IV
ფასი იზას სიყვარულისა
დიდხანს გაგძელდა ლეა მედანის საქმის გამოძიება და არაფერი
ხელჩასაკიდებელი საბუთი არ გამოჩნდა. მაგრამ, როგორც ხშირად მოხდება
ხოლმე, ერთმა სულ უბრალო გარემოებამ ძვირფასი გეში აღმოაჩინა და საქმე
ჯეროვანს კვალში ჩააყენა. გუდარის გამოკითხვამ და მოწმეების პირში
წაყენებამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ დამნაშავე გუდარია.
გუდარი ჰხედავდა, რომ თავის დაძვრენა ეხლა ძნელია და მაინც გული არ
გაიტეხა და ყოველს კითხვაზედ გამომძიებელს მშვიდობიანის გულით და
არხეინად აძლევდა პასუხს, ვითომდა აქ არაფერიაო. ესეც კი უნდა ვსთქვათ,
რომ ერთი იმედი ძალიან ამხნევებდა: დარწმუნებული იყო, რომ ბევრი
ფარული შემწე ჰყავს და ყოველს ღონისძიებას იხმარებენ, როგორმე
გამოიხსნან. იზა ეცდება მომიპოვოს ისეთი ძლიერი ქომაგები, რომელთ
წინაშეც თვით სამართალი ქედს მოიდრეკსო, - ჰფიქრობდა იგი. თუნდ ეგეც
არ ყოფილიყო, ისეთი საფუძვლიანი საბუთიც არა იყო რა, რომ
გაემტყუნებინათ. ერთი იმ ბანკის ბილეთების ამბავი აღონებდა და საქმეს
ურევდა. გუდარი ამტკიცებდა, ჩემი საკუთარი ბილეთები იყოვო; ლეას იმათი
ნომრები ჩაწერილი ჰქონდა იმიტომ ვითომ, რომ უფრო კარგად ჰყიდდა
ხოლმე ბირჟაზედ, რადგანაც ბევრი ნაცნობი და ხელშემწყობი ჰყვანდაო. ლეა
მედანი ჩემთვის ჰყიდდა და ყიდულობდა ბილეთებს ბირჟაზედ და ამ სახით

დიდს მოგებას მაძლევდაო. ამ საგანზედ კითხულმა ბირჟის მაკლერმა
უმოწმა, რომ ლეა, ჩემის შუამავლობით, ჰყიდდა და ყიდულობდა ბანკის
ბილეთებსაო; ეგ ნაქურდალი ბილეთებიც ჩემის შემწეობით იყიდაო.
მაკლერმა აჩვენა კიდევ, რომ ლეა მედანი აღებ-მიცემობა თავისის სახელითა
და თავის დღეში არ გაუხსენებია, თუ სხვისთვის ან სხვისის ფულით აღებმიცემობდაო. გუდარი კი თავისას ამბობდა და მაგარზედ იდგა.
ვერშემონი სრულად დარწმუნებული იყო, რომ გუდარია დამნაშავე, როცა
იზას ბარათი მოუვიდა. ახალგაზრდა გამომძიებელმა აღარ დაიგვიანა, ადგა
და წავიდა იზასთან. რა თქმა უნდა, რომ იზა უწინდელზედ უფრო მშვენიერი
ეჩვენა, მაგრამ იმ გუნებაზედ კი აღარ დახვდა, როგორც უწინ. აღტაცებით,
მხურვალედ დაუწყო სიყვარულზედ ლაპარაკი. იზამ ჯერ გულკეთილად
მოუსმინა, მერე კი კილო იცვალა და სთხოვა, სხვა საგანი ამოერჩია
სალაპარაკოდ. მოჭრით უთხრა, რომ თქვენ რადგანაც გამომძიებელი ხართ,
ვალად გაწევთ თქვენს ტრფიალს ქალს აცნობოთ ყოველივე გარემოება
მაგისთანა იშვიათის და საიდუმლო საქმისა, როგორც ლეა მედანის საქმეაო.
მართალია, ზოგიერთი რამ გიამბიათ ჩემთვისა, მაგრამ რაც უფრო
ღირსსაცნობია, იმას კი მიმალავთო. წარამარა ლაპარაკი მაგ საქმეზედ
მომწყინდა, მე მინდა ყველაფერი შევიტყო, მთლად ყველაფერიო.
ამას რომ ეუბნებოდა, ტრფიალებით და არშიყობით გადუტრიალა თვალი
და იმით გაუთავა სიტყვა, რომ თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს
ქალსა, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც კი ქალის ცნობისმოყვარეობა
მოითხოვსო. ჭეშმარიტის სიყვარულის საბუთი ამაზედ უკეთესი სხვა
ძნელად იქნებაო. იზამ რა ჰნახა, რომ ვერშემონის სახეზედ გაოცება
გამოიხატა, ბავშვურის სიწრფოებით დაუმატა, რომ საშინლად მიყვარს
მაგგვარი გამოჩენილი სასისხლო სამართლის საქმეებიო. ღამღამობით ზედ
დავაკვდები ხოლმე წიგნებს, საცა მაგისთანა ამბები წერია და მღელვარება,
რომელსაც კითხვის შემდეგ ვგრძნობილობ, დიდს სიამოვნებას მაძლევს:
მაშინ მგონია თითქო თვალწინ ვხედავ მთელს მელოდრამასაო.
რაკი შეამჩნია, რომ ამ სიტყვებმა იმოქმედეს გამომძიებელზედ, პირდაპირ
მიიტანა იერიში.
- მე საშინელი რამა გგონივართ განა? - უთხრა იზამ ათრთოლებულის
ხმით, - მართალია, ყოველივე ეგ ქალური აზრი და წადილი არ არის, მაგრამ
რა ვქნა, რომ ღმერთს სხვათა მსგავსად არ გაუჩენივარ.
- თქვენ გული არავისზედ მიგიწევთ, ქმარი არა გყავთ, შვილი არა გყავთ,
არა გყავთ სახლეულობა და, რასაკვირველია, რომ მარტო ადამიანის
ბიწიერებისათვის მიგეჩვიოთ ყური, - უთხრა ვერშემონმა და მაგრად
მოუჭირა ხელი.
- გული რომ ვიზედმე მიმიწევდეს, მერე რაღას იტყვით?
- ნუთუ? - დაიძახა ვერშემონმა და გულნატკენობიი, შეხედა იზას.
- მაშ?! მე ძმა მყავს და ერთს დროს მპატრონობდა... მე კი გულიდამ
გადავივიწყე: იქნება უქონლობის გამო შიმშილითაც მოკვდა სადმე, - სთქვა
იზამ კვნესით და თვალში ცრემლით, - ეჰ, ამას თავი დავანებოთ, სხვაზედ

რასმეზედ ვილაპარაკოო.
- საცოდავი! არა, კიდევ იმაზე სჯობია ლაპარაკი. მე მოგინახავთ ძმას.
როგორა გგონიათ, პარიზშია?
- არა, არა, სხვა დროს მოვილაპარაკოთ ჩემს ძმაზედ... როცა უფრო კარგად
გავიცნობთ ერთმანეთსა... როცა თქვენს საშინელს საქმეს ბოლო მოეღება... მაშ
არაფერს შემატყობინებთ?
- მე ყველაფერი გიამბეთ, რის თქმაც შეიძლებოდა.
- მაშ არ გინდათ, რომ ჩემი რჩევა მოისმინოთ? იქნება რაიმე გამოგადგეთ.
- რა ბაშვი ხართ
- ახლა მორჩებით როდისმე მაგ საქმეს თუ არა? ერთი განთავისუფლდით,
რომ ხშირად ვნახოთ ხოლმე ერთმანეთი. მალე გაათავებთ?
- ამ ერთს კვირაზედ.
- ძლივს!..
- მაშ მართლა ძალიან გსურთ ჩემი ხშირად ნახვა იზავ, განა არ იცით, რომ
თქვენი ხილვა ჩემთვის უტკბოესი ნეტარებაა... ჩემი წყურვილია
მოუშორებლივ თქვენთან ყოფნა... ხოლო ამისათვის საჭიროა, რომ მე
გიყვარდეთ.
- იქნება შეგიყვაროთ კიდეც, ვინ იცის მე საყვარლისაგან იმას ვითხოვ,
რომ მთლად მე დამეკუთვნოს. თუ მე გიყვარვართ, ჩემი ნება, ჩემი სურვილი
თქვენი კანონი უნდა იყოს. კაცი, რომელსაც მე შევიყვარებ, მე უნდა
ხმაამოუღებლივ მემორჩილებოდეს. კაცმა, რომელსაც მე ვუყვარვარ, თავისი
სიყვარული უნდა დამიმტკიცოს რაიმე თავგაწირვითა, წინდაუხედავად,
გიჟურად უნდა ჩემთვის თავი გამოიმეტოს. ჩემს სიყვარულს უნდა
ანაცვალოს ყოველი ანგარიში გონიერებისა, გვარი, სახელი, ქონებაყოველისფერი, ყოველისფერი. ერთის სიტყვით, რაც კი რამ არის ქვეყანაზედ,
ფეხი უნდა დაუგოს... მაშინ მეც ვიგრძნობ იმ სიყვარულს და აღარასფერი არ
დამაყენებს: მთლად მივეცემი, მონად გავუხდები.
ეს მხურვალე სიტყვები მოისმინა ვერშემონმა და ისეთი ღიმილი
მოუვიდა, თითქო მას ელაპარაკებოდა ბაშვი და არა მოწიფული ქალი.
- იზავ, სიყვარული იგრძნობება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ადამიანი
მთლად მიეცემა ხოლმე.
- ეგ მეც ვიცი.
- სიყვარულს ეჭვიც მოსდევს...
- ოო, მე ძალიან ეჭვიანი ვარ... და არა მწყინს, რომ სხვაც ჩემზედ
ეჭვიანობდეს... ჩემის ქვრივობის დღენი რომ გადააქოთონ, ჩირქს ვერ
მიპოვიან; ჩემს ცხოვრებაში ვერ ჰნახვენ ვერც ერთს მიზეზს ეჭვისათვის; მე
სინიდისი ვერაფერში გამამტყუნებს.
ვერშემონი ჩააცქერდა მის საუცხოვო თვალებს, თითქო უნდა ამოიკითხოს
რამეო. როგორღაც გულს არა სჯეროდა ის, რაც ყურს ესმოდა.
- თქვენი ყოფა-ცხოვრება ჰბადავს ბევრს ჭორსა, - უთხრა მან, - თქვენი
ყოფაქცევა მეტად თავისუფალია.
- განა მე ნება არა მაქვს, როგორც მინდა, ისე მოვიქცე? როცა აქ მომიყვანა

ბიძაჩემმა, მე სეგლენი შევირთე. ყველას შეშურდა ეს ამბავი. ჩემი ქმარი,
მართალი უნდა თქვას კაცმა, წინდაუხედავად იქცეოდა, არა ყოფილა
იმისთანა საშიშარი საქმე ფულის მოგებისა, რომ ის არ გარეულიყო. ჩვენი
სახლი დიდკაცურად იყო დაყენებული; მე, პატარაობითვე დაჩვეული
ხელმოკლედ ცხოვრებასა, იმის სახლში რომ შევედი და ვნახე იმისთანა
აუარებელი სიმდიდრე, რასაკვირველია, მეოცა და მეუცხოვა. ჩემს ქმარს
ვუყვარდი და პატივსაცა მცემდა. სრულს თავისუფლებას მაძლევდა, თუმცა
ჯერ ბაშვი ვიყავ. არც მე გამოვსულვარ იმასთან პირშავად. მომენდო და იმის
ნდობის
ღირსება არ შემიგინებია. უნდა გენახათ, რარიგად თავს
მევლებოდნენ კაცები... რეებს არ მეუბნებოდნენ... მეც გამიტაცა ახალმა
ცხოვრებამ იქამდე, რომ თავი აღარ მაგონდებოდა, უგუნურად ვფანტე
ფულები. შევეჩვიე მდიდარს ყოფა-ცხოვრებას და ეხლა ძალიანაც მინდა,
მაგრამ ვეღარ გადავჩვეულვარ. ეხლა მე ვხარჯავ ჩემს უკანასკნელს ფულსა.
- ეგ ხომ უგუნურებაა?
- რა ვუყოთ ან ხელახლა შევიძენ ქონებას, ან არა და თავს მოვიკლავ, როცა
აღარა მექნება რა.
- მანდამდე საქმეს ვინ მიგაყვანინებთ.
- სწორედ გითხრათ, ხანდისხან თმა ამიდგება ხოლმე შიშით, როცა
თვალწინ წამომიდგება ის უფსკრული, რომლისაკენაც მე მივიზიდები,
მაგრამ რა ვქნა, თავი ვეღარ შემიმაგრებია, ვერ შევმდგარვარ. მე თქვენ
მეუბნებით ამას, ოსკარ, იმიტომ, რომ მე გიყვარვართ და მაგ სიყვარულმა
თქვენ ბოლო უნდა მოგიღოთ. მე ვიყავი მიზეზი ჩემის ქმრის გაკუტრებისა და
ეხლაც მინდა, რომ არაფერმა არ დააბრკოლოს ჩემი წადილები... მე ქაჯი ვარ,
მე ვღუპავ ყოველს მას, რასაც ვუყვარვარ.
- თქვენ საუცხოვო რამა ხართ: გულწრფელი, გულუბრყვილი. თქვენ
ღმერთს გაუჩენიხართ ადამიანთა საბედნიეროდ.
- კიდევ გეტყვით, მე მზითვად მომაქვს ხოლმე წაწყმედა კაცისა და
დაღუპვა.
- მე დიდად ბედნიერი ვიქნები, რომ თქვენის გულისათვის წავწყმდე და
დავიღუპო.
- მომისმინეთ, ოსკარ, მე თქვენ მომწონხართ როგორღაც, - ლამის
შეგიყვაროთ. თქვენ გაცილებით სჯობიხარ, იმ წარამარა ხალხს, რომელნიც მე
გარს მეხვევიან. მე საცა მივალ, უბედურება მიმაქვს. მე ძმაზდ ხელი ავიღე და,
ვინ იცის, სად დაიღუპა; მე ჩემი ქმარი დავღუპე, ყველაფერი გავუფლანგე...
გეუბნებით, ვისთანაც მივალ, უბედურება მიმაქვს-მეთქი... თქვენ კი გულის
კაცი ხართ, ყმაწვილი კაციც, თქვენ მოგელით ბედრიერი და ბრწყინვალე
მომავალი. მინამ დრო გაქეთ, მომერიდეთ, მე გულიდამ ამომიღეთ. თუ მე
შეგიყვარეთ, იცოდეთ, დაგღუპავთ კიდეც. დამივიწყეთ-მეთქი, თორემ
ვგრძნობ, რომ შემიყვარდებით.
- თქვენ ამბობთ, რომ უბედურება მეწევა, თუ შეგიყვარდებით. პირიქით,
იზავ, მაგ იმედით ვცოცხალვარ: ჩემი არსებითი ნატვრა ეგ არის. თქვენ არ
იცით, რა განუზომელის სიხარულით აღავსეთ ჩემი გული, როცა მიამბეთ,

რომ თქვენ ესეთს ბრწყინვალეს, ესეთს მშვენიერს გიცხოვრიათ ქვეყანაზედ
და იმისი ტალახი კი არ მოგცხებიათ; გარემოხვეული ათასნაირის
მაცდურებით, არ დაცემულხართ და დაშთომილ ხართ ისევ ისე
გულუბრყვილო, წრფელი, წმინდა, როგორც ყოფილხართ მაშინ, როცა თქვენს
მშვიდობიანს და ღარიბს სახლში გიცხოვრიათ! ახ, ნეტავი ჰგრძნობდეთ, რა
ცეცხლი მწვავდა, რა ეჭვები მიხოკდნენ უწინ გულს და რა ნეტარებით ამევსო
ეხლა გული თქვენის აღსარების შემდეგ.
- ეჰ, უპასუხა იზამ განგებ გაჯავრებულმა, მითამ ნანობსო, - მე არავინ არა
მყვარებია თავის დღეში.
ოსკარს ორივე ხელი იზასი ხელში ეჭირა; გვერდთ უჯდა დივანზედა;
მერე ტანზე ხელი მოჰხვია და მოიზიდა თავისკენ. თვალები აენთო.
- იზავ, - უთხრა მან თრთოლითა, - მე ლამის ჭკუიდამ შევცდე, მე
მიყვარხართ თქვენ სრულის ტრფიალებითა და დარწმუნებული ვარ, რომ თუ
ნატვრა ჩემი გამიმტყუნდება, თავს მოვიკლავ... იზავ, ნუ მომატყუებთ,
მართალი მითხარით. მე ისე ძალიან მიყვარხართ, რომ ყველაფერს ავიტან
თქვენგან, ოღონდ კი მართალი მითხარით... თქვენს ქვრივობაში მართლა არა
ყოფილა არც ერთი კაცი, რომ თავი მოეწონებინა თქვენის სიყვარულითა?
გეფიცებით ჩემს მამა-პაპას, არ ყოფილა, - უპასუხა იზამ ისეთის
სიმართლის კილოთი, რომ ყველა ეჭვი განუქარვა.
- იზავ, მე თქვენ მიყვარხართ და მზადა ვარ ყველაფერში ჩემი თავი
განაცვალოთ, - დაიძახა ოსკარმა და მაგრად მიიკრა გულზედ ქალი, - თუ ჩემი
სამსახური მცირედ მაინც ავნებს თქვენს ბედნიერებასა, მაშინვე თავს
დავანებებ. მე ძალიან მდიდარი ვარ და შეგვიძლიან ჩვენთავადაც კარგად
ცხოვრება. სიმდიდრეში გყვარებიათ ცხოვრება და არა მოგაკლდებათ რა.
ყოველივე შენი სურვილი აღსრულებული იქნება, იზავ, თუ შემიყვარებ.
იზამ თმაზე ხელი გადაუსვა ყმაწვილ კაცსა, ღიმილით შესცქეროდა,
ხოლო თვალებში წინანდელი ცეცხლი აღარ უჩანდა.
- ნეტავი მართალი იყოს, რაცა სთქვით, - უთხრა გულდინჯობით იზამ.
- ნუთუ ეჭვი გაქვთ მაგაზედ?
- მე იმაზედ კი არ გეუბნებით, რასაც მპირდებით. მაგ დაპირებულთაგან
არც იმატებს, არც იკლებს სიყვარული... მე აკი გითხარით, რომ ძლიერს
სიყვარულს მაშინ ვიგრძნობ-მეთქი გულში, თუ საბუთი მექნება, რომ ის,
ვისაც ჩემს სიყვარულს ვუძღვნი, მზად იქნება ყოველისფერი ჩემთვის
გამოიმეტოს.
- მე ვარ მზად.
- მაშ დროს ვიხელთებ, რომ ეგ საბუთი მივიღო მე თქვენგან... მაშინ
გეტყვით: თუ გიყვარვართ, ესა და ეს უნდა ამისრულოთ-მეთქი. რასაც
შემოგიკვეთთ, ისეთი მძიმე რამ უნდა იყოს თქვენთვის, რომ როცა
სიყვარული გაგინელდება, შენ გახსოვდეს, რომ ჩვენ შორის იმისთანა
საიდუმლოა, რომელიც ვალად გვდებს სამუდამოდ ერთად ცხოვრებასა.
ვერშემონი შეშფოთვით შეჰყურებდა ქალს და უნდოდა გამოეცნო, რის
თქმა უნდაო.

- ახლა, იზავ, თქვენს გამგონს შეიძლება ეგონოს, რომ თქვენ გსურთ
ავაზაკობა რამ მაქნევინოთ.
- თუნდ ეგეც იყოს! უკან დაიწევთ თუ?
ეს რომ თქვა, იზა დაიხარა ოსკარისაკენ, რომელიც ამჟამად მის წინ
დაჩოქილი იყო. თავისის მხურვალებით აღვსილის თვალით ჩააცქერდა
ოსკარის ცეცხლმოკიდებულს თვალსა და ისე ახლო მიიტანა ტუჩები ოსკარის
ლოყასთან, რომ ოსკარს ეგონა მაკოცაო.
მშვენიერი იზა ძალიან ხერხიანი იყო არშიყობაში; როცა უნდოდა, ისე
კეკლუცობდა, რომ მთელს თავის საოცარს სიტურფეს სრულის
ბრწყინვალებით გამოაჩენდა ხოლმე; კაცს გონებას წაართმევდა მისი მართლადა მშვენიერი რხევა ტანისა და სიკეკლუცე თვითვეულის მოძრაობისა.
კარგად იცოდა, რა მომხიბლავი სიტურფე ჰქონდა მის ღიმილს, რა
უძლეველი ღონე მის თვალსა. თვითვეული ფეხის გადადგმა, ხელის გაქნევა,
ტანის რხევა ისე ჰქონდა წინადვე განზრახული, რომ გამოიჩინოს ტანადობის
სიტურფე და საოცარი მშვენიერება ყოველის ასოსი.
განა შეეძლო ჯერ კიდევ არშიყობაში გამოუცდელს, გარაყვნილობისაგან
ჯერ კიდევ გაუფუჭებელს ვერშემონს ამისთანა სირინოზისაგან არ
დამარცხებულიყო? ოციოდე წუთმა გაიარა იმ ყოფაში, რომ იზა თავს ადგა
ვერშემონსა და ამას კი სისხლი ტვინში აუვარდა. ჭკუა როგორღაც
მოუდუნდა, აერია; დაეკარგა ლოღიკა და მის მაგიერ რაღაც გიჟური
გამოხატულობა მოელანდა. ბოლოს ამ უცნაურმა ყოფამ გადუარა ოსკარს.
დაივიწყა ყოველისფერი ქვეყანაზედ, გარდა იმ მშვენიერის თვალებისა,
რომელნიც დასცქეროდნენ, და უპასუხა მტკიცე ხმითა მასზე, რაც იზამ ისე
მოჭრით ჰკითხა:
- არა, უკან არ დავიწევ, არაფრის წინაშე უკან არ დავიწევ... შენის
გულისთვის, შენთვის, რომელიც მიყვარხარ, რომელმაც ლამის ჭკვიდამ
შემშალოს. მითხარ, რა გინდა, იზავ, ყველაფერზედ მზადა ვარ; მიბძანე და მე
აღვასრულებ... მე მიყვარხარ შენ, გაგიჟებით მიყვარხარ...
რამდენჯერმე გაიმეორა: “მიყვარხარ, მიყვარხარო”. იზა სტკბებოდა ამ
სიტყვების მუსიკითა და, როგორც ფრთხილი ჩიტი, ხან იქით მიიხრიდა
კეკლუცად თავს, ხან აქეთ, თითქო მშვენიერს სიმღერას ყურს ადევნებსო.
- ოჰ, რარიგად მიყვარხარ, - ამბობდა ხელახლად ვერშემონი, ისევ ისე
დაჩოქილი, და ეხვეოდა იზასა.
იზა სწრაფად გამოუსხლტა ხელადამ და განზედ გაუდგა. ვერშემონი კი
ისევ დაჩოქილი დარჩა. მერე მივიდა იზა ახლო, ერთი ხელი ნიკაპს ჩაავლო
და მაღლა აახედა, მეორე ხელი შუბლზედ დაადო და არშიყობით უთხრა:
- კმარა ამდონი სიგიჟე... კმარა, თორემ ლამის მეც გავგიჟდე... ადეგ!
სთქვა რა ესა, გაიქცა და ოთახის მეორე კუთხეში სელზედ ჩამოჯდა,
ვერშემონიც წამოდგა, მივიდა იზასთან და საარშიყო ლექსების თქმას მოჰყვა.
- კმარა, გეყოფათ, - უთხრა იზამ მხიარულებით, - როგორ არ მოგწყინდათ,
ბატონო ვერშემონო! აქ გვერდით ჩამოჯექით და მიამბეთ რამე იმ საქმეზედ,
რომელიც ამდენს დროს გართმევთ, იმ გაუთავებელ გამოძიებაზედ... მე

მინდა ყველაფერი შევიტყო... აბა თვითონ იფიქრეთ: ყოველთვის, როცა კი
ჩემი მეგობარი ქალი მოვა ხოლმე, რომელმაც, როგორც ბევრმა სხვამ, იცის,
რომ თქვენ ჩემი ხშირი სტუმარი ხართ...
- ეე!.. შეუნიშნავთ კიდეც...
- მა რა გგონიათ; ზედაც უმატებენ ზოგიერთს რასმეს ჩვენს თაობაზედ.
ხომ იცით, ჭორებსა და კიცხვას მე ყურს არ ვათხოვებ ხოლმე. ჰო, იმას
ვამბობდი; ჩემი მეგობარი ქალები ყოველთვის მეუბნებიან: “თქვენ უნდა
იცოდეთ, იპოვეს თუ არა ნამდვილი დამნაშავე? რაზედ არის ეხლა გამოძიება
დამდგარიო? და როცა ვიტყვი, რომ მეც იმდენი ვიცი, რამოდენიც თქვენმეთქი, აიმრიზებიან ხოლმე, რადგანაც ჰგონიათ, ვითომ მე ვიცი და იმათ კი
ვუმალავ.
ძალიან
გაგეხარდებათ,
რომ
იმათი
ცნობისმოყვარეობა
დააკმაყოფილოთ?
- ძალიან... მე თავსაც მოვიწონებ მაგით, ჩემო ლამაზო გამომძიებელო.
- მაშ, ჩემო ლამაზო იზავ, ხვალ, როცა ჩემს სამსახურს მოვრჩები, საქმეს
თან წამოვიღებ აქ და...
- და აქ ჩემთან ისაქმებთ...
- აქ ვისაქმებ... მითომ რატომ არაო... ეს კი მართალია, შემოვალ თუ არა
თქვენთან, მაშინვე ჭკუა მეფანტება, მაგრამ თქვენ დამეხმარებით.
- მაშ! რა ბედნიერი ვიქნები, თუ ტყუილად შეწამებულს გამოვიხსნით.
- უნდა ვეცადოთ; ეგ ჩემი მოვალეობაა.
იზამ გააცილა კარებამდის ვერშემონი, გამოთხოვების დროს მიუშვირა რა
თავისი ლოყა საკოცნელად, უთხრა:
- ხვალამდის!
მერე მოვიდა მაგიდასთან და ჩაფიქრდა.
- აბა, როგორ უნდა მოვახერხო მე ეგ? - ჰკითხა თავის თავსა.
დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული, ზოგჯერ ტუჩებზე მხიარულის ღიმილი
გაუთამაშებდა ხოლმე, ზოგჯერ წარბი შეეკვროდა. ბოლოს წამოდგა და თმები
გაისწორა.
- არა, უსათუოდ მოვა, - სთქვა ხელახლად ხმამაღლა.
მერე ისევ მიუჯდა მაგიდას და მოჰყვა წერასა. წერილი გრძელი უნდა
ყოფილიყო, რადგანაც კარგა ხანი მოუნდა.
ახალგაზდა გამომძიებელი, შინისაკენ მიმავალი, დიდხანს ვერ მოვიდა
თავის დონეზედ მას შემდეგ, რაც გამოიარა იზასთან ყოფნის დროს. ბევრსა
ჰცდილობდა სხვაზედ რაზედმე მიემართა ფიქრი, მაგრამ ტვინი არ
უჯერებდა. მარტო ერთი იზა ედგა გონების თვალწინა. ჰგრძნობდა, რომ
მისგან დამონებული იყო, ტყვედ წაყვანილი, გატაცებული ჰფიქრობდა, რომ
ყველასა ვიქ, რასაც კი შემომიკვეთსო. ეხლა აშკარად ჰხედავდა, რომ იქნება
სამსახურიც დააკარგვინოს, მაგრამ ამაზედ არა სწუხდა; იზას სიყვარული
მეტად დიდი ფასია ყოველის დანაკარგისათვის და ის სიყვარული საკმაოა,
რომ ცხოვრება ნეტარებად გაუხადოს.
ოსკარ დე-ვერშემონი არ იყო ხნიერი კაცი; ორმოცისაც არ

შესრულებულიყო და თვალად უფრო ახალგაზრდა ჩანდა. მაღალი,
მშვენიერი ტანადი, გამოჩენილი იყო ზრდილობიანის ქცევითა და
მოხდენილობითა; მიხრა-მოხვრა მშვიდობიანი ჰქონდა და ლამაზი. ძალიან
კარგად და დიდის მოხდენით იცვამდა. ერთის სიტყვით, თვალად თუ ტანად
მეტად ლამაზი რამ იყო..
ოსკარ ვერშემონი იყო უკანასკნელი შთამომავალი ძველის გვარის,
რომლის წარმომადგენელნიც ყოველთვის სამხედრო სამსახურს ჰრჩეობდნენ
ხოლმე. როცა მამამისი მიშელ დე-ვერშემონი მოჰკლეს აფრიკაში და დედა
დაუქვრივდა, მას შემდეგ დედამ მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა შვილის
აღზრდასა და ცდილობდა შვილი ისეთს გზაზედ დაეყენებინა, რომ არ
მისცემოდა მეომარის განსაცდელით სავსეს ცხოვრებას. დედის მეოხებით
ოსკარა გამოვიდა კაცი მშვიდობიანი, მორცხვი და ზნეობით თავშენახული.
მამაკაცის ხასიათს, გაწურთვნილს დედაკაცის მზრუნველობით, ხშირად
დაეტყობა ხოლმე დედაკაცური თვისება. ოსკარმა შეასრულა სწავლა ერთს
პროვინციის უნავერსიტეტში და სწავლის დროს დედასთან სცხთვრობდა.
მინამ იზას შეეყრებოდა, ერთი-ერთმანეთზედ უყვარადა ერთი მოახლე და
ორი სხვა ქმრიანი ქალი, რომელთაც თვითონვე გააბედვინეს არშიყობა. ამ
არშიყობის განმავლობაში ერთი პატარა სასაცილო საქმე დაემართა: ერთმა
ქვრიკმა მოიტაცა, ხნით ოსკარზედ ბევრით მეტმა, და ამის გამო იმ ქვრივს
სამასხარო სახელი დაარქვეს: “ბალღების მტაცებელიო”. სწავლის
შესრულების შემდეგ რამდენსამე ხანს პროკინციაში მსახურებდა, მერე კი
ნაცნობების შემწეობით გადმოიყვანეს პარიზში.
შთამომავლობით ოსკარი ეკუთვნოდა ძველს თავადაზნაურობას.
წინაპარმა მისმა ელუამ მიიღო გრაფობა 857 წელსა კარლოს მელოტისაგან. მას
შემდეგ კაცი არ იყი ამის გვარში იმისთანა, რომ საფრანგეთის მხედრობაში
თავი რითიმე არ გამოეჩინა. პირველ რევოლიუციის დროს გრაფ ელი დევერშემონ პრინც კონდეს მიემხრო, ამის გამო დაჭერილ იქმნა,
განსამართლებულ და სიკვდილით დასჯილ 5 იანვარს 1793 წ., მეორე ძმამ
მიშელმა კი მიიღო კონვენტისაგან საპატიო ხმალი ვაჟკაცობისათვის,
რომელიც გამოეჩინა ომში საფრანგეთის მტრებთან. ამ უკანასკნელისაგან იყო
შთამომავალი ჩვენი ოსკარ ვერშემონი, რომელსაც უფლება ჰქონდა
გრაფობით ეხსენებინა თავი, მაგრამ არ ჰნდომულობდა, რადგანაც მისი
წინაპარი მიშელი დემოკრატი იყო გულით და არ ჰხმარობდა მაგ ტიტულს.
ოსკარ ვერშემონს მისცეს გამომძიებელის თანამდებობა პარიზში დედის
სიკვდილის შემდეგ. მილიონერის სახელი ჰქონდა დავარდნილი და
უმაღლესის თანამდებობის მიღებაც დაპირესული ჰქონდა. შინ რომ მოვიდა
ოსკარი იზას სახლიდამ, ჰცდილობდა მოესაზრა რამ ლეა მედანის საქმის
თაობაზედ, მაგრამ იზას სახე თვალწინ ედგა და მისი გონების თვალი
გაჩერდა ხელახლად ამ მშვენიერს სულიერზედ, რომლისათვისაც მზად იცო
ენაცვლებინა ყოველისფერი და თითქმის სიცოცხლეცა.
“ახ, ნეტავი მაშინ შემხვედროდა იზა, როცა ბიძამ მოიყვანა პარიზში
უმანკო და წრფელი, - ფიქრობდა ოსკარი, - სულ ის ფიქრი მიკლავს გულს,

რომ ჩემამდე სხვა ყოფილა, რომლისთვისაც უალერსნია, უკოცნია იზასა...
მაგრამ რა სულელი ვარ!.. განა უმაღლესი ნეტარება არ არის, რომ ეხლაც იყოს
კაცი იმისაგან შეყვარებული?.. აი რასა ვიქ პატარა სახლს ვიყიდი, ძალიან
მდიდრულად მოვრთავ და მოვაწყობ და, თუ მე მართლა ვეყვარები,
დავაბინავებ იმ სახლში, მაშინვე გამოვაცვლევინებ ეხლანდელს ტანისამოსს
და ჩავაცმევ ახალს, რომელსაც მე თვითონ ვაჩუქებ. მე მინდა, რომ ყველაფერი
კაბიდამ წუღებამდე მარტო ჩემგან ჰქონდეს. ნებას მივცემ, რაც ეხლა აქვს,
ყელაფერი გაჰყიდოს და ის ფული როგორც უნდა ისე მოიხმაროს, ხოლო რაკი
ფეხს ჩემს სახლში შემოდგამს, მას დღეს აქეთ ყოველისფერი საკუთრივ ჩემგან
ექნება... და თვითონ იზაც ჩემი იქნება, მარტო ჩემი...”
აქ გაურბინა გულში იმ ფიქრმა, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სიზმარია.
დაეცა დივანზედ, თავზედ წაივლო ორივე ხელი და ჰკითხა თავის თავს
ხმამაღლა:
- ნეტა რა უნდა იმ ქალს ჩემგან? ნეტა სიყვარულის ნიშნად რა საბუთი
სურს მომთხოვოს? რა დანაშაულობაში უნდა გამრიოს?
თუმცა ეხლა დანაშაულობაში გარევის ფიქრი ისე აღარ აშინებდა, მაგრამ
მაინც ტანში ჟრჟოლამ გაურბინა.
- საშინელი რამ არის! - დაიძახა ოსკარმა, - მაგრამ მე იმ ქალისათვის რას
არ ვიზამ, რას?! რა მართალია ეს ნათქვამი.. “ყველაზედ უწინარეს ქალი
მონახეთო”.
გადაწვა დივანზედ, წარმოიდგინა თვალწინ იზა და ნებივრობას მიეცა,
თუმცა იწოდა კი.

V
ქალი მონახეთ
მეორეს დღეს ვერშემონი დაპირებისამებრ წავიდა იზასთან და თან წაიღო
ლეა მედანის საქმე. იზამ მადლობის ნიშნად ტუჩებში აკოცა. ამ კოცნამ ჭკუა
და გონება აურია საწყალს გამომძიებელს და, ჩამოჯდა თუ არა საწერს
მაგიდასთან, იზა თავს დაადგა და ისე გადმოეყუდა, რომ მისი თმები
ვერშემონის შუბლს ეხებოდა. იზას მომხიბლავ თვალთა მოქმედებით გონება
ატაცებულმა ოსკარმა მაშინვე უამბო ყოველივე, რაც იცოდა ლეა მედანის
საქმის თაობაზედ და თავის სიტყვა ამით დაასრულა:
- ნამდვილ დამნაშავედ მე ანდრე გუდარი მეგონა, თუმცა კი უნდა
ვსთქვა, რომ მის გასამტყუნებლად გულსადები საბუთი არა არის რა, თუ
საბუთად არ ჩავთვლით იმ ბანკის ბილეთებს, რომელიც მას ვუპოვეთ და
რომელიც შესაძლოა ისე ჩავარდნოდეს ხელში, როგორც თვითონ ამბობს.
იქნება მართალიც იყოს. ჩვენ არაფერი უეჭველი საბუთი არა გვაქვს
დავამტკიცოთ, რომ ის ბილეთები სწორედ ლეა მედანისა ყოფილიყოს.
გუდარი იმ ქალის საყვარელი ყოფილა, გუდარს ის ღამე, როცა ლეა მედანი

მოჰკლეს, იმ ქალთან გაუტარებია. აი მარტო ამაზე არის დამყარებული
გამოძიება.
ეს რომ მოისმინა ყურადღებით, იზა სკამზედ ჩამოჯდა ოსკარის
პირდაპირ და ჩაფიქრდა.
- საწყალი! - სთქვა იზამ დაღონებულის ხმით.
- მორისი? - ჰკითხა გამომძიებელმა.
- არა, ანდრე, - უპასუხა იზამ, - საწყალი ანდრე, რომ თავისის
სიყვარულის მსხვერპლად შექმნილა, ეგ ცხადია. საწყალს სდევნიან და
აწამებენ იმისთვის, რომ თავის საყვარელთან ყოფილა, სხვა არაფერი საბუთი
გქონიათ მის წინააღმდეგ.
- კარგო იზავ! თქვენის ტრფიალის ბუნების ბრალია, რომ ეგრე გული
შეგტკივათ მაგ შეყვარებულ კაცისათვის. მაგრამ აქ ეჭვი კი უადგილოა.
სწორედ ის არის დამნაშავე.
- სტყუვდებით. ჩემი აზრი საბუთიანია... რა უნდა ჰქონოდა აზრად, რომ
საყვარელსა ჰკლავდა? თქვენ ამბობთ: ბანკის ბილეთების გულისათვისაო.
ხომ არ იცით, რომ ის ბილეთები სწორედ იმ ქალისა იყო? განა ჭკუას ახლო არ
არის, რომ იმ კაცს ბორტის მაკლერების ცნობა არა მქონია, სცოდნია, რომ მისი
საყვარელი ქალი ბირჟაზედ დიდის ხერხით აღებ-მიცემობას, აუღია და
თავისი ფულები იმისთვის მიუნდვია საწარმოებლად. აქ დაუჯერებელი რა
არის? უკეთესს მისანდობს კაცს ვის იპოვიდა, თუ არ თავის საყვარელსა... სხვა
უკეთესად ვინ გამოადგებოდა, თუ არ საყვარელი...
- თქვენ მართალი ხართ... თქვენ შეუდარებელი ამხანაგი ხართ
გამომძიებლისათვის. მართალია, საყვარელი ქალი ყოველთვის უკეთესი
მრჩეველია საყვარელისთვის.
- რომ სიმართლით ვსაჯოთ, ყოველთვის ჩვენ ჩვენი თავი იმათ ადგილას
უნდა დავაყენოთ ხოლმე, რომელთა ზედაც ჩვენა ვსჯით... მე ჩემი თავი ლეა
მედანის ალაგას წარმომიდგენია. აბა იფიქრეთ: მე მყავს არშიყი, რომელიც
ძალიან მიყვარს... ხოლო მე სხვა კაცისაგანაც დავალებული ვარ, იმ კაცისაგან,
რომელიც მე მაცხოვრებს. რომ ის კაცი ხელიდამ არ წამივიდეს, მე უნდა ჩემი
სიყვარული დამეფარა: ამის გამო ვიჭერ ცალკე სახლს სადად, მაგრამ
ლამაზად კი მოწყობილს. საცხოვრებლად ხომ არ მინდა, მარტო
სიამოვნებისათვიხ. ნუთუ თქვენა გგონიათ, რომ, როცა კი იმ სახლში
წავიდოდი ჩემს საყვარელთან საქეიფოდ, თან წავათრევდი ბანკის ბილეთებს
ოთხმოცის ათასის ფრანკისას? რა ჭკუაში მოსასვლელია?
- მაგაშიაც მართალი ხართ... მე ქედს ვიხრი თქვენის გონიერების წინაშე, გულმართლად უპასუხა გამომძიებელმა და თითქო შერცხვაო, დაუწყო
ქაღალდებს შლა. იზამ ძალიან კარგად შეამჩნია, რომ მისმა სიტყვებმა
ჯეროვნად გასჭრა.
- ლეა მედანისათვის მოუპარავთ ძვირფასი ბრილიანტები და თქვენ
ერთი იმათგანიც ვერ გიპოვნიათ, რომ იმათი გეში რამ მიიტანოთ მაინც. ლეა
მედანი მოუწამლავთ უეჭველია მოსჩხრეკდით სახლს იმ კაცისას, რომელსაც
თქვენ ეძახით...

- ანდრე გუდარს.
- დააღ, ანდრე გუდარის სახლს. თქვენ იმას ვერა უპოვეთ რა, არც
საწამლავის ნიშანი რამ, არც კაცი, რომელსაც მისთვის ღვინო მიეყიდნოს.
- ეგ მართალია.
- ერთი ამას მაინც იკითხავდით: რის გულისათვის მოსწამლავდა
საყვარელ ქალსა გაჭირვებული ცხოვრება ჰქონდა, თუ რა?
- შეძლების შესაძენად მოახდენდა მაგ ავკაცობას.
- ტყუილია, თქვენისავე სიტყვით, მეორე დღეს ჯვარი უნდა დაეწერა...
ერთი აფთარი რამ უნდა იყოს ადამიანი, რომ წინა ღამით ერთი ქალი
მოჰკლას და მეორეს დღეს კი მეორე შეირთოს. თუ გუდარს წინადვე
გამოუტანია თავისი ბილეთები, ეგ
იმიტომ, რომ სიმამრის საქმეს
სჭირდებოდა და იქ უნდა მიეშველებინა ფული. განა ერთხელ და ორჯერ
სასიმამროს უხსნია თავის სასიძოსაგან ფული?.. ცხადია, რომ ქურდობის
მოსახდენად გუდარი იმ ავკაცობას არ ჩაიდენდა.
- ყოველი თქვენი სიტყვა მაოცებს მე, იზავ! მარტო დედაკაცისაგან თუ
გაიგონებს ადამიანი მაგისთანა ცხადსა და მართალს მსჯელობას...
უკანასკნელ დასკვნას მაინც თქვენგან მოელი... მიბძანეთ.
- მე არა მგონია, რომ ლეა მედანი გასაქურდლად მოეკლათ. ამბობენ, ლეა
მედანი საპოლიტიკო აგენტად ჰყოლია ერთს უცხო ქვეყნის მთავრობასა.
იქნება, რაც საჭიროა, იმაზედ მეტი რამ შეტყობილი ჰქონდა ლეა მედანს და
საჭიროდ დაინახეს იმისი თავიდამ მოშორება. სინიდისზედ პატარა
შემომწყრალი მკვლელი, რასაკვირველია, ბრილიანტების ჩაჯიბვასაც არ
ითაკილებდა.
- ვსთქვათ ეგრე იყო, მითამ აქედამ რა გამოგყავთ?
- ის გაგომომყავს, რომ თქვენ ტყუილს კვალში ჩამდგარხართ. გუდარი აქ
არაფერს შუაშია. ციხეში ჩასმით თქვენ იმას დიდი ზიანი მიაყენეთ.
- ეგ მაგდენი არაფერია, - უპასუხა ვერშემონმა არხეინად.
- ნამდვილი დამნაშავე, ჩემის აზრით, მორის ფერანია. უნახავთ რომ იმ
ღამეს თავის ოთახიდამ გასულა და შესულა. ღვინის გამყიდავი ამოწმებს,
რომ ფერანს უყიდნია იმისაგან შამპანური ღვინო; თვითონ მორისივე ამბობს
თავის პირით, რომ ღვინოში საწამლავი მე ჩავასხიო; დასასრულ, ვერა
უთქვამს რა მასზედ, თუ ის ღამე სად და როგორ გაატარა.
- იმავ საათს, როცა გუდარი, მისივე სიტყვით, ლეა მედანთან ერთად
მოდენილან, მორისი უნახავთ სხვა ქალთანა.
- უეჭველია, ის ქალიც ამხანაგად ჰყოლია. აბა ვინ გააბედვინებდა
მაგისთანა ავკაცობას, თუ არ ქალი? უსათუოდ ქალმა გააბრაზა და ამის
დასამტკიცებელიც ბარათია, რომელიც საქმეში გაქვთ ჩაკერებული; ის ქალი
დაჰყოლია ფერანს მხოლოდ იმ პირობით, რომ ლეა მედანი მოეკლა და ლეა
მედანის სიკვდილი საჭირო ყოფილა იმ ქალისათვის რომელისამე მიზეზის
გამო. თუ ამაში ბრალი არა ჰქონდა, ლეა მედანის სიკვდილის შემდეგ, მეორეს
დღესვე რად გადაკარგა პარიზადამ?
- თქვენი მსჯელობა სწორედ თავზარსა მცემს, იზავ! თქვენ ახალის შუქით

გამინათეთ ყოველივე გარემოება საქმისა. თქვენ მართალს ამბობთ; ის ბარათი
სულ სხვა საბუთია, თუ კაცი კარგად დააკვირდება.
- აბა, ერთი ხელმეორედ გადიკითხეთ.
ოსკარმა მონახა ქაღალდებში სესილისაგან მორისთან მოწერილი ბარათი,
ამოიღო და ხმამაღლა გარკვევით კითხვა დაიწყო. მინამ ბარათს
კითხულობდა, იზა ფეხზედ იდგა, ხელი ოსკარის მხარზედ ებჯინა და თავი
ისე დაეხარა, რომ ლოყით ვერშემონის თმას ზედ ეხებოდა. რაღა თქმა უნდა,
რომ გამომძიებელის გონება იზამ გაიტაცა და ამიტომაც ბარათი
უგულისყუროდ გადიკითხა.
- მაინც კიდევ წინანდელს აზრზევე დგეხართ? - ჰკითხა იზას ოსკარმა.
- საყვარელო ოსკარ, ნუთუ არ იცით, რომ მაგის დამწერი, ვიდრე ერთს
სიტყვას დაწერდა, ათჯერ მოიფიქრებდა. რომ მაგ ბარათის ნამდვილი აზრი
გამოიცნოს კაცმა, პირდაპირ კი არ უნდა წაიკითხოს, უნდა სთარგმნოს,
ერთის სიტყვით, იმოდენა დრო მოანდომოს, რამოდენაც საჭიროა ახლად
მოგონილის ასოებით დაწერილის წასაკითხავად... მე მხოლოდ ორიოდე
სიტყვას განიშნებთ, რომელნიც ჩემთვის ეხლაც მეტად ცხადნი არიან.
იზამ ხელი გაიწოდა ბარათისაკენ ისე, რომ კინაღამ ოსკარის ტუჩებს არ
შეახო და უჩვენა ბარათში შემდეგი სტრიქონი: “აი უკანასკნელი წყალობა,
რომელსაც მე შენა გთხოვ, მორის. - და შემდეგ: - მორის, შემომფიცე, რომ
ყოველთვის და ყოველს შემთხვევაში ამაზე იდგები, რომ მე არა ვყოფილვარ
შენთან ოცს ივნისს ღამეს; რომ იმ დღეს მე შენ არ გინახვივარ...” და სხვანი.
- მე მგონია, ეს ცხადი საბუთია, -. სთქვა იზამ.
ოსკარმა “ჰოს” ნიშნად თავი დაუქნია.
- ყური მიგდეთ, - დაიწყო ისევ იზამ, - მე მომანდეთ, მე, ეგ ბარათი; მე
ნამდვილს აზრს მაგ ბარათისას შეგიტყობთ და ჰნახავთ მას მერმედ, რომ
გამოსაძიებელიც აღარა დაგრჩებათ რა... მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ
ბარათშია ამ საქმის გამოცანა.
ვერშემონმა ჭოჭმანი იწყო, იმიტომ კი არა, რომ ვერ ენდობოდა იზას,
არამედ იმიტომ, რომ არ უნდოდა ამისთანა უსიამოვნო საქმით შეეწუხებინა
საყვარელი ქალი. იზა ამის ჭოჭმანმა შეაწუხა და არ იყო რომ ცოტა
გულნაკლულად არა ჰკითხა;
- ნუთუ ჰშიშობთ, რომ თქვენის ნდობის ღირსი არ ვიყო?
- რას ბრძანებთ! მე მარტო ის მაწუხებს, რომ თქვენ თქვენს გონებას
ამისთანა უსიამოვნო საქმეზედ მოაცდენთ.
პირიქით, მე დიდის სიამოვნებით მოვეკიდები მაგ საქმეს. თუ მე
რამდენიმე საათის ჯაფით გიპოვით დანაშაულობის საბუთს, რომელსაც
თქვენ ამოდენა ხანია ეძებთ და ვერ გიპოვიათ, განა თავმოსაწონებელი არ
იქნება ჩემთვის თუნდ ეგ არ იყოს, მე მგონია საკმაო საბუთები
წარმოგიდგინეთ, რომ ნამდვილი დამნაშავე ის არის, ვისიც განთავისუფლება
თქვენ გინდათ და ის უბედური, ლეტარდ ევარია თუ ვიღაცა, სხვის მაგიერად
იტანჯება.
იზა განგებ გადაასხვაფერებდა ხოლმე გუდარის სახელს, ხან ივიწყებდა,

მითამ-ღა..იმისი ცნობა არა აქვს. სხვა გამომძიებელი, ვერშემონივით
შეყვარებული რომ არ ყოფილიყო, მაშინვე მიხვდებოდა, რომ აქ იზა რაღაცას
ეშმაკობს, მაგრამ ვერშემონი კი სრულებით გაბრუებული იყო იზას
სიყვარულითა და ვერაფერს მიუხვდა. ამ სახით ორისავ შეწამებულის ბედი
ეხლა იზას ხელში იყო. შეყვარებული გამომძიებელი სრულად
დატყვევებული იყო იზასაგან. რასაც იზა იტყოდა, ამას შეურყეველი
ჭეშმარიტება ეგონა. ვერ მიუხვდა, რომ აქ იზა გუდარის სარჩლს ეწევა.
ოსკარს ის უხაროდა, რომ საყვარელი ქალი ჰკისრულობს გამომძიებლის
მოვალეობას, ამხანაგად უხდება. ამან წააქეზა, აიღო და ბარათი გადასცა იზას.
ოსკარმა ვერ შეამცნივა, რა სიხარულმა გაუნათა თვალები იზას, რა
კმაყოფილების ღიმილმა გაურბინა ტუჩებზედ, როცა იზამ ბარათი ჩამოართვა
და დაუყოვნებლივ ჯიბეში უკრა თავი!
- ეს ბარათი ქალის დაწერილია, - სთქვა იზამ, - და ქალის ეშმაკობას ქალი
უფრო მალე მიხვდება, ვიდრე მამაკაცი. ზოგიერთი სიტყვები სწორედ
საქალო გამოცანა არის. საყვარელ კაცთან მიწერილს ბარათში ბევრი
გაუგებარი სიტყვებია სხვისათვის, მაგრამ თვითონ საყვარელ კაცისათვის კი
ცხადია ხოლმე. აი სწორედ მაგისთანა სიტყვებს მე უნდა გამოვუნახო აზრი.
იმედი მაქვს ნამდვილს კვალში ჩავდგები და თქვენც ჩაგაყენებთ... დიაღ, ჩემო
კარგო გამომძიებელო, მე დაგიმტკიცებთ თქვენ, სადამდის მიაღწევს ხოლმე
დედაკაცის ხერხიანობა. მე დიდის გულმოდგინებით დავაკვირდები ამ
ბარათს, რომელსაც თქვენ, როგორც გეტყობათ, დიდს მნიშვნელობას არ
აძლევთ.
უკანასკნელი სიტყვები უფრო რიხიანად სთქვა და თვალი დააშტერა
ოსკარსა.
- ოო, ეხლა მაგ ბარათს სულ სხვა თვალით ვუყურებ, სთქვა
გამომძიებელმა, - წინად არც კი მინდოდა საქმიანს ქაღალდებში გამერია,
მეგონა გარეშე საიდუმლოა და ვაი თუ გამომჟღავნებით ვისიმე ოჯახის
მშვიდობიანობა დაირღვეს-მეთქი. მე გადაწყვეტილი მქონდა, ხვალ მორის
ფერანი განმეთავისუფლებინა და ეგ ბარათი დამებრუნებინა.
- ხვალ უნდა გაგეთავისუფლებინათ? დახე, რარიგად იმუშავა თქვენმა
ბედმა, რომ ეგ საქმე აქ მოიტანეთ... ეს ბარათი თვითონ ნამდვილი ბარათია,
თუ ნამდვილიდან გადმოწერილი?
- ნამდვილია. ასლი არ გადმომიღებინებია.
- მართლა? - დაიძახა იზამ და ცოტად ამოიოხრა. დაებჯინა მაგიდას და
პირდაპირ თვალებში ყურება დაუწყო ახალგაზდა გამომძიებელს და
გამომძიებელი კიდევ ტრფიალებით შეჰღიმოდა.
- აბა ერთი გაბედეთ და სთქვით კიდევ, რომ აქ ჩემთან საქმის გაკეთება არ
შეიძლება, განაგრძო იზამ, - აბა ერთი კიდევ გაბედეთ და სთქვით, რომ მე ამ
საქმეში ცუდი მდივანი ვარ და მაშინ მე ვიცი!
- ძალიან მარჯვე და მშვენიერი მდივანი ხართ, იმისთანა მდივანი,
რომელიც მთელს გამოძიებას თვითონ კისრულობს და რომელთანაც დროც
სიტკბოებით მიდის და საქმეც კეთდება. ახლა ერთი ეს ვიკითხოთ: ჩემი

მშვენიერი მდივანი კი კმაყოფილია ამ საღამოსი?
- მითომ რატომ არა? მე ჭეშმარიტი გამოვიცანი, მე იქნება გადავარჩინო
მართალი კაცი სასჯელს... მე ძალიან მოხარული ვარ, იმიტომ რომ მე მგონია
კეთილი საქმე ვქენ.
- რაღა თქმა უნდა, რომ უკეთესი სიტკბოებაა მართალის კაცის დახსნა.
- ეგ ეგრეა, მაგრამ მე ერთი რამ მინდა შევიტყო...
ეს რომ უთხრა, იზა დააცქერდა ვერშემონსა და მერე ჰკითხა:
- ეგ იქნება თქვენ ჩემის პატივისცემით მოგდით, რომ ნათქვამს მიწონებთ?
- თქვენც არ მომიკვდეთ...
- მაშ თქვენც ჩემსავით დარწმუნებული ხართ, რომ მართალია ის ვიღაცა...
რამ დამავიწყა!..
- ანდრე გუდარი.
- დიაღ, მაშ ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაგიჯდათ?
- სწორედ. ეს კი უნდა მოგახსენოთ, კარგო იზავ, რომ მაგისთვის დიდი
ჯაფა არ-იყო საჭირო. მე თვითონ არ გითხარით, საქმე ისე ძნელია, რომ სწორე
აზრი ვერ შემიდგენია-მეთქი? ამიტომაც ვაგვიანებდი გამოძიების წარდგენას
სასამართლოში. მე მარტო ერთი საბუთი მეჭირა ხელში: ეგ ბანკის ბილეთები
იყო, რომელიც გუდარიხ ხელში აღმოჩნდა. ბირჟის მაკლერმა გვიმოწმა, რომ
ეგ ბილეთები ლეა მედანისათკის მე თვითონ ვიყიდეო. მაგრამ მესმოდა კი,
რომ მაგისთანა საბუთი მეტად მჩატე რამ არის და ამიტომაც ეჭვში ვიყავი. ნუ
დაივიწყებთ, რომ ეს საქმე პირველია, რომელიც მე შემხვდა გამოსაძიებლად
პარიზში და მძიმე საქმეც არის. ძალიან ცუდი რამ იქნება, ამ გამოძიებაში
თავი შევირცხვინო, მით უფრო, რომ ყველგან გულდაჯერებით ვიძახოდი,
დამნაშავე ხელში მყავს-მეთქი. განა მადლობელი არ უნდა ვიყო თქვენი, რომ
შეცდომა
ჩემი
დამანახვეთ
და
გამისწორეთ?
დედაკაცურის
გულთამხილაობით პირუთვნელად - თქვენ ხომ არც ერთს შეწამებულს
იცნობთ, არც მეორეს - თქვენ მეუბნებით: “აი, ნამდვილი დამნაშავე ვინ არის!”
ყოველივე სიტყვა მოწმეებისა და პოლიციელებისა, რომელიც მე თქვენ
წაგიკითხეთ, თქვენ დიდის ჭკუით გასინჯეთ და ასწონეთ და მაშინვე
საქმესაც სწორეს თვალით დაუწყეთ ყურება. ბარათს, რომელსაც არაფრად
ვაგდებდი, თქვენის გამოძიებით დიდი მნიშვნელობა მიეცა ეხლა. მე ეგ
ბარათი მორისის გასამართლებელ საბუთად მიმაჩნდა, თქვენ კი, პირიქით,
მაგით ამტყუნებთ მორის ფერანსა, რომელმაც, გაგიტყდებით, ძალიან
მომაწონა თავი, მაშინ როდესაც მეორემ შემაძულა თავი თავის უწმაწურის
ქცევითა და ლაპარაკითა.
- მაშ ეხლა თქვენ სწორედ დარწმუნებული ხართ?
- დიაღ, ჩემო კარგო, და ამასთანაც ჩემის თავისა მრცხვენიან. თქვენ ერთს
საათში იპოვეთ ის, რასაც ჩვენ მთელი ექვსი თვე ვეძებდით და ვერ ვიპოვეთ.
- აი ეხლა კი სრულებით კმაყოფილი ვარ, - სთქვა გახარებულმა იზამ.
მას მერმედ ჩაჩუმდა და რამდენსამე წუთს ორივენი დაჩუმებულნი
იყვნენ. ოსკარი გულაღელვებით თვალს ადევნებდა იზას.
- რამ დაგაფიქრათ, იზავ? - ჰკითხა ოსკარმა.

