1

ღმერთი არს თავი ყოველთა, იგ ვაქოთ, განვადიდოთო,

სამნი ნათელნი ერთად ვთქვათ — მამა, ძე, სული წმინდოთო,

მისის ცნობითა განვნათლდეთ, გონება განვიწმინდოთო,

განვაგდოთ უსჯულოება, ნუ ვემსგავსებით დიდოთო.

2

აქ არის აშტი, გუმბაზი ბაღჩას დგას შუა-გულოსა,

შიგ ათასფერნი ყვავილნი, ვარდი გაშლილი გულოსა,

ცნობილთა კაცთა საჯდომლად ადრითგან გამეგულოსა,

ჩემიმც ცოდვა აქვს, ავს კაცსა კარი არ დაუგულოსა.

3

აქ არის ბაზმის სოჰბათი, სუფრისა შემკობილობა,

დრო ახალ ნერგთა ყვავილთა, ტურფა ვარდისა შლილობა,

ბულბულთა ბგერა, ყივილი, ხმა-მჭევრად შეწყობილობა,

მუტრიბთა რასტი მუღამი, სასმენელთათვის ტკბილობა.

4

თვითან შვენის და აშვენებს წალკოტსა, ბაღჩა-ბაღასა,

თუ ლხინი გინდათ, თქვენც ნახავთ სხვას უკეთესსა რაღასა?

გიაჯ, ჩემს უკან ვინც დარჩეთ: პატრონსა, ყმასა, აღასა,

ვინც უპატიოდ მიეპყრას, ცოლიც მისი ჰგავს ბაღასა.

5

სახლი შევმზადე სალხინოდ მე მეფემ თეიმურასო,

შევამკევ კედელ-ყურენი, ვეჭვ, თავსაც კარგად ბურავსო,

დავხატე ფერად-ფერადად, ჰგავს, რამე იყოს მურასო,

ტალახიანის ფერხითა ნურავინ გამიმურავსო.

6

რომ თქვენი სხივნი არ მისწვთა, არ მორჩა შუკა-დაბანი,

შენ შემოგჭვრეტენ მყურენი, სად სარკმელია და ბანი,

რაზომც ჯერ ვერ თქვენ გიახლოს, თვალნო, მინა და დაბანი,

ვფიცავ, რომ ყველა გახდების თქმა ტკბილად, ანუ და ბანი.

7

შენებრ ვინ ვპოვოთ მნახავთა, პირველვე ვიცით, რაც არის,

რომ ზღუდეც მოვლოთ ქვეყნისა, ანუ მიდამო რაც არის,

წაღმავე მოვა თქვენს წინა, ვინცა უკუღმა რაც არის,

ვარსკვლავთა დასნი გემონენ, ერთმანეთს მსწრობნი რა ცა რის.

8

მსგავსად საკადრად ხელ-ყოფნა, ნეტარ, ვით ძალ-აქვს ენას მით!

სხვანი ყოფილნი ხტომით თქვეს, მაგრა თქვენს შუქსა ენასმით,

შორს მყოფნი ამად ნატრობენ, მოგახლდენ, — იყვნეთ ენასმით,

თქვენს სიყვარულსა ზავებდენ, იგ ტკბილად რასმე ე ნასმით.

9

მწერალიც დაშვრა ცოტადრე, გარჯა ხვდა, რა ეს აწერა,

ცოდნა და ხელოვნება ხამს, თვარ უქმად ყოფა აწე რა?

მოდით, იკითხეთ, ტრფიალნო, შემოკრებილ აქა წერა,

გულო, ვერ მოსხლტი ქებითა, წიგნის პატრონზედ ა წერა!