი.

36. და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა.

 
თავი 15
უხუცესთა ჩვეულება და ღვთის სიტყვა

1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს:

2. „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ“.

3. მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო?

4. ვინაიდან ღმერთმა თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს“.

5თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო,

6. ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით.

7. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა:

8. „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“.

9. ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან“.

10. მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: „ისმინეთ და შეიგნეთ:

11. ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს“.

12. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: „იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით დაბრკოლდნენ?“

13. მან პასუხად უთხრა: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.

14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან“.

15. პეტრემ პასუხად უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი“.

 
გულიდან ამოდის

16. ხოლო მან უთხრა: „ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ?

17. არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის?

18. პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს.

19. ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.

20. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს“.

 
ქანაანელი ასულის განკურნება

21. გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში.

22. და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა! ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია“.

23. სიტყვაც არ გაუცია მას. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „გაუშვი იგი, რადგან მოგვყვირის ის ჩვენ“.

24. მან მიუგო და უთხრა: „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან“.

25. დედაკაცი კი მიუახლოვდა, თაყვანი სცა მას და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“

26. მან მიუგო და უთხრა: „არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო“.

27. დედაკაცმა უთხრა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა“.

28. მაშინ იესომ პასუხად უთხრა: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს“. და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი.

 
ბევრის განკურნება და ოთხი ათასი კაცის გაძღება

29. წავიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვასთან, ავიდა მთაზე და დაჯდა იქ.

30. მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი.

31. ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.

32. იესომ კი მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ“.

33. უთხრეს მას მოწაფეებმა: „უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?“

34. უთხრა მათ იესომ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი და მცირეოდენი თევზი“.

35. და უბრძანა ხალხს, რომ მიწაზე დამსხდარიყვნენ.

36. აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლი შესწირა, დატეხა და დაურიგა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს.

37. ყველამ ჭამა და გაძღა. ნარჩენი ნატეხებისაგან კი შვიდი სავსე კალათა აკრიფეს.

38. მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.

39. და გაუშვა ხალხი. ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას ადგილებში.

 
თავი 16
დროის და ნიშნის გამოცნობა

1. მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ციდან.

2. მან მიუგო და უთხრა მათ: „საღამოხანს თქვენ ამბობთ: ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან ცა წითელიაო;

3. დილით კი - დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა?

4. ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა“. და მიატოვა ისინი და წავიდა.

 
ფარისეველთა საფუარი

5. გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ.

6. და იესომ უთხრა მათ: „იხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს“.

7. ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: პური არ წამოგვიღიაო.

8. იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: „რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?

9. ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პური და რამდენი გოდორი აიღეთ?

10. აღარც ოთხი ათასის შვიდი პური და რამდენი კალათი აიღეთ?

11. რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?“

12. მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.

 
ქრისტე - ცოცხალი ღვთის ძე

13. ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მიდიოდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“

14. მათ უთხრეს: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი - ელიაო და ზოგი - იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო“.

15. უთხრა მათ: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“

16. სიმონ-პეტრემ უთხრა მას პასუხად: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“.

17. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ცაშია.

18. მეც გეუბნები შენ: შენა ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.

19. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“.

20. მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის ქრისტეა.

21. მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.

22. პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“

23. ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკობ, არამედ კაცისაზე“.

 
იესო მოუწოდებს თავის მიმდევრებს

24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.

25. ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას.

26. რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?

27. ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით.

28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს“.

 
თავი 17
ფერისცვალება

1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.

2. და ფერი იცვალა მათ წინაშე: გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი გასპეტაკდა როგორც ნათელი.

3. და აჰა, გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი.

4. უთხრა პეტრემ იესოს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას“.

5. ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“

6. ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვე დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ.

7. იესო მიუახლოვდა, და შეეხო მათ და უთხრა: „წამოდექით და ნუ გეშინიათ“.

8. თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი.

9. და როცა მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: „არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება“.