- მე ერთი თქვენი ნათქვამი მომაგონდა და იმაზე ჩავფიქრდი.
- რომელი?
- თქვენა სთქვით, რომ “სრულის მიუდგომლობით სჯითო, რადგანაც არც
ერთს იცნობთ და არც მეორესაო”.
- დიაღ, ვსთქვი, მაგრამ ამითი მინდოდა მეთქვა, რომ თქვენ თვითონ
პირდაპირ არ გამოგიკითხავთ შეწამებულნი, როგორც მე გამოვკითხე და,
მაშასადამე, იმათი მოხერხებული სიტყვა-პასუხი თქვენზედ ვერ
იმოქმედებდა.
- ტყუილად თავს ჰმართლულობთ, მეც სწორედ ეგრე ავუხსენ ჩემს თავს
თქვენი ნათქვამი. ეს კი უნდა იცოდეთ, რომ მე ერთი იმისთანა ნიჭი მაქვს,
რომლის მოწყალებით ჩემ წინ ვერა სჭრის ვერც მოხერხებული სიტყვა, ვერც
სასიამოვნო თუ უსიამოვნო სახე. მე სახისმეტყველი ვარ: თვალი კი მოვკრა
და უმალვე ყველაფერს გავუგებ ხოლმე კაცსა. დღეის აქამომდე არ მახსოვს,
რომ მე ერთხელ მაინც მოვტყუებულვიყავ.
- ძვირფასი ნიჭი გქონიათ.
- და მე მინდა ის ნიჭი გამოვიყენო ამ ჩვენ საქმეშიაც, - სთქვა იზამ და
გაიღიმა, - ნებას მომცემთ?
- რა ნებას?
- შეიძლება ვნახოთ ამ საქმეზე დაჭერილები?
- მესმის. ვერ ვიტყვი, რომ კანონი მაგის ნებას გვაძლევდეს, მაგრამ
შეიძლება კანონს გვერდზედ ავუაროთ... რაიმე პატივსადების მიზეზის
სახელითა.
- თუ შეიძლება, მე და თქვენ ერთად უნდა წავიდეთ.
- თუ ერთად წავალთ, მაშინ კი კანონიც ვერ დაგვაბრკოლებს.
- მაშ, საყვარელო ოსკარ, ისე მომიხერხეთ, რომ ორივე შეწამებული ვნახო.
- ძალიან კარგი. ძალიან საინტერესო იქმნება შევიტყო, თვითვეული
მათგანი როგორ კაცად გეჩვენებათ.
- იმის ნებასაც ხომ მომცემთ, გამოველაპარაკო?
- ეგ კი ცოტა საძნელოა, მაგრამ რაკი ჩემთან ერთად იქნებით, მაგის
ნებასაც მოგცემთ. მარტო რომ წახვიდეთ, ციხირ უფროსები სალაპარაკოდ არ
მიგიშვებდნენ, თუნდა ნახვის ნება გქონოდათ კიდეც.
- ლაპარაკი საჭიროა. თქვენ ხომ იცით, მე ბოშის ჯიშისა ვარ და ჩვენის
ჯიშის ადამიანმა ცოტაოდენად მკითხაობაც იცის. სახეზე, ხმაზე, ხელებზე
შევატყობთ ხოლმე, ვინ როგორი კაცია. რომ უფრო კარგად გამოვიცნათ,
გამოლაპარაკება ფრიად საჭიროა.
- რაკი გსურთ, ბატონი ბძანდებით.
- როდის?
-- იმედი მაქვს, ეხლავე არ მოინდომებთ წასვლას.
- არა, ხვალ წავიდეთ.
- ძალიან კარგი, ხვალ წავიდეთ, - უთხრა ოსკარმა და თვალი თვალში
გაუყარა იზასა.
- თქვენ რაღაც გინდათ მითხრათ და ყოყმანობთ, - შენიშნა იზამ.

- ნუთუ ამას თქმა უნდა, რომ მე მარტო ამ საქმემ არ მომიყვანა თქვენს
სახლში. ყველაზე უწინარეს, რასაკვირველია,
თქვენი ნახვა მინდოდა,
თქვენთან ლაპარაკი თქვენზედვე... ნუთუ ჯერ კიდევ არ მოსულა ის დრო,
რომ ჩემის გულის პასუხს ვეღირსო...
- ეხლა გვიან არის, - უთხრა იზამ სიცილით, - ეხლა მეტად დაღალული
ვარ და ამასთანაც ჩვენის საქმისათვის კიდე შრომა მომელის... ხვალამდის.
- რა ბძანეთ?
- დროზედ ჩამოაგდეთ ლაპარაკი და მომაგონდა, რომ ეხლა
მეტად
დაგვიანებულია...
მივიდა და ზარი დააწკარუნა.
- ჟუსტინა გაგაცილებთ, - განაგრძო იზამ.
- ჰოი, ბოროტო!
- ნახვამდმის! ხვალამდის!
იზამ მიუშვირა თავისი მშვენიერი ტუჩები; ოსკარმა აკოცა და
მორჩილებით უკან გაჰყვა ჟუსტინას, რომელიც ამ წუთში ოთახში
გამოცხადდა.
იზა მარტოკა რომ დარჩა, კარები კლიტით ჩაიკეტა, მიუჯდა მაგიდას,
ამოიღო მაგიდის უჯრიდამ პატარა ყუთი და ხმამაღლა სთქვა:
- დიაღ, უნდა ვისაქმოთ.
ყუთი სავსე იყო შუშებითა, ბალახ-ბულახეულებითა და სხვა
ამგვარებითა. თვითონ ბოშამ და ბოშათა შორის გაზდილმა იზამ იცოდა
წამლებისა და საწამლავების შედგენა და კეთება. სხვადასხვა შუშიდამ
თვითო-ოროლა წვეთი დაასხა ლანბაქზედ და ერთმანეთში აურია. მერე
აიღო სესილის ბარათი, გულმოდგიანებით გადიკითხა, ამოაწება ფრთა
წამალში და ზოგიერთს სტრიქონებს წაუსო. ეს რომ გაათავა, აანთო პატარა
კანდელი და იმის ალზედ გააშრო ბარათი. როცა აშრობდა, ოთახში
სასიამოვნო სუნი დადგა. ეს საქმე რომ სრულებით გაათავა, იზამ დახედა
ბარათს და ძალიან მოიწონა თავისი ნაკეთები. არავის არ მოუვიდოდა
ფიქრად, რომ ეს ბარათი განგებ წაუხდენია ვისმე. ყველას ის ეგონებოდა, რომ
ბარათზე დაღვრილა სურნელი წყალი რამ და იმას ამოუჭამია ზოგიერთი
სტრიქონები და სიტყვებიო. ხოლო ხელუხლებლად დარჩა იმისთანა
სიტყვები, რომელთაც ნამდვილი აზრი ვეღარ გაიგებოდა, რაკი წინა და უკან
ზოგიერთი სტრიქონები და სიტყვები ამოჭმული იყო წამლითა.
ამოჭმულზედ შეიძლებოდა რაც უნდა ის დაეწერა კაცს, თუ კი ხელს
მიამსგავსებდა.
ეს ფიქრი მოუვიდა იზას, როცა სიამოვნებით დაჰყურებდა თავის
ნამუშევარს.
- თუ საჭირო იქნება ჩაწერა წაშლილის სიტყვების სამაგიეროდ, შეიძლება
ჩაიწეროს, - სთქვა იზამ და ეშმაკურად ჩაიცინა.
აიღო ბარათი და ჩასდვა მარმარილოს მაგიდაში, საცა პირის საბანი და
პირის საკეთი იარაღი იყო. ამ მაგიდაზედ ბევრი შუშები ეწყო სხვადასხვაგვარ
სურნელიანის წყლითა. ერთის შუშის ქვეშ ამოსდო ის ბარათი, მითომ

იმისათვის, რომ მერე ოსკარ გარშემონი დააჯეროს, შუშა გადმოვარდა,
გატყდა და სურნელი წყალი დაესხა ბარათსაო. როცა ეს გაათავა, იზა
ტანისამოსის გახდას მოჰყვა, მოახლე აღარ შეაწუხა. ჩამოიშალა თმები,
რომელნიც გადმოეფინნენ ტიტველა მხრებზედ. იზამ ჩაიხედა სარკეში და
თავის თავს თვალი ვეღარ მოაშორა. უნდა ვსთქვათ, რომ თვითონ იზა
ტრფიალი იყო თავის მშვენიერებისა.
- დროა, - სთქვა მან ღიმილით, - ხვალ მთლად ჭკუაზედ შევშლი და რაც
მინდა, იმას ვაქნევინებ.
მეორე დილას იზა მოირთო და დანიშნულს საათზე მოუთმენელად
ელოდებოდა ვერშემონსა. როცა ოსკარის ეტლი მოგრიალდა კარების წინ,
ჟუსტინა გაეგება და უთხრა, ნუღარ შეწუხდებით, ეტლიდამ ნუ გამოხვალთ,
ქალბატონი ეხლავ თვითონვე ჩამობძანდებაო. მართლადაც, იზამ დიდხანს
არ ალოდინა. ჩამოვიდა, ჩაუჯდა ეტლში და წავიდნენ.
იზა ძალიან მხიარულად იყო, მთელი გზა სულ იცინოდა, ძალიან
უხაროდა, რომ ჯერ არ მინახავს ციხე და ეხლა ვნახავო.
- მართლა, ბევრი ისაქმეთ წუხელის, ჩემო პაწია მდივანო? - ჰკითხა
ხუმრობით ვერშემონმა.
- რაზე უნდა მესაქმა? - ჰკითხა იზამ თავის რიგზე, მითამდა არაფერიაო.
- როგორ თუ რაზედ? ბარათის წაკითხვას არ აპირობდით!?
- მართლა! მაგრამ სულ გადამავიწყდა, ფიქრად აღარ მომსვლია. რა წამსაც
თქვენ წახვედით, ძალიან მოშლილი ვიყავ დაღალულობით და მაშინვე
დავწექი.
- იმედი მაქვს, ბარათი არ დაგიკარგავთ.
- ჩვენ არაფერი არ დაგვეკარგება... დღეს საღამოზედ მოგართმევ იმ
ბარათსა... მე ჩვეულებად მაქვს ბარათებს ხოლმე სატუალეტო მაგიდაზედ
ვინახავ, რა თქმა, რომ ის ბარათიც იქ იქნება... ღმერთო, რა უცნაური ხასიათი
მაქვს! გუშინ ის ბარათი ძალიან მენატრებოდა, ეხლა კი სულ გონებიდან
ამომეცალა, არც კი მაგონდება.
- მოიმედე ვარ, რომ არის თქვენთვის ზოგიერთი იმისთანა საგანი,
რომელიც არ გავიწყდებათ ხოლმე თავის დღეში.
- მაგალითებრ, რომელი?
- თქვენი დაპირება.
- ჩემი დაპირებაო? - სთქვა იზამ, მისწვდა და ნაზად ჩამოართვა ხელი, ჩემს აღთქმას ჩემს დღეში არ დავივიწყებ ხოლმე.
- როდის ასრულდება?
- რა წამსაც მივიღებ საბუთს, რომელსაც მე მოვითხოვ.
- როდისღა?
- ეგ თქვენზე არის დამოკიდებული.
- მართლა? - სთქვა ვერშემონმა იმისთანა ხმითა და თვალებიც ისე
აუბრიალდა, რომ იზა პატარა აქეთ მოეცალა. იზამ შეატყო, რომ ოსკარი
გათამამდა, შეეჩვია და ეშინოდა, არა გამიბედოს რაო.
მივიდნენ კონსიერჟერს. იზამ მკლავი მკლავში გაუყარა ოსკარს და ისე

შევიდა ციხეში. ციხეში რომ შევიდნენ, იზამ შეწუხებულის სახე მიიღო.
ოსკარი ჰგრძნობდა, რომ მკლავი უკანკალებს იზას და ჰცდილობდა კარგს
გუნებაზედ მოეყვანა. როცა გუდარის სენაკის კარი გაუღეს და გამომძიებელმა
სთქვა:
- გუდარ, თქვენ...
ერთი კივილი მოისმა. იზამ შეხედა გუდარს თუ არა, გულს შემოეყარა.
მოცვივდნენ ციხეში მოსამსახურენი და ყველანი გარს შემოეხვივნენ
გონებამიხდილს ქალს. ბოლოს ხელით ჩაიყვანეს კანტორაში და იქ
მოასულიერეს. - მალე წამიყვანეთ შინ, - უთხრა იზამ ოსკარსა, - მერე როცა
მოიცლით, მოდით ჩემთან, მე ერთი იმისთანა სათქმელი მაქვს, რომელსაც აქ
ვერ ვიტყვი.
ოსკარი დაემორჩილა. უბრძანა თავის მოსამსახურეს, ეტლი მოართვით და
ქალი თავის სახლში წაიყვანეთ; მერე ეტლი ისევ აქ მომართვითო. როცა
ეტლი თვალიდამ მოშორდა, ოსკარმა აღარ მოიცადა და პირდაპირ თავის
სახლში წავიდა.
გუდარი რაღას ჰფიქრობდა? რაკი კარი გააღეს და იზა გამომძიებელთან
დაინახა, მკლავი-მკლავგაყრილი, გაუკვირდა. უფრო გაუკვირდა და შეაშინა
კიდეც იზას კივილმა. რამდენსამე ხანს ისე გაშრა, რომ თითქო გაქვავდაო.
როცა კარები ისევ მოუხურეს და დაუკეტეს, მიიხედ-მოიხედა და იატაკზე
ბარათი დაინახა, სწრაფად დასწვდა, გაიცინა და სთქვა:
- ეს ძალიან კარგია!.. აქედამ ყველაფერს შევიტყობ...
გახსნა ბარათი, მიიხედ-მოიხედა, ხომ არავინ მათვალიერებსო, და
დაიწყო კითხვა.

VI
ძმა დამიხსენი და მე შეგიყვარებ
იზასთან რომ მოვიდა ოსკარი, ჟუსტინას მწუხარე სახეზედ შეატყო, რომ
აქ რაღაც ცუდი ამბავია.
- რა ამბავია? - ჰკითხა ჟუსტინას.
- ქალბატონი ძალიან ცუდ გუნებაზედ მობძანდა. ძლივძლივს
გადმოვსვით ეტლიდამ. მე და ჩემმა ქმარმა ხელით მოვიტანეთ საწოლამდე.
მაშინვე გულს შემოეყარა და ექიმი დავიბარეთ.
- ექიმმა რა სთქვა?
- ჯერ შეშინდა, ავადმყოფი რომ ნახა, მერე გამოჰკითხა ქალბატონს და
მარტო მაშინ მიჰხვდა, რითაც არის ავად. უთუოდ შეჰშინებია რისამე. თქვენ
გეცოდინებათ, იქ რა მოხდა?
- მეც ის ვიცი, რაც თქვენ.
- ექიმმა წამალი დაუწერა და ძალიან არგო. ეხლა სძინავს.
- მაშ უკედ შექმნილა.
- დიაღ, ეხლა ლამაზად სძინავს. მე მიბძანა თქვენი, რომ რა წამსაც

მობძანდება, მაშინვე გამაღვიძეო. მაგრამ ძალიან დასუსტებულია, სჯობს,
რომ ცოტა მოსვენებით იყოს.
- რასაკვირველია. მაგრამ რა მიზეზი შეემთხვა მაგისთანა? ნუთუ ციხის
ნახვაზე მოუვიდა? ან იქნება დამნაშავის დანახვა იყო მიზეზი? მაშინ
შემოეყარა გულს, როცა იმას თვალი მოჰკრა...
- როცა ქალბატონი შინ მობძანდა იმ ყოფით, ჩვენ გვეგონა, რომ თქვენ
შეგემთხვათ რამე და იმაზე შეწუხებულა ყველამ იცის, რომ ქალბატიანს
თქვენ ძალიან მოსწონხართ.
ოსკარი ცოტად წამოწითლდა, ჟუსტინამ კი განგებ დაუწყო ლაპარაკი,
რომ ქალბატონს მოჰსწონხარო და მერე დაუმატა:
- იმედი მაქვს მომიტევებთ, რომ თქვენი ამბავი გამოვკითხე თქვენს
მსახურს და მიპასუხა, არა ვიცი რაო. ქალბატონი რომ მარტო მობძანდა,
საკვირველი არ არის, რომ მე და ჩემს ქმარს თქვენი ფიქრი მოგვეცა, ხომ არა
შეემთხვა რაო.
- მაშ თქვენ სწორედ დარწმუნებული ხართ, რომ ძარღვების სისუსტე
მოუვიდა...
- დიაღ, ბატონო. მე მგონია, იმისაგან არის ეგრე, რომ ამ უკანასკნელს
დროს ძალიან მოკრძალებით სცხოვრობს, თითქო მონასტერშიაო. აი, სულ ამ
მოკლე ხანში შეიცვალა. ამას წინად მხიარულად იყო ხოლმე, თვითონ
დადიოდა სტუმრად და თავისთანაც იწვევდა. ეხლა კი სულ სხვაა. მარტო
თქვენზედ ჰფიქრობს; როცა თქვენ მოგელით, არ იცის, რა ქმნას ხოლმე, მინამ
თქვენ მოხვალთ. რადგანაც მეტად გულდახურულია და არ უნდა, რაც გულში
აქვს, სხვას შეატყობინოს, ამიტომაც ძარღვების სისუსტე მოსდის ხოლმე.
იქნება არ ვარგოდეს, რომ ამისთანებს ვყბედობ, მაგრამ მე ძალიან მაფიქრებს
ქალბატონის ავადმყოფობა. ამისათვის თუნდა დამძრახონ კიდეც, ოღონდ
ქალბატონი კი კარგად მყვანდეს.
ყურებამდი წამოწითლებულმა ოსკარმა ორმოცდაათფრანკიანი ბილეთი
ჩაუდო ხელში ჟუსტინას და უთხრა:
- ფიქრი ნუ გაქვსთ, ჟუსტინავ! თქვენ ძალიან კარგადა ჰქმენით, რომ
ყველაფერი მითხარით.
ჟუსტინამ თავი ისე აჩვენა, თითქო არ მინდაო ფულის გამორთმევა.
- ოჰ, ბატონო! თქვენ კეთილის გულისა ბძანებულხართ, მაგრამ ეს კი
საჭირო არ არის...
- ინებეთ, ჟუსტინავ, ინებეთ. იზა ქვეშაგებად არის?
- არა, როცა წამალი დალია და არგო, ქვეშაგებიდამ აბძანდა, ექიმის
რჩევით იბანა ცივ წყალში, მერე ტანთ ჩაიცვა, მიწვა პატარა ტახტზე და
ჩაეძინა.
- მაშ ეხლა კარგად არის?
- დიაღ, მიბანდით, იქნება ეხლა ღვიძავს კიდეც.
- ერთად წავიდეთ.
შევიდნენ ორნი იზას საწოლში ფეხაკრეფით; ეშინოდათ, არ
გამოეღვიძებინათ იზა, რომელიც ჯერ კიდევ ძილში იყო, თუ განგებ

იმძინარებდა თავსა.
- თქვენ წადით, - უთხრა ოსკარმა ჟუსტინას, მე აქ მარტო დავრჩები, მინამ
გამოიღვიძებს.
ჟუსტინა გავიდა. მარტო რომ დარჩა ოსკარი, ჩამოჯდა იზას პირდაპირ და
ისე დააშტერდა, თითქო თვალებით შეჭმა უნდა იმ მშვენიერის მძინარის
ქალისაო.
ოთახში არც ბნელოდა, არც სინათლე იყო და ამ შუქთან სიბნელეში იზა
საუცხოვო რამ იყო. თეთრი აბრეშუმის კაბა ეცგა ოქრომკედით მორთული და
ისე მშვენივრად გადაწოლილიყო, რომ სიტურფე მისის თვალტანადობისა
კალმით ნახატი გეგონებოდათ. გულთან კაბის ღილები გახსნილი ჰქონდა და
გული ცოტად გადაღეღილი. ოსკარს ამის დანახვაზედ გონება დაებნა და
რაღაც გაგიჟებით დასცქეროდა ლამაზს ქალსა. სწორედ დნებოდა. უნდოდა
მივარდნოდა, გულში ჩაეკრა და კოცნით და ხვევნით გაეღვიძებინა, მაგრამ
ადგილიდამ ვერ დაიძრა: სიყვარულმა და გულთა თქმამ იქავ ადგილზედ
დალურსმა. ბოლოს იზამ თვალი აახილა, მიმოიხედა გაოცებით გარშამო,
თითქო ვერ მიმხვდარა სადა ვარო და ოსკარი რომ დაინახა, თვალებზედ
ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო.
- ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! - იძახოდა იზა.
გაოცებული და შეშინებული ოსკარი მივარდა მაშინვე.
- იზა, ჩემო პაწაწავ, რა დაგემართათ? რა გატირებთ? მიზარით, ნუ
მკლავთ. ეს ორი უკანასკნელი საათია მე მკვდარი ვარ, არ ვცოცხლობ კი,
ვიტანჯები. მე ხომ არა გაწყენინეთ რა მითხარით, ნუღარ მაწვალებთ.
იზა ტახტიდამ ჩამოვიდა, ხელი მოჰკიდა ოსკარს და გვერდით მოისო.
თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
- არა, ჩემო მეგობარო, არა, თქვენ არა ხართ მიზეზი, - უპასუხა იზამ, პირიქით, თქვენგან, როგორც ჩემის კეთილისმყოფელისაგან, მოველოდები
შველას და ხსნასა!.. ოჰ, რომ იცოდეთ, რა უბედური ვარ!
- ნუ სტირით, იზავ, ჩემო ლამაზო, ჩემო ძვირფასო მეგობარო.
ამ სიტყვებზედ მოეხვია. იზამ თავი იმის მკერდზედ მოიხარა და
გულამოჯდომით სტიროდა. ოსკარს სისხლი თავში აუვარდა და სრულებით
დაიბნა.
- კმარა, იზავ, - უთხრა მან ათრთოლებულის ხმითა, - ერთი თქვენის
მწუხარების მიზეზი მითხარით... იზავ, გესმის, მე მსურს ყველაფერი
შევიტყო... მითხარ, შენ გეთაყვანე, შენ!..
- ვერ გეტყვით, ვერა! ვიცი, გიყვარვართ და მე მეშინია თქვენი სიყვარული
არ დამეკარგოს.
- ხომ იცი, რომ მე შენს სიყვარულს გულიდამ ვეღარ ამოვიღებ, მითხარი...
- რომ იცოდე, რა ცეცხლი მიკიდია გულში. ის მერჩივნა მომკვდარვიყავ.
სინიდისი, სინიდისი მამხილებს მე და მეუბნება, ეგ სულ შენი ბრალიაო...
- ნუ სტირი, იზავ, ჩემო კარგო, ჩემო საყვარელო!
ეუბნებოდა და ჰკოცნიდა თვალებში, თითქო თავისის კოცნით უნდა
ცრემლები მოსწმინდოსო.

- მომხედე მე მაგ მშვენიერის თვალებითა, - განაგრძო ოსკარმა, - გული
დაიმშვიდე და მითხარი, რა გაწუხებს. შენ თვითონ არ იცი, რას ვლაპარაკობ;
მეც ვერა გავიგე რა... გონება მოიკრიფე... მითხარ, ისეთი რა მოხდა?
- თქვენ არ მომიძულებთ, რომ მე უღირსი რამ მომეხდინოს... თქვენს
სიყვარულს არ მომაკლებთ, რაც უნდა დამმართოდეს?
- ღმერთო ჩემო გულს მიხეთქ... ნუღარ მაწვალებ, მითხარი ჩქარა.
- მაშ ყური მიგდეთ.
ხელიდამ გამოუსხლტა, დაეცა ოსკარის წინ მუხლებზედ და მოჰყვა
ხელების მტვრევას.
- ახა, ღმერთო ჩემო! აღარ იტყვი, რა ამბავია? - დაიძახა ბოლოს ოსკარმა,
სრულიად შემკრთალმა და შეშინებულმა.
- ოსკარ, - დაიწყო იზამ ვედრების ხმითა, თითქო რაშიმე დამნაშავე
არისო, - ის დაჭერილი კაცი, რომელიც დღესა ვნახეთ, ჩემი ძმა არის. ანდრე
გუდარი კი არა ჰქვიან, გიორგი გრეგოროა. დიაღ, ჩემი ღვიძლი ძმაა და მე
უმადურმა, როცა ბედნიერებაში ჩავვარდი, დობა აღარ გავუწიე და
დავიწყებას მივეც.
- მაშ ეგ არის? ეხლა მესმის თქვენი მწუხარება, - უთხრა ოსკარმა და
ფეხზედ წამოაყენა, - ნუ სტირი, საყვარელო მეგობარო. ეხლა ვიცი, რა
მიზეზითაც შემოგეყარათ გული. ოჰ, თქვენმა გულისშემოყრამ რარიგად
შემაშინა.
იზამ ისე აჩვენა თავი, მითამ არა მესმის რაო, იდგა ისე, ხელებს
იმტვრევდა მწუხარებით და დუდუნებდა, მითადა თავის თავს ელაპარაკება:
- ჩემი ძმა! ჩემი... ციხეში ზის!
- ნუ გეშინიათ, იზავ! გამომძიებელის განკარგულებით ციხეში ჯდომა
უპატიურობა არ არიო. თქვენ თითქო წინადვე იგრძენით, რომ მახლობელ
კაცს ესარჩლებით, გუშინ რომ ისე ჭკვიანურად მიმტკიცებდით მის
სიმართლესა.
- ოჰ, ეხლა უფრო მეტად მჯერა, რომ გრეგოროს მაგაში ერთი ბეწვი
ბრალიც არა აქვს.
- ჩემო საყვარელო იზავ, გამიგონეთ. მე გუშინვე დავრწმუნდი, რომ
მართლა უბრალოა და მინდოდა კიდეც გამომეშვა, მაგრამ დღეს სხვა ახალი
საბუთი ჩაგვივარდა ხელში... ფიქრი კი ნუ გაქვთ, ერთი ორიოდე დღე კიდევ
მოუგვიანდება ციხეში, სხვა არაფერი... მე ბძანებას მივცემ, რომ დღეის იქით
კარგად მოეპყრან.
იზას კანკალი მოუვიდა, ოსკარმა რომ სთქვა, ახალი საბუთი ჩაგვივარდა
ხელშიო.
- კიდევ ბრალს რასმეს სდებენ? ოსკარ, მითხარით, რა ახალი ცილი
შეუწამებიათ?
- ნუ სწუხართ, ჩემო კარგო; მე გეუბნებით, რომ ყველაფერი გარიგდებამეთქი.
- მაინც მინდა ყველაფერი ვიცოდე.
- თქვენ ხომ იცით, იზავ, რომ ანდრე გუდარი არაფერს პასუხს არ

იძლეოდა, როცა პირში წავუყენებდით ხოლმე მოწმებსა; ცუდის ყოფაქცევის
კაცი ყოფილა თურმე გუდარი ამტკიცებს, რომ ბანკის ბილეთები ჩემი არისო,
თქვენ კი ამბობთ, ჩემი ძმა ღარიბიაო...
- მე ეგ არ მითქვამს; მე მარტო ის გითხარით, რომ ერთი დამთხვეული
რაღაც რამ არის-მეთქი, გზაკვალარეული. საშინელი მოთამაშეა ქაღალდისა,
მაგრამ თუნდა დავიფიცავ, რომ ავკაცობას კი არ იქმოდა თავის დღეში. აბა
მითხარით, სხვა რა საბუთი უპოვნეთ?
ოსკარმა ამოიღო უბიდამ ბარათი, გიურესაგან ხელმოწერილი და
წაიკითხა შემდეგი: “დღეს სასამართლოში ვერ გიახლებდით; ჩვენ ახალს გეშს
წავაწყდით; თუ არა ვცდებით, ჩვენ შეურყეველი საბუთი გვექნება გუდარის
გასამტყუნებლად. გუდარიც მაგას უარს ვერა ჰყოფს. იმედი მაქვს, ხვალ
საბუთი წარმოგიდგინოთო”.
- ჭკუაზედ შეშლილან.
- ხვალ ყველაფერს შევიტყობთ, - უთხრა ოსკარმა, -კმარა მაგაებზედ
ლაპარაკი. თუ, როგორც იმედი მაქვს, შესაძლო იქნება, ხვალვე გამოვუშვებ.
ორივე ჩაჩუმდნენ კარგა ხანს.
- ჩემო კარგო და ძვირფასო იზავ, - განაგრძო მერე ოსკარმა სატრფიალო
ხმითა, - რა საშინელი მწუხარება გამოვიარე მე დღეს; რომ იცოდეთ, რა
ტანჯვაში ვიყავ, თქვენს ცრემლებს რომ ვუყურებდი... რარიგად მიყვარხართ
მე, იზავ! ოჰ, რა გიჟური გულისთქმა მწვავს და მდაგავს. უნდა იცოდეო, რა
ცეცხლი მეკიდება, როცა გულზედ მიგიკრავთ ხოლმე...
ამის თქმაზედ გადაეხვია იზას და ცეცხლმოკიდებულ ტუჩებით ზედ
დააკვდა იზას ლოყასა. გონება სრულიად გამოეცალა.
- თავის დღეში, იზავ, მე არ მიგრძნია ის, რასაც ეხლა ვგრძნობ შენს
ახლოს. როცა გეუბნები “მიყვარხარო მე მგონია რომ ჩემი სიტყვა უღონოა
გამოსთქვას ის, რასაც ვგრძნობ. იზავ, შენ მე არას მეუბნევი პასუხად. იზა,
მომხედე და მითხარ რამე... იზავ, რატომ არ გებრალები!..
იზა თითქო ეხლა გამოფხიზლდაო, შეხედა ოსკარს გაოცებულმა, თითქო
უკვირს, ეს როგორ მოხდა, რომ მე ოსკარი მეხვევაო. სწრაფლად გამოეცალა
ხელადამ, ორივე ხელი ჩამოართო, ისე მოიხარა თავი, რომ პირისახე ოსკარის
პირისახეს დაუსწორა, თვალები აუბრიალდა, ტუჩებმა თრთოლა დაუწყეს და
ისეთის სიკეკლუცით უთხრა, რომ კაცი ვერ გამისთქვამს:
- მართლა გიყვარვართ კი?
- მართლაო!.. მიყვარხარ გაგიჟებით, აღტაცებით!..
- თუ მოინდომებ, მეც მეყვარები. მე იმას აღარ გამოვუდგები, რა ბოლო
ექმნება ჩემს სიყვარულს. მე თუ შევიყვარებ კაცს, მთელის ძალით შევიყვარებ,
მერე იმისთანა სიყვარულით, რომელიც არასდროს და არასფერში ადამიანს
თავს არ აზოგვინებს... ხოლო მოიგონე კი, რა გითქვამს შენ ჩემთვის...
- რაღა მოგონება უნდა... მიბძანე და ასრულებული იქნება.
- ამ რამოდენისამე დღის წინად შენ მე მითხარი: ოღონდ კი შემიყვარე და
რასაც მთხოვ, ყველას აგისრულებო.
- ეხლაც მაგასვე გეტყვი.

განგებ თუ შემთხვევით, იზამ ერთი ხელი განუთავისუფლა ოსკარსა და
ოსკარმა ლამაზი იზა გულზედ მიიკრა.
- მეც ჩემის მხრით გითხარი: მე მარტო იმისთანა სიყვარული მჯერამეთქი, რომელიც ყოველიფერზედ მზად არის კაცს თავი გააწირვინოს.
- მიბძანე, ჩემო სალოცავო იზავ... მიბძანე, ყველას აღგისრულებ, იმიტომ,
რომ მიყვარხარ.
სთქვა ეს და დაუწყო კოცნა.
- მე გითხარი მაშინ შენ, იმისთანა საქმეს დაგავალებ-მეთქი, რომ როცა
ჩვენი სიყვარული განელდება, შენ გახსოვდეს, რომ ჩვენ შორის საერთო
საიდუმლოა, რომლის მიზეზით განუყრელად უნდა ერთად ვცხოვრებდეთ.
- მითხარ რაღა, რა გინდა! ჯერ კი ჩემი კოცნა უკანვე დამიბრუნე.
- აჰა, კარგი, - უთხრა იზამ და აკოცა, - თუ მოინდომებ, შენი ვიქნები... მე
შენ მიყვარხარ, ოსკარ.
ვერშემონი სიხარულისაგან სულ გადირია. მაგრამ ამ დროს იზა ხელადამ
გამოუსხლტა, ერთი-ორი ფეხი უკან დაიწია და უთხრა:
- წადი და ეხლავ გამოუშვი გიორგი... ანდრე გუდარი... და მერე ისევ
ჩემთან მოდი... მაშინ საუკუნოდ შენი ვიქნები.
- რას ამბობ, რას?
- ეგ ის მსხვერპლია, რომელსაც სიყვარულის სახელით მე შენგან ვითხოვ,
ძმა დამიხსენი და მე შეგიყვარებ.
ოსკარმა გორებადაბნეულივთ შეხედა იზას, თითქო ვერ მიმხვდარა, ეს რა
ამბავი დაემართაო. ქალი ითხოვდა სწორედ იმას, რის აღსრულებაც
შეუძლებელი იყო.
- გამიგონე, ოსკარ - განაგრძო იზამ, - დღეს დილით შენა მკითხე, როდის
აღსრულდება შენი პირობაო. მე გიპასუხე, მაშინ-მეთქი, როცა რაც მინდა,
აღმისრულებ. შენ მითხარი, ვინ იცის, როდის იქნება ეგაო. რომ შორს არ
გადაგვედვა, მე პასუხად მოგეც, რომ შენზე არის დამოკიდებული-მეთქი.
ოსკარ, თუ მე შენ მართლა გიყვარვარ, დღესვე გამოუშვებ ჩემს ძმას ციხიდამ.
- შეუძლებელია.
- მაშ, მშვიდობით!
- იზავ, თქვენ ჩემგან უნამუსობას ჰთხოულობთ. განა შეგიძლიათ
უნამუსო კაცი შეიყვაროთ?..
- მე იმას შევიყვარებ, ვისაც მე ვუყვარვარ. ან მშვიდობით, ან ნახვამდის,
ოსკარ... თუ გიორგის გამოუშვებ, დღეს საღამოზედ ისევ ჩემთან მოდი... მაშ
ეგრე, საღამომდის...
იზამ კეკლუცად და სანდომიანად გაუღიმა და უცებ გავარდა ოთახიდამ.
- საშინელებაა! - დაიძახა ოსკარმა, წამოხტა სკამიდამ, ყელსახვევი
მოიგლიჯა, თითქო ყელში რაღამაც წაუჭირაო. ბარბაცით მთვრალივით
მივიდა, დაავლო ხელი ქუდს და წავიდა შინ. მიმავალი ქუჩა-ქუჩა მიიძახოდა:
- არასოდეს! არასოდეს!
ამასობაში იმისი ცეცხლმოკიდებული ტვინი სხვაფრივ ჰმოქმედებდა;
იზას საწოლი, ხვევნა-კოცნა, ყოველივე ეს წარმოუდგა თვალწინ, საუცხოვოს

შუქით გაბრწყინვალებული; მერე მოეჩვენა სენაკი ტუსაღისა. ამ სენაკიდამ
ტუსაღი რომ გამოუშვას, სამაგიეროდ მიიღებს ტრფიალებას მშვენიერის
ქალისას. ეს ფიქრები მოაწვა გულზე, ჰჯიჯგნიდა გულს და გამწარებული
თანდათან ფეხს უჩქარებდა, ასე რომ ვერც კი ამჩნევდა, რომ გამვლელგამომვლელი ამის დანახვაზედ შედგებოდნენ ხოლმე და უკვირდათ - ამ კაცს
რა ემართებაო.
შემოდგომის ბოლო იყო; ციოდა და ოსკარი კი გულგადაღეღილი,
უყელსახვევოდ მიეშურებოდა, წამდაუწუმ იხდიდა ქუდს და შუბლიდამ
ოფლს იწმენდდა. საკვირველი არ არის, რომ გამვლელ-გამომვლელს
ჭკუაზედ შემცდარი ეგონათ.
ბოლოს შედგა და გონება მოიბრუნა. ოჰ, არა! გულმა სრულიად დასძლია
და დაიმორჩილა, უფრო გულდამშვიდებული კი წავიდა, მაგრამ აი არ
ფიქრებმა დაუწყეს თავში ტრიალი.. “უბედური! - ჰფიქრობდა იგი, - ძმა რომ
ჰნახა დატუსაღებული ციხეში და საშინელს ბრალში გარეული, ელდა ეცა...
თავის თავს აბრალებს ძმის ამ ყოფას, მე ავიღე ჩემს ძმაზედ ხელიო.
გულჩჩვილია, როგორც ყოველი ქალი და მარტო გულის ძგერას აჰყოლია.
უნდა ძმა ციხიდამ დაიხსნას და ამათ შეიმსუბუქოს თავისი დანაშაული მის
წინაშე. სცოდნია, რომ კაი კაცი ყოფილა და არა სჯერა ეხლა იმისი ავკაცობა,
მაგრამ საძაგელი რამ კია... მართალია, ქალი იმის ხელით არ უნდა იყოს
მოკლული, მაგრამ მაინც საძაგელი რამ არის... ახლა, მართლა რომ ვსთქვათ,
იმისთანას მითამ რას ითხოვს ჩემგან იზა? მარტო სამართლიანობას, სხვას
ხომ არაფერს! მე ხომ არავითარი უეჭველი საბუთი არ მიჭირავს ხელში მის
გასამტყუნებლად. ჩემი ვალია ციხიდამ განვათავისუფლო და მარტო
პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ დავაყენო. რაკი არაფერი საბუთია, მე
ცუდად ვშვრებოდი, რომ ციხეში მეჯდა აქამდინაც... ან საიდამ მომივიდა
ფიქრად, რომ, რაც იზამ მთხოვა, უკადრისი საქციელია... სადა მქონდა
გონება? ისე როგორ მოვღორდი, რომ იზას ვუთხარი, შეუძლებელია-მეთქი?
აქ შეუძლებელი რა არის, რომ თვითონ სამართლიანობა ითხოვს, უსაბუთოდ
კაცი არ იტანჯებოდეს. იზა მართალია დღესაც, როგორც გუშინ. თავის
პატიოსანის გულით გამოიცნო მართალი და ეხლა ითხოვს ჩემგან,
ცუდკაცობას კი არა, კარგს საქმეს, სამართლიანობას”.
“იზას სურვილი რომ ავასრულო, - განაგრძო ოსკარმა ფიქრი, - ის კაცი
განვათავისუფლო და ხვალ გამოჩნდეს, რომ კაცის მკვლელია, მერე... მერე რა?
ხვალინდელი დღე ჩვენ არ გვეკუთვნის. უსაბუთოდ დატყვევება ციხეში
კაცისა ბოროტმოქმედება იქნება ჩემის მხრით, მით უფრო, რომ გუშინ
დავრწმუნდი, დამნაშავე სულ სხვა კაცია... ამას გარდა, ანდრე გუდარი სხვა
ქვეყნის კაცია, იმისი დატუსაღება ერთს ალიანქოთს ასტეხს. ყოველივე ეგ
საჭიროა ცნობაში მოიყვანოს კაცმა”.
ამ ფიქრებში მყოფი ოსკარი შედგა და გადაეყუდა წყლის
პირს
გავლებულს მუაჯირსა და ხმამაღლა სთქვა:
- საწყალი იზა! რარიგად უნდა სწყენოდა ჩემი მკვახე სიტყვა! რით უნდა
გავისწორო ჩემი დანაშაული? იმით, რომ უნდა სურვილი აღვუსრულო...

