1
ღმერთო, რომელი შენ ჰსუფევ ჰაერთა თანა ცაშიგან,
შენ ხარ სავსება ყოველთა, რაც არის ქვეყანაშიგან,
ეშმაკთა გუნდსა დასთრგუნავ, წარვლენ ცეცხლისა ალშიგან,
ისრაილთაცა ლტოლვილთა შენვე გაუძეღ ზღვაშიგან.
2
არსებით მპყრობო, შენ გაქებს, რაცა სად მონა შენია,
შენგან იზრდების სულდგმული, ყოველი მონაშენია.
ვინ სულისათვის იღვწიდეს, დააგდოს მონაშენია!
მას აღარ მიხვდეს უწყალოდ კვერთხითა მონაშენია.
3
ღმერთო, ხსნისათვის ჩვენისა ქვეყანაზედან მოსულო,
ვინ მიწა კაცად შეგზილა, იმას შეუვრდი, მო სულო!
როს ანგელოსნი უწყალოდ გქენჯნიდენ, აწ ამო სულო,
ან ცოდვა ცრემლით შეინდევ, ან თავი აწამო სულო.
4
ჩვენ ღმერთი ქებით ვადიდოთ, ცრემლითა შევსძრათ მორევად,
ის უხილავი ეშმაკი ჩვენზედ არ იყოს მორევად,
ჯოჯოხეთს შიგან არ აღძრას კუპრი მან ჩვენთვის მორევად,
ცთომასა არსად წავადგეთ, თავი არ შევქმნათ მორევად.
5
მე მეშინის რისხვისაგან, ვა თუ, მეხი დამეცესა,
ღმერთსა ამას სულთქმით ვჰხადი, ამცილდეს და არ მეცესა,
მიჯობდა, თუ სულისათვის სინანული დამეწესა,
მემუშაკა, მეწაღმართა, ცრემლი ველად დამეთესა.
6
ჩემს ცოდვას ვით ღა შევინდობ, ცრემლიც რომ შევქმნა მე ღვარად?
ნაკადად მდინდეს თვალთაგან, ღაწვი გამიხდეს მე ღარად,
აწ მიწა რად არ ჩადრკების, ზედან მიყენებს მე ღა რად?
ჩემი ამ სოფლის სიცრუვე აქ მოვიხმარო მე ღარად.
7
სულო, ნიადაგ წვლილდები, ლხინი აროდეს მოგეცა,
ტანჯვისა მზა არს ლახვარი, საკრავად გულსა მო გეცა,
გიჯობდა ეკლესიისა კარი ნიადაგ მოგეცა,
ცრემლითა მოლი მოგერწყო, ტანს მუდამ ძაძა მოგეცა.
8
სულო წყლულო, დაკოდილხარ, ჭირნი რაღათ მოანელი?
რთვილი გაზრობს, მზე გაცხუნებს, ზოგჯერ ქარი მოვა ნელი,
ხელი რატომ არ გაჭრილხარ, ნეტარ რასღა მოანელი?!
ვერა ჰკურნებს ჭირსა შენსა, რომ შემოკრბეს მოანელი.
9
შენ, ცოდვილო სულო ჩემო, სიკვდილს რად არ მოელოდი?
ჯოჯოხეთში ქვა დაგკრიბონ, არ დაგრიდონ, მოელოდი,
შენთვის ყოვლგან ღრუბელია, მზემანც დაგკრას, — მოელოდი,
კერპთ-მსახურთა განვეშორნეთ, არსად გვხადოს მოელოდი.
10
შემაშთო სოფლის ზრუნვამა, ვამე, რაღა ვჰყო აწა მე?!
— განაგდე შვება სოფლისა, თავი ღვთისათვის აწამე!
უფალსა შენსა ჰმსახურე, გულითა მასცა აწ ამე, —
მიგელის მძაფრი სასჯელი, მაშინ რაღა ვჰყო, აწამე!
11
უწყის უფალმან, სოფელი არავის გაუთავდების,
პირველად ამოდ შეიტკბობს, საყვარლად დაუამდების,
აღარ გაჰყვების, ბოლოს ჟამ უმუხთლებს, გაუავდების,
მე მას ვჰგმობ, ვინცა მიენდოს, ანუ ვინმც დაუზავდების.
12
გასინჯეთ საქმე სოფლისა, ნეტარ ვის გასთავებია?
ვის ჰქონდა მუდამ სრა-ტახტი, მოშლია მას თავებია,
ვინ რომ დაიპყრა ქვეყანა, დღე მასცა ასთავებია,
სულო, მოშორდი სოფელსა, მუდამ მას რად დაებია?!