10. ჰკითხეს მას მოწაფეებმა: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?“

11. ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ელია ნამდვილად მოვა და ყოველივეს მოაწესრიგებს.

12. თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა“.

13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდათ.

 
მთვარეულის განკურნება

14. და როცა ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე

15. და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება“.

16. მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება.

17. მიუგო იესომ და უთხრა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!“

18. შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ყმაწვილი.

19. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: „ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?“

20. მან უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

21. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება“.

22. გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: „კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში,

23. მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება“. ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ.
სატაძრო ხარკისათვის

24. კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“

25. მან უთხრა: კიო. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: „რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს - თავიანთ ძეთაგან, თუ უცხოთაგან?“

26. როცა თქვა: „უცხოთაგან“, იესომ უთხრა მას: „აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან.

27. მაგრამ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე იგი, და მიეცი ჩემთვის და შენთვის“.

 
თავი 18
როგორც ბავშვები

1. იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: „ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?“

2. იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა,

3. და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

4. ამრიგად, ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში.

5. და ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიმიღებს.

6. ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ.

7. ვაი სოფელს ცდუნებებისაგან, ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება.

8. თუ გაცდუნებს შენი ხელი ან შენი ფეხი, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს დასახიჩრებული ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში.

9. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში.

10. იცოდეთ, არ უგულებელყოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში სულმუდამ ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.

11. ვინაიდან კაცის ძე დაღუპულის სახსნელად მოვიდა.

 
გზააბნეული ცხვარი

12. „რა გგონიათ თქვენ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა მთებში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?

13. თუ მოხდება და იპოვის მას, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს იმაზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.

14. ასევე არ სურს თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.

 
შემცოდე ძმა

15. „ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.

16. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა.

17. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე.

18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.

 
სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით

19. „ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორნი თქვენგან შეთანხმდებიან დედამიწაზე, ითხოვონ ნებისმიერი რამ, მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია.

20. ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქა ვარ მათ შორის“.

 
მოწყალე მეფე და უმოწყალო მონა

21. მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?“

22. უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერმეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.

23. ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი კაცსა მეფესა, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისათვის ანგარიშის გასწორება.

24. როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი.

25. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც კი ებადა, და გადაეხადა.

26. მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.

27. ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.

28. ამ მონას გამოსვლისთანავე შეხვდა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.

29. პირქვე დაემხო თანამონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.

30. მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს არ გადაუხდიდა.

31. მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი.

32. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: „ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.

33. განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?“

34. განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს არ გადაუხდიდა.

35. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს“.

 
თავი 19
საბაბი გაყრისათვის

1. ეს სიტყვები რომ დაასრულა იესომ, წავიდა გალილეიდან და მივიდა იუდეის საზღვრებში, იორდანეს გაღმა.

2. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ის კურნავდა მათ იქ.

3. და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსცდიდდნენ და ეკითხებოდნენ: „შეუძლია კაცს გაუშვას თავისი ცოლი ყოველგვარი მიზეზით?“

4. მან მიუგო და უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?

5. და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად“.

6. ამრიგად, ისინი უკვე ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“.

7. უთხრეს მას: „აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრილობის წერილის მიცემა და გაშვება?“

8. უთხრა მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.

9. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს“.

10. უთხრეს მას მოწაფეებმა: „თუკი ასეთი არის კაცის მოვალეობა ქალის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი“.

11. უთხრა მათ: „ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.

12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც თავიანთი დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად, და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს. არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის. ვისაც შეუძლია დატევა, დაიტიოს“.

 
იესო ლოცავს ბავშვებს

13. მაშინ მიიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მათ.

14. იესომ უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან ამათნაირებისაა ცათა სასუფეველი“.

15. და დაადო მათ ხელი და წავიდა იქიდან.

 
საუკუნო სიცოცხლე. მდიდარი ჭაბუკი

16. აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: „მოძღვარო კეთილო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?“

17. მან უთხრა მას: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია, ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, დაიცავი მცნებები“.