მაგრამ განა ეგ იკმარებს კი?..
თვალი ააყოლა წყალს და სახეზედ სიამოვნება გამოეხატა; წარმოუდგა
თვალწინ იზას სიყვარული და ოსკარის ნეტარებას სამზღვარი არა ჰქონდა.
ბოლოს გაიფიქრა; ერთი კარგად უნდა გადავსინჯო კიდევ საქმე და, რაც
საჭიროა, იმისთანა განკარგულება მოვახდინოო.
ეს
რომ
გადაწყვიტა,
სრულიად
დადინჯებულმა
გაჰსწია
სასამართლოსაკენ. ეგრე გვიან მისვლამ გააკვირვა მოსამსახურეები. რაც
მოხელენი იყვნენ, თითქმის სულ წასულიყვნენ შინ. მდივანი ოსკარისა ჯერ
არ წასულიყო და ეს ძალიან იამა ვერშემონსა.
- ძალიან მიხარიან, რომ აქ დამხვდით, - უთხრა მდივანს, დაწერეთ...
ამ სიტყვაზედ ცოტა შედგა და იმწამსვე დაუმატა:
- თქვენ წინ, მგონი, გუდარის საქმეა.
- დიაღ.
- მე მომეცით... მე ახალი ცნობები მივიღე... ეგ კაცი შეცდომით ჩაგვიგდია
ამ ყოფაში... ერთი ჩქარა დაწერეთ ბძანება, რომ გამოუშვან.
- გამოუშვანო - ჰკითხა გაოცებულმა მდივანმა.
- დიაღ, ააჩქარეთ, თუ ღმერთი გწამთ.
ეს რომ სთქვა, გამომძიებელი წამოწითლდა; მდივნისა შერცხვა და
ქაღალდებს შლა დაუწყო. მდივანმა ბძანება მოამზადა. გამომძიებელმა ხელი
მოაწერა და უთხრა:
- თქვენ თვითონ წაიღეთ, თორემ ხვალამდე არ გამოუშვებენ და თვითონ
გუდარიც აქ მომიყვანეთ.
მდივანი თავის ქნევით გამოვიდა ოთახიდამ. ამისთანა ამბავი თავის
უფროსის წინდაუხედაობად ეჩვენა.
მარტო რომ დარჩა ოსკარი, მოაგროვა ქაღალდები, რაც გუდარის საქმეს
ეკუთვნოდა, და პორტფელში ჩაიწყო.
- მტყუანია თუ მართალი, ეგ მე არ ვიცი, - სთქვა თავისთავად ოსკარმა, იმწამს კი, როცა მე ხელი მოვაწერე, ჩვენ მისი გასამტყუნებელი საბუთი
ხელში არა გვქონია...
ამით დაიმშვიდა გული, გააღო ფანჯარა და ჩაფიქრდა. ფეხის ხმა მოისმა
და უკან მოიხედა. მდივანმა გუდარი შემოიყვანა ოთახში. ვერშემონმა
მაშინვე მიკეტა ფანჯარა და უთხრა გუდასს:
- რად დაგვიმალეთ, გუდარ, თქვენი ნამდვილი სახელი?
- საფრანგეთში ანდრე გუდარის სახელით ვიმყოფებოდი. ჩემი ნამდვილი
სახელი კი გიორგი გრეგოროა.
- თქვენ იცნობთ გრაფინას სეგლენ-ზინსკისას?
- ჩემი მწყალობელია.
- იმის წყალობითა ხართ დღეს თავისუფალი.
- თავისუფალიო! მადლობელი ვარ, ძლიერ მადლობელი!
- გრაფინამ იმისთანა საბუთები წარმომიდგინა თქვენზედ, რომ მიზეზი
აღარა გვაქვს ციხეში გამყოფოთ.
- მოგახსენებდით, რომ მართალი ვარ-მეთქი. თუმცა მაწუხებდა ციხეში

ჯდომა, მაგრამ იმედი მქონდა, მალე გამიშვებდით.
- მე გირჩევთ, ეხლავ წახვიდეთ და გრაფინას მადლობა გადუხადოთ.
- ყველაზე უწინ იმას ვეახლები .
გუდარი გამოვიდა, გამომძიებელმა ამოიოხრა და თვალები დაბლა
დაიღო. მდივანმა, გაოცებულმა გუდარის გამოშვების გამო, მოაგროვა
ქაღალდები და დააპირა შინ წასვლა.
- გამოძიება მაგ კაცზედ უმაღლესის მთავრობის ბძანებით მოისპო ჰკითხა მან გამომძიებელს.
გამომძიებელმა უფრო ძირს ჩაჰკიდა თავი, რომ თავის სახის სიწითლე არ
შეემჩნივებინა.
- არა, მე სრულებით დავრწმუნდი, რომ სხვა არის დამნიშავე, გიურე
შეცდა, ბოთე კი მართალი გამოდგა.
- დამნაშავე მორის ფერანია?
- სწორედ. მე ხელში მაქეს ბარათი ქალისა, მისის ამხანაგისა, და ის
ბარათი ამტკიცებს იმის დანაშაულობას. ხვადამბარათს თქვენ გადმოგცემთ...
ეხლა კი შეგიშლიან შინ წახვიდეთ. მე კიდევ ცოტა ხანს დავრჩები აქ, მინდა
ბარათი დავწერო.
მდივანი წავიდა. ოსკარმა ბარათი დაწერა, დაბეჭდა და ზედ დააწერა;
“გრაფინას სეგლენ-ზინსკისას, ფრინდლანდის ქუჩა”. მოსამსახურეს უბძანა
ბარათი წაიღეო და თვითონ შინ წავიდა.
გზადაგზა, რაღა თქმა უნდა, გუდარის განთავისუფლების ამბავი
მოსვენებას არ აძლევდა. ჯერ გაიფიქრა, ავჩქარდიო, მერე კი თავის თავი
დაარწმუნა, რიგიანად და კაცთმოყვარებით მოვიქეცი და ლეა მედანის
მკვლელი ფერანია და სხვა არავინაო. მას მერმედ თვალწინ წარმოუდგა
გონების მიმტაცებელი სახე იზასი და ლეა მედანის სახე დავიწყებას მიეცა.
სრულად დარწმუნებული იყო, რომ ეხლა იზა ამისია, რადგანაც გუდარი
განათავისუფლა. ამ იმედით ერთი პატარა ლამაზი სახლიც იყიდა იზასათვის
შალიოს ქუჩაში და აპირებდა იქ დგომას იზასთან ერთად, თუმცა საქვეყნოდ
კი სურდა თავის უწინდელს სახლშიაც ბინა არ მოეშალა.
ახლა გუდარის ამბავს მოვყვეთ. როცა შეიტყო გამომძიებლისაგან
ციხიდამ გამოშვების ამბავი, მაშინვე მიხვდა, რომ ეს იზას საქმეა. არც აქამდი
ჰქონდა ეჭვი, რომ დღეს იქნება თუ ხვალე ციხიდამ გამოუშვებდნენ და
სასამართლომდის მისი საქმე არ მიახწევდა. ეს იყო მიზეზი, რომ ყურსაც არ
იბერტყავდა და პასუხს არ აძლევდა ხოლმე გამომძიებელს. თვითონაც
მტკიცედ იყო დაჯერებული, რომ გასამტყუნებელ საბუათებს ვერ იპოვიდნენ.
თუ იმ ბანკის ბილეთებს იტყვიანო, - ფიქრობდა გულში, - მე მოწმეს ვიშოვნი,
რომ მე და ლეა მედანი ერთად აღებ-ვიცემობით ბანკის ბილეთების
შესახებაო, მარტო ეტლის პატრონისაღა, რომელიცა ჰმოწმობს, რომ მოკვლის
ღამეს მე და ლეა მედანი მიუყვანივართ. მეც უარს არ ვამბობ, მეც ვამტკიცებ,
რომ იმ ღამეს ლეა მედანთან ვიყავ, აქ იმისთანა რა საბუთიაო. ჰგრძნობდა კი,
რომ ყოველივე ეს ვერაფერი პასუხია და გულში მაინც შიშობდა.
გამომძიებელს ლაჰარაკში შეატყო, რომ გულში დარწმუნებულია ამას

დანაშაულობაზედ. მაშ რატომ ჩვეულებისამებრ არ მითხრა, რომ ვწუხვარ,
უბრალო კაცი ამდენს ხანს დაჭერილი მყვანდიო. ჩანს, სხვა მიზეზით
გამომიშვა და არა იმიტომ, რომ მართალი ვეგონეო. მე ლაპარაკში შეგატგე,
რომ მირჩევდა, რაც მალე წახვალ პარიზიდამ და გადიკარგები, უფრო
უმჯობესი იქნებაო. მაგრამ ხვალისათვიხ რაღა დროს ფიქრი იყო, საქმე ის
იყო, რომ გუდარი დღეს თავისუფალია.
- თავისუფალი ვარ! თავისუფალი! - იძახოდა გულში გზადაგზა. როცა
იზასთან მივიდა და კარის ზარი ჩამოაწკარუნა, ჟუსტინა მიეგება, იცნო და
უთხრა:
- ჩქარა ადით. გრაფინა გელით.
შევიდა იზას ოთახში და ორივე ხელი გაუწოდა იზას. იზამ ძალიან ცივად
ჩამოართვა ხელი, მაგრამ გუდარმა იცოდა იზას უხიაკობა და არ იწყინა
ამისთანა დახვედრა.
- მე ციხიდამ გამომიშვეს და მოველ, მადლობა გადაგიხადო.
- ხომ ხედავ, აღთქმული აგისრულე. შენმა გაუფთხილებლობამ კინაღამ
ბოლო არ მოგიღო.
- მართალია.
ტყუილუბრალოდ დროს ნუ ჰკარგავთ. აქ მალე ერთი კაცი უნდა მოვიდეს
და არ მინდა შენ აქა გნახოს. როგორც დაგარიგე წიგნში, სწორედ ისე მოიქეცი,
თუ არა? გამოგკითხეს რამ?
- თითქმის არ გამოუკითხავთ რა. მარტო მკითხა, შენი ნამდვილი სახელი
რა არისო? როგორც მოგეწერა, მეც ისე ვუთხარი. სხვა პასუხებიც მზადა
მქონდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ მალე უნდოდა თავიდამ მოვეშორებინე და
ასე გამოვიდა, თითქო ჩემი მადლობელი დარჩა, რომ ისე მალე მოვშორდი.
- შენ უნდა იცოდე, რომ შენმა სიმართლემ კი არ დაგიხსნა ციხიდამა. არც
ერთი საბუთი არა გაქვს, თავი იმართლო, დღეს, ხვალ და ხვალ ზევით შიში
დღეს აქ მეყოლება დამწყვდეული.
ნურაფრისა გაქვს. გამომძიებელი
ხვალზევით კი კვირაა. მაშასადაე, შენს ხელთ არის თითქმის სამი დღე. რაც
შეიძლო, აჩქარდი და ამ სამს დღეში გადიკარგე საითმე პარიზიდამ. ფული
გაქვს?
- თითქმის არაფერი.
- მე მოგცემ. აი სამი ათასი ფრანკი, გასწი და მომწერე ხოლმე...
ნემეცურად.
იზამ ფული ჩააბარა.
- გმადლობ! - უთხრა გუდარმა და ფული ჯიბეს იკრა.
- ჭკვიანად იყავ. ამაღამვე თავს უშველე. მეორედ თუ ისევ ხელში
ჩაუვარდი, ვეღარ დაგიხსნი.
- მშვიდობით, იზავ. ერთს არ მაკოცნინებ?
- აჰა, ოღონდ კი მალე წადი... მაშინვე წიგნი მოიწერე... მე გული არ
მომისვენებს, მინამ არ შევიტცობ, რომ სამშვიდობოში ხარ.
გამოესალმნენ ერთმანეთს და, როცა გუდარი გადიოდა, იზამ უთხრა:
- შინ ნუ შეხვალ... ყველაზე უარესი მტრები შინა გყავს.

- მაგას მეც დაგიფიცავ.
გუდარი წამოვიდა იზას სახლიდამ ძალიან ავ გუნებითა. იმას ეგონა, რომ
იზა ტრფიალებით მიიღებდა. ამის მაგიერ იზა ძლივს ახერხებდა, რომ
თავისი ზიზღი არ გამოეჩინა.
- იზავ, დამაცა, მაგგვარ დახვედრისათვის, როცა იქნება, პასუხს მამცემ, ბურდღუნებდა გზადაგზა გუდარი, - მაგას ვალად დაგაწერ. ჯერ რაც
შეიძლება ბლომად დაგტყუებ ფულებს, მერე ვიფიქრებ, როგორ გადაგიხადო
სამაგიერო. მწარედ ინანებ, რომ უმადურად მომექეცი.
გუდარი პარიკმახერთან შევიდა, წვერი მოიპარსა, თმა გაიკრიჭა, მერე
წავიდა ტიუსსოს სახლისაკენ.
“რატომ არ უნდა წავიდე იქ, - ფიქრობდა გზადაგზა, - იქ ანგარიშები მაქვს
გასასწორებელი”.
ათი წუთი არ გასულა გუდარის წასვლის შემდეგ, რომ მოსამსახურემ
ოსკარის ბარათი მოუტანა იზას.
- პასუხს თხოულობენ? - ჰკითხა ჟუსტინამ მოსამსახურეს.
- არა. ბატონო, - უპასუხა მოსამსახურემ.
მოსამსახურე წავიდა და ჟუსტინამ ბარათი ქალბატონს წაუღო. იზამ
სანთელი მოიდგა ახლო, წაიკითხა ბარათი თუ არა, მოჰყვა ერთს საშინელს
ხარხარს. მიაწოდა ბარათი ჟუსტინას და უთხრა:
- ერთი წაიკითხე, ჟუსტინავ, სულ გადარეულა. ხა, ხა, ხა!
მოახლემ წაიკითხა და ისიც მოჰყვა ხარხარს.
- ხა, ხა, ხა! აბა ჭკუა ეგ არის, აი! - სთქვა ჟუსტინამ, -ხა, ხა! ლამის სიცილმა
დამაოსოს. ქალბატონო, ამას კი სწორედ ჰყვარებიხართ.
- მართალია, მაგრამ ცოტა ჭარბად მოსვლია.
დაეცა ტახტზედ და დიდხანს სიცილი არ მოუშლია.
- აბა, ჟუსტინავ, უნდა მოვემზადნეთ, ჩემო კარგო მე პირობა მივეც და
უნდა ავასრულო. ხვალ ჩვენ მდიდრები ვიქნებით.

VII
აყალმაყალი ოჯახში
მას მერმედ, როცა კლოდ ტიუსსომ ლუი პალიარი ჰნახა და სხვა ახალის
პირობით შეეკრა, სახელდობრ, როცა უნდოდა და რამდენიც უნდოდა
ცოტცოტაობით შეეძლო გადაეხადა ვალი და სარგებელიც ცოტა იყო
დანიშნული, მას მერმედ-მეთქი, ტიუსსოს სახლში ისევ მხიარულება
დატრიალდა. სესილის თხოვნამ ქმართან განქორწინების შესახებ გასჭრა;
მშვიდობიანობა ჩამოუვარდათ სახლში, სიძეს ყველამ ზურგი შეაქცია და
თითქმის მისი სახელის ხსენებაც აღარ იყო ხოლმე. როცა სესილზედ
ჰლაპარაკობდნენ, მამის გვარით ახსენებდნენ ხოლმე. ტიუსსომ რამდენჯერმე
ინახულა გიურე, ეხმარებოდა კიდეც საქმეში და ბევრი ავკაცობა შეიტყო
თავისის სიძისა. ტიუსსოს უხაროდა, რომ მისი სიძე ისე გაბმული იყო

დანაშაულობაში, რომ ხსნა აღარ საიდამა ჰქონდა.
იმ საღამოს, როცა გუდარი გამოუშვეს და როცა ჩვენ გვინდა შევიყვანოთ
მკითხველი ტიუსსოს სახლში, ტიუსსო დიდს წვეულობას აპირებდა. ის დღე
სესილის სახელწოდების დღე იყო. რაც ავი დღეები იყო, როგორც იყო
გადურჩნენ ეხლა. უხაროდათ კიდეც, რომ შემთხვევა მიეცათ პატარა
ემხიარულნათ და გაერთოთ საწყალი სესილი. მორისის თაობაზედ კაი ამბები
ამოსდიოდათ. დილით ამელი ყოფილიყო და ეამბნა, რომ მდივანი ვნახე
გამომძიებელისა, მხიარულად დამიხვდა და მითხრა, ამ ორიოდ დღეში
გამართლებულს მორისს განათავისუფლებენო. სესილი დედ-მამის სახლში
თავის ჩვეულებრივს ცხოვრებას მიეცა, რაკი ქმარს მოშორდა სამუდამოდ,
გადმოიტანა დედ-მამასთან თავის მზითევი, სამკაულები და წინანდელი
ოთახი დაისაკუთრა. ნელის სიხარულით უცემდა გული ამ ახალგაზრდა
ქალს, რაკი ხედავდა, რომ დედ-მამის სახლში აღარაფრის შიში არა აქვს; რომ
საუკუნოდ მოშორდა თავის მტანჯველსა; რომ ყველა თავს დასტრიალებს და
ყველა პატივს სცემს. რა სიამოვნებით უყურებდა ეხლა თავის მომავალ
დღეებსა. შვილს გავზდიო, მოტყუებულის ქმრისა აღარ მეშინებაო. სესილი
გულმავიწყი არ იყო; რომ მოაგონდა, რა უბედურებაც გადახდა, უკვირდა,
ცოცხალი როგორ გადავრჩიო. მაშინ მოაგონდა თავგამომეტებული ყმაწვილი
კაცი, რომელიც ხიდიდამ გადავარდა წყალში და სესილი წყლიდამ
გამოიყვანა. მოაგონდა და იმისი ნახვა მოუნდა, მოუყვანეს შადი. როცა შადიმ
ჰნახა, რომ მეორედ მადლობას უხდიან, სიამოვნებით წამოწითლდა, ვეღარ
უთხრა უარი ტიუსსოს და ამის ქარხანაში ქარგლად გადმოვიდა. მოკლე ხანში
ეს ვაჟკაცი ყმაწვილი ბიჭი თითქმის შვილად გახდა ტიუსსოს ოჯახში. ისე
მიენდნენ, რომ მთელი ქარხანა ამას ჩააბარეს, ამას მიანდეს ფულის მიღება და
დარიგება. ძალიან მოსწონდა შადის ეს თანამდებობა, იმიტომ რომ მის
ცოცხალს და მკვირცხლ ბუნებას ძალიან შეეფერებოდა ეს ხელ-ფეხის
დაუწყნარებლობა.
სასადილო ოთახი ბრწყინვალედ იყო გაჩაღებული. თოვლსავით თეთრს
სუფრაზედ ელვარებდა სუფრის სამკაული. ყვავილების კონებით მორთული
იყო ყოველი კუთხე და მშვენიერი სურნელება მოფენილი იყო მათგან მთელს
ოთახში. ყველანი მოისწრაფიდნენ სესილის მოსალოცავად და ანუგეშებდნენ,
რომ თქვენის ქმრის უბედურება თქვენს სახელს ჩირქს არ მოაცხებსო.
ყვავილებით აავსეს მთელი ოთახი. სესილი ჩავიდა ქარხანაში და მადლობა
გადაუხადა ქარგლებს და მუშებს, რომელთაც თვითო ყვავილების კონა
მიართვეს “პატარა ქალბატონს”, ტიუსსომ კიდევ ფუნჯი დაალევინა თავის
მუშებსა. სესილმაც ყველას სადღეგრძელო დალია და ძალიან მხიარულად
იყო, რომ ყველას ასე ჰყვარებია. სადილი მზად იყო და ყველანი დასხდნენ.
მარტო მახლობელნი იყვნენ სადილად მოწვეულნი. მათ შორის იყო ლუი
პალიარი, რომელიც ყოველთვის ეუბნებოდა ხოლმე ტიუსსოს, “თუ ფული
გნებავთ, ნუ დამერიდებით, მე თავისუფალი ფული მაქვს”. მოწვეული იყო
აგრეთვე ამელი, მორისის და, და შადი, რომელმაც უთხრა ტიუსსოს:
- მე ღვინოები ჩამაბარეთ და, რაც ბოთლებია, მე მომიწყეთ ახლო. აი,

ნახავთ, როგორ გამოვიყენებ, იმედი მაქვს, ნახშირი არ გაწვევინოთ.
სესილი ლუი პალიარის და შადის შუა იჯდა, ტიუსსო თავის ქალის
პირდაპირ ცოლისა და ამელის შორის. როცა სამზარეულოდამ კარი გამოაღეს
და საჭმელები შემოიტანეს, საჭმელების სუნმა დაავიწყათ სურნელება
ყვავილებისა.
- კატერინავ, - სთქვა მხიარულებით ტიუსსომ, - მაგ სილამაზესთან რომ
სიმღერაც გცოდნოდა, ქვეყანაზედ ვერავინ ვერ შეგედარებოდა. აბა, ჩემო
გვრიტებო, იმედია, კარგად შევექცევით.
ტიუსსომ მსუნაგსავით ტუჩები გაილოკა ენით.
მინამ წვენსა ჭამდნენ, ხმა არავინ ამოიღო. წვნიანის შემდეგ შადი
წამოდგა, გამოიჭიმა, როგორც ძელი, აიღო ჭიქა ხელში და სთქვა:
- მოწყალენო ხელმწიფენო, ქალნო და კაცნო წმინდა სესილის
დღეგრძელობისათვის იყოს!
- ღმერთმა აცოცხლოს წმინდა სესილ! - განიმეორა ყველამ.
- ღმერთმა ჩვენს პატარა ქალბატონს ძეობა მშვიდობიანად
გადაახდევინებინოს, - განაგრძო შადიმ.
ჭიქები დაცალეს და ტიუსსომ უთხრა ჩუმად პალიარს.
- უბედურებაა, რომ იმ საძაგლის ჯიშისა იქნება... საწყალი ჩემი ქალი!
სესილმა და ადელმა ერთმანეთს შეხედეს და ჩუმად ჩაიცინეს. ტიუსსოს
ფიქრად არ მოსვლია, რომ სესილი დიდ ბედნიერებად თვლიდა შვილის
ყოლას.
შადი თამადობას ძალიან კარგად ასრულებდა. ხუმრობას და მასხარობას
დასასრული არა ჰქონდა. ტიუსსოს ცოლმა სიცილით უთხრა შადის,
ფრთხილად იყავიო. პალიარი დიდის ყურადღებით ექცეოდა კდემამოსილს
ამელის, რომელიც გვერდო უჯდა. ტიუსსომ დაიმკლავა ხელები, როცა
მზარეულმა მოუტანა და წინ დაუდგა მთელი ინდოური.
- ახ, ნეტავი! - დაიძახა აღტაცებით შადიმ და თვითო ხელში თვითო
ბოთლი აიღო; - ახ, ნეტავი ქუჩები ამისთანებით იყოს მოკირწყლული, მაშინ
მე კბილებით ვივლიდი.
ტიუსსო ამ დროს სჭრიდა ინდოურსა და ჩასცა თუ არა ჩანგალი მკერდში,
შედგა და სთქვა:
- შვილებო, იცით, ამას ინდოურს რად ეძახიან? არა განა? იმიტომ, რომ
ქათამია...
- ხა, ხა, ხა! - ჩაიხარხარა შადიმ.
- რას იცინი აქ სასაცილო არა არის რა. სიტყვა გამაწყვეტინე, მე მინდოდა
მეთქვა, ეგ ქათამია ინდოეთისა, იქიდამ არის პირველად მოყვანილი; ჯერ
ინდოურს ქათამს ეძახდნენ, ეხლა მარტო ინდოურს ეძახიან.
ზარის წკარუნი მოისმა.
- ასე გვიან ვინ უნდა იყოს? - იკითხა ტიუსსომ, - ნეტავი კარები
დაკეტილი ყოფილიყო. აბა, ჰნახე, შადი!
შადიმ დააპირა გასვლა თუ არა, კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა ვიღაც
კაცი. თითქო გველმა უკბინაო, სესილმა ისე დაიკივლა:

- აქ ვინ მოგიყვანათ! აქ რა გინდათ?
ტიუსსო, მისი ცოლი და ამელი კარებისკენ ზურგშექცეულები ისხდნენ,
სესილის პირდაპირ. შადის და პალიარს, სესილის გვერდთ მსხდომარეებს,
პირი კარებისაკენა ჰქონდათ, ამათგან მარტო სესილი იცნობდა ახლად
მოსულს ანდრე გუდარსა, რომელიც ქუდმოუხდელი, გულხელდაკრებილი
მიეყრდნო ზურგით კედელს და იქ გაჩერებულმა მკვახედ და კადნიერად
წამოიძახა:
- ეს კაი ამბავია! მე ციხეში სული ამომდიოდა და ესენი კი ქეიფობენ!
ეს ხმა რომ გაიგონეს, ადელმა და ტიუსსომ მოიხედეს უკან. ყველანი
წამოხტნენ ფეხზედა. ტიუსსომ გულზედ მოსულმა შეჰყვირა:
- შენ აქა ხარ... გამოქცეულხარ განა, არამზადავ... ეხლავ გაეთრიე, თორემ
დაგაჭერინებ... შადი, წადი, პოლიციას შეატყობინე.
- რაებს ჰბოდავ, შე სულელო, შენა.. მე ჩემ ცოლეურისას ვარ, მე სათქმელი
მაქვს და ვიტყვი კიდეც. აბა ვნახავთ, ყურს როგორ არ დამიგდებთ... მე
ყველაფერი ვიცი, რაც ჩემზედ საქმე ჩაგიდენიათ, ყველაზედ მძიმე საბუთები
ჩემს წინააღმდეგ თქვენ წარგიდგენიათ. მე აქ არ მოგიჯდებით... ნუ გეშინიათ,
მაგრამ აქედამ ისე ფეხს არ მოვიცვლი, რომ თქვენ სამაგიერო არ
გადაგიხადოთ. მე აღარაფრის შიში მაქვს; რაც დამემართა, უარესს ვეღარ
მიზამთ, მე...
სესილი მიუხვდა, რასაც აპირობდა ის უბედური, აჩქარებით მივარდა,
მკვახედ და მოკლედ უთხრა:
- აღარა გაბედოთ რა! გადით ქედამ...
ანდრემ ჩაიხარხარა.
- ის გირჩევნიათ, ბატონო გუდარის ცოლო, ხმა ჩაიწყვიტოთ, - უთხრა
პასუხად გუდარმა, - თქვენ, რომელიც ცოლად არ მყოლიხართ თავის დღეში...
რამდენიც გსურდეთ შვილები იყოლიეთ... თუ შენ ცოლობა არ გაგიწევია,
დედაშენი ხომ...
მანამ სიტყვას დაასრულებდა, სესილმა დაავლო სუფრიდამ უშველებელს
დანას ხელი და მივარდა გუდარს. დანა მოუღერა, თითქო დაკვრას
უპირობსო, და შეჰყვირა:
- აბა ერთი სიტყვაც და აქვე სულს გაგაფრთხობინებ.
რომ სესილი მუქარას აასრულებდა, ამაში ეჭვი არ იყო. გუდარმა ამაზედ
გული დაარწმუნა, რაკი სესილი ასე გააფთრებული დაინახა. სიტყვა შეწყვიტა
და, უნებლიედ უკან დაწეულმა, ხელები მოიშველია, რომ დანა აიცდინოს.
ადვილად მისახვდომია, რა ალიაქოთი შეუდგათ აქ დამსწრეთა. მარტო
ადელი დაეცა სკამზედ, თავი ჩაჰკიდა და თრთოლამ აიტანა, როცა გუდარის
უკანასკნელი სტყვები მოესმა. შიშით გული მისდიოდა, აი ან ეხლა
დაასრულებს სიტყვებს, ან ეხლაო. ტიუსსო კი ვერაფერს მიმხვდარიყო. რაკი
დაინახა თავისი ქალი დანით ხელმოღერებული, სხვებთან ერთად მივარდა
ქალს და ხელი დაუჭირა. ყოველივე ეს ისე უმალ მოხდა, რომ უკანასკნელმა
სიტყვებმა გუდარისამ მის ყურამდინ არ მიახწია. ეგონა, სესილი გააფთრდა
იმიტომა, რომ ქმრის დანახვა ეზიზღაო. შადი და პალიარი ცდილობდნენ

დანა წაერთმიათ, მაგრამ სესილი არა ნებდებოდა, იცოდა, რომ გუდარი
მარტო ამ დანის შიშით ვეღარ ბედავს ლაპარაკსაო. ამიტომაც უთხრა შადის:
- დანას ნუ მართმევთ! ეგ უბედური გააგდეთ აქედამ, თორემ აქავ
მოვკლავ. მოვკლავ, თუ ერთი კიდევ ხმა ამოუღია.
- ეგ ადვილია, - უპასუხა შადიმ, - მაგის აქედამ გაგდება ჩემს კისერზედ
იყოს.
მინამ პალიარი დასტრიალებდა სესილს, რისხვით გააფთრებულს, შადი
გუდარს ეცა.
- თავი დამანებეთ! რაც თქვენი საქმე არ იყოს, ნუ ერევით, - დაუყვირა
გუდარმა, - მე ჩემს სახლში ვარ. მე აქ მინდა ყოფნა, და მინამ წავალ, მინდა,
რომ ამ სულელმა იცოდეს...
სესილმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იხმარა, გამოუსხლტა ხელიდამ
პალიარს, მივარდა გუდარს და შეჰკივლა:
- უსიკვდილოდ ვერ მომრჩება...
- არ გეყურება, ხმა არ უნდა ამოიღო... ხმა გაიკმანდე-მეთქი... და აქედამ
გაეთრიე, - უთხრა შადიმ გუდარს და ასეთი მუშტი უთავაზა შიგ პირისახეში,
რომ გუდარი კინაღამ გადიქცა. შეეჭიდნენ ესენი ერთმანეთს და ძიძგილაობა
დაიწბეს. პალიარი მივარდა, ორივეს ჰკრა ხელი, გარედ გაყარა და კარები
მოიკეტა.
გუდარმა, როგორც იყო, თავი დაახწია შადის, გავარდა ქუჩაში და
დაიძახა:
- მობძანდი, მობძანდი, თუ კაცი ხარ...
- შენ თუ არ მითხარ, მე კი გაგექცეოდი განა! - უპასუხა შადიმ და
გამოუდგა.
აქ ისევ ერთმანეთს ეცნენ. თუმცა ერთნაირის ღონითა სცემდნენ
ერთმანეთს, მაგრამ შადის, როგორც უფრო ყმაწვილ კაცს, თითქო ღონე
თანდათან ემატებოდაო, გუდარს კი აკლდებოდა. ბოლოს გუდარი ისე
დაოსდა, რომ შადის ცემაზედ მარტო ღრიალებდა და ილანძღებოდა.
- ეშმაკმა წაგიღოს, შე არამზადავ! - ყვიროდა შადი, - მე გიჩვენებ შენს
თამაშას, მაგ შენის დინგისაგან თხლე-შეჭამადს გაგიკეთებ.
ეს რომ უთხრა, ხელღონიერმა შადიმ ჰკრა მოგვერდი, არხში გადუძახა
გუდარი და მუხლი გულში დააჭირა.
- დამნებდები თუ არა, ხომ ზედავ ქვეშ ამოგიდე და, რომ მოვინდომო,
სულს აქა დაგალევინებ, - უთხრა შადიმ.
უეცრად შადიმ იგრძნო, რომ გუდარმა წამოიწია და კინაღამ ქვეშ არ
ამოიდო თვითონ შადი. თვითონ შადიმაც არ იცოდა, როგორ მოხდა ეს ამბავი.
უმალ წამოხტა ფეხზედ და მოემზადა ხელახლად სცემოდა, მაგრამ
წამოდგომისვე უმალ გუდარმა მოჰკურცხლა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
ცხვირპირდამტვრგულმა მელიამ პატარა შორს გაიგულა თავი თუ არა,
მობრუმდა, შადის მუშტი მოუღერა და შემოსძახა:
- დამაცა, შე არამზადავ, მე შენ ამას არ შეგარჩენ...
ტანისამოსს რომ ისწორებდა, შადიმ თვალი შეასწრო, რომ მიწაზედ რაღაც

ბარათი გდია კარგად დაკეცილი. დასწვდა და აიღო.
- ეს რა უნდა იყოს... წიგნია, თუ საჭიროა, ხომ მოვა კიდეც წასაღებად და
მაშინ ვნახოთ... ჯერ ჩვენი ანგარიშები არ გაგვისწორებია.
ყველა გაიკვირვებს, რომ ორი კაცი ერთმანეთს სცემდნენ და სხვა ორნი კი
არ ჩამოეშველნენ. მაგრამ, როცა პალიარმა ხელის კვრით ორნი გარედ
გამოაგდო და მიუკეტა კარები, სესილი შეეხვეწა:
- გევედრებით, ნუ მიეშველებით, ბატონო პალიარ, აქ დარჩით და მამაჩემს
ნუ გაუშვებთ.
ბევრი ცდა მოუნდა პალიარს, რომ ტიუსსო შინ დაეყენებინა.
- მე მინდა თვითონ დავუხვდე იმ საძაგელს. ოჯახის უფროსი მე ვარ, ამბობდა ტიუსსო, - გაგვაუპატიურა და ჩემ ვალია გადავუხადო სამაგიერო.
გამიშვით, პალიარ, გამიშვით.
- ნუ, ბატონო ტიუსსო, ნუ ინებებთ. მაგისათვის თქვენ როგორ
შეგაწუხებთ. თუ შადი ჭკუას ვერ ასწავლის, როგორც რიგია, მაშინ მე აქ არა
ვარ მე იმან გამქურდა, დედაჩემი მოატყუა და მე უნდა მოვსთხოვო პასუხი,
მე...
- მაშ ერთი მივხედოთ მაინც, რა ყოფაში არიან, - სთქვა ტიუსსომ.
მაშინ სესილმა ხელი მოჰკიდა მამას და თითქმის ტირილით უთხრა:
- მამი, მე არ მინდა, რომ შენ წახვიდე... გეხვეწები... განა არა ხედავ,
რარიგადა მწყინს მაგისთანა ამბები... ნუ წახვალ, შენი ჭირიმე! ნუთუ გინდა,
რომ ავად გამხადო!..
- არა, ჩემო პაწაწავ, რასაკვირველია, არ მინდა. ბატონო პალიარ, ერთი
გაისარჯეთ და გახედეთ, რა ამბავშია შადი...
ამ დროს კარიც გაიღო და შადი შემოვიდა მწუხარე სახით,
ცხვირპირდასისხლიანებული,
ტანისამოსდაგლეჯილი
და
გასისხლიანებულის ხელებითა, თუმცა გაფხაჭნილიც არსად რა ჰქონდა.
შადის ძარღვიანი მკლავი და მუშტი ჰქონდა და კარგადაც იცოდა იმათი
ხმარება.
- რა ჰქენ, - ჰკითხეს შადის.
- თუ ეხლაც ისე მირბის, როგორც ჩემგან მოჰკურცხლა, ცხრა მთას იქნება
გადაცილებული. თუ სურდა, რომ რამდენსამე დღეს არავის ეცნო, ეხლა
ხათრიჯამი უნდა იყ ოს, ისე ლამაზად შევუშალე ცხვირ-პირი, რომ თქვენი
მოწონებული.
- ჩემო საწყალო ბალღო! - უთხრა ტიუსსომ და მადლობით ჩამოართვა
სისხლით მოსვრილი ხელი.
- ეს არაფერია! სამზარეულოში წავალ, თავ-პირზე ცოტა ცივ წყალს
შევისხამ, გავგრილდები და ამით გათავდება ყველა. მე კარი ჩავკეტე, რომ
პურის ჭამა აღარ დაგვიშალონ.
- მართალი ხარ, - სთქვა ტიუსსომ, - რაც იყო, იყო. არა ღირს ამაზედ თავი
შევიწუხოთ. დროა პურის ჭამას დავუბრუნდეთ. ხვალ ვნახოთ, რა უნდა
ვიმოქმედოთ.
ყველანი ისევ სუფრაზედ დასხდნენ. სესილი გვერდთ მოუჯდა დედას

და ეალერსებოდა.
- ჩემო კარგო შვილო! მე მეგონა, რომ აი ეს-ეს არის ცოცხლები
დავიმარხებით-მეთქი, - უთხრა დედამ ჩუმად.
- ნუღარ გეშინია, დედი! ყველაფერი ამით გათავდა.
- ჩემო საყვარელო, რა გინდოდა გექნა?
- მოვკლავდი, ერთი სიტყვა კიდევ რომ ეთქვა. ჩემს დღეში ის არ
გავმხდარვარ, როგორც იმ წუთს ვიყავი... აი გამისინჯე ხელები, თითქო
ცეცხლი მიკიდიაო.
ჩემო საწყალო სესილ, სულ ანთებული ხარ და კანკალებ. რა გემართება,
გეთაყვა?
- არაფერი. მშვიდობით გადვურჩით... გამხიარულდი, მამა გვიყურებს.
მართლა-და ტიუსსო შეწუხებულის სახით მოვიდა ამათთან.
- რა ამბავია? ავად ხომ არა ხარ, სესილ?
- ფიქრი ნუ გაქვს, მამი... მე ცოტად აშფოთებულა ვარ.
- ჩემო კარგო, ვაჟკაცო შვილო, ასაშფოთებელი მიზეზი კი გაქვს. ჩემს
დღეში ისე გაშმაგებული არ მინახვიხარ. სწორედ მოგახსენოთ, შენს
მეგობრობას უფრო ვირჩევდი, ვიდრე შენს მტერობას. საშინელი რამა
ყოფილხარ.
შადი პირდაბანილი და გაფაქიზებული შემოვიდა. თუმცა თვალი
ცემისაგან დალურჯებოდა, მაგრამ მაინც კარგს გუნებაზედ იყო და
ქეიფიანად, როგორც ყოველთვის.
- ბატონო ტიუსსო, - სთქვა მან სიცილით, - სულ მარტო თქვენ არ
მიირთვათ, თორემ ომგადახდილს ასეთი მადა მაქვს, რომ კამეჩიც არ მეყოფა.
- მობძანდი, რაც იყო, ნუღარ მოვიგონებთ, - ამბობდა ტიუსსო, - ხვალ
ვეცდები, რომ ამისთანა ამბები ჩემს სახლში აღარ მოხდეს... აბა, დავსხდეთ
რაღა!..
ყველამ თავისი ადგილი დაიჭირა. მაგრამ ისეთი მხიარულება აღარ იყო,
როგორც თავდაპირველ. ამელიმ ნახა, რომ სესილს ფერი წასვლია, მივიდა და
ჰკითხა დაბლა ხმით:
- ავად ხომ არა ხარ?
- ჰო, ცოტა ავგუნებად შევიქენ. ნურა გრჯის კი რა. ცოტა ხანს კიდევ, და
მერე ერთს რასმეს მიზეზს მოვიდებ და ნებას მოვსთხოვ სუფრიდამ
ადგომისას. შენ ამაღამ ჩვენთან დარჩი. მეშინია, ღამე უფრო ცუდად არ
შევიქნე და დედას ჩემის შეწუხება არ მინდა.
ტიუსსოს ცოლი შიშით და შეწუხებით უყურებდა თავის ქალსა.
- რა ამბავია, ამელი? - ჰკითხა მან.
- მე სესილს ვუთხარ, რომ უსათუოდ ამ შფოთისაგან დაიღალებოდი და
ურიგო არ იქნება ცოტა მოგესვენა-მეთქი.
- ამელი მართალს ამბობს, - სთქვა ტიუსსომ.
სესილს ნება მისცეს ადგომისა. სესილი და მისი მეგობარი ამელი ერთად
გამოვიდნენ ოთახიდამ. დანარჩენთა განაგრძეს სადილი კარგა მხიარულად.
შუაღამე იყო, ჯერ სადილი არ გაეთავებინათ, რომ ამელი ჩამოვიდა

სესილის ოთახიდამ და უთხრა, სესილი ცუდად შეიქმნა და ექიმია საჭიროვო.
- ათი წუთი და ექიმს აქ დავბადავ, - სთქვა შადიმ.
- სწორედ ამ ალიაქოთის ბრალია, - სთქვა ადელმა, - საცოდავი ჩვენი
ქალი!... ტიუსსო, იმისი ყოფა მე ძალიან მეფიქრები.
- რას ამბობ, დედაკაცო! - დაიძახა ტიუსსომ და დაჰკრა ხელი მაგიდას, თუ სესილს დაემართა რამ, მე ტიუსსო არ ვიქნები, თუ იმ არამზადა გუდარს
ჩემის ხელით არ მოვკლავ.
ექიმი მოვიდა და დიდხანს არ მოუნდა ავადმყოფის სინჯვას. დედას
გამოუცხადა, რომ ალიანქოთს და შფოთს ძალიან შეუწუხებია ქალი და ამის
გამო წინა დღით მშობიარობა მოსალოდნელია და ამიტომაც ამაღამ
ავადმყოფს ვერ მოვშორდებიო. ტიუსსომ ჰკითხა, ხომ საშიში არა მოელის
რაო. ექიმმა უპასუხა, ჯერ მაგის თქმა არ შემიძლიანო. თუმცა ეს კი მაღონებს,
რომ ძლიერი სიცხე აქვს და მეტად აღელვებულია, მაგრამ მე აქ ვეყოლები და
თქვენ ნურას ფიქრი ნუ გაქვთო. ტიუსსომ დაუჯერა ექიმს და წავიდა
დასაძინებლად, მაინც არაფრის გამოსადეგი იყო; ადელ და ამელი კი
სესილთან დარჩნენ, რომ ექიმს დაეხმარონ, თუ საჭირო იქნება.
სესილი მეშვიდე თვეში ძლივს იდგა. ამაზედ შადიმ, თუ სახუმროდ არა,
დედ-მამის ნუგეშად მაინცა სთქვა, რომ დედა შვიდი თვის ორსული იყოვო,
როცა ვოლტერი დაიბადა, მაგითი ვოლტერს დღე არ დაჰკლებიაო. ნეტავი
ჩვენმა ყმაწვილმაც იმდენი იცოცხლოს, რამდენიც ვოლტერმა იცოცხლაო.
მაგრამ ამ ხუმრობამ ტყუილად ჩაუარა შადის, რომელმაც, რა ჰნახა, რომ
ხუმრობა როგორღაც თავს არ მოდის, ხელი ჩაავლო პალიარს და შინ
წამოვიდნენ.
საშინელი ღამე იყო ის ღამე მშობლებისათვის. ტიუსსოს მწუხარებით
ძილი გაუკრთა. ბოლოს ადგა და წავიდა, რომ შვილის ამბავი იკითხოს. ცოლი
და ამელი ტირილით დახვდნენ. სესილი თანდათან უკანდაუკან მიდიოდა
და დედა ხედავდა, რომ მისი ქალი სიკვდილისა და სიცოცხლის შუაა... სხვა
გზა არ იყო, უკანასკნელი ღონისძიებაღა უნდა ეხმარათ და მკვდარი შვილი
აყოლეს. დილისათვის ყოველიფერი მორჩომილი იყო, სესილს ჩაეძინა და
ყველას გული დაუმშვიდდა. როცა გაიღვიძა, კიდევ საჭირო იყო ექიმის
მოყვანა. სესილი თუმცა განთავისუფლდა, მაგრამ მორჩენაზედ ჯერ ძალიან
შორს იყო. ექიმმა ბეჯითად გასინჯა და თავი გაიქნივ-გამოიქნივა; ისეც მძიმე
სნეულება ახლა სხვა, უფრო მძიმე სნეულებად გადაექცა. ანთება აუვარდა
ტვინში, ბოდვა არ მოეშალა. ბოლოს ვეღარც რა ესმოდა, ვეღარც ვერავისა
ცნობდა. მთელის საათობით გაჭიმული იწვა ლოგინზედ შეშინებულის
დედის წინ, ხელს აფათურებდა, თითქო რაღასაც ეძებსო და სულ ამას
იძახოდა:
- მოკვდა... აი სულ ცივია... მორის... ერთი გამიგონე, მომხედე... აგერ იქ,
იქ! - ყვიროდა საწყალი და ხელს იშვერდა თახჩისაკენ, - უშველეთ საწყალს,
თავსა სჭრიან... აგერ მკვდარიც დაეცა...
ამ საშინელის მოჩვენებით ზარდაცემული და შეშინებული დაეცემოდა
ხოლმე ქვეშაგებზედ გონებამიხდილი.

წვეულების მეორე დილას სესილის განთავისუფლების შემდეგ, როცა
კარგამყოფობის იმედი მოეცათ, ამელი გამოეთხოვა ტიუსსოს ცოლს და
წავიდა ძმის საქმეზედა. ადელმა დიდი მადლობა გადაუხადა და უთხრა, შენი
საქმე ისაქმე, ნუ აუჩქარდები, აქ სამაგისო, ღვთის მადლით, აღარა არის რაო.
ამელი სასამართლოსაკენ წავიდა. ეხლაც მარტო მდივანი დახვდა, მაგრამ
უწინდებურად მხიარულად კი აღარა. მდივანმა უთხრა:
- ჩემო კარგო, მე რომ იმედი მოგეცით, იმ იმედმა უქმად ჩაგიარათ.
თქვენის ძმის წინააღმდეგ სხვა ახალი მძიმე საბუთები აღმოჩნდა... ეხლა
რასაც სამართალი იტყვის, ის იქნება.
ადვილად მისახვედრია, რარიგად მოუკლავდა გულს საწყალს ქალს ეს
ამბავი. ამელი დაბარბაცდა და, რომ სკამისთვის ხელი არ ჩაევლო, ძირს
დაეცემოდა.
თვალთაგან
ცრემლები
ღაპაღუპით
წამოსკდა
და
გულამოჯდომით მოჰყვა:
- მძიმე საბუთებიო... სამართალი იტყვისო... ოხ, მაღალო ღმერთო!
ღმერთო ჩემო! ჩანს, დაწყევლილები ვყოფილვართ.
მდივანმა ანიშნა და მოსამსახურემ გამოიყვანა საწყალი ამელი ოთახიდამ.
დერეფანში ჩამოჯდა სკამზედ და იმედდაკარგული მწუხარებას მიეცა.
უეცრად ერთი სიტყვა მოესმა და იმან გამოაფხიზლა.
ხალხი ირეოდა სასამართლოს დერეფანში და, რომ ნახეს ახალგაზდა,
ლამაზი ქალი, რომელიც იქავ კუთხეში ტიროდა და ვაებდა, ჰკითხეს
მოსამსახურეს, ვინ არის და რა დაჰკარგვიაო. მსახურმა ხმადაბლა უთხრა,
მაგრამ ასე კი, რომ ამელიმ გაიგო:
- აი, ლეა მედანი რომ მოჰკლა, იმისი დაა.
ამელი მაშინვე წამოვარდა ფეხზედ გიჟივით, მოიწმინდა ცრემლები და
მრისხანის ხმით უპასუხა:
- ტყუით, ჩემი ძმა კაცისმკვლელი არ-არის. მე ვარ დაი პატიოსანის კაცისა.
სთქვა ეს თუ არა, აბრიალებულის თვალებით, ფერმკრთალი, თმააწეწილი
გაიქცა თავის მეგობარ სესილთან. იქ მაინც ნუგეშს მომცემენ და იმედსაო.
განა ერთხელ სესილმა არ უთხრა, რომ “მე წავიხდენ ჩემს თავსა და იმას კი
დავახსნიო”.
ეს სიტყვები მოაგონდა იმედდაკარგულს ამელის, როცა სესილთან
მიდიოდა. ცხადი იყო, რომ სესილმა რაღაც იცოდა იმისთანა, რომლის
ძალითაც შეიძლებოდა მორისის დახსნა. ეხლა, როცა გაიგებს, რომ სხვა გზა
აღარ არის მორისის დახსნისათვის, სესილი მაშინვე წავა გამომძიებელთანა,
ყველაფერს ეტყვის და ძმას გამითავისუფლებსო. ეს უკანასკნელი იმედიღა
იყო საწყალის ამელისათვის და რამდენადაც უახლოვდებოდა ტიუსსოს
სახლს, იმდენად იმედი ემატებოდა. რა ეჭვი უნდა აქ, ერთი სიტყვა სესილისა
და ჩემი ძმა დახსნილი იქმნებაო. ტიუსსოს სახლში რომ მივიდა, მაშინ
სესილის ყოფა სწორედ ბეწვზედ იყო მიმდგარი. ტიუსსო ტიროდა, ადლი
ქვითინებდა და ჰლოცულობდა, მოახლემ კი უთხრა გაოცებულს ამელის:
“ამბობენ, სესილი ვეღარ მორჩებაო”. ეხლა მარტო თავის ძმისათვის კი არა,
თავის მეგობარ ქალისათვისაც საშინელი კვნესა ამოუშვა გულიდამ.

- სწორედ დაწყევლილნი ვართ, დაწყევლილნი! ვაიმე, ძმაო, მომიკვდი? დაიკივლა და გულშემოყრილი იქავ დაეცა. ლუი პალიარი მოსულიყო
წინადვე სესილის ამბის შესატყობლად და, რომ ნახა ამ ყოფაში ამელი, აღარ
მოჰშორებია, მინამ გონში არ ჩააგდო. ეუბნებოდა: ტყუილად შიშობენ დედმამანიო, საშიში არაფერია, ჯერ კიდევ იმედია მორჩენისაო. ამელი ჭკუიდამ
შეშლილივით ყურს უგდებდა და თვალგაშტერებით უყურებდა პალიარს.
პალიარს შეეშინდა, ჭკვიდამ ხომ არ შესცდა უბედურიო, ისე აფოთინებდა
ხელებს და ისე არეული ჰქონდა თვალები. პალიარი ხელახლად მოუყვა
სესილის ამბავს, მაგრამ ამელიმ უეცრად გააწყვეტინა და უთხრა:
- მარტო მაგას არა ვჩივი და არა ვტირი... ძმა მეღუპება, ძმა...
ამ ხანად კი პალიარი ვერაფერს მიუხვდა და სთხოვა. ერთი კარგად
გამაგებინე, რა ამბავიაო. საწყალმა თვალში ცრემლით უამბო, რა ბრალსაც
სდებდნენ მის ძმასა. ამ ამბავმა ააჟრჟოლა ყმაწვილი კაცი, მაგრამ მალე
დაიმორჩილა თავისი თავი. ქალი არწმუნებდა, რომ აქ რაღაცა ამბავი მალავს
თავსა და ვერ გამიგია, თორემ ჩემი ძმა მართალიაო. პალიარმა დაიჯერა
ამელის სიტყვა, რადგანაც გულში ამელის სიყვარული შეჰპარვოდა. იმედი
მისცა, მე ჩემს თავს დავსდებო, რომ მორისი გავამართლოვო. ამელიმ უამბო:
გამომძიებელთან ვიყავი, იქ იმედი გადამიწყვიტეს; აქეთ გამოვეშურე,
რადგანაც სესილი დამპირდა, მე დავიხსნი შენს ძმასაო, მაგრამ დახეთ ჩემს
უბედურებას, სესილი ამ დღეში და ამ ყოფაში დამხვდაო.
- მაშ, როცა სესილმა ეგ გითხრათ, რატომ მაშინვე არ შეეხვეწეთ,
წასულიყო და გამომძიებლისათვის ეთქვა ყოველასფერი?
- თვითონ სესილსაც უნდოდა, მაგრამ გამომძიებელი დაპირებული იყო,
დღეს არა, ხვალ შენს ძმას გამოვუშვებ, რადგანაც თვითონ ნამდვილი
დამნაშავე ვიპოვეთო.
- მეტი საბუთი სიმართლისა საქმეს არ წაახდენდა.
- მე აკი მოგახსენეთ, რომ მე და სესილს ეგ ღონე უნდა გვეხმარა, როცა
სხვა ილაჯი აღარ იქნებოდა.
- რადა?
- არ ვიცი... ეს კი გავიგე, რომ სესილმა სთქვა, მე დავიღუპები და იმას კი
დავიხსნიო... ზოგჯერ კაცს იმისთანა მიზეზი აქვს, რომ რაც უნდა, იმას ვერა
იქმს, ნამეტნავად სესილი ვერ იქმოდა მაგას, რადგანაც ჩემის ძმის და სესილი
ამბავი ყველამ იცოდა... ცოლქმრობის პირობა ჰქონდათ მიცემული, როცა იმ
საძაგელმა, რომელიც გუშინა ვნახეთ, ამდენი საძაგლობა ჩაიდინა.
- კიდევ სხვას ბევრს საძაგლობას ჩაიდენს საკვლაოდაც... ეხლა, ბატონო
ამელი, ... უთხრა პალიარმა, დაუდგა პირდაპირ და ორივე ხელი ჩამოართვა, ნუ სტირით და კარგად შემომხედეთ მე. ჩემს კისერზედ თავია პატიოსანის
კაცისა, იმისთანა კაცისა, რომელიც, რასაც იტყვის, იმასვე ფიქრობს. მე
მომენდეთ, როგორც ერთგულს მეგობარს და გეფიცებით, რაც უნდა
დამემართოს, თქვენს ძმას დავიხსნით.
- ოჰ, რა კეთილი კაცი ყოფილხართ, ბატონო ლუი!
ლუი პალიარმა მოიზიდა ამელი და აკოცა. ამელის უფრო ძლიერ

ამოუჯდა გული და ტირილს მოჰყვა.
- ხომ არ ჯავრობთ ამ კადნიერებისათვის, ბატონო ამელი?
ამელიმ თავისი მშვენიერი, ცრემლიანი თვალები მიაკრა პალიარსა და
ჭარხალივით აწითლებულმა უთხრა:
- არა, გულმა ღელვა დამიწყო... ისე მეუცხოვა ნახვა კაცისა, რომელსაც
ასეთი კეთილი გული ჰქონია.
- დიაღ, მეც მაგასა ვგრძნობ, თქვენ რომ გხედავთ, საწყალო.
პალიარმა თვალი თვალში გაუყარა, ამელიმ კდემობით თავი დაბლა დაიღო
და რადგანაც პალიარს ამისი ხელები კიდევ ხელში ეჭირა, უთხრა:
– უკაცრაოდ, ბატონო ლუი! მე უნდა წავიდე, სესილი მინდა ვნახო.
პალიარმა ხელი გაუშვა. ამელი მაშინვე წავიდა სესილის ოთახისაკენ.

