კ ი თ ხ ვ ა
კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,
ლამაზად მორთულ და მოკაზმული;
მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.
გიმზერ და მზერა კვლავ სწყურიან თვალს,
გისმენ და სმენით ყური ვერ სძღება;
მაგრამ რამდენად საყვარელი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.
რა დაგრჩენია კვლავ სანატრელი,
ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული?!
მაგრამ რამდენად მადლით სავსე ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.
ვინ მოგმართოს შენ და წინ არ დახვდეს
შენი სიმდიდრე, შენი უხვება;
მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.
მარქვი, რად არის იქ გულთა კდომა,
სად სიცოცხლეა გახარებული,
და რამდენადც შენ ცხოველმყოფელ ხარ,
იმდენად უფრო რად კვდება გული?
პ ა ს უ ხ ი
- მე სამოთხე ვარ და თქვენ კი, თქვენ კი!..
ვაი, ძე ჩემი ბედკრულ, უძლური!..
იქ თვით სამოთხეც ჯოჯოხეთია,
სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.
საყვარელი ვარ... ჩემს მზიან ჩრდილში
სიყვარულს უნდა თვის ტახტი ედგას, -
და, ვაი, ამის სანაცვლოდ თქვენ კი
ერთმანეთს აყრით კრულვას და წყევლას!..
მადლით სავსე ვარ და, ვაი, ჩემს შვილს
ეგ მადლი ჩემი ვერ უშვნევია;
და ან იქ რა ჰქმნას თვით წმიდათ-წმიდამ,
სად ცოდვას მადლი დაუძლევია?
მე მდიდარი ვარ და თქვენ კი, თქვენ კი...
ლუკმანატრულნი ერთმანეთსა სჭამთ,
მე ტკბილ ცხოვრების წყაროსა გაწვდით
და, ვაი, თქვენ კი ძმა ძმის სისხლსა სვამთ!..
იქ თვით სამოთხის წალკოტი, მდელო
უდაბნოდაა ურგებ-ურწყული,
სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა
სული მართალი და წრფელი გული.
[1894 წ.]