18. ჰკითხა მას: „რომლები?“ იესომ უთხრა: „არა კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ,

19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

20. ჭაბუკმა მას უთხრა: „ყოველივე ამას ვიცავდი. რაღა მაკლია კიდევ?“

21. უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი“.

22. ეს სიტყვა რომ მოისმინა ჭაბუკმა, დაღონებული განშორდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.

23. იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა.

24. კიდევ გეუბნებით თქვენ: უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“.

25. ეს რომ მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ მის მოწაფეებს, და თქვეს: „აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?“

26. გადახედა მათ იესომ და უთხრა: „კაცთაგან ეს შეუძლებელია, ღვთისაგან კი ყოველივე შესაძლებელია“.

27. მაშინ პეტრემ პასუხად უთხრა მას: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, რა გვექნება?“

28. იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.

29. ყველა, ვინც მიატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები, ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.

30. მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი - პირველნი.

 
თავი 20
იგავი ვენახის მუშაკებზე

1. „ვინაიდან ცათა სასუფეველი წააგავს ადამიანს - სახლის პატრონს, რომელიც დილაადრიან გავიდა თავის ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად.

2. მუშაკებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.

3. მესამე საათი იქნებოდა, რომ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში უქმად მდგარნი.

4. უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთო. და ისინიც წავიდნენ.

5. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.

6. გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვა უქმად მდგომნი და უთხრა მათ: „რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?“

7. უთხრეს მას: „იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა“. უთხრა მათ: „წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ“.

8. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მოურავს: „დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე“.

9. მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.

10. პიველადმოსულებმა იფიქრეს, მეტს მივიღებთო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.

11. როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს,

12. ამბობდნენ: „ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე დავითმინეთ“.

13. მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: „მეგობარო, არ გაწყენინებ. განა დინარად არ მომირიგდი?

14. აიღე შენი გასამრჯელო და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.

15. არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?“

16. ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი - ცოტა“.

 
იესოს წინასწარმეტყველება თავის სიკვდილზე

17. იერუსალიმს რომ ადიოდა, იესომ თან გაიყოლა თორმეტნი განცალკევებით და უთხრა მათ გზაში:

18. „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღდელმთავრებსა და მწიგნობართ, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.

19. გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება“.

20. მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა, თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანსა სცემდა და რაღაცას ითხოვდა მისგან.

21. უთხრა მას: „რა გინდა?“ უთხრა მას: „თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე დასხდნენ ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში“.

22. მიუგო იესომ და უთხრა: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?“ უთხრეს მას: „შეგვიძლია“.

23. უთხრა მათ: „ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ“.

24. ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ორ ძმაზე.

25. იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე,

26. მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს.

27. ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.

28. ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“.

 
ორი ბრმის განკურნება

29. როცა ისინი იერიხოდან გამოდიოდნენ, დიდძალი ხალხი მისდევდა მას.

30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!“

31. ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“

32. იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“

33. უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო“.

34. შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. მყისვე აეხილათ და გაჰყვნენ მას.

 
თავი 21
იესოს შესვლა იერუსალიმში

1. როცა იერუსალიმს მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში მივიდნენ, ზეთისხილის მთასთან, იესომ გაგზავნა ორი მოწაფე.

2. უთხრა მათ: „წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა, და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ.

3. და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ“.

4. ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:

5. „უთხარით სიონის ასულს: „აჰა, შენი მეფე შენთან მოდის, მშვიდი და მჯდარი ვირზე და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე“.

6. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა.

7. მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, დაუფინეს ზედ თავიანთი სამოსლები და დაჯდა მათზე.

8. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.

9. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღვოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“

10. როცა ის შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა და ამბობდნენ: ეს ვინ არისო?

11. ხალხი კი ამბობდა: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან“.

 
ტაძრის გაწმედა. ბრმებისა და კოჭლების განკურნება

12. შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები.

13. უთხრა მათ: „დაწერილია: „ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება“, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!“

14. მივიდნენ მასთან ტაძარში ბრმები და კოჭლები და მან განკურნა ისინი.