VІІІ
ღამე სიყვარულისა
მშვენიერი შემოდგომის ღამე იყო. საღამოზედ ღრუბელი ჩამოწვა, მაგრამ
რამდენსამე ხანს შემდეგ ისევ გადიყარა და ჰაერი მაშინვე გამოიცვალა. ცივი
ნესტი, რომელიც ძვალ-რბილში შეატანდა კაცს, ნოტიო სითბოდ გადიქცა. კაცს
ეგონებოდა ზაფხულის ბოლონდელი დღე არისო. იზა სრულიად შიშველი
ჩამდგარიყო ვერცხლის აუზში და ჟუსტინა ასხურებდა ვარდის წყალს მის
მთრთოლარე ტანსა. შავის თმებით გარემოსილი პირისახე იზასი ღიმილით
გამოიყურებოდა. იზამ ჰკითხა თავის მოახლეს:
– დღეს ხომ მაინც არ ცივა?
– ღვთის მადლით, – არა, – უპასუხა მოახლემ ღიმილით, – უმაგისოდაც
შეიძლება გაცივდეს ადამიანი თქვენისთანა ჭირვეულის გუნებისა. რომელს კაბას
გვიბძანებთ მოგიმზადოთ.
– რომელიც ყველაზე უფრო დარბაისლურია. შენ თვითონ იცი, ჟუსტინავ,
რომ ეხლა სულ ერთია. ჩქარა კი, ის გველის.
ჟუსტინამ გადააცვა თეთრი უმტვერო, კრუჟევებით მორთული წმინდა
ბატისტის პერანგი.
– მოასწრებთ მორთვას, თქვენს მორთულობას ბევრი არა უნდა რა.
იზა ჩამოჯდა. მოახლემ ჩააცვა თითქო განგებ გათლილ, ლამაზს ფეხზედ
აბრეშუმის ჩულქები. იზა წამოდგა და სარკესთან მივიდა.
– თავს მე თვითონ დავივარცხნი. შენ ის გძელი შავის ხავერდის კაბა მომეცი.
– აი ბერების ანაფორას რომ ჰგავს?....
– სწორედ... თვალის დახამხამების უმალ შეიძლება კაცმა ტანიდამ
გადიძროს. ჩქარა...
იზამ თავი დაივარცხნა ისე ლამაზად, რომ კარგს პარიკმახერსაც
გაუჭირდებოდა. ჟუსტინამ კაბა მოართვა და იზამ სწრაფად გადიცვა; ვერავითარი

სიტყვა ვერ გამოხატავდა იზას მშვენიერებას, ისეთი რამ იყო იმ შავ ხავერდის
კაბაში. ჟუსტინამ პატარა მაქმანის მოსახვევიც მოუტანა, იზამ კეკლუცად მოიხედა
და ცოტად მოიფარა სახეზედაც. იზა მზად იყო.
თავის საწოლ ოთახში შევიდა, პატარა ყუთის პატარა ოქროს გასაღები,
საათის გასაღების ოდენა, ამოიღო და თმებში დაიმალა.
– იქნება რამდენიმე დღე მომიგვიანდეს, – სთქვა იზამ, – შენ კარგად
გამოგავე ბუხარი, რომ არავინ შეამცნიოს ფერფლი ქაღალდებისა, რომელნიც ჩვენ
დავწვით... მშვიდობით ხვალამდე.
იზა კიბეზედ ჩამოვიდა. ეტლი ელოდდა. ეტლში ჩაჯდა. ჟუსტინამ უბძანა
ეტლის მატარებელს, თანხმობის მოედანზედ წადიო. ეტლი წავიდა და რამდენსამე
ხანს შემდეგ გაჩერდა. მაშინვე მეორე ეტლიდამ გამოვიდა კაცი და იკითხა: ქალი
ხომ არა ზის მაგ ეტლშიო. ეტლის მატარებელმა ”ჰო” უთხრა და ის კაცი მივიდა და
ეტლის კარი გამოაღო.
– თქვენა ხართ, იზავ? – უთხრა ოსკარ ვერშემონმა, – ხელი მიბოძეთ,
წავიდეთ.
იზა მიიყვანა მეორე ეტლთან და, როცა ორივენი ჩასხდნენ, ეტლი მაშინვე
დაიძრა.
– იზავ, კმაყოფილი ხართ ჩემი?
– განა არა ხედავთ, რომ პირობა აგისრულეთ?..
– რომ იცოდეთ, იზავ, რა თრთოლამ ამიტანა. დანიშნული საათი გადავიდა
და მე მეგონა აღარ მოხვიდოდით.
– მე როცა სიტყვას ვაძლევ, ავასრულებ კიდეც ხოლმე.
– პირობას მაძლევ, რომ გეყვარები?
– მე მიყვარხართ და ეგ თქვენც იცით...
– ყოველთვისაც გეყვარები?...
– ყოველთვის...
– რომ იცოდე, შენ ჩემთვის რა ხარ, ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ბედო!.. შენ რომ
ჩემი არ ყოფილიყავ, თავს მოვიკლავდი, იზავ! სიცოცხლე უშენოდ შეუძლებელია.
– ნუ სულელობ... რატომ ჩემთან არ მოხვედით?
– ყური დამიგდე, იზავ, და სასაცილოდ კი ნუ ამიგდებ.
ოსკარმა ტანზედ ხელი მოჰხვია და თავისაკენ მიიზიდა. იზა არ
ეწინააღმდეგებოდა. იგი უყურებდა ოსკარს ნელის ღიმილითა და ოსკარი მის
თვალში კითხულობდა სიყვარულს.
– იზავ, მე შენ გაგიჟებით მიყვარხარ, – განაგრძო ოსკარმა, – თავის დღეში
იმისთანა რამ არ მინახავს შენს გარემო, რომ ეჭვი ამეღოს რაზედმე.... მაგრამ
ვეჭვობდი კი; რაც შენ გარემო იყო, ყველაზედ ეჭვი მქონდა.
– როგორ?
– ისე რომ ჩემი გული შენს აზრებზედაც იჭვნეულობდა... მე ვიცი, შენ
თავისუფალი ქალი ხარ და შენი ცხოვრება შენს ნებაზედ არის. მე არა მაქვს ნება
შენს წარსულს ცხოვრებაში ხელი გავურიო.
– ჩემი წარსული ცხოვრება უსაყვედუროა და წმინდა. ჯერ პატიოსანი
გასათხოვარი ქალი ვიყავ და მერე პატიოსანი დედაკაცი.

– მწამს, იზავ, მე შენი სიტყვა. მაგრამ შენს მკვდარს ქმარზედაც კი ეჭვი
გულს მიღრღნის. ყოველი ეს ნივთეულობა, ეს ავეჯი, ეს მორთულობა, რომელიც
გარს გარტყია, ყოველს წუთს მაგონებენ შენს ქმარს, მისი სახსოვარი შენს სახლში
სუფევს... ეს ამბავი გულს მიკლავს და ვერ ამიტანია. ვიცი, ეს სიგიჟეა,
სიყმაწვილეა, სულელობაა, მაგრამ რა ვქნა, თავი ვერ დამიმორჩილებია... მე ვიწვი
და ვიტანჯები. შენ ბედნიერებით გარემოცული ხარ, რაც გინდა, ყველას აისრულებ
ხოლმე და მე კი ვკვდები, რომ ყოველივე ეგ სხვისაგანა გაქვს და არა ჩემგან.
– წვერულვაშიანო ბავშვო, – უთხრა გულმართლად იზამ, – განა არ იცით,
რომ ჩემი ფიქრი თქვენთან განუშორებელია მას აქეთ, რაც გნახეთ თქვენ?
– მართლა? ყური მიგდე, იზავ! მე მკლავს ის ფიქრი, როცა მაგონდება, რომ
შენ ერთს დროს სხვისა ყოფილხარ, რომ სხვა მოგხვევია შენ, რომ სხვას
ულაპარაკნია შენთან, ისე როგორც მე, რომ სხვას მოუწყვეტია შენის ტუჩებიდამ
კოცნა, როგორც მე...
– დაჩუმდით, – უთხრა იზამ და სიცილით ხელი მიაფარა ტუჩებზედ, –
თქვენ იმოდენასა იქმთ, რომ მათქმევინებთ, რაც სათქმელი არ არის და რაც
დაფარულად უნდა მქონდეს.
– მითხარ, მითხარ, გეხვეწები, ჩემო ძვირფასო, საყვარელო. ოჰ, რომ იცოდე,
რა საუცხოვო მუსიკაა შენი ლაპარაკი.
– მაშ კარგი. როცა ქმარს ვირთავდი, არ ვიცნობდი ჩემს საქმროს. ჩემი
გათხოვება სწორედ ანგარიშის საქმე იყო. როცა პარიზში მომიყვანეს, მე ის კაცი კი
არ მაჩვენეს, რომელიც უნდა შემეყვარებინა, არამედ ის კაცი, რომელიც უნდა
შემერთო. ჯვარი დაგვწერეს, სულ ყოველიფერი მზად იყო, ყველაფერი წინადვე
გარიგებულიყო. მე სეგლენს არ ვიცნობდი. განა გგონიათ, რომ ამისთანა
ცოლქმრობაში სიყვარული შესაძლოა? მე აკი გითხარით, ოსკარ, რომ მე არავინ არა
მყვარებია, ვიდრე თქვენ არ გაგიცანით. განა ჩემის სულელობის საბუთები ხელთ
არა გაქვთ?
– ჩემო კარგო, ძვირფასო, საყვარელო... ჩვენ ხელიხელსგაყრით შევუდგებით
ერთად სიყვარულის აღყვავებულს გზასა...
– ქმარი მე მეგობრად, ამხანაგად მყვანდა; იგი ითხოვდა ჩემგან მარტო
ტკბილს მუსაიფს და მუსაიფით შექცევასა; უნდოდა სახლში მეგობარი ჰყოლოდა,
მანუგეშებელი ავადმყოფობაში... და მეც მარტო ამ სამსახურს ვუწევდი...
– მართლა თუ?
– ნუთუ თქვენა გგონიათ, რომ ორჯელ შესაძლო იყოს სიყვარული? განა
გული დასაფხრეწი საგანია, რომ ყველას თვითო-თვითო ნაკუწი დაურიგდეს? ახ,
რა სასაცილონი ხართ მამაკაცნი, რომ სიყვარული ასე მჩვრად მიგაჩნიათ.
– მე აღტაცებაში მოგყევარ, იზავ!...
ყოველივე ესე გულმართალის ხმით იყო თქმული, კაცს ეგონებოდა, რომ
იზა უმანკო, წმინდა რამ არის. ხმის კანკალში ისმოდა კდემა, მორცხვობა,
ტრფიალება. ოსკარს უხაროდა, ყურს უგდებდა, ყოველივე სიტყვა უკვდავებად
მიაჩნდა. როგორც წვეთი წვეთზედ, ისე ესხურებოდა ხოლმე ყოველი სიტყვა მის
გულს და ყოველი სიტყვა უძლიერებდა მწვავს ცეცხლსა.

– მაინც და მაინც მე მინდა, იზავ, რომ ყოველისფერი ჩემგანა გქონდეს... ხომ
არა ჯავრობ, რომ შენის გულისთვის ყველაფერზედ ხელი ავიღე?
– ვჯავრობო?! ჩემი სურვილი ის არის, რაც თქვენი.
– არც ინანებ თავის დღეში... შენი სიცოცხლე იქნება ჩემს ხელში ერთი
ხანგრძლივი ბედნიერება... მე შენ მიმყევხარ ახალს ბინაზედ, მაგრამ ის ბინა შენია.
ერთხელ როგორღაც წამოგცდა, რომ სიმდიდრის ჩვეულს შემოგეხარჯა ქმრისაგან
დარჩენილი ფული. მიანებე შენი სახლი შენს მოვალეებს და ახალს სახლს იშოვნი.
მე მინდა მიგიღო შენ, როგორც მშობელი მიიღებს ხოლმე შვილსა, ტიტველშიშველი. ჩემის კარის დირეზედ დაიხდი ფეხთსაცმელსა, ტანთსაცმელს ცეცხლში
ჩაჰყრი, ამით დასწვავ შენს წარსულსა, ასე რომ მისი ფერფლიც აღარ დარჩება ჩემის
გულის სატკენად. აგრე განწმენდილი დაიწყებ ახალს ცხოვრებას, ცხოვრებას
სიყვარულისას და ბედნიერებისას, რომელსაც მე ფიანდაზად შენს ფეხთა-წინ
გარდაგიშლი.
– მე მცხვენიან, რომ ჩემის გულისთვის მაგაებსა სჩადით... აღარ ვიცი, რა
პირითღა გიყუროთ, რომ ვხედავ ამისთანა საბუთს თქვენის სიყვარულისას, მაშინ
როდესაც მე მეგონა არ გიყვარვართ-მეთქი.
– ოჰ, იზავ, მე ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა შემაძლებინა შემოგწირო
ყველასფერი. რაც კი შენთვის საჭიროა. მე მდიდარი ვარ და ძუნწსავით კი
ვცხოვრებდი უსიხარულოდ, უნუგეშოდ. შენა გნახე და მაშინვე შევიტყე, რა
სამოთხეა სიცოცხლე. მე ვიპოვე ჩემში იმისთანა სიმები, რომელთ ყოფნა არც კი
მომსვლია ფიქრად. რომ იცოდე, რა ნეტარება ყოფილა სიყვარული. ჩემი
სიყვარული ბაშვის სიყვარულსა ჰგავს, ყოველივე ჩემი ფიქრი მას მიერთმის. მე
გონებიდამ ვიშლები, ბედნიერი ვარ, რომ შენ ჩემი ხარ, მე მეკუთვნი, გიყვარვარ.
ბედნიერება, რომელსაც აქამდის ვნატრობდი, ეხლა მეწვია, ეხლა ვიცანი და ხელთა
მაქვს... ოჰ, იზავ, მომაკვდავთა შორის მე უბედნიერესი კაცი ვარ...
ჰკოცნიდა იზას, იზაც ჰკოცნიდა და ოსკარი სულ ამას იძახდა: – მიყვარხარ,
მიყვარხარ.
იზას ხელი უთრთოდა, თითქო ტრფიალებით აღტაცებულიაო, და
ეუბნებოდა აკანკალებულის ხმით:
– ყოველთვის ეგრე გეყვარები?... ფიცს მაძლევ, თუ არა?
– მე მიყვარხარ, მეყვარები... თავსაც დავდებ სასიკვდილოდ შენის
გულისთვის... ჩემო იზავ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მე მგონია თავის დღეში მეორედ
აღარ ეღირსოს ადამიანს ამისთანა საათი გამოუთქმელის ბედნიერებისა. ახ, ნეტავი
ამ ბედნიერებაში ამომივიდეს სული, დავიძინო და ხვალ აღარ გავიღვიძო...
– აბა სიკვდილი რა ფიქრად მოსასვლელია ამისთანა დროს...
ეტლი შედგა.
– ჩვენ მოვედით თქვენს ახალს სახლში, ქალბატონო, – უთხრა ოსკარმა, –
გრაფინია სეგლენ-ზინსკაია დღეის ამას იქით აღარ არსებობს... ინებეთ და
ჩამობძანდით, ბატონო იზავ, ბარონესსავ დე-ვო, გრაფინიავ დე-ვერშემონ.
იზა ისე გაოცდა, რომ ერთის ფეხით უკან დაიწია. რარიგად აიშვერდნენ
ტუჩებს წინაპარნი ოსკარისა, ეგ გულადნი მეომარნი, როცა ჰნახავდნენ თვის
გადაგვარებულს შთამომავალს, მაგ მართლმსაჯულობის წევრს, რომელსაც

აგრეთის პატივისცემით შეჰყვანდა თავის სახლში ქუჩაში ნათრევი ქალი. დიაღ,
მათი მტვერი, მათი ძვლები შეიძროდნენ, თუ გაეგოთ, რომ მათი უკანასკნელი
უღირსი შთამომავალი ამრიგად ფეხქვეშ უგებს მშვენიერს იზას მათს განთქმულს
სახელს!
იზა მაშინვე მიჰხვდა, თავი როგორ უნდა დაეჭირა. გამოვიდა ეტლიდამ და
თავი ისე აჩვენა, მითამ მეტად აღელვებულია ბედნიერებისა და სიხარულისაგან.
რომ გადმოვიდა ეტლიდამ, აქეთ-იქით მიიხედა. ღამის სიბნელე აშინებდა და
ვიდრე ეტლი განშორდებოდა, მივიდა ოსკართან და უთხრა დაბალ ხმით:
– სადა ვართ? მე შიშმა წამიღო...
შიში და იზა? იზამ, როგორც ყოველისფერში გამოცდილმა ქალმა, თვალი
გადაავლო თუ არა მათ წინ აყუდებულს სახლს, გარშემო ბაღით მორთულს,
სიხარულით აკანკალდა, ოსკარს კი ეგონა, რომ შიშით მოსდის კანკალიო.
– ნუ გეშინიან, იზავ! აქ შენს სახლში ხარ...
– ჩქარა შევიდეთ, მე მეშინიან... მცივა... – მიეკრა ოსკარს და ოსკარმა ხელი
მოჰხვია.
– იზავ, თანახმა ხარ მასზედ, რაცა გთხოვე?
– თანახმა ვარ, – უპასუხა იზამ, – მე თქვენს ხელში ვარ, როგორც ყმა.
მივიდნენ კარებთან, შევიდნენ თუ არა, იზამ თავი ოსკარის მხარზედ
მოიხარა და მაშინვე გადაავლო თვალი გარეშემოს. მდიდარი მარმარილოს კიბე,
უზარმაზარი ვაზები, მშვენიერი ლუსკუმები და ხომლები აოცებდნენ
მაყურებელს. ბოლოს გადიწია მძიმე ფარდა კარისა და შევიდნენ ოთახებში.
– ეს სულ ჩემია, ჩემი, – ამბობდა იზა გახარებული.
რასაკვირველია, მოსამსახურენი ოთახიდამ დაითხოვა ოსკარმა და ჩაკეტა
კარები. იზა უძრავად იდგა. ხელებგაშლილი, სიწითლემორეული, თითქო
მორცხობსო, რომ უცხო კაცთან მარტო არისო. ვერშემონი ტრფიალებით
გატაცებული მივიდა იზასთან და უთხრა ხვეწნით:
– ჭირვეულობა მაპატივე... იზავ, რადგანაც ამის შემდეგ შენ ჩემი ცოლი
ხარ... ხომ არა ჯავრობ?.. მე ჩემი თავი შემძულდა, რომ შენ ჩემ გამო აგრე
მორცხვობით წამოწითლდი.
იზა ხმას არ იღებდა და თითქო მართლა სცხვენიანო, თავი მაღლა ვერ აეღო.
ეს შეამცნივა ოსკარმა და შეწუხებულის ხმით უთხრა:
– იზავ... იზავ... თუ გიყვარდე, გეხვეწები....
– მე თქვენი ვარ... თქვენ ხელთა ვარ... მაგრამ...
ოსკარმა შეიყვანა იზა ერთს მშვენიერად მორთულს ოთახში და უთხრა: ეს
ოთახი შენიაო, აქ მოისვენე და მეც მალე მოვალო.
ოსკარი რომ გამოვიდა, იზა მარტო დარჩა. მიიხედ-მოიხედა და რა ნახა
ასეთი მდიდრული მორთულობა, წინადვე მომზადებული ძვირფასი სამკაული
ქალისა, აღტაცებაში მოვიდა.
– მადლობა ღმერთს, – სთქვა მან, – ყოველივე ეს ჩემია. ჩემი!.. მოვალეები
აღარ შემაწუხებენ!.. ეხლა უდარდელი, უზრუნველი ცხოვრება მექნება.
სიამოვნებით სავსე გადაწვა მშვენიერს ტახტზედ. უეცრად თვალი მოჰკრა
ზარის ზონარსა. ფიქრად მოუვიდა: მოდი, ზარს დავაწკარუნებო, ეგონა, რომ

სახლში მარტო თვითონ და ოსკარი არის. დასწია ზონარს, მაშინვე კარი გაიღო და
შემოვიდა მოახლე. იზას ისე გაუკვირდა, რომ დაიკივლა.
– რას მიბძანებთ, ქალბატონო? – იკითხა მოახლემ.
მოახლემ ეს უთხრა მოლდავანურად, ესე იგი იმ ენაზედ, რომელიც იზას
ღვიძლი ენა იყო. მოახლე იყო მორთული ისე, როგორც იზას სამშობლოში ჰრთვენ
ხოლმე მდიდარნი მებატონენი შინამოსამსახურე ქალს. ძალიან იამა იზას, რომ
შემთხვევა მიეცა თავის ღვიძლ ენაზედ ლაპარაკისა. გამოჰკითხა მოახლეს და
შეიტყო, რომ დღეს დილაზედ მოვიდა მოლდავიდამ, საიდამაც ვერშემონს სამი
მოახლე დაებარებინა იზას საამებლად. არც ერთმა მათგანმა ერთი სიტყვა არ
იცოდა ფრანციცულად და მარტო მოლდავანურად ლაპარაკობდნენ; მეტისმეტი
გულმოდგინება იყო ეს ვერშემონის მხრით. ამ ახალი მოახლის შემწეობით იზა
მოირთო, მერე შევიდა თავის საწოლს ოთახში, ჩაიკეტა კარები, გაარღვია სკამის
გადასაკრავი და ოქროს პაწია გასაღები დამალა გარღვეულში.
სამის დღის უკან ამ ამბის შემდეგ აგენტი გიურე მივიდა იზას უწინდელ
სადგომში და ნება ითხოვა სეგლენის ქვრივის ნახვისა. კარის მცველმა უთხრა, რომ
ეს სამი დღეც არის სახლი დაკეტილია და დაცლილიო. მოსამსახურენი სულ
დაითხოვეს და თვითონ სეგლენის ქვრივი იზა თავის ქვეყანაში, მოლდავიაში
წავიდაო. აქ ერთს კაცს ჩააბარა თავის ავეჯი და უბრძანა: ყოველისფერი გაყიდე და
მოვალეები მოიშორეო. ამ ორი კვირის შემდეგ გაჰყიდიან მის ქონებასა. გიურეს
ეწყინა ეს ამბავი და ბუდღუნით გამობრუნდა.
– ტყუილად მეუბნებიან ისინი, რომ მე ვცდები, – ამბობდა გულში გიურე, –
მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელში მყვანდა ნამდვილი დამნაშავე... უთუოდ ისა
და იზა ერთად გაიქცნენ. იმავ დღეს, როცა ციხიდამ გამოუშვეს... რა ვუყოთ... სულ
ერთია! ეხლა მე კვალი მიტანილი მაქვს და თვალიდამ ვეღარ დამეკარგება. მაგას
ითხოვს ჩემი საკუთარი მართებულობა და აგრეთვე იმ კაცის სიმართლეც,
რომელსაც ჰსურთ გადაახდევინონ სხვების დანაშაულობა... უსათუოდ ზევიდამ
იყო ნაბძანები, რომ ის კაცი გამოუშვეს... ვნახოთ, მაინც და მაინც ამ ორის კვირის
შემდეგ იყიდება იზას ქონება და მე მივალ დასათვალიერებლად.

ნაწილი მეოთხე
სახლი ბაზილიოსი, ტარტიუფისა და ამხ.
І
გიურე ჰმოქმედებს
გამოძიება ლეა მედანის სიკვდილის თაობაზედ გათავდა და მორის ფერანის
განსამართლების დღეც დანიშნეს. თავმჯდომარეს სამჯავროისას მატიე დიუტალს
თავი
მოაბეზრეს
თხოვნითა:
ბილეთები
მოგვეცი
განსამართლებაში

დასასწრებადო. მთელი პარიზი მიეშურებოდა, რომ დასწრებოდა ამ დაფარულის
საქმის გარჩევის დროს, მით უფრო, რომ გაზეთებმა ხმა დააგდეს, ამ საქმეში რაღაც
სახელმწიფო საიდუმლოება თავს იმალავსო.
აგენტს გიურეს ჯავრით გული ყელში მოებჯინა, რომ ყური არ ათხოვეს ამის
ნაკვალევსა და ამიტომაც დროებით დაეთხოვა თავის უფროსს და ისევ შეუდგა
თავის ნაკვალევს, – ერთი მე მაინც დავრწმუნდე, ვცდები თუ არაო. ყველაზედ წინ
ეტლის მატარებელს მიატანა, რომელიც ლეა მედანის მოკვლის დღეს გუდარს
ჰყოლია. ეტლის მატარებელმა უთხრა, რომ მე შემიძლიან გაჩვენოთ ის სახლი, საცა
გუდარი, ჩემის ფიქრით, შევიდა, მაგრამ კი ვერ დავიფიცავ, მართლა იქ შევიდა თუ
არაო. ის სახლი იზას სახლი გამოდგა: გუდარი იქ შესულიყო. რა თქმა უნდა,
გიურემ მაშინვე გამოიკითხა მშვენიერის იზას ვინაობა. უამბეს ბევრი უცნაური
ამბავი ამ ქალზედ, უამბეს, თავდაუჭერელ ქალსავით სცხოვრებდაო, თუმცა
საყვარელი კი არა ჰყოლიაო; ბანკირის ქვრივი ფულს ბზესავით აბნევდა და
უზარმაზარ ვალებში ჩავარდაო. მერე წავიდა გიურე პოლიციაში, იქ ბევრი ვერა
შეიტყო რა იზაზედ, მაგრამ მაინც ერთი კაი ცნობა მოიპოვა: იქ უთხრეს, რომ ერთი
გემის ჯარისკაცია, სიმონ რივო, იზას ამბავი იმან დაწვრილებით იცისო. მაშინვე იმ
ჯარისკაცისაკენ გაექანა დაუღალავი გიურე და აუხსნა, რომ ერთს კაცს გაგიჟებით
უყვარს იზა; იმაზედ ჯვარის დაწერა უნდა და თუ იზას ვინაობა არ შევიტყეთ,
დაიღუპებაო. მე იზა უღირსი დედაკაცი მგონია, მაგრამ ხელში კი არავითარი
საბუთი არ მიჭირავს, რომ ეს დავამტკიცოო. ბებერი ჯარისკაცი სიმონი
მასლაათზედ თავის დღეში უარს არ იტყოდა ხოლმე, ოღონდ კი შემთხვევა
ჰქონოდა და ამასთანაც საშინლად ეჯავრებოდა ქალები საერთოდ და იზა
საკუთრივ. ბევრი თხოვნა აღარ დასჭირდა გიურეს. სიმონმა უამბო, რომ მე ერთს
გემის ჯარისკაცს რიგობერს სოვაჟს ვიცნობდი, ერთი თოკიდამ გამოშვებული რამ
იყო და, მადლობა ღმერთს, მოკვდაო. იმ რიგობერმა მიამბო, რა წითელი კოჭიც
ბძანდება ის ქალი, რომელიც ბანკირმა სეგლენმა შეირთო. ის რიგობერი
დაათრევდა იმ ქალს საქეიფოდ დუქნებში და მიკიტანხანებში და ერთობ იმისთანა
ადგილებში, საცა მართებული ადამიანი ფეხს არ შესდგამს. და როცა
ვუსაყვედურე, რაზედ ჰრყვნი მაგ საწყალ ქალსაო, ეს პასუხი მომცაო:
– ჰრყვნიო! – მითხრა ხარხარით რიგობერმა, – იცით, სადა ვნახე პირველად
ეგ ქალი? ვიდდინის ახლო, სოფლის პირას, ერთის კვირის გაძარცული იყო
ოსმალებისაგანა. იზა ჯერ იმათ აფიცრებს ასთრეოდა, მერე მოსწყენოდა
ოსმალების მეტისმეტი ბრიყვული ქცევა, მოჰგონებოდა, რომ ქრისტიანია, რომ
თავისის ქვეყნის მტრებთან ქეიფი და ყოფნა სამარცხვინოა და გამოქცეულიყო. მე
სოფლის პირას გზაზედ მომავალი შემხვდა და ასე იყო მისუსტებული ცალკე
შიმშილისაგან, ცალკე შიშისაგან, მდევარი არ დამეწიოსო, რომ არაქათი აღარა
ჰქონდა. მას აქეთია იზას მე ვინახავ, ვაჭმევ, ვასმევ და ესეც ვიცი, რომ ღამით
ბევრჯელ შინ არ არის და სად ატარებს ღამეებს, კი არ ვიცი.
– სწორედ ის კია, ბანკირი სეგლენი რომ შეირთო? – ჰკითხა გიურემ.
– ნამდვილად. დამაცათ, ჯერ სადა ხართ! რამდენსამე ხანს შემდეგ, ვნახოთ,
ჩვენი რიგობერი მორთულა როგორც დიდიკაცი ვინმე და ის გოგო, როგორც მეფის
ქალი... რიგობერი განგებ თავს ისე აჩვენებდა, ვითომ-და ფრანციული ერთი

სიტყვაც არ ესმის. ის ნათრევი გოგო, რიგობერი და ერთი ვიღაცა კი იმათი მსგავსი
სათოკე გაამხანაგებულიყვნენ და ჰყვლეფდნენ თურმე პატიოსანს ხალხსა...
მგონია, რარიგად ცუღლუტობს ეხლა, როცა დიდი კაცის ცოლად გახდა.
ეს ამბები რომ შეიტყო გიურემ, გული დააჯერა, რომ ნამდვილს კვალშია
ჩამდგარი. მთელი ორი დღე ზედიზედ მივიდა სასამართლოში, მაგრამ
გამომძიებელი იქ ვერა ჰნახა. მესამეს დღეს შეხვდა და დაუწყო ლაპარაკი.
ვერშემონმა სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა:
– ტყუილად ნუ ირჯებით, მე აკი გთხოვეთ თქვენ, ნუღარას ეძიებთ-მეთქი.
გამოძიება გათავებულია და საქმეც წარდგენილია გასარჩევად. მე გამოსაკითხავი
აღარა მაქვს რა. მე ჩემი აზრი შემიდგენია და დარწმუნებული ვარ, რომ არა
ვცდები. თქვენც გირჩევთ, ხელი აიღოთ მაგ საქმის გამოკვლევაზედ, თუ გინდათ,
რომ უსიამოვნობაში რაშიმე არ ჩაიგდოთ თავი.
ამის თქმაზედ ვერშემონმა დაჰხია მოხსენება, რომელიც გიურემ წარუდგინა.
“სხვა გზა არ არის, თავი უნდა დავანებო მაგ საქმეს, – იფიქრა გიურემ, –
უსათუოდ ზევიდამ ბრძანება რამ მოსვლია”.
გიურემ მართლა განიზრახა თავის დანებება, მაგრამ მეორეს დღეს შადი,
რომელიც ტიუსსოსთან ენახა, მოვიდა ამასთან და საქმე ხელახლად
გადატრიალდა.
– თქვენ როგორ მომაგენით? – ჰკითხა გიურემ.
– ძალიან ადვილად, პოლიციაში ვიკითხე თქვენი სადგური.
– რა გნებავთ?
– ლეა მედანის საქმეზედ მოვედი.
– ეგ საქმე მე აღარ შემეხება, თავი დავანებე; მაგის მიზეზით ბევრი
უსიამოვნობა მივიღე. დამნაშავე უჩემოდაც იპოვეს და მალე გაასამართლებენ
კიდეც.
– ეგ ყველაფერი ვიცი, მაგრამ უნდა კი გვიშველოთ რამე.
– მე არ მესმის, რა შველაზედ ლაპარაკობთ.
– მე არ მიკვირს, იმიტომ რომ საქმეს კარგად ვერ ავხსნი ხოლმე. ჩვენ
დარწმუნებული ვართ, რომ ფერანი მართალია და გვინდა ეს როგორმე
დავამტკიცოთ.
– ბიჭოს! მაშ თქვენც ჩემი აზრისანი ყოფილხართ.
– და არც ცოტა საბუთები გვაქვს. მაგრამ, გიმეორებთ, იმ საბუთების ახსნა მე
არ შემიძლიან. მე აქ იმისთვის გიახელ, რომ გთხოვთ წამობრძანდეთ ჩემს მეგობარ
პალიართან, რომლის დედასაც გირაოდა ჰქონდა დაკარგული ბანკის ბილეთები.
პალიარმა კანონები კარგად იცის და ის დაგიმტკიცებთ, რომ ფერანი ამ საქმეში
მართალია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარჯას გასამრჯელოც უნდა და მუქთად არ
ჩაგიტარებთ შრომას.
– მე თქვენგან გასამრჯელოს არც ვითხოვ და არც ვინდომებ. თქვენ კაი
ხალხი, მუშა-კაცნი ხართ და, თუ რამ შემიძლიან, გიშველით, იმიტომ მაინც, რომ
მეც თქვენის აზრისა ვარ. ვიცი, რომ ჩემის ხელობის კაცთა შორის ბევრი ცუდი
კაცია, საცა არა ჰკითხვენ, ყველგან ეჩრებიან, მაგრამ იმისთანანიც არიან,
რომელნიც პატიოსნად ასრულებენ თავის თანამდებობას... მე ძველი ჯარისკაცი

ვარ; ომის დროს მეც მიომნია ჩემის ქვეყნის მტრებთან და სისხლი მიღვრია. თქვენი
შველა ჩემი ვალია და გიშველით კიდეც. გამოძიება გათავებულია; ჩვენ მეორეს,
ჩვენს საკუთარს გამოძიებას მოვახდენთ და, იმედი მაქვს, ისე მალე გავათავოთ,
რომ განსამართლების დღემდე მოვასწროთ.
– მაშ თანახმა ხართ?... ძალიან კარგი. მართალი ბრძანეთ, თქვენი ხელობისა
ბევრი ცუდი კაცია, მაგრამ კაი კაცებიც კი ყოფილან.
– თქვენ უსათუოდ მორის ფერანის მეგობარი ხართ.
– დიაღ, ამხანაგები ვართ; ერთს დროს ერთად ვმუშაობდით. მე იმისი
დაჭერის ამბავი ეხლახან შევიტყე, როცა ტიუსსოსთან გადავედი. თქვენ
გეცოდინებათ, რა საბუთები აქვთ იმის გასამტყუნებლად?
– მოკლულის ქალის სახლში ორი ბოთლი შამპანური ღვინო საწამლავით
იპოვეს.
– ეგ ვიცი.
– იმ საღამოს ფერანს ეყიდნა სწორედ იმისთანა შამპანური ღვინო და
ჰფიცავს, რომ საწამლავი ჩემის თავის მოსაკლავად ჩავყარეო.
– არ მესმის, – სთქვა შადიმ და ტუჩი აიშვირა.
– ესეც იციან, რომ ღამით შინიდამ გამოსულა. არც თვითონ ამბობს ამაზედ
უარს, მაგრამ სად გაატარა ღამე, ამას კი ჰმალავს.
– მაინც რას ამბობს?
– პასუხს არ იძლევა, ამბობს, რომ მაგის თქმა არ შემიძლიანო.
– არც ეგ მესმის. მაგრამ იქნება ჩვენ როგორმე აგიხსნათ ეგ ამბავი.
– მე იმედი მაქვს, რადგანაც მე დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავე ფერანი
არ არის.
– როდის ინებებთ მობრძანებას?
– ეხლა პალიარი განა შინ არ იქნება?
– შინ არის და თქვენ გელით.
– მაშ რაღას ვიცდით, ეხლავ წავიდეთ.
ნახევარ საათს შემდეგ პალიარის ოთახში ისხდნენ ორივენი.
– მე ძალიან მაწუხებს ამბავი ერთის ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც შავი
ბედი სდევნის, – უთხრა პალიარმა გიურეს, – ერთი პატიოსანი, გულუბრყვილო
ქალია და ეხლა ისე უნუგეშოდ და უპატრონოდ დარჩა, რომ შეგეცოდებათ.
– პატიოსნება და გულუბრყვილობა იშვიათი ღირსებაა, ნამეტნავად იმ წრის
ხალხში, – მიუგო გიურემ მძიმედ.
– იქნება არც ისე იშვიათია, როგორც თქვენა ფიქრობთ, – უპასუხა პალიარმა,
– თქვენ რომ მუშა ხალხს ისე დაახლოვებით იცნობდეთ, როგორც მე, მაშინ სულ
სხვას იტყოდით. ამაზედ ლაპარაკი მერე იყოს, ეხლა ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ.
ის მუშა ქალი, რომელზედაც მე მოგახსენებთ, სულ მარტოდმარტოა, ობოლი,
ნათესავთაგან მარტო ერთი ძმაღა ჰყავს და ის უბედურიც ახლა დაჭერილია ლეა
მედანის საქმის თაობაზედ. მე არ ვიცნობ ყმაწვილს, მაგრამ შადი და ტიუსსოს
სახლობა კი კარგად იცნობს. ყველანი ესენიც დარწმუნებულნი არიან, რომ ფერანი
მაგ საქმეს არ იქმოდა.

– ეგ ვერაფერი საბუთია. კაცის კვლა ხომ ხელოსნობა რამ არ არის. კაცის
კვლას სწავლა და ცოდნა არ უნდა. მომხდარა, რომ ძალიან მშვიდობიანს კაცს
მიზეზი მოსცემოდეს და კაცი მოეკლას.
– დანაშაულობას ხომ საგანი რამ უნდა ჰქონდეს, კაცს იმისთვის ხომ არ
მოჰკვლენ, რომ აიღონ და იმისი სისხლი დალიონ, რამე საგანი უნდა ჰქონდეთ. აბა
რა საგანი უნდა ჰქონოდა იმ საწყალს ყმაწვილს, წასულიყო და ლეა მედანი
მოეკლა? აბა როგორ გაიცნობდა უბრალო დღიური მუშა ქეიფის ქალს მაღალის
წრისას? სახლში კი შეუშვებდა?
– მაგაში მეც გეთანხმებით. მეც დარწმუნებული ვარ, რომ მორის ფერანი
მართალია.
– უფრო კარგი. მე აღვუთქვი ამელი ფერანს, რომ არაფერს არ დავზოგავმეთქი და შენის ძმის სიმართლის დასამტკიცებლად საბუთებს კი შეგიგროვებმეთქი. თქვენ შემეწევით, თუ არა?
– დიაღ. ეს არის, რომ გამოძიება გათავებულია და ფერანს მაინც
გაასამართლებენ. მაგრამ არა უშავს რა. ოღონდ საბუთები ჩავიგდოთ ხელში და
დაე გაასამართლონ, ხომ გაამართლებენ.
– საბუთებს ვიპოვით.
– მაშ ერთი ბეჯითად მოვილაპარაკოთ ჩვენს საქმეზედ. მე ჩუმად ძებნას
შევუდგები და თქვენც კი უნდა მიშველოთ. თქვენთვის, როგორც მოსაქმე
კაცისათვის, ადვილია ზოგიერთი ამბავი შეგვიტყოთ, მე კი, როგორც პოლიციის
აგენტს, დამიმალავენ. თქვენი სახელი? – ჰკითხა გიურემ შადის.
– არისტიდ ლებლანი, მეტს სახელს შადის მეძახიან, თქვენც ეგრე
დამიძახეთ.
– ბატონო შადი, მგონია თქვენ გენახათ იმ დილით კაცი, რომელიც
გამოვიდა თურმე იმ სახლიდამ, საცა ლეა მედანი მოჰკლეს?
– დიაღ, მე ვნახე.
– მითამ ის კაცი იყოს ქალის მკვლელი? თქვენ როგორ გგონიათ?
– თავს მოვიჭრი, რომ სწორედ იმის მოკლულია და არა მორისისა, რომელიც
არ შეიძლება არ მეცნო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელი ის ჯაგლაგი
გუდარია, რომელიც ეხლახან ლაზათიანად მივბეგვე.
– როგორ თუ მიჰბეგვეთ?
შადიმ ყველაფერი უამბო.
– ამელი ფერანმა როდის გაიცნო ტიუსსოს სახლობა?
– სესილის დობილია; ამელის ძმა ტიუსსოსთან ჰმუშაობდა.
– დიდი ხანია მას აქეთ?... იქნება მორისი ქალის მკვლელის ამხანაგია?
– ვისი? აიმ ჯაგლაგისა? რას ბრძანებთ! მორისს ჭირივით ეჯავრებოდა
გუდარი, რადგანაც სესილს ირთავდა. მორისს და სესილს ერთმანეთი უყვარდათ.
გუდარის წყალობით მოუვიდა, რომ მორისი სახლიდამ დაითხოვეს. იმ ჯაგლაგმა
სწორედ ჯადონაქნარივით შეაყვარა თავი სესილის მამას, და სესილს რომ არ
უნდოდა გუდარის შერთვა, ეგ იმითი მტკიცდება, რომ ჯვარისწერის დღეს ქალი
წყალში გადავარდა, თავს ირჩობდა და მე გამოვიტანე წყლიდამ.

– დაიცათ, – უთხრა გიურემ, – ყოველივე ეგ შეტყობილი ჰქონდა
გამომძიებელს, მაგრამ გამოძიება როგორღაც უცნაურად წაიყვანეს... უსათუოდ
მაღლიდამ რაიმე ბძანება იყო. დიაღ, მე მახსოვს, რომ ეგენი ყველაფერი ცნობილი
ჰქონდა გამომძიებელს. დილით 21 ივლისს თქვენ სესილი წყლიდამ
გამოგიყვანიათ. სესილი წყალში ჩავარდნილიყო აუსტერლიცის ხიდიდამ განა?
– დიაღ.
– აი რას მოგახსენებთ, ბატონებო, – სთქვა ბოლოს გიურემ, – რასაც აქ
ვიტყვით, ჩვენშივე უნდა დარჩეს. არავის დაძრახვა არ გვინდა, მაგრამ
გულახდილად ლაპარაკი კი საჭიროა. ჩვენ არაფერი არ უნდა დავმალოთ, რაც კი
საქმის ასახსნელად საჭიროა.
– მართალია, მართალი! – დაიძახეს პალიარმა და შადიმ ორივემ ერთად.
– მორის ფერანს და ტიუსსოს ქალს ერთმანეთთან ხომ არაფერი ჰქონიათ?
იქნება ჯვარისწერის წინა ღამეს სესილი თავის საყვარელთან იყო, რომ მასთან
ერთად მომკვდარიყო.
– დამაცათ! – დაიძახა შადიმ, – ერთი რაღაც მაგონდება... დიაღ, სწორედ,
როცა ექიმმა გონზედ მოიყვანა სესილი, სესილს გულის ზიდილი ძალიან
მოუვიდა. ექიმმა წარბი შეიკრა და დაიძახა: “ჩქარა, საკაცეო!” მე გაოცებულმა
ვკითხე: “განა უკედ არ შეიქმნა? მე მეგონა სულ გადარჩა-მეთქი”. აქ სხვა რაღაც
ნიშნებია და ჯერ კი ვერ გამიგია, – მიპასუხა ექიმმა, – მე დარწმუნებული ვარ, რომ
მინამ წყალში ჩავარდებოდა, დიდი წვალება გადაჰხედიაო”.
– თქვენ კარგად გახსოვთ, რომ, რასაც ამბობთ, სწორედ ეგრე იყო? – ჰკითხა
გულაღელვებით გიურემ.
– დამაცათ, კიდევ რას გეტყვით. საავადმყოფოში რომ მივედით და ვნახე
სესილის უკეთობა, ექიმს ვუთხარი: “ამისთანა ლამაზი და თავს კი ირჩობდამეთქი!” “აბა, წყალმა დაიხსნა კიდეც სიკვდილისაგანა”. მერე დაუმატა: “საწყალს
მძიმე ნაღველი ჰქონია, თავი სასიკვდილოდ დაუდვია, მაგრამ მინამ წყალში
ჩავარდნილა, ჯერ საწამლავი დაულევიაო”.
– როგორ, მაგისთანა ამბები გცოდნიათ და გამომძიებელს არ შეატყობინეთ?
– ამელიმ მითხრა, რომ თვითონ სესილი ჰნახავს გამომძიებელს. სესილს
ეთქვა: “ნუ სწუხარ, ჩემო ამელი, ჩვენ დავიხსნით შენს ძმასა; მე ჩემს თავს
დავღუპავ და იმას კი გადავარჩენო”.
– არც ეგ უთხარით გამომძიებელსა? – უსაყვედურა გიურემ გულფიცხად.
– განა კი მკითხეს რამე? – უპასუხა შადიმ, – აი, თქვენ ყველაფერს ყურს
უგდებთ დ სხვანი კი დამიყვირებდნენ: ”ბევრს ნუ ჰბოდავთ, თქვენ ისა სთქვით,
რასაც გკითხავთ!” მოდი და აქ სთქვი რამე.
– მართალია, ზოგჯერ გამოძიება სულელურად მიჰყავთ ხოლმე. ჩვენ
ყველაზედ უწინარეს ეგ ამბავი დაწვრილებით უნდა შევიტყოთ. მე ტიუსსოსთან
წავალ და სიფრთხილით გამოვკითხავ სესილს.
– განა არ იცით...
– რა?

– ისა, რომ საწყალი ქალი ძალიან ავად არის. აი ორი დღეა გონებამიხდილი
წევს. ექიმს ფიქრი მიეცა, იქნება აღარ ადგესო, – უთხრა შადიმ და თვალში ცრემლი
მოერია.
– ახა, ღმერთო ჩემო! აი უბედურება! მე თვითონ იმ ექიმსა ვნახავ, რომელსაც
საავადმყოფოში უწამლნია. იმის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა ექნება.
– მე მგონია, თვითონ მორისი რომ ნახოთ ციხეში, ცუდი არ იქნება, – უთხრა
პალიარმა, – ერთი მოხერხებულად რომ გადუკრათ სიტყვა ამ ამბავზედ, იქნება
ყველაფერი ათქმევინოთ.
– ნახვა არ შეიძლება. ის ეხლა კონსიერჟერში აღარ არის, – მაზასშია; ჯერ
ექიმს გამოვკითხავ და მერე მორისის ვექილს ვნახავ და ყველაფერს ვუამბობ.
– ამბობენ, ქალის მოკვლის მიზეზი გაქურდვა იყოვო. მორისს ყველაფერი
გადაუქოთეს და ვერა უპოვეს რა. მაშინ როდესაც ნაქურდალი ბანკის ბილეთები კი
გუდარს დედიჩემისათვის დაეგირავებინა... ჰო, მართლა, მაგ ბილეთებს რა უყვეს?
მე ვერ გამიგია, ამ საგანზედ რატომ ჩაფუშეს საქმე.
– როგორ? განა თქვენთვის არა გამოუცხადებიათ რა? საკვირველი
გამოძიებაა! ბანკის ბილეთები ერთს პოლიციის აგენტს უპოვეს და იმას უთქვამს,
რომ ჩემმა დეიდამ სიკვდილის ჟამს მაჩუქაო. იმ აგენტს ბოიე ჰქვიან.
– ბოიე! – დაიყვირა პალიარმა, – ოჰ, ის არამზადა! იმან მოჰპარა საწყალს
დედაჩემს ის ბილეთები.
– მართლა, მაგ კაცზედ ვერაფერს მეტყვით? ვინ არის, რა კაცი არის? ესენი
ყველაფერი გამოგვადგება საქმისათვის.
– ბოიე ჩემი დეიდაშვილია. თუმცა დედამისი დიდი ღვთისმოყვარე იყო,
მაგრამ უქმროდ კი შვილი ჰშობა. ბოიეს პატარაობაში “ღვთის შვილს” ეძახოდნენ.
დედა სამადლო სახლში მოუკვდა და დედაჩემმა თავისი დისწული აიყვანა
გასაზდელად და მიაბარა იეზუიტების სემინარიაში, ამ სკოლიდამ გამოვიდა
საზიზღარ კაცად. ორჯერ თუ სამჯერ სამართალში იყო ავზნეობისათვის
განსამართლებული, ერთხელ კიდევ რაღაც ავკაცობისათვის. ყოველთვის
იეზუიტები ჰქომაგობდნენ და გადაარჩენდნენ ხოლმე. ბოლოს პოლიციაში
ადგილი უშოვეს. საძაგელი რამ არის და ძალიანაც მეჯავრება. თუმცა თვალად
კეთილ სულსა ჰგავს, მაგრამ ბოროტია და შურისმძიები. სწორედ მელიაა კაცის
სახითა. დედაჩემი დააჯერა, რომ დიდი ღვთისმოყვარე კაცია, ამით აუბა თვალები,
დასტყუა ფულები, თუმცა განსვენებულს არ უყვარდა ხშირად გახსნა ქისისა.
ჩემზედ საძაგელ ხმებსა ჰყრიდა, ამბობდა, რომ თოკით დასარჩობიაო და პირში
მეუბნებოდა, შენი უკეთესი მეგობარი მე ვარო.
– იმ ბანკის ბილეთებზედ რაღას იტყვით?
– აკი მოგახსენეთ. ეხლა აშკარაა, რად დამიბარა მე სწორედ იმ დროსათვის,
როცა დედაჩემს ენა ჩავარდნილი ჰქონდა და გონება – მიხდილი. მარტო მომაკვდავ
დედაკაცთან მყოფს ვინ დაუშლიდა იქაურობა სულ გადაექოთებინა?
განსვენებულს არ უყვარდა შინ ფულის შენახვა. ეგ ბანკის ბილეთებიც იმიტომ
დარჩენია შინ, რომ დაბეჭდილ კონვერტში ყოფილა. არამზადა ბოიე გახსნიდა იმ
კონვერტს, იფიქრებდა, რომ არავის ეცოდინება ამ ბანკის ბილეთების ამბავიო და

მოიპარავდა. ამის დასამტკიცებლად აი რა საბუთია: იმისი სამსახურიდამ უეცრად
გასვლა და პარიზიდამ გაპარვა.
– აი, თვითონ ბოიემ კი რა აჩვენა: – მე აქამდის არ ვიცოდი, რომ ლაპარაკი
დედათქვენზედ იყო, – იმანა სთქვა, რომ დეიდაჩემს მე ძალიან ვუყვარდი და
ღვიძლი შვილი კი თვალის დასანახავად ეჯავრებოდაო. როცა კვდებოდა, უნდოდა
ულუკმაპუროდ არ დავეგდე და შვილის უჩუმრად აიღო და კონვერტი ბანკის
ბილეთებით მაჩუქაო. ჯერ კი უარი ვუთხარიო...
– ოჰ, ის მყრალი, ისა! უარი ვუთხარიო! უნამუსოდ სტყუვის, მერე რაო? –
ჰკითხა პალიარმა გულზედ მოსულმა.
– იმას რომ დავუჯეროთ, მითომ იმიტომ მიიღო ეგ საჩუქარი, რომ მოძღვარს
ურჩევია.
– კარგი ამბებით კი ექნება ყურები გამოჭედილი მის მოძღვარს.
– მის მოძღვარს კი არა, დედითქვენის მოძღვარს. დედათქვენი შეჰხვეწნია
მოძღვარს და იმის შემწეობით ძლივს-ძლივს აუღებინებია საჩუქარი.
– აქ ცხადი ტყუილია. დედაჩემმა იცოდა, რომ ეგ ბილეთები სხვისა იყო, აბა
როგორ აჩუქებდა? დედაჩემი ძალიან პატიოსანი დედაკაცი იყო და მაგას არ
იქმოდა.
– მაგაზედაც პასუხი მზადა ჰქონდა. დედათქვენს მითამ ეკითხნოს
მოძღვრისათვის, ვადითა მაქვს დაგირავებული და ვადა გადაცილებულიაო,
შემიძლიან როგორც მინდა ისე მოვიხმარო ეს ბილეთებიო? მოძღვარს უთქვამს:
“შეგიძლიანთო”, და მაშინ აიღო და მე მაჩუქაო. არ მინდოდა ამეღო, მაგრამ ბევრი
მეხვეწა და მეტი რა გზა იყოვო.
– და ეს ყველაფერი დაუჯერეს? არა, ფიქრად მაინც როგორ არ მოუვიდათ,
რომ იმისთანა ხელმოჭერილი დედაკაცი, როგორც დედაჩემი იყო, სამოც ათას
ფრანკს ისე ადვილად არ ასესხებდა, მერე უცხო კაცსა.
– ამაზედ ბოიეს პასუხი მზადა ჰქონდა. სთქვა, რომ დეიდაჩემი უწინაც
ფულს ასარგებლებდა და ურიის სარგებელს იღებდა და იმით სცხოვრებდა, ეგ
იმის ხელობა იყოვო.
– უნამუსო კაცი რომ იქნება, იქნება. არ ეყო, რომ გაქურდა, ცილსაცა
სწამობს.
– ჩვენ მაგ ბოიეს თვალი უნდა ვადევნოთ. ესეც სახეში მისაღებია, რომ
პირველი გამოძიება იმის ხელში იყო. იმის რჩევით არის დაჭერილი მორის
ფერანი, მოწმეებიც იმის ნაშოვნია. ეხლა იმის საკეთილო ის იქნება, რომ როგორმე
ანდრე გუდარი გაამართლოს, თორემ, თუ ანდრე გუდარი გაება ამ საქმეში, იმ
ბილეთებს ჩამოაცლიან.
– აბა დაგვარიგეთ, თვითოეული ჩვენგანი რა გზას დაადგეს, და ჩვენ
დაუყოვნებლივ საქმეს შევუდგებით, – სთქვა პალიარმა.
– მე მღვდელი ჩამაბარეთ, – სთქვა შადიმ, – და ნახავთ, რაებს
გამოვათქმევინებ. ასე მოვიკატუნებ თავს, ისეთის ფარისევლობით მოვექცევი, რომ
ყველაფერს წინ გამიშლის.