13
სოფელს მყოფნო, სოფლის საქმე გასინჯეთ და გაიგონეთ,
ეს სოფელი მუხთალია, ნუ მიჰყვებით, შეიგონეთ!
აწ სად არის ხელმწიფენი, პირველნიცა მოიგონეთ,
აწ განაგდეთ სოფლის შვება, სინანული მოიქონეთ.
14
ვერ მოვურჩებით სოფელსა, სრასა სამყოფსა, დაბასა,
სულმან იწადა ვედრება და ხორცმან იგი დაბასა,
სოფელმან ჭირი ჩვენზედა ოთხმოც-და-ათი აბასა,
განვაგდოთ ქრთამის მიღება, სული მან არ დააბასა.
15
სოფლის მპყრობელნო, სოფელი მე ამად არა მიქია,
მსაჯულად დაჯდეს მესია, პირველ ქადაგა მიქია,
ცოდვანი ჩვენნი გვემხილნენ, მაშინ რაღა ვჰყოთ იქია!
კაცს არ მიინდობს ბოლო ჟამს, ამისთვის გამიქიქია.
16
სოფელმან თვისი სიმუხთლე ჩემზედა არა დალია,
მაკვდინებელი წამალი მე მასვა, მან არ დალია,
ჯურღმულსა შიგან შთამაგდო, შიგან დამიხვდა და ლია,
ტყავისა ნაცვლად სუდარი მომცა, არა მიკლავს დალია.
17
თუცა კაცი დარჩებოდეს სოფლისაგან გარდუვალად,
მუნ სასჯელი აღარ მიხვდეს, არცა სწვიდეს ცეცხლი ალად,
ვინ დარჩების სოფელს მყოფი, არ მომდურდეს სოფელს მალად,
ბოლოს არვის გაუთავებს, შეექმნების მას სამსალად.
18
ნეტაი ყველამ იცოდეს, სოფელი როგორ მქნელია,
კაცსა მიინდობს ღალატად, მცბიერი — ვითა მელია,
ანასდად გარდუბრუნდების, მით გული გარდამელია,
“მას არვინ უნდა მიენდოს”, — ესე ნათქვამი ძველია.
19
ჩემმა ცოდვამ სინანულად დრო არ მომცა დანაცალი,
კაეშნისა ტვირთი მკიდავს, იგ შემქნია დანაცალი,
მუნ მეშინის, ოდეს შექმნას სულმან ხორცის დანაცალი,
ჯოჯოხეთად ჩვენთვის მზა ჰყოს სახმილი და დანაც, ალი.
20
კრულმან სოფელმან ჩემი დღე სრულად სიმწარით მანანა,
ძილი არ მომცა მართალთა, არც სადა მითხრა მან ნანა,
როს ისრაელთა უწვიმა ღმერთმან მწყერი და მანანა,
მოხუცებულსა იოკიმს ასული უშო მან ანა.
21
მე აჯად ვითხოვ ღვთისაგან, — არ წამიწყმიდოს სულია,
მუნ გამომიხსნას ტანჯვისგან, აღარ დამაჩნდეს წყლულია,
ზოგნი ღამეთა ათევენ, — თვალთ არ მოუვათ რულია,
ზოგთა გვაქვს შვება სოფლისა, — ამისთვის დაგვიძს გულია.
22
უნდა, რომ კაცმან იხმაროს მისი ჭკუა და გონება,
ევა ურჩ-ქმნილი ცთომითა ჯოჯოხეთს შიგან, მგონ, ება,
სამოთხეს ყოფა ვის სურის, სმენა იქ გაიგონება,
ვის სწადის შვება მას შიგან, ადვილად მოიგონება.
23
სამებით ერთსა ვაქებდეთ, ხსნად ადამისთვის მოსულსა,
ვის ჰკიდავს ცა და ქვეყანა, — ქებას ვერ ვიტყვი მოსულსა,
ნუ ვემგზავსებით ფარაოსს, მისის რისხვითა მოსულსა,
სულსა რას არგებს შვენება ხორცთაგან არ ამოსულსა?
24
შენ, ღვთისმშობელო, კაცთათვის მანათობელი მზე ხარა,
პირველ ბჭედ საშუალ გცნობდეს, — ანგელოზისგან გეხარა,
ღმერთი წიაღთა იტვირთე, სხვა კაცი არსად გეხარა,
ქრისტიანეთა ნუ წარსწყმედ, შენ გისმენს, — ვისთან სდგეხარა.