15. როცა დაინახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასწაული, რომელიც მან მოახდინა, და ბავშვები, რომელნიც ტაძარში იძახდნენ და ამბობდნენ: ოსანა დავითის ძესო, გული მოუვიდათ.

16. უთხრეს მას: „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესომ უთხრა მათ: „ჰო! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: „ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება“.

17. და დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან ბეთანიაში და ღამე იქ გაათია.

 
ლეღვის ხის გახმობა

18. განთიადისას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.

19. გზაზე ერთი ლეღვის ხე დაინახა, მივიდა ახლოს და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა, და უთხრა მას: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე“. და მყისვე გახმა ლეღვი.

20. დაინახეს ეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: „რა უცბად გახმა ეს ლეღვი!“

21. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება.

22. ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“.

 
რომელი ხელმწიფებით

23. როცა ტაძარში შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: „რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“

24. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ მეც გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

25. საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან?“ ხოლო ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით: ზეციდანო, გვეტყვის, აბა, რატომ არ ერწმუნეთო მას?

26. თუ ვიტყვით: კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე“.

27. მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცითო. მანაც უთხრა მათ: „არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

 
იგავი ორ ძეზე

28. „აბა, რა გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: „შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში“.

29. მიუგო და უთხრა: „არ მინდა“. ბოლოს კი ინანა და წავიდა.

30. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა, მან კი პასუხად უთხრა: „წავალ, ბატონო“. მაგრამ არ წავიდა.

31. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?“ უთხრეს: „პირველმა“. უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში.

32. ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟეები და მეძავები ერწმუნენ. თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.

 
იგავი ბოროტ მიწისმუშაკებზე

33. „მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვაზი ჩაყარა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო, მიწისმუშაკთ ჩააბარა და წავიდა.

34. რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მიწისმუშაკთ მისი ნაყოფის მისაღებად.

35. მიწისმუშაკებმა შეიპყრეს მისი მონები. ზოგსა სცემეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ჩაქოლეს.

36. კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი, იმათაც ასევე მოექცნენ.

37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან და თქვა: ჩემი ძისა მოერიდებათო.

38. მაგრამ მიწისმუშაკებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: „ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ იგი და დავისაკუთროთ მისი სამკვიდრებელი!“

39. და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახს იქით და მოკლეს.

40. აბა, როცა ვენახის პატრონი მოვა, რას უზამს ამ მიწისმუშაკთ?“

41. უთხრეს მას: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ“.

42. უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წერილებში: „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისაგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში“?

43. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს.

44. ის, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება, ხოლო ვისაც დაეცემა, გასრესს“.

45. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.

46. ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.

 
თავი 22
საქორწილო ნადიმი

1. და მიუგო იესომ ისევ იგავით და უთხრა მათ:

2. „ცათა სასუფეველი ჰგავს მეფეკაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა.

3. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსვლა.

4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: „უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ჩემი სერობა, ჩემი ხარები და ნასუქალი პირუტყვი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!“

5. მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე.

6. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.

7. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.

8. მაშინ უთხრა მან თავის მონებს: „ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსნი.

9. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში“.

10. და გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი, და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით.

11. როცა მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და დაინახა იქ კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა,

12. უთხრა მას: „მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია?“ ის კი დუმდა.

13. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“.

14. ვინაიდან წვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა“.

 
კეისარს - კეისრისა და ღმერთს - ღვთისა

15. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში.

16. და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და არავის ერიდები, რადგან არ უყურებ კაცთა გარეგნობას.

17. ჰოდა, გვითხარი ჩვენ: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?“

18. იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო?

19. მიჩვენეთ სახარკო მონეტა“. და მიუტანეს მას დინარი.

20. უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“

21. უთხრეს მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა - ღმერთსა!“

22. ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ.

 
მკვდრეთით აღდგომაზე

23. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არსებობსო, და ჰკითხეს მას:

24. „მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოსო თესლი თავის ძმას.

25. ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.

26. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.

27. ყველას შემდეგ ქალიც მოკვდა.

28. ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა“.

29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთის ძალა.

30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.

31. ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღვთისაგან თქვენთვის თქმული:

32. „მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?“ ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა“.

33. ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.

 
უდიდეს მცნებაზე

34. როცა ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.

35. ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა მას:

36. „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“

37. მან უთხრა მას: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით“.

38. ეს არის პირველი და დიდი მცნება.

39. და მეორე ამის მსგავსი: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.

40. ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“.

 
იესო ეკითხება ფარისევლებს

41. როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ ჰკითხა მათ:

42. „რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?“ მათ უთხრეს: „დავითისა“.

43. უთხრა მათ: „აბა როგორღა უწოდებს დავითი სულში მას უფალს, როცა ამბობს:

44. „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა კვარცხლბეკად“?

45. თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?“

46. ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა.

 
თავი 23
იესო ამხილებს ფარისევლებს

1. მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს.

2. უთხრა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.

3. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ.

4. კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.

5. ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს;

6. უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში,

7. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: „რაბი!“

8. თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ.

9. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ - ზეციერი.

10. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ - ქრისტე.

11. უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.

12. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.

 
შვიდგზის „ვაი თქვენ!“

13. „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ.

14. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.

15. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად.

16. ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო.

17. უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?

18. და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო.

19. ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს?

20. ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.

21. და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც.

22. და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც.

23. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში - განკითხვა, წყალობა და სარწმუნეობა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ.

24. ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო!

25. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით.

26. ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.

27. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით.

28. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.

29. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს.

30. ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.

31. ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.

32. ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო!

33. იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?

 
წინასწარმეტყველთა დევნა

34. „ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს, და თქვენ მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში.

35. გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოჰკალით.

36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ მოდგმას.

 
საყვედური იერუსალიმს

37. „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.

38. აჰა, გრჩებათ აოხრებული თქვენი სახლი.

39. ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!“

 
თავი 24
იესოს წინასწარმეტყველება ტაძრის დანგრევაზე

1. და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები.

2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს“.

3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?“

4. მიუგო იესომ და უთხრა მათ: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.

5. ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.

6. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.

7. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობები, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.

8. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.

9. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ, და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.

10. მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს.

11. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ.

12. და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.

13. ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება.

14. ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული.

15. ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა - წამკითხველმა გაიგოს, -

16. მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშურონ.

17. ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად.

18. ვინც ყანაში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წასაღებად.

19. ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!

20. ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.

21. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება.

22. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები“.

 
კაცის ძის მოსვლა

23. „მაშინ ვინმემ რომ გითხრათ: „აჰა, აქ არის ქრისტე“, ან: „იქ“, არ ერწმუნოთ.

24. ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

25. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.

26. თუ გითხრან: აჰა, ის უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.

27. ვინაიდან, როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

28. ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.

29. და მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.

30. მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას მიწის ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.

31. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.

32. ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.

33. ასევე, როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ კარზეა მომდგარი.

34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.

35. ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.

36. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

37. ვინაიდან, როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

38. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა,

39. და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, - ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

40. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება;

41. ორნი ფქვავდნენ დოლაბზე: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.

42. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.

43. ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა.

44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.

45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?

46. ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.

47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.

48. ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,

49. და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს,

50. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,

51. შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა.

 
თავი 25
იგავი ათ ქალწულზე

1. „მაშინ ცათა სასუფეველი აემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად.

2. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი.

3. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან.

4. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით.

5. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა.

6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: „აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!“

7. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავთავისი ლამპრები.

8. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: „გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება“.

9. მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: „რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის“.

10. როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა.

11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: „უფალო, უფალო, გაგვიღე!“

12. ხოლო მან მიუგო და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!“

13. ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე.

 
ტალანტებზე

14. „ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება.

15. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა.

16. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო.

17. ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო.

18. ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.

19. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ.

20. მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: „ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე“.