– კარგი, მე შევიტყობ იმ მღვდლის ბინას და თქვენ გაცნობებთ. უთხარით,
რომ ქვრივის პალიარის შვილისაგანა ხართ და შვილს უნდა შეიტყოს, დედამ ხომ
არაფერი დაავალა შვილსა-თქო.
– მე რაღას მანდობთ? – ჰკითხა პალიარმა.
– თქვენ ამელი ნახეთ, მგონია თქვენი საწყენი არ იყოს, – უთხრა გიურემ და
ჩაუცინა, – და სთხოვეთ, რომ, რაც იცოდეს თავისის ძმის შესახებ, ყველაფერი
გიამბოთ.
– ძალიან კარგი, – უთხრა პალიარმა და წამოწითლდა, – მაგრამ ეს წინადაც
გამომიკითხავს და ყველაფერი უამბნია, რაც იცოდა. გამომძიებელმა ერთს რაღაც
ბარათზედ მკითხა, ვითომ ჩემს ძმას მიეღოს და მის ქაღალდებში კი არ
აღმოჩენილიყოსო.
– უსათუოდ ეგ ის ბარათია, რომელიც მე ვიპოვნე ქარხანაში, საცა მორისი
ჰმუშაობდა. ამბობენ, ყველაზედ დიდი საბუთი მორისის დანაშაულობაზედ ის
ბარათიაო, ქალისაგან არის დაწერილი, რომელიც ფერანს ამხანაგად ჰყოლია ამ
საქმეში. ქალი სწერს და ემუდარება: შენ გაიწირე თავი და მე კი დამიხსენიო.
– როგორ? ნუთუ მართლა მაგისთანა ბარათი არის სადმე! – დაიძახა
პალიარმა და ფერი წაუვიდა.
– გეუბნებით, ეგ უსათუოდ ის ბარათია, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ.
– არა, ბარათი, რომელზედაც მე ვლაპარაკობ, სესილის დაწერილია და
თვითონ ამელის ხელით გაგზავნილია მორისთან.
– ვაი შენს ბიჭს! იქნება ამ ბარათშიაც ხერხი რამ უხერხეს... ეხლა მე ნება არა
მაქვს მაგ საქმეში გავერიო და ქაღალდები გადავსინჯო. მაინც ეგ ამბავი
დავიწყებას არ უნდა მიეცეს და ხელზედ უნდა დავიხვიოთ.
ამასობაში შადი ადგა და ჯიბეების სინჯვა დაიწყო. სახეზედ რაღაცა ელდამ
გაურბინა, თითქო რაღაც აგონდება და ვერ მოუგონიაო.
– რას ეძებთ? – ჰკითხა გიურემ.
– ბარათზედ რომ ლაპარაკი დაიწყეთ, მომაგონდა, რომ, როცა ის გუდარი
ჯაგლაგი მიგიტყეპეთ, უბიდამ რაღაც ქაღალდი გავარდა. ავიღე და შევინახე, ეხლა
ვეღარ მიპოვია, არ ვიცი, რა ვუყავი. ვინ იცის, გამოგვდგომოდა რაშიმე.
– არა მგონია, რომ იმისთან ოსტატს ავაზაკს შეენახა ჯიბეში ქაღალდი,
რომელიც მისი გამამტყუნებელია.
– ძალიან კარგს იზამთ, ის ბარათი იპოვოთ, – სთქვა გიურემ, – მაგისთანა
ავაზაკებმა იციან შენახვა იმისთანა ქაღალდებისა, რომელნიც თვითონ იმათაც
თავსა სჭრიან და სხვასაც. ერთი კარგად მონახეთ!
– ჯიბეებში კი არა მაქვს, მაშინ პატარა შექეიფიანებული ვიყავ და იქნება
დავკარგე კიდეც... მოიცათ, სწორედ ახალის შალვრის ჯიბეში მექნება, – მაშინ ის
მეცვა. საღამოზედ შინ რომ მივალ, მოვნახავ და, თუ ვიპოვე, მოგიტანთ.
– განა ხელმოსაკიდებელი არის რამე იმაში? – ჰკითხა პალიარმა.
– არ ვიცი, – უთხრა შადიმ, – არ წამიკითხავს, ისე ჩავიდე ჯიბეში და მერე
გადამავიწყდა.
– ბატონო შადი, – უთხრა გიურემ, – მგონი თქვენ იმ უბანის ახლო
სდგეხართ, საცა ლეა მედანი მოჰკლეს.

– ძალიან ახლო, მხოლოდ წყლის მეორე ნაპირას. ხშირად ზოგიერთის
მიზეზისა გამო დავდივარ ხოლმე, ლეა მედანის სახლის გვერდით რომ სახლია, იქ.
– ის მიზეზი მე ვიცი. თქვენა და ის ქალი ერთად მინახვიხართ
გამომძიებელთან.
– თქვენ მაშინ იქ იყავით?
– თუ ხსოვნა არა მღალატობს, მგონი იმ ქალს დენიზა ჰქვიან. ოცდახუთის
წლისა თითქმის იქნება და ძალიან ლამაზია.
– სწორედ ამბობთ. მე ვხედავ, რომ პირში გემო გქონიათ.
– თუ გნებავთ, ბატონებო, – უთხრა გიურემ, – ყველანი ერთად წავიდეთ იქ,
საცა ქალი მოჰკლეს, სახლში კი ნუ, – გარეშემო მივათვალ-მოვათვალიეროთ. ერთი
უნდა გავზომოთ რამოდენა მანძილია იმ სახლიდამ, საცა ფერანი იდგა,
აუსტერლიცის ხიდამდე, საიდამაც სესილი გადავარდნილა წყალში. ის გზა
გამოვიკვლიოთ, რომელზედაც ქალის მკვლელი მიმავალა ეტლამდე.
– საცა მე ის ჯაგლაგი გუდარი ვნახე? – იკითხა შადიმ.
– დარწმუნებული კი ხართ, რომ სწორედ გუდარი იყო?
– არა, სახე არ დამინახავს და ვერ ვიცანი. მაგრამ ეგ არაფერია, მე
დარწმუნებული ვარ, რომ მარტო მაგისთანა უნამუსოს შეუძლიან მაგისთანა საქმის
მოხდენა.
– თქვენ, ბატონო შადი, შეიარეთ თქვენსა და ის ბარათი მონახეთ. თუ რაშიმე
გამოსაყენია, სჯობს ეხლავე ვიცოდეთ.
– იქნება საქმისათვის ფული იყოს საჭირო, – უთხრა გიურეს პალიარმა, –
გთხოვთ ნუ დამზოგავთ, რამდენიც გნებავდეთ, მიბძანეთ.
– მადლობელი ვარ, – უპასუხა გიურემ, – ჯერ საჭირო არ არის და, თუ
დამეხარჯება რამე, ანგარიშს მოგართმევთ. ეხლა კი დროა წავიდეთ.
ყველანი წავიდნენ. რამდენსამე წუთს შემდეგ კონტრესკარპის ბულვარზე
მივიდნენ.
– ეტლი აქ იდგა, – სთქვა შადიმ, – აქედამა სჩანს ის სახლიც, საცა ქალი
მოჰკლეს. აქამდინ მგონი ის სახლი არავის დაუჭერია.
– შვიდი თვეა მას აქეთ, რაც ქალი მოჰკლეს და მას აქეთ ვერავის გაუბედნია
მაგ სახლის დაჭერა, – სთქვა პალიარმა და ცნობისმოყვარეობით დაუწყო სახლს
სინჯვა.
– ეგ გამოძიებას კარგად მოუხდებოდა, – შენიშნა გიურემ, – არც სახლის
პატრონი იქნება წაგებაში, იმიტომ რომ ლეა მედანმა ერთი წლის ქირა წინ მისცა.
გიურე იმ გზაზედ წავიდა, რომელზედაც გაუვლია კაცს, შადის რომ
შეხვედრია, და მინამდის შადი თავის სახლში მიირბენდა ბარათის მოსატანად,
გიურე შევიდა იმ სახლში, საცა მორისი მდგარიყო. მორისის სახლის კარებთან რომ
მივიდა, შედგა, ამოიღო საათი, დანიშნა და ჩამოვიდა უკანვე კიბეზედ. მერე გასწია
აუსტერლიცის ხიდისაკენ და ყოველ ფეხის გადადგმას სთვლიდა. როცა უკან
მობრუნდა, შადიც მოსულიყო და ბარათი მოეტანა. გიურემ გამოართვა ბარათი და
წაიკითხა, მაგრამ ვერა გაიგო რა.
– აბა რას იტყვით? – ჰკითხა შადიმ.

– სრულიად ვერა გავიგე რა, – უპასუხა გიურემ, – ვგრძნობ კი, რომ ამ
ბარათში რაღაც საიდუმლოა. აი რა სწერია: გახსოვდეს ისტორია გიორგი
გრეგოროსი, რომელიც მე გიამბე. გიორგი გრეგორო შენა ხარ, არ გაამჟღავნო კი,
უარზედ დადეგ და განთავისუფლებული იქნები. შენს გასამტყუნებლად არაფერი
საბუთი არა აქვთ, ყოჩაღად იყავ. გამოხვალ თუ არა, მაშინვე მნახე.
– სულ ეგ არის?
– დიაღ. ძნელი გასაგებია, მაგრამ საჭიროა კი ეს ბარათი შევინახოთ.
– საავადმყოფოში წავიდეთ, თუ არა? – ჰკითხა შადიმ.
– დიაღ, უნდა წავიდეთ.
საავადმყოფოში რომ მივიდნენ, შადიმ იკითხა იმ ექიმის სახლი, რომელიც
სესილს სწამლობდა. ორი მისი ამხანაგი გარედ დარჩნენ ქუჩაში.
– რა დაგმართვიათ? – ჰკითხეს ორივემ ერთად, როცა შადი მოვიდა
გულამღვრეული.
– აი ბედი! – დაიძახა შადიმ, – საწყალი ექიმი ამ ათის დღის წინად
მომკვდარა.
– ეგ ვერაფერი ამბავია, – სთქვა გიურემ, – მაინც იმის სიკვდილი გზას ვერ
გადაგვიღობავს.
კარგად დაარიგა, ვინ რა უნდა ისაქმოს, დაუნიშნა დრო და ადგილი, სად
უნდა მოიყარონ თავი. მერე გამოეთხოვა პალიარს, შადის და წავიდა.

ІІ
სასოწარკვეთილება
გამოძიების გათავების შემდეგ მორის ფერანი მაზასში გადაიყვანეს. საწყალი
ძალიან გამოიცვალა, სამის თთვის ციხეში ჯდომამ ხალისი მოუკლა. რაკი
ჰხედავდა, რომ თავის გამართლების გზა არა ჰქონდა და რომ ესეთის მიდგომით
გამოძიება მიდიოდა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. ჰგრძნობდა, რომ ხსნა აღარ
არის და იღუპება. ეხლა, თუნდ რომ ეთქვა კიდეც, როგორ გაატარა 20 ივნისის
ღამე, არ დაუჯერებდნენ. ამაოდ ეძებდა სახსარს, თავი როგორმე გამოეხსნა
უსამართლო ბრალდებისაგან. 20 ივნისის ღამეს ქალთან ერთად ენახათ. ქალის
დასახელებაზედ უარზედ იდგა. გამომძიებელს ეგონა, რომ ის ქალი ამის ამხანაგი
ყოფილა და ამ ქალისათვის გადაუცია ბანკის ბილეთები, რომელნიც ლეა
მედანისთვის მოუპარავსო.
– ქალი მოუწამლავს ერთგვარის საწამლავით, რომელიც შამპანურ ღვინოში
აურევია და, თუმცა ამბობს, რომ ჩემის თავის მოსაწამლადა ვქენი ეგ საქმეო,
მაგრამ სტყუისო. თუ ეგ მართალია, ცარიელი ბოთლები მორისის სახლში უნდა
გვეპოვნა და ვერ ვიპოვნეთო. ამასთანაც შამპანური ღვინო, რომელიც მორისს
უყიდნია, მეტად ძვირია, იმ უბანში, საცა მორისი ცხოვრობს, არ იშოება და მარტო
ერთს დუქანში არისო. იმ დღეს მარტო მორისს უყიდნია შამპანური ღვინო,
მაშასადამე, მისი დანაშაულობა უეჭველიაო.

მორისს არ შეეძლო უარეყო ასეთი დალაგებული მსჯელობა. მაგრამ
უკვირდა, როგორ მოჰხდა, რომ ამდენი საბუთი ჩემ წინააღმდეგ მოგროვდაო, და
გული დააჯერა, რომ განზრახ მოიყვანეს საქმე ასე, და მოწმებიც განზრახ ტყუილს
ამბობენო. პირველ ხანში უნდოდა თავი ემართლებინა, მაგრამ ციხეში ჯდომამ
ხალისი წაართვა და გამბედაობა მოუკლა. არაერთხელ თვალში ცრემლი მოჰრევია
და გულამოჯდომით უტირნია, როგორც ბაშვსა. ხშირად მოჰგონებია სესილი და ამ
მოგონებას ხშირად გაუმწარებია ამისათვის სიცოცხლე. სესილი სხვისი ცოლია,
სხვაზედ ჰხარჯავს თავის ალერსსა, მაშინ როდესაც თვითონ მორისი ამოდენა
წვალებაშია. ერთხელ თავის მოკვლაც მოიწადინა, და ეს ამბავი გაუხდა მიზეზად,
რომ გამომძიებელმა იფიქრა: უთუოდ დამნაშავე არის და განსამართლების შიშით
თავის მოკვლა მოუწადინებიაო. რამდენსამე დღეს კიდევ იმედი მოეცა, რომ საქმე
კარგად გაუთავდებოდა, რადგანაც გამომძიებელმა ტკბილად დაუწყო ლაპარაკი.
მაგრამ უეცრად ყველაფერი ხელახლად გამოიცვალა.
– ფერან, თუ თქვენის თავის სიკეთე გინდათ, გამოტყდით ყველაფერში, –
უთხრა გამომძიებელმა ბოლოს დროს, – ამით შეიმსუბუქებთ სასჯელს. ჩვენ ხელში
გვაქვს საბუთი, რომ თქვენ ამხანაგი ქალი გყოლიათ. იმისი სახელი გვითხარით.
– მე არ მესმის, რა გინდათ ჩემგან. გეუბნებით: დანაშაული არა მაქვს და არც
ამხანაგი მყოლია. მე ვხედავ, რომ რაღაც უცნაურის გზით მრავალი საბუთი
მოგროვდა ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ გეფიცებით – დამნაშავე არა ვარ.
– ამ ბარათზედ რაღას იტყვით, რომელიც თქვენს სამუშაო უჯრაში
ვიპოვეთ?
სესილის ბარათი რომ ნახა ფერანმა, გულმტკივნეულად შესძახა:
– იმისი ბარათია!
– აი, ხომ ხედავთ, – უთხრა გამომძიებელმა, – თქვენ უნებურად გამოგტეხათ
თქვენმავე სიტყვამ, იმის ბარათიაო; გვითხარით იმ ქალის სახელი.
– ძალიან ვწუხვარ, რომ ეგ ბარათი გიპოვნიათ, მაგრამ ეგ ბარათი მევე
მამართლებს, რადგანაც მანდ ისა სწერია, რის თქმაც მე ვერ შემეძლო.
– თქვენ მაინც ისევ კამედიას თამაშობთ. თქვენა გგონიათ, რომ ზოგიერთი
დამალული სიტყვა ამ ბარათისა ძნელად გამოსაცნობია. ძალიანა სცდებით, ჩვენ
ძალიან კარგად გამოვიცანით. აი წაიკითხეთ.
მორისმა გამოართვა ბარათი. ჰნახა, რომ ბევრი ასო და სიტყვა წაშლილია და,
დანარჩენი რომ წაიკითხა, კანკალი მოუვიდა ელდისა და გაკვირვებისაგან.
– კაცს, რომელსაც განზრახ წაუშლია ასოები და სიტყვები ამ ბარათში,
უნამუსობა ჩაუდენია, – სთქვა მორისმა.
– ჩუმად! განა თქვენც უნდა სხვას სწამებდეთ უნამუსობას?
საწყალმა ყმაწვილმა კაცმა ნაღვლიანად გაიღიმა, იფიქრა, რომ ბედს ჩემზედ
სრულებით ხელი აუღიაო. ამ ბარათის პოვნას უნდა დაეხსნა მორისი ამ ვაებისაგან
აღთქმის გაუტეხელად, მის მაგიერ რაღაც უცნაურის უბედურობით ეს ბარათი
ყველაზედ მეტ საბუთად შეიქმნა ამის წინააღმდეგ.
– მაშ ყველა გათავებულა, – სთქვა მორისმა, – მე ვიღუპები, მაგრამ აღთქმას
კი არ ვუღალატებ და იმას დავიხსნი.
– მაშასადამე, აღიარებთ განა თქვენს დანაშაულს?

– არასფერს არ ვაღიარებ და, რაცა ვთქვი, ის მარტო მე ვიცი. აბა რა ვქნა, რომ
იმისთანა კაცები არიან, რომელთათვისაც ჩემი დაღუპვა საჭირო ყოფილა და
რომელთაც ამდენი საბუთი მოუციათ თქვენთვის ხელში, რომ გზა აღარა მაქვს
თავი ვიმართლო. თქვენ თქვენი მოვალეობა აასრულეთ, ბატონო გამომძიებელო,
გამამტყუნეთ, მე ამას იქით აღარაფერზედ პასუხს აღარ მოგცემთ. მე
დამარცხებული ვარ, მაგრამ მაინც გეტყვით კიდევ, თავის დღეში არ ვიცნობდი და
არც მინახავს ლეა მედანი და არც დანაშაული მაქვს იმ საქმეში, რომელსაც მე
მაბრალებთ.
– ჩვენ საკმაოდ ვიცით, რაც საჭიროა, შეგიძლიანთ ამას იქით ხმაც აღარ
ამოიღოთ, თუ გნებავთ. მაგრამ კი ძალიან შეგიწყნარებდათ სამართალი, თუ რომ
იმ ქალს დაგვისახელებდით.
– სათქმელი აღარა მაქვს რა.
– მაშ სრულებით უარზედ სდგეხართ?
მორისმა მხრები აიწია და მაღლა აიხედა. ვერშემონმა კიდევ ერთხელ
მოსთხოვა ქალის სახელი; მორისი, როგორც მუნჯი, ისე იდგა. მაშინ
გამომძიებელმა წაუკითხა მორისის ნათქვამი, რომელიც ცოტად გადაესხვაფერა
გამომძიებელს. ამ სიტყვების მაგიერ: “მე ვიღუპები, მაგრამ აღთქმას კი არ
ვუღალატებ და იმას დავიხსნი”, ესე ჩაეწერა გამომძიებელს: “თქვენ ყველაფერი
გცოდნიათ. მე ვიღუპები, მაგრამ აღთქმას კი არ ვუღალატებ, ქალზედ არაფერს
ვიტყვი და გადარჩენილი იქნება”.
ამ გადასხვაფერებამ მარტო ღიმილი მოჰგვარა მორისს და მწუხარედ
გააქნევინა თავი. აღარა სთქვა რა, დაავლო კალამს ხელი და ხელი მოაწერა.
გამომძიებელს გულზედ მოეშვა, თითქო ამის თქმა უნდაო: ძლივს არ გათავდა ეს
საქმე და ძლივს არ განვთავისუფლდიო. ბძანება დასწერა, რომ ფერანი მაზასში
გადეყვანათ.
გზადაგზა ფიქრობდა საწყალი ყმაწვილი კაცი: რა ვქნა, ვინ უნდა იყოს ის
კაცი, რომელსაც ეგრე გადაუსხვაფერებია სესილის ბარათი და ესე ბეჯითად მე
რადა მდევნის? მაშინ მოაგონდა, რომ ამ საქმეში რაღაც საპოლიტიკო ქაღალდები
არის დაკარგული და უსათუოდ საჭიროდ დაინახეს ნამდვილის დამნაშავის
მაგიერ ხელი წაევლოთ ვისთვისმე და მე, ბოგანა კაცს, უბინაოს, უოჯახოს,
ქვეყანაში გამოუჩენელს, წამავლეს ხელი. აბა ამის შემდეგ, რაღა თქმა უნდა,
გამამტყუნებენ და, თუ საქმეს აგძელებენ, მარტო იმისთვის, რომ ხალხს თვალი
აუბანო.
მაზასის ციხეში რომ მიიყვანეს, მორისი ბედს დაემორჩილა. ეხლა მარტო
თავის დის ნაღველიღა ჰქონდა, რომელიც უპატრონოდ, უბინაოდ, უმწეოდ და
უნუგეშოდ ჰრჩებოდა. ეგ ნაღველი უწყლავდა გულს იმ უსიხარულო ციხეში. მას
შემდეგ, რაკი თავის მოკვლა ვერ მოუხერხდა, ქედი მოიდრიკა და უდრტვინველად
ელოდდა, რას მოუტანდა ბედი.
ახალგაზრდა ვექილმა, რომელიც დაუნიშნეს მორისსა, გადიკითხა საქმე,
დარწმუნდა, რომ დამნაშავეა მორისი და სთქვა გულში: სამართალს სასჯელის
შემსუბუქებასღა თუ ვთხოვო, თორემ სხვა აღარა გაეწყობა რაო. მაგრამ მორისი

რომ ჰნახა, აზრი გამოიცვალა. მორისმა გადაწყვეტილად უთხრა, რომ სასჯელის
შემსუბუქება მე არ მინდა, მე მარტო ჭეშმარიტება და სიმართლე მჭირიაო.
– რაც საჭიროა, მე უფრო ვიცი, – უთხრა ვექილმა, – ხოლო არ დაივიწყოთ,
რომ ვექილი იგივე მოძღვარია. მე უნდა მითხრათ ყოველისფერი მართალი და
არაფერი არ უნდა დამიმალოთ.
– მართალი ის არის, რომ მე დამნაშავე არა ვარ. 20-ს ივნისს ღამე ჩემს
სახლში გავატარე, მარტო ვიყავ თუ იყო კიდევ ვინმე ჩემთან, მაგის თქმა არ მინდა.
ეს კია, რომ ჩემის ოთახიდამ ფეხი გარედ არ გამომიდგამს. მე ორი ბოთლი
შამპანური ღვინო ვიყიდე, ერთში კი არა, ორივე ბოთლში საწამლავი ჩავყარე და
მოწამლული ღვინო დავლიე. როგორ მოჰხდა, რომ ჩემი ცარიელი ბოთლები
მოკლულის ქალის სახლში გამოჩნდა, ვერ გამიგია. გარწმუნებთ, რომ, რასაც
ბრალსა მდებენ, იმაში დამნაშავე არა ვარ.
– დიდათა სცდებით, რომ მაგ გზით მოგიწადინებიათ თავი იმართლოთ.
– გზა რას მიქვიან! – დაიძახა უბედურმა მორისმა და ცრემლები
გადმოჰყარა, – მე მართალს ვამბობ. არ ვიცი, ვის მაგიერად მსჯიან მე, ვხედავ კი,
რომ უნდა დავიღუპო... თუ სიკვდილისაგან ვერ დამიხსნით, გემუდარებით, თქვენ
მაინც დაიჯერევით, რომ უბრალო ვარ და უკანასკნელს საათამდე იძახეთ, რომ მე
დამნაშავე არა ვარ, არა და არა!
ვექილსაც კი გული ამოუჯდა. მორისსა ჰკითხა: სახლობა, ნათესაობა გყავს
რამე თუ არაო. ეგონა, იქნება იმათ ათქმევინონ რამეო. საწყალმა უპასუხა, რომ
მარტო ერთი დაჲ მყავსო, და სთხოვა ვექილს, იმისი ამბავი შემიტყეო. ვექილმა
აღუთქვა და წავიდა. გულში თავის თავს სიტყვა მისცა, რომ დიდის მეცადინეობით
ამ უბედურების გამართლებას შევუდგებიო.
ვექილის ნახვამ ცუდი ზედმოქმედება იქონია მორისზედ, რადგანაც იმისი
აზრი საზოგადოების აზრად ეჩვენა. ამ სახით ყველას კაცის მკვლელად მიაჩნდათ
მორისი. მთელი ეს დღე ისე გაატარა, რომ თავჩაღუნული იჯდა თავის სენაკის
კუთხეში დ გულამოჯდომით სტიროდა. ნეტავი ჩემამდინ მოუშვან ვინმე მაინც,
ერთი გამომეკითხნა, ჩემი მახლობელნი რას ჰშვრებიანო. ხოლო ამ საქმის
საიდუმლომ აიძულა გამომძიებელი, რომ არავინ მოეშვა მორისთან. ნაპოვნი
ბარათი, რომელიც მორისის გამტყუნების დიდ საბუთად უნდა ყოფილიყო,
აჩვენებდა, რა ყოფაშიაც უნდა ყოფილიყო მისი ამხანაგი ქალი. გამომძიებელს
იმედი ჰქონდა, მარტოდ დამწყვდეული ფერანი, როცა იქნება, გამოგვიტყდებაო.
მორისი, რომელიც შეეჩვია თავის მარტოობას, ძალიან გაოცდა, როცა
საღამოზედ, ციხის გუშაგმა ვახშამი რომ შემოუტანა, რაღაც ბარათიც მისცა.
ვექილს შესცოდებოდა მორისი და ეთხოვნა, რომ ნება მიეცით წიგნების მიღებისა
და წერისაო. მორისს ეგ ნება მისცეს იმ პირობით კი, რომ ჯერ წაეკითხებინებინა
გამომძიებლისათვის. ნახვა ვისიმე კი აკრძალული ჰქონდა.
მიღებული ბარათი რამდენიმე დღის წინად დაწერილი იყო. აბა იფიქრეთ,
რარიგ გაუხარდებოდა! აჩქარებით მივარდა ბარათს, ჰნახა, რომ თავის დისაგან
არის და სწრაფად გადიკითხა. ბარათში ეწერა: “ჩემო უბედურო და გულითად
საყვარელო ძმაო, ბედმა შენზედ ხელი აიღო და ჩვენ ამაოდ ვეძებთ ნუგეშსა. ჩვენ
ვიცით, რომ შენ მართალი ხარ და საბუთებს ვეძებთ. მაგრად იყავ, გულს ნუ

გაიტეხ. შენ პატიოსანი და შრომისმოყვარე კაცი ხარ და როგორ შეიძლება, რომ შენ
მაგ საშინელის დანაშაულობის მხსვერპლად შეიქმნე. ამბობენ, რომ არ გინდა თქმა,
როგორ გაგიტარებია ღამე, როცა ქალი მოუკლავთ. რატომ არ გინდა დაასახელო ის
ქალი, რომელიც იმ საღამოს შენთან ერთად უნახავთ? შენმა კეთილისმყოფებმა
მითხრეს, იქნება ქმრიან ქალთან ჰქონდა საქმე და იმიტომ არ ამბობს ვინ იყო, რომ
არ შევარცხვინოვო. იმათ არ იციან, რომ შენ გულში ერთის სიყვარული გქონდა,
იმის გულისათვის თავიც მოიწამლე, აქაოდა სხვას ირთავსო – და აბა ამ დროს სხვა
ქალთან როგორ იქნებოდი?!. ეხლაც თვალწინ მიდგას ის საშინელი დილა, როცა მე
შენ მომაკვდავს მოგასწარი და არაფერი უსიამოვნება არ მოგვადგებოდა, რომ ჩვენ
მაშინ სოფელში არ წავსულიყავით... შეიტყე თუ არა, რომ სესილის ქმარი ანდრე
გუდარი დაიჭირეს?.. (აქ სიტყვები წაეშალათ) სესილი თავის დედ-მამის სახლში
გადმოვიდა და უნდა ითხოვოს, ქმარს გაჰყარონ. სესილს სულ შენ ახსოვხარ;
ყოველთვის შენზედ ვლაპარაკობთ (აქ კიდევ ორი სტრიქონი იყო წაშლილი).
მერწმუნე, ჩემო კარგო ძმაო, რომ შენი სიმართლე უეჭველად დამტკიცდება.
ჩემზედ ნურაფერს შესწუხდები: სესილი ძალიან მწყალობს და არაფერი მიჭირს,
მეტის მუშაობით არ ვიღალები. გულს ნუ გაიტეხ, მალე ვნახავთ ერთმანეთს. შენი
ჭირიმე, მითხარი, ვინ იყო ის ქალი, რომელიც შენთან ერთად უნახავთ. მე
ვნახავდი იმ ქალს და ყველა ამ უბედურებას გადავრჩებოდით. ქალს არა მოუვა რა,
რისა უნდა ეშინოდეს? მე მითხრეს, რომ, თუ ამისთანა საქმეში ქალის ნამუსზედ
ლაპარაკი ჩამოვარდება, სამართალი გაუფრთხილდება, როგორც დიდ
საიდუმლოს. ჩემო კარგო ძმაო, გამომძიებელმა მითხრა, თუ გვეტყვის, როგორ
გაატარა ის ღამე, მაშინ უეჭველად გავამართლებთო. საყვარლის გულისათვის
როდი უნდა გაიფუჭო თავი და არ უნდა შეირცხვინო ნამუსი. შენი და ჩვენი
ნამუსი განა არა ჰღირს იმ ქალის ნამუსადა? და ძალიან ნაკლებ ჰყვარებიხარ, თუ
თავის მშვიდობიანობის დარღვევის შიშით იქამდის მიგიყვანა, რომ შენ, უბრალო,
უდანაშაულო, მაგისთანა საშინელ დანაშაულობაში გაგაბა. ჭკუაზედ მოდი, მაგასა
გთხოვს შენ შენი საყვარელი ამელი. გაბედე, გაბედე, ჩემო საყვარელო ძმაო,
დაასახელე ის ქალი, უსინდისობა არ იქნება შენგან, სიკვდილს გადარჩები,
ნამუსსაც არ შეირცხვენ”.
მორისმა დაუწყო კოცნა ამ ბარათსა და რამდენჯერმე გადიკითხა. საწყალს
კარგს ამელის ფიქრში სულ ძმა ჰყოლია! მორისს იამა, რომ სესილი ქმარს ეყრება.
ბარათი დიდის ხნისა იყო – იმ დროისა, როცა გამომძიებელი იმედს აძლევდა
მორისს, მალე გამოგიშვებო. მხოლოდ ერთგან ბარათმა ძალიან შეაწუხა მორისი. ეგ
იქ, საცა ეწერა: “საყვარლის გულისათვის თავი როდი უნდა გაიფუჭოვო...”
მართალია, – ჰფიქრობდა მორისი, – ამელი ყოველდღე ხედავს ხოლმე
სესილს და უთუოდ გამოჰკითხავდა რასმეს ამ ბარათზედ. სესილი უთუოდ არას
ეუბნება და მე ამ საძაგელ დანაშაულობაში მხვევს და ვერ უთქვამს ბოდიშადაც,
რომ ქმრის შეწუხებას ვერიდებიო.
იმედგადაწყვეტილმა ჩაჰკიდა თავი და ხმამაღლა სთქვა:
– მე არ მეგონა ის ამისთანა... მე მაინც ჩემს ფიცს არ გადავალ.
ითხოვა ქაღალდი და თავის დას მისწერა მოკლე ბარათი სავსე ძმურის
სიყვარულითა და ალერსითა. გულის დასამშვიდებლად არწმუნებდა, რომ ნუ, ნუ

გეშინიან, უეჭველად გამამართლებენო. სთხოვა ყველაფერში სესილს დაეკითხეო,
შენი და ჩემი ბარათებიც აჩვენე ხოლმე და ჰკითხე, რას იქმოდა იმ შემთხვევაში,
რომელსაც ამელი თავის ბარათის ბოლოში იხსენიებდა. ეგონა, რომ სესილი
მიმიხვდება, რასაც ვამბობო. ბარათის რომ დასწერა და ციხის გუშაგს მისცა,
მორისს ცოტა გულზედ მოეშვა.
მეორე დღეს მოკლე ბარათი მიიღო ამელისაგან. სწერდა, რომ პირველი
ბარათის შემდეგ სესილი ძლიერ ავად გახდა; რვა დღეა ქვეშაგებში წევსო და
ექიმმაც იმედი გადიწყვიტაო. ღმერთს შეავედრე, – სწერდა ბოლოს ამელი. მორისს
თავზარი დაეცა – ეგ ერთადერთი მოწმობაც, რომელსაც შეეძლო მოერჩინა მორისი,
ხელიდამ წაუვიდა, უკვდებოდა ის, ვის გულისათვისაც მთლად დასდვა თავისი
სიცოცხლე.
– უნდა ვილოცო იმისთვისაც და ჩემთვისაც! – დაიძახა გულმოკლულმა, – მე
დაღუპული ვარ.
თავი დავანებოთ მორისს და ისევ დავუბრუნდეთ იზას, რომელიც იყო
მიზეზი მორისის წვალებისა. მკითხველს მოვაგონებთ, რომ ბოიემ მიიღო
ხელმოუწერელი ბარათი, რომელშიაც ეწერა: ამ საღამოზედ თანხმობის
მოედანზედ მოდიო. დააპირა წასვლა თუ არა, მეორე ბარათი მიიღო, ნუღარ
გაირჯები, მინამ ხელახლად შეგატყობინებდეთო.
ორივე ბარათი იზას სიტყვით იყო დაწერილი. გამოძიებული საქმე რომ
გადაჩხრიკა, იზამ შეიტყო, რომ პირველი გამოძიება ბოიეს მოუხდენია, რომ მისგან
მოგროვილ საბუთების ძალით გამომძიებელს ბძანება მიუცია მორისის დაჭერისა.
მაშასადამე, ისე უნდა მოეხერხებინა, რომ ისევ ბოიესათვის ჩაებარებინა ეგ საქმე.
თუმცა იზამ შეიტყო, რომ ბოიე სამსახურში აღარ არის, მაგრამ მაინც თავის
განზრახვა არ შესცვალა. ამ მიზეზით გაუგზავნა ბოიეს ბარათი და სთხოვდა
თანხმობის მოედანზედ მოსვლასა.
იზას არ ეგონა, რომ ვერშემონი ესე მალე დაჰყვებოდა და გუდარს
გამოუშვებდა. ამჟამად ბოიე საჭირო არ იყო და ამიტომაც ამისი ნახვა აღარ
ინდომა. ხოლო გუდარის გამოშვებით საქმეს ბოლო ჯერ კიდევ არ მოეღებოდა,
საჭირო იყო დამნაშავე ეპოვნათ, რომ გაესამართლებინათ და დაესაჯათ. მორისის
გასამტყუნებლად შესაძლო იყო საკმაო საბუთები არა ჰქონოდათ და ამის გამო
იქნება ხელახლად დაეწყოთ გამოძიება. ეს იზას ვერაფრად ეჭაშნიკებოდა
მრავალის მიზეზისა გამო, მაშინ ბოიე დასჭირდებოდა და ამიტომაც მისწერა: თუ
საჭირო იქნები, შეგატყობინებო. ბოიე მოუთმენლად ელოდდა მესამე ბარათსა და
ბოლოს მოუვიდა კიდეცა.
რაღა თქმა უნდა, ბარათი იზასაგან იყო ვერშემონისაგან ნაყიდს სახლში რომ
გადავიდა, იზა ტყვესავით იყო; ერთის წუთითაც კარზედ ვერ გამოდიოდა,
რადგანაც ოსკარი პირველს ხანებში დღედაღამ სულ შინ იყო. ბოლოს როგორღაც
მოახერხა ერთი საათით გამოსვლა და მაშინვე პირდაპირ თავის მოახლე
ჟუსტინასთან წავიდა, რომელიც იქავ გვერდით სასტუმროში იდგა. იმისაგან
შეიტყო – ვიღაც უცნაური კაცები მოდიოდნენ და იზას კითხულობდნენო;
გუდარიც მოსულა და გაჰკვირვებია, როცა შეუტყვია, რომ იზა უეცრად

დაიკარგაო. გუდარს შეეტყო ჟუსტინას ბინა და გამოეგზავნა ბარათი იზას
სახელზედ. იზამ გამოართვა ეს ბარათი, წაიკითხა და დასწერა მაშინვე ორი
ბარათი – ერთი ბოიესთან და მეორე გუდართან. ორივეს სთხოვდა, მნახეთო.
ვერშემონმა რომ გადიყვანა ლამაზი იზა თავის სახლში, იმ პირობით
გადიყვანა, რომ მოსამსახურეებიც კი სულ ახლები ჰყოლოდა. იზა ჯერ ეთანხმა
ამაზედ ულაპარაკოდ, მაგრამ გულში კი განიზრახა, ჟუსტინას ისევ მოვაყვანინებო,
რადგანაც ჟუსტინა იყო მისი ავან-ჩავანი ყველაფერში. ჟუსტინა, იზას
სურვილისამებრ, იქავ გვერდით დადგა. მეორეს დღეს გადმოსვლის შემდეგ იზამ
დრტვინვა დაიწყო: ახალმა მოახლემ არა იცის რა და ვერც მალე დაისწავლის ჩემს
სამსახურსაო. იზამ ნაღვლიანად ამოიოხრა და ჟუსტინას თავი ინატრა. ყოველ დღე
თითო-ოროლა სიტყვას გადუგდებდა ხოლმე ვერშემონს თავის ძველ მოახლეზედ
და ვერშემონის ყური შეაჩვია ნელ-ნელა; ბოლოს ვერშემონმა იგრძნო, რომ თავის
ძვირფას საყვარელს ძველი მოახლე უნდა დაუჭიროს. მინამ ეს მოხდებოდა, იზამ
ერთხელ კიდევ ჩუმად ინახულა თავისი ავან-ჩავანი მოახლე და იმან უამბო, რომ
ამ ოთხს დღეში საჯაროდ გაიყიდება იზას ავეჯეულობა მოვალეების
გასასტუმრებლად.
– ხომ არ დაგავიწყდა, რაც გითხარ პატარა ყუთის შესახებ? – ჰკითხა იზამ.
– მე ბელარს ვუთხარი, – უპასუხა ჟუსტინამ. – დამპირდა, რაც უნდა ბევრი
დამეხარჯოს, მაინც ვიყიდი იმ ყუთსაო.
– შენც უნდა დაესწრო გაყიდვის დროს. რა ვიცი, არ შეეშალოს და სხვა ყუთი
არ იყიდოს.
– ფიქრი ნუ გაქვთ, ყველაფერი კარგად იქნება.
– როცა იყიდის, მეორეს დღესვე კარებთან ახლო ფანჯარაში დადოს თავის
მაღაზიაში სხვა ნივთებ შორის.
– ეგეც მითქვამს.
– ხომ გითქვამს ჩვენის კარის მცველისათვის, რომ, თუ ჩემს სახელზედ
ბარათები მოვა, შენ გადმოგცეს ხოლმე.
– თქვენი რწმუნების ქაღალდი იმას ვაჩვენე და ფოსტაშიაც წავიღე, იქ
მითხრეს ეგ ქაღალდი საკმაოაო.
– ვეცდები ამ ორ დღეში კიდევ გნახო, თუ როგორმე თავს დავისხლეტ.
– რარიგად მოგბეზრდათ მგონია ამისთანა ცხოვრება!
– მომწყინდა და ეგრე!
გამოეთხოვა მოახლეს, ჩაჯდა ეტლში და იფიქრა: “მართალია, ვის არ
მოსწყინდება ამისთანა სიცოცხლე, მაგრამ რა ვქნა, უნდა ვითმინო, მინამ
სამართალი თავისას იტყვის. იმ სულელს კი ისევ პარიზში უნდა ყოფნა და ნახავთ,
თუ ხელახლად არ გაებას. რაც უნდა მომივიდეს, დღესვე უნდა მოვახერხო, რომ
პარიზს მოშორდეს”.
თავის უწინდელ სახლისკენ რომ გაიარა, თუმცა უკან გადაწვა ეტლში,
მაგრამ მაინც თვალი შეასწრო, რომ ერთი ვიღაცა კაცი ყურადღებით
ჰკითხულობდა კედელზედ გაკრულს განცხადებას იზას ნივთების გაყიდვისას.
იზას გაეცინა და შუბლი გაეხსნა. რომ სცოდნოდა ის კაცი ვინ იყო, სწორედ

თრთოლა მოუვიდოდა. ის კაცი იყო პოლიციის აგენტი გიურე, რომელმაც წინა
დღით უთხრა მტირალს ამელის:



რა გატირებთ? სიტყვას გაძლევთ, რომ თქვენს ძმას დავიხსნით.

ІІІ
რა იმოქმედა შადიმ
იმისთანა ქალებს, როგორიც იზაა, პარიზში ის უპირატესობა აქვთ, რომ
გაზეთები თვალყურს ადევნებენ და ყოველს წვრილმანს ამბავს მათ შესახებ სწერენ
ხოლმე. ხოლო როცა ამ ლამაზის ქალის ქონების გაყიდვა იყო, გაზეთებმა თავის
ჩვეულებას უღალატეს და ხმა არ ამოიღეს, თუმცა ეს ქონება იმისთანა იყო, რომ
სახსენებლად ღირდა. მართალია, ოთახების მორთულობა არც სილამაზით, არც
ლაზათით გამოჩენილი არ იყო, მაგრამ მეტად ძვირფასი იყო.
მას აქეთ, რაც ეგ განცხადება გამოკიდებული იყო, გიურე ყოველდღე იზას
ძველს სახლს აუვლიდა და ჩაუვლიდა ხოლმე. ხშირად შეხვედრია აქ იზას
მოახლეს ჟუსტინას და უკვირდა, ეს ძველი მოახლე აქ რისთვის დაიარებაო.
ყოველთვის, როცა ჟუსტინა შევიდოდა ხოლმე ოთახებში, საცა იზას ქონება იყო
გამოფენილი გასასყიდად, გიურე თან შეჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ ვერაფრის ალღო
ვერ აიღო.
ორი დღე ხალხს უშვებდნენ ნივთების გასაჩხრეკად. გიურე დიდის
გულმოდგინებით ჰსინჯავდა ყოველ ნივთს და ამ სინჯვას მთელი ოთხი საათი
მოახმარა. მისმა გამოცდილმა თვალმა აქაც ვერა შეამჩნია რა. ყველაფერი
მდიდრული იყო – ძვირფასი, მაგრამ ულაზათო, ერთი სიტყვით იმისთანა,
როგორსაც კაცი შეხვდება ხოლმე ქეიფის მოყვარე ქალის სახლში, რომელიც
ეხლახან გამოსულა მოედანზედ.
იმ დღეს, რა დღესაც გაყიდვა დანიშნული იყო, გიურე ყველაზედ წინ
მივიდა, იმის გვერდით დადგა, ვისაც უნდა გაეყიდნა. იმისთანა ადგილი
ამოირჩია, რომ იქიდამ ყველას დაინახავდა. რაღა თქმა უნდა, იქ მოგროვილი
ხალხი იმისთვის არაფერი იყო, თუმცა ბევრს რასმეს კი გაიგონებდა იზაზედ და
იმის ქონების თაობაზედ, რომელიც არაერთხელ გამოუტანიათ გასასყიდად. ამ
ნივთებს თავისი ისტორია ჰქონდა. ხან ერთს იზას მაგვარს ქალს ჩაუვარდებოდა
ხელში, ხან მეორეს. გიურე თვალს ადევნებდა მარტო ჟუსტინას, რომელიც
შემოვიდა თუ არა, მივიდა ერთს გამოჩენილ ავეჯის ვაჭართან და ხმადაბლა
დაუწყო ლაპარაკი. საშინლად უნდოდა შეეტყო, რაზედ ლაპარაკობდნენ.
ლაპარაკის შემდეგ ორნივე გავიდნენ მეორე ოთახში. გიურეს უნდოდა თან
გაჰყოლოდა, მაგრამ იმოდენა ხალხი იყო, რომ ვერ გაატანა და თავის ადგილას
დარჩა, ჟუსტინა და ვაჭარი ისევ მალე მობრუნდნენ და სწორედ გიურეს პირდაპირ
დასხდნენ ოთახის მეორე თავში.

ჟუსტინამაც შეამჩნია, რომ ის უცნაური კაცი გულმოდგინებით თვალს
ადევნებს, და ვერ მიმხვდარიყო, ვინ იყო და რა უნდოდა. წამდაუწუმ გიურეს
შეჰხედავდა ხოლმე. მაგრამ ვერას ამჩნევდა.
როცა გაყიდვას მოჰყვნენ, ხალხმა მოძრაობა დაიწყო. შადიც აქ შემოვიდა და
გიურემ უთხრა, აქ ჩემთან დადექიო. თქვენ ამოგეფარებით და თვალყურს ისე
დავიჭერო.
გაყიდვა დაიწყეს. გიურემ დაინახა, რომ ჟუსტინამ ავეჯის ვაჭარს აჩვენა
ერთი პატარა ლამაზი ყუთი, რომლის გაყიდვის რიგი მოვიდა.
– ყუთი გააღებინეთ, – დაიძახეს მსყიდველებმა.
– რით გავაღოთ, გასაღები დაკარგულია, – უპასუხა გამსყიდავმა, – ხომ
ხედავთ, ყუთი ახალია.
ეს ყუთი ახალი ათ თუმნადა ღირდა. იმ ვაჭარმა, რომელიც ჟუსტინასთან
ლაპარაკობდა, პირდაპირ ცხრა თუმანი შეაძლია.
– “თუ ვისთვისმე ძალიან საჭირო არ არის ეს ყუთი, გროშს მეტს აღარავინ
მისცემს, – გაიფიქრა გიურემ, – მაგისთანა მდიდარს ავეჯის ვაჭარს რად უნდა ეგ
ყუთი; არც იმ მოახლისათვის არის საჭირო. აქ რაღაც ამბავი უნდა იყოს”.
შადის ყურში უჩურჩულა, შენც ივაჭრეო.
– ცხრა თუმანი და სამი მანეთი, – დაიძახა შადიმ და იფიქრა, ხომ არ
გაგიჟდა ეს გიურეო, – განა არ იცით, რომ მაგდენი ფული მე არა მაქვს, – უთხრა
ჩუმად გიურეს.
– ცხრა თუმანი და რვა მანეთი, – დაიძახა ვაჭარმა.
– ათი თუმანი, – წასჩურჩულა გიურემ შადის.
– ათი თუმანი, – დაიძახა შადიმ და გაწითლდა, რადგანაც მთელმა ხალხმა
ამას დაუწყო ყურება.
ჟუსტინამ თავი მაღლა აიღო და უნდოდა დაენახა ეს ბედოვლათი
მსყიდველი.
– ათ თუმან ნახევარი, – დაიძახა ვაჭარმა.
– თერთმეტი თუმანი, – უპასუხა შადიმ.
– თერთმეტ თუმან-ნახევარი...
– თორმეტი თუმანი. – დაიყვირა შადიმ და მოპირდაპირეს სიტყვა
გააწყვეტინა.
– თორმეტ თუმან-ნახევარი, – უპასუხა ვაჭარმა.
შადის უნდოდა კიდევ გადაემატნა, მაგრამ გიურემ ნება არ მისცა:
– კმარა, – უთხრა გიურემ, – მე ვიცი, რაც საჭიროა ჩემთვისა. მაგ ყუთს
თვალი არ მოაშორო, შემიტყეთ, სად წაიღებენ.
საცილობელი ნივთი ავეჯის ვაჭარს დარჩა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა და
გიურეს მახვილ ყურამდე მოაწია ჟუსტინას სიტყვამ: “ძლივს!” ამის შემდეგ მოახლე
ოთახიდამ გავიდა.
ნაყიდს ყუთს, რასაკვირველია, ეხლავე არ დაანებებდნენ და ვაჭარი,
რომელმაც იყიდა, ოთახში დარჩა. რაღა თქმა უნდა, გიურემ თვალი აღარ მოაშორა.
ბოლოს შემოიტანეს დიდი კალათა, რომელშიაც ოცდახუთი ბოთლი
შამპანიური ღვინო ეტევოდა. უნდა ესეც გაეყიდნათ.

– კალათა ოცდახუთ ბოთლიანი, – დაიძახა გამსყიდველმა, – მაგრამ
ოცდასამი ბოთლი შამპანური ღვინოღაა; ორი ბოთლი დაუხარჯავთ.
ამოიღო ერთი ბოთლი, გააცალა ნამჯე, რომელშიაც შეხვეული იყო, გასინჯა,
რაგვარი ღვინოა, და გამოაცხადა.
– აბა ერთი ეგ ბოთლი ღვინო მიბოძეთ, – უთხრა გიურემ გამსყიდველს.
ბოთლი მოაწოდეს. გასინჯა ბოთლი და ჩუმად უთხრა შადის:
– ეს მთელი კალათა უნდა ვიყიდოთ, ივაჭრეთ.
– ოცდასამი ბოთლი შამპანური ღვინო ოცდახუთი მანეთი, – დაიძახა
გამსყიდველმა.
– ოცდარვა, – უპასუხა შადიმ.
ვიღამაც კიდე გადუმატა; შადიმ ასწია ფასი და სამ თუმნად დაინარჩუნა
შამპანური ღვინო, გიურემ უბიდამ ქაღალდი ამოიღო და შემდეგი დასწერა:
“გიურემ იყიდა, პოლიციის აგენტმა, რომელიც სთხოვს გამსყიდველს ამაზევე
შეამოწმოს, რომ კალათას ორი ბოთლი შამპანური ღვინო აკლდა ამადაამა ნიშნისა”.
ხელი მოაწერა და ბარათი ფულთან ერთად გადასცა გამსყიდველსა, რომელმაც
თხოვნა აუსრულა და შეამოწმა.
მინამ გამსყიდველი მოწმობას წერდა, ვაჭარმა, რომელსაც თვალს ადევნებდა
გიურე, დაუძახა მუშას, ჩააბარა ნასყიდი ყუთი და უთხრა – წაიღეო.
– ჩქარა გაჰყევით, შადი, – უთხრა გიურემ, – ერთი შემიტყე, სად მიიტანენ;
ჩვენი საქმისთვის ეგ ძალიან საჭიროა.
შადი გაჰყვა. ათის წუთის შემდეგ ყუთი მიიტანეს ავეჯის დუქანში სენჰონორეს ქუჩაზედ. შადი იქავ კედელს აეფარა, თვალი ადევნა და ჰნახა, რომ
ვაჭარმა აიღო და თვალსაჩინო ადგილას დუქნის ფანჯარაში დასდგა. მერე გასინჯა
საათი და შევიდა დუქანში.
შადიმ იფიქრა, რაც საჭირო იყო ხომ გავიგეო და წამოვიდა ისევ გიურესთან.
როცა შადი მივიდა, გიურე ნახა ქუჩაში – ეტლში იჯდა და ამას უცდიდა, ნასყიდი
კალათა თანა ჰქონდა; გიურემ სთხოვა, ჩაჯექ და წამომყეო; შადი არ გაჰყვა, მეც აქ
ნასყიდი მაქ საქონელი და უნდა წავიღოვო. მაშ კარგი, – უთხრა გიურემ, –
პალიართან შევიყარნეთ ხვალა. დღევანდელმა დღემ უქმად არ ჩაგვიარაო. გიურე
მაშინვე პოლიციაში წავიდა და იმ ავეჯის დუქანთან რომ გაიარა, საცა ყუთი
მიიტანეს, შედგა და დარწმუნდა, რომ ის ყუთი მართლა აქ მოუტანიათ და
ფანჯარაში დგას. ნეტა რა მიზეზი იყო, რომ ეს ყუთი იყიდაო? – იფიქრა გიურემ, –
რასაკვირველია, მოგებისათვის იყიდდა, მაგრამ იზას მოახლეს რაღა საქმე
ჰქონდაო? გიურეს ეჭვი მოუვიდა, აქ რაღაც საიდუმლო საქმე თავს იმალავსო.
პოლიციაში რომ მივიდა, ჩააბარა ნასყიდი კალათა და წარუდგინა მოწმობა
გამსყიდველისა. გამობრუნდა აქედამ და ისევ ავეჯის ვაჭართან მივიდა და უთხრა:
აღარ ვივაჭრეთ ეგ ყუთი, რადგანაც არ გვინდოდა ფასი აგვეწიაო.
– როგორ მომყიდით ეხლა მაგ ყუთს, რომლის გამო ეგრე ცხარედ
დავეტაკენით? – ჰკითხა გიურემ.
– მე თქვენ ვერ მოგყიდით, – უპასუხა ვაჭარმა.
– რატომ?
– გაყიდულია.

– როგორ? ეგრე მალე?
– ერთმა ქალმა შემომიკვეთა ამის ყიდვა და მეც იმისთვის ვიყიდე...
დარწმუნებული ვარ, რომ ფასზედ ყოყმანობას არ დაიწყებს.
– მეწყინა, ღვთის წინაშე, – უთხრა გიურემ, რომელსაც ეჭვი გაუძლიერდა, –
მე ძალიან მინდოდა მაგ ყუთის ყიდვა; ჩემის ავეჯის მაგვარია და სწორედ
მაგისთანა ყუთი მაკლდა. მაგრამ მგონია სხვაგანაც ვიშოვი.
– უფრო იაფადაც; მე მოგართმევთ სულ ახალს სწორედ მაგისთანას.
– მაგაზედ მერეც მოგელაპარაკებით. მშვიდობით; იმედი მაქვს, ისევ მალე
გნახოთ.
გიურე გამოვიდა და ვაჭარმა კარებამდინ გამოაცილა. რაღა თქმა უნდა,
ცნობისმოყვარეობამ აიტაცა. აქ თუ ერთი მიზეზი არ იყოს, ვინ მისცემდა ამდენს
ფულს ძველ ყუთში? ცხადია, აქ რაღაც ამბავი უნდა იყოს: უეჭველად უნდა
შევიტყო, რა ამბავიაო.
დუქნიდამ რომ გამოვიდა, გიურე ისე აეფარა კედელს, რომ თითონ ყველას
ჰხედავდა დუქანში შემსვლელს და გამომსვლელს და მას ვერავინა. მთელი ერთი
საათი აქ ატუზული იდგა. საღამოს ხანიც მოახლოვდა. ამ დროს დუქანში
შემოვიდა მდიდრად ჩაცმული ქალი პირბადითა, თან მოჰყვა კაციც, რომელსაც
სახე პალტოს საყელოში დაემალა. გიურე დაუპირისპირდა დუქანს და ქუჩის
მეორე მხრიდამ დაუწყო ცქერა. ვაჭარმა ქალი და კაცი მიიყვანა ყუთთან, რაღაცა
ლაპარაკი დაიწყო, რაღაც დანიშნა ქაღალდში და ფული მიიღო.
“დასწყევლოს ღმერთმა, – იფიქრა გიურემ, – ამ ვაჭარმა მგონი მასხარად
ამიგდო: მითხრა, რომ გაყიდულია და ეხლა კი მიჰყიდა ამ ბატონებს. თუ
გაყიდული იყო წინადვე, აქ რაღას მორბოდნენ. განა თითონ მედუქნე ვერ
გაუგზავნიდა? რა უთავბოლოდ არის გაბმული და არეული ეს ამბავი. უსათუოდ
ყველაფერი უნდა შევიტყოთ”.
ვიდრე გიურე ამ ფიქრში იყო, ვაჭარმა ქალი და კაცი მიაცილა ეტლამდე,
რომელიც დუქნის კარებთან იდგა. ვაჭარმა ეტლის კარი გამოაღო და, რომ სვამდა
ეტლში ქალს, მოახსენა:
– ეხლავ მოგართმევთ. ნუ შესწუხდებით, ბატონო, – განაგრძო ვაჭარმა, –
ყოველს სიფრთხილეს მოვიხმარებ. ყუთს არა დაუშავდება რა, ისე მოგართმევენ.
ქალი და კაცი ჩასხდნენ ეტლში, ვაჭარმა მიხურა კარები ეტლისა და
შემობრუნდა დუქანში.
– რას ნიშნავს ყოველივე ეს? – ჰფიქრობდა გიურე დ იკვნეტდა ულვაშებს, –
ნეტა ვის იგდებენ მასხარად? უსათუოდ უნდა შევიტყო ეს საიდუმლო. ცხადია,
სწორე კვალში ვარ ჩამდგარი.
გიურე უფრო გაიოცებდა, რომ ამათი ლაპარაკი გაეგონა. დუქანში რომ
შევიდნენ, ახალგაზრდა ქალმა იკითხა:
– ეს პატარა ყუთი, რომელიც აი იმ ფანჯარაშია გამოდგმული, ახალია თუ
არა?
– სულ ახალია, ბატონო. აიმ ყუთზედ არა ბძანებთ? ახალია, ახალი.
კაცმა, რომელიც ქალს თან მოჰყვა, შეჰნიშნა, რომ ურიგო არ იქნება, ყუთი
გაგვეღო და გვენახა, შიგნით როგორიაო.

– რა საჭიროა! – უთხრა ქალმა.
– ჩემის აზრით, სჯობია გავაღოთ, – უპასუხა კაცმა, – მაშინ ნახავთ,
იმისთანაა, როგორიც გინდოდათ, თუ არა.
– მე საკმაოდ გასინჯული მაქვს. რამდენად აფასებთ?
– ოცს თუმნად.
– მეტის-მეტია, – დაიძახა ქალმა, – სურვილი მეტად ძვირად დამიჯდება.
– განა ქვეყანაზედ არის რამე იმისთანა, რომ შენთვის, ჩემო მეგობარო,
მეძვირებოდეს?
– განა არა ვიცოდი, რომ ჩემთვის არაფერს დაიშურებდით? ნეტავი თან არ
მომეყვანეთ.
– თუ შეიძლება, ყოვლად დაუყოვნებლივ გაგზავნეთ ჩვენსა ეგ ყუთი, –
უთხრა კაცმა ვაჭარსა.
– ადვილია. გვიბძანეთ, სად არის თქვენი სახლი?
– აი, ფული მიიღეთ და გამოგზავნეთ ამ ადრესით: ”გრაფინია იზა სეგლენზინსკაიას შალიოს ბულვარზედ”.
კაცმა ჩააბარა ფული ოცი თუმანი.
– განა არ შეიძლება ჩვენვე როგორმე ეტლით წავიღოთ? – იკითხა ქალმა.
– რადა, ბატონო! ვინ იცის, იქნება ეტლში დაუშავდეს რამე ყუთსა. მე
საიმედო კაცს ვიშოვნი და ის ეხლავ მოგართმევთ. თითქმის თან გამოგაყოლებთ.
– იმედი მექნება, რომ არ დააგვიანებთ.
– ნუ სწუხართ, ყველაფერს თქვენის სურვილისამებრ აღვასრულებ.
ეტლი წავიდა, ხოლო გიურე კი ისევ თავის საფარშივე დარჩა. დიდი ხანი არ
გასულა, მოვიდა მუშა, ჩაიბარა ყუთი და წაიღო.
– ერთი ვნახავ, სად მიიტანენ ყუთსა, – იფიქრა გიურემ და მუშას შორიახლო აედევნა.
ნახევარს საათს შემდეგ ყუთი შეიტანეს ერთს ლამაზს სახლში შალიოს
ბულვარზედ.
როცა მუშა გამოვიდა სახლიდამ, გიურე წინ დახვდა და ჰკითხა:
– თქვენ მგონია ამ ლამაზ სახლიდამ გამობძანდით?
– დიაღ.
– მე აქ ერთს სახლს ვეძებ და ვერ მიპოვნია... ის სახლი ეკუთვნის ვიღაც
გიურეს.
– გიურესო?.. არ ვიცი. ძალიან იშვიათად მოვხვდები ხოლმე ამ ადგილებს...
– მე კი მგონია, რომ ეს სახლი, საიდამაც თქვენ გამოხვედით, ან ეხლაც
გიურესი არის, ან კიდევ ოდესმე ყოფილა.
– არა, ბატონო. ეგ სახლი ქალისაა და მასთან ვიღაცა კაციც ცხოვრობს.
– ქალისა არისო?
– დიაღ, გრაფინია იზა სეგლენ-ზინსკაიასია.
– რა ბძანეთ? – იკითხა მუშამ.
– არაფერი... მადლობელი ვარ, მე წავალ გიურეს სახლს მოვნახავ.
მოშორდა მუშას და ხმამაღლა სთქვა:

– ცხადია, ნამდვილს კვალში ჩავდექი. ჰოო, იზა ყიდულობს ყუთსა,
რომელიც თვითონვე გააყიდვინა. რატომ წინადვე არ დაინარჩუნა? ჯერ,
უსათუოდ, დაჰვიწყებია და მერე მოჰგონებია, რომ ყუთში ეჭვის მისატანი რამ
ქაღალდი დარჩენია. თორემ სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? დაყოვნება აღარ
მოგვიხდება. ხვალვე დილით ვერშემონი უნდა ვნახო. საჭიროა ახალი გამოძიება.
გუდარი რად მისულა მაშინ იზასთან? ერთი ნება უნდა ვითხოვო, ის ყუთი
გავსინჯო.
აქ გიურეს მოაგონდა, რომ მთელი დღე არა უჭამია რა და წავიდა სადილის
საჭმელად.

ІV
ყავახანა “სოვაჟი”
ჩვენ წინადა ვთქვით, რომ იზამ დაიბარა ბოიე – მნახეო, და ერთი რაღაც
მიკიტანხანა დაუნიშნა, იქ მოდიო. იმავე დროს დაიბარა გუდარი, ნახა, დაარიგა
როგორ მოიქცეს და თავის მაგიერად გაგზავნა ბოიეს სანახავად.
იზამ იცოდა, რომ ბოიე საჭირო იქნება, რადგანაც მისმა მოხერხებამ გააბა
მახეში მორის ფერანი. ვიდრე გამოძიება ბოიეს ხელთ იყო, არავის ეჭვი არა ჰქონია,
რომ სწორედ მორისია დამნაშავე. ხოლო, როცა გამოძიება სხვას მიანდეს, მაშინ
ეჭვი გუდარზედ გადიტანეს. იზამ მოახერხა, რომ მეორე გამოძიების საბუთები
ჩააფუჩეჩა, მაგრამ საქმის გარემოება ხელახლად შეიცვალა და იზა ცდილობდა
მოიპოვოს იმისთანა საბუთები, რომ პირველი გამოძიება გამართლდეს.
თუმცა გუდარიც განათავისუფლეს და საქმეც წარდგენილი იყო
პროკურორთან, მაგრამ პროკურორმა საქმეს წუნი დასდო, ბევრი რამ აკლიაო და
ითხოვა ხელახლად შევსება საქმისა. ამიტომაც იზასათვის საჭირო იყო ისევ ბოიე
გაეწესებინათ სამსახურში და იმისთვის ჩაებარებინათ საქმე. რაღა თქმა უნდოდა,
რომ ბოიეს, საითაც უნდოდათ, ყურს იქით უზამდნენ და გააუქმებინებდნენ
გიურეს გამოძიებასა. ამ მიზეზით იზამ მესამე ბარათი მისწერა ბოიეს და, როცა
გუდარი გაგზავნა ბოიეს სანახავად, ეს დააბარა:
– თუ მორის ფერანს დასჯიან, შენ გეშველება. ამისთვის საჭიროა, მორის
ფერანის წინააღმდეგ უეჭველი საბუთები მოვაგროვოთ... მიშველე მაგ საბუთების
მოგროვებაში და შენ სრულებით თავგადარჩენილი იქნები.
გუდარს იზაზედ დიდი ხანია გული აყრილი ჰქონდა; ჰხედავდა, რომ იზასა
სძულდა და თვალის დასანახავად ეჯავრებოდა, და თუ შველის, უფრო იმისთვის,
რომ თვითონ იზამ დაისხლიტოს თავი ამ საქმიდამ და თვითონ გუდარი კი თუნდ
ჩამოერჩოთ, არას ინაღვლიდა. ძალიან შეწუხებული გამოეთხოვა იზას და
წამოვიდა. ეხლა აშკარად დაინახა, რომ იზა თავისათვისა ცდილობს და გუდარი
ფიქრშიაც არ მოსდის; რომ იზას მარტო თავის თავი უყვარს, გული, გრძნობა არა
აქვს და მარტო გარყვნილებას მისდევს.

– გესმის თუ არა, – უთხრა გამოთხოვების დროს იზამ გუდარსა, – ეცადე,
რაც გითხარ, თორემ დაიღუპები... იცოდე, მეორედ მე შენ ვეღარ დაგიხსნი,
შენთვის მე არა მცალიან.
– კარგი, მე წავალ, – უთხრა გუდარმა ისე, რომ არც კი შეუხედნია
იზასათვის.
გუდარი წამოვიდა ისე, რომ არც კი გამოემშვიდობა.
– ჰოო, ეგრე მექცევი განა, მშვენიერო ქალო! – ამბობდა გუდარი გზადაგზა, –
მე გეჯავრებით, რადგანაც ეხლა მე საჭირო აღარა ვარ, განა? დამაცა, შე უნამუსოვ,
შენ! თქვენ აქ ხალხსა ჰხოცთ, თქვე თოკიდამ გამოქცეულებო, თქვენა! თქვენის
გულისათვის აქ კაცები სიცოცხლეს არა ჰზოგვენ და თქვენ კი მარტო თქვენის
თავისათვის სცდილობთ. ჰოი, შე ნამუსდაკარგულო! მოპარულის ფულებით რომ
ფარფაშობ და ცხვირი მაღლა აგიღია!.. იქნება დაგავიწყდა, რომ არიან იმისთანანი,
რომელთაც იციან, რა წუმპეში გდებულხარ და რა ტალახში გიცხოვრია... ძალიანაც
ნუ იწევ თავში, თორემ პირში ტყვია ხომ არა გვაქვს ჩასხმული, შენის საქმეების
გამოქვეყნება ძნელი არ არის!.. თუ მე დავიღუპები, შენც ჩემთან ჩაგითრევ,
იცოდე!.. რაც უნდა დამემართოს, დღევანდელს შენს სიტყვებს გულში ჩავიმარხავ
და დრო მოვა, როცა...
აქ თვალი მოჰკრა, რომ ვიღაცანი თვალს ადევნებენ და ორიოდე
პოლიციელიც ავის თვალით შემოსცქერიან. ვინ იცის, იქნება გიჟადაც ეგონათ. ხმა
გაიწყვიტა და ააჩქარა ფეხი. ბინდი მორეული იყო, როცა ბოიესთვის დანიშნულ
მიკიტანხანასთან მივიდა. აქ ერთი დედაკაცი შეხვდა და ჰკითხა:
– ბატონო, ვერ მიმასწავლებთ, სოვაჟის ყავახანა რა ადგილას არის?
– აი ემანდ არის, – უთხრა დედაკაცმა და იქავ ცხვირწინ მიუთითა.
– ექა?
– დიაღ, აი მაგ დიდ სახლში.
გუდარმა თვალი გადაავლო და ნახა იქაურობა მინგრეულ-მონგრეულია,
შეფიქრდა და ხელახლად ჰკითხა:
– ეს არის?
– სწორედ, – უპასუხა დედაკაცმა და მოშორდა.
გაოცებული გუდარი მივიდა ნანიშნევ სახლთან. რვა საათი იყო, როცა
გუდარი სამიკიტნოში შევიდა. კარი შეაღო თუ არა, სინათლე ეცა თვალში და
ისეთი სუნი გამოვიდა, რომ კაცს თავბრუს დაასხამდა. გუდარი რომ შევიდა და
მიიხედ-მოიხედა, გაუკვირდა – ამისთანა უწმინდურებაში რა ფიქრად მოუვიდა
იზას, რომ კაცი მოიწვიაო. სამიკიტნო ხალხით გატენილი იყო, გუდარი
თვალგაფაციცებით იყურებოდა, აგებ გამოვიცნო, ვინ არის იზასაგან დაბარებული
კაციო. ამ ფიქრში იყო, როცა ერთი იქ მყოფთაგანი ადგა და ამისაკენ გამოსწია.
– თქვენ მგონია, ვიღაცას ეძებთ? – ჰკითხა გუდარსა.
– დიაღ.
– სახელი მითხარით, ვისა?
– ბოიეს.
– მე გახლავარ.
– ძალიან კარგი.

– თუ გნებავთ, ჩვენ აი იქით კუთხეში თავისუფლად მოვილაპარაკებთ.
– სულ ერთია ჩემთვის.
წავიდნენ და ორნივ კუთხეში დასხდნენ, ხოლო ორივეს ეგრე ყოფნა
როგორღაც ეჩოთირებოდათ.
– თქვენ უსათუოდ გეცოდინებათ, – უთხრა ბოლოს გუდარმა, – რაზედაც
უნდა მოვილაპარაკოთ?
– არ ვიცი, – უპასუხა ბოიემ ქურდულად და თავის ქნევით, – მე მარტო ის
ვიცი, რომ თქვენ რაღაცა უნდა შემომიკვეთოთ. დიდს ფულს თურმე მპირდებიან
გასამრჯელოდ, თუ ავასრულე, რასაც მომთხოვენ. მეუბნებიან ამასთანაც,
უწინდელს თანამდებობაზედ ისევ შეგიყვანთ და გაგამწესებთო. ყველა ეს კარგია,
მაგრამ რას ითხოვენ ჩემგან, ის კი ჯერ არ შეუტყობინებიათ. არ შეიძლება
გვიბძანოთ, თქვენ ვინა ბძანდებით?
– იმას ითხოვენ, რომ თქვენგან დაწყობილი საქმე თქვენვე უნდა განაგრძოთ,
– უთხრა გუდარმა და პასუხი კი არ მისცა უკანასკნელ კითხვაზედ, – უნდა
დაამტკიცოთ, რომ თქვენმაგიერი აგენტი, რომელსაც თქვენ შემდეგ მიანდეს ის
საქმე, შემცდარია და სტყუის. ლეა მედანის საქმეზედ გელაპარაკებით. თქვენ
თქვენად წარუდგინეთ საბუთები, რომელსაც ჩვენ მოგცემთ ხელში.
– ერთი დამაცათ, – შეჰნიშნა ღიმილით ბოიემ, – ჩემმა მოადგილე აგენტმა
რომ გამოძიება წარადგინა, ის უჩემოდაც დაწუნებულია გამომძიებლისაგან,
იმიტომ რომ გამომძიებელი იმასვე სდებს ბრალს, რომელიც მე დავაჭერინე. ჩანს,
ჩემი გამოძიება სწორე გამოძიებად უცვნიათ და ის კაცი კი, რომელიც ჩემმა
მოადგილემ დააჭერინა, გაუმართლებიათ და განუთავისუფლებიათ. ამაზედ მეტი
მგონი საჭირო აღარა იყოს რა.
– არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაგ უსამართლოდ დაჭერილს უნდა ჯავრი
ამოიყაროს მასზედ, თუ რად დამიჭირესო?
– ძალიან ცდება, თუ ეგრეა. გამომძიებელი შეცდა, რომ ის ხელიდამ გაუშვა.
იმას, ვისაც ეხლა ბრალსა სდებენ, არ შეიძლება ამხანაგი არა ჰყოლოდეს და ძალიან
დასაჯერია, რომ...
ბოიემ სიტყვა არ დაათავა. გუდარს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ენის
განძრევაც ვეღარ გაჰბედა.
– მე მაინც არ მესმის, ჩემგან რასა თხოულობთ, – სთქვა ბოიემ.
– ადვილი გასაგები კია, – უთხრა მკვახედ გუდარმა, – ჩვენ გვინდა, რომ
ჩვენგან გასამრჯელო მიიღოთ და ჩვენც იმისთანა სამსახური გაგვიწიოთ,
როგორსაც პოლიციას უწევდით.
– სუ! ეგრე ხმამაღლა ნუ ამბობთ მაგას, – უთხრა ბოიემ ქურდულადვე, –
სწორედ მაგ საგანზედ აქ არაფერი არ ითქმის... იქ, პოლიციაში, ვირჯებოდი
სიმართლის აღმოსაჩენად, საზოგადოების საკეთილდღეოდ... აქაც ხომ ამათივე
სახელით არ ითხოვთ ჩემს სამსახურსა?
– ჩვენ თავის დღეში ვერ მოვრჩებით ჩვენს ლაპარაკს, თუ აგრე მოვყევით.
ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ და არაფერი კი ვთქვით.
– ჩემი ბრალი არ არის. თქვენი სურვილი თქვენვე უნდა სთქვათ და არა მე.
ყველას ხომ არ გავენდობი: არ გიცნობთ, არ მიცნობთ.

– მე კი, აქ რომ მოვდიოდი, კარგად ვიცოდი, ვისთან მექნებოდა საქმე. ჩვენ
თქვენ გიცნობთ; ვიცით, რა ხელობის კაციცა ხართ. ძალიან, ძალიან კარგად
გიცნობთ, რაცა ხართ, ბატონო ბოიევ.
– მეც კარგად გიცნობთ თქვენ, ბატონო ანდრე გუდარ, – უპასუხა სიცილით
და ხელების ფშვნეტით დათხოვნილმა აგენტმა.
ანდრე თითქო ეკლებზედ იჯდა, წამოხტა მაშინვე და შეშინებით დაუწყო
ყურება თავის მესაუბრესა. რამდენსამე წუთს სინჯავდნენ ერთმანეთს და ერთსა
და იმავე დროს მიხვდნენ, რომ ორივენი დიდი თოკიდამ გამოშვებულები არიან,
რომ ერთი მეორეს ვერ წაუვა. გუდარი აქ რომ მოდიოდა, ეგონა, ბოიე ჩემთან
როგორ მოვა, საითაც მინდა, თავს იქით ვუზამო. ეგონა, ვეტყვი თუ არა, რომ
კარგად გიცნობ, ბატონო ბოიე, მაშინვე ქედს მოიდრეკს და მეტყვის: “მიბრძანეთ,
თქვენი ყურმოჭრილი ყმა ვარო”. ეგრე კი ვერ აუხდა. ბოიემაც თავის მხრით
უთხრა, მეც კი კარგად გიცნობო და ისეთის კილოთი უთხრა, ისეთი თვალით
დააცქერდა, რომ გუდარი თავიდამ ფეხებამდე აირია.
– დიაღ, ბატონო გუდარ, მე ვიცი, ვინცა ხართ, და ძალიან კარგადაც ვიცი.
თქვენ კაი მსხვილი სალახანა კაცი ხართ. თქვენ დიდი ავანჩავანი ბძანდებით
ნამუსზედ ხელაღებულ ლამაზ ქალებისა. და იმის გამო, რომ მარტო ხორცის
სიამოვნებას აჰყოლიხართ და არც კი გინდათ შეიტყოთ, სული-გული აქვთ იმ
ქალებს თუ არა, – თქვენ ჯაგლაგს გეძახიან. დიაღ, მე ძალიან კარგად გიცნობთ
თქვენ, ანდრე გუდარ, რომელსაც მეტსახელს ჯაგლაგს გეძახიან. მაგრე ქეიფის
ცხოვრებისათვის ფულებია საჭირო, ხოლო თქვენ თავის დღეში შრომით და
ჯაფით ფული არ გიშოვნიათ. მე ვიცი, რომ ლეა მედანს ბანკის ბილეთები ჰქონდა
და თქვენ წაგიღიათ.
ანდრეს ჯერ გონება დაებნა, მიიხედ-მოიხედა და, რა ნახა, რომ ამათკენ
თვალი არავის უჭირავს, ბოიეს სიტყვა გააწყვეტინა:
– ჰო, მართლა, ის ბანკის ბილეთები, რომელიც მერე თქვენ მოიპარეთ!
– ეჰ, ბატონო გუდარ, – უპასუხა ბოიემ, – რად იხმარეთ იმისთანა სიტყვა,
რომელიც მე, თქვენზე რომ ვლაპარაკობდი, ვერ გავბედე გამომეთქვა. თქვენ
თვითონ მაიძულებთ უკადრისის სიტყვის ხმარებას და მე თქვენსავე სიტყვას
გაგიმეორებთ: ლეა მედანს ბანკის ბილეთები ჰქონდა და თქვენ მოიპარეთ.
– ყური მიგდეთ, – უთხრა გაჯავრებით გუდარმა, – თავი დავანებოთ
მაგისთანა ლაპარაკსა, თორემ ყბედობის მეტს ვერას გავაკეთებთ.
– მითამ?
– ბატონო ბოიევ, ერთმანეთის წაყვედრებას ბოლო მოვუღოთ.
– მეც ეგ მინდა.
– თქვენზედ დიდი ეჭვია პალიარის ქვრივის ბანკის ბილეთების დაკარგვის
გამო.
– ეგრე კია?
– თქვენ თანამდებობაზედ ხელი აგაღებინეს, ცხოვრების სახსარი
შემოგაკლდათ. ერთი რომ წავუჩურჩულო ყურში გამომძიებელს, ხომ დაგიბარებენ
და მოგკითხვენ, საიდამ გიშოვნიათ ბანკის ბილეთები, რომელიც დეიდათქვენსა
ჰქონდა მობარებულიო?

ბოიე სულ იცინოდა და გუდარი კი თანდათან სცხარობდა.
– მე ვიტყვი, ეგ ბილეთები იმიტომ გამოვართვი-მეთქი, რომ კაცი, ვისაც
მიუბარებია, ვერ გაბედავს უკანვე მოითხოვოს, რადგანაც ეს ბილეთები მოპარული
აქვს-მეთქი, – უპასუხა ბოიემ.
– თქვენ ლამის ყელში სისხლი მომგვაროთ. ერთი მითხარით, გინდათ თუ
არა მოვრიგდეთ?
– რასაკვირველია. ამას კი გეტყვით, ტყუილად ნურავინ ინდომებს, რომ მე
თავზედ წამომაჯდეს და მხედნოს, თქვენ გეგონათ, რომ, რაც გინდათ, იმას
მაქნევინებთ, რადგანაც ჩემი ავკარგიანობა გცოდნიათ. მაგრამ მეც ხომ ვიცი
თქვენზედ ზოგიერთი რამ, იქნება მასზედაც მეტი, რაც თქვენ იცით ჩემზედ...
მხრებს რად იჭიმავთ? არ გეჭაშნიკათ თუ? თუ მე ხელს მოვკიდებ გამოძიებას,
დარწმუნებული იყავით, გიურეს გამოძიებას სულ მოვშლი... მე უადგილოდ ვარ,
ფულები მიჭირს, მართალია, მაგრამ თქვენგან კი მაინც არ შევშინდები. სამჯერ
მომსვლია თქვენი ბარათი. ნუთუ იმისთანა სულელი გგონივარ, რომ არ
შევიტყობდი, ბარათებს ვინ იწერება ჩემთან? მე ვიცი, ბატონო გუდარ, ჩემი თავი
თქვენთვის ძალიან საჭიროა და ამიტომაც შემიძლია მოგთხოვოთ, როგორაც კაცმა,
რომლის ხელშიაც თქვენი საბელია ყველისა.
გუდარი მიხვდა ეხლა კი, რომ ძალიან ოსტატ და ჭკვიან კაცთან აქვს საქმე;
რომ ეს ბოიე ეშმაკობაში და ოსტატობაში ბევრით წინ არის თვითონ გუდარზედ.
დარწმუნდა, რომ ამ იეზუიტს, ამ ტარტიუფს, ამ დონ-ბაზილიოს ვერაფერში
მოატყუებს. მიხვდა, რომ ამისთანა კაცთან ბძანება არ გაუვა, უნდა თვითონ
დაემორჩილოს. გუდარს დიდი ხანი ვეღარ მოეკრიბა გონება, რომ პასუხი გაეცა.
შიშმა აიტაცა. ბოლოს როგორც იყო შეშინებულის ხმითა ჰკითხა:
– აბა რას მომთხოვთ გასამრჯელოს?
– ჯერ თქვენ მითხარით, რა საქმეს მკიდებთ, – უპასუხა ბოიემ უწინდელებრ
ღიმილით.
გუდარმა არეულად შეხედა ბოიეს და პასუხი ვერ მისცა.
– მახლას, – უთხრა ბოიემ, – მე რომ აქ მოვდიოდი, ვიცოდი, რა საქმეზედაც
მეძახოდით. აბა ერთი დავლიოთ, ბატონო გუდარ, და მოვილაპარაკოთ.
ღვინო დაუსხა, თვითონაც დაისხა, და რომ დალიეს, ბოიემ უთხრა: თქვენა
გწამებდნენ ლეა მედანის მოკვლას; თქვენ დაჭერილიც იყავით... მძიმე საბუთებია
თქვენს წინააღმდეგ. განგათავისუფლეს, მაგრამ ყოველს წუთს იმის შიშში ხართ,
აი, მოვლენ და ხელახლად დამიჭერენო.
გუდარმა უთხრა – მართალიაო, და ბოიემ ისევ იმ ღიმილით განაგრძო:
– თქვენი შიში უმიზეზო არ არის, ბატონო გუდარ. მე ჩემის მხრით გეტყვით,
რომ დიდი წინდაუხედაობა იქნება თქვენგნით, რომ მას შემდეგ, რაც
გადაგხედიათ, კიდევ პარიზში დარჩეთ; მაგრამ რა? ეგ თქვენი საქმეა. მაინც კიდევ
გიჯობთ თავი მიიმალოთ სადმე და სამალავს ადგილს მე გიშოვნით, თუ გნებავთ.
მე წევრიდამფუძნებელი ვარ ერთის საზოგადოებისა, რომელიც შველის და ნუგეშს
აძლევს ყოველს კაცს, რომელიც იმ საზოგადოებას მიჰმართავს. მაგრამ საქმეს რომ
დავუბრუნდეთ, ისა სჯობია. თქვენ გაგათავისუფლეს, მაგრამ მანამ სამართალი
ქალის მკვლელს ანუ გამქურდავს არ იპოვის, – თუ ვინიცობაა, არ დამტკიცდა,

რომ ლეა მედანმა თითონ მოიკლა თავი, – ისინი, ვისზედაც მცირედი რამ ეჭვი
აქვთ მოტანილი, ვერ იტყვიან, გადავრჩითო... მე ვიცი კაცი, რომლის წინააღმდეგ
მცირეოდენი საბუთებია. იმას გაასამართლებენ და თქვენ ეხლა აი რის თქმა
გინდათ: “ბატონო ბოიევ, თქვენ გამოგიძიებიათ ეს საქმე; თქვენის რჩევით
დაიჭირეს ის ყმაწვილი კაცი – მორის ფერანი. რა საკვირველია, დარწმუნებული
ხართ, რომ დამნაშავე ის არის. გაგვიმჟღავნეთ ყოველისფერი, რაც კი მისი
წინააღმდეგია. ჩვენ ფული ბევრი გვაქვს და გიშველით, სხვა ახალი საბუთებიც
მოვაგროვოთო”.
გუდარს გაეცინა; სწორედ ისა სთქვა, რისი თქმაც თვითონ გულში ედვა და
ვერ გაებედნა კი.
– სწორედ ეგ არის, ბატონო ბოიევ, სწორედ, – უთხრა გუდარმა.
– ერთის სიტყვით, – განაგრძო ბოიემ საქმიანის კაცის კილოთი, – თქვენ
გინდათ ანდრე გუდარი დაიხსნათ და მორის ფერანი კი დაასჯევინოთ
სამართალსა. რა თქმა უნდა, რომ ანდრე გუდარისათვის ეგ ძალიან კარგი იქნება!
ბოიე დააშტერდა გუდარს ისე, რომ გუდარმა ვერ გაუძლო და თავი ჩაღუნა.
– სწორედ მაგის თქმა მინდოდა, – უთხრა ბოლოს გუდარმა.
– აბა რას მომცემთ მაგისათვის? – ჰკითხა ბოიემ.
– კარგი იქნებოდა თქვენ გეთქვათ, რას ითხოვთ? – ჰკითხა თავის რიგზედ
გუდარმა.
– ძალიან ბევრს, – უპასუხა ბოიემ, – თქვენ გამო ორიათასხუთასი თუმანი
ხელიდამ გამომეცალა. ის ბანკის ბილეთები ხომ ჩემს საკუთრებას შეადგენდა.
გუდარს თავბრუ დაესხა. ნუთუ დანაკარგს მოგვთხოვს? – გაიფიქრა გულში.
– აბა, რამდენს ითხოვთ? – უთხრა გუდარმა.
– მე იმას ვიქმ, რომ თქვენ ხელს აღარავინ გახლებთ...
– პარიზში კი მინდა დარჩომა, იცოდეთ.
– შეგიძლიანთ. თქვენც დამეხმარებით საბუთების მოგროვებაში მორის
ფერანის წინააღმდეგ. თუ საქმე გაჭირდება, მე გიშველით აქედამ გაქცევას. ჯერ
ხომ თავისუფალი ხართ და ეგრეც იქნებით. მორის ფერანის გასამტყუნებლად
ასეთს საბუთებს გიპოვნით, რომ ხსნა აღარ იყოს. თუმცა პოლიციაში აღარა ვარ,
მაგრამ იქ ბევრი მეგობრები მყვანან, ყველაფერს შემატყობინებენ და, თუ რამ
საშიში იქნება, მაშინვე გაცნობებთ. თქვენც ხომ ეს გინდათ?
– რასაკვირველია. თქვენ უნდა ყოველივე ღონისძიება იხმაროთ, რომ
ჩემზედ ერთი ბეწო ეჭვიც აღარ ჰქონდეთ.
– მაგას თქმა აღარ უნდა.
– ასოცდახუთს თუმანს მოგცემთ.
– ბეისათვის თუ! – იკითხა ბოიემ, – როდის მომცემთ?
– ხვალე. მაშინვე, რაკი ფერანს გაამტყუნებენ...
– გაამტყუნებენ თუ გაამართლებენ, თქვენი რა საქმეა. ოღონდ თქვენ ხელი
არ გახლონ, სხვა რა გინდათ.
– ფერანის გასამართლების შემდეგ კიდევ მაგდონს მოგცემთ.
– არა, ორასორმოცდაათს თუმანს ვითხოვ.

– ბევრია, მაგრამ რა გაეწყობა. თქვენს სიტყვაზედ იყოს. ამ დღიდამ მე ხელი
არავინ არ უნდა მახლოს.
– მომითმინეთ, პირობა გარკვევით და რიგიანად უნდა დაიდვას. ჩემი
ვალია, რომ თქვენ თავისუფალი იყოთ და, თუ ხელახლად გეშს მოიტანენ
თქვენზედ, აქედამ უნდა გაგაპაროთ. ამისათვის ვითხოვ თქვენგან ორას
ორმოცდაათს თუმანს წინად. ასოცდახუთს მას მერმედ, როცა სამშვიდობოში
გაგიყვანთ, თუ თქვენი გაპარება საჭირო იქნება.
– ეგ მეტად მძიმე პირობაა.
– ასე კია და! – უთხრა ღიმილითვე ბოიემ, – ამაზედ ნაკლებ მე არ
დაგჯერდებით. დღესვე შევუდგები თქვენს საქმეს. რას იტყვით, თანახმა ხართ, თუ
არა?
– თანახმა ვარ. ეს კი იცოდეთ, რომ, თუ მე ხელახლად დამიჭერენ და
მკითხვენ რასმეს ბანკის ბილეთების თაობაზედ, მე ვაჩვენებ, რა პირობითაც
დავუგირავე პალიარის ქვრივსა და ამ ჩვენებიდამ ცხადი იქნება, რომ თქვენ, თუ არ
ქურდობით, სხვა გზით ვერ ჩაიგდებდით ხელში იმ ბილეთებსა.
– მუქარა რა საჭიროა, – უთხრა ბოიემ, – პირობა ხომ შევკარით და ჩხუბი
ეხლა მეტისმეტი იქნება.
– მაშ კარგი, ერთი დავლიოთ, – უთხრა გუდარმა.
– ეგა სთქვით, თქვე დალოცვილო! – უპასუხა ბოიემ და დაისხეს ორივემ
ღვინო.
– ხვალ ხომ ვნახავთ ერთმანეთსა...
– ყველაზედ უწინარეს სიფრთხილე გვინდა. დღესვე წაგიყვანთ იმ სახლში,
საცა დრომდე თავი უნდა დაიმალოთ... იმედი მაქვს, გუდარ, რომ უთავბოლო
ცხოვრებამ ღვთის სიყვარული არ დაგიკარგათ. მე თქვენ ღვთის სახლში
მიმყევხართ. იქ სულ ღვთისმოყვარე და ღვთის მლოცველი ხალხია. ლოცვისა და
სულის ცხონების საქმის მეტს იქ ვერასა ნახავთ. შეიფერებთ კი ამისთანა
ცხოვრებას?
– მაგისი რა მოგახსენო, ეს კი მგონია, სამალავად მაგისთანა სახლი ასლი
იყოს, – უთხრა გუდარმა, – პოლიციას ფიქრადაც არ მოუვა იქ მომნახოს.
– მართალსა ბძანებთ. ამასთანაც არც იქ იქნებით ძალიან ხელფეხშეკრული.
იქაურების ავკარგიანობას ყველაფერს გეტყვით, რომ წინადვე იცოდეთ, რა
ხალხთან გექნებათ საქმე.
ამის მერმედ წამოდგნენ, გუდარი გაუსწორდა მედუქნეს და კაი გუნებაზე
შეიქნა. ბოიე ძალიან კაცი გამოადგა. უხაროდა, რომ საქმე კარგად წარემართა. იზას
გამომძიებელი ხელში ჰყვანდა, ბოიესაგან კიდევ ყოველდღე შეეძლო შეეტყო, რა
მდგომარეობაშია საქმე და შიშია რამე თუ არა. გუდარს უნდოდა გზადაგზა
მოლაპარაკებოდა ბოიეს გულახდილად. დააპირა სამიკიტნოდამ გამოსვლა თუ
არა, სამი ვიღაცა კაცი შემოვიდა და გუდარი შიშით ისევ ჩაჯდა.
– რა დაგემართათ? – ჰკითხა ბოიემ.
– ნახეთ, ვინ შემოვიდნენ?
– ვინ? – ჰკითხა ბოიემ მარდად.
– პოლიციელები, რომელთაც მე დამიჭირეს.

ბოიემ მიიხედა იქით, საითკენაც გუდარმა აჩვენა და მაშინვე გუდარსავით
იქავ ჩაჯდა.
– სუ, – უთხრა გუდარს, – ხმას ნუ ამოიღებთ. ისე უნდა მოვახდინოთ, ვერ
დაგვინახონ.
ორივენი მაგიდას დაებჯინენ და ჩაღუნეს თავები ისე, რომ სახე არ უჩნდათ.
ამ სამ ახალმოსულებში ერთი გიურე იყო, მეორე პალიარი და მესამე ის
გემის ჯარისკაცი, რომელმაც გიურეს უამბო ამას წინად იზას ამბავი.
როცა ამ ჯარისკაცთან მოვიდა მედუქნე და ალაგი უჩვენა დასაჯდომად,
ჯარისკაცმა გულკეთილობით უთხრა:
– თუ გამორჩომა გექნებათ, დღეს გექნებათ. ასე მწყურიან, რომ ზღვას
დავაშრობ.
ბოიემ ყურები აცქვიტა, უნდოდა გაეგო, რას იტყოდნენ ახლად მოსულები დ
მის ყურამდე მოაღწია ჯარისკაცის შემდეგმა სიტყვებმა:
– აი, აქ ეძინა ხოლმე რიგა სოვაჟსა და იმ ქოხში კი, რომელიც თქვენა ნახეთ,
ის ქალი იდგა.
ამ დროს მედუქნემ გაიარა ბოიეს და გუდარის ახლო. ბოიემ დააყენა და
ჩუმად თითქმის ყურში უთხრა:
– შეიძლება აქედამ ისე გავიდეთ, რომ ამ დიდს კარებს ავცდეთ?
– ჰმ, – უპასუხა მედუქნემ, – რაო? განა იმათ შორის არის იმისთანა ვინმე?
ბოიე მიხვდა, რასაც ჰკითხავდა მედუქნე და უპასვუხა:
– არის.
– მაშ ფთხილად უნდა ვიყვნეთ. თქვენს უკან პატარა კარია, იქიდამ ისე
გახვალთ, რომ ვერავინ დაგინახავთ.
– მადლობელი ვარ, – უთხრა ბოიემ და ხელში ფული ჩაუდო, – აბა როგორმე
გავიპაროთ, – უთხრა მერე გუდარს, – იმათ ჯერ თვალიც არ მოუკრავთ ჩვენთვის.
მარდად წამოდგნენ და იმ პატარა კარიდამ რომ დააპირეს გაპარვა, ანდრეს
რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ბოიემ შეაყენა და ორივენი ხმაამოუღებლივ გაიპარნენ.
– გიურე ცდილობს, როგორც ეტყობა, – სთქვა ბოლოს ბოიემ, – აშკარაა,
თქვენ დაგეძებთ, ან თქვენ გადევნებთ თვალყურსა. უსათუოდ ახალი ამბავი რამ
მომხდარა.
– მითამ? – იკითხა გუდარმა და ფიქრს მიეცა.
– აი თქვენ თვითონ იფიქრეთ: თუ არ თქვენის მიზეზით, რად მოვიდნენ
ისინი აქ?
– თქვენა გგონიათ, რომ პარიზიდამვე ამედევნენ მე და თან მომყვნენ?
– მე ეგრე მგონია.
– აგენტი გიურე კიდევ ჰო, მე მიცნობს; მეორენი მგონია აგენტები არ არიან.
– არ იცნობთ?
– არა, მე მარტო გიურე ვიცანი.
– მე გიურეს არ ვიცნობ, ახლად შესულია პოლიციაში. მეორეს კი, აი
ყმაწვილი კაცი რომ იყო, ვიცნობ – იმ დედაკაცის შვილია, რომელსაც თქვენ
ბილეთები დაუგირავეთ. აი ხედავთ, აქ რაღაც ქსელია გაბმული და თქვენს საქმეს
შეეხება.

– ეე! მაშ თქვენი დეიდაშვილი ეგ არის?
ბოიემ პასუხი არ მისცა. ფიქრობდა, რა მიზეზი უნდა იყოს, რომ პალიარი
ასდევნებია გიურესა. ჩუმად ხომ არ დაუნიშნავთ ჩემზედ გამოძიებაო. ძალიან
შეშინდა, თუმცა არ აჩვენა კი გუდარს, რომ გულში შიში შეეპარა.
– მესამე ვიღა იყო? – ჰკითხა გუდარმა.
– იმას კი არ ვიცნობ, აგენტს კი არა ჰგვანდა.
– იქნება აქაურია ვინმე და ბელადად მოუძღვა.
– არა მგონია. აქ მცნობი არავინ გამოუჩნდა.
ცოტას ხანს ორივე დაჩუმდნენ.
– თქვენი განზრახვა ხომ არ გამოგიცვლიათ? – ჰკითხა გუდარმა.
– რომელი?
– სადღაც სახლში უნდა მიგეყვანეთ თავის დასამალავად.
– ნუ სწუხართ, იქ მივდივართ. მაგრამ ჯერ უნდა იცოდეთ იმ საზოგადოების
სახელი და მერმე ერთი სხვა სახელი რამ უნდა მოვიგონოთ თქვენთვის, რომ იმ
სახელით ჩაგწერონ.
– მიბძანეთ, მე ყველაფერში თქვენზედა ვარ მონდობილი.
– თქვენ დაბინავდებით ერთს სახლში, რომელსაც ჰქვიან: “კეთილ გზაზედ
დამაყენებელი ბინა ჭაბუკთათვის”. აბბატ დიუტილეილის გამგეობის ქვეშ არის.
– ეგ კარგია, მე დამაყენებთ სახლში, რომელიც მღვდლის გამგეობის ქვეშ
არის, განა? – უთხრა გუდარმა და გულიდამ ყოველივე სიმძიმე აეხსნა. იცოდა, რომ
ამისთანა სახლში პოლიცია ფეხს ვერ შემოსდგამდა, თუ უმაღლესის მთავრობის
ბრძანება არ იქნებოდა, – მიმიღებენ კი? – დაუმატა კითხვა გუდარმა.
– მაგისი მე ვიცი. თქვენი შესვლა იმ სახლში არ ეწინააღმდეგება
საზოგადოების წესდებასა.
– როგორ? – იკითხა გაოცებულმა გუდარმა.
– ისე.
აქ ბოიემ უამბო ყველაფერი წესი იმ სახლისა და დაარიგა, როგორ უნდა
მოიქცეს იქ ყოფნის დროს.
დავანებოთ თავი ამათს ლაპარაკსა და მივბრუნდეთ ისევ სოვაჟის
ყავახანაში.
ბოიე მოსტყუვდა. არც გიურეს და არც იმის ამხანაგებს ფიქრადაც არა
ჰქონიათ, გუდარს უკან აჰყოლოდნენ.
ჩვენ ხომ ვიცით, რომ გიურემ პოლიციაში შეიტყო გემის ჯარისკაცის სიმონ
რივოს ამბავი. ისიც ვიცით, რომ ამ სიმონ რივომ უამბო იზას ვინაობა. როცა გიურე
დარწმუნდა, რომ თავიდათავი მონაწილე ლეა მედანის მოკვლაში იზა ყოფილა,
ხელახლად მივიდა სიმონთან. ჩამოუგდო იზაზედ ლაპარაკი, სიტყვა-სიტყვაზედ
შეჰყვნენ და ბოლოს სიმონმა უამბო, რომ იზას ერთი საყვარელი ჰყვანდა
მოლდაველი, სახელად გიორგი გრეგორო-გოლესკოვო. გიურეს, რასაკვირველია,
მაშინვე მოაგონდა, რომ ანდრე გუდარმა ეგ სახელი დაირქვა, როცა ბოლოს
გამომძიებელმა ჩვენება ჩამოართვა. ცხადი იყო, რომ გიურე კაი კვალს აედევნა.
სიმონმა ესეც უამბო, რომ ორის წლის წინად ეგ გიორგი გრეგორო რიგა სოვაჟმა
მოჰკლა. მაშინ გიურემ სთხოვა სიმონს, ერთი წამიყვანე და ის ადგილები მაჩვენე,

საცა იზა იდგა პირველ ხანებში, პარიზში რომ მოვიდაო. პალიარმაც, რომელსაც
ყოველისფერი ეს უამბო გიურემ, მოინდომა თან გაყოლა. აი რა მიზეზი იყო ამათის
მოსვლისა სოვაჟის ყავახანაში. სწრაფად მიათვალ-მოათვალიერეს იქაურობა და
ისევ გამოვიდნენ.
– რიგას ამბავი ჩვენთვის საჭირო არ არის, – სთქვა გიურემ, – ჩვენ ჩვენი
მოხილვა განვაგრძოთ.
– ეხლა აქეთ წამობრძანდით, – უთხრა სიმონმა და ქოხი დაანახვა. საცა იზა
მდგარიყო. შიგნით ქოხი სულ მინგრეულ-მონგრეული იყო; აი აქ იძინებდა ხოლმე
ის უნამუსო გოგო, მე მერეც შევხვედრივარ იმას, როცა დიდი კაცის ცოლად
შეიქმნა. მაგრამ, ვფიცავ, თავის დღეში ისეთი ლამაზი არა ყოფილა, როგორც იმ
დილას, როცა მე და ლეიტენანტმა ვნახეთ; ის მაშინ გამოდიოდა... ხომ იცით, რის
თქმა მინდა... ისე იყო ჩაცმული, რომ ბევრს რასმეს დაინახავდა კაცი... ტანსაცმელი
მგონი ძვირად არ ექნებოდა ნაყიდი.
– ღარიბად იყო?
– ასე რომ დაგენახათ, გროშის ჩუქებასაც კი აკადრებდით.
– მაგ ყოფაში იყო ამ ორის წლის წინათ?
– ორი თუ არა, სამი წელიწადი კი იქნება მას აქეთ... აბა ახლა აქეთ
გამომყევით.
სიმონმა გაატარა თავის ამხანაგები ეზოზედ და გაიყვანა ქუჩაში.
– შე კაი კაცო, ამ ტლაპოში რაზედ გვატარებ, – უთხრა პალიარმა.
– არა უშავს რა, როგორმე გავინაპირებთ. ნუ გეშინიანთ, გუბეში არ
შეგიყვანთ... არხებზედ ფეხდაფეხ გადახტომა შეიძლება.
რამდენსამე ხანს იარეს წუმპესა და ტალახში. ბოლოს სიმონი მივიდა და
ერთს დაქცეულ ქოხთან გაჩერდა.
– აქ ჩვენ არავინ დაგვიშლის. აქაურები ამ ადგილს შიშით ვერ მოჰკარებიან.
– შიშითო?
– დიაღ, შიშით. მკვდარი გიორგი გოლესკო აქ იპოვეს.
– აქ მოეკლათ გოლესკო?
– აქ მოეკლა ბებერს სოვაჟს. თავის დროზედ ბევრი ლაპარაკი იყო ამაზედ.
– გამოძიება იყო?
– რა გამოძიება? ყველგან ხომ ცხვირს არ წაჰყოფს პოლიცია.
– აი კაი ამბავი! – დაიძახა გიურემ.
– რად გინდათ, გამოძიება იყო თუ არა?
– მაშინ დამტკიცებული იქნებოდა მაინც, რომ ის კაცი მართლა მოკლული
ყოფილა. თორემ ეხლა, ვინ იცის, იქნება ჭორად დადის ეგ ხმა. ხალხი ყბედია და
ჭორიკანაობა უყვარს. მაშ თქვენ ამბობთ, რომ გიორგი გოლესკო იქ მოჰკლეს, საცა
ეხლა სამიკიტნოა.
– ბებერმა რიგამ აქ მოათრია მკვდარი. ეს ამბავი გვიან შეიტყეს; როცა სოვაჟი
დაიჭირეს, გააღეს კარები და მკვდარი, ნახევრად შეჭმული თაგვებისაგან. აქ
იპოვეს. მას აქეთ ამ ქოხს “მკვდრის სახლს” ეძახიან. და აქაური ბრიყვები,
რომელთაც არც ღმერთი სწამთ, არც ეშმაკი, გაივლიან ამ სახლის წინ თუ არა,
პირჯვარს გადიწერენ ხოლმე.