21. უთხრა მას მისმა ბატონმა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“.

22. მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: „ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე“.

23. უთხრა მას მისმა ბატონმა: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში“.

24. მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: „ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია.

25. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს“.

26. მიუგო მას მისმა ბატონმა და უთხრა: „ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია.

27. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი.

28. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.

29. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.

30. ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“.

 
ხალხთა განკითხვაზე

31. „და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.

32. და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან.

33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს - მარცხნივ.

34. მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.

35. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,

36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ“.

37. მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?

38. როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?

39. როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?“

40. მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“.

41. მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.

42. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით,

43. უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ“.

44. მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?“

45. მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ“.

46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში“.

 
თავი 26
იესო იუწყება თავის სიკვდილს

1. ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს:

2. „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად“.

3. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში.

4. მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ.

5. მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო.

 
იესოს ცხება ნელსაცხებლით ბეთანიაში

6. როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში,

7. მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა.

8. მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო?

9. ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება.

10. ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა?

11. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.

12. ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა ჩემს სხეულს, მე მომამზადა დასამარხად.

13. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ ამ სახარებას მთელ ქვეყნიერებაზე, იტყვიან, რაც ამან გააკეთა, მისსავე მოსაგონებლად“.

 
გაცემა

14. მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან

15. და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი.

16. მას აქეთ ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ გაეცა იგი.

 
პასექის მომზადება

17. უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“

18. მან უთხრა: „წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით, ასე ამბობს-თქო მოძღვარი: ჩემი ჟამი მოახლოებულია, შენთან დავიყენებ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად“.

19. მოწაფეებმაც ისე გააკეთეს, როგორც იესომ უბრძანა, და მოამზადეს პასექი.

 
ბოლო სერობა

20. რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.

21. და როცა ჭამდნენ, თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს“.

22. ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: „მე ხომ არა, უფალო?“

23. მან მიუგო და უთხრა: „ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩამოაწობს ჯამში, ის გამცემს.

24. კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა, უჯობდა იმ კაცს, არ დაბადებულიყო“.

25. მიუგო იუდამ, მისმა გამცემმა, და უთხრა: „ნუთუ მე ვარ, რაბი?“ „შენ თქვი!“ - უთხრა მას.

26. როცა ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია“.

27. აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით აქედან,

28. ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.

29. მე გეუბნებით: ამიერიდან აღარ შევსვამ ამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში“.

30. იგალობეს და გასწიეს ზეთისხილის მთისაკენ.

 
პეტრეს მიერ უარყოფაზე

31. მაშინ უთხრა მათ იესომ: „თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: „დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები“.

32. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ გაგიძღვებით წინ გალილეისაკენ“.

33. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: „ყველანი რომ ცდუნდნენ შენს გამო, მე არასოდეს ვცდუნდები“.

34. უთხრა მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: „ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე“.

35. უთხრა მას პეტრემ: „მოვკვდები შენთან ერთად და არ უარგყოფ“. ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.

 
გეთსიმანია

36. მაშინ იესო მივიდა მათთან იმ ადგილზე, რომელსაც გეთსიმანია ჰქვია, და უთხრა მოწაფეებს: „აქ ისხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე“.

37. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორივე ძე, და იწყო წუხილი და ურვა.

38. მაშინ უთხრა მათ: „დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ. იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად“.

39. და ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“.

40. მივიდა მოწაფეებთან და ჰპოვა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „ნუთუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?

41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური“.

42. მეორედაც წავიდა, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია ამარიდო ეს სასმისი, რომ არ შევსვა იგი, იყოს ნება შენი“.

43. კვლავ მივიდა და ისევ მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ.

44. მიატოვა ისინი, კვლავ წავიდა და მესამედ ილოცა, კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.

45. მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და კაცის ძე მიეცემა ცოდვილებს ხელში.

46. ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი“.

 
იესოს გაცემა და შეპყრობა

47. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.

48. ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის და შეიპყარით!“

49. მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!“ და ეამბორა.

50. ხოლო იესომ უთხრა მას: „რისთვის მოსულხარ, მეგობარო?“ მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს.

51. და აჰა, ერთ-ერთმა იესოსთან მყოფმა ხელი მიჰყო, იშიშვლა მახვილი, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.

52. მაშინ იესომ უთხრა მას: „თავის ადგილას ჩააბრუნე მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.

53. იქნებ გგონია, არ შემეძლოს შევევედრო მამაჩემს, რომ ახლავე წარმომიდგინოს ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი და მეტიც?

54. აბა, როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?“

55. იმ ჟამს უთხრა იესომ ხალხს: „თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველდღე ტაძარში ვიჯექი და ვასწავლიდი, და არ შეგიპყრივართ მე.

56. მაგრამ ყოველივე ეს მოხდა იმიტომ, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები“. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.

 
სინედრიონის სამსჯავროზე

57. იესოს შემპყრობლებმა კი წაიყვანეს იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან, სადაც თავი მოეყარათ მწიგნობრებსა და უხუცესებს.

58. ხოლო პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის ეზომდე. შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ენახა აღსასრული.

59. მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი,

60. და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი

61. და თქვეს: „ეს ამბობდა: შემიძლია ღვთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო“.

62. მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: „არაფერს უპასუხებ, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“

63. იესო დუმდა. მაშინ მღვდელმთავრმა უთხრა მას: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“

64. უთხრა მას იესომ: „შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს“. 65. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა.

66. რას ფიქრობთ?“ ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: „სიკვდილის ღირსია“.

67. მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში და ცემა, ზოგიერთნი სილას აწნავდნენ

68. და ეუბნებოდნენ: „გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა?“

 
უარყოფა პეტრეს მიერ

69. პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი“.

70. მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ლაპარაკობ“.

71. როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და უთხრა იქ მყოფთ: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო“.

72. მან კვლავ უარყო ფიცით: არ ვიცნობო ამ კაცს.

73. ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად შენც მათგანი ხარ, ვინაიდან შენი კილო გამხილებს შენ“.

74. მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობო ამ კაცს. და მყისვე იყივლა მამალმა.

75. და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. და გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

 
თავი 27
იუდას აღსასრული. პილატეს სამსჯავრო

1. გათენებისას მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.

2. შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პილატეს - განმგებელს.

3. როცა იუდამ, მისმა გამცემმა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს,

4. და უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი“. მათ უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი“.

5. და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.

6. მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: „არ იქნება ამის ტაძრის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია“.

7. მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად.

8. ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი.

9. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ვინც შეფასდა ისრაელიანთა მიერ,

10. და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა“.

11. ხოლო იესო წარსდგა განმგებლის წინაშე და ჰკითხა მას განმგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ იესომ უთხრა: „შენ ამბობ“.

12. და როცა ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავარნი და უხუცესები, არაფერი უპასუხია.

13. მაშინ უთხრა მას პილატემ: „არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?“

14. არც ერთ მის სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, ისე რომ ძალიან უკვირდა განმგებელს.

15. დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა განმგებელს - ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ.

16. ჰყავდათ მაშინ ცნობილი პატიმარი, ბარაბად წოდებული.

17. როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“

18. ვინაიდან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.

19. როცა ის სამსჯავროს ტახტზე იჯდა, მისმა ცოლმა შეუთვალა და უთხრა: „არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო“. 20. ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ.

21. მიუგო განმგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ მათ უთხრეს: „ბარაბა“.

22. უთხრა მათ პილატემ: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ყველამ თქვა: „ჯვარს ეცვას!“

23. ხოლო მან თქვა: „რა ბოროტება ჩაუდენია?“ მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად ყვიროდნენ: „ჯვარს ეცვას!“

24. როცა პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით“.

25. მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“.

26. მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.

 
ჯვარცმა

27. მაშინ განმგებლის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო სამსჯავროში და თავს მთელი რაზმი დაახვიეს.