– ეს ამბავი კარგად უნდა შევიტყოთ. თუ დავამტკიცებთ, რომ გრეგორო
გოლესკო მოუკლავთ ამ სამის წლის წინად, მაშინ კაცი, რომელმაც ეხლა ეგ სახელი
დაირქვა, ძალიან გაებმის. ჩვენ კი ვიცით, რომ სხვის სახელი დაირქვა,
სამართლისათვის კი საჭიროა უეჭველი საბუთი.
– თუ გნებავთ, ისევ დუქანში შევიდეთ. ხახა ამომიშრა, – უთხრა სიმონმა, –
ცოტა ჩალბობა უნდა. იქ ყველაფერს, რაც მინახავს, გიამბობთ.
– როგორ თუ გინახავთ?
– ჰო-და მინახვს...
– ერთი წამოდით ჩქარა, გვიამბეთ ყველაფერი.
– მოვასწრობთ, დრო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.
სამნივე ისევ დუქანში მობრუნდნენ და მაგიდას გარს მოუსხდნენ. გარს
ყველანი ჩამოეცალნენ ამათ, რადგანაც მედუქნემ ანიშნა, რომ აქ პოლიციის
აგენტიაო. ერთი ლაზათიანი ჭიქა გამოშუშა თუ არა სიმონმა, დაიწყო:
– ჯერ ის უნდა გითხრათ, ვინ იყო გრეგორო გოლესკო. იზას საყვარელი იყო
და იზასაც უყვარდა სხვა საყვარლებზედ უფრო მეტად და, როცა იზამ შეატყო, რომ
გოლესკო ბევრს უშლის, უთხრა – პარიზიდამ წადიო. თვითონ გოლესკოსაც
ძალიან უნდოდა თავის ქვეყანაში წასვლა, რადგანაც ჯიბეზედ ძალიან თხლად
იყო. უნდა გითხრათ, ყველა ის მასხარები ზამთარს აქ ატარებდნენ და
გაზაფხულდებოდა
თუ
არა,
დაიქსაქსებოდნენ
ხოლმე,
ზოგი
საით
გადიკარგებოდა, ზოგი საით. ჯამბაზები, ქუჩის მასხარები, კამედიანტები და სხვა
ამისთანა ცუღლუტი ხალხი სულ ამ არემარეში დგას ხოლმე. იმ წელს ყველანი
გაიფანტ-გამოიფანტნენ, მარტო ბებერი რიგა სოვაჟი და გოლესკო დარჩნენ,
რადგანაც გოლესკოს სოვაჟისაგან უნდა მიეღო თავისი წილი ნაშოვარიდგან და ისე
წასულიყო. ბებერი სოვაჟი არ აძლევდა. ორივე თოკიდამ გაშვებულები იყვნენ და,
რაღა თქმა უნდა, ჩხუბი მოუვიდოდათ. ერთს საღამოს სოვაჟთან საქმე მქონდა და
აქ მოვედი. მოვუახლოვდი სახლს თუ არა, დავინახე, რომ ის ბებერი ეშმაკი ქოხში
ფარნით ხელში რაღაცას ჰცოდვილობს. უნდა გითხრათ, ის ბებერი არამზადა უნდა
მე წამეყვანა, იმისთანა საქმე იყო. მე ვიცოდი, რომ ისე სიტყვით არ გამომყვებოდა.
მე მივიმალე კუთხეში და დავუწყე ლოდინი. ის ავაზაკი დადიოდა ქოხში, თითქო
რაღაცას დაეძებდა. როცა თავი გამოჰყო კარებიდამ, წინ ვიღაცა შეეფეთა, ფანარი
მიანათა და იცნო გოლესკო.
– “დროა, სოვაჟ, გავსწორდეთ, – უთხრა გოლესკომ, – დიდი ხანია დროა”.
– მე ეგ მიამა. დეე ერთი მითელონ-მეთქი ერთმანეთი, ახია მაგათთანა
კაცებისათვის; ორივე დასარჩობები არიან-მეთქი; მე სული გავიკმინდე, ვნახოთ,
რით გათავდება-მეთქი ამათი საქმე... დეე მგლებს ერთმანეთი დაეჭამათ – მე რა
ხელი მქონდა. ვინ იცის, რომ გამოვჩენილიყავ, ორივე მე მომცვივნოდა და ერთი
ლაზათიანად მივებეგვე, პატრონი ვინ იყო.
სიმონი შედგა და მოჰყვა ნელ-ნელა წუწვნით სმა ღვინისა.
– მერე რა მოხდა? – ჰკითხა გიურემ მოუთმენლობით.
– მოთმინება იქონიეთ, რას ეჩქარებით, – უთხრა სიმონმა და განაგრძო: –
ბებერმა სოვაჟმა გააქრო ფანარი, მერე იქით მიდგა, ასე რომ მე ისე ვეღარა

ვხედავდი. გოლესკო კი თვალწინ ამეყუდა მთელის თავის ტანითა. თუმცა
ბნელოდა, მაგრამ თვალი სიბნელეს შეჩვეული მაქვს და ყველაფერს ვხედავდი.
–“რიგა, შენ გინდა უკანასკნელი ლუკმაც გამომაცალო პირიდამ, რაღა? –
უთხრა გოლესკომ, – მე ჩემი მამე და წავალ ჩემთვის!”
– “მე შენი არა მაქვს რა”, – უპასუხა იმ ბებერმა არამზადამ.
– “გეუბნები, რიგა, მე ჩემი მომეც, თორემ შენი აღსასრული მოვა”.
ბებერმა ავაზაკმა მხარი აუქცია, თავისის კატის თვალებით შეამცნივა, რომ
გოლესკოს ხელში დამბაჩა უჭირავს.
– “დიდი ტუტუცი რამ ყოფილხარ, – უთხრა რიგამ, – რომ აქ ჩემთან
საჩხუბრად მოსულხარ!
– “მომცემ თუ არა ჩემსას? – ჰკითხა ხელახლად გოლესკომ.
ამ დროს ავაზაკმა სოვაჟმა გაიძრო უშველებელი სარტყლის დანა, ყასბის
დანის მსგავსი, და უკან მოექცა გოლესკოსა. რომ მოატყუოს მტერი, ფანარი იქ
კუთხეში მაიგდო. გოლესკოს ეგონა, სოვაჟიც იქავ იქნებაო და ესროლა დამბაჩა. ის
კი არა, თუ საძაგელი სოვაჟი უკანიდამ მოეპარა და შიგ ბეჭებში ჩასცა დანა.
საწყალს გოლესკოს უნდოდა მობრუნებულიყო, მაგრამ დაბარბაცდა და
დედამიწაზედ გაიშხლართა. სოვაჟმა იპოვა თავისი ფანარი, აანთო და დაუწყო
სინჯვა თავის ნამოქმედარს.
– თქვენ ადგილიდამაც არ დაიძარით? – ჰკითხა პალიარმა.
– ეი, რა ყოჩაღი ყოფილხართ! მე რა ხელი მქონდა? ბებერი ავაზაკი ცალ
ფულადაც არა ჰღირდა და არც გოლესკო იყო ამაზედ მეტის ფასისა. სოვაჟმა
გადმოუბრუნა ჯიბეები, ამოაცალა, რაცა ჰქონდა, რაღაც ქაღალდები უპოვა და
ჯიბეში ჩაიწყო.
– ყოველივე ეს გამოგვადგება, – სთქვა პალიარმა, – კარგა კი უნდა
დავიხსომოთ.
– მართალს ამბობთ, ჩემო პაწიავ! ქაღალდები რომ ჯიბეში ჩაიწყო იმ ბებერმა
ავაზაკმა, რომელსაც არ უყვარდა სხვასთან ლაპარაკი, სთქვა თავისთავად: “ყველამ
იცის, რომ გოლესკო წასულია, ვის მოუვა ფიქრად მაგისი მონახვა”. მერე აიღო
მკვდარი, შეიტანა იმ ქოხში, რომელიც მე გაჩვენეთ, და მეც თან ავედევნე. როცა
დაიხარა, რომ მკვდარი ძირს დადოს, ერთი ასეთი მუშტი ვუთავაზე თავში, რომ
თავბრუ დაესხა. დედამიწაზედ დაეცა, ზედ დავაჯექ, ხელები შევუკარი და კრიჭა
ავუკარი, რომ არ დაეყვირნა. ახ, ნეტავი მაშინ კი დაგენახათ და! მალე მოვიდა
გონს, ფორთხალობა დაიწყო, უნდოდა ხელიდამ გამომცლოდა, მაგრამ ვერ
მივართვი. მე სიცილით ვკვდებოდი, ის რომ კაპასობდა და ტუჩებს იკვნეტდა, სხვა
ღონე რომ არა ჰქონდა.
– რაო, ეშმაკის თესლო! – ვუთხარი მე, – კარგად მოგთელე თუ არა?
იღმუილე რამდენიც გენებოს, მე ისე ჩაგჭედე, რომ ხელიდამ ვერ წამიხვალ.
მგონია, არაფერი მომიტეხნია შენთვის. მე, ჩემო ძმაო, კარგად ვიცი ხოლმე ჩაბეჭვა.
აი, ამისთანა ბოლო ჰქონდა იმ ახმახს გოლესკოსა.
გიურემ ყოველივე ეს ჩასწერა თავის სახსოვარს წიგნში.

– ეხლა საკმაოდ ვიცით ეგ ამბავი, – სთქვა გიურემ, – ჩვენი გამოძიება
შესრულდა. ხვალ მოვითხოვ, რომ გამომძიებელმა მომისმინოს. თუ უარს მეტყვის,
გაზეთებში გამოვაცხადებ.
– სულ იმ გოგო საქმე კი იყო, – სთქვა სიმონმა, – მე ვიცი, რა წმინდა წყლისაც
არის ის ქალი, რომელზედაც მე და თქვენ ვლაპარაკობთ. იმის ხელიდამ რა არა
გამოვა!
– იმ ეჭვის გარდა, რომელიც მიიტანეთ, როცა იმისი ნივთები ისყიდებოდა,
სხვა ახალი ამბავი ხომ არა შეგიტყვიათ რა იმ ქალზედ? – ჰკითხა გიურეს
პალიარმა.
– მე ამოწერილი მაქვს პოლიციის წიგნიდამ ზოგიერთი ამბავი იმ ქალზედ
და ის ისეთი ამბებია, რომ ბევრს არას მოვეთავაზები იმ ქალბატონსა. რაც
პოლიციაში იმაზედ შემიტყვია, კარგად უხდება იმას, რაც თქვენგან შევიტყეთ, –
უთხრა გიურემ სიმონს.
– ახ, რა ლამაზია ის ნამუსზედ ხელაღებული, რომ იცოდეთ! – სთქვა
სიმონმა.
გიურემ გაშალა თავისი სახსოვრის წიგნი და წაიკითხა შემდეგი:
“იზა ღარიბის ბოშის შვილია, ბოშებს თან დასდევდა ქუჩა-ქუჩა; უკანასკნელ
არეულობის დროს სოფლები ქურდობით გააჩანაგეს. რადგანაც ყველაზე ლამაზი
იყო, ბოშებში თავკაცს ეჯდა ხოლმე ხასად. მეტად უსირცხვილო ყოფაქცევის
ქალია. ერთხელ ერთს სოფელში სულ მთლად გატიტვლებული იზა ნაცემ-ნატყეპი
ენახა ერთს ვიღაცა ზინსკის, რომელიც გრაფობით ახსენებდა თავს. იმ ზინსკიმ
ხასად დაისვა, ჭუჭყს და ტანტალს შეჩვეული იზა ძლივს იშვნევდა მდიდრულ
ყოფა-ცხოვრებას და შეიყვარა თავისავითვე ბოშა გიორგი გოლესკო, რომელიც
სამართალში იყო მიცემული ქურდობისათვის და ავაზაკობისათვის. იმას გაჰყვა
და გაიქცა”.
– მართალია, ამისთანა ადამიანთან დიდი თავაზა არ დაგჭირდებათ, –
უთხრა პალიარმა.
– ხვალ შევუდგები საქმეს, – სთქვა გადაწყვეტილად გიურემ.
თვითო ჭიქა ღვინო დალიეს და სამიკიტნოდამ სამნივე ერთად გამოვიდნენ.

V
სასამართლოში
მინამ აგენტი გიურე გამოძიების ამბავში იყო, შადისა და პალიარის
შემწეობით სცდილობდა ყოველიფერი ნახული და სმენილი რიგზედ მოეყვანა და
ცხადის საბუთებით მისულიყო გამომძიებელთან, თითონ საქმე თავის წესზედ
მიდიოდა; ვერშემონმა შეავსო გამოძიება, ბრალდებითი ოქმი შედგენილი იყო და
გასამართლების დღეც დაენიშნათ.
გასამართლების დღეც მოვიდა; მორისს დიდხანს ჰქონდა ლაპარაკი თავის
ვექილთან. ვექილი თითქმის დარწმუნდა, რომ მორისი უბრალოა, მაგრამ ბევრს
ეცადა და ვერ ათქმევინა, სადა და როგორ გაატარა ღამე ოცს ივნისსა. მორისსს

ყოველივე იმედი გადუწყდა. სესილი ავად იყო და ამის გამო ვერ შეეძლო
იმისათვის ეკითხნა რამე და საწყალი დარწმუნდა, რომ ბედისწერა სდევს და
გამართლება შეუძლებელია. ამელი არა ჰშორდებოდა ავადმყოფს სესილსა;
რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან უკეთობა დაეტყო სესილს და ამელი
ეხვეწებოდა ვექილს, ეცადოს, რომ გასამართლება სხვა დღისთვის გადადონ.
საწყალს ქალს ცოტაოდენი იმედი მიეცა, რადგანაც პალიარი, რომელიც ყოველდღე
დადიოდა სესილის ამბის შესატყობლად, ნუგეშს აძლევდა და ამხნევებდა.
პალიარმა დააჯერა კიდეც ამელი, რომ ჩვენ ნამდვილ დამნაშავეების კვალში
ჩავდექითო. ტიუსსო და იმისი ცოლი სწორედ დახოცილები იყვნენ: აღარც
არაფერი ესმოდათ, ვერც არაფერს ჰხედავდნენ. იმათი ფიქრი სესილის მორჩენა
იყო.
გასამართლების დღე რომ მოვიდა, იმ დილით მორისი მოირთო დიდის
მეცადინეობდით და ჰფიქრობდა, როგორ გავიმართლო თავიო; ისევ იმ
გადაწყვეტილებაზედ დადგა, რაზედაც აქამდინ იყო: ყველაფერზედ მართალს
ვიტყვი, ხოლო იმას არ გამოვცვლი, რომ შინ მარტოკა მოვედი და თავი უნდა
მომეკლა, რადგანაც ქალი, რომელიც მე მიყვარდა, მეორეს დღეს სხვაზედ ჯვარს
იწერდაო.
დიდი დარბაზი სასამართლოსი სავსე იყო ხალხითა. ბრალდებულის სკამი
ცარიელი იყო ჯერ კიდევ. მსაჯულნი თავის ადგილას ისხდნენ, მარჯვნივ მოჩანდა
ტანმაღალი ბრალმდებელი. წინ ისხდნენ დიდის ყოფით მორთული ქალები,
თითქო მოსულან თავის მდიდრულის ტანისამოსის საჩვენებლადაო. ყმაწვილი
კაცები და ახალგაზრდა ვექილები ფეხის თითებზედ დგებოდნენ, რომ ქალები
გაესინჯათ. ყველაზედ უფრო დიდი ყურადღება სამმა ქალმა მიიზიდა: ჟანნა
დესილიაკმა, რომელსაც წყალობდა ჰერცოგი X, ბერატში სახელმწიფო მინისტრის
საყვარელმა და ამაზედ კიდევ უფრო მეტად იზამ, რომელიც აოცებდა ყველას
თავისის საგანგებო მშვენიერებითა.
დარბაზში ხმაურობა და მოძრაობა იყო, რადგანაც ყველანი ისწრაფიდნენ
თავიანთი ადგილები დაეჭირათ; ხშირად მოისმოდა “სუს” ძახილი, რომ როგორმე
ხმაურობა შეეწყვიტათ. თავმჯდომარის ბრძანებით შემოიტანეს და გაარიგეს
მაგიდაზედ ნივთიერი საბუთები, რომელთ დანახვაზედ ბევრს ღიმილი
მოუვიდათ. ამ ნივთიერს საბუთებს შეადგენდნენ: წმინდა ბატისტის პერანგი, სულ
კრუჟევებით მორთული, ორი ბროლის ჭიქა და ორი შამპანური ღვინის ბოთლი.
ბოლოს თავმჯდომარემ დაიძახა:
– ბრალდებული შემოიყვანეთო.
ყველანი ატოკდნენ, აბრეშუმის კაბების შრიალი გაისმა და ჩურჩული
ქალებისა, რომელნიც მოუთმენლობით ფეხზედ წამოხტნენ. მორისი შემოვიდა და
თან მოსდევდა ორი ჟანდარმი. საწყალი გაფითრებული იყო, მაგრამ
დამშვიდებული კი; მშვიდობიანის თვალით დიდხანს ჰსინჯავდა ხალხსა. ისეთი
გულმტკივნეულობა აღძრა და ისე მოეწონა ხალხს, რომ თვითონვე შერცხვა და
აწითლდა. იზა ხმაამოუღებლივ დააშტერდა მორისსა, თითქო თვალით შეჭმა
უნდაო და უნებურად წამოიძახა:
– რა მშვენიერია ეს ყმაწვილი კაცი!

იზამ თვალი ვეღარ მოაშორა. როცა ხმაურობა შესწყდა, თავმჯდომარემ
უბრძანა ბრალმდებელის ოქმის წაკითხვა. წაიკითხეს ოქმი და მორისმა მოისმინა
თავჩაკიდებით. ტუჩებზედ უთრთოდა ღიმილი ძრახვისა. მაგ ოქმის კითხვამ
გული აუმღვრია. ჩვენ ხომ ვიცით, რა საბუთებითაც ამტყუნებდნენ: ორი ბოთლი
შამპანურ ღვინისა, რომელიც ეყიდნა ლეა მედანის მოკვლის წინადღეს; იმ ღამეს
შინ არყოფნა მორისისა, მისი ბულვარზედ ყოფნა ერთ ვიღაც ქალთან და ბოლოს
ბარათი, საიდამაც ჩანდა, რომ ამხანაგად ერთი ვიღაც ქალი ჰყოლია. როცა
ბრალმდებელმა ეს წარმოსთქვა: “ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ საქმეში
მარტო მორისი არა რეულა, რომ ხელთმძღვანელი ვიღაც ქალი ყოფილა, ქალს
წაუქეზებია და ეგ ავაზაკობა მოუხდენინებია”, – იზამ წარბები შეიკრა.
ოქმის კითხვაში ბევრმა დრომ გაიარა. მერე უკბილო ბრალმდებელმა,
ტუჩებზედ ღიმილით, გააჭიანურა თავისი სიტყვა დიდის კოპწიაობითა და
პრანჭიაობითა. მისი მჭევრმეტყველობა ნაფიცთა მსაჯულთათვის არ იყო,
სცდილობდა მოსწონებოდა ქალებს, რომელთაც მიშელე “ყვავილების გრეხილს”
ეძახდა. როცა ვითომ ერთი მოსწრებული სიტყვა წარმოსცდებოდა, მაშინვე ერთერთს ქალს დააცქერდებოდა – მოეწონა თუ არაო. მსაჯულებს თითქო ეძინათ
თვალთდაუხუჭავად; იმათი მიბინდული თვალები იყურებოდნენ და ვერაფერს
ვერა ჰხედავდნენ. თავმჯდომარემ მატიე დიუტალმა თვალი შეასწრო იზას და
გაუცინა, ხოლო იზა ისე ატაცებული იყო მორისის სილამაზითა, რომ ვერაფერი
ვერ შეჰნიშნა. იზას თვალი და გული მთლად მოიტაცა მორისმა, მაგ უმანკო კრავმა,
რომელიც ეგრე გაბედვით, ეგრე გულგრილად, უდანაშაულოდ უნდა დასჯილიყო
სიკვდილით დამნაშავის მაგიერ.
მორის ფერანს ეგონა, ამ ხალხში და მოწმეებთა შორის ჩემი
კეთილისმყოფელი, გულშემატკივარი ვინმე უსათუოდ იქებაო, მაგრამ
მოსტყუვდა. მისი დაც კი არ მოსულიყო. მაშინ იფიქრა, რომ უსათუოდ ახალი
საბუთები აღმოუჩენიათ, ასე რომ ჩემი მეგობრებიც კი დარწმუნებულან ჩემს
დანაშაულობაზედაო. როცა მოწმეები დაასახელეს, არც მისი დაჲ აღმოჩნდა, არც
ტიუსსოს ქალი. დას არაფერი მიზეზი ჰქონდა, სესილის თაობაზედ კი
წარმოდგენილი იყო ექიმის მოწმობა, რომ ძალიან ავად არისო. თუმცა მორისის
მომხრე ვექილმა ითხოვა, განსამართლება სხვა დღისთვის გადიდვას, მაგრამ
თხოვნა არ შეიწყნარეს. ყოველ ამან დაარწმუნა მორისი, რომ ამისი საქმე წინადვე
გადუწყვეტიათ, დამნაშავედ არის ცნობილი და, რაც უნდა ჰქმნას და ილაპარაკოს,
ვეღარა დაიხსნის რა. როცა საწყალმა მორისმა მწუხარეს თვალით შეხედა თავის
ვექილსა, ვექილმა მხრები აიწია და თითქო ამის თქმა უნდაო: ”რაღა გინდათ
ჩემგან? რაც შემეძლო, არაფერი დამიზოგავს”.
მორის ფერანს ჰკითხეს: დამნაშავედ სცნობ შენს თავს თუ არაო, – უარი
სთქვა. ამ უარის თქმაზედ ღიმილი მოუვიდათ მსაჯულებს და ნაფიცთა. მერე
შეუდგნენ მოწმეების კითხვას ფერანი ჰხედავდა, რომ აქ მოწვეულნი მოწმეები
მისი უცნობნი არიან. მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ ეგ ვნახეთ ამა და ამ
საათზედაო; ერთმა მათგანმა აჩვენა, რომ შამპანური ღვინო ჩემგან იყიდაო; რომ
ბოთლები რომელიც ლეა მედანის სახლში იპოვეს, ჩემის დუქნიდამ არისო.

თავმჯდომარემ, დარწმუნებულმა რომ ამის შემდეგ ფერანი თავს
ვეღარაფრით იმართლებსო, ჰკითხა:
– ფერან, რა პასუხს იძლევით ყოველ ამაზედ?
– არაფერს პასუხს, ბატონო თავმჯდომარევ!
– თქვენ ხომ უარს არა ჰყოფთ, რომ ამ მოწმისაგან გიყიდნიათ შამპანური
ღვინო?
– დიაღ, ბატონო (იმათ, რომელნიც თანაუგრძნობდნენ მორისს, გაუკვირდათ
ეს სიტყვა მორისისა).
– ხომ მართალია, რომ კლოდ ბერნარის წიგნის შემწეობით იმისთანა
საწამლავის შეზავება ისწავლეთ, რომელსაც სასიამოვნო სიკვდილი მოსდევს?
– დიაღ, ბატონო.
– თქვენ ის საწამლავი შეურიეთ ღვინოს და ლეა მედანს მიუტანეთ?
მორისმა მწუხარედ ჩაიღიმილა და უპასუხა:
– ბატონო თავმჯდომარევ, გეფიცებით, რომ მოწამლული ღვინო ჩემთან
დარჩა და არსად წამიღია; გეფიცებით, რომ ჩემს დღეში ლეა მედანთან ფეხი არ
შემიდგამს; გეფიცებით, რომ არ ვიცი, ის ქალი ვინ იყო.
– ხომ იყიდეთ ორი ბოთლი შამპანური ღვინო, მაშინ როდესაც თქვენ
ყოველთვის იაფის ფასის ღვინოსა სვამდით; თქვენ გიყიდნიათ შამპანური ღვინო
საუკეთესო ღირსებისა და მიგიციათ იმისთანა ფასი, რომელიც თქვენთვის
სამძიმოა. ვთქვათ ეგ არაფერი. თქვენის თავის მოსაწამლავად მოწამლეთ ის
ღვინო?
– დიაღ, ბატონო.
– ახლა ვინ გინდათ მაგითი დააჯეროთ? თქვენ უქონელი მუშა კაცი ხართ,
თქვენ იაფის ფასის ღვინოსა ხართ ჩვეული და გინდათ დაგვაჯეროთ, რომ ის
ძვირფასი ღვინო მარტო თქვენთვის იყო და სხვა არავისთვის? თქვენ ის ღვინო
გიყიდნიათ იმიტომ, რომ ვისთვისაც გდომებიათ, ის ჩვეულს იყო საუკეთესო
ღვინოების სმასა და, რასაკვირველია, იმისათვის უკეთესს ღვინოს ამოარჩევდით.
თქვენ გშინებიათ, ვაი თუ პირველ დაწაფებაზედვე ღვინო დაიწუნოს და აღარ
დალიოსო და ამის გამო ამოგირჩევიათ კაი ღვინო.
– ბატონო თავმჯდომარევ, ჩემს სიცოცხლეში ის პირველი იყო, რომ
იმისთანა ღვინო ვიყიდე. რაკი თავი სასიკვდილოდ მქონდა გადადებული, მე
ფულზედ რაღას დავღონდებოდი; რაც მითხრეს, მქონდა, ავიღე და მივეცი მაშინვე.
– კარგი, ნაფიცნი თქვენს ჩვენებას ასწონენ. თქვენ ამტკიცებთ, რომ შინ
იყავით, გეძინათ, ოთხი მოწამე კი, თქვენი მეზობლები, ამბობენ, რომ ჩვენ
გავიგეთ, ღამის ორს საათზედ კარების რაკუნიო; თქვენ ამ დროს ლეა მედანის
სახლიდამ შინ მოსულხართ.
მორისმა მხრები აიჭიმა და უთხრა:
– მე თქვენ მართალი მოგახსენეთ; და ეხლა, რადგანაც არ მესმის, ჩემგან
სხვას რას თხოულობთ, პასუხს აღარაფერზედ მოგცემთ.
ამ სიტყვებმა დიდი ზედმოქმედება იქონიეს მსმენელებზედ; გულწრფელმა,
მშვიდობიანმა სიტყვა-პასუხმა, მართებულმა ქცევამ მორისისამ ყველა გააოცა.
გულშემატკივრობის ხმაურობამ, რომელიც მას მოესმა, ხალხისაკენ მიახედა

მორისი და, მიიხედა თუ არა, თვალი მოჰკრა იზასა. ლამაზ ქალს ღიმილი ეხატა
სახეზედ. ცეცხლი, რომელიც ქალის თვალში ელვარებდა, ყმაწვილ კაცს ეოცა,
ქალის გაშტერებით მაყურებელმა თვალმა არია ყმაწვილი კაცი, უნდოდა თვალი
გაესწორებინა, მაგრამ ვერ გაუძლო ქალის თვალთა მეტყველებას და თავი ჩაღუნა.
იგრძნო, რომ თავში სისხლი აუვიდა.
თავმჯდომარემ ჰნახა, რომ ხალხმა გულშემატკივრობა აღმოუჩინა მორისსა
და გაიხმაურა, წარბი შეიკრა და მკვახედ უბრძანა ბოქაულს:
– ბოქაულო, სთხოვეთ აქა მსხდომარეთა ხმაურობა შესწყვიტონ. თუ კიდევ
განიმეორებენ, მე მოვითხოვ, რომ აქედამ გაბრძანდნენ. შემოიყვანეთ მოწამე.
ბოქაულმა მოახსენა:
– აბბატი დიუტილეილი.
ეს სახელი რომ გაიგონა იზამ, რომელსაც თვალი ვერ მოეშორებინა აქამომდე
მორისისათვის, მოიხედა და შეხედა ახლად შემოყვანილს მოწამესა.
აბბატი მიუახლოვდა თავმჯდომარეს. როცა თავმჯდომარემ დააფიცა
აბბატი და კითხვა დაუწყო, იზამ თავი ჩაღუნა და თავის ხელსახოცს კვნეტა
დაუწყო.
– ჩვენ მოვისმინეთ ჩვენება რამდენისამე მოწამისა, – უთხრა თავმჯდომარემ
ნაფიცთა მსაჯულთა, – მაგრამ აქამდის ვერ აგვიხსნია, რა დამოკიდება ყოფილა
მორისსა და ლეა მედანის შორის. თქვენ, ბატონო ნაფიცნო მსაჯულნო, მოისმინეთ
ჩვენება, რომელიც სრულებით ამტკიცებს, რომ სწორედ მორის ფერანს უყიდნია
ღვინო და მოუწამლავს კიდეც. გარდა ამისა, თვითონვე მორისი, საბუთებით
გამტყუნებული, ამას უარს არა ჰყოფს. ფერანი ამტკიცებს, რომ ლეა მედანს არ
ვიცნობდი და თავის დღეში იმასთან არა ვყოფილვარო... ბატონი აბბატი იმ
უბედურის ქალის მოძღვარი ყოფილა; ეს საკვირველი არ არის, ხშირად შეიძლება
შეჰხვდეს კაცი იმისთანა ნამუსდაცემულს ქალებს, რომელნიც ჩაფლულ არიან
ბოროტების მორევში, მაგრამ სარწმუნოება კი არ დაუკარგავთ. ბატონი აბბატი
დიუტილეილი ცდილობდა დაეყენებინა უბედური ქალი კეთილს გზაზედ.
ბატონო აბბატო, ხშირად დადიოდით ხოლმე ლეა მედანთან?
– ბატონო თავმჯდომარევ, სრულებით არ ვიცოდი, რა ყოფა-ცხოვრების
ქალი იყო ლეა მედანი; მე მითხრეს, რომ ძალიან კეთილმომქმედი ქალია,
მდიდარია, ღვთისმოყვარე, ბევრი უბედურება გამოუვლია თავის ქვეყანაში და
ყოველთვის მზად არის უბედურთა შემწეობისათვისაო. როცა მე ვმართავდი
“საზოგადოებას გზადაბნეულთა შემწეობისათვის”, მაშინ მე მიმასწავლეს იმ
ქალთან. მივედი და მაშინვე მომცა კარგა ფული და მითხრა, როცა საჭიროება
მოითხოვდეს, ნუ დამზოგავთ კეთილ საქმისათვისაო.
– რა აზრისა იყავით თქვენ იმ ქალზედ?
– უნდა მოგახსენოთ, ბატონო თავმჯდომარევ, რომ მე მაგაებში ერთი
უმეცარი რამა ვარ. მე რამდენჯერმე ვყოფილვარ იმასთან და მეგონა, რომ ის
ქალბატონი მაღალის საზოგადოების ქალია; მე მეგონა, რომ სცდილობს-მეთქი
თავისი წინანდელი ცოდვები კეთილის საქმეებით მოინანოს. კიდევ მოგახსენებთ,
მე ის ძალიან დიდის გვარეულობის ქალი მეგონა, მარტო ამ საშინელმა საქმემ

ამიხილა თვალები და ვიცან, რა ქალიც თურმე ყოფილა. შინაურობაში
ბარონესსობით იხსენიებდნენ და მე კი ლეა მე-მედანის სახელით ვიცნობდი.
– ხშირად დადიოდით იმასთან?
– ძალიან იშვიათად, ბატონო თავმჯდომარევ, მხოლოდ მაშინ, როცა
დამიბარებდა საქმისათვის.
– როცა ინახულებდით ხოლმე, საეჭვო არაფერი შეგიმჩნევიათ?
– თავის დღეში, ბატონო თავმჯდომარევ. რომ შემემცნია რამ, ფეხს აღარ
შევდგამდი.
– სტუმრები ხშირად გინახავთ იმასთან?
– ყოველთვის. ლეა დე-მედანი მიმიღებდა ხოლმე სასტუმრო ოთახში და იქ
სულ ოთხჯერ ვყოფილვარ და ოთხჯერვე სტუმრები დამხვედრიან.
– იქ ეს ბრალდებული ხომ არ გინახავთ? ბრალდებულო, ფეხზედ
წამოდექით და ეჩვენეთ ბატონს აბბატსა, – უთხრა თავმჯდომარემ მორისს.
მორისი, ბრძანებისამებრ, ფეხზედ წამოდგა და მშვიდობიანის ღიმილით
დაუწყო ცქერა აბბატსა, – ვნახოთ, რას იტყვისო.
– ბატონო აბბატო, იცნობთ ბრალდებულსა?
– დიაღ, ბატონო თავმჯდომარევ.
დარბაზში ყრუდ გაისმა ხმა სიბრალულისა.
– ლეა მედანთან გინახავთ ეგა?
– დიაღ.
– ხომ არა სცდებით?
– არა, ბატონო თავმჯდომარევ, ნამდვილად ვიცი. ეგ უნდა მე მიცნობდეს! მე
ორჯერ მინახავს იქ, ერთხელ ლეა დე-მედანთან მარტოდ. მე მეგონა, ქალის
ნათესავია-მეთქი, ერთმანეთს ძალიან ჰგვანდნენ და “შენობით” ლაპარაკობდნენ.
თავმჯდომარეს კმაყოფილების ღიმილი გამოეხატა ტუჩებზედ. ალმაცერად
გადაჰხედა ნაფიცებსა, თითქოს ამას ეუბნება: “არც ეხლა გჯერათ? ამას ხომ
ღვთისმსახური
კაცი
ამტკიცებს.
მოდით,
ეხლაც
ნუ
დაიჯერებთო”.
ბრალმდებელმა გამარჯვებულის სახით გადაავლო თვალი მთელს ხალხსა. “განა მე
ტყუილს ვიტყოდი! აი თვითონ მღვდელი ჰმოწმობს”, ამბობდა ბრალმდებელის
თვალი. ნაფიცთა მსაჯულთა ერთმანეთს დაუწყეს ყურება, პირები დააღეს და
თავის ქნევით გაიფიქრეს: “ეს კი ხუმრობა არ არის; მღვდელი ტყუილს არ იტყვის”.
ხალხს გული აემღვრა, ვექილმა წარბი შეიკრა, აბბატი კიდევ გულხელდაკრებილი,
თავჩაკიდებული მოწიწებით იდგა. გამჭრიახი მაყურებელი მაშინვე შეატყობდა,
რომ აბბატს ტუჩები უთრთის და საფეთქლებში ძარღვი ძალიან უცემს, ხოლო სახე
კი დინჯადა აქვს. მარტო იზამ შეამცნია ეს. მორისი ძლივს სულს იბრუნებდა;
ცხადი იყო, რიღასიც თქმა უნდოდა. თავმჯდომარე, კმაყოფილი, რომ აბბატმა
ასეთი ცხადი საბუთი მისცა მორისის გასამტყუნებლად, მიუბრუნდა მორისს:
– ბრალდებულო, რა პასუხს მოგვცემთ?
რამდენსამე წუთს ყველამ ხმა გაკმინდა. აბბატი ისევ თავჩაღუნული იდგა
და მარტო მაშინ თავი მაღლა აიღო, როცა მორისმა სკამს მუშტი დაჰკრა, ტანში
მთლად გაიმართა, მიაპყრა თვალი თავმჯდომარეს და წამოიძახა:

– მე მოგახსენეთ, რომ აღარას ვიტყვი-მეთქი... მაგრამ მე ესეცა ვთქვი, რომ
მართალს ვიტყვი-მეთქი. რაც მაგან სთქვა, მაგის მოთმენა არ შემიძლიან... მე იმას
მოგახსენებთ, ბატონო თავმჯდომარევ, რაც რამდენსამე დღის წინად მითქვამს,
როცა მე და ეგ კაცი პირისპირ დაგვაყენა გამომძიებელმა.
– მართებულად ილაპარაკეთ, – გააწყვეტინა სიტყვა თავმჯდომარემ.
– ეგ მიჰქარავს, – განაგრძო მორისმა, – ვინც უნდა იყოს, მღვდელი თუნდ
ეპისკოპოზი, მაინც ვიტყვი, რომ ურცხვი მატყუარაა. პირში გეუბნები, შე ავაზაკო,
მიჰქარავ-მეთქი. თუ იმ ქუჩის გოგოსთან შენა თრეულხარ, იმიტომ თრეულხარ,
რომ შენი ძაღლური წადილი მოგეკლა: შენ მე იქ არ გინახვივარ, არა! მიჰქარავ,
სცრუობ, სტყუი!
ამ სიტყვებზედ მთელი ხალხი ფეხზედ წამოცვივდა, თითქო მეხი დაეცაო.
ბრალმდებელმა კი დაიძახა:
– ბატონო თავმჯდომარევ! მღვდელს შეურაცხყოფთ იხსენიებს და მე
თქვენთვის მომიხსენებია, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ.
– ჟანდარმებო, დააჩუმეთ ბრალდებული, – დაიძახა თავმჯდომარემ, –
ბრალდებულო, თუ მაგრიგადვე მოიქეცით, გარედ გაგაყვანინებთ. ბატონო აბბატო,
შეუნდევით. მე ძალიან მეჯავრება ის, რაც მოჰხდა.
– ბატონო თავმჯდომარევ, მე მართალი მოგახსენეთ, – სთქვა აბბატმა, – ჩემი
სინიდისი წმინდაა. მე ჩემს თავს ვერას ვუსაყვედურებ. მე შემინდვია მაგისათვის,
საწყალი, ისეც ძლიერ უბედურია!
მორისმა მხრები აიჭიმა.
აღელვებული ხალხი კიდევ რაღასაც მოელოდდა მორისისაგან, მაგრამ
მორისმა ზიზღით გადაავლო თვალი აბბატსა, ჩაჯდა და ძლიერ ამოიოხრა, თითქო
გულზედ მოეშვა მას შემდეგ, რაკი ისა სთქვა, რაც უნდოდა. გადიწყვიტა გულში:
ლაპარაკში, რომელიც მისს სიკვდილს-სიცოცხლეს შეეხებოდა, აღარ გარეულიყო,
დაებჯინა სკამს და გულგრილად დაუწყო ყურება მსაჯულებსა და ამ სახით
თვალი მოაშორა იზას ცეცხლით აპრიალებულს თვალებს.
ცოტას ხანს გაჩუმებული და იმედგაცრუებული ხალხი ისევ თავის ადგილას
დასხდა. თავმჯდომარე გადიხარა მსაჯულებისაკენ და ჩუმად რაღაცა უჩურჩულა.
მერე თვალით აჩვენა ბრალმდებელს, რომ ბრალდებული დაწყნარდა და საქმეს
განვაგრძობო. თავმჯდომარემ ჰკითხა:
– ბატონო აბბატო, ხომ სცნობთ ბრალდებულსა? სახელდობრ, თქვენ
გინახვთ ორჯერ ეგ ლეა მედანთან.
– მღვდელმა თავი დაიქნია და ანიშნა – ვიცნობო.
– ეგ და ლეა მედანი მარტოკანი ერთად გინახავთ და გაგიგონიათ, რაც
ულაპარაკნიათ. რა აზრისა იყავით მაგათ ერთმანეთთან დაახლოებაზედ?
– მე აკი მოგახსენეთ, მაშინ ლეა მედანი მე დიდი კაცის ქალი მეგონა,
დარწმუნებული ვიყავ, რომ კეთილზნეობიანია. მეგონა, რომ ბრალდებული იმის
ნათესავია და ამის გამო ეგრე დაახლოვებულნი არიან. გარდა ამისა, ერთმანეთს
ძალიან ჰგვანდნენ, ისიც ამისთანა ქერა იყო, როგორც ესა, ამისთანავე სანახაობა
ჰქონდა და ეგეთივე ცისფერი თვალები. ეს მსგავსება უფრო მაჯერებდა, რომ
ნათესავები არიან. ჩემი აზრი მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როცა შევიტყე, ვინა

ყოფილა ის უბედური ცოდვილი ქალი. ეხლა კი მგონია, ბრალდებული იმ ქალის
საყვარელი იყო.
– ბრალდებული გინახავს იმ ოთახში, საცა ის ქალი მკვდარი ჰნახეს?
– არა, ბატონო თავმჯდომარევ.
– ერთმა მოწამემ სთქვა, რომ ლეა მედანთან ლაკუეს ქუჩაში ხან ყმაწვილი
კაცი დადიოდა, ხან მღვდელიო.
– არა, ბატონო თავმჯდომარევ, მე ლეა მედანთან დავდიოდი მხოლოდ იქ,
ბირონის ქუჩაზედ რომ სახლი ჰქონდა.
– იქ შეხვდებოდით ხოლმე ბრალდებულსა?
– დიაღ, ბატონო.
თუმცა მორისი სცდილობდა, თავი შეემაგრა, მინამ ჰკითხავდნენ მოწამეს,
მაგრამ ვეღარ მოითმინა, მოიხედა აბბატისაკენ და სცდილობდა თვალი თვალში
გაეყარა. მოისმინა თუ არა აბბატის ჩვენება, წამოვარდა ფეხზედ გაცეცხლებული,
წინ გადმოიხარა, მუშტები შეიკუმშა და პირზედ ქაფით, გაცოფებულმა შეჰყვირა:
– თქვენ მიჰქარავთ, მიჰქარავთ და მიჰქარავთ! თქვენ უსათუოდ გინდათ
კალთა გადააფაროთ ნამდვილს დამნაშავეს, იმიტომაც ეგრე ურცხვად სცრუობთ!...
ცრუო, მატყუარავ! თქვენ მიჰქარავთ, რომ ამბობთ – გიცნობო. საიდამ მიცნობთ,
რომ თავის დღეში არ გინახვივარ... რომ შემეძლოს, ჩემის ხელით დაგარჩობდი. შე
არამზადავ, შენა! შენ მღვდელი კი არა, შენა ხარ...
ამხანად უფრო ძლიერი არეულობა ასტყდა. თავმჯდომარე ფეხზედ
წამოდგა, მთელი ხალხი დაიძრა და თანაგრძნობა გამოაცხადა მორისის
სიტყვაზედ, რომელშიაც უტყუარი გულმართლობა ისმოდა და ეს გულმართლობა
ყველამ იგრძნო. რაკი ასეთი აშფოთება და გაფოთება ჰნახეს მორისისა, ჟანდარმები
მაშინვე მისცვივდნენ: ჰშიშობდნენ, არ ეცეს მოწამესა, რომელიც შიშის გამო უკან
ეფარებოდა ჟანდარმებსა. ვექილი მივარდა მორისსა სწორედ მაშინ, როცა ორმა
ჟანდარმმა თავმჯდომარის ბრძანებით საყელოში ხელი სტაცეს მორისსა. ვექილი
ცდილობდა დაეწყნარებინა მორისი და ის უბედური კი გულამოჯდომით და
განწირულებით ეუბნებოდა:
– სტყუის, სტყუის, გეფიცებით, სტყუის... ჩემს დღეში არ მინახავს მე ეგ. ჩემს
დღეში მე იქ არა ვყოფილვარ. სტყუის!
თავმჯდომარე ისევ ფეხზედ იდგა. ბოლოს, როგორც იყო, ხალხი
დაწყნარდა. როცა ყველანი დაწყნარდნენ, საწყალი მორისი, სრულიად
გათახსირებული, დაეშვა თავის სკამზედ. მარტო იმის ქვითინიღა ისმოდა.
თავმჯდომარემ გაუჯავრებლივ უთხრა:
– ბრალდებულო, ავად ხსენება და მუქარა უფრო მეტად ამძიმებს თქვენს
ყოფასა. მაგგვარი თავის გამართლება უკადრისობაა. მე მოვალე ვიყავ დამესაჯეთ
მაგისათვის. მაგრამ მეცოდებით და იმედი მაქვს, რომ მაგ სათაკილო ქცევას
თქვენვე შეინანებთ და მეორედ აღარ გაბედავთ. ჩვენ შევაჩერებთ საქმის გარჩევასა.
როცა მარტო დარჩებით და კარგად ჩაფიქრდებით, თქვენს დღევანდელს შეცდომას
შეინანებთ. ბატონო აბბატო, თქვენ სინიდისს ქვეშ ლაპარაკობდით; რაც იცოდით,
მართალი სთქვით. მე ვითხოვ თქვენგან ბოდიშს ამ უბედურის მაგიერ და გთხოვთ

შეგვინდოთ, რომ კისრად დაგდეთ ეს მძიმე მოვალეობა, რომლის
აღსრულებისათვის თქვენ იძულებულ გყოთ მართლმსაჯულებამ.
– მე აქ, ბატონო, ერთი უბრალო მოწამე ვარ და მოვალე ვიყავ მართალი
მეთქვა. მე, როგორც სულიერმა მამამ, უნდა შევუნდო მაგ უბედურს და
შეცდომილს ყმაწვილს კაცსა და თქვენცა გთხოვთ შეიწყნაროთ. შინ რომ
დავბრუნდები, მაგისათვის ვილოცებ და ღმერთს შევავედრებ, რომ თავისის
მოწყალების მადლი მოჰფინოს.
– ხვალ დილის ათს საათამდე საქმის წარმოება შეჩერებული იქნება, –
გამოაცხადა თავმჯდომარემ.
მორისი არ გაიყვანეს კი, გაიტანეს როგორც მკვდარი. მთლად უღონო და
მისუსტებული იყო. ხალხი დაიშალა და ძალიან გულაღელვებული წავიდა.
– როგორ დავიხსნა ეგ ყმაწვილი? როგორ ვუშველოვო? – ამბობდა იზა, როცა
თავის ეტლში ჯდებოდა.
მარტო დამსწრე ხალხს ეცოდებოდა საწყალი მორისი და მარტო ისინი
გულმტკივნეულობდნენ საწყალის ყმაწვილკაცისათვის. ხოლო საზოგადოდ კი,
გაზეთების წაკითხვის შემდეგ, სულ სხვასა ჰფიქრობდნენ. გაზეთებში
დაბეჭდილებიდამა სჩანდა, რომ ბრალდებულების ოქმი მორისის წინააღმდეგ
საფუძვლიანად არის შემდგარი. იქიდამ სჩანდა, რომ მორისი ლეა მედანის
საყვარელი ყოფილა; რომ მორისს მოუმზადებია საწამლავი და ვერ უარუყვია, რომ
ლეა მედანთან გაეტარებინა ღამე, რადგანაც ვერ უთქვამს, სადა ყოფილა იმ დროს.
გარდა ამისა, ბარათიც ამტყუნებდა; ბარათში ცხადი იყო, რო ვიღაც ქალი
ეხვეწებოდა: – ნუ გამცემო.
მეორე დღეს უფრო ბევრი ხალხი მოგროვდა სასამართლოში, ნამეტნად
ქალები. დილის გაზეთებს აეწერათ საკვირველი სიტურფე მორისისა და აბა რა
საკვირველია, რომ ქალები თავს მოიყრიდნენ. გარდა ამისა, მოწმეებთაგანი ყველა
არ იყო ჯერ ნაკითხი, ერთი კიდევ დარჩენოდათ და იმისი ჩვენება მეტად
საინტერესო იყო ქალებისათვის. ეგ ერთი – ექიმი იყო, რომელსაც უნდა ეამბნა,
მკვდრის გაჭრამ რა აღმოაჩინა და როგორ მოხდა სიკვდილი ლეა მედანისა. ის
ყოფა, რა ყოფითაც მკვდარი ლეა მედანი ენახათ, რასაკვირველია, მოითხოვდა
იმისთანა სიტყვების ხმარებას, რომელნიც ქალის ყურისათვის გასაგონი არ არის
და ეგ ამბავი თავმჯდომარემ წინადვე აუწყა მაყურებელთა.
– წინადვე მომიხსენებია, – უთხრა მაყურებელთ თავმჯდომარემ, – რომ ჩვენ
აქ ჭეშმარიტების აღმოჩენა გვინდა და ექიმს ვერა ვთხოვ, რომ სიტყვა-პასუხს
დააკლოს რამე. ამიტომაც წინადვე გაცნობებთ, რომ ექიმის ჩვენებაში იქნება
ზოგიერთი იმისთანა სიტყვა გაერიოს, რომ სასმენელად სათაკილო იყოს და
მსმენელთათვის უსიამოვნო. მათ, ვისაც ამისთანა სიტყვების ეთაკილებათ, ვთხოვ
თავი მოარიდონ და აქედამ წაბძანდნენ.
ქალები წამოწითლდნენ, სიცილით თავები ჩაღუნეს, მაგრამ არცერთი
მათგანი ადგილიდამ არ დაიძრა. მარტო ერთი წამოდგა და გავიდა. ეგ იყო აბბატი
დიუტილეილი. იზა დარჩა, მორისის სიახლოვეს გადაჯდა და თვალი
მოუშორებლივ გაუშტერა.

მორისი, გუშინდელ დღეს აქეთ, საცოდავი სანახავი იყო. დარწმუნებული
იყო, გამამტყუნებენო, და მხნეობა ჩამოერთვა; ჰგრძნობდა, რომ ყველასაგან
თავმინებებული და დავიწყებულია.
– ეგ საძაგელი, ეგა! – ამბობდნენ ზოგნი, – მაგისთანანი სულ ეგეთები არიან.
რარიგად შეუშინდა სასჯელს!...
საწყალი ტანჯული ვერც ვეღარას ჰხედავდა, ვერც ვეღარას ყურს უგდებდა.
ექიმი დიდხანს ჰლაპარაკობდა და იმ ლაპარაკიდამ სჩანდა, რომ მორისი ავზნე
კაცია, გარყვნილია, ღამე გაუტარებია ლეა მედანთან და მოუწამლავს. ამ ჩვენების
შემდეგ თავმჯდომარემ ჰკითხა მორისს – პასუხად რას იტყვიო; ხოლო მორისი
გაქვავებულსავით იდგა და ხმა ვეღარ ამოეღო. თავმჯდომარეს უნდოდა კიდეც
ბრალმდებლისათვის ეთქვა, დაიწყეო.
მაგრამ რამდენისამე წუთის წინად ბოქაული მოვიდა მორისის ვექილთან,
რაღაც უთხრა ყურში და ბარათი მისცა. ბარათი წაიკითხა ვექილმა გაოცებით და
სიხარულით წამოდგა მაშინვე ფეხზედ და სიხარულისაგან აჩქარებულმა უთხრა
თავმჯდომარეს:
– ბატონო თავმჯდომარევ, გთხოვ, კიდევ ერთ მოწამესაც ჰკითხეთ.
თავმჯდომარემ მხრები აიწია და უპასუხა:
– ნუთუ გგონიათ, მოწყალეო ხელმწიფევ, რომ ნაფიცთა მსაჯულთა ჯერ
კიდევ თავისი აზრი არ შეუდგენიათ ამ საქმეზედ.
– ბატონო თავმჯდომარევ, მე ჩემს თხოვნაზედ ვდგევარ. მოწამე ავად იყო,
როგორც ამტკიცებს ექიმის მოწმობა. ავადმყოფობის გამო ჩვენება არ
ჩამოურთმევიათ. ეხლა აქ მოსულა და მე ვითხოვ თქვენის მიუდგომელობისაგან,
რომ ეკითხოს. საკაცით მოუყვანიათ აქ მოწამე.
თავმჯდომარემ ჭოჭმანი შეჰქმნა და თვალით დაეკითხა ბრალმდებელს.
ბრალმდებელმა ურჩია.
– თქვენი თხოვნა აღსრულდება, – უთხრა ვექილს თავმჯდომარემ, – ვინ
არის ის მოწამე?
– გუდარის ცოლი.
ხალხი ყოველთვის ხარბია ხოლმე ახალ ამბებისა, მაგრამ ამ ახალმა ამბავმა
არავითარი ცვლილება არ მოახდინა. სულ სხვა ზედმოქმედება იქონია გუდარის
სახელის ხსენებამ მორისსა და იზაზედ. ამ სახელის ხსენებაზედ იზამ კისერი
მოიღერა და თითქმის ხმამაღლა იკითხა:
– ეს ვინ გუდარის ცოლი უნდა იყოს?
მორისი წამოდგა, გამოიჭიმა. მისი სახე სრულიად შეიცვალა. დაუწყო
ყურება თავმჯდომარეს და მერე, როცა თავმჯდომარემ უბრძანა ბოქაულებს,
მოწამე შემოიყვანეთო, მორისმა თვალი კარებს გაუშტერა.
– სესილი არის, სესილი! – ამბობდა თავისთავად მორისი და არა სჯეროდა
კი, რომ ის იქნებოდა.
ხალხმა შეატყო მორისს, რომ სწრაფად შეიცვალა სახეზედ და მიჰხვდა, რომ
ამ მოწამეს დიდი მნიშვნელობა აქვს.
როცა კარი გაიღო და შემოვიდა ახალგაზრდა, ფერმკრთალი ქალი,
რომელიც ამელისა და ბოქაულს ძლივს მოჰყავდათ, ოთახში ხმა გაისმა გაოცებისა.