28. გახადეს მას და მოასხეს ძოწეულის მოსასხამი.

29. დაწნეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს მას თავზე და მარჯვენა ხელში ლერწამი მისცეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო!“

30. და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში.

31. დაცინვით რომ გული იჯერეს, გახადეს მოსასხამი, ჩააცვეს თავისივე სამოსელი და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.

32. როცა გამოდიოდნენ, პოვეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი, და აიძულეს იგი, მისი ჯვარი ეტარებინა.

33. მივიდნენ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.

34. მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად და, რომ იგემა, შესმა არ ინდომა.

35. ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.

36. ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.

37. თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება: „ეს არის იესო, იუდეველთა მეფე“.
 
იესოს დაცინვა

38. მაშინ მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთი - მარცხნივ.

39. გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას.

40. ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღვთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან“.

41. ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:

42. „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.

43. ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს, ვინაიდან თქვა, ღვთის ძე ვარო“.

44. მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ასევე ლანძღავდნენ მას.

 
შეძახილი ჯვრიდან. სიკვდილი

45. ხოლო მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი ქვეყანა.

46. მეცხრე საათი იქნებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით: „ელი, ელი! ლამა საბაქთან?“ რაც ნიშნავს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“

47. იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა მოისმინეს და თქვეს: ელიას უხმობსო.

48. უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და მიაწოდა სასმელად.

49. სხვები კი ამბობდნენ: „მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელად“.

50. ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.

51. და აჰა, ტაძრის კრეტსაბმელი გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა მიწა, და კლდეები დასკდა.

52. სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა.

53. გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ.

54. ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო“.

55. იქ იყო აგრეთვე შორიდან მაყურებელი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.

56. მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, იაკობისა და იოსების დედა მარიამი და ზებედეს ძეთა დედა.

 
დაკრძალვა

57. როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები. ისიც იესოს მოწაფე იყო.

58. მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. მაშინ პილატემ ბრძანა, მიეცათ.

59. აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.

60. და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი. სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.

61. იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ.

 
სამარხის დაცვა

62. მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან

63. და თქვეს: „ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მატყუარამ, სანამ ცოცხალი იყო, თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.

64. ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უყარაულონ სამარხს, რომ არ მოვიდნენ მოწაფეები, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან: მკვდრეთით აღდგაო. უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება“.

65. უთხრა მათ პილატემ: „თქვენ გყავთ დაცვა. წადით და უსაფრთხო ჰყავით, როგორც იცით“.

66. ისინი წავიდნენ, სამარხი უსაფრთხო ჰყვეს: დაბეჭდეს ლოდი და დაცვა დაუყენეს.

 
თავი 28
ანგელოზი უმჟღავნებს მარიამს იესოს აღდგომას

1. შაბათის გასულს, ერთშაბათის თენებისას, მოვიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი.

2. და აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა. უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა.

3. მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი ტანისამოსი - თოვლივით სპეტაკი.

4. მისი შიშით შედრკნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ.

5. მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.

6. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა.

7. სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ“.

 
იესოს შეხვედრა დედაკაცებთან

8. ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშით და დიდი სიხარულით, და გაიქცნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისათვის.

9. და აჰა, იესო შეხვდა მათ და უთხრა: „გიხაროდეთ!“ ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას.

10. მაშინ უთხრა მათ იესომ: „ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას და იქ მნახავენ“.

 
მცველების მოსყიდვა

11. როცა ისინი მიდიოდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები მივიდნენ ქალაქში და აუწყეს მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა.

12. ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს

13. და უთხრეს: „თქვით, მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა-თქო.

14. და თუ ამას განმგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და აგარიდებთ უსიამოვნებას“.

15. მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე.

 
იესო ევლინება თერთმეტს. „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს!“

16. ხოლო თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, რომელიც იესომ დაუთქვა მათ.

17. ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგს კი ეჭვი ეპარებოდა.

18. მივიდა იესო მათთან და უთხრა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე.

19. ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.

20. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე. ამინ“.