შემოვიდა დარბაზში თუ არა, სესილმა თვალით მაშინვე იპოვა მორისი და
რა ნახა, რომ მორისი მისკენ ხელებს იწვდის, გაიღიმა და ტუჩები დასძრა. მორისმა
გაიგო, რომ სესილმა სთქვა: “მე აქა ვარო”.
თავმჯდომარემ უბრძანა, რომ სესილი დასვან და, როცა დასვეს, ჰკითხა:
– ბატონო, ღონე საკმაოდ გაქვთ მოკრებილი, რომ გვიპასუხოთ?
– დიაღ, ბატონო თავმჯდომარევ, პასუხის მოცემის ღონე კიდევა მაქვს,
მიბრძანეთ და მოგახსენებთ.
ადვილად გასაგებია, რარიგად იმოქმედა ამ ახალის მოწამის აქ მოსვლამ.
თუმცა ხალხმა არ იცოდა, რას იტყოდა სესილი, მაგრამ ჰგრძნობდა კი, რომ რაღაც
დიდს ამბავს შევიტყობთო. ხალხმა ხმა გაიკმინდა და ყველანი სმენად გადიქცნენ.
ხალხი ხან მორისს უყურებდა და ხან მოწმად მოსულს ქალსა. იზა გაბოროტებით
უყურებდა სესილს, რომელმაც ასე უცბად მიიზიდა ამოდენა ხალხის გული.
– თქვენ იცნობთ ბრალდებულსა? – ჰკითხა თავმჯდომარემ.
– ძალიან კარგად, ბატონო, მე კარგა ხანია ავადა ვარ და არ ვიცოდი, რა
მდგომარეობაშია ეგა. მარტო დღეს შევიტყე მაგისი ყოფა და თუმცა ექიმმა
დამიშალა, მაგრამ მაინც აქ მოვედი. ექიმმა მითხრა: უსიკვდილოდ ვერ გადარჩები,
თუ შინიდამ გახვალო... რა ვუყოთ, ოღონც მართალი დავიხსნა და მე რაც მომივა,
მომივიდეს!
– რა გაქვთ სათქმელი?
– გარწმუნებთ, ბატონო თავმჯდომარევ, რომ მორისი უბრალოა. გეფიცებით,
რომ უბრალოა...
– შვილო ჩემო, – უთხრა ალერსით თავმჯდომარემ, – მაგისთანა მოწმობა
საკმაო არ არის მაგის გასამართლებლად. მართლმსაჯულებას საბუთი უნდა.
– დიაღ, ვიცი, ბატონო, რომ საბუთები უნდა მოგახსენოთ, – სთქვა სესილმა
და დაიწყო საშინელი ტირილი.
– გული დაიმშვიდეთ, ბატონო და გვიამბეთ.
– დიაღ, ყველაფერს მოგახსენებთ... თქვენა სწამებთ მორის ფერანსა, რომ
ოცს ივნისის ღამეს თავის საყვარელი ქალი მოუკლავს.
საცოდავი სესილი ამბობდა ამას და სცდილობდა გაეღიმნა, განაგრძო
ლაპარაკი ხმაწყვეტითა და თავისთავს ისე ძალას ატანდა, რომ მორისს გული
ამოუჯდა და უნდა დაეჩუმებინა, მაგრამ ვექილმა ნება არ მისცა.
– მორისს საყვარელი არა ჰყავს, – სთქვა სესილმა, – მაგას მარტო მე
ვუყვარვარ...
– თქვენ ხომ ქმარი გყავთ?
– დიაღ. ოხ, ღმერთო ჩემო, რა ძნელი გამოსათქმელია!
დარბაზში ისეთი სიჩუმე იყო, რომ თუმცა სესილი სუსტის ხმით
ჰლაპარაკობდა, მაგრამ ყოველივე სიტყვა, ყოველივე ხმა, ყოველივე კვნესა ისმოდა.
– ჩვენ ერთად შეზდილები ვართ და იმ აზრით ვიზდებოდით, რომ თავის
დროზედ ცოლ-ქმარნი შევიქმნებოდით... მერე მოინდომეს ჩემი სხვაზედ
გათხოვება... მაშინ შევფიცე მორისს, რომ თავს მოვიკლავ და სხვას არ შევირთავმეთქი...

სესილი ერთს წუთს შედგა; თავმჯდომარე ხან ამ ქალს უყურებდა, ხან
ხალხს გადაჰხედავდა, თითქო კითხულობსო: ”რაებს ამბობს? ეს სრულებით საქმეს
არ შეეხება: ჭკვიდამ ხომ არ შეშლილა?”
სესილი ღიმილით უყურებდა მორისსა, თითქო ეუბნებაო: ნუ გეშინიან,
რაკი დავიწყე, ბოლომდისინაც გავალ!
– ოცდაერთს ივნისს მე სხვაზედ უნდა დამეწერა ჯვარი... მე ვკითხე ჩემს
დედ-მამას – არ იშლით, მათხოვებთ-მეთქი? მე მითხრეს, რომ უეჭველადაო. მაშინ
შინიდამ გავიქეცი ოც ივნისს საღამოს. მე და მორისმა ერთმანეთს პირობა მივეცით,
რომ ერთად უნდა დავხოცილიყავით, რადგანაც ერთმანეთს ვეღარ შევირთავდით.
ბასტილიის მოედანზედ შევხვდით ერთმანეთს და მორისმა თავის სახლში
წამიყვანა...
– მაშ, თქვენ იყავით საღამოს ოცს ივნისს კონტრესკარპის ბულვარზედა?
– დიაღ, ბატონო თავმჯდომარევ, მე გახლდით.
ნაფიცნი მსაჯულნი და ხალხი დიდის გულმოდგინებით ყურს უგდებდნენ.
სესილმა განაგრძო:
– მოგახსენეთ, თავისთან წამიყვანა-მეთქი... მაშინ მე ვუთხარი: “მორის,
დღეს ჩვენი ქორწინებაა, მე და შენ დღეს ცოლ-ქმარნი ვართ ღვთისა წინაშე...” აი ეს
ბეჭედი, რომელიც ეხლა ხელზედ მაქვს, მორისმა მომცა. ზედ ამოჭრილია ჩვენი
სახელი და რიცხვი. მე ვუპასუხე: “მე შენი ცოლი ვიქნები, მაგრამ თავი კი უნდა
მოვიკლა, რადგანაც სხვასა მრთავენ და უკადრისობა იქნება ქმარი მყვანდეს და შენ
საყვარლად დაგიჯდე”. თვითონაც თავის მოკვლა მოიწადინა, რაკი ეგრეაო.
წავიდა, იყიდა ეგ ღვინო... მე ძალიან კარგადა ვცნობ მაგ ბოთლსა.
ამის თქმაზედ ანიშნა ბოთლზე, რომელიც იქავ მაგიდაზედ იდგა
ნივთიერთა გეშთა შორის.
– მორისმა შამპანურ ღვინოში საწამლავი აურია, რამდენიმე შაქრის პურიც
მოიტანა... ჩვენ დავნაყრდით და მერე დავიძინეთ...
სესილმა თავი ჩაღუნა, ფერწასულს ლოყებზედ ალიმული აუვიდა კდემისა
გამო.
– თქვენ მითამ ორივე ბოთლი დალიეთ? ეგ ძალიან ბევრი იქნებოდა
თქვენთვის! – უთხრა თავმჯდომარემ.
– მაგან დაგვიხსნა კიდეც, მგონია... ჩემმა აგებულებამ ვერ აიტანა იმოდენა
ღვინო... ბოლოს შუაღამის სამს საათზედ მე გამომეღვიძა... ავად ვიყავ, თავი
საშინლად მტეხდა, გულში ცეცხლი მეკიდებოდა... მივიხედ-მოვიხედე, სადა ვარმეთქი, და ვიგრძენ, რომ ჩემთან მორისია...
ეს რომ სთქვა, აკანკალდა, თითქო მკვდარს ხელი შეახოო.
– მე მეგონა, მკვდარია... ის მკვდარი იყო და მე კი ცოცხალი! ელდაცემული
წამოვვარდი ქვეშაგებიდამ და მინდოდა ფანჯარიდამ გადავვარდნილიყავ...
ფანჯარიდამ მდინარე სენა დავინახე. მაშინ მე... მორის!...
დაიძახა ეს და საცოდავი ქალი გრძნობამიხდილი სკამიდამ ძირს იატაკზედ
დაეცა.
ყველანი საწყალს ქალსა მისცვივდნენ. გუშაგებმა დაიჭირეს მორისი, თორემ
უნდოდა მიჰშველებოდა. ამელი მიჰვარდა თავის მეგობარს და სესილი ოთახიდამ

გამოიტანეს მკვდარსავითა. ამ ამბავმა დიდი ალიაქოთი ასტეხა სასამართლოს
დარბაზში: ხალხი აირივ-დაირივა, თავმჯდომარე და ბრალმდებელი მთლად
დაიფანტნენ, რომ სესილის ეგეთი ჩვენება მოისმინეს და ყურს აღარ ათხოვებდნენ
ხალხს, რომელიც ხმამაღლა აცხადებდა თავის გულმტკივნეულობას მორისის
მიმართ. მორისი აქეთ-იქით ეცემოდა თავის გალიაში, ჰშფოთავდა, თუმცა ვექილი
დაწყნარებას ურჩევდა და ანუგეშებდა – საქმე ეხლა მოგებულიაო... მაგრამ მორისს
თავისის თავის დარდი აღარა ჰქონდა... საქმე იმაში იყო, რომ სესილი იმ ყოფაში
იყო, რომ შეიძლება მომკვდარიყო კიდეც და ეგრე უგუნურად თავი შეეწირა
მორისისათვის... ოხ, რარიგად უყვარდა ეხლა სესილი! რარიგად დაუყუჩა ორიოდე
წუთით ამოდენი ხნის ტანჯვა და წამება!...
ხალხი მოუთმენლად ელოდდა, რით გათავდება საქმეო. ნაფიცნი
მსაჯულნი, გულნატკენნი ახალგაზდა ქალის გულუბრყვილო ლაპარაკითა,
ერთმანეთში ჰლაპარაკობდნენ და წინადვე შეედგინათ თავისი განაჩენი. იზა
ათრთოლდა, ტუჩებს იკვნეტდა და ამბობდა გაცოფებული:
– უჰ, რარიგად ჰყვარებია ეს ქალი!
ბოქაულმა შეამცნივა, რომ ბრალმდებელს ლაპარაკი ჰსურს, ჰსთხოვა
ხალხსა – დაწყნარდითო, მაგრამ დიდხანს ვერ დააწყნარა. ბოლოს, როგორც იყო
ბრალმდებელმა სთქვა:
– ბატონო თავმჯდომარევ, ამ ახალის მოწმის ჩვენებისა გამო, მე გთხოვთ
ახალი გამოძიება მოახდინოთ და ხელახლად ცნობები შეაკრებინოთ.
ხალხში უკმაყოფილების ხმა გაისმა.
– ბრალდება უმთავრესად დაფუძნებული იყო მასზედ, რომ ბრალდებულს
ვერ ეთქვა, სად გაატარა ღამე ოცს ივნისსა, – უთხრა თავმჯდომარემ ნაფიცთ
მსაჯულთა, – ამ ახალის მოწამის ჩვენება მთლად აუქმებს ბრალდებასა...
ბრალდებულო, თქვენც ამტკიცებთ მას, რაც ამ ახალმა მოწამემ გვაუწყა? – ჰკითხა
თავმჯდომარემ მორისსა.
მორისი წამოდგა, მოიწმინდა ცრემლები და აღელვებულის ხმითა სთქვა:
– მე პატიოსანი სიტყვა მიცემული მქონდა, რომ არავისთვის და არასდროს
არ გამემჟღავნებინა ის, რაც მოჰხდა ოცს ივნისის ღამეს. მე ჩემს საცოლოს შევფიცე,
რომ მომკლან კიდეც, არ გავამჟღავნებ-მეთქი. ეხლა თითონვე აღიარა და მით
განმათავისუფლა ფიცისაგან. ეხლა ვაცხადებ, რომ ოცს ივნისის ღამე მე გავატარე
სესილ ტიუსსოს ქალთან; რომ მე ჩემის ოთახიდამ არ გამოვსულვარ და ჩემს
ოთახში დილით მნახა ცოცხალ-მკვდარი ჩემმა დამ ამელიმ და სიკვდილისაგან
დამიხსნა. რაც სთქვა სესილმა, ტიუსსოს ქალმა, მართალია.
– ბრალმდებელის სურვილისამებრ, – სთქვა მკვახედ თავმჯდომარემ, – მე
საქმეს გადავდებ სხვა დროსთვის და ახალის ცნობების შესაკრებად დავნიშნავ
ხელახლად გამოძიებასა.
განსამართლება ამით გათავდა.
ვერ ითქმის, რარიგად მწუხარებამ შეიპყრო მორისი, როცა ჟანდარმებმა
ხელახლად წაიყვანეს. ვექილი ეუბნებოდა, რომ გაგამართლებენო; მორისს კი არც
არა ესმოდა რა, ვერც არასა ჰხედავდა. მისი ფიქრი მარტო სესილი იყო, სესილი,
რომელმაც ჭეშმარიტების შუქი მოაყენა ამის საქმეს. მორისი მასზედ კი არა

ჰფიქრობდა – რა ჰქმნა სესილმაო, არამედ მისი ფიქრი თვითონ სესილი იყო.
თავისის თვალით ჰნახა, რომ სესილი გადიქცა სკამიდამ, ჰნახა, რომ მკვდარსავით
ასწიეს და გაიტანეს; უნდოდა მივარდნოდა და ზედ დაჰკდომოდა, ხოლო
ჟანდარმებმა არ გაუშვეს და თუმცა სტიროდა, ჰყვიროდა, თავს იკლავდა –
გამიშვითო, მაგრამ ხელი ჩაჰკიდეს და ისევ საპატიმროში წაიყვანეს.
როცა საპატიმრო ეტლში სვამდნენ, მორისი ისე დაფანტული იყო, რომ ვერ
დაინახა დიდძალი ხალხი, რომელიც ელოდდა ამის გამოსვლას, რომ
გულმტკივნეულობა გამოეცხადებინათ. როცა საფეხურზედ შესდგა ფეხი, მაშინ
მოიხედა ხალხისაკენ, რომ შეეტყო, რა ხმაურობააო, და მსწრაფლვე თავი ჩაღუნა...
მან დაინახა გაშტერებით მოპყრობილი მწვავი თვალი იზასი.
მორისი ჩაჯდა ეტლში და ეტლი მაშინვე წავიდა. იზა დიდხანს უყურებდა
მიმავალს ეტლს, მწუხარე, ჩაფიქრებული მიემართა თავის ეტლისკენ, რომელიც
იქავ სასამართლოს წინ იდგა.
რას ჰფიქრობდა იზა? ძნელი გამოსაცნობი არ იყო, თუ კაცი დააკვირდებოდა
მის ბოროტებით სავსე თვალს, მიქცეულს პატარა გუნდზედ, რომელიც
სასამართლოს კიბიდამ ჩამოდიოდა. ლუი პალიარს და ამელის ჩამოჰყვანდათ
სესილი და შადი კიდევ დარბოდა ეტლის საშოვნელად. სესილი ცოტა
მოჯობინებულიყო; უღიმოდა კიდეც თავის მხლებელთა და იზამ ვერ შესძლო რომ
არ ეთქვა:
– ვიშ, რა მშვენიერი რამ არის!
ეტლი იზასი წავიდა. იზა ეტლის კუთხეში მიჯდა და ტირილს მოჰყვა. ნეტა
რა უნდა ვქნა, იძახდა თავისთავად. იზა აქამდის მთელის გულისთქმით
მიეცემოდა ხოლმე ყოველს ჟინსა. ეხლა კი ჰგრძნობდა, რომ მორისის სიყვარული
ჩაუვარდა გულში. საკმაო იყო ერთი ნახვა მორისისა, რომ იზა სიყვარულით
ანთებულიყო. ყოველმა უკადრისმა წადილმა გაიღვიძა იზას აგებულებაში,
როგორც იმ ღამეებში, როცა ბოშის ტანისამოსით მორთული აქა-იქ დაეთრეოდა და
ეძებდა იმ უკადრისთა წადილთა დაკმაყოფილებასა. დიაღ, იგივე ჟინები აეშალა,
მხოლოდ ეხლა ეს ჟინები უფრო გაუძლიერდა, უფრო მეტს ითხოვდა, რადგანაც
უკადრისთა გულისთქმათა გარე იზას გრძნობას სხვა გარემოებაც დაემატა. ეს
გარემოება იმაში მდგომარეობდა, რომ საცოდავის ყმაწვილკაცის სიცოცხლე და
სიკვდილი იზას ხელში იყო და იზა სიყვარულისათვის თავისუფლებას
მიანიჭებდა... მაგრამ ვინ იცის, – ჰფიქრობდა იზა, – იქნება ამ აღებ-მიცემობაზედ
უარი სთქვას იმ უგუნურმა. თუკი ქალის ნამუსის დასაცველად ხვაშიადი არ
გაამჟღავნა და თავი სასიკვდილოდ გადასდვა, სხვას რას არ იქმს ეგ თავზე
ხელაღებული, გიჟი გმირიო?
ყმაწვილს სესილი უყვარს და ვაი თუ მე ზურგი შემომაქციოს, მე, იზასაო! ამ
ფიქრზედ იზას თვალში რისხვის ელვამ გაურბინა. როგორ? კაცმა მე უნდა
დამიწუნოს, უარმყოს იმისთვის, რომ სხვა უყვარსო?! მოაგონდა იზას, რომ
მორისმა ყურადღებით ერთხელაც არ შემოჰხედა. დამინახა კიო? აქ მოაგონდა, რა
აღტაცებითაც მიაგება მორისმა თვალი სესილს. მოაგონდა მისი სიხარული
სესილის დანახვაზედ, მისი თვალთა მეტყველება, მისი ქცევა... ცხადია, იმის
თვალში სესილის მეტი ქვეყანაზედ სხვა ქალი არავინ არის, რადგანაც სესილის

გულისთვის თავის სასიკვდილოდ გადაედვა და კაცის მკვლელის სახელით უნდა
მომკვდარიყოვო. სისხლი უდუღდა იზას საშინელის ძლიერებითა. მორისი
უნდოდა, უყვარდა იგი და სწყუროდა მისი სიყვარული... როგორ ვაჯობო მე იმ
ქალს, როგორ შევეცილო, ნამეტნავად ეხლა, როცა თავისი თავი მსხვერპლად
მოუტანა მორისსა და მით უფრო ძლიერად დაიპყრო ჭაბუკის გულიო. რა ვქნა, რა
მოვახერხოო?
ხომ ვიცით, იზა რაც არის, და ამის გამო არ გაგვიკვირდება, როცა
შევიტყობთ, რა ფიქრი მოუვიდა თავში იზას. აი რა ფიქრი მოუვიდა: გუდარს
გავცემ, სესილს ვნახავ და ვეტყვი: ”მე ეხლა ზედმიწევნით გიცნობთ; თქვენ
პატიოსნებაზედ ხელს არ აიღებთ, თქვენ არ ინდომებთ მორისის სიყვარულსა,
რადგანაც ქმარი გყავთ. ბარათი მისწერეთ მორისს და მე გამატანეთ, მისწერეთ,
რომ, რაც შეგეძლოთ, ყოველივე ღონე იხმარეთ მის გადასარჩენად, ხოლო ამაზედ
ნუ დაამყარებს ნურას იმედს; რომ იმას თქვენ თავის დღეში ვეღარ ინახულებთ”.
ამრიგად მე დავიხსნი მორისს სასჯელისაგან და სესილს გუდარის ხელიდამა, –
იფიქრა იზამ.
ამაების ფიქრში იყო ეტლის კუთხეში მიწოლილი იზა. უეცრად სიცილი
აუტყდა და დაიძახა:
– ჭკუიდამ შევიშალე, თუ რა ამბავია... განა თვითონ მე დავუთმობდი სხვას
ჩემს საყვარელსა?
მხრები აიჭიმა, წამოსწორდა, აღელვებულმა ხელებზედ დაიგლიჯა
ხელთათმანი, გიჟსავით სიცილს მოჰყვა და სთქვა:
– სულ ერთია, ესე თუ ისე, ის ჭაბუკი ჩემი იქნება. მე მიყვარს და გათავდა...
ყველაზედ უწინარეს საჭიროა, რომ ჩემმა სულელმა ხელახლად გამოძიება
მოახდინოს... საჭიროა ჯერ გავანთავისუფლებინო.
ჩაფიქრდა... თავში გამოისახა ხერხი, თუ როგორ აქმნევინოს ოსკარ
ვერშემონს ის, რაც საჭიროა განზრახულისათვის.
– აბა, ანდრე გუდარი როგორ გავცე? რა ვიხერხო, რა? – ჰფიქრობდა იზა.
ამ წუთში ვერავინ ვერ იცნობდა თავმომწონეს და მედიდურს იზასა.
გულზედ ჯავრი ეწვა, მკვახედ იყურებოდა, ტუჩებს იკვნეტდა... ჰფიქრობდა, – რა
ვიხერხოო, და წამდაუწუმ ამბობდა: “არა, არა! ეგ არ შეიძლება! ანდრე გუდარი რომ
გავცე, ხომ ჩემი თავიც დავიღუპე, არა, ორივე უნდა დავიხსნა, ორივე!”
ამ დროს ეტლი იზას სახლების კარის წინ გაჩერდა და, როცა იზამ ფეხი
ეტლიდამ გამოადგა ჩამოსასვლელად, მოსამსახურეების მაგიერ წინ შეეფეთა
ვიღაც უცნობი კაცი, რომლის დანახვაზედაც იზას შიში შეეპარა.
– რა გნებავთ, მოწყალეო ხელმწიფევ? – ჰკითხა იზამ.
– თუ არა ვცდები, თქვენ მგონია სეგლენის ქვრივი ბძანდებით? – ჰკითხა
თავის რიგზედ გიურემ (გიურე იყო).
– დიაღ, მე ვარ. რა გნებავთ? ეს რა ამბავია? ჟუსტინავ, ჟუსტინავ! – დაიძახა
იზამ გაფითრებულმა.
– ნუ ჰყვირით, ბატონო! ნურც გამოდიხართ ეტლიდამ. კანონის სახელითა მე
თქვენ უნდა დაგატუსაღოთ!.. მე ბრძანება მაქვს მაგ საგანზედა... ნება მიბოძეთ
ჩავჯდე თქვენთან ეტლში და ბრძანებას მაშინ გაჩვენებთ. გთხოვთ, ბატონო,

ალიაქოთს ნუ ასტეხთ, ალიაქოთით ვერას გახდებით, პოლიციის მოხელენი
გარშემორტყმულნი არიან.
– გაფრთხილდით, მერე არ ინანოთ, – უთხრა იზამ სრულიად დაფანტულმა.
გიურემ ერთი პოლიციის მოხელე გვერდთ მოუსვა იზას და თვითონ კი წინ
სკამზედ ჩამოუჯდა. იზა ეტლის კუთხეში მიიკუნტა, თითქო ზიზღობს
მოხელეებთან ჯდომასაო, და უყურებდა მათ შიშითა და ელდითა. იზას ვერაფერი
ვერ გაეგო, ეს რა ამბავი დაემართა, და ჯერ არ გამოფხიზლებულიყო ოცნებისაგან,
რომ ეტლი პოლიციის წინ გაჩერდა.
იზა გაქვავებულსავით იჯდა ეტლში და პირი ისე გაშრობოდა, რომ ხმა
ვეღარ ამოეღო. გიურემ ეტლის კარები გააღო, გადმოხტა ეტლიდამ და თავაზით,
მიაწოდა რა იზას ხელი, უთხრა:
– მოვედით, ბატონო. თუ თქვენი ნება იქნება, ხელი მიბოძეთ და
გადმობრძანდით.


რა მოჰხდა ტიუსსოს სახლში
ჩვენ უნდა ვაუწყოთ მკითხველსა, როგორ მოჰხდა, რომ სესილი ისე
მისწრებაზედ გამოცხადდა სასამართლოში, და მისმა ჩვენებამ იძულებულ-ჰყო,
განსამართლება სხვა დღისათვის გადაედვათ და ახალი გამოძიება დაენიშნათ. იმ
საძაგელის ამბის შემდეგ, რომელიც გუდარმა ჩაიდინა ტიუსსოს სახლში იმ დღეს,
როცა წვეულობა ჰქონდა ტიუსსოს სიხარულის ნიშნად, რომ სამუდამოდ თავიდამ
მოიშორა თავისი უნამუსო სიძე, – სესილი ძალიან მწუხარედ შეიქმნა, ძვირად
დაუჯდა დედის დახსნა გაბიაბრუებისაგან. მკვდარივით შეიტანეს თავის ოთახში.
შვიდი თვის ორსული მშობიარედ გახდა და მკვდარი ჰშობა. მაგ მშობიარობამ
უკანასკნელ განწირულების დღეში ჩააგდო. გამოკეთდა ცოტად თუ არა,
მშობიარობის ანთება მოუვიდა და მისი სიცოცხლე ბეწვზედღა ეკიდა. სნეულებამ
ძალიან გამოსცვალა სესილი; ბოდვამ და სიცხემ გონება წაართვა. საწყალი ამელი,
რომელიც მას უვლიდა, ორგზით იტანჯებოდა, რა ჰხედავდა, რომ ძმის სიცოცხლე
დამოკიდებულია სესილის მორჩენაზედ. ამ ავადმყოფობაში როგორც სიკვდილი,
ისე მორჩენაც სწრაფია და უცები ხოლმე. სრული მორჩენა ერთბაშად მოდის,
თუმცა ღონე გვიან უბრუნდება, აგებულება სუსტია, მაგრამ სული კი
განცხოველდება ხოლმე. სესილსაც ეგრე მოუვიდა. ერთხელ ექიმმა, კარში რომ
გამოდიოდა, ჩაავლო ხელი ტიუსსოს და უთხრა:
– პატარა ხანს ჩემთან გამოისეირნეთ.
შეშინებული ტიუსსო გაჰყვა და ჰკითხა ათრთოლებულის ხმით:
– სთქვით, ექიმო, სთქვით! რის თქმა გნებავთ? ჩემი ქალი უკანასკნელ
დღეშია, განა?

– დიაღ, – უპასუხა ექიმმა და ხელი ჩაავლო ტიუსსოს, – ძალიან ცუდად
არის. საყვარელო ტიუსსოვ, გულმაგრად იყავით... საჭიროა დედა მოაშოროთ...
– ოჰ, ღმერთო! ღმერთო! – ქვითინებდა ტიუსსო, – მითხარით, ბატონო
ექიმო, ქალი მეკარგება?
– გული გაიმაგრეთ, ძალიან ცუდად არის.
– მაშ მომიკვდება? – ჰკითხა საცოდავმა მამამ გულისმწველის ხმითა.
– ჯერ ყმაწვილი ქალია, მაგარი აგებულება აქვს. როცა კაცი ახალგაზრდაა,
იმედი დაკარგული არ უნდა იყოს. მაგრამ მაინც, საყვარელო ტიუსსოვ, მე თქვენის
ოჯახის მეგობარი ვარ და მოვალე ვარ წინადვე გაცნობოთ... თქვენი ქალი ძალიან,
ძალიან ავად არის. თუ რამე საქმე გაქვთ თქვენს ქალთან, დაეშურეთ
მოლაპარაკებას, თორემ, ვინ იცის, იქნება ეს ღამე ვეღარ გააღწიოს.
საშინელი სანახავი იყო საცოდავი მამა. ერთი შეჰკივლა და ბაშვსავით
ღრიალი დაიწყო. დაავიწყდა, რომ ექიმს გამოჰყვა, თავი დაანება, შინისაკენ
გამოიქცა და გზადაგზა იძახდა:
– ვაიმე, შვილო, ვაიმე!
შინ რომ მოვიდა, მაშინვე ავადმყოფის ოთახში შევიდა. ადელი, მისი ცოლი,
დაღალული, დათენთილი მწუხარებისაგან, სიცოცხლემილეული ევდისა და
უძილობისაგან, თავთ ეჯდა თავის ქალსა, ჩაჰღიმოდა სესილსა და, სესილი რომ
სულთაბრძოლაში იყო და ტუჩებს აცმაცუნებდა, დედას ეგონა, მე მელაპარაკებაო,
და უხაროდა. ქმრის ფეხის ხმა რომ მოესმა, მოიხედა და მივარდე ზედ, რაკი
ნამტირალევი ჰნახა. გამოიყვანა გარედ ძალად და ჰკითხა დაბალ ხმით:
– ექიმმა იმედი გადიწყვიტა?
ტიუსსო ისე გამშრალი იყო, რომ პასუხი ვერ უთხრა. მარტო “ჰოს” ნიშნად
თავი დაუქნია, უფრო მწარედ დაიწყო ტირილი და გადეხვია ცოლსა. ადელი
გაშეშდა, თვალი გაუშტერდა, ისე რომ ცრემლიც კი შეუშრა.
– რა გითხრა, რა? მალე წაგვერთმევა? – ჰკითხა ქმარს მკაფიოდ.
– ღამეს ვეღარ გააღწევსო, – უპასუხა ქვითინით ქმარმა.
ადელი გამოეცალა ხელიდამ ტიუსსოს. მთლად გათახსირებული იყო.
მივიდა ქალის ქვეშაგებთან, გადმოაწყო წამლების შუშები – საჭირო აღარ არისო...
ჩაჯდა, ორივე ხელები ჩაავლო ქალის ხელს და, თითქო გაქვავდაო, ისე უძრავად
ჩაჰყურებდა თვალებში.
ეგ ჩაჩუმებული, შეკავებული მწუხარება საშინელი რამ იყო და დედა უფრო
საცოდავი სანახავი შეიქმნა, ვიდრე სულთმობრძავი ქალი.
დედ-მამის ოთახი სესილის ოთახის პირდაპირ იყო. ტიუსსო თავის ოთახში
შევიდა და ქვითინით და ტირილით დაეცა ტახტზედ. ქვევით სასადილო ოთახში
იყვნენ ამელი, შადი და პალიარი. წინად რომ შეწუხებული ტიუსსო ჰნახეს,
მიჰხვდნენ, რაც ამბავი იყო და ამელიმ ხამამაღლა ტირილი დაიწყო. სესილის
სიკვდილს მისის ძმის დაღუპვაც ზედ მოსდევდა. ჯერ კიდევ დილით ვექილს
ეთქვა, სესილის ჩვენება საკმაოა, რომ მორისმა თავი იმართლოსო. სესილი კი
კვდებოდა! მორისიც დაიღუპება... მწუხარებისაგან ქანცგაწყვეტილი ქალი დაეცა
მუხლებზედ და ლოცვას მოჰყვა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საცოდავი

ამელი ერთის მხრით მეგობარსა ჰგლოვობდა და მეორეს მხრით ძმასა. ერთადერთი
საყვარელი, ერთადერთი თავისიანი ხელიდამ ეცლებოდა და ეღუპებოდა!
პალიარი ანუგეშებდა, მაგრამ ამელი ყურს არ აუგდებდა.
– ოჰ, ღმერთო! ნუთუ შენგან შეჩვენებულ ვართ! შეგვიბრალე! შეგვიწყალე
ჩვენ! – ევედრებოდა ღმერთს საცოდავი ქალი.
შადიც მწარედ სტიროდა კედელთან მიყუდებული. მას აქეთ, რაც სესილი
წყლიდამ გამოიყვანა, გულში ჩაუვარდა დაძმური სიყვარული სესილისა და
ტიუსსოს სახლობას რომ დაუშინაურდა, უფრო გაუძლიერდა ეგ სიყვარული.
ტიუსსოს სახლში ისე იყო, თითქო თავისიანებში არისო.
– საწყალი! – ჰკვნესოდა შადი, – თუკი ესეთი მოკლე დღე ჰქონდა, ჰღირდაღა, რომ წყლიდამ გამოვიყვანე? არა, უსამართლობაა, უსამართლობა! ვაი ჩვენს
უბედურებას!
სთქვა და ტირილს მოუმატა. ავადმყოფის სახლში ადელი გაქვავებულსავით
იჯდა, ხელი ეჭირა სესილისა, თვალს არ აშორებდა ქალსა, რომელსაც სიცოცხლე
ნელ-ნელა თავს ანებებდა. არავისი ტირილი და ქვითინი არ ესმოდა, ეგონა, რომ
მარტო სულთამბრძოლის ხრიალი-ღა ისმის. საცოდავნი სულ მიწასთან
გასწორდნენ მწუხარებისაგან. ქალის სიკვდილის მომლოდინეთა სრულიად იმედი
გადიწყვიტეს და თავი დაანებეს ქალის მოვლასა. ამისთანა მწუხარების ცეცხლით
მთელი ოთხი საათი გაატარეს და ამ ოთხის საათის განმავლობაში ვერავინ ვერ
ჰბედავდა შეეხედნა სესილისთვის,
გული უკვდებოდათ, რომ ესმოდათ
საცოდავის ქალის უკანასკნელი ხრიალი.
ტიუსსო პირველი იყო, რომ მივიდა და დაჰხედა თავის ქალსა; საცოდავს
მამას ფერი წაჰსვლოდა, სახე დაღმეჭოდა. კედელ-კედელ ძლივ მივიდა ქალის
ქვეშაგებთან. სულთამბრძოლის ხრიალი შესწყდა. ცოლი მისი იქავ იჯდა
სესილთან და თავჩაღუნული, გამწარებული ელოდდა ქალის აღსრულებასა.
ტიუსსო ჰბარბაცებდა მთვრალსავით და სულ მას იძახდა: “დაგვენთქა ყოველივე
იმედი, დაგვენთქა!”
ადელს ამისი სიტყვები არ ესმოდა. ტიუსსომ ძალა დაატანა თავის თავსა,
მივიდა, ცოლს ზურგთ უკან დაუდგა, დაჰხედა სესილს და ხმამაღლა დაიძახა.
მოეჩვენა. ვითომც სესილმა შემომცინაო, და გულზედაც მოეშვა. ამის ხმაზედ
ამოცვივდნენ ქვევიდამ პალიარი და შადი სწორედ იმ წუთს, როცა ტიუსსო
გადეხვია თავის ცოლს და სიხარულით ატაცებულმა უთხრა:
– ადელ, ადელ, ჩვენმა შვილმა მოიხედა!
საცოდავი დედა სცდილობდა გაეღიმნა.
მართლადაც, სესილს ღიმილი მოუვიდა და თავისუფლადაც სუნთქვა
დაიწყო, აღარ ისმოდა უბედურების მომასწავებელი ხრიალი.
– უკედა ხარ, სესილ? – ჰკითხა მამამ.
ყველას ეჩვენა, რომ ის ბნელი ოთახი განათლდაო, როცა სესილმა სუსტის
ხმით უპასუხა:
– დიაღ, მამავ, დიაღ, უკედა ვარ, უკედ. დიდხანს მეძინა, ბედნიერი ვარ, რომ
კიდევ გხედავთ. უჰ, რა მძიმე ძილი იყო... ყელი მიშრება, წყალი მწყურიან, დედი!

ადელმა კანკალით მიაწოდა ჭიქა წყალი და წამოუწია თავი. უნდა ეკოცნა და
ვერ გაჰბედა.
სესილი სრულებით გამობრუნდა. შიში აღარაფერისა იყო.
იმედმა კვლავ ჩამოაგდო ამ სახლში სიხარული. უბედურება ისე ახლო იყო,
რომ ესეთი სწრაფი მოხედვა ავადმყოფისა არც კი სჯეროდათ. ავადმყოფს დიდის
სიფრთხილით თავს დასტრიალებდნენ და ადელი ნებას არ აძლევდა არავის, ხმა
გაეცა სესილისათვის. ამელის სული მისდიოდა სესილთან ლაპარაკისათვის,
უნდოდა ეთქვა რამ, მაგრამ დედისა ერიდებოდა.
მეექვსე დღეს სესილი სულ კარგად შეიქმნა. იმოდონად მოჯობინდა, რომ
ოთახში სიარული შეეძლო დედის შემწეობით. ადელს შიში სრულებით გაუქრა,
ასე რომ ზოგჯერ მოშორდებოდა ხოლმე კიდეც თავის ქალსა და მოახლის
ანაბარად სტოვებდა. სესილმა ერთხელ ჰკითხა მოახლეს:
– ამელი ქვევით არის?
– დიაღ, ბატონო, იქ გახლავთ. ძალიან შეწუხებულია.
– უთხარით, ისე კი, რომ დედამ არ გაგიგოთ, აქ ამოვიდეს ერთს წუთს.
მოახლე ჩუმად ჩაიპარა კიბეზედ და ამელის ანიშნა, სესილი გეძახისო.
ამელი მაშინვე ამოვიდა სესილთან. სესილმა ხელი ჩამოართვა და ჰკითხა:
– რაო, ამელი, რას იტყვი ახალს? მორისისა რა იცი?
თუმცა ამელი სცდილობდა ცრემლი შეეკავა, მაგრამ ვერ შესძლო;
თვალებიდამ ცრემლები წამოსცვივდა, დაეცა მუხლებზედ სესილის წინ, სესილის
ხელი მიიფარა სახეზედ და ჰქვითინებდა. სესილი მწუხარებით დაჰყურებდა
საცოდავსა, ბოლოს ხელი მოაცილა და უთხრა:
– რა მოჰხდა განა? მითხარი. მორისი კიდევ დაჭერილია?
– დღეს არჩევენ იმის საქმეს და მძიმე საბუთები აქვთ მის გასამტყუნებლად.
მე სასამართლოში შიშით ვერ წავსულვარ. საწყალს ჩემს ძმას ვერ უთქვამს, როგორ
გაატარა ოცს ივნისს ღამე. მე ვუთხარი იქ, რომ დილით ჩემი ძმა ცოცხალ-მკვდარი
ვნახე-მეთქი, თავი მოეწამლა შენი გულისათვის-მეთქი. მაგრამ ორმა მოწამემ კი
აჩვენა, რომ შუაღამის ორს საათზედ, ქალის მოკვლის დღეს, გარეთი კარი და
მორისის ოთახის კარი გაიღოვო.
სესილი წამოდგა და დააპირა ტანთ ჩაცმა.
– ჩქარა, ჩქარა, – სთქვა სესილმა, – გაგზავნე, ეტლი მოაყვანინე, მომეცი შალი
და ძირს ჩამიყვანეთ. სასამართლოში უნდა წავიდე, მე იქ ვუამბობ, როგორ და სად
გაატარა ღამე ოცს ივნისს მორისმა.
ამელი განცვიფრებული, გაფითრებული იდგა ისევ დაჩოქილი და თავის
ყურებს არ უჯერებდა... შეჰშინდა, რომ მორისის ხსენებაზედ ისევ ხომ არ
მოუბრუნდა ანთებაო.
– ამელი, ჩქარა, ეტლი მოაყვანინე, შალი მომეც, უთხარი, ძირს ჩამიყვანონ...
მე შევატყობინებ, როგორც გაატარა ის ღამე მორისმა. ის ღამე ჩვენის ქორწინების
ღამე იყო და იმ დღიდამ მე მორისის ცოლი ვარ, გესმის? აი, ჰნახე, იმისი ბეჭედი
მაქვს ხელზედ.
რადგანაც ყველას ეგონა, რომ ბეჭედი, რომელიც სესილს ხელზედ ჰქონდა,
გუდარის ჯვარისწერის ბეჭედია, ამიტომაც ამელიმ იფიქრა, რომ სესილი

ბოდვაშია, და ნანობდა, რად ვახსენე მორისიო. იქნება ამითი სესილი ხელახლად
ავად გახდესო. იქნება თანაც გადიყოლიოს ავადმყოფობამა და მეგობარი ქალიც
დავკარგო და ძმაც ვეღარ გადავარჩინოვო. ეშინოდა, რომ საცაა ტიუსსოს ცოლი
ამოვა და მისაყვედურებსო. სცდილობდა დაედინჯებინა სესილი, რადგანაც
სესილი ძალიან აღელვებული იყო.
– დღეს ვეღარ მივუსწრობთ გასამართლებას, აქამდინ გათავებული იქნება, –
უთხრა ამელიმ.
– ხომ რამდენიმე დღე მოუნდებიან? – იკითხა სესილმა.
– რასაკვირველია; დღეს, დიდი საქმეა, რომ მარტო მოწმეების გამოკითხვას
მორჩნენ.
– მაშ ჩვენ ხვალ წავიდეთ, – უთხრა სესილმა, – ხვალ უფრო უკედ ვიქნები.
მე სამართალი მიბარებდა მოწმად... მე ეგ მახსოვს, მე მესმოდა, როცა
ჰლაპარაკობდით ჩემს დაბარებაზედ, მაშინ ძალიან ავად ვიყავ და ვხედავდი, შენ
რომ სტიროდი.
ამელი გაოცდა, ვერ გაეგო, რას ჰნიშნავდა ბოდვა, ეგრე უეცრად შემწყდარი.
სესილი მიუხვდა გაოცებას, ჩაჯდა, მოიზიდა თავისკენ ამელი, მოეხვია და უთხრა:
– შენა გგონია, ჩემო ამელივ, რომ მე ბოდვაში ვარ? არა, ჩემო კარგო. მე არა
მიჭირს რა, ძალიან კარგადა ვარ, ოღონდ სისუსტე მაქვს... ერთი ყური დამიგდე,
ჩემო საყვარელო, შენ მგონია ეჭვითა ხარ შენს ძმაზედ.
ამელიმ თავი ჩაღუნა და იტირა.
– თავი მაღლა აიღე, ამელივ, ერთი შემომხედე და!.. შენი ძმა პატიოსანი
კაცია, თავი გაიწირა ჩემის გულისათვის. ხოლო ეხლა მე აღარაფერს არ უნდა
მოვერიდო. მე ფიცი ჩამოვართვი შენს ძმას, არ გამცე-მეთქი ჩვენის შვილის
გულისათვის... საცოდავი ბაშვი ეხლა მკვდარია...
ამელიმ ხელახლად შეჰხედა სესილს და იფიქრა: ბოდვა ხელმეორედ
მოუბრუნდაო. სესილმა შეამცნივა, რომ ამელი კანკალმა აიტანა, მოეხვია და
უთხრა:
– ნუ გეშინიან, მე არა ვბოდავ. მე მართალს გეუბნები. შენ ჩემი და ხარ და
მორისი ჩემი ნამდვილი ქმარია... ოცს ივნისის ღამეს ჩვენ თავები მოვიწამლეთ...
დილის სამს საათზედ მორისს თავი დავანებე, წყალში მინდოდა თავი დამერჩო,
რადგანაც მორისი მკვდარი მეგონა. ჩემი შვილი მორისისაგან იყო...
ამელი გაოცდა, თავის ყურებს არ უჯერებდა. ამ სახით ყველა ცხადი იყო;
აღარაფერი ეჭვი არა ჰრჩებოდა, სესილის ნათქვამი შეწამების კვანძსა ჰხსნიდა.
მისი ძმა არამც თუ ჰმართლდებოდა, არამედ პატიოსნებით იმოსებოდა, რადგანაც
დიდსულოვნობით სასიკვდილოდ თავსა სდებდა, ოღონდ სირცხვილისაგან ქალი
დაეხსნა. ამელი გადაეხვია სესილს, ატირდა, მაგრამ ეხლანდელი ცრემლი
სიხარულისა და ნუგეშისა იყო და უთხრა:
– მართალია, მართალი, შენ ჩემი და ხარ. ოხ, სესილ, რარიგად მიყვარხარ!
როცა სესილმა თავი გაიწირა, რომ გადაარჩინოს მამა, მორისის მაგიერ
ჯავრი ამოიყაროს, და შეირთო გუდარი იმ განზრახვით, რომ ისე დაამწაროს
სიცოცხლე, როგორც ის სხვას ამწარებდა, მაშინ საჭირო იყო გარეგანი
მართებულება დაეცვა, საჭირო იყო ქვეყნის პატივი არ დაჰკარგოდა და ოჯახი

დაედგინა. ქმარს, მეტი რა გზა ჰქონდა, უნდა დაჰმორჩილებოდა თავის ბედს და
საიდუმლოდ შეენახა ის ამბავი, რომელიც მას ქვეყნის სასაცილოდ ხდიდა. მაშინ
სესილს მარტო თავისის შვილის ფიქრი და დარდი ჰქონდა. რაკი შეიტყო, რომ
მორისი ცოცხალია, გული მოუკვდა, ეს რა ვქენი, სხვა რად შევირთეო. რაღა
ეშველებოდა? რადგანაც ეხლა შვილის ყოლას მოელოდდა, სესილმა ყოველივე
თავისი მზრუნველობა მასზედ მიაქცია; უნდოდა, პატიოსანი სახელი და
გაუჭირვებელი ცხოვრება მიენიჭებინა თავის შვილისათვის, ამიტომაც აიღო და ის
ბარათი მისწერა მორისს, რომელიც იზამ გადაასხვაფერა და რომელიც ყველაზე
მძიმე საბუთად წარუყენეს პირში საცოდავს მორისს.
ეხლა კი სხვა იყო, ეხლა ქმარს თავი დაანება, განქორწინება მოჰხდა ცოლქმართა შუა. თუმცა სამართალმა სესილი სრულიად გაამართლა, მაგრამ ცოტა არ
იყოს ცუდი ზედმოქმედება იქონია საზოგადოებაზედ. საზოგადოება ყოველთვის
ცუდის თვალის უყურებს ხოლმე ცოლ-ქმართა განქორწინებასა: ქორწინება
სიკვდილამდე დაურღვეველია, არასდროს არ უნდა გაუქმდეს, რაც უნდა
ვაივაგლახი გამოიარონ ცოლ-ქმარმაო. სჯობს, კაცმა თვალი დახუჭოს ცოლისა თუ
ქმრის საქციელზედ და ნუ მოშორდებიან კი ერთმანეთსაო. როგორც გინდათ
მოიქეცით, ოღონდ კი ერთად იყავით ოჯახისა და შვილების გულისათვისაო...
პატიოსანს ქალს, თუნდაც ავაზაკს და ბილწს ქმარს გამოჰქცეოდეს, არვინ სახლში
არ უშვებს. რადა? იქნება შეეზიზღა ბილწ კაცთან ყოფნა, იქნება მოერიდა
გარყვნილებასა და ზოგჯერ ავაზაკობასაც, მაგრამ ვინ არის გამკითხველი? ყველა
ამას იძახის: “ქმარს თავი დაანებაო”. პირიქით, თუ ქალი, რაც უნდა ცუდი
ყოფაქცევისა იყოს, ქმართან არის, მაშინ იმისი ავზნეობა, თუნდა მთელმა ქვეყანამ
იცოდეს, არავის აინუნშიაც არ მოსდის, მაინც კიდევ ყველგან კარი ღია აქვს, ყველა
მაინც კიდევ პატივით და ალერსით მიიღებს ხოლმე. სესილმა იცოდა ეს ამბავი.
სესილი შვილს მოელოდდა და თავის შვილის სახელის გულისათვის განიზრახა
ისე მოქცეულიყო, როგორც მისწერა მორისსა. როცა საზიზღარმა მოქმედებამ
გუდარისამ დღენაკლები მშობიარება მოუსწრაფა, ავად გაჰხადა და შვილიც
მკვდარი აყოლა, მაშინ სესილის გული აღივსო უფრო მეტის მძულვარებით და
მტრობით გუდარის მიმართ. შვილი აღარა ჰყვანდა და რაღა დააბრკოლებდა? ეხლა
იმისათვის სულ ერთი იყო, ქვეყანას რაც უნდა ეთქვა, აღარაფრის შიში და რიდი
აღარა ჰქონდა. აქამდინაც ავადმყოფობამ დააბრკოლა, თორემ წავიდოდა და
ყველაფერს გამოაცხადებდა და, რაკი მაინც ცოტად მოჯობინდა, განიზრახა:
უსათუოდ წავალ, ყველაფერს ვაღიარებ და დავიხსნი მორისსაო.
ამელი და სესილი დიდხანს ჰლაპარაკობდნენ. სესილმა უამბო ოცის
ივნისის ღამის ამბავი დაწვრილებით და, როცა გაათავა, უთხრა ამელის:
– ეხლავ გაიქეც ვექილთან. საჭიროა, რომ ხვალვე სასამართლოში ჩვენება
ჩამომართვან. ყველაფერი, რაც ჩემგან შეიტყე დღეს, თავიდამ ბოლომდე უამბე.
თვალის დახამხამების უმალ ამელი მზად იყო წასასვლელად, ხოლო ამ
დროს ადელიც შემოვიდა. რა დაინახა დედამ, რომ სესილს თვალები აჰპრიალებია
და გაფითრებული ლოყები შეჰფიცხებია, შეშინდა და დაიძახა:
– ვუიმე, ამელის უწყენინებია რაღაც, – უსათუოდ მორისზედ გეტყოდა
რასმეს. ეჰ, შვილო, რა გაუფრთხილებელი რამა ხარ! შენ ისევ ცუდად შეჰქმნილხარ.

– არა, დედი, – უთხრა სესილმა ღიმილითა, – პირიქით, ძალიან კარგადა ვარ
და ხვალ გარედ გასვლას ვაპირებ.
– რას ამბობ, რას? – შეჰბღავლა დედამ.
– დედიჯან, დღეს მორისის საქმეს არჩევენ. სწამებენ, რომ ოცს ივნისის ღამეს
ქალი მოჰკალიო, და მორისს არ უნდა თქმა მისი, თუ სად გაატარა ის ღამე. ხომ
უსიკვდილოდ ვერ გადურჩება მაგისთანა ბრალსა.
– ახლა შენ რას უშველი მითამ, ჩემო კარგო?
– როგორ თუ რას ვუშველი? იმისი დახსნა ჩემს ხელთ არის. ოცს ივნისს ღამე
ჩვენ ერთად გავატარეთ.
– ვუი შენს დედას, შვილო! შენი შინიდამ გასვლა და შენი სიკვდილი ერთი
იქნება.
– შესაძლოა, მაგრამ მორისს ხომ გადავარჩენ.
ადელმა გულამოჯდომით ტირილი ამოუშვა, რაკი თვალწინ წამოუდგა ის
ხიფათი, რომელსაც მისი ქალი ეგრე გაუფრთხილებლად ეძლევოდა.
ამელი სესილის თხოვნისამებრ მაშინვე ვექილთან გაიქცა; მაგრამ შინ ვეღარ
მიასწრო, გასულიყო. მერე პალიართან გაიქცა და პალიარმა კიდევ გიურესთან
მიიყვანა. გიურემ დაარიგა, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ და შემდეგ, რაც
მოჰხდა სასამართლოში, ხომ სულ ვიცით.